თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ "იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2016, 08:48 PM

"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.

იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს.

იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას".



"ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად".



/სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/




ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2016, 02:12 PM

"სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასათვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Jan 31 2016, 12:39 PM

იესო ქრისტეს იგავების გარეშე , გაცხადებულად რომ ელაპარაკა , უბრალო ხალხი ვერაფერს გაიგებდა .

რჯულის მცოდნენი კი გიჟად ჩათვლიდნენ .
ამიტომ ქრისტემ შუალედური მდგომარეობა ანუ იგავის სახით ლაპარაკი აირჩია რომ , ორივე კატეგორიის ხალხის გულს შეხებოდა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 12:44 PM

"...ის ებრაელი, რომელიც სცემეს, ჩვენ ვართ - ცოდვილი ადამიანები, ხოლო მოწყალე სამარიტელი კი თავად უფალი იესო ქრისტე..."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 12:57 PM

"იგავიდან ბუნებრივად ამოიზრდება შეკითხვები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 02:14 PM

"და ახლაც, განა არა სჯობს, ქრისტიანმა აღმზრდელმა უმანკო ბავშვის გონება სახარებით გამოკვებოს, ვიდრე ეზოპეს იგავ-არაკებით და ათასი სხვა სისულელით დაუნაგვიანოს?"

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 09:42 PM

"ყოველი ჩვენგანი, რომელიც ფარისევლისაკენ ხელს გაიშვერს, ის ხელი თავისი თავისკენ უნდა მოაბრუნოს, რადგანაც თითოეული ჩვენგანი ფარისეველია, პირად ცხოვრებაში კი - ცოდვილი მეზვერე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 07:11 PM

"აღმოსავლეთში იმ დროს მიღებული იყო იგავებით საუბარი, თანაც, ვინც იგავის არსს ჩაწვდებოდა, ის თავისთავად მიმღები იყო ამ სიბრძნისა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:06 PM

"მოწყალე სამარიტელი თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტეა, გზაზე დაგდებული დაჭრილი კაცი - მთელი კაცობრიობაა, რომელიც, ვიდრე მაცხოვარი მოვიდოდა, ავაზაკებმა, ანუ ეშმაკებმა და მათმა შხამიანმა ნაყოფებმა - ცოდვამ, ვნებამ, სულიერმა ხრწნილებამ და სიკვდილმა - სტანჯეს. მისი მკურნალობა თავს არავინ იდვა, არც მღვდელმა და არც ლევიტელმა და აი, მოვიდა ქვეყნად მოწყალე სამარიტელი - უფალი იესო. მიეახლა ცოცხალ-მკვდარს, წყლულები შეუხვია, სცხო ზეთი სიტყვისა და ნუგეშინისცემისა და დაასხა ღვინო ქადაგებისა და თავისი მადლისა. თუმცა, მისი მოწალების ღირსი არ ვიყავით, უფალი მაინც მოვიდა ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი მტერნი და მოძულენი ვიყავით, მაინც გამოგვიხსნა, იცოდა რა, რომ ეს გზა გოლგოთამდე მიიყვანდა".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2016, 03:55 PM

ფსალმუნი 48-ე

4. "მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი".

- დავითი კვლავ უფლის პირით წარმოთქვამს: იგავებით ვილაპარაკო, ჩემი სათქმელი იგავებით ვთქვაო. მართლაც, როდესაც უფალი მოვიდა, ხშირად იგავურად ლაპარაკობდა. მისი სწავლება იყო იგავური, რათა ადამიანებს მეტად მიეღოთ და მეტი გულისყურით მოესმინათ ღვთის სწავლება, რადგან იგავურად, სიბრძნით ნათქვამი მათთვის უკეთესი მოსასმენი იყო. როდესაც ადამიანი კარგად მოუსმენდა, უფრო მეტს იღებდა. ასევე, როდესაც უფალი იგავურად საუბრობდა, ის, ვინც მიმღები იყო, იგავშიც იღებდა, ხოლო ვინც საერთოდ არ იყო მიმღები ქრისტეს სწავლებისა, მათთვის ჯობდა იგავი თქმულიყო, რათა, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, უფრო მეტად არ დაბრკოლებულიყვნენ და არ ჩავარდნილიყვნენ ღვთის გმობაში.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 02:05 PM

"ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ არა მარცუალი იფქლისაი დავარდეს ქეყანასა და არა მოკუდეს, იგი მარტო ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს" - შემდეგ უფალი იგავს ეუბნება მოციქულებს: თუ იფქლის მარცვალი არ მოკვდება და არ გამრავლდება, თუკი მიწაზე არ დაითესება და შემდეგ არ ამოვა, თავისით არ გამრავლდებაო. ამ იგავური თქმით მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება, რომ ძე კაცისა უნდა მოკვდეს - ჯვარს ეცვას და შემდეგ მკვდრეთით აღდგეს. სწორედ სიკვდილს მოჰყვება აღდგომა, ხოლო აღდგომა გამოიწვევს უამრავი ადამიანის ქრისტეს მიმდევრად ქცევასო".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 08:50 PM

იგავი "მოწყალე სამარიტელი"

"...გზაზე მოყვასის ხარი, სახედარი, ძროხა ან მათ ქვეშ მოყოლილი ტვირთი კი არ ეგდო, არამედ თვითონ მოყვასი იყო დავარდნილი (შდრ. ლუკა 13,15-17). მაგრამ ორივემ თავი აარიდა, "იხილა იგი და თანა-წარჰხდა". თავის გასამართლებლად მათ ათასნარი მიზეზი შეეძლოთ გამოეძებნათ: საქმე მქონდაო, იმას მაინც არაფერი ეშველებაო და სხვა მისთანები. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნიერებაზე ვერ მოიძებნება მიზეზი, რომელიც ამ მღვდლისა და ლევიტელის უსულგულობას გაამართლებდა..."

/ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2017, 08:33 PM

"ერთია მნის სიცრუე, როგორც დასაძრახისი საქციელია და მეორეა სიცრუის საგანგებო საღვთისმეტყველო შინაარსი, რომელიც მნის გონიერებასა და წინდახედულებაზე მეტყველებს. "სიცრუის მნის" იგავში ამგვარმა ორაზროვნებამ - სიცრუის მნის თვალთმაქცობამ და ამ თვალთმაქცობის შექებამ - არ უნდა გაგვაკვირვოს. გავიხსენოთ, რამდენჯერ აღვფრთოვანებულვართ მოხერხებული კაცის გონივრულობით მაშინაც კი, როცა ეს მოხერხება მან უკეთურ საქმეში გამოიჩინა".

/მარიამ ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 11:13 AM

"უფალი ღვთის სიტყვას თესავს ადამიანებში, რასაც სხვადასხვანაირ გულს ახვედრებენ ისინი".

/მიტროპოლიტი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:25 PM

"როგორც აღვნიშნეთ, იგავის [ვენახის მუშაკებზე] თანახმად, სახლის პატრონი სხვადასხვა ჟამს (საათს) ქირაობს მუშაკებს ვენახში სამუშაოდ. საინტერესოა, ვის გულისხმობს უფალი სხვადასხვა ჟამს დაქირავებულ მუშაკებში. ნეტარი იერონიმესა და წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, განთიადისას დადგენილი ის მუშაკია, ვინც ბავშვობიდანვე ეწევა საღვთო ღვაწლს ჭეშმარიტი სრულყოფისათვის. მე-3 ჟამისას დაქირავებული ყმაწვილობიდან მოკიდებული სრულყოფს თავის სულს. მე-6 და მე-9 ჟამისანი ხნოვანობაში, სიჭარმაგეში მიჰყოფენ ხელს ღვთისათვის ამ სათნო საქმეს, ხოლო მე-11 ჟამის მუშაკი მხოლოდ სიბერეში, სიცოცხლის ბოლოჟამს მიმართავს საღმრთო ღვაწლს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 06:43 PM

"უფალი არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ ღვთის გზას ჩამოშორებულ ადამიანებს, არამედ ყოველჟამიერად უხმობს საღმრთო ვენახში ანუ ეკლესიაში სამუშაოდ - ღვთის სიტყვის მოსასმენად და აღსასრულებლად, სანაცვლოდ კი საზღაურს ჰპირდება, რასაც იგავში ფულის ერთეული - დინარი (დრაჰკანი) გამოხატავს: "დრაჰკანი "ვენახის მუშაკების" იგავში სულიწმინდის მადლია, რომელსაც საღმრთო ვენახის ყველა გულმოდგინე მუშაკი მიიღებს".

/ნეტარი თეოფილაქტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:36 AM

"[უძღები შვილის] იგავი წინასწარმეტყველებაც არის, წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2018, 01:43 PM

"- რატომ და რისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით და შეიძლება თუ არა, იგავიდან ამოვიცნოთ უფლის სწავლების რომელიმე დოგმა, ქრისტიანული მოძღვრების საფუძველი?

