გთავაზობთ ფრაგმენტებს ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი წმინდანის ცხოვრებიდან, მგონი ძალიან საინტერესო სწავლებებია მასში, თან დაწერილია მრავალი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი და ახლობელი მოძღვრის, მამა პაისის მიერ, რომელიც ბავშვობაში წმიდა არსენიმ მონათლა, კაბადოკიაში.
ბერი პაისი ათონელი
წმიდა არსენი კაბადოკიელი
მე დიდად მადლიერი ვარ მამა არსენისი, როგორც სახელისათვის, რომელიც მიბოძა წმინდა ლოცვებით სანათლავ ემბაზთან, ასევე მისი წიგნებისათვის, რომლებიც მასაზრდოებდნენ ყრმობის წლებში და რომლებიც მოხუცმა პროდრომოს კორცინოგლუმ (ჰაჯიცინისმა) შემოინახა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ჩემთვის თავად პროდრომოსი წარმოადგენდა. იგი ჭეშმარიტად ცოცხალი წიგნი იყო მამა არსენის შესახებ, რადგან ცხადად შემოინახა მეხსიერებაში მთელი მისი წმინდა ცხოვრება. სწორედ ამ მოხუცს, რომელიც მამა არსენის მედავითნე და მუდმივი თანამგზავრი იყო, ჰქონდა უდიდესი ბედნიერება სცოდნოდა მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ. გარდა იმისა, რისი მოწმეც იგი თავად იყო, მას კიდევ ბევრი სმენოდა თავად მამა არსენისაგან, რომელიც მოუთხრობდა თავისი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებზე.
***
ჩემს მიერ შეგროვებული ცნობები მეტწილად უბრალო, ღვთისმოსავი ადამიანებისაგან მოვისმინე. ჩემს მიზანს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, არამედ მხოლოდ ის, რომ შემეგროვებინა მოწმობები მამა არსენის სულიერ სიმდიდრეზე, რამეთუ ვწერ ადამიანის სულისათვის. ხოლო წვიმდა მის დაბადების დღეზე, თუ თოვდა, თურქი ჟანდარმი იახ-იალიდან იყო თუ ნიგდიიდან – მე ეს სრულიად არ მაინტერესებდა.
***
ვინაიდან მამა არსენის მოქმედება გაუგებარი რჩებოდა ადამიანებისთვის, რომელთაც თავად არ ჰქონდათ სულიერი სიღრმე, ვხსნი მის ზოგიერთ წმინდა თავისებურებას.
გავიგე, როგორ ამბობდა ერთ-ერთი შედარებით ახალგაზრდა ფარასის მაცხოვრებელი: “ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენიმ) მრავალი სასწაული მოახდინა ვარასიოში, ანუ ფარასაში, რომლებიც მე საკუთარი თვალით ვნახე, – ყველა ამბობდა, რომ მის ლოცვებს ქვის დამსხვრევა შეუძლიათ, ქრისტიანებიც და თურქებიც მას წმინდანად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ის მათ ლოცვებს უკითხავდა და კურნავდა სნეულთ. სულო ჩემო, ის ალბათ გრძნეული იყო, ვინაიდან მათ თილისმებსაც1 აძლევდა”.
მამა არსენის, როგორც მე გაუწყებთ მის ცხოვრებაში, სხვა ღვთის მიერ ნაბოძებ ნიჭებთან ერთად შეეძლო ქალთა უნაყოფობის განკურნება. თუ ყველა სხვა დაავადებათა დროს ის უკითხავდა ქალებს ლოცვებს და ისინი იკურნებოდნენ, უნაყოფობის შემთხვევაში მამა არსენი, ჩვეულებრივ, უგზავნიდა მათ ლოცვას, დაწერილსა და დაკეცილს როგორც ავგაროზს. ქალები ატარებდნენ მას მოწიწებით და მათი გონება მშვიდდებოდა. მამა არსენი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ გამოეწვია მითქმა-მოთქმა იმ ადამიანთა შორის, რომელთაც არ ძალუძდათ სიწმინდით ფიქრი (ანუ ეჭვიანობის საბაბი რომ არ მიეცა). ამგვარ ავგაროზს იგი ატანდა რომელიმე ნათესავს ან ოჯახის ნაცნობს. ზოგიერთი უნაყოფო ქალი უგზავნიდა მას თავის თავსაფარს, რათა მამა არსენს ეკურთხებინა იგი, შემდეგ ატარებდნენ მას მოწიწებით და ერთი წლის შემდგომ შობდნენ.
ზოგჯერ ჰაჯიეფენდის თხოვდნენ თოკის კურთხევას, რომელსაც ატარებდნენ როგორც ქამარს უნაყოფობის განსაკურნებლად და მშობიარობის შესამსუბუქებლად. მამა არსენი უგზავნიდა მათ, აგრეთვე, გაცვილულ პატრუქს, რომელსაც იყენებდნენ კანდელისთვის, ან ბაწარს.
ყოველივეს, რის შესახებაც ამჟამად ვილაპარაკე, ის დაუფიქრებელი ადამიანი, რომელიც ვახსენე, მიიჩნევდა გრძნეულებად და არ ესმოდა წმინდა მამის.
***
ღირსი მამა არსენი დაიბადა დაახლოებით 1840 წელს ფარასაში (იგივე ვარასიოში) – კაბადოკიის ფარასის ოლქის ექვს ქრისტიანულ დასახლებათა შორის უმთავრესში.
მისი მშობლები მეტად სათნო, საშუალო შეძლების ადამიანები იყვნენ. მამა, სახელად ელეფთერი, მასწავლებელი იყო. მას ჰაჯიელეფთერის ეძახდნენ, რადგან მომლოცველად იყო ნამყოფი წმინდა მიწაზე. მისი გვარი იყო ანიცალიხოსი, ხოლო მეტსახელი – არციდისი. დედას ერქვა ბარბარე, იგი ფრანგუს (ანუ ფრანგოპულუს) გვარიდან იყო, მისი ოჯახის მეტსახელი კი ცაპარისი გახლდათ.
მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ: ვლასი და თეოდორე (მამა არსენი). ბავშვები ადრე დაობლდნენ, მათ ჯერ მამა გარდაეცვალათ და ცოტა ხანში კი დედაც. ობლებზე ზრუნვა ფარასაში მცხოვრებმა დეიდამ ითავა.
ერთხელ ვლასიმ უმცროსი ძმა, თეოდორე, მამისეულ ველზე წასასვლელად დაითანხმა. ეს ველი ჩქარ ნაკადულთან მდებარეობდა. ნაკადულს ევკასისი ერქვა. როდესაც ძმები წყლის ნაკადს კვეთდნენ, თეოდორე დინებამ წაიღო. ვლასიმ ცრემლებით მოუხმო წმიდა გიორგის, რომლის სამლოცველოც შორიახლოს იდგა. ვლასის სინდისი აწუხებდა, რადგან ძმა მის გამო აღმოჩნდა განსაცდელში. როდესაც ის ტიროდა და წმიდანს დახმარებას თხოვდა, მოულოდნელად გვერდით თეოდორე დაინახა, რომელმაც სიხარულით მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა მონაზვნის მსგავსმა მხედარმა, ამოიყვანა წყლიდან, დასვა თავის ცხენზე და გამოიყვანა ნაპირზე. ამ ამბის შემდეგ თეოდორე ხშირად იმეორებდა, რომ მასაც მონაზვნობა სურდა. ამგვარად, უფალმა იზრუნა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დამდგარიყო სწორ გზაზე.
***
თეოდორე დაახლოებით 26 წლის იყო, როდესაც წმიდა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემლის სახელობის საერთო საცხოვრებელ მონასტერში შევიდა ფლაბიანაში (ზინსიდერში); იქ იგი მონაზვნად აღკვეცეს და სახელად არსენი დაარქვეს.
სამწუხაროდ თეოდორე დიდხანს არ დამტკბარა სიმშვიდით. იმ დროში მეტად ჭირდა მასწავლებლები და მიტროპოლიტმა პაისი მეორემ, რომელიც იმ ხანად ცოცხალი იყო, ხელი დაასხა დიაკვნად (კორცინოგლუს ცნობის თანახმად) და ფარასაში გაგზავნა, მიტოვებული ბავშვებისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად. ამგვარად, დიაკვანი არსენი დაბრუნდა მშობლიურ დასახლებაში და საღვთო შურით აღსავსემ უმეცრების სიბნელის გასაფანტად დაიწყო მოღვაწეობა. სიბნელის მეგზურები, რა თქმა უნდა, თურქები იყვნენ; ისინი ყოველთვის გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ფარასის ქრისტიანულ დასახლებებს, რომლებიც ერთად ბერძნული მემკვიდრეობის პატარა ნაწილს წარმოადგენდნენ. ამის გამო მამა არსენიმ, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მოკრძალებითა და დიდი სიფრთხილით დაიწყო საქმიანობა. მან სკოლა ოთახში გააკეთა, სადაც მერხების ნაცვლად თხისა და ცხვრის ტყავები დააგო, ბეწვით ზემოთ, რათა გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვები მუხლებზე მდგარიყვნენ. ამგვარი წინდახედულობით ის თურქებთან1 უსიამოვნებას არიდებდა თავს. როდესაც თურქები ბავშვებს ხედავდნენ, ეგონათ, რომ ისინი ლოცულობდნენ.
დროის დიდ ნაწილს მამა არსენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოში ატარებდა ბავშვებთან ერთად, გამოქვაბულში, მაღალ კლდეზე. ის სამლოცველოს საიდუმლო სკოლად იყენებდა.
***
ოცდაათ წლამდე მამა არსენი ასწავლიდა დიაკვნის ხარისხში. შემდეგ კესარიაში იგი მღვდლად აკურთხეს, არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს და სულიერი მოძღვრობის კურთხევა მისცეს. ხელდასხმის შემდეგ მამა არსენი კესარიიდან წმიდა მიწაზე გაემართა მომლოცველად, რის შემდგომაც ფარასაში დაბრუნდა და ფარასის მაცხოვრებლებმა ჰაჯიეფენდი შეარქვეს.
ამის შემდგომ მამა არსენის სულიერი მოღვაწეობა ფართოვდება. მას შესაწირის შეგროვებაც დასჭირვებია ახლო დასახლებებსა და მოშორებით მდებარე ქალაქებში. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურთიერთობის დამყარება თურქების გვერდიგვერდ მცხოვრებ ბერძნებთან და მათი სულიერი მხარდაჭერა იმ მძიმე დროში.
დაშინებულ ქრისტიანებს მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა როგორც მამა არსენის გამამხნევებელი სიტყვები, ასევე სასწაულები და სნეულთა სულიერი და ხორციელი კურნებები, რომელთაც ის ღვთის მიერ ბოძებული მადლით აღასრულებდა. როდესაც ქრისტიანები ხედავდნენ ამ სასწაულებს, ისინი კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდნენ რწმენაში, რადგან ჩვენი სარწმუნოების დიდ ძალას ხედავდნენ. და თუ სასწაულებს თურქები ადევნებდნენ თვალს, ისინი ან ქრისტიანდებოდნენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაცილებით უფრო რბილად ეპყრობოდნენ ქრისტიანებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა მისულიყო მამა არსენი და როდესაც არ უნდა მიეყვანათ მასთან სნეული ლოცვების წასაკითხად, ის არ არკვევდა, ქრისტიანი იყო იგი, თუ თურქი, მხოლოდ იმას გამოიკითხავდა, რისგან იტანჯებოდა ადამიანი, რათა შესაბამისი ლოცვა შეერჩია. ღვთის მადლით სნეულთა კურნებისას მამა არსენი აიძულებდა თურქებს, რომ მათ გაეცნობიერებინათ მართლმადიდებლური სარწმუნოების უდიდესი ძალა და პატივი ეცათ მისთვის.
ერთხელ, როდესაც მამა არსენი თავის მედავითნე პროდრომოსთან ერთად მოგზაურობდა, ისინი სინასოსის დასახლებაში მივიდნენ. თურქებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მამა არსენის ქრისტიანებთან ურთიერთობის დამყარებაში. მამა არსენი გაჩუმდა და მხოლოდ ეს უთხრა პროდრომოსს: “წავიდეთ აქედან და შენ დაინახავ, რომ თურქები თავად გამოიქცევიან ჩვენს მოსაბრუნებლად”. ნახევარი საათის შემდეგ ჰაჯიეფენდი მუხლებზე დადგა და ცისაკენ აღმართა ხელები, – ის ლოცულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი დღე იყო, მოულოდნელად მოიღრუბლა და ნამდვილი თავსხმა დაიწყო, რომელსაც ქარიშხალი ერთვოდა თან. სინასოსის მთელი დასახლება ირყეოდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავის დანაშაულს და ორი მხედარი გამოგზავნეს მამა არსენისთან. როდესაც ისინი ჰაჯიეფენდის მიუახლოვდნენ, მის ფერხთით დაემხნენ და პატიებას ევედრებოდნენ მთელი დასახლების სახელით. მამა არსენიმ აპატია მათ, იგი სინასოსის დასახლებაში დაბრუნდა და ჯვარი გადასახა დასახლებას ქვეყნიერების ოთხივე მხარეს – მოულოდნელად ყოველივე დამშვიდდა, ისევ მშვენიერი ამინდი დადგა.
მძიმე მორჩილების გამო მამა არსენი მეტად იღლებოდა ხოლმე: – რთულია ასწავლო ბავშვებს წერა-კითხვა საეკლესიო ტექსტებით, შეასრულო ახლო და შორეული სამოძღვრო მოგზაურობები და ამასთანავე არ დატოვო სამღვდელო და სამონაზვნო მოვალეობანი. მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა ძალ-ღონის მომატებას, როდესაც ხედავდა, რომ შვება მოჰქონდა სხვებისათვის და ეხმარებოდა მათ. მას ჰქონდა უდიდესი სიყვარული ღვთისა და მისი ხატისა – ადამიანის, მაგრამ არა თავისი თავის, რამეთუ როდესაც ის თურქთა უღელქვეშ ტანჯვა-წამებას ხედავდა, მაშინვე ივიწყებდა საკუთარ თავს და სიყვარულით მოიცავდა არა მხოლოდ მშობლიურ დასახლებას, არამედ გარშემო მყოფ სხვა დასახლებებსაც.
