IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ეპისტოლეები
G_I_O_R_G_I_
პოსტი Apr 8 2007, 05:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სააღდგომო ეპისტოლე



„ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“
(აღდგომის საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,
ზეციური სიხარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ჰოი, დიდებულო პასექო ქრისტესო, მომნიჭებელო სიხარულისაო, განმაახლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩვენისაო, დაადგერ ჩუენთანა, რათა გიცნათ შენ, უფალო, ვითარცა ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

მაშ, განვიწმიდოთ ბოროტებისაგან და მივეახლოთ დაუღამებელ ნათელს, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ და გვყოფს მეცნიერად კეთილისა და ბოროტისა.

უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, გუშინ ვგლოვობდით ვნებასა და ჯვარცმასა შენსა, დღეს კი - ვზეიმობთ სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველსა აღდგომასა შენსა;

ჰოი, ბოროტებავ, უძლურია ძალა შენი წინაშე ღვთისა!

ადამის მოდგმავ, დაცემულო, მაგრამ უფლის მადლით წარწყმედისაგან ხსნილო, გიხაროდენ,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

„სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი! აღდგა ქრისტე და დაირღუ შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღდგა ქრისტე და ცხორებაი მოქალაქობს; აღდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა; აღდგა ქრისტე მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა“ (წმიდა იოანე ოქროპირი).

დაე, აღდგომილი მაცხოვრის მაცხოვნებელი მადლი მოეფინოს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს!

როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ღმერთმა ადამიანი შექმნა „ხატად და მსგავსად თვისსა“ და მას, სხვა მრავალ ნიჭთან ერთად, თავისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისება - თავისუფლებაც უბოძა, ანუ შესაძლებლობა არჩევანისა - იყოს ღმერთთან, ან იცხოვროს მის გარეშე. არჩევნის შესაძლებლობა ანგელოზთა ცხრავე დასსაც ჰქონდა მინიჭებული.

უფლის ერთ-ერთმა უპირველესმა ანგელოზმა, თავის მიმყოლ დასსთან ერთად, ამპარტავნების ცოდვის გამო ღვთის გარეშე არსებობა მოინდომეს, რამაც მათი დიდი დაცემა და ბუნების სრული სახეცვლილება გამოიწვია, - უფლისაგან ბოძებული აბსოლუტურად ყველა სათნოება მათ თავისი ნებით დაკარგეს და იქცნენ ღვთისმბრძოლ არსებებად, რითაც საშინელი მარადიული ხვედრი განუწესეს საკუთარ თავს.

არსობრივად იგივე შეცდომა დაუშვეს პირველქმნილმა ადამმა და ევამაც. მათაც ამპარტავნების ცოდვის გამო განიზრახეს ღვთის მსგავსნი გამხდარიყვნენ და მიუხედავად უფლის გაფრთხილებისა, მაინც შეჭამეს აკრძალული ხის ნაყოფი, რასაც მოყვა მათი გულის, სულისა და გონების შინაგანი ერთობის სრული დარღვევა, სიწმინდის შებღალვა და ღმერთთან კავშირის გაწყვეტა.

მაგრამ ადამის მოდგმას, დაცემულ ანგელოზთაგან განსხვავებით, მიეცა შესაძლებლობა სულის ხორცში ყოფნის გამო (ამქვეყნად ხორციელად მყოფობის ჟამს), გამოესყიდა დანაშაული და მაცხოვრის მსხვერპლშეწირული სიყვარულის მადლით, გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ცოდვათაგან გათავისუფლებული კვლავ ძველ დიდებას დაუბრუნებოდა.

აი, ამისი საშუალება მისცა ძე ღვთისამ და ძე კაცისამ ადამის მოდგმას თავისი ჯვარცმით და მკვდრეთით აღდგომით.

დღეს ჩვენ სწორედ ამას ვზეიმობთ. და რაკი იესო ქრისტე მთელი კაცობრიობისათვის ეწამა, აღდგომის დღესასწაული ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი ზეიმია, იგია ღმერთთან შერიგებისა და თითოეული ჩვენგანისათვის სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობის დადასტურება.

და რა შეიძლება იყოს კაცთათვის ამაზე მნიშვნელოვანი და სანატრელი?!

მაგრამ როგორც ედემში, აქ, ამ წუთისოფელშიც, ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და თითოეულმა ჩვენგანმა პირადად უნდა აირჩიოს, - სურს მარადიული ნეტარების მოპოვება, თუ ცოდვის მონობა, რომლის შედეგიც მარადიული სატანჯველია.

ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს დგას არჩევანის წინაშე - გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, თავის დაცემულ ბუნებაზე, თუ კიდევ უფრო დაიმძიმოს მდგომარეობა და წარწყმედისაკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ცოდვის სხვა და სხვა სახე: ზოგი შედარებით მსუბუქია, ზოგი კი - იმდენად მძიმე, რომ სულიერ სიკვდილს იწვევს. ყველაზე საშინელი კი - სულიწმინდის გმობაა.

ზოგჯერ ადამიანი გულს იმშვიდებს, მცირე დანაშაული მაქვს და ღმერთი მაპატიებსო, მაგრამ თუნდაც მსუბუქი რომ იყოს ჩვენი ცოდვები, თუკი ისინი მრავლად გვაქვს, საგრძნობლად დააზიანებს ჩვენს შინაგან სამყაროს. ერთი მუჭა სილა წონით უმნიშვნელოა, მაგრამ სილით სავსე ტომარა - სატარებლად მძიმე.

ის, ვინც კლავს, ვინც ქურდობს, ვინც მრუშობს, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს და სხვა მძიმე დანაშაულზეც არ ამბობს უარს, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის; მათ შესახებ წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „კერპთმსახურება, მწამვლელობა, მტრობა, შუღლი, შური, მრისხანება, განხეთქილება, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ლირწება“ და სხვა მისთანათა მოქმედნი სასუფეველს ღვთისას ვერ დაიმკვიდრებენ (გალ. 5. 20-21).

არიან ორმაგი სტანდატრებით მცხოვრები პიროვნებებიც, რომლებიც უშუალოდ თვითონ მომაკვდინებელ ცოდვებს ერიდებიან, მაგრამ უზნეო გზით ან სხვათა ტანჯვა-წამების ხარჯზე მოპოვებული შემოსავლით ცხოვრობენ, რითაც უდიდეს სასჯელს უმზადებენ საკუთარ თავს.

სულიწმინდის გმობის ცოდვაში იმყოფებიან უღმერთონი - ათეისტები და თვითმკვლელნი (შეურაცხადთა გარდა), ღმერთის შესახებ მწვალებლური სწავლების დამნერგველნი და საერთოდ, ის ადამიანები, რომელნიც ნებისმიერი ცოდვის, მითუმეტეს მომაკვდინებელი დანაშაულის, ცხოვრების წესად დამკვიდრების მოთავენი ან ხელშემწყობნი არიან.

ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ ანტიქრისტეს სწავლებას ავრცელებენ, რაც მათ ღვთისმგმობ და სულიწმინდის მოწინააღმდეგე ძალად აქცევს: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ მათ“ (მათე 12,31). „და ვინც აცდუნებს ერთ მცირედთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ კისერზე და ზღვის უფსკრულში დანთქან“ (მათე 18,6).

ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. იგი შეიძლება ზეცამდეც ამაღლდეს და შეიძლება ქვესკნელამდეც დაეცეს, მაგრამ ყველაზე ცოდვილმა კაცმაც უნდა იცოდეს, რომ ფეხზე წამოდგომა შესაძლებელია და ამიტომ გამოსწორების იმედი არ უნდა დაკარგოს. უფლის შეწევნით. ამის გარანტი კი არის ის, რომ ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმასაც უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა სწორად.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებსაც კი „რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და მათი აზრები, რომლებიც ხან ბრალს სდებენ და ხან ამართლებენ ერთიმეორეს“ (რომ. 2,15)

სწორედ სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულის გრძნობას და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდის პროცესი. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს იგი.

რა არის ამქვეყნად ჩვენი მთავარი დანიშნულება?

მორწმუნეთა პასუხი ასეთია: ადამიანის ნებისა და ღვთის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა, ანუ სინერგია, რათა პიროვნება ღვთის ნების აღმსრულებელი გახდეს და მაცხოვართან თანაზიარებით სულიერად გადარჩეს. ამისი შესაძლებლობა ყველას აქვს. ხელისუფალს და მეცნიერს, მიწის მუშაკს და დამლაგებელს, ექიმსა თუ წარმოების ხელმძღვანელს, ჯარისკაცს, მოსწავლეს და სტუდენტს, მდიდარს და ღარიბს, მოხუცსა და ახალგაზრდას, მთავარია მან შეიცნოს ჭეშმარიტება და თავისი სულიერი და ფიზიკური შრომით სათნო ეყოს უფალს.

ასევე ყველასა აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ აქვე, ამქვეყნად, მოიპოვოს ისეთი სიწმინდე, რომ განიღმრთოს და მასზეც განცხადდეს მაცხოვრის სიტყვები: „აჰა, სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს“ (ლუკა 17,21).

სხვებისათვის კი სიცოცხლის მთავარი აზრი მიწიერი ცხოვრებიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაშია, რადგან არა სწამთ სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისა, არა სწამთ ღვთისა და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი აზროვნების გამო თავისი მოთხოვნილებებისა და ინსტიქტების დაკმაყოფილების ერთგვარი მორალური უფლება ეძლევათ; და ეკარგებათ განცდა მეგობრობის, ერთგულების, თავდადების, მოწყალების, თვით სამშობლოს სიყვარულისაც... ასეთი ადამიანისათვის არ შეიძლება არსებობდეს რაიმე ამაღლებული გრძნობა და ღირსება, რადგან მისთვის ყველაფერი წარმავალია, ყველაფერს „ეგოს“ და „მეს“ პრინციპი საზღვრავს და ცდილობს თავისი მიწიერი მოთხოვნილებების შესაძლებლობისამებრ დაკმაყოფილებას, თვლის რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება.

ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აზროვნების დამკვიდრებას ხელი შეუწყო 70 წლიანმა ათეისტურმა რეჟიმმა, თუმცა ქართველი ადამიანი ბუნებით საოცრად ღვთისმოსავია და ამიტომაც მოხდა მოკლე დროში სარწმუნოებისაკენ ერის შემობრუნება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდს დაემთხვა. ეს პროცესი კი მრავალ განსაცდელთან იყო დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს I პრეზიდენტი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. ჩვენ ამჟამადაც გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. ახლა ყალიბდება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების ღირებულებათა სისტემაა. კომუნისტური რეჟიმის დროს არ არსებობდა დამოუკიდებელი საზოგადოება და იგი პარტიული იდეოლოგიით იმართებოდა, ხოლო დემოკრატიული მმართველობისას თვითონ საზოგადოების და პიროვნების პრინციპებსა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, როგორ გარემოში მოუწევთ მათ ცხოვრება.

ასე რომ, არჩევანი კვლავ ჩვენი გასაკეთებელია.

პიროვნების მსგავსად, ამა თუ იმ ერისა და კულტურების ხვედრსაც მათი არჩევანი განაპირობებს და ამაში ყველა თანასწორი და თანაბარუფლებიანია.

ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.

ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია;

მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვა და სხვა ქართველური ტომები ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;

საზღვარგარეთ ქართველებმა ადრეული საუკუნეებიდანვე განამრავლეს კულტურულ-საგანმანათლებლო კერები. უკვე V საუკუნიდან იერუსალიმში არსებობს პეტრე იბერისა და მისი მასწავლებლის, იოანე ლაზის მიერ შექმნილი სამონასტრო სავანე, რომელიც ჯვრის მონასტრის სახელით არის ცნობილი. გარდა ამისა, ქართველები წმიდა მიწაზე 40-ზე მეტ ტაძარს ფლობდნენ; ჩვენ მონასტრები გვქონდა კონსტანტინოპოლში, ეგვიპტეში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში..... რაც მაშინდელ მსოფლიო ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევდა და ეროვნული კულტურის ჩამოყალიბებაშიც გვეხმარებოდა.

უნდა ითქვას, რომ წელს ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს, - მცხეთის ჯვრის მონასტერს, 1400 წელი უსრულდება და ეს თარიღი იუნესკოს მიერაც აღინიშნება. მისი სრული ანალოგიითაა აშენებული მარტვილის VII საუკუნის ეკლესია, რომელიც დღესაც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა საკათედრო ტაძარია. იგი უმნიშვნელოვანეს სულიერ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე.

ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.

მიუხედავად ამისა, XIX ს-მდე სუვერენული სახელმწიფოებრივი მმართველობა და ეკლესიის ავტოკეფალია შევინარჩუნეთ და რუსეთის იმპერიის მიერ 106 წლის მანძილზე უკანონოდ გაუქმებული ეკლესიის დამოუკიდებლობა საერო და სასულიერო პირების ძალისხმევით 90 წლის წინ აღვიდგინეთ, რამაც დიდი სტიმული მისცა ქართველ ერს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

საერთოდ, ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. იგია ჩვენი ცნობიერებისა და ცხოვრების წესის საფუძველი და სავსებით ლოგიკურია, რომ დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ატრიბუტიკაში ქრისტიანული სიმბოლიკა დომინირებს: ხუთი ჯვარი მაცხოვრის ხუთ სამსჭვალზე მიუთითებს. ქვეყნის უმაღლესი სამართლებრივი დოკუმენტი - კონსტიტუცია კი მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებულ იურიდიულ და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სტატუსს ანიჭებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს და მისი ხალხის ნების გამოხატულებაა.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“, - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმერთის დახმარებით შეძლო ჩვენი სამშობლო ექცია ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.

შემწყნარებლობა დღესაც ჩვენი უმთავრესი თვისებაა, - ესაა ჩვენი არჩევანი.

სწორედ ჩვენი რაინდული და ტოლერანტული ბუნების გამო იყო, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა და ომებისა, ქართველები ყოველთვის დიდი პატივით სარგებლობდნენ არაბების, სპარსელების, მონღოლების, ოსმალების. . . პოლიტიკურ წრეებში. იგივე იყო მიზეზი იმისაც, რომ წმიდა მიწაზე მუსულმანთა გაბატონების შემდეგ, XIII-XIV საუკუნეებში, იერუსალიმის მაჰმადიანი მმართველები ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს აძლევდნენ უფლებას, გაშლილი დროშებით ცხენზე ამხედრებულნი ბაჟის გადაუხდელად შესულიყვნენ წმიდა ქალაქში და მაცხოვრის საფლავის კლიტეთა მფლობელნიც ქართველები ყოფილიყვნენ. ჩვენ ეს პატივი ომით არ მოგვიპოვებია. იგი იყო ქართული დიპლომატიის შედეგი, რასაც საეკლესიო ურთიერთობებიც განაპირობებდა.

სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესია დღესაც ცდილობს შეასრულოს ე.წ. „სახალხო დიპლომატის“ მისია და იყოს მშვიდობის დესპანი იმ რთულ სიტუაციებში, რომელშიც საქართველოს თანამედროვე პირობებში უწევს ყოფნა.

ამით იყო განპირობებული ჩვენი ჩასვლა მოსკოვში. ეს არის მიზეზი არაბულ ქვეყნებში ჩვენი მომავალი ვიზიტისაც. რელიგიურ ლიდერებთან ღია და გულთბილი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობაშიც ანალოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და მათში საქართველოსადმი კეთილგანაწყობა ჩნდება.

ყველასთვის მიუღებელია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა გადაიზარდოს ხალხებს შორის მტრობაში, განსაკუთრებით კი რელიგიურ დაპირისპირებაში, რადგან იგი პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით ძნელად გამოსასწორებელია და ჩვენ ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რომ არ ჩამოვრჩეთ, საჭიროა ინფორმაციის ფლობა და ანალიტიკური აზროვნება, მითუმეტეს, დიდი სახელმწიფოების დაინტერესების სფეროში მყოფი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

ამიტომაც ანალიტიკური აზროვნებისთვის საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობას.

რაკი ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ადრეული ასაკიდან იწყება. კარგი იქნება, თუ საბავშვო ბაღებში ბატონ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით პატარებს გავუღვივებთ როგორც ერთმანეთის, ისე საერთოდ, ადამიანის თანადგომის სურვილს, პატიების უნარს, უფროსის პატივისცემას, მამულის სიყვარულს. ეს დამოკიდებულება გაჰყვება მათ სკოლაშიც და მთელ ცხოვრებაშიც.

სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად დააკვირდება მოსწავლეს და დაეხმარება ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში.

აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან არ ექცევა სათანადო ყურადღება, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მათ თავისი თავიც და თავისი საგანიც. ამასთან, აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისინი. ამ მიზნით მოსწავლეებთან უნდა ჩაატაროს კლასგარეშე შეხვედრები და საუბრები მათ მომავალზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეთ. ასწავლოს ავისა და კარგის გარჩევა, ასწავლიდეს სწრაფი რეაგირების კულტურას.

მიმაჩნია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო და უმაღლესი სკოლების პედაგოგებს უნდა ქონდეთ, რადგან ისინი აყალიბებენ ქვეყნისა და ერის მომავალს და არ არსებობს ამაზე მეტად საპასუხისმგებლო სხვა პროფესია. ეს საქმიანობა უნდა იყოს პრესტიჟული და ეს წოდებაც დიდი შრომის ფასად უნდა მიენიჭოთ ამა თუ იმ ადამიანს.

თუ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, გავზრდით მოაზროვნე, გონიერ, ანალიტიკური უნარის მქონე თაობას, რაც დაეხმარება მათ ზნეობრივად ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებაშიც, რადგან ადამიანი, შეგნებულად თუ არ ემსახურება ბოროტებას, ადრე თუ გვიან აუცილებლად გააცნობიერებს, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და მომზადებაა მარადიულობისათვის და უარს აღარ იტყვის ყველაზე ძვირფასზე - უფლის სიყვარულზე.

როგორი იქნება თქვენი არჩევანი?

ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ ადამიანის ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრის ყველაზე მძლავრ ბერკეტად მასმედია აქცია; ამიტომაც, აუცილებელია, რომ მანაც იტვირთოს აღმზრდელობითი ფუნქცია.

ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მასმედია ზრუნავს, რომ სახელმწიფო და კერძო არხებით (სპეციალიზებული მაუწყებლობის გარდა) საზოგადოებას მიაწოდოს ზნეობრივი და, საერთოდ, დადებითი ღირებულებების მქონე ტელეპროდუქცია და ფილმები, რასაც ჩვენთან, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ექცევა.

ამასთან, ჩვენი ტელესივრცე ძირითადად დატვირთულია პოლიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით. საზოგადოებას კი ასევე სურს უყუროს ისტორიულ, სამეცნიერი, შემეცნებით, კულტურულ და ახალგაზრდულ გადაცემებს. ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც მხარი დავუჭირეთ დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობა „ივერია“-ს შექმნას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის პატრონაჟით საცდელი გადაცემებით უკვე გადის ეთერში. იგი უნდა იქცეს ოჯახის ტელევიზიად, რომელიც ყველა თაობისთვის მისაღები იქნება და ყველა ფენის ინტერესებს შეძლებისამებრ დააკმაყოფილებს. ამასთან, მან მოსახლეობაში და, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობაში, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. მისი განვითარება და წარმატება ჩვენი საზოგადოების თანადგომაზეა დამოკიდებული.

ყოველი ადამიანის სულიერი წინსვლა და წარმატება დიდად განაპირობებს მთელი ქვეყნის აღორძინებასა და კეთილდღეობას. ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით, გულმოდგინე შრომით მრავალი სასიკეთო საქმის კეთება შეიძლება. თითოეულ ჩვენგანს სხვა და სხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურად უნდა გამოვიყენოთ.

ხარობს დღეს წმიდა ეკლესია და უგალობს მკვდრეთით აღდგომილ ჩვენ მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დასთრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული.

„აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთარს შევიტკბობდეთ“ (აღდგომის საგალობელი).

უფალო ძლიერო, სახიერო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ ყოველთაგან მოელი სინანულსა და კაცთათვის განგიმზადებიეს სასუფეველი ცათა, ისმინე ლოცვისა ჩვენისა: გევედრები მეუფეო, შეუნდე უსჯულოებაჲ ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, რათა მადლითა შენითა შევუდგეთ მცნებათა შენთა აღსრულებასა; განამტკიცე სარწმუნოება გულთა შინა ჩვენთა, აღგვავსე სიყვარულითა და იმედითა შენითა;

ჰე, უფალო, განმრავლდა და განძლიერდა განსაცდელი სოფლისა ამის და დაუძლურდა გონება ჩვენი; მოგვხედე და განგვამტკიცე ძალითა შენითა.

ძმანო და დანო ჩვენო, მკვიდრნო ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლის მამულისანო, ეძიებდეთ სიმართლეს, შეიყვარეთ უფალი „ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა“ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა აღასრულოთ ნება მისი.

ძმანო და დანო აფხაზნო, ოსნო, ჩვენო ხორცნო და სისხლნო! არ გვძლიოს მტრობამ და სიძულვილმა. ჩვენ მუდამ გვაახლოებდა ურთიერთთანადგომა და სიყვარული. ილოცეთ და განძლიერდით. ჩვენი ძლიერება კი ჩვენს ერთობაშია. მწამს, ურთიერთნდობას და პატივისცემას კვლავ მოვიპოვებთ და სხვა ერის წარმომადგენლებთან ერთად ბედნიერნი ვიქნებით მშვიდობიან და განუყოფელ საქართველოში!

„განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაი და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაი, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა, მწუხრი განისვენა ტირილმან და ცისკარსა ამას მოიწია სიხარული აღდგომისაი“ (მელენტი ეპისკოპოსი, სააღდგომო ჰომილია).

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


როგორც ბოლოს პატრიარქმა დაამატა იფიქრეთ ამ საკითხებზეო და სიხარულისას ნუ მიეცემით განცხრომასო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Jan 7 2011, 11:41 AM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II


ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!

აი, უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი: `დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება~, რათა ჩვენც, იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად, მივეახლოთ და თაყვანი ვსცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალ-მარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც ათასწლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები;

როგორი უბრალოებით წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თავმდაბლობითა და მსხვერპლშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამპარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. ო, როგორ ეშინოდა ბოროტს ამ ჟამის დადგომის! მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა, არ დაეშვა დედამიწაზე ღვთის ამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც თოთხმეტიათასს მიაღწია; მწარედ სტიროდა რაქილი შვილთა თვისთა. მაგრამ ამ მცდელობის მიუხედავად, განგებულება ღვთისა მაინც განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხვნა.

რათა გავაცნობიეროთ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობა შეგახსენებთ, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, _ ბოროტი სული (რომელიც თავდაპირველად ნათლითმოსილი ანგელოზი იყო), ამპარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამი სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო, რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებ სიკეთეთა მითვისებაა და ღმერთთან გატოლება მოინდომა.

გავიხსენოთ ადამი და ევაც; ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამოთხეში, მაგრამ ამპარტავნების გამო, ეშმაკის მიერ ცდუნებულებმა, ღმერთობა ისურვეს; დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადაც დაისაჯნენ, _ მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ.

ამპარტავნება _ ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშინლესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში ჰქონდა და აქვს მეტ-ნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ღმერთთან ჩვენი მიახლებისა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში აღნიშნულ ცოდვაზე გავამახვილებ ყურადღებას.

რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი შობს ყველა სხვა სიბილწეთ. წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს, მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა _ სიწმინდეს, შური _ სიყვარულს, ნაყროვანება _ თავშეკავებულობას და ა.შ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ეს თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასოდეს იტყვის ამპარტავნების შესახებ; მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფლ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი ღვაწლით მოპოვებული მადლი.

ამასთან, სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამპარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე ღუპავს მას. მდგომარეობის გამოსწორებისთვის კი ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. განასხვავებენ ორი სახის ამპარტავნებას, _ ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვა და სხვა მიწიერი, ამქვეყნიური სიკეთით, მაგ., სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ა.შ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სენის ყველაზე მძიმე ფორმა, _ სულიერი ამპარტავნება. ზოგიერთი გულწრფელად იკითხავს: მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი? წმიდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ:

შენ შეგეძლო გეამაყა იმით, შენს შობამდე რომ გეარსება და გქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ და არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ყველა სიკეთე, რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერაა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ.

თუ კარგად დააკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებაა, რომ შენია მხოლოდ სურვილი და არჩევანი იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა.

ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ ანუ საკუთარი თავის განდიდებისკენ.

თუმცა, პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა `ერიდებათ~, არამედ სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ; ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.

არადა, ერთი შეხედვით, თითქოს როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჭვალო.

რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ მისი წყალობაა?! ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი ან მოძრაობის შესაძლებლობა..., და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ.

იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი~ (იაკ.4,6).

არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ, ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს..., მართალია, მათი შეცოდებანიც ფრიად სერიოზულია და სასჯელსაც დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა, _ ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანების წინააღმდეგ. ამპარტავანნი კი, თავისი თავხედობითა და უმადურობით, აშკარად უპირისპირდებიან შემოქმედს.

როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისაგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს `მე~-ს უარვყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან, ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარვმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს, ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი, _ უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად.

მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს. რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ? თუ ამპარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს ან როგორც უმნიშვნელოს, ისე წარმოაჩენს (არ არის გამორიცხული, იქამდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს); თავმდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას არც მოძღვრის და არც ადამიანების წინაშე.

ამპარტავანი, კეთილდღეობის შემთხვევაში, კიდევ უფრო ამაყი ხდება, განსაცდელის ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თავმდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც ერთნაირად იღებს, მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზეაღსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს.

ამპარტავანნი მაჭირვებელთ ბოროტებით პასუხობენ და თუ ამას საქმით ვერ აღწევენ, ცილისწამებას არ ერიდებიან. ღვთისსათნონი კი, ავისმქმნელთათვის ლოცულობენ და ცდილობენ, სიკეთით უპასუხონ, რადგან ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება და იციან, რომ ეს არის სათნო წინაშე ღვთისა. ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.

მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.

ისეთ დღესასწაულებსაც კი, როგორც შობა ან აღდგომაა, ისინი თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ.

ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება.

კიდევ ერთ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას: რამდენჯერ შეგვხვედრიან ადამიანები, რომლებიც თავს დიდად მორწმუნეთ არ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ და, ერთი შეხედვით, სამაგალითონიც არიან; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცილებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათს გულსა და სულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული; ამიტომაც, თავის თავს შეჰხარიან და ამით ტკბებიან. თითქოს როგორი ადვილია, რომ მათ დამოკიდებულება შეცვალონ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს _ მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებათ, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა.

ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ `მბრწყინავ ცოდვებს,~ _ გარეგნულად თვალისმომჭრელთ, შინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს.

ასეთ ადამიანთა მსგავსი იყო ჩვენი ხალხის მდგომარეობა ათეისტურ პერიოდში. სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა ღმერთის რწმენის გარდა, წინ წამოსწია თითქმის ყველა ადამიანური სათნოება და ამით, ამპარტავნების საშინელი სენი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა საზოგადოებაში. დღეს, მართალია, რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს _ ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს; გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა, იმედი არავისი და არაფერისა არ უნდა გვქონდეს.

ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემობრუნების პროცესი, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოროტი ადვილად არ თმობს პოზიციებს და ახალ-ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს, მაგ., მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს, სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, `სიმართლის~ სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით, ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ.

ღმერთის გზით მავალი ადამიანები კი, თავმდაბლობასთან ერთად, ესწრაფვიან, მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს.

შევნიშნავთ, რომ ღვთის ამ წყალობით აღვსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, _ ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც, ოღონდ, ეს გულით უნდა მოვინდომოთ და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განვამშვენოთ ჩვენი ცხოვრება.

დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი. მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრულ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს. ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: `მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო~ და კიდევ `პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო~.

ასე რომ, ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, _ ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება.

მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ მოვლენას, რომელიც, მართალია, სულის ცხონების საკითხს არ ეხება, მაგრამ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. XVII ს-ის I ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამუსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ; ეს გავლენა კი, სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს.

ქრისტიანული თვალთახედვით, ისინი, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობას შეეხო.

სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათს გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს შაჰის დავალების შესრულებაზე, სანაცვლოდ კი, დათმეს ქონებაც, თანამდებობაც, თავისი და თავის ყველა შთამომავლის სიცოცხლეც სამშობლოს შეწირეს.

მაშინ როდესაც, მათ თანამედროვე ქართველთა შორისაც უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედთაც გვერდში უდგანან.

საერთოდ, ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ანუ ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა და სასუფევლის დამკვიდრება მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრის მისტიური სხეული, რომელიც ღვთაებრივი მადლით ზეციურ, მოზეიმე ეკლესიას უკავშირდება და ეს ურთიერთობა ლოცვით ხორციელდება.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.

უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, _ ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება.

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი _ მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეების დაძლევა შევძლოთ.

გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები...

მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება. როგორც ცნობილია, XIX ს-ის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა `მეცნიერული~ კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ.

ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ, როგორც დიდი ილია ამბობს, დღეს არის არა ხმლის, არამედ წიგნისა და კალმის ომი.

პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ვებ-გვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნეთ. ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა; მათ ვებ-გვერდები იმ ენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ა.წ. 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ;

ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა _ საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ, მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა.

ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს.

ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც.

შევეხები მთის პრობლემებსაც; მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა. ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ, არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.

სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები; კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა..., სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც, ერთი ადამიანი სახლობს.

არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ. ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.

ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და, ამ მიზნით, აქ მონასტრებს აარსებს.

მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ, შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ, ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჩვენ ადრეც შევთავაზეთ ხელისუფლებას და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა (თავისი მეურნეობებით), რაც დასაქმების პრობლემასაც ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის.

ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი, უნდა შეიქმნას კოოპერატივები.

სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება.

სულ ორიოდე სიტყვით შევნიშნავთ იმასაც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი გაყიდვა-გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე.

ჩვენ ზემოთ მრავალ რთულ თემას შევეხეთ, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას ევალება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეც დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.

ეს ლიტონი სიტყვები არ არის.

ყველამ ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი), ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის. მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან, ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი;

უფალი თავისი იდუმალი, მტკივნეული, მაგრამ გადამრჩენელი გზებით გვატარებს, რათა, თითოეული ჩვენგანი, ვითარცა მამასთან დაბრუნებული დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი, გულში ჩაიკრას და სიხარულით აღვსილმა, საზეპურო სუფრა გაშალოს.

საყვარელნო დანო და ძმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული.

ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენც გავყვეთ ბეთლემისკენ მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და სიხარულით აღვივსოთ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ემმანუელი, ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი

შობა ქრისტესი თბილისი, 2011 წელი


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
solomony   პატრიარქის ეპისტოლეები   Apr 8 2007, 05:58 PM
makuna7474   solomony ძალიან დიდი მად...   Apr 10 2007, 01:28 AM
ლეონტი   როგორც მამა გაბრიე...   Apr 10 2007, 10:49 AM
salomea07   რა სიბრძნე და რა სი...   Apr 10 2007, 02:39 PM
tamari_irakli   დიდი მადლობა! გმე...   Apr 10 2007, 10:21 PM
solomony   მე განსაკუთრებით ...   Apr 10 2007, 10:28 PM
arti vardi   რა ბედნიერებაა რომ...   Apr 16 2007, 04:45 PM
KoTe   modloba kvelaaaaaaaaaassssssssss   May 1 2007, 05:49 PM
solomony   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 7 2008, 02:05 PM
marine   საოცარია პატრიარქ...   Jan 22 2008, 03:26 PM
solomony   უწმინდესი და უნეტა...   May 3 2008, 11:21 AM
ალექსანდრე   :)   May 3 2008, 11:52 AM
lingvo   http://www.link.ge/file/191290/sashobao-epistole.p...   Jan 7 2009, 05:45 PM
KAIROS   2009 წლის საშობაო ეპი...   Jan 8 2009, 10:24 AM
KAIROS   ხოლო “ვისაც უყვარს...   Jan 8 2009, 11:20 AM
ილია   სააღდგომო ეპისტოლ...   Apr 19 2009, 06:56 PM
Belief   ნამდვილად ეს იყო ი...   Apr 21 2009, 01:59 PM
ბექა   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Jan 7 2010, 12:54 PM
llaasshhaa   მშვენიერია :wub:   Jan 7 2010, 03:56 PM
sable   მშვენიერი ეპისტოლ...   Jan 7 2010, 09:46 PM
ბადრი   ბექა გაიხარე! მშ...   Jan 7 2010, 11:16 PM
ბექა   sable აბორტზე როგორც ვ...   Jan 7 2010, 11:25 PM
sable   sable აბორტზე როგორც ...   Jan 7 2010, 11:31 PM
ბექა   თუ მასეა კარგია, მა...   Jan 8 2010, 12:35 AM
KAIROS   ძალიან მომეწონა ეპ...   Jan 15 2010, 09:28 AM
lingvo   უწმიდესი და უნეტა...   Apr 4 2010, 04:33 PM
Amuza   [center][size=4] უწმიდესი და ...   Apr 6 2010, 05:03 PM
KAIROS   მე ეს მენიშნა ცუდა...   Apr 7 2010, 04:25 AM
lingvo   ეს ჩემ პროფესიას უ...   Apr 7 2010, 01:21 PM
lingvo   [size=3][b]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2011, 11:41 AM
lingvo   [size=3][b]სააღდგომო ეპი...   Apr 24 2011, 10:05 AM
A.V.M   აქ კი დავდოთ ხოლმე ...   Nov 12 2011, 12:22 PM
A.V.M   2010-01-06 ქრისტეს მიერ ს...   Nov 12 2011, 12:35 PM
A.V.M   სააღდგომო ეპისტოლ...   Nov 12 2011, 01:32 PM
A.V.M   2009 წლის საშობაო ეპი...   Nov 12 2011, 01:59 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 02:55 PM
A.V.M   ვაგრძელებ თემათა ,,...   Nov 12 2011, 08:21 PM
A.V.M   უწმინდესი და უნეტა...   Nov 12 2011, 08:42 PM
lingvo   [b][center]საშობაო ეპისტ...   Jan 7 2012, 11:33 AM
A.V.M   [b]სააღდგომო ეპისტო...   Apr 15 2012, 09:32 PM
A.V.M   საშობაო ეპისტოლე უ...   Jan 8 2013, 02:18 PM
A.V.M   ქრისტე აღდგა! პატ...   May 5 2013, 11:33 PM
A.V.M   ახლა ვიდეო ვერსიას...   May 11 2013, 04:36 PM
A.V.M   გილოცავთ ქრისტეშო...   Jan 7 2014, 04:45 PM
marine   როგორ იწერება პატრ...   Feb 13 2014, 12:36 PM
A.V.M   09:49 / 20-04-2014 პატრიარქის ...   Apr 20 2014, 02:03 PM
A.V.M   სრულიად საქართველ...   Jan 7 2015, 11:30 PM
marine   "თუ გვსურს ძლიერი...   Nov 3 2021, 09:48 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 11:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი