IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში
lado s
პოსტი Mar 16 2007, 12:19 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



სად ვეძებოთ ჭეშმარიტება? ამ საკითხზე საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამის გარკვევის გარეშე (თუნდაც დაწყებით დონეზე), ნებისმიერი საკითხის გარკვევა უაზრო კამათად და დროის კარგვად იქცევა. ეს საკითხი ძალიან ღრმა და მნიშვნელოვასნია, შევეცდები მოკლედ ძირითად საკითხებზე გავამახვილო ყურადღება, თუ დაინტერესება იქნა და კითხვები გაჩნდება, მერე განვავრცოთ კონკრეტული საკითხები. გთხოვთ, ვისაუბროთ სერიოზულად, შეურაცხყოფების გარეშე. დამამცირებელი, ბოღმიანი, არაფრისმთქმელი ფრაზები და ა.შ. ქრისტიანებს არ შეგვეფერება, თუნდაც საკმაოდ განსხვავებული აზრები გვქონდეს გარკვეულ საკითხებში. ასეთი ქმედება მხოლოდ ამის მოქმედს დააზიანებს. ცხადია, ძნელია და გვიჭირს თავის დამდაბლება, შეცდომის აღიარება და ა.შ. მაგრამ ქრისტიანობა გვთხოვს ამას...
ჭეშმარიტება ქრისტეს ეკლესიაშია, ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, მისი მოძღვარი და განმაბრძნობელი სული წმიდაა, ასე გვწამს მართლმადიდებლეს. წმ ირინეოს ლიონელი (მეორე საუკ.) გვასწავლის: „სხვაგან არ უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომელსაც ადვილად მივიღებთ ეკლესიისაგან, რადგან მოციქულებმა როგორც სალაროში, ისე შეინახეს ეკლესიაში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებას შეეხება; ისე რომ ყოველი მსურველი იღებს მისგან საცხოვნებელ სასმელს. სწორედ იგია კარი ცხოვრებისა, ხოლო ყველა სხვა მასწავლებელი მპარავი და ავაზაკია. ამიტომაც უნდა განვერიდოთ მათ; უდიდესი მოსწრაფებით ავირჩიოთ ის, რაც ეკლესიას ეკუთვნის და მივიღოთ ჭეშმარიტი მოძღვრება“ (წვალებათა წინააღმდეგ, წიგნი III, თავი IV). აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ანგლიკანების მიმართ (1672 წ.) ვკითხულობთ: „გვწამს, რომ თავად სულიწმიდა შთააგონებს კათოლიკე ეკლესიას... სულიწმიდა ეკლესიას შთააგონებს წმ. მამებისა და თვით კათოლიკე ეკლესიის მასწავლებელთა მეშვეობით. როგორც საღმრთო წერილი მთლიანად, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, არის სულიწმიდის სიტყვა, არა უშუალოდ, არამედ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მეშვეობით წარმოთქმული, – ასევე: ეკლესიაც განისწავლება ცხოველმყოფელი სულის მიერ შუამდგომლობითა წმიდა მამათა და მასწავლებელთა (რომელთა კანონები აღიარებულია წმიდა მსოფლიო კრებების მიერ და მათი უგულვებელყოფა ჩვენგან არ ეგების). სწორედ ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ დარწმუნებულნი ვართ, არამედ თამამად ვაღიარებთ როგორც უქცეველ ჭეშმარიტებას, რომ კათოლიკე ეკლესიას არ შეუძლია ცოდვაში ჩავარდნა: იგი არ ცდება და არ ამბობს ტყუილს ჭეშმარიტების წილ, რადგან სულიწმიდა, რომელიც მარად თავსევლება ჭეშმარიტმსახურ მამათა და მოძღვართა მეშვეობით, იმთავითვე ყოველგვარ ცდომილებათაგან იფარავს მას (საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კრებული, №3, გვ,69-70, 1988 წ.). ამავე საკიხზე ფრიად საგულისხმო სწავლებას გვაწვდის წმ. იოანე ოქროპირი მათეს სახარების განმარტებაში: „ჯერ იყო ჩუენდა, ძმანო, რაჲთამცა არა გუეხმარებოდა წერილთამიერი შეწევნაჲ, არამედ ესევითარმცა გუაქუნდა მოქალაქობაჲ სავსე სიწმიდითა და სათნოჲ ღმრთისაჲ, რაჲთამცა მადლი იგი სულისა წმიდისაჲ განანათლებდა სულთა ჩუენთა წიგნთა წილ და ვითარცა წიგნნი იწერებიან მელნითა, ეგრეთმცა გულნი ჩუენნი