ვინაიდან მამა არსენი მეტად თავგამოდებული იყო მართლმადიდებლობისათვის, ის დიდ პასუხისიმგებლობას გრძნობდა თავისი მრევლის წინაშე, დარაჯად ედგა და იცავდა მას “ცხვრის ტყავში მყოფი მგლებისგანაც” – პროტესტანტებისაგან, რომლებიც მასწავლებლების მეშვეობით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას აღმოსავლეთში. ამ მიზეზით მამა არსენი იძულებული იყო სკოლაში სამი დამხმარე მასწავლებელი აეყვანა, – დასახლების ყველაზე განათლებული ადამიანები, რათა არ მიეღო უცხო მასწავლებლები.
თუ თავდაპირველად დიდი საფრთხე თურქთა მხრიდან მოდიოდა და მამა არსენი სკოლის არსებობას საიდუმლოდ ინახავდა, მოგვიანებით უფრო დიდი საფრთხე პროტესტანტების მხრიდან წამოვიდა, რადგან ამ უკანასკნელთ სურდათ პატარა ბავშვების მართლმადიდებლური სარწმუნოება შეებაღალათ. ერთხელ ფარასაში პროტესტანტი მასწავლებელი გამოგზავნეს. მან ჩამოსვლისთანავე იკითხა, თუ სად იმყოფებოდა პროტესტანტ კუპსისის სახლი, რომელსაც ფულს უხდიდნენ სხვათა მოქცევისათვის და რომელთანაც მას ბარგის გადმოზიდვა და გაჩერება სურდა. მამა არსენიმ ეს რომ გაიგო, უმალვე გაემართა პროტესტანტთან შესახვედრად და უთხრა: “ახლავე დაბრუნდი უკან შენი ბარგიანად, სანამ გადმოგილაგებია, რადგან არ გვჭირდება ფარასაში კიდევ ერთი პროტესტანტი. ის ერთიც კმარა, რომელიც გვყავს, და კიდევ ის თურქი, რომელიც მრავალი წელია აქ ცხოვრობს”. ამის შემდეგ მამა არსენიმ ტაძარში მყოფ თემის წევრებს მიმართა: “ყველამ, ვინც კი დროს კუპსისთან ერთად ატარებს, უნდა იცოდეს, რომ როდესაც მის სხეულს საფლავიდან ამოიღებენ, ის გაუხრწნელი იქნება”1.
ეს იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ იზოლაციაში მოექცია აბეზარა “ბზიკი” კუპსისი, რომელიც თავისი ერესის შხამს ნაზ და ახალგაზრდა სულებში ასხამდა. იგი ხალხს მამა არსენის წინააღმდეგ ამხედრებდა და ჰაჯიეფენდის იმაში ადანაშაულებდა, რომ ის იშორებდა მასწავლებლებს, რათა ბავშვები უცოდინარები დაეტოვებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველამ შეწყვიტა მასთან ლაპარაკი, ის იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი შეცდომა. კუპსისი მივიდა მამა არსენისთან, ითხოვა შენდობა და დაუბრუნდა მართლმადიდებელ მრევლს. ამგვარად იქნა განადგურებული პროტესტანტ “ბზიკთა” ბუდე.
პროტესტანტებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენეს აღმოსავლეთში კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს, ვიდრე თურქებმა. ეს უკანასკნელნი ქადაგებდნენ მაჰმადიანობას და მართლმადიდებლები გაურბოდნენ მათ, ხოლო პროტესტანტები მოდიოდნენ სახარებით, თავის ცდომილებაში ითრევდნენ გულუბრყვილოებს და ანგრევდნენ მათ სულებს.
***
ყოველივე იმას, რაც თავად მამა არსენის ახასიათებდა: – მართლმადიდებლობის სიმტკიცე, კეთილმსახურება და რწმენის სრულყოფილება – იგი თავის მოსწავლეებს გადასცემდა. ასწავლიდა აგრეთვე “იესოს ლოცვას”: “უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე”. ასევე შემდეგ ლოცვას: “სახელითა ქრისტესითა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა”. ხოლო თუ მოსწავლეები ცუდ რამეს ჩაიდენდნენ ან უსიამოვნება შეემთხვეოდათ, ის ასწავლიდა მათ, რომ ეთქვათ: “ღმერთო ჩემო, ცოდვა ჩავიდინე”. მან ასწავლა ბავშვებს ძაფზე ვაზის ლერწის ნაჭრების აცმა, მძივების მსგავსად, რათა დაეთვალათ თავისი ლოცვები ან მეტანიები, რომლებიც ყოველ მათგანს ლოცვის კანონად ენიშნებოდა. ამგვარად იგი ბავშვთა გონებას განუწყვეტელი ლოცვით განწმედდა.
მოხუცი ადამიანები იმისათვის მიდიოდნენ ჰაჯიეფენდისთან, რომ რჩევა ეკითხათ და მისი დარიგება მოესმინათ. ზამთარში მოხუცები მის სახლში იკრიბებოდნენ. მამა არსენი პირველ რიგში ბუხარს ანთებდა, ხოლო შემდეგ მოუთხრობდა მათ სახარებისეულ იგავს, ან იმ დღის წმინდანის ცხოვრებას ან რაიმეს ძველი აღთქმიდან. შემდეგ მოხუცები მიდიოდნენ სახლში ან მეზობლებთან, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მოსმენილს ზღაპრების ნაცვლად უამბობდნენ ბავშვებს. ამგვარად ყოველი მათგანი სულიერ სარგებელს იღებდა.
მრავალი სახარებისეული იგავი თარგმნა მამა არსენიმ ფარასულ დიალექტზე, იმისათვის, რომ ფარასიოტებს გაეგოთ სახარება. ტაძარში იგი ჯერ ბერძნულად1, შემდეგ ფარასულად და ბოლოს თურქულად კითხულობდა სახარებას.
***
მამა არსენი ფულს არასოდეს იღებდა, არც კი ეხებოდა მას. ჩვეულებრივ ის ამბობდა ხოლმე: “ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება”. ერთხელ ჰაჯიეფენდის ლოცვის წასაკითხად ცახირუდისიდან ახალგათხოვილი თურქი ქალი მოუყვანეს, იგი ეშმაკს შეეპყრო, ამიტომ ჯაჭვით ჰყავდათ შეკრული. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებაში იმყოფებოდა, მაგრამ უბედური ქალის ნათესავები ევედრებოდნენ ეკლესიის მსახურთ, რომ როგორმე მიეღო ისინი, რადგან იმის მიუხედავად, რომ შეპყრობილი დაბმული ჰყავდათ, მის დამშვიდებას მაინც ვერ ახერხებდნენ. მამა არსენიმ მიიღო ისინი და უბრძანა ქალის გათავისუფლება ჯაჭვებისგან. როგორც კი ის გაათავისუფლეს, მივარდა მამა არსენის და ფეხზე უკბინა. მას ხელში სახარება ეჭირა, რადგან უნდა წაეკითხა, მაგრამ არ გადაუშლია ის და მხოლოდ მსუბუქად დაჰკრა ქალს თავზე სამჯერ. ეშმაკმა მაშინვე დასტოვა სნეული, ქალი ატირდა და მოწიწებით ემთხვია მამა არსენის ნაკბენ ფეხს. ქალის მამაც მის ფეხებთან დაემხო და ევედრებოდა, რომ მიეღო მისგან ფულით სავსე ქისა, ეუბნებოდა: “აიღე, ეს ყველაფერი შენია, შენ ხომ ჩემი ქალიშვილი გადაარჩინე”. მამა არსენიმ წამოაყენა ის და უთხრა: “შენი ფული შენთვის დაიტოვე, ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება”. ის საჩუქრებსაც კი არ იღებდა.
***
ტაძარში იყო საგანგებოდ გამოყოფილი ადგილი, სადაც მსურველებს ფულის შეწირვა შეეძლოთ ღარიბებისათვის, ხოლო ღარიბები მიდიოდნენ და იღებდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც ესაჭიროებოდათ. მეტის აღების ეშინოდათ, რათა უფალს არ დაესაჯა.
გაჭირვებულ ოჯახებს მამა არსენი ხშირად გადასცემდა ხოლმე სეფისკვერებს1 შეუმჩნევლად, საღამოობით, თავისი მედავითნის, პროდრომოსის მეშვეობით. ის უსაქმურებს არასოდეს არაფერს აძლევდა. ერთხელ თავაშვებულმა ლოთმა სეფისკვერი მოსთხოვა მამა არსენის. კელიაში მყოფმა წმიდა მამამ მისცა მას ქერის კვერი და უთხრა: “აი, მე რას ვჭამ”. უსაქმური არ იღებდა კვერს და სეფისკვერს მოითხოვდა. მაშინ მამა არსენიმ მკაცრად უთხრა: “გრცხვენოდეს, ორმოცდახუთი წლის ძალ-ღონით სავსე კაცი ხარ და მთელი დღე არაფერს აკეთებ, ბოროტ გულისსიტყვებს ემონები, ლოთობ და მათხოვრობ”. შემდეგ მან უბრძანა მედავითნე პროდრომოსს: “წადი ტაძარში, აიღე სამი ან ოთხი სეფისკვერი, ჩადი მდინარესთან და თუ ეს უქნარა ჩამოვა შენთან, მიეცი მას”, ხოლო უსაქმურს უთხრა: “ჩადი მდინარესთან და მიიღე სეფისკვერი. თევზი დაიჭირე, ის იქ ბევრია”.
სამწუხაროდ უსაქმურმა არ ისურვა ამით თავის დაღლა, უფრო მეტიც, ის გაემართა დასახლებაში და თან ყვიროდა: “ეს ჰაჯიეფენდი ნამდვილი წუწურაქია. თავად არ ჭამს სეფისკვერს და ინახავს იქამდე, სანამ მატლი არ გაუჩნდება. შემდეგ პროდრომოსს აგზავნის და ის მდინარეში ყრის ტომრებით და არ არიგებს”.
მამა არსენის უხაროდა, როდესაც ადამიანები დაუმსახურებლად ადანაშაულებდნენ; ეს ძალიან ეხმარებოდა მას. იგი ხშირად განგებ იქცეოდა უცნაურად, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქებას. მიუხედავად ამისა, მთელი პროვინციის ხალხი – ქრისტიანები და თურქებიც კი მას წმინდანად მიიჩნევდნენ.
***
როდესაც მამა არსენი ეშმაკების მიერ შეპყრობილ ან დადამბლავებულ პატარა ბავშვს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამაში დამნაშავენი იყვნენ მშობლები, ბავშვის განკურნების შემდეგ ეპიტიმიას მშობლებს ადებდა. ერთხელ ჰაჯიეფენდის დამბლადაცემული ბავშვი მოუყვანეს. მან წაიკითხა მისთვის ლოცვები და მას შემდეგ რაც ბავშვი განკურნა, ეპიტიმია დაადო მშობლებს, რადგან ღვთის მადლით შეიტყო, რომ მათი მიზეზით იყო ბავშვი ავად.
ერთხელაც მამა არსენის ავი სულებით შეპყრობილი ბავშვი მოუყვანეს სინასოსიდან. როგორც კი მან შეკრულ ბავშვს შეხედა, მაშინვე უბრძანა მშობლებს მისი გათავისუფლება, მაგრამ მათ ეშინოდათ. მამა არსენიმ ისევ გაიმეორა: “სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ბავშვი”. მაშინ დატანჯული ბავშვის მშობლებმა უთხრეს: “თქვენი კურთხევით ჰაჯიეფენდი, მაგრამ ბავშვი შეშლილია და უბედურებას შეგვამთხვევს, ჩვენ დიდი წვალებით შევკარით ის”. მამა არსენიმ უპასუხა: “გაათავისუფლეთ, ნუ გეშინიათ”. როგორც კი ბავშვი გაათავისუფლეს, ის ეშმაკმა დატოვა, იგი განიკურნა, ჩუმად, კრავის მსგავსად მივიდა მამა არსენისთან და დაჯდა მის გვერდით. ამის შემდეგ მამა არსენიმ ბიჭის მშობლებს სასჯელად 40 დღიანი მარხვის შენახვა უბრძანა, მსგავსად დიდმარხვისა, რადგან მიხვდა, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ, როგორც იმაში, რომ ბავშვი შეპყრობილი დაიბადა, ასევე იმაშიც, რომ ულმობლად ექცეოდნენ უდანაშაულოს (იმისათვის, რომ როგორმე შეეკავებინათ და ფიზიკურად დაესუსტებინათ, ისინი შვილს მშიერს ტოვებდნენ).
ჩვეულებრივ, ავადმყოფები მამა არსენის სახლში მიჰყავდათ, რომელიც სიძველისგან ნებისმიერ დროს შეიძლება დანგრეულიყო. სახლის გვერდით იდგა მისი მომცრო სენაკი, მიწის იატაკით, სენაკის კუთხეში ორი მოკლე დახვეული გადასაფარებელი იდო, რომელსაც ის დასვენების დროს შლიდა, ერთს ქვეშაგებად იყენებდა და მეორეს ზემოდან იფარებდა (როგორ ეძინა მას და რამდენი, ქრისტეს სიყვარულით, მხოლოდ უფალმა იცის, რომელიც მიაგებს კიდეც). სენაკის აღმოსავლეთ ნაწილში იყო თარო და მასზე კანკელი, მრავალი ხატით, რომელთა წინაშეც ჩაუქრობლად ენთო კანდელი. კანდელის ქვეშ ეფინა ცხვრის ტყავი, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა, ან მეცადინეობდა. მას ჰქონდა კიდევ ერთი თარო, წიგნებისა: ძველი და ახალი აღთქმით, წმინდანთა ცხოვრებით და აგრეთვე მონათხრობებით ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ, (ღვთისმშობლის მიმართ იგი დიდ მოწიწებას განიცდიდა).
