თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ლადო ასათიანი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 28 2008, 02:39 PM

გავიხსენოთ ლადო ასათიანი, ჩემი უსაყვარლესი პოეტი... wub.gif


ლადო ასათიანი
1917-1943
IPB-ს სურათი

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“
ლიტერა, 2004




(როგორ არ მინდა, ძლიერო სენო...)
ლადო ასათიანი

როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.

1941

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 28 2008, 03:01 PM

k@the


შენ გაიხარე ქეთო,მაგრად გამიხარდა ეს თემა smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 28 2008, 03:06 PM

მწერალთა სახლის ბაღში ერთი მწერალი იჯდა - რაფიელის “სამშობლო ხევსურისა” ადგილობრივი, კუთხური პატრიოტიზმიაო, შოვინიზმის სუნი უდისო. სულ სულელი ვუძახე: უნდა მეცემნა, ძლივს გამასწრო...

------------------
ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი,
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.

როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები,
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია როგორც ჩონგური.

საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჯური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.

ტკბილია, როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება,
ტკბილია, როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.

ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, -
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 28 2008, 03:09 PM

ცხრა ძმა ხერხეულიძე
ლადო ასათიანი

ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!

მაინც ეს ერთი თეთრონი რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!

ეს მშობლიური ქარია ჩვენი ალგეთის ველების
თუ სუნთქვა ქარბუქიანი ფაფარაყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,

ფოლადის ბეგთარიანებს ბნელში ამაოდ დაეძებთ:
ისინი მამულისათვის მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი... კურთხეულ იყოს მარაბდა!

ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? —
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!

1942


ამ ლექსზე სისხლი მეყინება. ისეთი შეგრძნება მაქ, იქ რომ ვიყო მთებს გადავდგავდი... smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 28 2008, 03:10 PM

ნუ მათქმევინებ

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანც უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი,
გეტყვი – აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
ნუ მათქმევინებ, - ამ გაზაფხულზე:
ნეტავი მიწა მეყაროს გულზე,
ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი),
ვიმღერებ მუდამ მე შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.
დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე, წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.


user.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 28 2008, 03:21 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 28 2008, 03:10 PM) *

ნუ მათქმევინებ

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი...



უმაგრესი ლექსია,რა ცუდია დრო არ მაქვს ავკრიფო მეც და დავდო რამე..გაიხარეთ,მაგრად მესიამოვნა ეს თემა

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 28 2008, 03:55 PM

ჩემი უსაყვარლესი პოეტია, ერთერთი ყველაზე ძვირფასი ჩემთვისsmile.gif

* * *
- ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.

- ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზე და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.

- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, -
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2008, 04:02 PM

ძალუმად ქართული სიტყვის პატრონი იყო ლადო. ვეთაყვანები მის პოეზიას wub.gif


ჩემი საყვარელი ლექსი:

გულბაათ ჭავჭავაძე

ლადო ასათიანი

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,

აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.

სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა

და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.


დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,

დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა:

ჩანდნენ ორ მწკრივად ჟღალ ჩოხებში ძველი მსმელები,

ღვინო სწყუროდათ, ღვინის ეშხით ვერ ისვენებდნენ.


მან ჯერ ულვაში გადიგრიხა ყურებზე, უკან,

მერე პირველმა წესისამებრ გატეხა ლუკმა,

თასი ასწია, მიულოცა ლხინი თავადთა

და აზარფეშამ ფრინველივით გაინავარდა.


*


სვეს უმოწყალოდ ღვინოები ცეცხლისმფრქვევლები,

მერიქიფეებს აღარ შერჩათ ხელში ქვევრები.

მოფარდაგულზე გაიშხვართნენ მსმელი კაცები,

ლეკურებივით მოიქნიეს სველი ყანწები.


და როცა სუფრას აღარ შერჩა ერთი კაციცა,

როცა ლავაშით დახურული სეფაც დაიქცა,

როცა დაიმსხვრა სასმურები და დაილია, —

მაშინ გულბაათ ჭავჭავაძე გადაირია,

გადაირია, როგორც ერთ დროს შედან ჭილაძე,

და იერიში მიიტანა წვრილ ჭინჭილაზე:


— კაცი ვშობილვარ, ეს ცხოვრება დამილევია

და გაბმულ სმაში ჭინჭილით არ დამილევია.