- უფლის იგავი არის მხოლოდ სამკაული, ილუსტრაცია მისი სწავლებისა. როგორც მხატვარი შეარჩევს ხოლმე საღებავებს და ტილოზე გამოხატულ უღრან ტყეს ნათელს მოჰფენს, ასევე მიმართავდა ჩვენი უფალი იგავს, რათა ღვთის სიტყვა კეთილად შეზავებული, გამშვენებული და იოლად დასამახსოვრებელი ყოფილიყო მსმენელისთვის.

უფალი მარტივი, ნათელი, გამჭვირვალესიუჟეტიანი იგავებით თავის სწავლებას ერთგვარად შუქს ჰფენდა, ილუსტრირებას უკეთებდა. ასე იქცა იგავი ქრისტეს რჯულის შესწავლის შემადგენელ ნაწილად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თხრობის იგავურ წესს უფალმა მიმართა თავისი მოძღვრებისა და სწავლების მხოლოდ ნათელსაყოფად და დასამკვიდრებლად.

იგავში გადმოცემული ამსოფლიური ეპიზოდებით უფალი ზეციურ სამკვიდრებელსა და მის კანონებს განგვიმარტავს. ყოველივე ამით სახარების იგავი ერთგვარ უფლისმიერ დასტურსა და მოწმობასაც წარმოადგენს."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:40 PM

"- საინტერესოა ისიც, თუ ვისთვის ქადაგებდა უფალი იგავებით.

- ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები თურმე ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც თხრობით ძნელად იმახსოვრებდა.

ჩვენმა უფალმა, ახალი ფორმის ძიების ნაცვლად, ნაცნობი და ყველასთვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად. იგავი მან ღვთის სიტყვით განმსჭვალა და გასაოცარი ცხოველმყოფელობა მიანიჭა. იგავს, როგორც კარგად გამომწვარ თიხის ჭურჭელს, უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა - გაასულიერა.

უფალმა იგავის ღირსების ამაღლება ინება და იგი შერაცხა იმ საუკეთესო შუამავლად, რომელსაც "ბნელსა შინა" და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი (ლუკა 1,79) ნაცნობიდან უცნობისკენ მიჰყავს, უმეცრების კარს ცოდნის ამ დიდებული გასაღებით შეაღებინებს, მათ გონებისთვალსა და გულისყურს ნათელს მიაფენს.

უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა იმითაც მჟღავნდება, რომ იგავებით ქადაგებისას იგი მსმენელს საშუალებას აძლევს, თვითონ ჩასწვდეს სათქმელს, თავად ეძიოს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, რაშიც სწორედ იგავური თხრობის უნიკალური შესაძლებლობები ეხმარება.

იგავი ხომ უაღრესად სახალისოა, თან გაცილებით იოლად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი. იგი შედარება-შეპირისპირების ნაირგვარ საშუალებას იძლევა, მონდომებულ მსმენელსა და მკითხველს ცნობისწადილს აღუძრავს და ძიებისკენ უბიძგებს.

იგავიდან ბუნებრივად ამოიზრდება შეკითხვები - ამასაც ითვალისწინებდა უფალი, რათა ქადაგებისას ღვთის სიტყვის მაძიებელი შეკითხვებით მისულიყო მასთან. ხშირად სწორედ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მიმართავს უფალი იესო იგავს. შემკითხველი ზოგჯერ თავად იესოა (იგავის თხრობისას ან იგავის დასასრულ). უფალი მსმენელს შეკითხვას იმიტომ კი არ უსვამს, რომ მან პასუხი არ იცის, არამედ იმ მიზნით, რომ თავად მსმენელი დააფიქროს, მასვე აპოვნინოს პასუხი."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:13 PM

"ცოდვიდან ცხონებამდე - არის ანი და ჰოე, საძირკველი და სახურავი ამ ღვთაებრივი შენობისა! სახარების იგავები უფლისმიერი წინასწარგანჭვრეტილობით უკავშირდებიან ერთმანეთს და ამიტომაც ერთ ღვთაებრივ სტრუქტურულ მთლიანობას შეადგენენ".