მიუხედავად იმისა, რომ მისი სენაკი ერში იმყოფებოდა, ის ამასოფლისგან განშორებულ ცხოვრებასაც ახერხებდა. ამაში, მის წმინდა საქმეებთან ერთად, ის ორი დღეც უწყობდა ხელს, რომელსაც იგი განმარტოებით ლოცვაში ატარებდა ხოლმე თავის სენაკში. ეს დღეები სულიერად ყველაზე ნაყოფიერი იყო, რადგან სხვა დღეების შრომას აკურთხევდნენ, ხოლო მამა არსენის ღვაწლის კურთხეული ნაყოფი ჩვენ გვკვებავს დღევანდლამდე.
სხვა სულიერ გმირობებთან ერთად მას წესად ჰქონდა ოთხშაბათობითა და პარასკევობით კელიაში დაყუდებულიყო სულიერი ვარჯიშისა და ლოცვისათვის. ამ დღეებში მამა არსენის შემცვლელი მისი კელიის ზღრუბლი იყო.
თუ ავადმყოფი მოდიოდა შორიდან, რაკი არ იცოდა მისი დაყუდების კანონის შესახებ, კარზე აკაკუნებდა, მაშინ მამა არსენი აღებდა მას, მაგრამ არაფერს ამბობდა. ნიშნების მეშვეობით იგებდა დაავადების შესახებ, პოულობდა შესაბამის ლოცვას, კითხულობდა მას და სნეული იკურნებოდა. მაგრამ სხვა შემთხვევებში, როდესაც ხალხი კარზე აკაკუნებდა, ის არ პასუხობდა. უეჭველია, მამა არსენი ამ დროს სულიერი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოვლენები გვიჩვენებენ, რომ იმ დღეებში, როდესაც წმინდა მამა დაყუდებაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, იმის გარდა, რომ ღვთაებრივი ძალები გადმოდიოდა მასზე, ის თავადაც აყავდათ ანგელოზებს ზეცაში.
ფარასიოტებმა იცოდნენ ეს და არ აწუხებდნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მხოლოდ სნეულები მოდიოდნენ მის სენაკთან, იღებდნენ მიწას ზღურბლთან, მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ და იკურნებოდნენ. ერთი ფარასელი ქალი, რომელმაც ამგვარად განკურნა თავისი დაკრუნჩხული ხელი, ამბობდა: “იქ, საიდანაც ჩამოვედით, არ ვიცოდით, რა არის ექიმი. ჩვეულებრივ, ჩვენ ჰაჯიეფენდისთან მივრბოდით ხოლმე დახმარებისათვის. მხოლოდ საბერძნეთში შევიტყე ექიმების არსებობის შესახებ, მაგრამ როდესაც ამაზე ადგილობრივ ხალხს ვუამბობ, ისინი არ მიჯერებენ”.
***
მოსალოდნელი იყო, რომ იმ სასწაულების გამო, რომელთაც მამა არსენი ახდენდა ღვთის მადლით, ხალხი მას წმიდანის საკადრის პატივს მიაგებდა. ის მართლაც წმიდანი იყო. ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენის რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა მას უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმიდე, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქება-დიდებას. გაამპარტავნების საფრთხე მას ნაკლებად ემუქრებოდა, მაგრამ კაცთამიერი ქება-დიდება თავისთავად გახდებოდა საკმარისი ჯილდო მისი ღვაწლისათვის ამ ამაო ცხოვრებაში. ამგვარ პირობებში მის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა დროდადრო ქრისტესთვის სალოსის სახის მიღება და თავის მოჩვენება სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ის უცნაურად უნდა მოქცეულიყო, რასაც აკეთებდა კიდეც. იმისათვის, რომ არ ჩაეთვალათ მშვიდად, ის თავს აჩვენებდა გაღიზიანებულად; რომ არ ჩაეთვალათ მმარხველად, თავს აჩვენებდა გაუმაძღრად; თუ ვინმე ეუბნებოდა: “შენ წმიდანი ხარ”, მამა არსენი პასუხობდა: “შენი ოჯახი სულაც არ არის ოჯახი”. როდესაც მისგან ესოდენ დამამცირებელი სიტყვები ესმოდა, დამწუხრებული ადამიანი აღარ უწოდებდა მას წმიდანს და ამბობდა: ის წმიდანი იქნებოდა, ღირსეულად რომ იქცეოდეს.
ხშირად, როდესაც მამა არსენი ცდილობდა გაღიზიანებულად მოეჩვენებინა თავი, ეს მაინცდამაინც ოსტატურად არ გამოსდიოდა, რადგან მის თვალებში ღიმილი გამოსჭვიოდა, თუმცა სიტყვებით ის მაინც ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები იმაში, რომ ცოდვილი კაცია და უამრავი ვნება აქვს. ის ამბობდა ხოლმე: “აი, ხომ ხედავთ, რა ადამიანი ვარ და თქვენ კი რას ფიქრობთ? რანაირი წმიდანი ვარ?” განსაკუთრებით მკაცრად და უცნაურად იგი ქალთა მიმართ იქცეოდა, რადგან ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თავგამოდებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მასზე ზრუნვაში. ამიტომ, როდესაც რომელიმე მათგანს მოჰქონდა მისთვის საჭმელი, ის უკმეხად ეუბნებოდა, რომ ეს მისთვის ძალიან ცოტაა და არ იღებდა. ზოგჯერ ის უხეშად ამბობდა, რომ საჭმელი ცუდად არის მომზადებული და აგდებდა მის მომტანს. ქალები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, რითი ესიამოვნებინათ მისთვის. თითქმის ყველა მიიჩნევდა ჰაჯიეფენდის საკმაოდ უცნაურ და ამავდროულად წმიდა ადამიანად.
ერთხელ ფარასელმა ქალმა საკვებით სავსე ქოთანი გაუგზავნა მას. როდესაც მამა არსენიმ დაინახა ბავშვი, რომელსაც ქოთანი მოჰქონდა, იკითხა: “რა არის ეს?” – “საჭმელი – უპასუხა ბავშვმა – დედამ მიბრძანა შენთვის მომეტანა”. მამა არსენიმ თავი პირქუშად მოაჩვენა და უთხრა ბავშვს: “რა არის ერთი ქოთანი? შვიდი ასეთი ქოთანიც კი არ გამაძღობს”. როდესაც ბავშვმა ისევ მოუტანა საჭმელი, ამჯერად დიდ ქვაბში, ჰაჯიეფენდიმ ასწია სახურავი, თითქოს იმისთვის, რომ ენახა რამდენად კარგად მოამზადეს საჭმელი, შემდეგ ცხვირი შეიჭმუხნა და თქვა: “ფუ! ასეთი საჭმელი შეგიძლია უკან წაიღო და დედაშენთან ერთად შეჭამო”.
ამგვარად, მამა არსენი, რომელიც მეტად თავმდაბალი იყო, მიმართავდა სალოსობას, რათა დაეფარა თავისი სიწმიდე, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და განეგრძო სამონაზვნო ღვაწლი. მისი საქციელი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის არ იყო ადვილი ასახსნელი.
მამა არსენის ჩვეული საკვები ქერის კვერები იყო, რომლებსაც იგი ტაფაზე აცხობდა ხოლმე, აი რატომ ეძახდა მას ზოგიერთი ფარასიოტი “არპაჩის”, რაც თურქულად ქერის მჭამელს ნიშნავს. ის თვეში ერთხელ აცხობდა კვერებს და შემდგომ საჭიროებისდა მიხედვით ალბობდა მათ. ზოგჯერ მამა არსენი ხარშავდა “უმბას” (მცენარე, რომლითაც იკვებებიან გველები), მჟაუნას, გარეულ ხახვს, ხოლო დროდადრო ამზადებდა რომელიმე ფაფას. ზოგჯერ ის ჭამდა ყველაფერ სხვასაც, მაგრამ მაშინ მთელი წლით ამბობდა უარს ყოველგვარ სახსნილო საკვებზე, მაგალითად თევზზე, ან რძის ნაწარმზე. ხორცს, რა თქმა უნდა, არ ჭამდა, მაგრამ თუ როდესმე სუფრაზე მიართმევდნენ, იმისთვის, რომ ხალხი არ დაემწუხრებინა და არ შეეწუხებინა, შეჭამდა ხოლმე ცოტაოდენს იმ შემთხვევაში, თუ არ იყო მარხვის დღე. ფარასიოტები ყოველთვის ცდილობდნენ მიერთმიათ მისთვის რაიმე სხვა, რადგან იცოდნენ, რომ შემდგომ, კელიაში ყოფნისას, იგი მკაცრად შეიზღუდავდა თავს, მაგალითად წყლის მიღებაზე, რათა ამგვარად გაეძლიერებინა თავშეკავება, ხორცის იმ ნაჭრების სამაგიეროდ, რომელიც მან შეჭამა კაცთმოყვარეობის გამო. მისი გონიერი ასკეტიზმი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით სხვებისადმი და სიმდაბლით საკუთარ თავთან მიმართებაში. როგორც არ უნდა ეცადა მამა არსენის დაეფარა თავისი ღვაწლი, ეს არ იყო ადვილი, რადგან ხალხი მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა მის გვერდით. მარხვების დროს და აგრეთვე ოთხშაბათს, პარასკევს და ორშაბათს, რომელიც მიძღვნილია ანგელოზებისადმი, ის წყალსაც კი არ სვამდა მზის ჩასვლამდე.
***
გაგრძელება უახლოეს მომავალში
მამა არსენის არაერთხელ შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ იგი ყოველთვის უარს ამბობდა და იმიზეზებდა იმას, რომ გულფიცხი ხასიათი აქვს, ხოლო მათ, ვინც მშვენივრად იცოდა, რომ იგი მშვიდია, ის უხსნიდა ხოლმე: “მე არ შემიძლია გავხდე ეპისკოპოსი, რადგან ამპარტავნების მეშინია, რაც უფრო მაღალია მთები, მით უფრო დიდი ჭექა-ქუხილის ღრუბლები იყრის თავს მათზე”. იერუსალიმელ პატრიარქსაც სურდა მისი ეპისკოპოსობა და თხოვა მის ძმას, ვლასის, რომ მამა არსენი ხარისხის მიღებაზე დაეთანხმებინა, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა. მან ამჯობინა თავის მხრებზე ეტარებინა ტილოს ნაჭრის ღარიბული მოსასხამი, რომელიც ფარავდა მის მდაბალ სულში დამკვიდრებულ ღვთის სასუფეველს, ვიდრე – მდიდრული და მეფური საეპისკოპოსო ბისონი.
***
უფლის მიერ კურთხეული ადამიანი ჰაჯიეფენდი გარდა ყველა სხვა ნიჭისა, წინასწარმცნობელობითაც იყო დაჯილდოვებული. გადასახლებამდე მრავალი წლით ადრე ეცნობა მას უფლის მიერ, რომ ფარასიოტები საბერძნეთში გაემგზავრებოდნენ და ის ხშირად უმეორებდა მათ, არ გაეფლანგათ და შეეგროვებინათ ფული გადასახლებისათვის. მოსახლეობის გაცვლამდე ერთი წლით ადრე მასთან მივიდა ქალი და უთხრა: “მომიტევე ჰაჯიეფენდი, გავიგე, რომ წელს გადასახლებას გვიპირებენ”. მამა არსენიმ უპასუხა: “არ იდარდო, განაგრძე შენი საქმეების კეთება, ჯერ კიდევ ერთი წელია გამგზავრებამდე”.
როდესაც წელიწადი გავიდა, მოვიდა სასტიკი ცნობა იმის შესახებ, რომ ყველა ბერძენი სასწრაფოდ უნდა მომზადებულიყო გასამგზავრებლად. გადასახლება მეტად სამწუხარო მოვლენაა. მაგრამ მოწყალე მამა არსენი ცდილობდა ნუგეში ეცა ხალხისთვის და ეუბნებოდა, რომ ისინი ბრუნდებიან სამშობლოში, საბერძნეთში. ყველა ფარასიოტმა მაშინვე დაიწყო მომზადება, ისევე როგორც თავად მამა არსენიმაც.
უპირველეს ყოვლისა მამა არსენიმ მონათლა ყველა მოუნათლავი ბავშვი, მათ შორის დასახლების მამასახლისის ვაჟიშვილი. და აქ მოხდა შემდეგი: ბავშვის მშობლებს სურდათ დაერქმიათ მისთვის ბაბუის სახელი ქრისტე, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა, რამეთუ მისთვის თავისი სახელის დარქმევა სურდა. მან უთხრა მშობლებს: “სწორეა, რომ თქვენ გინდათ დატოვოთ ვინმე, ვინც წავა პაპის გზით, მაგრამ მეც ხომ მინდა, რომ დავტოვო მონაზონი, რომელიც ივლის ჩემი გზით?” ის შეუტრიალდა ნათლიდედას და უთხრა: “შენ თქვი: არსენი”. მართლაც, ამ ბიჭს პატარაობიდანვე სურდა გამხდარიყო მონაზონი და გახდა კიდეც : ან მამა არსენის ლოცვამ იმოქმედა, ან მან წინასწარ განჭვრიტა ეს. ერთიც და მეორეც მამა არსენის წმინდანობაზე მეტყველებს.
***
გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამასთანავე თურქები დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ და გამოასახლეს ხალხი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების დღესასწაული (ძველი სტილით 15 აგვისტო) აღნიშნულ იქნა ახიავუდესის პირველ დასახლებაში (იახ-იალიში), სადაც ისინი შეჩერდნენ გზად.
მამა არსენი, როგორც კეთილი მოძღვარი, თავის განდევნილ მრევლთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა ეს იყო მოსახლეობის გაცვლა, მაგრამ თურქები, როგორც ყოველთვის, ბოროტი ბზიკების მსგავსად იქცეოდნენ.
ახიავუდესიდან მამა არსენი ფეხით დაბრუნდა ფარასაში და წინ და უკან, საერთო ჯამში სამოცი კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ წმინდა ბარაქისისა და იონას სახელობის ტრაპეზზე დარჩენილი იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები წამოეღო. მან არ გაიყოლა თავისი თანამგზავრები, რათა არ გადაეღალა ისინი, რის შემდგომაც ისევ დაბრუნდა თავის სამწყსოსთან, რომელიც მღელვარებით ელოდა.
***
მრავალი განსაცდელის შემდეგ გემი საბერძნეთში ჩავიდა და მიადგა წმინდა გიორგის სახელობის ნავმისადგომს პირეაში. მამა არსენიმ როგორც კი საბერძნეთის მიწაზე დადგა ფეხი, სიხარულით იდღესასწაულა დიდებული დღე – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, 1924 წლის 14 სექტემბერი (ძველი სტილით, რომელსაც ისინი მისდევდნენ სამშობლოში). სამი კვირა გაატარეს მათ წმინდა გიორგის ნავსადგურში ეკლიანი მავთულის მიღმა, შემდეგ კი გაუშვეს კუნძულ კორფუზე, სადაც ისინი დროებით განთავსდნენ კორფუს ციხე-სიმაგრეში.
მაგრამ იქ მოწყალე მამა არსენი დასნეულდა. ფარასიოტები მეტად შეშფოთდნენ ამით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწვინეს ის ქალაქის საავადმყოფოში. მამა არსენის არ უნდოდა განშორება მათთან და ცრემლებით ეხვეწებოდა: “ნება მომეცით თქვენს გვერდით მოვკვდე”. მაგრამ სიყვარულის გამო ისინი არ უსმენდნენ და იმედოვნებდნენ, რომ იგი საავადმყოფოში გამომჯობინდებოდა მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ და კვლავ მათთან ერთად იქნებოდა, თუმცა მამა არსენი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა: “საბერძნეთში მე მხოლოდ ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლები კუნძულზე”.
წმინდა არსენიმ კორფუს ციხე-სიმაგრეში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა და ორჯერ აღასრულა ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. შემდეგ კიდევ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში, სადაც მის სანახავად შეშფოთებული ფარასიოტები მიდიოდნენ ხოლმე. ერთხელ სანახავად მისულმა პროდრომოსმა ჰაჯიეფენდის ტანისამოსი სთხოვა გასარეცხად. მამა არსენიმ მიუგო: “რად უნდა გარეცხვა, ხვალ თუ არა ზეგ ის მიწაში წავა”. პროდრომოსმა ვერ გაუგო მას და ისევ უთხრა: “მომეცი, მე გავრეცხავ, შენ ხომ სნეული და მოხუცი ხარ”. მამა არსენიმ უპასუხა: “ნუთუ რახან მოვხუცდი, მონაზონი აღარ ვარ?” – ის ნამდვილი მონაზონი იყო. იმ დღეს პროდრომოსმა მასზე ტილი დაინახა და იმის გამო, რომ გვერდზე სხვა ხალხი იყო, შეუმჩნევლად აიყვანა მოსაკლავად. ჰაჯიეფენდიმ ხმამაღლა იყვირა: “არა! არ მოკლა უბედური არსება”. გამოართვა მას ტილი, ჩაიდო თავის ტანისამოსში და თქვა: “გაანებეთ თავი, მანაც შეჭამოს ცოტაოდენი ხორცი, რადგანაც შესაძლებლობა აქვს იყოს ჩემს გვერდით, ნუთუ მხოლოდ მატლებმა უნდა შეჭამონ მთელი ჩემი სხეული?” შემდგომ მან თვალი შეავლო მნახველებს და თქვა: “სულზე! სულზე იზრუნეთ მეტად და ნაკლებად ხორცზე, რომელიც მიწაში წავა და მატლთა ნადავლი გახდება”. – ეს იყო მისი უკანასკნელი სწავლება ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაზე.
როდესაც ყველა წავიდა და მხოლოდ პროდრომოსი დარჩა, მამა არსენიმ უთხრა მას: “მომიახლოვდი, პროდრომოს, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რამეთუ ზეგ სხვა სამყაროში მივდივარ. გუშინ შუადღით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ამის შესახებ. მან მიჩვენა მთელი წმინდა მთა (ათონი) და მე დავინახე მონასტრები, სადაც ყოველთვის მივისწრაფოდი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ღირსი იქ მოხვედრისა. არც კი ვიცი, რა მოგიყვე პროდრომოს! რამდენი მონასტერი დგას წმინდა მთაზე! რა დიდებული ტაძრები! რა საუცხოოა”. ამის შემდეგ უთხრა: “არ დამწუხრდე, როდესაც შვიდი დღის შემდეგ შენი ცოლი, კირიაკი, განისვენებს. ცამეტი დღის შემდეგ გარდაიცვლება სტეფანე კარამურატიდისის ცოლი, ალმალე”. მართლაც ასე მოხდა.
როდესაც გავიდა ორი დღე და დადგა “ზეგ”, უფლის ერთგული მონა, მამა არსენი, ნაზიარები გაემგზავრა ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ქრისტეს გვერდით. იმ წუთებში მასთან არავინ იყო ფარასიოტთაგან. მას არ უნდოდა, რომ ვინმე დარჩენილიყო მის გვერდით, რათა არ მომწყდარიყო განუწყვეტელი ლოცვისგან.
ასეთი იყო მამა არსენი!
ერთი, პატარა, მხოლოდ ღმერთის მფარველობის მქონე!
ერთი, დიდი, ერთგული მხოლოდ ღმრთისა და მისი ხატებისა!
ერთი, სიცოცხლის დასასრულამდე მხოლოდ უფალთან მყოფი!
როდესაც ღვთისმოსავი მედავითნე კვლავ მივიდა მამა არსენის სანახავად, მან კურთხევა უკვე მისი წმინდა ნაწილებისაგან აიღო. მან იხილა მამა არსენი, რომელსაც მარჯვენა ხელით მკერდთან მიკრული ჰქონდა ფასდაუდებელი განძი – იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები.
უპოვარმა მამა არსენიმ არ დატოვა არანაირი მატერიალური ფასეულობა, მხოლოდ რამდენიმე ძველი წიგნი. როდესაც ფარასიოტებმა გაიგეს, რომ მამა არსენიმ განისვენა, ისინი გახდნენ უნუგეშონი, თუმცა კი მან მოამზადა ისინი ამისთვის. ბევრი მათგანი შეიკრიბა და მოაწყეს საზეიმო დაკრძალვა, რომელშიც მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელიც მონაწილეობდა.
მამა არსენი დაკრძალეს კორფუს სასაფლაოზე, იმ ადგილას, სადაც მღვდლებს კრძალავდნენ. მისმა სულიერმა შვილებმა დადგეს საფლავზე მარმარილოს ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია მისი სახელი.
მამა არსენი გარდაიცვალა 1924 წლის 10 ნოემბერს (ახალი სტილით) ოთხმოცდასამი წლის ასაკში.
ღირსი მამა არსენი, “აღმოსავლეთის ვარსკვლავი” დაეშვა ზეციდან უკვე საბერძნეთში და დაუტოვა მას თავისი წმიდა ნაწილები.
იმისათვის, რომ შეიძლებოდეს წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა მამა არსენი, ჩემს მოვალეობად ვთვლი აღვწერო მისი გარეგნობა.
მამა არსენი სიმაღლით 180 სანტიმეტრი იყო, ძლიერი, მაგრამ გამხდარი დიდი ღვაწლისგან. მისი ხელები იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდობაში ოთხი კაციც ვერ ერეოდა. ახალგაზრდობაში მას ჰქონდა ძალიან ხშირი და საკმაოდ ღია ფერის თმა, გრძელი და ხშირი წვერი, ბუჩქივით გამოწეული წარბები და ღია შუბლი. თვალები ჰქონდა ცისფერი და დიდი, ხოლო სახე მოგრძო, ლოყები ჩავარდნილი და წვერით დაფარული. თვალების ქვეშ წამოწეული იყო მწიფე კომშის ფერი გაშუქებული ყვრიმალები, როგორც მომითხრობდნენ. ბავშვობიდანვე იგი თავის ასაკზე უფროსს ჰგავდა, ამიტომ მოწიფულ ასაკში ყველა მოხუცად მიიჩნევდა.
***
დრამიდან თესალონიკში დამკვიდრებული ფარასიოტები მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ორი შეიხი (მაჰმადიანთა ტომების ბელადები და ჯადოქრები) მამა არსენისთან ჰაჯი-ბეხტაშიდან . მამა არსენიმ მიიღო ისინი და ყავაც კი მოუმზადა, მაგრამ თურქებმა სულელური და უაზრო შეკითხვების დასმა დაუწყეს, რომლებიც მხოლოდ თავის ტკივილს იწვევდა. მათგან გასათავისუფლებლად მამა არსენიმ თქვა: “მეტი აღარ შემიძლია თქვენი მოსმენა, რადგანაც თავი მტკივა”. თურქები ვერ მიხვდნენ მინიშნებას და ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა: “მამა ეფენდი, ჩვენ გაგიკეთებთ შენ ამულეტს და, თუ მას ატარებ, მაშინ თავის ტკივილი ცხოვრების ბოლომდე არ შეგაწუხებს”. მამა არსენიმ მკაცრად უპასუხა: “მე უფრო დიდი ძალა მაქვს, ვიდრე თქვენ, და ქრისტეს ძალით შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ვერ წამოდგეთ იმ ადგილიდან, სადაც სხედხართ”. მან მიატოვა ისინი და თავის სენაკში წავიდა. შეიხებმა ყავის სმა დაასრულეს და წასვლა მოუნდათ, მაგრამ ვეღარაფრით შეძლეს ადგილიდან დაძვრა. გრძნობდნენ, თითქოს უხილავი თოკები აკავებდათ. ისინი იძულებულნი გახდნენ, გასათავისუფლებლად მამა არსენისთვის დაეძახათ. მამა არსენი მაშინვე მოვიდა, მაგრამ არ დალაპარაკებია მათ, უბრალოდ ანიშნა, წასულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ თავიანთი ადგილებიდან წამოდგომა.
შეიხები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და მამა არსენის პატიება სთხოვეს. წასვლისას კი უთხრეს მას: “მამა ეფენდი, გვაპატიე, შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისაგან, ხოლო ჩვენ სატანის დახმარებით ვმოქმედებთ”.
***
ენჯარაპიდის ვაჟიშვილი, პანაგიოტისი, ოცი წლის ასაკში ჭკუიდან შეიშალა შეყვარებული გოგონას გამო. შეშლილობა აგრესიული ფორმით ვლინდებოდა და ბიჭის შეკვრა შეუძლებელი ხდებოდა. მისმა ძმამ სხვების დახმარებით ბოლოს და ბოლოს მოახერხა ამის გაკეთება, სანამ ყმაწვილს ეძინა და იგი ჰაჯიეფენდისთან წაიყვანა. როგორც კი მამა არსენიმ გააღო სენაკის კარი, რათა ენახა, თუ ვინ აკაკუნებდა და რა უნდოდა, შეშლილი მაშინვე მივარდა მას დასარტყმელად, მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვით იყო შეკრული. მაშინ ჰაჯიეფენდიმ თქვა: “უფალო იესო ქრისტე!” და დაუმატა: “მიწაზე, სატანა”. შეშლილი მაშინვე დავარდა და მოიკრუნჩხა. მაშინ მამა არსენიმ აიღო სახარება, იგი უბედურს წაუკითხა და ის მაშინვე განიკურნა. შემდგომში მან ცოლიც კი მოიყვანა (ამის შესახებ ყვებოდნენ ფარასიოტები დრამის რაიონიდან).
ოსია კარამურატიდუმ გათხოვების შემდეგ მყვირალა ფერის მოსასხამის ტარება დაიწყო. მამა არსენიმ მას არა ერთხელ უსაყვედურა ამის გამო. ეუბნებოდა, რომ უნდა ჩაეცვა თავმდაბლურად, ისე, როგორც ყველა ფარასელი ქალი იცვამდა.
ერთხელ, როდესაც მამა არსენიმ დაინახა, რომ ქალმა ისევ მოისხა თავისი მოსასხამი, უთხრა მას მთელი სიმკაცრით: “ევროპული სატკივარი ფარასაში არ მჭირდება. თუ არ გამოსწორდები, იცოდე, რომ ყველა ბავშვი, რომელიც გეყოლება, ნათლობის შემდეგ მაშინვე გაფრინდება როგორც ანგელოზი და შენ არცერთისაგან არ გექნება სიხარული”. სამწუხაროდ, ქალი არ მოიქცა ისე, როგორც უთხრეს, სანამ არ დაკარგა ორი “ანგელოზი”. მაშინ მან გადააგდო მოსასხამი და მივიდა მამა არსენისთან ბოდიშის მოსახდელად, რომელმაც მიუტევა და უთხრა: “ახლა წადი და გფარავდეს ღმერთი. შენი პირველი შვილი იქნება ბიჭი და ჩვენ დავარქმევთ მას არსენის, მეორე იქნება გოგო და დავარქმევთ ირინეს”. მართლაც ასე მოხდა.
***
ერთხელ სამმა თურქმა ჰაჯიეფენდის გაქურდვა გადაწყვიტა. მათ გაეგოთ, რომ მამა არსენის უამრავი ადამიანი მიმართავს დახმარებისათვის და ფიქრობდნენ, რომ ბევრი ფული ექნებოდა. სინამდვილეში მამა არსენი ფულს არც კი შეხებია არასოდეს. ქურდები მივიდნენ ერთ-ერთ ოთხშაბათს იმის გამო, რომ იგი სენაკში დახვედროდათ, რადგან იცოდნენ, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს ის დაყუდებული იყო თავის სენაკში. ორი ქურდი გარეთ დარჩა, ხოლო მესამე ფანჯრიდან გადაძვრა, გააღო სენაკის კარი და შიგნით შევიდა. იმ დროს მამა არსენი ღამის ლოცვებს კითხულობდა. როდესაც მან ხმაური გაიგო, კარისაკენ გაიხედა, მაშინ, როდესაც ქურდმა სენაკში ერთი ფეხი შემოდგა.
მამა არსენის მზერამ ქურდი ძლიერი ელექტროდენის მსგავსად იმ ადგილს მიაჭედა, სადაც იდგა. ამგვარად, ხანჯლითა და წელზე პატრონტაშით შეიარაღებული თურქი ერთ ადგილზე გაშეშდა. მას ერთი ფეხი კელიაში ჰქონდა, ხოლო მეორე – ზღურბლზე. ამის შემდეგ მამა არსენიმ სრულიად მშვიდად განაგრძო ლოცვა.
გარეთ დარჩენილი ორი ქურდი შეშფოთდა, რომ მესამე არ დაბრუნდა, თუმცა განთიადი უკვე ახლოვდებოდა. ამის გამო ისინიც შევიდნენ შენობაში. როდესაც მათ დაინახეს თავისი თანამზრახველი პატარა შემოსასვლელში უმოძრაოდ გაშეშებული, რომელსაც ერთი ფეხი სენაკში ჰქონდა, ხოლო მეორე – გარეთ, თავზარი დაეცათ. ქურდებმა მამა არსენის ხვეწნა-მუდარა დაუწყეს, რომ მიეტევებინა და უხილავი ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინა მათი მეგობარი.
მამა არსენიმ ლოცვის შეუწყვეტლად მისცა მათ წასვლის ნიშანი. მძარცველი მაშინვე გათავისუფლდა და ყველანი წავიდნენ. თურქები ხალხს მოუთხრობდნენ მომხდარის შესახებ და ამბობდნენ: “ამან, ამან, არ წახვიდეთ ჰაჯიეფენდის გასაქურდად!” (ეს გვაცნობეს ფარასიოტებმა თესალონიკიდან).
***
ამალია ელევთერიადუმ (ის, რომელიც ამჟამად იეღოველია) გვიამბო, რომ ჰაჯიფენდი საბერძნეთში გადასახლების წინ ამბობდა, რომ იქ მხოლოდ ორმოცი დღე იცხოვრებს. როდესაც ეს რომელიღაც ფარასიოტმა მოისმინა, უთხრა მას: “ვინ ხარ შენ, რომ ამის შესახებ იცოდე? ღმერთი ხარ?” მაშინ ჰაჯიეფენდიმ უპასუხა: “მე ღმრთის ერთგული მონა ვარ და ამიტომაც ვიცი”.
***
როგორც მე ადრე აღვნიშნე, უკვე 1970 წლიდან, როდესაც მამა არსენიმ გამოცხადება დაიწყო, იგი განუწყვეტლივ ახდენდა სასწაულებს. ამჟამადაც მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა დაავადებისაგან, როდესაც მის სახელს მოუწოდებენ რწმენითა და მოწიწებით. მე არ ვახსენებ ამ სასწაულებს, სანამ თავად განკურნებულნი არ მოგვიხთრობენ მათ შესახებ წმინდანისადმი მადლიერების ნიშნად და უფლის სადიდებლად.
უფლის მადლი – ეს არ არის წყალსატევი, რომელიც მას შემდეგ შრება, რაც მისგან წყალი გამოედინება, – არამედ უშრეტი წყაროა. და მამა არსენის, ვფიქრობ, უფრო დიდი დახმარება შეუძლია ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ცხოვრობდა მიწაზე, რადგან ამჟამად იგი ზეციურ მამასთან იმყოფება და როგორც მის შვილს, ადრე მოპოვებული კადნიერებით, შეუძლია უხვად მოიპოვოს მადლი მრავალტანჯული ადამიანების მოსანახულებლად და დასახმარებლად, ზუსტად იმ მკურნალობისათვის, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მამა არსენის მიერ ღვთის სიყვარულით აღსრულებულმა უწინდელმა დიდმა ღვაწლმა, უდიდეს სიყვარულთან და სიმდაბლესთან ერთად აგრეთვე შესაძლებლობა მისცა მას იმ ღრმა სულიერი განვითარებისა, რომელიც ამჟამად ნებას აძლევს ანგელოზის მსგავსად იფრინოს და უხაროდეს, რომ იგი ეხმარება მრავალ ტანჯულ ადამიანს და კიდევ უფრო მეტად ადიდებს უფლის სახელს. ამჟამად მამა არსენი ფეხით არ დადის და მას არ ესაჭიროება ქოშინით მიაღწიოს ავადმყოფებამდე იმისათვის, რომ წაუკითხოს საჭირო ლოცვა და განკურნოს ისინი. მსუბუქად, როგორც ანგელოზი, დაფრინავს იგი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში და შეუძლია ყოველ მორწმუნეს დაეხმაროს, რომელიც მის სახელს მოწიწებით მოუწოდებს.
მამა არსენი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მოწმობდა თავისი მართლმადიდებლური ცხოვრებით.
ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულის გამო იგი საკუთარ სხეულს ღვაწლით მოაკვდინებდა და გარდაქმნიდა სულებს ღვთის მადლის დახმარებით. ცოტა სიტყვა და ბევრი სასწაული.
მას ღრმად სწამდა და კურნავდა მრავალ მორწმუნესა თუ ურწმუნოს.
მან განიცადა ბევრი რამ და ფარავდა ბევრს. მტკიცე გარეგნულ გარსში ის ფარავდა თავის ტკბილ სულიერ ნაყოფს.
საკუთარი თავისადმი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ თავისი სულიერი შვილების მეტად მოყვარული, იგი ამორჩილებდა მათ არა კანონს, არამედ მათივე საკუთარი სულიერი მოშურნეობით – კანონის სულს.
როგორც უფლის დესპანი იგი მიწის ზემოთ დააბიჯებს და, როგორც საიდუმლოთა თანააღმსრულებელი, ის ბრწყინავს ქვეყნის ზემოთ.
უფალმა განადიდა მამა არსენი, რადგან იგი თავისი წმინდა ცხოვრებით განუწყვეტლივ განადიდებდა უფლის სახელს, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
როგორც ადრე აღვნიშნე, ღირსი მამა არსენის სასწაულები, რომლებსაც იგი ქრისტეს მადლით აღასრულებდა, უთვალავია. ფარასიოტებთან ყოველი შეხვედრის დროს ჩანაწერებისათვის მჭირდებოდა ახალი წიგნაკი, რომ ჩამეწერა ყველა მონათხრობი. ამის გამო შემოვიფარგლე მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი ამბებით, თუმცა, როდესაც დავინახე, რომ მამა არსენის ცხოვრებაში მომხდარი სამი ან ოთხი მოვლენა არსებითად განსხვავდება დანარჩენებისაგან, რომელთა შესახებაც ადრე ვწერდი, მე გონივრულად ჩავთვალე, ვახსენო ისინიც დამატებითი მასალის სახით იმდენად, რამდენადაც ეს შემთხვევები დაგვეხმარებიან იმ მძიმე დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
***
ერთხელ ფარასელი ქალი სასოწარკვეთაში ჩავარდა ქმრის სიკვდილის შემდეგ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. ამის გამო მას აღარ შეეძლო არც სოფლის და არც ხალხის დანახვა. ქალმა გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება და ველური მცენარეებით იკვებებოდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ თავს რაღაც დონით ქმრის სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევდა. სამი წლის შემდეგ მძიმე განსაცდელისაგან ქალი იმდენად შეიცვალა, რომ ვერ იცნობდი. იგი მამა არსენისთან მივიდა და უთხრა: “ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, შენ ქვეყნიერებას ყირამალა ატრიალებ. შეგიძლია თუ არა, დამიბრუნო ჩემი ვასილაკისი? თუ ეს შენთვის რთულია?” მამა არსენიმ მიუგო: “შვილო ჩემო, ამ მწუხარებაში შენ ბევრი გადაიტანე, თუ გინდა, მოგცემ კურთხევას ხელმეორედ გათხოვებაზე”. ქალმა უპასუხა: “არა, მე მინდა ვნახო მხოლოდ ჩემი ვასილაკისი. ნუთუ შენ არ გეწყინება, თუ მე თავს მოვიკლავ?” მამა არსენი მეტად დამწუხრდა და ევედრებოდა მას: “არ ქნა ეს შვილო, შენი სული არ მისცე ეშმაკებს”. მაგრამ ქალი საშინელ მდგომარეობაში იყო და თავისას გაიძახოდა. მაშინ მამა არსენიმ დააწყნარა იგი და უბრძანა იმ გამოქვაბულში დაბრუნება, სადაც ცხოვრობდა, რადგან იქ ვასილაკისი გამოეცხადებოდა იმისათვის, რომ შეძლებოდა მისი ნახვა და შერიგება. ხოლო თავად მამა არსენი განუწყვეტლივ ლოცულობდა მწუხარე თანაგრძნობით.
როგორც კი ქალი გამოქვაბულში მივიდა, ჩვენებაში ვასილაკისი მოევლინა და უთხრა: “ა, ბოროტმოქმედო, შენც აქ მოხვედი? მაგრამ მე ვიცი შენ ვინ გამოგგზავნა, – ჰაჯიეფენდიმ, რომელსაც დიდი კადნიერება აქვს უფლის წინაშე”. მონანიების შემდეგ ცოლმა მუდარა დაუწყო, რომ მიეტევებინა და, როდესაც მიუტევა ცოლს, ვასილაკისი ისევ გაქრა, ხოლო ქალი დამშვიდებული დაბრუნდა სოფელში, სადაც მას შემდეგ სიმდაბლითა და სინანულით ცხოვრობდა. მართალია სატანამ ითამაშა როლი იმაში, რომ მასაც ჰქონდა ბრალი ქმრის სიკვდილში, და ბოროტმა სულმა მიიყვანა სასოწარკვეთამდე და თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა, მაგრამ უფალმა თავისი ერთგული მონის, არსენის საშუალებით არ დაუშვა მისი სულის წარწყმედა.
***
ერთ-ერთი მაჰმადიანის ცოლმა, რომელიც ფარასაში ცხოვრობდა, მონათვლა მოისურვა და ამის შესახებ უთხრა იმ ქალის დედას, აგათიას, რომელმაც ეს ამბავი გადმომცა. აგათიამ ამის შესახებ მამა არსენის შეატყობინა, რომელმაც დაავალა ფარულად მიეყვანა მასთან ქალი, რათა დაემოძღვრა სარწმუნოებაში და უბრძანა თვითონ ყოფილიყო მისი ნათლია. კათაკმევლად დადგენის შემდეგ თურქი მოინათლა – სახელით ელევთერია. თურქმა ქალმა დაიწყო ცხოვრება, როგორც ფარულმა ქრისტიანმა. მან მხოლოდ სამჯერ მიიღო წმინდა ზიარება და ყოველ ჯერზე ფარულად მოქმედებდა.
ნათლობის შემდეგ ელევთერიამ თავი მოიავადმყოფა, და, ამგვარად, არ შებღალა წმინდა ნათლისღება თავის თურქ მეუღლესთან.
რადგანაც ელევთერიასთვის ძნელი იყო ურწმუნოთა გარემოცვაში ცხოვრება, მოწყალე უფალმა მალე გაათავისუფლა იგი და წაიყვანა: ის მოულოდნელად, რამდენიმე დღით ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფს სურდა ზიარება, მაგრამ მისთვის რთული იყო ჰაჯიეფენდისთან მისვლა. მამა არსენისთვის კიდევ უფრო რთული იყო მის სახლში მისვლა და მისი ზიარება, როგორც ფარული ქრისტიანისა, მაგრამ მან არ დატოვა იგი უზიარებლად. მან ძალიან პატარა ვაშლი აიღო, გაუკეთა მომცრო ნახვრეტი, ჩადო შიგ წმიდა ნაწილი და დალუქა. შემდეგ მამა არსენიმ სთხოვა ნათლიას, წასულიყო ავადმყოფთან და გადაეცა მისთვის ვაშლი, რათა მას შესძლებოდა ზიარება. ნათლიამ მოწიწებითა და სიხარულით აიღო ვაშლი და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული გაემართა ელევთერიასთან. ელევთერია ზეშთაგონებით მიხვდა რა ხდებოდა და სახის შეცვლილი გამომეტყველებით თქვა: “ქრისტე, სულო ჩემო”, – არადა მას არასოდეს მოუვიდოდა აზრად, რომ ნათლია წმიდა ნაწილის მოტანას შეძლებდა. უკანასკნელმა ამოიღო ვაშლი და მისცა ნათლულს. ამგვარად, კურთხეული სული ეზიარა. ზიარების შემდეგ ელევთერიამ თავისი სული ქრისტეს გადასცა, აღელვებული ნათლია კი გაიქცა მამა არსენისთან და უთხრა: “ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, ელევთერია გარდაიცვალა, ახლა რა მოხდება? მას თურქები განბანენ?” “ნუ დარდობ” – უპასუხა მან, მაგრამ ქალი თავისას იმეორებდა: “რა მოხდება, ჰაჯიეფენდი?” მამა არსენიმ მიუგო: “დაივიწყე ეს”. მაგრამ ნათლია მეტად შეწუხებული იყო, რადგან მაჰმადიანები მიცვალებულთა განბანას მონათვლის მნიშვნელობას ანიჭებენ და სჯერათ, რომ ადამიანს ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ცდომილებაა!
რაკი ნათლია მამა არსენის არ ასვენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი იძულებული გახდა ეთქვა მისთვის: “მისმინე, ნუთუ ფიქრობ, რომ მე ვაპირებ ნება დავრთო, განბანონ ის, ვინც მოვნათლე?” ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ელევთერიასათვის და აი, რა მოხდა! რამდენჯერაც არ სცადეს თურქებმა მისულიყვნენ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის განსაბანად, მათ ხელის განძრევაც კი ვერ შეძლეს. ამიტომ იგი განუბანავი დაკრძალეს თურქულ სასაფლაოზე.
ჰაჯიეფენდიმ ცალკე შეასრულა მისთვის პანაშვიდი და განაგრძობდა ლოცვას. ამის შემდეგ კიდევ მოხდა ერთი რამ.
ელევთერიამ ყოველ ღამით დაიწყო თავის სახლში გამოცხადება, ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა, ჭურჭელს ფანტავდა და ამბობდა: “რატომ მაწვალებთ მე ამ ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე? მალე წამიყვანეთ აქედან და გამიშვით სახლში, ქრისტიანულ სასაფლაოზე”.
ეს გრძელდებოდა ყოველ დღე. თურქულ ოჯახს გაუჭირდა ამის ატანა და გაემართნენ მამა არსენისთან: “ჰაჯიეფენდი, შეგვიწყალე, ჩვენ საშინლად ვიტანჯებით გარდაცვლილი ქალისაგან. გვიშველე! შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება. იგი ყოველ ღამით გვაწვალებს, სახლს ყირამალა ატრიალებს და იმეორებს, რომ იგი თქვენს სასაფლაოზე დაკრძალონ, როგორც ჩანს მას უყვარდა თქვენი სარწმუნოება”. მამა არსენიმ მიუგო ქმარს: “მე რას მეკითხები? მე ბერძენი ვარ და შენ თურქი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა”. მან უპასუხა: “არა, ჰაჯიეფენდი, მე არ მინდა ვიმოქმედო შენი კურთხევის გარეშე”. მაშინ მამა არსენიმ უთხრა: “ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ გამონაკლისს. თქვენ ამოთხრით მას და მოასვენებთ, ხოლო ჩვენ დავკრძალავთ ჩვენი სასაფლაოს კუთხეში”. მართლაც ამგვარად მოიქცნენ.
ამის შემდეგ გახარებული ელევთერია გამოცხადდა თურქების სახლში და ყველას სიკეთე უსურვა: “იცხოვრეთ ათასი წელი! მე ახლა სამოთხეში ვარ, ნათელში, ვნეტარებ უფლის ნიჭებით”.
დაე, მოწყალე უფალმა მშვიდობა მისცეს ყველა იმ ერთგულთა სულებს, ვინც მოწიწებით შემოინახა ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემა და აგრეთვე წმინდად დაიცვა თავის მეხსიერებაში ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მამა არსენისა კაბადოკიაში და გადასცა ეს თავის შთამომავლობას. ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, რომლებმაც შეგვატყობინეს სხვადასხვა ამბავი და დაგვეხმარნენ მისი ცხოვრების დაწერაში, დაე წმინდა მამა არსენიმ უხვად მიმადლოს თავისი კურთხევა. ამინ.
მადლობა. ღმერთმა შეგიწიროს ეს შრომა. მომწონს, რომ ჩვენი სულისათვის ასეთ სათნო საქმეს აკეთებ.
lado s
მეტი არაფერს დაწერ?
რა დავწერო? შეკვეთებს მივიღებ, შესაძლებლობის ფარგლებში. რაღაცეები მინდოდა, მაგრამ სტიმული დავკარგე. დროის ხარჯვას გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს.
lado s
სტიმული არ დაკარგო! შენს ნაწერს ბევრი ისეთიც წაიკითხავს, ეკლესიური რომ არ არის და სულიერ საზრდოს ჰპოვებს. იტვირთე ეს ღვაწლი.ასეთი რამეები წერე. მე ვეძებდი ხაჯი–გიორგიზე, რამე ხომ არა გაქვს?
მამა პაისი
http://imageshack.us
...........................................................
ადამიანი ძიებაშია
როგორღაც ისე მოხდა, რომ ზამთარში, ჩემს სენაკში ჩვიდმეტი სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა. სტუდენტიდან დაწყებული - თეატრის რეჟისორით დამთავრებული. ეს ადამიანები ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ღვთისმეტყველების სწავლას! ერის მდგომარეობა სრული უგუნურებაა! ყველა რაღაცას ეძებს და უმრავლესობამ არც იცის - თუ რას. ერთნი ჭეშმარიტებას გართობის ცენტრებში ეძებენ, მეორენი კი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ...
- და მართლაც, წმიდაო მამაო, როგორ ძიებაში არიან ადამიანები! თქვენთან ამდენი ხალხი მოდის და რიგში საათობით დგანან, რომ თქვენ შეგხვდნენ.
- ესეც დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშანია - ადამიანები შემწეობას ეძებენ (თვით) ჩემისთანა უღირსთან. მე საკუთარ თავში ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ და მიკვირს: რას ხედავენ ასეთს, რომ თავპირისმტვრევით მოიჩქარიან ჩემსკენ? ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მე: გოგრა საზამთროს კურკით. ჩვენს დროში კი გოგრას საზამთროს მაგიერ ჭამენ, რადგან მისი კურკები საზამთროსას ჰგავს. ადამიანები ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა. ჩემთვის კი როგორია: ერთის მხრივ, მე საკუთარი თავის მრცხვენია, მეორე მხრივ კი - ადამიანები ტკივილით იტანჯებიან. სადამდე დავედით. როგორ დაეცა ერი! წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები იპოვიან ვინმეს ერთი შესამოსელის მქონეს და ეტყვიან: „გაგვიხდი მთავრად შენს ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო“. შეგვიწყალე, უფალო!
წმიდა არსენი კაბადოკიელი ოცდამეშვიდე ფსალმუნს კითხულობდა მათთვის, ვინც „ზღვასა შინა იჭირვიან“. მე კი როდესაც მას ვკითხულობ, ვამბობ: „ღმერთო ჩემო, ახლა ხომ ხმელეთის - ანუ მთელი სამყარო - ზღვაზე უფრო საშიშად იქცა, ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში“. როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვერული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ: „ღმერთი შურის ძიებათა, ღმერთი შურის ძიებათა განცხადნა, ამაღლდი, რომელი შჯი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა... ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს... და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა“... ეს წმიდა სიტყვები მეტად ანუგეშებენ სულს. ამ უბედურ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ რომ მიეპყროთ მზერა ცისთვის, მაშინ ბევრი რამ შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს ადამიანები ღმერთზე არ ფიქრობენ, ამიტომ სულიერი დახმარების მცდელობა მათთვის გამოძახილს ვერ პოულობს და მათთან ურთიერთგაგების მდგომარეობის დამყარება ვერ ხერხდება.
მე გამუდმებით ვთხოვ ღმერთს, გამოუჩინოს ქვეყნიერებას კეთილზნეობრივი ადამიანები, ქრისტიანები, რათა ისინი შეეწიონ დანარჩენებს. დაე, უფალმა ასეთ ქრისტიანებს მრავალი წლის სიცოცხლე მიჰმადლოს. ვიცოცხლოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო და მოგვევლინონ სხვა ადამიანები. არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან - სამყაროს რომ ანგრევენ, არამედ ახლები, წმინდები, ვევედროთ ღმერთს, რომ მან გამოაჩინოს ახალი მაკაბელები. ახალგაზრდებს შეიძლება გამოცდილება არ ჰყოფნით, სამაგიეროდ მათში არ არის სიცრუე და ცბიერება.
მოდით ვევედროთ ღმერთს, რომ მან განანათლოს არა მარტო ისინი, ვინც დღეს ეკლესიას ეკუთვნის, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რათა მათ ღვთის შიში ჰქონდეთ და შეეძლოთ, თქვან რაიმე - სულთა განმანათლებელი. უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე. ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით - მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება კეთილად მოაქცევს ქვეყანას, ხოლო ცუდი გადაწყვეტილება - კატასტროფაა მისთვის. ადამიანების უბედურება მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის მარტო, არა მხოლოდ იმაში, რომ უქონელნი და ღატაკნი არიან. მათი სულიერი სიდუხჭირე უფრო საშიშია. ლოცვა დიდად საჭიროა იმისთვისაც, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს. ქრისტე თითქოს ხელთ იღებს პატარა სახრახნისს, სადღაც მეტად მოჭერაა საჭირო, სადღაც - მოშვება და წესრიგია! როდესაც ღმერთი გააბრწყინებს ზოგიერთ რჩეულ ადამიანს, მაშინ თვით ბოროტების ფასი თანდათან ეცემა და მასზე მოთხოვნილება აღარ არის. რადგან ბოროტება ღმერთს კი არ ანადგურებს, არა! ის ანადგურებს საკუთარ თავს. მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მე ვხედავ, რომ მრავალ მათგანს, ვისაც რაღაც მაღალი მდგომარეობა უკავია, ესმის, თუ რა ხდება, მათ სტკივათ და ებრძვიან ბოროტებას. ყოველივე ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.
lado s
ჰაჯი-გიორგის ცხოვრება არის წიგნში "მე-19 საუკუნის ათონელი მამები" - დაახლოებით ასე ჰქვია. მუქი ლურჯი წიგნია, საკმაოდ მრავალფურცლიანი
დიდი მადლობა, მარიამ, რამდენი გიშრომია! უფლის წინაშე კი ერთი წვეთი გარჯისა , მისი სახელით გაწეული, არ იკარგება. შენ მიერ დაწერილი ციტატა მამა პაისისა ადამიანთა შესახებ მეც ძალიან მომწონს და ვცდილობ, კეთილ ზრახვებს მივცე "აეროდრომი" ჩემს გონებაში. ადამიანები უნდა გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც არიან, ნუ ვეცდებით მათ "გადაკეთებას" და ვაფრქვევდეთ ქრისტეს კეთილსურნელებას. ფორუმში შემოსული როგორი დარჩება და წავა ეს მისი პირადი ნებაა. ჩვენ კი სიყვარული არავის დავაკლოთ!
გაიხარეთ, ხალხნო! ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ და რამდენი მიიღებს ამ საქმეს და რამდენი არა, რამდენს დააინტერესებს და რამდენს არა, ეს არც თუ ისეთი მნიშვნელოვანია. ამით ერთ ადამიანს მაინც თუ დაეხმარე, ესე იგი უკვე დიდი მადლი გაგიკეთებია ღმერთი გაგახარებთ! "თუ ერთ ჩემს მცირე ძმათაგანს დაეხმარე, მე დამეხმარე "
ხო ეს ნაწერები ვიცოდი მაგრამ მინდა აღვნიშნო მამა პაისის ცხოვრებიდან ერთი ამბავი :
პატარა იყო მგონი მეოთხე კლასში როცა გაიგო რო თუ რამის გეშინია ის საქმე უნდა ქნა და აღარ შეგეშინდებაო და ეშინოდა სასაფლაოების თურმე და წავიდა და ჩაწვა კუბოში რომელიც სასაფლაოზე შეაგულიანა ორი ღამით ადრე და მთელი ღამე იწვა იქ
აი ვაჟკაცობა და ღვთის სიყვარული რამდენად დიდი ქონდა ბავშვობიდან უკვე ნეტა მასეთი რო მოვხუცდები მაშინ მქონდეს
კი მართლა დიდი მამა იყო პაისი ათონელი
მამა პაისი მთაწმინდელი
იმის შესახებ, რომ ცოდვა მოდაში შემოვიდა
- წმიდაო მამაო, შევიტყვეთ, ვიღაცისთვის გითქვამთ, რომ ომი იქნება. მართალია?
- მე არაფერს ვამბობ, ხალხი კი, რაც მოაფიქრდება, ყველაფერს ლაპარაკობს. რაიმე რომც ვიცოდე, ვის ვეტყოდი ამას?
- წმიდაო მამაო, ომი ეს ისეთი ბარბაროსობაა!..
- ადამიანებს ცოდვა რომ არ „გაეკეთილშობილებინათ“, მაშინ ისინი არც ამ ბარბაროსობამდე დავიდოდნენ. მაგრამ უფრო დიდი ბარბაროსობა ზნეობრივი კატასტროფაა. ადამიანები იხრწნებიან სულითა და ხორცით. ერთმა ადამიანმა მითხრა „ხალხმა ათენს ჯუნგლი უწოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი ჯუნგლიდან არ მიდის. ყველა ამბობს „ჯუნგლებიო“ და ყველა ამ ჯუნგლებში დაეხეტება“. სადამდე მივიდნენ ადამიანები! ცხოველების მდგომარეობამდე. იცით, ცხოველებთან როგორ არის: თავდაპირველად ისინი გომურში შედიან, იქვე სკორეს აგროვებენ, შარდავენ, შემდეგ ნაკელი იხრწნება, იწვება და ცხოველებს სთბებათ, მათ მოსწონთ სადგომი და აქედან წასვლა არ სურთ. მინდა ვთქვა, რომ ამგვარადვე შეიგრძნობენ ადამიანები ცოდვის „სითბოს“ და წასვლა არ სურთ. ისინი გრძნობენ სიმყრალეს, მაგრამ სურვილი არა აქვთ, რომ სითბოს მოშორდნენ. თუ გომურში ახალი ვინმე შემოვა, მას ამ სიმყრალის ატანა არ ძალუმს. მეორე კი უკვე მიეჩვია. ის გამუდმებით გომურში ცხოვრობს და სიმყრალე არ აწუხებს.
- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, თავს იმით იმართლებს, რომ ასეთი ცოდვილი ცხოვრება ჩვენს დღეებში არ დაწყებულა. „ნახეთ ერთი, რა ხდებოდა ძველ რომში“. - ამბობენ.
- კი, მაგრამ რომში ადამიანები კერპებს სცემდნენ თაყვანს, წარმართები იყვნენ. მოციქული პავლეც მიმართავს წარმარებს, რომლებმაც წმ. ნათლისღება მიიღეს, მაგრამ ბოროტ ჩვეულებებზე ჯერ უარი არ თქვეს [1]. მაგალითები არ უნდა ავიღოთ ამა თუ იმ ეპოქის ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან. დღეს ცოდვა მოდად შემოიღეს. უნდა იფიქროთ - ჩვენ ხომ მართლმადიდებელი ერი ვართ - მაგრამ სადამდე დავეცით!( სხვა ერებზე ხომ ლაპარაკიც არ შეიძლება... მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ დღევანდელი ადამიანები ნებით მისცემიან ცოდვას და როცა ხედავენ, რომ ვინმე დროის სულს არ აჰყოლია და ცოტაოდენი ღვთისმოსაობა შერჩენია და არ სცოდავს - მას ჩამორჩენილსა და რეტროგრადს უწოდებენ. ასეთ ადმაიანებს აწუხებთ, რომ ვიღაც არ სცოდავს. ცოდვას ისინი პროგრესად თვლიან. ეს კი ყველაზე უარესია. თუკი თანამედროვე, ცოდვაში მცხოვრები ადამიანები, უკიდურეს შემთხვევაში, გააცნობიერებდნენ მაინც ამას, უფალი შეიწყალებდა მათ. მაგრამ ისინი თავს იმართლებენ იმით, რაც გასამართლებელი არ არის და ცოდვას დითირამბებს უძღვნიან. მაგრამ თუ ცოდვას პროგრესად ჩავთვლით და ვიტყვით, რომ ზნეობრიობამ თავისი დრო მოჭამა, ეს - ყველა სხვა დანარჩენზე მეტად - არის გმობა სულისა წმიდისა. ამიტომ, თუ ვინმე ერისაგანი მოღვაწეობს, თავის ცხოვრებას წმიდად იცავს, ამას მცირე ფასი როდი აქვს. ასეთ ადამიანებს სასყიდელი ელით.
ძველ დროში გარეყნილი ან ლოთი ბაზარში გავლასაც კი ერიდებოდა, რადგან ადამიანები დასცინებდნენ მას. ხოლო თუ ქალი უწესოდ იცხოვრებდა, მას სახლიდან ცხვირის გაყოფისაც კი ეშინოდა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ერთგვარი ცოდვის ძალით შეჩერება. დღეს კი, თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, თუკი იგი, მაგალითად, ქალიშვილი ცხოვრობს ღვთისმოსაობით, მაშინ მასზე ამბობენ: „და ის რა, მთვარიდან ჩამოვიდა?“ და საერთოდ: ძველად თუ ერის ადამიანები სცოდავდნენ, მაშინ ის საბრალოები საკუთარ ცოდვას განიცდიდნენ და უფრო მდაბალნი ხდებოდნენ. ისინი არ დასცინოდნენ იმათ, ვინც სულიერად ცხოვრობდა, არამედ პირიქით - მოსწონდათ ისინი. ხოლო ჩვენს დროში ის, ვინც სცოდავს, დანაშაულს ვერ გრძნობს. სხვებისადმი პატივისცემა მას ასევე არა აქვს. ყველაფერი მიწასთან გაასწორეს. თუ ადამიანი ერულად არ ცხოვრობს, ცოდვილები მას სასაცილოდ იგდებენ.
ადამიანებს ამხელთ სინდისი
საფრანგეთი - ეს რომელიღაც განვითარებადი ქვეყანა როდია, ის მრავალთა წინ მიაბიჯებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში [2] სამოცდაათი ათასი ფრანგი გამუსულმანდა. რატომ? იმიტომ, რომ მათ შორის ცოდვა მოდური გახდა, მაგრამ მათ სინდისი ამხელთ და ისინი მის დამშვიდებას ცდილობენ. ძველმა ბერძნებმა თავის გასამართლებლად ღმერთები მოიგონეს. ასევე ფრანგები შეეცადნენ, ერთი რელიგია ეპოვათ, რომელიც მათ ვნებებს გაამართლებდა, რომ ამ საკითხს ისინი მეტად აღარ შეეწუხებინა. მუსულმანობა შეიძლება ითქვას, რომ აწყობთ მათ ცოლი იმდენი შეუძლიათ შეირთონ, რამდენიც სურთ, ხოლო იმქვეყნიურ ცხოვრებაში ეს სარწმუნოება სთავაზობთ ფლავს - აღთქმულ ქვეყანას, თაფლს კი - ზღვასავით. ხოლო თუ სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილს თბილი წყლით განბანენ, იგი განიწმინდება ცოდვებისაგან, რამდენიც არ უნდა ჰქონდეთ ისინი. მიდიან ალაჰთან სუფთები! და მეტი რაღაა აქ საჭირო? ყველაფერი ეს მოხერხებულადაა მოწყობილი! მაგრამ ფრანგები სიმშვიდეს ვერ ჰპოვებენ. ისინი შინაგან მშვიდობას ესწრაფიან, თუმცა ვერ იპოვიან მას, რადგან ცოდვების გამართლება შეუძლებელია.
რაც არ უნდა გამოიგონონ ადამიანებმა, როგორ უგრძნობელობასაც არ უნდა ამოეფარონ ისინი, სიმშვიდეს - სულ ერთია - ვერ ჰპოვებენ. იმის გამართლების მცდელობისას, რასაც გამართლება არა აქვს, ისინი სულიერად იტანჯებიან. ისინი შინაგანად დაღლილები არიან. ამიტომ საბრალოები გართობას ეძებენ, ბარებსა და დისკოთეკებზე დარბიან, თვრებიან, ტელევიზორს უცქერენ, ანუ - მათ ამხელთ სინდისი, და იმისათვის, რომ თავდავიწყებას მიეცნენ, სისულელეებს აკეთებენ. მაშინაც კი, როცა სძინავთ, ხომ არ გგონია, რომ მშვიდად არიან? ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ „ვიღებთ“ სინდისს მშობლებისაგან - როგორც ფოტოასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ „მას ჭია ღრღნის“. მართლაც რა არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას.
ღმერთისგან განშორებული ადამიანი ჯოჯოხეთუს ტანჯვას განიცდის
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია, სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს. ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი - არა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ღმერთთან. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს. იესო ტკბილისაგან განშორებული ცხოვრებით ჩვენ უმწარეს ფიალას ვიგემებთ. როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სიტკბოს და სამოთხისეულ სიხარულს გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი ყოველდღიურად უფრო აღმატებულისკენ მიდის. მას უჩნდება კითხვა „ნუთუ სამოთხეში ჩემს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე?“ ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს, რომ არანაირი საქმის კეთება არ შეუძლია. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მისი ფეხები სანთლებივით იდრიკებიან მუხლებში. გული ლამის გასკდეს, სიხარულისაგან თრთის, სურს, რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს - რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არარადღირებულ წვრილმანებად მიუჩნევია.
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწეეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ... ამდენ „ღმერთს“?! „ღმერთი“ ჰამოსი! [3] ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება - ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება, რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა.
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს, მაშინ, როდესაც - იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. მაგრამ თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქეს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსაობით არ არის განწყობილი, მაშინ ის ცოტაც წაერთმევა, რაც აქვს. თანამედროვე ადამიანებში საღვთო მადლის ნაკლებობაა, რადგან ცოდვებით მადლის იმ ნამცეცებსაც კარგავენ ხოლმე, რასაც ფლობენ [4]. ხოლო როდესაც მადლი ტოვებს ადამიანს, მას მთელი გაშმაგებით ესხმიან თავს ეშმაკები.
იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად განეშორებიან ადამიანები ღმერთს, ისინი მრავალ იმედგაცრუებას იტანენ ცხოვრებაში. რამდენადაც კაცი ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს, იმდენად - ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში - იგი სამოთხისეული ნეტარების სიტკბოებას იგემებს ხოლმე. ჩვენ ან უკვე აქვე ნაწილობრივ შევიგრძნობთ სამოთხის სიხარულს და სამოთხისკენ აქედანვე გავემართებით, ან უკვე აქვე ჯოჯოხეთურ ტკივილებს განვიცდით და - ღმერთო დაგვიფარე - ჯოჯოხეთში მოვხვდებით. სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება. სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული. განიცდის თუ არა სიხარულს ქურდი? რა უნდა აქ სიხარულს?! სიხარულს ხომ ის გრძნობს, ვინც კეთილს აკეთებს. გზაშიც რომ იპოვო რაიმე, აიღო და საკუთარ თავს უთხრა, რომ ეს ნივთი შენია - მაშინაც კი დაკარგავ სიმშვიდეს. მპოვნელმა არ იცის, ვისია ეს ნივთი, მას არავისთვის უწყენინებია, არც გაუძარცვავს ვინმე, მაგრამ სიმშვიდეს მაინც კარგავს. და რაღა უნდა ვთქვათ ქურდზე?! ის ვერ განიცდის იმ სიხარულს, რომელსაც განიცდიან, როდესაც რაღაცას გასცემენ. და რა სიხარული უნდა იყოს, როცა ქურდობა და შურაცხყოფა მისგან მოდის. ამიტომ უცქირეთ მათ, ვინც სხვებს ჰპარავს და ატყუებს. რა საშინელი სახეები აქვთ, რა მახინჯი გრიმასები!
ადამიანს ის ბატონი მიუზღავს, ვისთვისაც შრომობდა იგი
ღვთისგან განშორებული ადამიანები, ნუგეშინისცემას ვერასოდეს გრძნობენ და ორმაგად იტანჯებიან. ის, ვისაც ღმერთი და მომავალი ცხოვრება არა სწამს, არა მხოლოდ ნუგეშს მოაკლდება, არამედ საკუთარ თავს მარადიული სატანჯველისათვის სწირავს. ადამიანს ის ბატონი მისცემს გასამრჯელოს, ვისთვისაც შრომობდა. თუ შენ შავი ბატონისათვის შრომობ, მაშინ ის აქვე გააშავებს შენს ცხოვრებას. თუ შენ ცოდვას ემსახურები, მაშინ ეშმაკი მოგიზღავს სამაგიეროს, თუ სათნოებებს აღასრულებ, მაშინ ქრისტე მოგაგებს სასყიდელს. და რაც უფრო მეტს შრომობ ქრისტესთვის, მით უფრო თბილი და ნათელი ხდები. მაგრამ ჩვენ ვამბობთ: „ვიშრომოთ ქრისტესთვის?! კი არ გავგიჟებულვართ“. რა საშინელებაა! როდესაც არ სცნობ ქრისტეს უდიდეს მსხვერპლს - კაცთათვის გაღებულს. ქრისტემ ჯვარცმა დაითმინა, რათა ცოდვისაგან გამოვესყიდეთ, რათა ადამიანთა მთელი მოდგმა განეწმინდა. რა გააკეთა ჩვენთვის ქრისტემ და რას ვაკეთებთ ჩვენ მისთვის?..
ადამიანებს სურთ, სცოდონ და კეთილი ღმერთი ჰყავდეთ, ისეთი ღმერთი, რომელიც შეგვინდობს, ჩვენ კი ცოდვის ქმნას განვაგრძობთ. ანუ ჩვენ ვაკეთებდეთ ყველაფერს, რაც მოგვესურვება, ის კი გვპატიობდეს, გვპატიობდეს დაუსრულებლად. ჩვენ კი ჩვენ დუდუკზე ვუკრავდეთ. ადამიანებს არ სწამთ და ამიტომ გაუმაძღრობით ეწაფებიან ცოდვებს. აქედან, ე.ი. ურწმუნოებიდან იწყება ყოველგვარი ბოროტება. ადამიანებს არც იმქვეყნიური ცხოვრება სწამთ და ამიტომ ანგარიშს არაფერს უწევენ. გულს ტკენენ და ატყუებენ ერთმანეთს, ტოვებენ საკუთარ შვილებს... ისეთი ამბები ტრიალებს, რომ მათ საამბობლად ენა არ მოგიბრუნდება: არცთუ სახუმარო ცოდვები, ისეთი ცოდვები, რომ თვით წმიდა მამებსაც კი არ გაუთვალისწინებიათ დაწვრილებითად წმიდა კანონებში. როგორც უფალმა ბრძანა, სოდომისა და გომორის შესახებ: „ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია“ [5].
თუ ადამიანები არ შეინანებენ და ღმერთისკენ არ შემობრუნდებიან, მაშინ ისინი საუკუნო ცხოვრებას დაკარგავენ. ადამიანი უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, რომ ცხოვრების უღრმესი არსი შეიცნოს. ის გონს უნდა მოვიდეს, რომ საღვთო ნუგეში იგრძნოს. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი სულიერად გაიზარდოს და არა მხოლოდ თავს იკავებდეს ცოდვებისაგან.
[quote]მამა პაისი
მამა გაბრიელს ჰგავს ვიზუალურად, არა?
ბერი პაისი ათონელი (+1994წ.)
უსამართლობის დათმენის შესახებ
თუ ადამიანს უფლის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ჭეშმარიტი საგანძურია! ის, რაც ნაკურთხია, მყარად დგას და არ ინგრვა; ხოლო ის, რასაც კურთხევა არ აქვს, სუსტია და სწრაფად ეცემა. უსამართლობა უმძიმესი ცოდვაა. ნებისმიერ ცოდვას შეიძლება მოვუძებნოთ შემამსუბუქებელი გარემოებანი, მაგრამ არა უსამართლობას - იგი პირიქით, ღვთის რისხვას იხვეჭს. რაოდენ საშინელია ეს ყოველივე! ისინი, ვინც სხვებს უსამართლოდ ექცევიან, საკუთარი თავისთვის ამზადებენ ცეცხლს. ადამიანები ჩადიან რაიმე უსამართლობას და აი, კვდება მათი ახლობელი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ, გააანალიზონ ამ ყოველივეს მიზეზი. განა ამდენი უსამართლობის ჩამდენ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ?! მათი ჩადენით ხომ ისინი ეშმაკს საკუთარი თავის ფლობის უფლებას აძლევენ. ამიტომაც სულ მალე მათ უბედურებები, ავადმყოფობები და სხვა ფათერაკები ეწყებათ და ვერ ხვდებიან რა ამ უბედურებების სულიერ მიზეზს, გთხოვენ ილოცო, რომ გამოჯანმრთელდნენ!
ფათერაკთა უმეტესობა უსამართლობიდან მომდინარეობს. მაგალითად, თუკი ადამიანები უსამართლობით იხვეჭენ სიმდიდრეს, მაშინ ისინი რამდენიმე წელი რძეში მოტივტივე ყველს ჰგვანან, მაგრამ შემდეგ მთელი ამ უსამართლობით მოხვეჭილს ექიმებსა და მკურნალობაზე ფლანგავენ. ფსალმუნში წერია: „შჯობს მცირედი მართლისაი, ვიდრეღა არა მრავალსა მას სიმდიდრესა ცოდვილთასა“ (36,16). ყველაფერი, რაც უსამართლოდ გროვდება, ქრება, ქარს მიაქვს. ავადმყოფობა, გაკოტრება თუ სხვა უბედურებანი ღვთისგან მოვლენილი გამოცდაა ასეთი ადამიანებისათვის. ეს ყოველივე კი სხვებს და არცთუ ისე ბევრს იშვიათად ემართება. ამიტომ ასეთ ადამიანებს ღვთისგან მიეზღვევათ და, საბოლოო ჯამში, მართალი იობის მსგავსად ისინი უფრო მდიდრები ხდებიან....
უსამართლო ადამიანი, და საერთოდ, ნებისმიერი, რომელიც სხვის წინაშე რაღაცაში დამნაშავეა და პატიება არ ითხოვა - საკუთარი სინდისიის ქენჯნით იტანჯება. ამას ემატება იმ ადამიანის გულისწყრომა, ვისაც მან აწყენინა. რადგან ის, ვისაც უსამართლოდ მოექცა, თუ არ შუნდობს თავის მაწყენარს და მუდამ იჩივლებს მასზე, მაშინ უკანასკნელი ძლიერ ტანჯვა-წვალებას განიცდის. ასეთ დროს უსამართლო ადამიანს აღარ შეუძლია ძილი, იგი ისე იგრძნობს თავს, თითქოს უზარმაზარი ტალღები ეხეთქება. გონებისათვის მიუწვდომელია, როგორ გრძნობს იგი მის მიერ განაწყნებულის გულისწყრომას. როდესაც ერთ ადამიანს უყვარს მეორე და, ამ სიტყვის დადებითი მნიშვნელობით, ფიქრობს მასზე, მაშინ ეს უკანასკნელიც გრძნობს მის სიყვარულს. დაახლოებით ამდაგვარი რამ ხდება განაწყენების შემთხვევაშიც. ოჰ, რაოდენ მტანჯველია, როდესაც განაწყენებულის აღშფოთება უსამართლო კაცს სულს უფორიაქებს! მაშინაც კი, როდესაც იგი სადღაც შორს იმყოფება - თუნდაც ავსტრალიაში, ან იტალიაში, თუკი ვინმეს სული მის გამო აღშფოთებულია, მაშინ იგი სიმშვიდეს ვერ პოულობს.
- მაგრამ თუკი ეს ადამიანი უგრძნობია?
- განა უგრძნობი ადამიანები არ იტანჯებიან?! იტანჯებიან, მაგრამ ისინი სხვადასხვა გასართობებით იტყუებენ თავს, რათა დავიწყებას მიეცნენ. ხდება ასეც: უსამართლოდ განაწყენებულმა შეუნდო დამნაშავეს, მაგრამ მის გულში კვლავ დარჩა მციროდენი გულისტკივილი. მაშინ, თავად ისიც, გარკვეულწილად, იტანჯება. თუმცა, რა თქმა უნდა, მის გულისწყრომაში დამნაშავე კიდევ უფრო მეტად იტანჯება. თუმცაღა, თუკი ის, ვინც დამნაშავეა, შენდობას ითხოვს და უსამართლოდ განაწყენებული მას არ აპატიებს, მაშინ ტანჯვას ეს უკანასკნელი იწყებს. არ არსებობს კოცონი, რომელიც უფრო მეტად წვავს, ვიდრე სულის შინაგანი ცეცხლი, რომელიც სინდისის ქენჯნისგან იბადება. ასეთ ადამიანს სინდისი უკვე ამ ცხოვრებაში ტანჯავს, მას განუწყვეტლივ ღრღნის შინაგანი ჭია. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში დაუ- ძინებელი ჭია� კიდევ უფრო მეტად დაღრღნის მის სინდისს, თუკი ამ ცხოვრებაში არ შეინანებს და არ დაუბრუნებს თავის ახლობლებს იმას, რაც მათ უსამართლოდ წაართვა...
- მამაო, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან?
- როგორ უნდა მოვექცეთ მათ? როგორც ჩვენს უდიდეს კეთილისმყოფელს, რომელიც ჩვენს სახელზე საუფლო საგანძურში შენატანს აკეთებს. ასეთი ადამიანი საუკუნოდ გვამდიდრებს. განა ეს ცოტაა? განა ჩვენ არ გვიყვარს ის, ვინც კეთილისგვიყოფს ჩვენ, განა არ გამოვხატავთ მათდამი ჩვენს მადლიერებას?! სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს და მადლიერნი ვიყოთ იმისა, ვინც უსამართლოდ გვექცევა, რადგან იგი ჩვენი მარადიულობისათვის კეთილისმყოფელია. როგორც უსამართლო ადამიანები არიან საუკუნო გამართლებას ჩამოცილებულნი, ასევე ის, ვინც სიხარულით დაითმენს უსამარ- თლობას, მიიღებს მარადიულ გამართლებას.
ერთი ღვთივსათნო, ოჯახის უფროსი ადამიანი თავის სამსახურში უამრავ უსამართლობას ითმენდა. მაგრამ მას ჰქონდა მრავალი სიკეთე და ყველა უსამართლობას უდრტვინველად იტანდა. ერთხელ იგი ათონზე ჩამოვიდა, ჩემთან მოვიდა, მიამბო თავისი საცდურების შესახებ და მკითხა: „რას მირჩევთ, რა გავაკეთო?“ - განაგრძე, როგორც დაიწყე, - ვუპასუხე მე, - გქონდეს ღვთის სამართლიანობისა და ღვთის კეთილად მიგების იმედი და დაითმინე. უფალს არაფერი ეკარგება. ასეთი ქმედებით შენ ღვთიურ საგანძურში სიმდიდრე შეგაქვს. ეჭვგარეშეა, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შენ იმ გამოცდების სამაგიეროს მიიღებ, რომლებიც უხვად დაგეყარა თავს. მაგრამ, ამას გარდა, ისიც იცოდე, რომ მოწყალე უფალი უსამართლოდ განაწყენებულ ადამიანს უკვე ამ ცხოვრებაშიც მიაგებს სამაგიეროს - თუნდაც არა პირადად მას, მაგრამ მის შვილებს, - აუცილებლად. უფალი ფიქრობს, ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მან კარგად უწყის, რა უნდა მიაგოს მას.
თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფრს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება. მოთმინება, რომელშიც არ იქნება მხოლოდ გონებრივი განსჯა. რახან უფალი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს აკვირდება, მაშინ ადამიანმა ბოლომდე უნდა მიანდოს მას თავი. შეხედე იოსებს - ის ხომ დუმდა, როცა ძმები მონობისთვის ყიდდნენ. მას შეეძლო ეთქვა: „მე მათი ძმა ვარ“. მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ, შემდეგ უფალმა თქვა თავისი სიტყვა და მეფე გახადა იგი. ხოლო თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა - მას უნდა, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც თავად აწყობს. ისე, რომ ის იყოს კარგად. მაგრამ, ბუნებრივია, იგი ვერც სიმშვიდეს პოულობს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას არ სურს.
თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში დაითმენს კაცთაგან, ან ეშმაკთაგან მოვლენილ უსამართლობას, მაშინ უფალი მის გამო აღარ ნერვიულობს, რადგან ასეთი ადამიანის სული სარგებელს იღებს. თუმცაღა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ვიღაც უსამართლოდ გვექცევა, მაშინ, როცა სინამდვილეში, ჩვენ თავად ვართ უსამართლონი სხვების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ყურადღება გვმართებს და უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენ თავად ვართ დამნაშავენი.
თარგმნა თამარ ასათიანმა
orthodoxy@wanex.net
2003
მამა პაისის შესახე რა კარგი თემა აღმოვაჩინე აქ
სასიამოვნოა ძალიან
ახლა შევუდგები მის წაკითხვას,დარწმუნებული ვარ ნამდვილი საუნჯეა აქ თავმოყრილი,რასაც გადავხედე,ძალიან სასარგებლოა.
წავიკითხავ და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია,მასზე გავამახვილებ ყურადღებას
თარგმნა თამარ ასათიანმა
orthodoxy@wanex.net
2003
ჰეჰ, არადა ზოგიერთები ამტკიცებდნენ, ცქნაფო მამა პაისის შეურაცხყოფოს, მოძღვრებთანც კი მიჰქონდათ ენები
წიგნები იკითხეთ, წიგნები, ვინ აკეთებს იმ წიგნებს, იქნებ მიხვდეთ
თამარი_ცქნაფო
მამა პაისის წიგნი წავიკითხე ეხლა ხანს, ძალიან სასარგებლო ა
საერთოდ, როდესაც ჩვენი თანამედეროვე მამების წიგნებს ან ცხოვრებას ვკითხულობ, რაღაცნაირად სხვა განცდაა როდესაც XX საუკუნეშიც არსებობენ ასეთი ადამიანები
თამარი_ცქნაფო
მთარგმნელი ხარ? მოკლედ მაგ წიგნზე წააწერე, დიდი სიყვარულით მიშა სონღულაშვილს თამარა მთარგმნელისაგანო და მაჩუქე... ყველაფერი მე გასწავლოთ? ჩემი თარგმანები რომ გამოიცემა ორ-ორ ეგზემპლარს გაჩუქებ სანაცვლოდ... პ.ს. ნუ დამიწყებ არ მაქვსო და ა.შ. თუ არ გაქვს იყიდე
თამარი_ცქნაფო
ცქნაფ მამა პაისის წიგნზე საუბრობთ?
რუსულიდან თუ ბერძნულიდან?
როგორ მიყვარს მამა პაისიიი სულს მითბობს რააა
მამა პაისის წიგნები მაქვს(სიტყვები) 1,3,4,5 - მეორე ვერსად ვერ ვიშოვე თუ არ გამოსულა ვერ გავარკვიე გადავაქოთე მთელი მაღაძიები მარა არააა
ღმერთისგან განშორებული ადამიანი ჯოჯოხეთის ტანჯვას განიცდის
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია, სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს. ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი - არა, ის შინაგანად იტანჯება. ამიტომ რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეთ ღმერთთან. მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს. იესო ტკბილისაგან განშორებული ცხოვრებით ჩვენ უმწარეს ფიალას ვიგემებთ. როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სიტკბოს და სამოთხისეულ სიხარულს გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი ყოველდღიურად უფრო აღმატებულისკენ მიდის. მას უჩნდება კითხვა „ნუთუ სამოთხეში ჩემს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე?“ ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს, რომ არანაირი საქმის კეთება არ შეუძლია. ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიტკბოსაგან მისი ფეხები სანთლებივით იდრიკებიან მუხლებში. გული ლამის გასკდეს, სიხარულისაგან თრთის, სურს, რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს - რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი გულს არარადღირებულ წვრილმანებად მიუჩნევია.
თავდაპირველად ადამიანი ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. თუმცა ამის შემდეგ ის დაშორდა ღმერთს და თავს ისე გრძნობს, თითქოს თავდაპირველად სასახლეში ცხოვრობდა, შემდეგ კი სამუდამოდ სასახლის კარიბჭის მიღმა აღმოჩნდა, შესცქერის სასახლეს შორიდან და ტირის. როგორც განიცდის ბავშვი, როდესაც დედისგან შორს იმყოფება, ასევე განიცდის და იტანჯება ადამიანი, როცა ღმერთს შორდება. ღვთისგან განდგომილი ადამიანი ჯოჯოხეთურ ტანჯვას გრძნობს. ეშმაკმა მოახერხა ადამიანები ისე დაეშორებინა ღვთისთვის, რომ მათ კერპების თაყვანისცემა დაიწეეს და ამ კერპებს თავიანთ შვილებს სწირავდნენ მსხვერპლად. რა საშინელებაა ეს! ან ეს ეშმაკები საიდან შეკრებენ ხოლმე მათ... ამდენ „ღმერთს“?! „ღმერთი“ ჰამოსი! [3] ამ ერთი სახელის მოსმენაც კმარა! ერთის მხრივ, სხვებზე მეტად თვით ეშმაკი იტანჯება - ის ხომ ღმერთის სიყვარულს ყველაზე უფრო დაშორდა. მაგრამ თუ სიყვარული ქრება, მაშინ ჯოჯოხეთური სატანჯველი იწყება, რა ეწინააღმდეგება სიყვარულს? ბოროტება. ხოლო ბოროტება და ტანჯვა ეს ერთი და იგივეა.
ის, ვინც ღმერთს განეშორა, ეშმაკეულ ქმედებას იღებს, მაშინ, როდესაც - იგი, ვინც ღმერთთან ცხოვრობს, საღმრთო მადლის მიმღებია. საღმრთო მადლი მიემატება მას, ვინც მას ფლობს. მაგრამ თუკი ადამიანს ცოტა მადლი აქეს, მაგრამ მისდამი შესაბამისი ღვთისმოსაობით არ არის განწყობილი, მაშინ ის ცოტაც წაერთმევა, რაც აქვს. თანამედროვე ადამიანებში საღვთო მადლის ნაკლებობაა, რადგან ცოდვებით მადლის იმ ნამცეცებსაც კარგავენ ხოლმე, რასაც ფლობენ [4]. ხოლო როდესაც მადლი ტოვებს ადამიანს, მას მთელი გაშმაგებით ესხმიან თავს ეშმაკები.
იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად განეშორებიან ადამიანები ღმერთს, ისინი მრავალ იმედგაცრუებას იტანენ ცხოვრებაში. რამდენადაც კაცი ღვთის ნების თანახმად ცხოვრობს, იმდენად - ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში - იგი სამოთხისეული ნეტარების სიტკბოებას იგემებს ხოლმე. ჩვენ ან უკვე აქვე ნაწილობრივ შევიგრძნობთ სამოთხის სიხარულს და სამოთხისკენ აქედანვე გავემართებით, ან უკვე აქვე ჯოჯოხეთურ ტკივილებს განვიცდით და - ღმერთო დაგვიფარე - ჯოჯოხეთში მოვხვდებით. სამოთხე ეს იგივეა, რაც სიკეთე, ჯოჯოხეთის ტანჯვა კი - რაც ბოროტება. სიკეთის კეთებისას ადამიანი სიხარულს გრძნობს, ცოდვის ქმნისას - იტანჯება. რაც მეტ სიკეთეს იქმს კაცი, მით მეტად ხარობს, რაც მეტ ბოროტებას აღასრულებს იგი, მით უფრო ძლიერად იტანჯება მისი სული.
მამა პაისი, სულს მალამოსავით ხვდება და ფიქრის ხასიათზე მაყენებს...
წვლილს მეც შევიტან ამ თემაში და მის სურათებს დავდებ, რომლებიც იმედია უახლოეს მომავალში ხატებად იქცევა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ბერი პაისი ათონელი
წმიდა არსენ კაბადოკიელი
წმიდა არსენის (ჰაჯიეფენდის) ცხოვრება
http://martlmadidebloba.ge/tsmindanebi30.html
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)