— ბატონიშვილო, ეს ჭინჭილა გადაგრჩათ მარტო,

ღვინით შეუვსეთ და მოართვით ჭინჭილა ბატონს.


შეტორტმანებულს ნახევარიც არ დაეცალა,

წყენით წამოცდა: “ეს ოხერი რომ არ გათავდა!”

სანთელს გახედა, მოეჩვენა ერთი ათადა,

თვალთ დაუბნელდა, დაეკარგა მუხლებში ძალა,

წაიბორძიკა, წაიფორხილ-წაიბანცალა

და ნაცოხნარით გაბერილი, როგორც კამეჩი,

აზრდაკარგული გაიშხვართა შუაღამეში.


ჭერი შეინძრა, იატაკმა გაიჭრიჭინა,

თაიგულივით ხელში შერჩა ჭრელი ჭინჭილა.


*


გაჩაღებოდა მაღვალაკი თვალი კახურში

და სუფრის ბოლოს ხითხითებდა მთვრალი ბახუსი.

თითქოს იტყოდა: "მასპინძელო, ეს რა კაცია,

ქვევრებსა ნთქავდა და ჭინჭილამ ვით წააქცია!"


1942

ჭავჭავაძე გულბაათი - ღვინის სმით განთქმული ძველი კახელი თავადი.

ჭილაძე შედანი - სახელგანთქმული ღვინისმსმელი ძველი სამეგრელოს მთავრის - დადიანის კარზე, მოხსენიებულია იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერაში“ (1654).


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 30 2008, 04:19 PM

ლადო ასათიანის ყველა ლექსი მიყვარს smile.gif...


არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!

მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,
ცოცხალი არვინ არ მიიკარა,
მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ
და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილი და არეული
ჭიქა არაყით გაიხსნის მადას,
მერე შეკრთება, ვით მთვარეული
და ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.

ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა…
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!


1939

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Mar 30 2008, 05:19 PM

ციტატა
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს

აი ეს ჩემი საყვარელი ლექსია smile.gif


ციტატა
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო

ამ სიტყვენოთ ისეთი ადვილია გაითავისო ავტორის ტკვილის სიმძაფრე ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 30 2008, 06:10 PM

ლილიანა
მეც ძალინ მიყვარს ეგ ლექსი, რომ წარმოვიდგენ, რამხელა ტკივილს უნდა გრძნობდე ადამიანი. ოჯახი შვილი მთელი სიცოცხლე, რომელიც შეიძლება გქონოდა . . . sad.gif

ამ ლექსზეც, რომელიც თავის შვილს მიუძღვნა, სულ მეტირება...

სასაფლაო

მანანას


ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,
გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები,
მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე — სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,
ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!


1941

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Mar 30 2008, 06:40 PM

ციტატა
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო

ეს სიტვები და ეს სტრიქონი ტიციან ტაბიძის ლექსიდან " მაშ გამაჯვება "
პირადად მე ყველაზე უფრო ცოცხლად მიყვება საქართველოზე შეყვარებული ორი უდიდესი პოეტის სიყვარულზე

ნეტა, სადა აქვს ამ ზვარებს ბოლო,

ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი.

სჯობს აღარ გქონდეს სულაც სამშობლო,

ანდა არ იყოს ასე ლამაზი"

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 30 2008, 08:49 PM

smile.gif გაიხარე ქეთევან,კარგი თემაა. ძალიან მიყვარს ლადოს ლექსი "კრწანისის ყაყაჩოები", და ამის რუსული ვარიანტიც :

კრწანისის ყაყაჩოები

(სამასი არაგველის სხოვნას)

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

1940


-------------------------------



Л. АСАТИАНИ



КРЦАНИССКИЕ МАКИ



Памяти трёхсот арагвинцев





Эй, вы, арагвинцы, ненасытные в войнах,

К вашим могилам пришёл я, чтоб склонить свою голову.

Может на чёрных черкессках ран ваших вспыхнул наряд?!

Кровь это или и вправду маки так ярко горят?!

Что же вас так ободрило, воины в чёрной одежде,

Или вдруг сабля запела Малого Каха как прежде?!

Щит зазвучал у Джурхая и всколыхнулась надежда.

А может бы мне показалось, и всё это выдумал зря?

Но что это старый Крцаниси такою зарёю объят,

И если не маки пылают, и если не раны горят,

Так что за ткая сила творит колдовской свой обряд?!

Эй, вы, арагвинцы, ненасытные в войнах,

Мне захотелось прийти к вам и склонить свою голову.





Перевод с грузинского

Н. Барнабишвили


პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Mar 30 2008, 08:56 PM

xornabujeli
ვგიჟდები ამ ლექსზე, ლადოს შემოქმედებიდან ყველაზე მეტად "კრწანისის ყაყაჩოები" მიყვარს და ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ ეს ყვავილიც ძალიან ძალიან მიყვარს.( ნუ ჩემს სახლში ვინც შემოვა ამას პირველ რიგში შეამჩნევს) rolleyes.gif

უძლერესი ლექსია


კრწანისის ყაყაჩოები

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.


http://imageshack.us

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 31 2008, 09:37 PM

ციტატა(marine @ Mar 28 2008, 03:02 PM) *

ძალუმად ქართული სიტყვის პატრონი იყო ლადო. ვეთაყვანები მის პოეზიას wub.gif
ჩემი საყვარელი ლექსი:

გულბაათ ჭავჭავაძე

ლადო ასათიანი

უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,

აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.

სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა

და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად...


ეგ ჩემი საყვარელი ლექსიცაა, მარი rolleyes.gif



კიდევ ლადოს ეს ლექსები მიყვარს განსაკუთრებულად:


ვიდრე სიკვდილი გამახვევდეს ბნელს მოსასხამში,

ვიდრე სიკვდილის ჭვალი გულზე დამესობოდეს,

უკანასკნელად დამაწვინეთ ჩემს ოდა სახლში,

უკანასკნელად, ვიდრე თვალნი დამევსებოდნენ.


უკანასკნელად პაპიჩემის გაჯორკილ ტახტზე,

დამიგეთ მაგრად, დამახურეთ შავი ნაბადი,

უკანასკნელად უდრტვინველად მამყოფეთ ასე,

ვიდრე სიკვდილი შფოთიან სულს გამინაბავდეს.

cray.gif




ფიროსმანის მეგობრებთან


ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,

ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!

თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი

დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი

(საქართველოს ცას აქ ეტრფოდა მისი ოცნება),

ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,

მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,

ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,

“ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები,

და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი: „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,

ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი,

მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო

და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!“

— ”თვითრჯული“ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,

სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა,

ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,

არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

— შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,

რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,

უყვარდა მტკვარი, მტკვარზე — ტივი, ტივზე — ტიკები,

გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

— როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში,

ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო,

გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:

სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…

— არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი

ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,

ეჰ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,

უფასოდ გაქრა, უფასოდ და ახლა დაფასდა!

— ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!

(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)

თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,

არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ჰყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,

ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ…

დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი —

ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,

ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,

მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას

და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!


პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 31 2008, 09:40 PM

ძალიან მიყვარს ამ ადამიანის შემოქმედება!!!!!! უძლიერესიაა!!!!!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 31 2008, 10:07 PM

IPB-ს სურათი
(ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად ...)


ამ ხეივანში ის ძალზე ხშირად
დასეირნობდა ჩვენს სასახელოდ,
ხელში ცისფერი წიგნი ეჭირა
და აწეული ჰქონდა საყელო.

ერთი შეხედვით უზომოდ მკაცრი,
ახლოს არავის არ იკარებდა
და იდგა, როგორც სხვა დროის კაცი,
ფოთლებდაცვენილ ბაღის კარებთან.

ნეტავ იმ ასულს, ასულს საროტანს,
ვისაც ის თავის გულს გაუღებდა…
არვინ იცოდა რა უხაროდა
ან ასე ძლიერ რა აწუხებდა.

ბინდი რამ დაჰყვა სიჭაბუკიდან
მისი თვალების გაცისკროვნებას…
უმზერდა ხალხი და ხალხს უკვირდა
ამ სულ უბრალო კაცის ცხოვრება…

ერთ დღეს ის გაქრა და გულის შიგნით
ჩაგვიდგა რაღაც ნაღველის მსგავსი…
ნეტავ, ჭაბუკი ცისფერი წიგნით
კვლავ თუ გაივლის ამ ხეივანში?!

1942 წ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 31 2008, 10:21 PM

ერთ პატარა ამბავს მოვყვები ჩემი ცხოვრებიდან smile.gif
მახსოვს, ლადო ასათიანის ლექსების კრებული მქონდა (ახლაც მაქვს) ყავისფერყდიანი. ამ წიგნით ვისწავლე კითხვა 4 წლის ასაკში. სულ თან დავატარებდი: ლოგინთანაც ეს წიგნი მედო, ავდგებოდი და სადაც წავიდოდი, თან წავიღებდი. ერთხელაც მშობლებს განვუცხადე ლადო ასათიანის ლექსი უნდა გითხრათ-თქო და დავიწყე "სალაღობო" smile.gif ჯერ გაოცებულები მიყურებდნენ, მერე მკითხეს ვინ გასწავლაო. ვუპასუხე - ჩემით ვისწავლე, წავიკითხე და ისე-თქო. რა თქმა უნდა, არ დამიჯერეს, რა წაიკითხე, რას გვატყუებო (არ იცოდნენ, თუ კითხვა ვიცოდი smile.gif). მეც მივუტანე წიგნი, გადავშალე "სალაღობო"-ზე და აი, აქ წავიკითხე-მეთქი. მამაჩემმა მითხრა, აბა ერთი კიდევ წაიკითხეო, ოღონდ სხვა ლექსიო და სხვა ადგილას გადამიშალა წიგნი. მეც წავიკითხე smile.gif მშობლების რეაქცია მე არ მახსოვს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი ყოფილა biggrin.gif
ასე მასწავლა, და არა მარტო მასწავლა, შემაყვარა კითხვა ლადო ასათიანის ლექსებმა.
ქეთიმ რომ პირველ პოსტში ლექსი დაწერა, ეგ ლექსი ხმამაღლა მაქვს ნათქვამი 5-6 წლისას ლადო ასათიანის საფლავზე დიდუბის პანთეონში. მამაჩემმა სპეციალურად წამიყვანა მის საფლავზე, რადგან ასე ძალიან მიყვარდა და მითხრა, აბა ახლა რამე ლექსი თქვიო. მეც პირდაპირ ეს ლექსი დამიწყია: "როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგხსენო..."
ძალიან მიყვარს ლადო smile.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 2 2008, 12:49 PM

მარიამი
მე კი ბავშვობაში სულაც არ მიყვარდა ლექსები whistling.gif

ისე, პირველი ლექსების კრებული, რომელიც წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ლადოსი იყო smile.gif



იმ სილამაზეს წარსულს

მ. მ-ს


ჩემი ბავშვობის სახლთან

ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს

და შენ მაგონებ ახლა

იმ სილამაზეს წარსულს.


სხვა რამ, შაირის გარდა,

როგორ გაკადრო, აბა?

რარიგ გიხდება და გრთავს

ეს შინდისფერი კაბა!


ხედავ? ზამთარი ქრება,

ყვავილებს გაშლის ნუში;

ყველგან ხალისი… სევდა

მხოლოდ პოეტის გულში.


წუხილს წაიღებს ქნარი

და სტრიქონებად დაქსოვს.

— საღამო იყო წყნარი,

თქვენთან ვიყავი, მახსოვს…

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 3 2008, 05:15 PM

მარიამი
აქაც გილოვავ a025.gif და აი, ლადოს ამ ლექსს მოგიძღვნი... yvavilebi.gif
ძალიან მიყვარს wub.gif rolleyes.gif


სალაღობო

ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.

“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”


დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!

დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!

დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!

დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!

ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!

დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!

დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!

”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.


ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!



1940


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 3 2008, 06:09 PM

ჩემი უსაყვარლესი პოეტია. გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 10 2008, 01:50 PM

ლადოს ჩანაწერებიდან:

”ერთი არჩეული პოეტი არა მყავს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე “ოდისეამ’’ მოახდინა. რუსთაველზე არაფერს ვამბობ. მისი ლექსი ისე უნდა იკითხო ყოველ დილა-საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას, და სძლისპირებით უნდა იღიღინონ ჯადოსნური სტრიქონები.

ყოველი ქართველი პოეტი ისე უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც, დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად!”


”არ მეხარბება პინდარასოსის ბედი, ოდებს ტირანების და ცნობილ დიდკაცთა დაკვეთითა და გარიგებული ფასით რომ წერდა. საზიზღარია დაქირავებული პოეტი.”


“ბედი ქართლისა”, “აჩრდილი” და კიდევ სხვა რომელი? “თორნიკე ერისთავი!” ეს სამი პოემა ეყოფა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს.”

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 10 2008, 02:13 PM

რა საზოგადოებაა smile.gif

IPB-ს სურათი

პირველ რიგში: ლადო ასათიანი და მირზა გელოვანი; მეორე რიგში: დიმიტრი ბენაშვილი, ნიკა აგიაშვილი, გიორგი კალანდაძე, ერემია ქარელიშვილი, გრიგოლ აბაშიძე;
მესამე რიგში: გივი კაწახიძე, რევაზ მარგიანი, ალეკო შენგელია, ალექსანდრე საჯაია, ლევან კიკნაძე, ლადო ავალიანი, ვასო ლორთქიფანიძე, გაბრიელ ჯაბუშანური,

თბილისი, 1939 წ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 25 2008, 03:54 PM

მართალია, არ მიყვარს ხოლმე, რომ დააკოპირებენ ლექსებს და არაფერს მიუწერენ ქვეშ, ვიცი რომ ამის გაკეთება ყველას შეუძლია smile.gif. მაგრამ, ეს ლექსი ძალიან მიყვარს, მიმაჩნია ლადოს პატრიოტული სულისკვეთების ლექსებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ. მინდა თქვენც წაიკითხოთ და იგრძნოთ... wub.gif

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები. cool.gif

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.

სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.


სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:

ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.

მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.

მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.


1939




tiko282
კარგი სურათია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 9 2008, 03:39 PM

გაიხარე ქეთ 2kiss.gif ვგიჟდები ლადო ასათიანზე wub.gif მისი თითქმის ყველა ლექსი მიყვარს rolleyes.gif

ძალიან სულში ჩამწვდომია მისი შემოქმედება rolleyes.gif



ეს როგორ გამოგრჩათ? smile.gif


საქართველოში


საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე:
ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩემი ბავშვობა და სილამაზე,

თავს არ მოიკლავს ქართველი,არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით:სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ,წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს!
ჩვენ,შეიძლება,ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მასინ ვტოვებთ სიცოცხლეს!

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზმეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 12 2008, 03:05 PM

მეამაყება,რომ ლადო ასათიანის მხარიდან ვარ!!! smile.gif მის სახლ-მუზეუმშიც ვარ ნამყოფი!!!ბარდნალაშია...გაიხარეთ,რომ ეს თემა გახსენით!!! smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 21 2008, 12:33 AM

ლადო ასათიანის "მანანა ორბელიანის სურათზე"

ვერიკო ანჯაფარიძის მიერ გენიალურად წაკითხული

http://www.youtube.com/watch?v=S7LyEzXz8as

მანანა ორბელიანის სურათზე

შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავ სამარეში გძინავს,
ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა.
შენი სახელი დავარქვი, მინდა შენ გგავდეს მარტო,
ერისთვის ქალო, ფიქალო, მკერდბუმბერაზო ვარდო!
მინდა, რომ შენებრ ელავდეს და იყოს შენისთანა,
სამშობლოსათვის ღელავდეს, სანამ ჰხედავდეს მანამ,
მინდა, რომ შენებრ კერავდეს ის საქართველოს ალამს.
პირმოქარგული ბალიშით, ძვლის ყაისნაღით ხელში…
შენი მარილი გამოჰყვეს, შენი წარბების ეშხი
შენსავით გაიშრიალოს, ხმელეთი გადალახოს,
ქალობა დაიმკვეხაროს, ცა და ქვეყანამ ნახოს.
მე კი, თუნდ მიწა მეყაროს სადმე, თბილისის ახლოს…
შენ, შაოსანო, შავთვალავ, შავი სამარე გფარავს,
ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს, ხან არ,
ია და ვარდი ეტრფიან, ეტყვიან იავნანას.

1941

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jul 21 2008, 02:04 AM

წვიმაში

დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,
რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი
ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში
მე — ამ დროების მეათასედი.
ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,
სამაგალითოდ შენაქუჩების.
მე მოვიარე საავდრო ნისლში
დედაქალაქის ყველა ქუჩები.
და მერე, როცა ჩვეული რიგით
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,
დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ
და წამოვიდა წვიმა შურდულით.
გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში
ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი,
მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ
და მარტო გამზირს ადგა ნათელი.
მაგრამ უეცრად იქუხა ისევ
მეტ გახელებით და გამძაფრებით.
და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ
გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.
ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი.
ბოლოს საფარი რომ არ მენახა,
შესაბრალისად დავსველდებოდი.
ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს
არსად რომ თავი არ დამეხარა:
გადამეფარა ქაშვეთის თაღი,
გადამეფარა და დამეხმარა.
წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი,
ცას გაუშავა ნაზი ღაწვები,
და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი,
როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.
ორბელიანის საფლავთან მდგარმა
ქალაქს გავძახე ლექსი ქართული,
და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა
მოინახულა ჩემი სართული, —
იმ წამს წარსული დიდების ძალით
შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე,
მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,
და ნარიყალას კედელთან დავდექ.
აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალს
მარადისობით გადანისლული,
აქ, ნარიყალას ხავსიან კართან,
დაეცა ჩემი ამაყი სული,
ვხედავდი: თრთოდენ ქარწვიმის ხმაში
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი…
მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ,
მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Sep 5 2008, 10:58 PM

* * *

გულსა შენსა და გონებას შენსა
უამურ ფიქრთა ხავსი ედება...
არც ჭირი შენი სადმე გეგულვის,
არცა მოყვასი გეიმედება...
ამ უცხო ცის ქვეშ...
ღირსებას შენსას...
ყოველ გარეწრის შხამ-გესლი წონის!
ყალბია სული,
ცრემლიც ყალბია,
მიდიხარ... მადლს და
ყვედრებას შორის!

1980

ეს ლექსი მიყვარს ძალიან . . .

შეყვარებულნი ოდეს ქარები...

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...

1954

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 5 2008, 11:11 PM

რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი თუ მამულს თავი არ ანაცვალე,
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.

პოსტის ავტორი: NICA თარიღი: Sep 8 2008, 02:25 PM

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოეტი smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Sep 13 2008, 10:32 PM

http://www.youtube.com/watch?v=sAhd4yvzrLU&feature=related

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Sep 13 2008, 10:49 PM

ლადო ასათიანი საამაყოა ყველა ქართველისათვის... მისი ყველა ლექსი უძლიერესია, ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება sad.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 13 2008, 11:38 PM

თითქმის მისი ყველა ლექსის აუდიო ჩანაწერი მაქვს და ხვალ ავტვირთავ, ახლა კი დოკუმენტურ ფილმს დავდებ... (იტვირთება ჯერ smile.gif)

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Sep 13 2008, 11:47 PM

ციტატა(Amuza @ Sep 13 2008, 10:32 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=sAhd4yvzrLU&feature=related

კაგი ჩანაწერია მარა ის ვიდეო არ უხდება.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Sep 14 2008, 12:55 AM

კაი ლექსებია ძაან smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 14 2008, 07:36 PM

http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html


გადმოწერეთ__ აქ თითქმის ყველაფერია ლადო ასათიანზე

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: May 25 2009, 09:31 PM

წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი ხარისხისთვის. .
ეს ფოტო გადაგებულია ლადო ასათიანის სახლში. უკან ლადოს პორტრეტი, და ანა კალანდაძე მურმარ ლებანიძესთან ერთად.
ამ ფოტოს გადავუგე ანა კალანდაძის სახლში .

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 3 2009, 12:50 PM

tamuna_18
მადლობა თამუნა ამ სურათისათვის. რამეს ხომ არ მოგვიყვებოდი კიდევ?
როგორ მოხვდი მანდ? smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 9 2009, 10:34 AM

ციტატა(mari touchet @ Mar 28 2008, 04:10 PM) *

ნუ მათქმევინებ

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე – სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.


ძალიამ მიყვარს ეს ლექსიsmile.gif მგონი პირველ სიყვარულს მახსენებს და იმიტომsmile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 9 2009, 01:11 PM

გავისეირნებდი მართლაც რუსთაველზე . . . wub.gif

http://www.radikal.ru


(რუსთველის პროსპექტზე სიარული ...)

რუსთველის პროსპექტზე სიარული
ნუ მომიშალოს ღმერთმა,
ვიყო მუდამ ასე მხიარული,
ქართველი პოეტი მერქვას.

პურის ნატეხი და ერთი ლიტრა ღვინო
სიმდიდრედ ჩამითვალეთ,
თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო, —
ვერ ვნახო სამოთხის მთვარე…

მხოლოდ დროდადრო დამარეტიანოს
ქაშვეთის შემოხედვამ —
რუსთველის პროსპექტზე ხეტიალი
ნუ მომიშალოს ღმერთმა!


პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 9 2009, 05:20 PM

მეც ძალიან მიყვარს ლადო ასათიანის შემოქმედება.

k@the

რა დიდი სიამოვნებით გამოგყვებოდი იცი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 9 2009, 05:54 PM

iako
როგორ მჯერა იაკო user.gif როდის მოვა დრო... 2kiss.gif


IPB-ს სურათი

გზაში

სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.

ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.

ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.

სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!

პოსტის ავტორი: tamuna_18 თარიღი: Jun 15 2009, 01:19 PM

ციტატა(tamuna_18 @ May 25 2009, 09:31 PM) *

წინასწარ ბოდიშს გიხდით ცუდი ხარისხისთვის. .
ეს ფოტო გადაგებულია ლადო ასათიანის სახლში. უკან ლადოს პორტრეტი, და ანა კალანდაძე მურმარ ლებანიძესთან ერთად.
ამ ფოტოს გადავუგე ანა კალანდაძის სახლში .

http://www.radikal.ru

ანა კალანდაძის ოჯახის წევრებთან მივედი. ინტერვიუ მჩირდებოდა და იმ სახლში იმდენი საინტერესო რამ ვნახე.
ეს ფოტოც განსაკუთრებულია !

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Aug 15 2009, 02:13 PM

ეხლა შევამჩნიე ეს თემა...


ყველა პოეტს აქვს კარგი და ცუდი ლექსი...ამ ადამიანის შემოქმედებაში ცუდი არ შემხვედრიაა wub.gif wub.gif


ეს ლექსი უზომოდ მიყვარსს wub.gif wub.gif wub.gif



ილიასადმი


საგურამოში ხე არის ერთი,

ხე — რხეული და რტოებხნიერი,

აქ ისვენებდა მუზების ღმერთი

და შუბლმაღალი ოლიმპიელი.


მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და

პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,

აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან,

მხრებგანიერი, ვით საუკუნე.


როგორც ქართველი პოეტის შუბლი,

იმზირებოდა რტოებში მთვარე,

ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის

და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.


შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,

ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:

— ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის? —

მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.


უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,

ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,

აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,

დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი …


აქ უწერია ოქროსხელიანს

თავის მამულის სასახელოდა.

კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,

რასაც პოეტის ყელი მღეროდა.


მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი,

უკან დატოვა შავი ღრუბლები,

მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი

და კაკლის რტოებს ვესაუბრები.


მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად,

მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით,

თუ რაოდენჯერ აცრემლებულა

სამშობლოს ბედით გულდათუთქული.


მეტყვიან ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის,

როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი,

როგორ გააპეს ბერდანის ტყვიით

ოლიმპიელის მაღალი შუბლი.


მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვით

რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას,

რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული,

დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.


დილისკენ თეთრი ნისლი იშლება,

სამოგზაუროდ მიდის მთაბარად

და იფანტება ველზე გიშრებად

ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად.

მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა

და პოეზიის ცეცხლში გამბანა …


ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური,

ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა,

ვინ იფიქრებდა, რომ წიწამური

შეიქნებოდა მისი გოლგოთა!


შრიალებს რტო და მიწიდან მესმის

მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა,

ასწიე თასი და უცებ შესვი,

თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს.


მისი სიმღერა თერგივით რბოდა,

და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი:

წარსულმა დადგა მისი გოლგოთა,

აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 27 2010, 10:49 PM

პატარაობაში ვაფრენდი ამ ლექსზე wub.gif


ბარდნალა


რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი,

ჩემი ხორგო და მარანი,

ჩემი ცეცხლი და ღადარი,

სახლის წინ ნაგრიგალარი,

გაფითრებული ჭადარი,

ჩემი კავი და სახნისი,

ჩემი თონე და ბეღელი

და დედა, დიასახლისი,

ჯანღონე გაუტეხელი,

ჩემი პაწია ქოთანი,

დუღილით ნაქოთქოთარი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

ვარდებიანი ბარდნარი

და გუმარეშის ყანები!

თოხი პირგამოპირული,

გაციებული ბინული...

გახსოვს, ტყეები? ირიბად

ხეზე დაკრული თარჯები…

ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,

შეყვარებული დარჩები …

გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,

თევზაობა და აპრილი?

გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,

და ძლივს რომ მივაბიჯებდით,

სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით

მისგან დამთვრალი ბიჭები?

გახსოვს, ღვინიან შემოდეგს

აივანზე რომ შემოვდექ?

გახსოვს, აფთარი ზამთარი,

ან გაზაფხული - პირიქით?

გახსოვს, ამტყდარი ავდარი

და სარეწკელას ბილიკი?

გახსოვს, სოფელი ლარჩვალი

და მეწისქვილე დამხრჩვალი?

გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი

და ვარდიგორას ხანძარი

და დიდი გუჯუ ბატონი

თავისი ქამარ-ხანჯალით?

ხან ისე იყო, ხან ასე,

გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?

ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!

რა კარგი იყო ბარდნალა,

როგორი სათაყვანები!

შენ, მამაჩემო, რად დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, დედილო,

რომ ლექსი გამაბედვინო?!

რად არ ჭიხვინებს ვეება

ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?

ჰეი, ბავშვობის დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!

რა კარგი იყო ბარდნალა,

ბარდნალელების ბორანი,

ვარდებიანი ბარდნარი,

ბულბულთა ნაამბორალი!


პოსტის ავტორი: კესო თარიღი: Dec 3 2010, 11:15 AM

ციტატა(q-e-T-i @ Sep 14 2008, 08:36 PM) *

http://files.ge/file/18812/lado-asatiani-rar.html
გადმოწერეთ__ აქ თითქმის ყველაფერია ლადო ასათიანზე


მიყვარს ლადო wub.gif

ლინკს გააახლებთ? unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 02:18 PM

შენ მოკვდი მზეჭაბუკივით

ლადო ასათიანს

თბილისი ლურჯი ცრემლით აივსო,
სტვენდა ტოროლა მაინც იმ დილით,
მაგრამ გული რომ ვეღარ მაისობს,
ასჯერ მოკვდები ერთი სიკვდილით.
იქ დააკვნესეს ეს გუდასტვირი
და ლეჩხუმიდან გწერდნენ ბარათებს,
ზოგჯერ ’’ბოროტ სენს’’ კი არ დასტირი,
ქრები და მერე ლექსად ანათებ.
სიკვდილის ჯიბრზე ისევ ელავდნენ,
ფართო თვალები, როგორც ორი მზე,
ხველებისაგან წამსკდარი სისხლი,
ყაყაჩოებად გცვივა ლოგინზე.
ანგელოზებმა თან გაიყოლეს,
უფლის მტრედივით სურვილი წმინდა,
’’ხომ ლამაზია ეს საქართველო’’,
მაგრამ შენ უფრო ლამაზი გინდა.
ფეხის ხმის ექო ქუჩას შემორჩა,
დილით ცა გიგლოვს, ღამე ბუ კივის,
გხატავ მზეჭაბუკს, რაშზე შემომჯდარს,
შენ მოკვდი, ზუსტად მზეჭაბუკივით.

ქეთევან შენგელია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)