/მარიამ (დოდო) ღლონტი/


"არათუ იგავით, უფლის თითოეული სიტყვით მოგვეწოდება ღვთაებრივი საიდუმლო ამოსაცნობად, და მას ფაქიზად უნდა მიეახლო"

/გრივერ ფარულავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:43 PM

"- რა მიზანი აქვს სახარების იგავს?

- სახარებაში უფალი იესო რამდენჯერმე ამბობს: "რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 13,9) - ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოსო! უფალი ამ სიტყვებს დასკვნის სახით დაურთავს ხოლმე იგავის თხრობის ან განმარტების ბოლოს. იგავთა მთხრობელი იესო ამით მსმენელის ყურადღებას ძაბავს, რათა მან მართებულად და შეუმცდარად მიიღოს იგავური სათქმელი.

მოწაფეები თავის მოძღვარს, უფალ იესოს, ეკითხებიან: "რაისათვის იგავით ეტყვი მათ?" (მათე 13,10). უფალი თავის მოწაფეებს იმასაც აუწყებს, რომ ხალხს არ მისცემია ცათა სასუფევლის საიდუმლოს ცოდნა, მათ კი, უფლისგან გამორჩეულთ, ეს ცოდნა მიეცათ, თუმცა ის ჯერ არ იყო სრულყოფილი, სანამ სულიწმინდა არ გადმოვიდა მათზე.

სწორედ გამოუცდელი მსმენელის, ხალხის "ჩვილი ქრისტესმიერობა" მიიღო მხედველობაში გულმოწყალე უფალმა, როდესაც იგავსა და თხრობის იგავურ წესს მიანიჭა უპირატესობა ქადაგებისას. მეტი თვალსაჩინოებისთვის უფალი იესო ხალხს უქადაგებდა "განმარტებულითა სიტყვითა" - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს. ამიტომაც არის, რომ უფალი იესო ქრისტეს იგავები გამოირჩევა თავისი არაჩვეულებრივი უბრალოებით, სიცხადითა და სიწმინდით.

სახარების იგავის შინაარსი უმეტესწილად აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქმიანობიდან, ურთიერთობიდან, ყველასთვის ნაცნობი და გასაგები ვითარებიდან..."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2018, 07:18 PM

"ხალხში ხშირად იდგნენ ხოლმე ფარისევლები, მწიგნობრები, რჯულისმეცნიერნი, რომელთაც უფალი ასევე იგავებით მიმართავდა, ან იგავებითვე სცემდა პასუხს მათ შეკითხვებს. ფარისევლებისა და მისთანების ცოდვით გაუხეშებული გულის, ზნეობრივი უგრძნობლობის გამო მოიმარჯვებდა ხოლმე ჩვენი უფალი იგავებს, რათა როგორმე ჭეშმარიტებისკენ მიებრუნებინა ისინი, ან კიდევ ამ გზით ღვთის სიტყვაში უწმინდური ხელების ფათური აღეკვეთა მათთვის."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2018, 02:37 PM

"- რა განსხვავებაა სახარების იგავსა და არაკს შორის?

- ეს ორი მხატვრული ჟანრი - იგავი და არაკი - სასულიერო, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში გაემიჯნა მკვეთრად ერთმანეთს, რის შედეგადაც არაკი ეკლესიამ საერო ჟანრს მიაკუთვნა და აღიარა მხოლოდ იგავი.

ერთი დეტალია გამოსაყოფი. არაკისგან განსხვავებით, სახარების იგავისთვის დაუშვებელია ხუმრობა, რომ არაფერი ვთქვათ, დაცინვასა და გესლიანობაზე. ეს, ჩვეულებრივ, არაკისთვის არის დამახასიათებელი. მკითხველი სახარების იგავიდან ზოგჯერ წყრომისა და სიმკაცრის მსუბუქ სუსხს შეიგრძნობს, მაგრამ ეს ცოდვილის გონს მოსაყვანი ის მარჯვე იგავური საშუალებაა, რომელსაც "მართალთა მოყვარული და ცოდვილთა მწყალობელი" უფალი მიმართავს. სახარების იგავთა ტკბილად მთხრობელი არასოდეს მრისხანებს, შეუბრალებლობისა თუ დაუნდობლობის ნასახიც არ არის მის ნაამბობში.

არსებითი განსხვავება არაკსა და სახარების იგავს შორის მათივე გამიზნულობით მჟღავნდება. ისინი ცასა და დედამიწასავით დაშორებიან ერთმანეთს - არაკი ამსოფლიურობით იფარგლება, მისი მზერა ამქვეყნიური, ხილული სიბრძნისკენაა მიქცეული, სახარების იგავი კი ზეცას ჭვრეტს, ღვთიურ სიბრძნეს გვაწვდის."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2018, 05:05 PM

იგავი მეგობრის თხოვნაზე

"რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მივიდეს მასთან და სთხოვოს: მეგობარო, მასესხე სამი პური, ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე; და მან კი შიგნიდან გამოსძახოს: ნუ მაწუხებ, რადგან კარი უკვე დაკეტილია, შვილებიც ლოგინში მიწვანან, ვერ ავდგები და ვერ მოგცემ პურს, - გეუბნებით თქვენ: თუ თავს მოაბეზრებს და დაჟინებით მოსთხოვს, მეგობრის ხათრიც რომ არ ჰქონდეს, მაინც ადგება და იმდენ პურს მისცემს, რამდენიც სჭირდება".
ლუკა 11,5-8

ლოცვა ნუ მოგბეზრდება

ერთხელ უფალ იესოს მოწაფეებმა სთხოვეს: გვასწავლე, როგორ ვილოცოთო. უფალმა მათ "მამაო ჩვენოს" ლოცვა ასწავლა და უამბო იგავი "მეგობრის თხოვნაზე".

უფალი იესო ქრისტე ხშირად ლოცულობდა: ხან მთის წვერზე განმარტოვდებოდა, ხან კიდევ თავის მოწაფეებთან ერთად დადგებოდა ლოცვად.
ზოგი ყოველდღე ლოცულობს, მთელი გულით ესაუბრება უფალს. მაგრამ ზოგიერთი, მაშინვე თუ არ აუსრულა უფალმა თხოვნა, გულს აიყრის ხოლმე და აღარ ლოცულობს. შენც რომ ასე არ დაგემართოს, კარგად დაუკვირდი, რას გასწავლის უფალი ამ იგავით.

პურის მთხოვნელი მლოცველია. მას მეგობარი ესტუმრა, მაგრამ ვერ უმასპინძლა, შინ პურიც კი არ აღმოაჩნდა. სტუმრად მოსული მეგობარი მისი კეთილი ანგელოზია. სანამ მფარველი ანგელოზი არ ეწვია და არ გამოაფხიზლა, მანამდე ვერც იმას ხვდებოდა, რომ არაფერი ჰქონდა, და არც თავისი ზეციური მეგობარი - უფალი იესო ქრისტე გახსენებია.

რატომ ითხოვს ეს მლოცველი მაინცდამაინც სამ პურს? იმიტომ, რომ მლოცველმა ქრისტიანმა, უპირველესად, ყოვლადწმიდა სამების მადლი უნდა ითხოვოს უფლისგან. უფლის შეუწევნელად კეთილ საქმეს ვერ გააკეთებ. გაჭირვებული ადამიანის შველას რომ დააპირებ, უფალს შესთხოვე, ძალა მოგცეს ამისთვის, და აუცილებლად გადმოვა შენზე მადლი ყოვლადწმიდისა სამებისა.

იქნებ გაგიკვირდა, რომ მეგობარმა ჯერ უარი უთხრა პურის მთხოვნელს; არც ლოგინიდან ადგა, არც კარი გაუღო - შვილებს ვერ გავაღვიძებო! თუ უგერგილოდ ილოცებ ან მარტო გაჭირვებაში გაგახსენდება უფალი და ეკლესია, შენს ლოცვას ძალა არ ექნება და ვერც ხმას მიაწვდენ შენს ზეციურ მეგობარს.

როგორც კი მთელი გულით ინდომებ, უფალს მიმართო, ეკლესიაში მიდი სალოცავად და კარი არასოდეს დაგხვდება დაკეტილი. გულგრილად მლოცველი თვითონ იკეტავს ამ კარს, გულმოდგინე მლოცველს კი უფალი მფარველობს.

ისწავლე გულმოდგინე ლოცვა და უფლის მფარველობა არასოდეს მოგაკლდება."

/მარიამ (დოდო) ღლონტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 05:56 PM

"ძე შეცდომილის იგავს" ყველა დროსა და ხალხის უდიდეს მონათხრობს უწოდებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:23 PM

"უფლის მიერ მოთხრობილ იგავებში უფალი, სახლის პატრონი და ა. შ. არის თვით ღმერთი"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:32 PM

"იგავი გულის შემმეცნებლობით განაცხადებს ყოველს და არა გონებისა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)