იწერებოდეს მადლითა მით ცხოელსმყოფელისა სულისაჲთა; ხოლო ვინაჲთგან ესევითარსა მას საწადელსა და სასურველსა მადლსა დავაკლდით სიმრავლითა ცოდვათა ჩუენთაჲთა, მოედით, აწ მეორე ესე ვიპყრათ გზაჲ – გულისხმისყოფაჲ წერილთაჲ და მათ მიერ სარგებელი სულთა ჩუენთაჲ. უმჯობეს და უაღრეს იყო პირველი იგი, ვითარმცა წამებს ღმერთი საქმეთა მიერ მისთა და სიტყუათა; რამეთუ ნოეს და აბრაჰამს და შვილთა მისთა და იობს და მოსეს არა წერილთა მიერ ეტყოდა, არამედ თავადი თავით თვისით, რამეთუ ჰპოებდა გონებათა მათთა განწმედილთა ბიწისაგან ვნებათაჲსა; ვინაჲთგან კულა უფსკრულსა მას უკეთურებისასა შთავარდა ერი იგი ებრაელთაჲ და მრავალთა მიერ ცოდვათა შეამწიკულნეს სულნი მათნი, მერმე საჭიროდ სახმარ იქმნნეს წერილნი და ფიცარნი რჩულისანი და მათმიერი იგი სწავლაჲ, მცნებათა დადებაჲ, რამეთუ არღარა ღირს იყვნეს პირისპირ ზრახვად მეუფისა, და ესე საქმე არა პირველთა მათ წმიდათა ზე ოდენ, არამედ ახლისაცა რჩულისათა სახილველ არს, რამეთუ მოციქულთა არათუ წერილ რაჲმე მისცა ღმერთმან, არამედ წერილთა წილ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ აღუთქუა მოცემად, ვითარცა იტყვის, ვითარმედ: “მან მოგახსენოს თქუენ ყოველივე”. და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყვის წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: “აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი და იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ”. და მოციქული პავლე ამის უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყვის დაწერასა რჯულისა მის ახლისასა “არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ხორციელისათა”. ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთვის კუალად სახმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ“. ე.ი. სულიერად განწმენდილნი პირდაპირ სული წმიდისაგან იგებენ ჭეშმარიტებას, ხოლო ვინც ასეთ სულიერ სიმაღლეზე არ იმყოფება, მათთვის საჭიროა დაწერილი სჯული. დროთა განმავლობაში ეკლესიაში საჭირო გახდა დაწერილი სჯულის განმარტება. მამათა სწავლებები ძირითადად წმიდა წერილის განმარტებას წარმოადგენს, ზოგჯერ პირდაპირ მუხლობრივად, უმეტესად კი ცალკეული დოგმატური ან ზნეობრივი საკითხების ახსნით. წმ. კირილე ალექსანდრიელის მოწმობით: „ყველა, ვისაც ჯანსაღი გონება აქვს, ცდილობს წმ. მამათა სწავლებას მისდიოს“, ხოლო ნეტარი ავგუსტინე დასძენს: „ვინც განეშორება მამათა ერთსულოვან თნხმობას, ის მთელ ეკლესიას განეშორება“ (ციტატები მ. ნოვოსელოვის წიგნიდან „წერილები მეგობრებს“ წ. 18, მ.1994). წმ. კვიპრიანე კართაგენელი (მესამე საუკ.): „როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე, შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღმრთის სიტყვის განმარტებისა შენებურად. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცდომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა“ (დეკ. გრიგოლ დიაჩენკო, уроки и примери христианской веры, მ. 1894 გვ. 446). წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „...არცა ვის ხელეწიფების მეფესა გინა მღდელთ-მოძღუარს ახლოსა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესიაჲ შეაჩუენებს“. (ცხოვრება, კიმენი, ტ. 1, თბ. 1918 წ.). წმ. იოანე დამასკელი: „შევთხოვთ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ: ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე _ ქრისტეზე, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (პირველი სიტყვიდან ხატმბრძოლთა წინააღმდეგ).
მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როცა არსებობს მამათა შორის აზრთა სხვაობა? ამაზე წმ. ბიკენტი ლირინელი პასუხობს: „წმიდა მამებს შემდეგი წესის დაცვით უნდა ვერწმუნოთ: რასაც ყველანი, ან მათი უმეტესობა, ერთხმად იღებდა, იცავდა და განცხადებულად გადმოსცემდა, თანაც უყოყმანოდ, თითქოსდა ეკლესიის მოძღვართა შორის არსებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ის უნდა მივიჩნიოთ უეჭველად, სარწმუნოდ და უცილობლად; ხოლო რასაც ვინმე, თუნდაც წმინდანი, ან მეცნიერი, აღმსარებელი ან მოწამე სხვებისგან განსხვავებულად განსჯიდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ყველას, – ჯეროვანია, რომ ეს ნააზრევი მივაკუთვნოდ მის პირად, დაფარულ, კერძო მოსაზრებებს და განვასხვაოთ საერთო, განცხადებული და საჯარო რწმენის ავტორიტეტისაგან, რათა საყოველთაო მოძღვრების ძველი ჭეშმარიტების უგულებელსმყოფელი მწვალებლებისა და განხეთქილების მოქმედთა მსგავსად მარადიული ცხონებისთვის უდიდესი საფრთხის ქვეშ არ გავყვეთ ერთი კაცის ცთომილებას“ (წმ. ბიკენტი ლირინელი, памятные записи, 1863 წ. გვ.135.); იგივე მამა: „მათ (ეკლესიის შვილებმა) განსაკუთრებით უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საღვთო სჯული განმარტონ საყოველთაო ეკლესიის გადმოცემებითა და კანონებით, თვით ეკლესიაში კი მათ აუცილებლად უნდა მისდიონ საყოველთაობას, სიძველეს, თანხმობას. და თუკი ოდესმე აღდგება ნაწილი საყოველთაოს წინააღმდეგ, სიახლე სიძველის წინააღმდეგ, ერთის ან უმცირესობის უთანხმოება ყველას ან უმეტესობის წინააღმდეგ, მაშინ ნაწილის დაზიანებულობას უნდა ვამჯობინოთ საყოველთაობის სიმრთელე, ხოლო თვით საყოველთაობაში – სიახლის უხმარობას სიძველის რწმენა უნდა ვამჯობინოთ, ხოლო სიძველეში – ერთის ან უმცირესობის უგულისხმობას უნდა ვამჯობინოთ, პირველ რიგში, თუკი არსებობს, საერთო კრების საზოგადო დადგენილებები, და თუკი ასეთები არ გვაქვს, მეორე რიგში უნდა მივდიოთ ყველაზე მარჯვეს – დიდ მოძღვართა უმეტესობის თანხმიერ აზრებს“ (წიგნიდან დეკ. გრიგოლ დიაჩენკო, уроки и примери христианской веры, СПБ. 1902, გვ 28).
წმიდა ფოტი დიდი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი: „ვიცით, რომ ზოგიერთ ჩვენს წმიდა მამას და მოძღვარს აქვს გადაცდენები ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებიდან; არ ვიღებთ როგორც მოძღვრებას იმ იდგილებს, რომლებშიც ისინი შეცდნენ, მაგრამ თვითონ ადამიანებს (ანუ წმინდანებს) ვიღებთ. ასე მაგალითად, როდესაც ზოგიერთი გაკიცხეს იმ სწავლებისთვის, რომლის თანახმად სული წმიდა ძისაგანაც გამოვალს, ჩვენ არ ვუშვებთ უფლის სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებას, მაგრამ იმათაც (ამის მთქმელ მამებს) არ განვაგდებთ მამათა (წმინდანთა) რიგიდან“. (წიგნიდან მთავარეპ. ფილარეტ ჩერნიგოველი историческое учение об отцах церкви, ტ.3, გვ. 254).
ცხადია, ცხოვრებაში ყოველთვის მარტივად არ წყდება სარწმუნოებრივი საკითხები. ამის თვალსაჩინო მაგალითია დაპირისპირებები ეკლესიის ისტორიაში, ეკლესიის გარეთ მყოფებთან და თვით ეკლესიის შიგნითაც. და ეს დაპირისპირებულნი ხშირად საკმაოდ განსწავლულნი არიან, ზოგჯერ წმინდანებიც. ერთი რამ ცხადია და უეჭველი: ღმერთი ხედავს კაცის გულს, მის შინაგან განწყობას და ცხონების გულწრფელ მაძიებელთაგან არავის უგულვებელყოფს.
მოკლედ რომ ითქვას, ჭეშმარიტი მოძღვრება ჭეშმარიტ ეკლესიაშია დაცული და ის უნდა ვეძებოთ წმიდა წერილში, მოციქულთა კანონებში, წმიდა კრებების დადგენილებებში, ღვთისმსახურებაში, წმინდანთა სწავლებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ჭეშმარიტებას ბევრი ვერ ხედავს, ხშირად მას საკუთარი ან გაკერპებული პიროვნებებისგან მიღებული პირადი წარმოდგენები ბინდავს. რამდენადაც განწმენდილია მორწმუნის გული და გონება, იმდენად ნათლად შეიცნობს ჭეშმარიტებას – „ნეტერ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ამ საქმეში უპირატესობა ენიჭება არა იმფორმაციული ცოდნის სიჭარბეს და გონების სისხარტეს, არამედ ვნებებისაგან გათავისუფლებას. იოანე ოქროპირი ამაზეც გარკვევით ამბობს: „...(პეტრე და ანდრია მოციქულებს) ღირსი მოქალაქობისა მის საღმრთოჲსა აქუნდა გონებაჲცა, წმიდაჲ და განათლებული, არა შეშფოთებული და დაბნელებული ვნებათა მიერ, არამედ განწმედილი ყოვლისაგან ბიწისა, შრომითა მით ხორცთაჲთა და სიყუარულითა და მორჩილებითა მამისაჲთა. ვინაჲთგან უკუე ესევითარი აქუნდა წმიდაჲ და სიბრძნითა სავსე გონებაჲ, ამისთვის, იხილეს რაჲ უფალი და ესმნეს სიტყუანი მისნი, მეყსეულად შევიდა მადლი მისი გულად მათდა. რამეთუ არა იყო ნისლი ვნებათაჲ გარემოხუეულ, რაჲთამცა არა შეუნდო მადლსა მას შინაგან შესლვად; არამედ პოა ნათელმან მან საღმრთომან გზაჲ წრფელი და განწმედილი და შევიდა გულად მათდა. და მეყსეულად ცნეს, ვითარმედ ესე არს, რომლისათვის წამებდა იოვანე, ესე არს, რომლისათვის ცანი განეხუნეს და სული წმიდაჲ გარდამოხდა და ხმაჲ მამისაჲ ზეცით ისმოდა. ცნეს გონიერად და ჰრწმენა, ვითარმედ ესე არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ...“ (მათეს სახარების განმარტებიდან).
ჩვენ ვიცით მსოფლიო კრებების განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკლესიაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამა თუ იმ კრებას განსაკუთრებულ სტატუსს თვითონ ეკლესია ანიჭებს. მაგ. ეკლესიის ისტორიაში არსებობდა ერეტიკული კრებები, რომლებზე ხელმომწერი ეპისკოპოსების რიცხვი აღემატებოდა ნიკეის კრების მამათა რიცხვს. ამ კრებებზე პატრიარქები, პაპები, იმპერეტორები იღებდნენ და ამტკიცებდნენ ერესს. რატომ იქნა ეს კრებები უარყოფილი? იმიტომ, რომ ეკლესიის ერთობამ არ მიიღო მათი გადაწყვეტილებები. არ მიიღეს სული წმიდით განბრძნობილმა მორწმუნეებმა, რომელთა ნაწილი წმინდანებადაა შერაცხილი, დიდი უმრავლესობა კი უცნობი წმინდანები არიან, რადგან წმინდანია ყველა, ვინც ღმერთს ემსახურა, სული წმიდის ტაძრად იქცა და სასუფეველი დაიმკვიდრა. იყო პერიოდები, როცა თითქოსდა მწვალებლობა ზეიმობდა და მართლმადიდებლობა დევნილი იყო, მაგრამ სულიწმიდის ჭურჭლები ყოველთვის არსებობდნენ და სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ეკლესიას.
ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ მოხდა, რომ წმიდა მამებმა დაწერეს ან გამოთქვეს სწავლებები, რომლებშიც მნიშვნელოვანი შეცდომებია? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მწვალებლებს წმინდანთა ნაწერებში სათავისო შესწორებები შეჰქონდათ და გარკვეული დროის შემდეგ ძნელდებოდა იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს ცდომილება. ამავე საკითხს პასუხობს წმიდა ბარსანუფი დიდი. მას სულიერმა შვილებმა დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ცდებოდნენ წმინდანები და რატომ არ განუცხადა ღმერთმა მათ სიმართლე, რათა სხვებს მათი მეშვეობით ჭეშმარიტება შეეცნოთ და არ შემცდარიყვნენ. წმიდა მამა პასუხობს, რომ ამ წმინდანებმა ზოგიერთი არასწორი სწავლება თავის მოძღვართაგან მიიღეს. მათ არ უკითხავთ ღმერთისთვის, სწორი იყო თუ არა ეს სწავლება და ამიტომ შეიწყნარეს იგი. ამგვარად მათი საკუთარი სწავლებები და მოძღვრებისგან მიღებული სწავლებები ერთმანეთს შეერია და ყველაფერი მათ მიეწერა. წმიდა ბარსანუბი სხვა პასუხში ამბობს: „თუკი ამბობ, რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი თავისი მადლით მათ (არასწორი სწავლების წარმოთქმაში) სხვათა სასარგებლოდ, რომლებიც მომავალში წაიკითხავენ მათ ნაწერებს, მაშინ ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი თავისი მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავისი ცოდვებით მრავალს დააბრკოლებდა და მისი საშუალებით მრავალნი მიიღებდნენ ზიანს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრება ვეღარ იქნება თავისუფალი, არამედ ძალადობას დაექვემდებარება... განა წმიდა წერილში არ გვხვდება ისეთი გამონათქვამები, რომელთა გამოც ბრკოლდებიან ისინი, ვინც ვერ გულისხმაყოფს წმიდა წერილის სულიერ აზრს? ნუთუ უნდა ვთქვათ, ღმერთმა რატომ არ განუცხადა ყველას წმიდა წერილის სულიერი აზრი, რომ ადამიანებს ზიანი არ მიეღოთ?“(პასუხ. 610, 611).
ჭეშმარიტების ძიებასთან და სულიერ განათლებასთან კავშირშია ერთი საფრთხე. წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სულიერი საზრდოს, წიგნების შერჩევაში, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს სულიერ განვითარებასთან და ცხონებასთან. ამ ნაწილს დავასრულებ რამდენიმე საგულისხმო გამონათქვამით. წმ. პეტრე დამასკელი: „რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის თხზულებებიდან, ტ.1, გვ155). წმ. ისააკ ასური: „უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რამეთუ ყველაზე მეტად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“(სამოღვაწეო სიტყვები, მ. 1854, გვ. 346). წმ. იოანე სინელი: „არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან, და უფრო კი ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცდუნონ და მწვალებლობასა და გმობაში ჩააგდონ“ (საქ. ეკლესიის კალენდარი, 1986, გვ.418).



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lado s   სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება   Mar 16 2007, 12:19 AM
გლახა   lado s ჩემო ლადო შენ სე...   Mar 16 2007, 11:19 AM
ლეონტი   გლახას გამოხმაურე...   Mar 16 2007, 11:52 AM
Dulos   ბატონო lado s საინტერ...   Mar 16 2007, 06:46 PM
lado s   ბატონო lado s საინტერ...   Mar 17 2007, 12:01 AM
Cotne   საინტერესო ნაშრომ...   Mar 16 2007, 07:27 PM
lado s   საინტერესო ნაშრომ...   Mar 16 2007, 11:32 PM
მარიამი   მგონი ამ საკითხს უ...   Mar 16 2007, 10:15 PM
ნოდარიკო   აუ მოკლედ და ლაკონ...   Mar 18 2007, 08:26 PM
ninca   როცა ვნახე, რომ საუ...   Mar 18 2007, 11:12 PM
ზებედე   თანამედროვეებიდ...   Mar 19 2007, 12:13 AM
lado s   ესენიც უცდომელები...   Mar 19 2007, 10:30 PM
ზებედე   რას გულიხმობ ძმაო ...   Mar 19 2007, 10:52 PM
lado s   [quote name='ზებედე' date=...   Mar 21 2007, 07:52 PM
ზებედე   მაგ საკითხზე არ მი...   Mar 22 2007, 05:18 AM
ლეონტი   მე დარწმუნებული ვ...   Mar 22 2007, 11:31 PM
KAIROS   ეს კი სულაც არ ეკუ...   Mar 19 2007, 01:26 AM
ზებედე   ეს კი სულაც არ ეკუთ...   Mar 19 2007, 03:02 AM
solomony   ჩემის აზრით ადამია...   Mar 19 2007, 06:28 AM
KAIROS   ლადო ძამიკო, ეგ კა...   Mar 21 2007, 01:27 AM
lado s   ლადო ძამიკო, ეგ კაც...   Mar 21 2007, 08:05 PM
ninca   ლადო, ღმერთმა გაგა...   Mar 21 2007, 09:49 PM
დათიკო   მეგობრებო! ძალია...   Mar 21 2007, 11:23 PM
ალექსანდრე   ჩემი აზრით მამა სე...   Mar 22 2007, 05:51 AM
mendes masieli   ჩემი აზრით მამა სე...   Mar 23 2007, 04:21 PM
ალექსანდრე   ხო,ბატონო,დავუჯერ...   Mar 27 2007, 03:08 AM
გლახა   ალექსანდრე ვახ რა ...   Mar 22 2007, 10:37 AM
ალექსანდრე   ალექსანდრე ვახ რა ...   Mar 22 2007, 04:16 PM
დათიკო   ალექსანდრე რა თქმ...   Mar 22 2007, 07:32 PM
დათიკო   თანამეფროვე მამებ...   Mar 22 2007, 11:58 PM
დათიკო   mendes masieli რა საჭიროა უ...   Mar 23 2007, 09:31 PM
mendes masieli   mendes masieli რა საჭიროა უ...   Mar 28 2007, 01:52 PM
lado s   მართალია ამ საკითხ...   Mar 23 2007, 09:34 PM
ზებედე   lado s იდეაში გეთანხმ...   Mar 23 2007, 10:23 PM
Dulos   ბატონო ლადო ს დიდ...   Mar 26 2007, 08:56 PM
ლეონტი   თუმცა ჩემს მონაწი...   Mar 26 2007, 09:57 PM
დათიკო   ლეონტი რატომ უკრძა...   Mar 26 2007, 11:52 PM
გლახა   [size=4]ჭეშმარიტება სა...   Mar 27 2007, 11:30 AM
ზებედე   [color=#660000][size=4]ჭეშმარიტ...   Mar 27 2007, 12:09 PM
გლახა   ზებედე ჭეშმარიტებ...   Mar 27 2007, 12:57 PM
Dulos   პატივცემულო ლეონ...   Mar 27 2007, 02:22 PM
დათიკო   თემა გავწმინდე აი ...   Mar 27 2007, 06:27 PM
mendes masieli   ხოოო,რატომ არ გვაქ...   Mar 28 2007, 02:05 PM
alex_b   დათიკო მაშინ ჯობი...   Mar 28 2007, 04:54 PM
დათიკო   alex_b არ ვაპირებ სათა...   Mar 28 2007, 05:50 PM
ლეონტი   იმ მგზნებარე ბოლშე...   Mar 28 2007, 10:20 PM
alex_b   ისე ცრუქრისტიანის...   Mar 29 2007, 03:55 PM
გლახა   alex_b ცრუქრისტიანი ა...   Mar 29 2007, 04:01 PM
lado s   ბატონო დულოს მე მგ...   Apr 2 2007, 06:49 PM
Dulos   ბატონო ლადო ს არ შე...   Apr 2 2007, 09:37 PM
alex_b   ასევე მეც, როგორც დ...   Apr 4 2007, 02:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 02:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი