თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2018, 06:48 PM

"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.

ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო.

ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო.

ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა.

ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:07 PM

"ლუბოვ რიაზანელი ცხოვრობდა XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის I ნახევარში. მისი მშობლები რიაზანის ოლქის პატარა ქალაქ პრონსკიდან იყვნენ და დაბალ წოდებას ეკუთვნოდნენ.

ლუბამ ბავშვობა დედასთან და დასთან ერთად გაატარა რიაზანში. პატარაობიდან დიდ სულიერ ლტოლვას იჩენდა უფლისადმი. ფიზიკურად ძალიან სუსტი ბავშვი იყო - 15 წლის განმავლობაში მოძრაობის უნარი არ გააჩნდა - არ შეეძლო ფეხზე დგომა და სიარული.

ოთახში, სადაც იწვა, ხატების კუთხეში ჰქონდათ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხატი და განუწყვეტლივ ლოცულობდა. უფალმა ისმინა მისი დიდი სათნომყოფელის თხოვნა და გოგონას ჯანმრთელობა აღუდგინა.

ერთხელ შინ მარტო იყო. ნიკოლოზ საკვირველმოქმედი გამოეცხადა... შინ დაბრუნებულ დედას ქალიშვილი ფეხზე მდგომარე დახვდა. ამ სასწაულის მხილველმა დედამ სიხარულით შესძახა: "ეს შენა ხარ, შვილო, თუ მეჩვენება? როგორ დადექი ფეხზე?" ლუბამ გაუმხილა, რაც მოხდა და დასძინა, როგორ დამოძღვრა წმინდა ნიკოლოზმა: "ადექი, ლუბა, იარე და ისალოსე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2018, 10:54 PM

ამბავი კაცისა, რომელმაც ხელი აიღო წმინდა ნიკოლოზის განდიდებაზე

"ერთი ჩვენი პოჟარევჩელი ძმა წმინდა ნიკოლოზს თაყვანს სცემდა, როგორც თავისი გვარის მფარველს და ჯვრიან დიდებას. ადიდებდა მას ჯერ კიდევ კუნძულ კორფუზე, დევნილობაში. როცა სერბული ჯარი გადაისროლეს თესალონიკის ფრონტზე, ბევრი ჯარისკაცი განაგრძობდა ჯვრიანი დიდების ზეიმს (ანუ თავიანთი გვარის მფარველი რომელიმე წმინდანის ხსენებას), ბევრმაც შეწყვიტა. ასე მოიქცა პოჟარევჩელი ძმაც.

მეგობრებს ეუბნებოდა: "რატომ უნდა განვადიდო წმინდა ნიკოლოზი, თუკი არ მეხმარება? იმ წმინდანს განვადიდებ, ვინც შინ მიმიყვანს და იმ დღეს ვისი ხსენებაც იქნებაო!" 1918 წელს დაიწყო შეტევა და ჩვენი ჯარი ზამთრამდე დაბრუნდა სამშობლოში. დაბრუნდა შინ პოჟარევჩელი ძმაც. ოჯახში "საჯვრო" სადღესასწაულო სანთელი ენთო. "ვის დაუნთეთ?" - ჰკითხა ცოლს. "ჩვენს მფარველს, წმინდა ნიკოლოზს. ხვალ ხომ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულია?" ძმას შერცხვა. დარწმუნდა, რომ ცოცხალია ღმერთი და ცოცხალია წმინდა ნიკოლოზი და ყველგან უნდა პატივი მივაგოთ ჯვრიან დიდებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2018, 04:54 PM

"წმინდა ნიკოლოზ სერბს მოუყვა ბაჩკელმა ხელოსანმა: "მეშაბათეებთან გადავედი და მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებას აღარც ვფიქრობდი. მხოლოდ მხურვალედ ვევედრებოდი ცხონებისთვის. მოწყალე ღმერთმა ერთხელ ძილში მიჩვენა, თუ სად არის ჭეშმარიტება.

დამესიზმრა, - ბაღში ვარ. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სამაგიეროდ, უამრავი ქვაბი იდგა. უეცრად მარცხენა განაპირა ქვაბთან მამაჩემი გამოჩნდა, თეთრწვერა, ოქროსფერი სამოსით მოსილ მღვდელმთავართან ერთად. იგი წყლის კურთხევას შეუდგა. მივიდა მარცხენა მხარეს, ჩაყო ჯვარი ქვაბში და ცარიელი აღმოჩნდა, წყალი არც მეორე და მესამე ქვაბებში ესხა, მეოთხეში მხოლოდ ფსკერზე იყო, სხვა ქვაბებში უფრო მეტი წყალი ესხა.

როცა მეუფემ მარჯვნივ, განაპირა ქვაბს გადასახა ჯვარი, წყალმა აიწია. ჯვრის ყოველი ჩაშვებისას ამ ზევით ამოსული წყლიდან კაკლისხელა, მზესავით მბრწყინავი ნაპერწკლები ცვიოდა. გაოცებული ვუცქერდი, შემდეგ მღვდელმთავარმა ჯვარი სამთხვევად გამოსწია. გამოჩნდა ხალხი და ჯვარს სამთხვევად მიუახლოვდა, მეუფე კი მათ წყალს ასხურებდა. წყლის წვეთები ნაპერწკლებივით ესხურებოდათ თავზე.

როცა ჩემი რიგიც მოვიდა, მღვდელმთავარმა მკაცრად მითხრა: "შენ რა საერთო გაქვს ამ ქვაბთან, შენი ქვაბი მარცხნივ დგას, ცარიელთა შორის. ადრე ხალხს ეკუთვნოდი, ახლა კი ეკლესიიდან განვარდნილებს შეუერთდი. წადი აქედან!". შიშისაგან აკანკალებულმა მამაჩემს შევხედე. მას თავი ჩაეღუნა და შემოხედვაც არ უნდოდა. მოვბრუნდი და ხალხისკენ გავემართე, მაგრამ ისინიც, როგორც კეთროვანს, ისე მომერიდნენ. ავტირდი და გამომეღვიძა...

ჭკუის სასწავლებელი გახლდათ ეს სიზმარი. მღვდელმთავარი, მამაჩემთან ერთად რომ გამომეცხადა, წმინდა ნიკოლოზი იყო, ჩვენი გვარის ზეციური მფარველი. როცა მართლმადიდებლობას ჩამოვშორდი, მისი დიდება შევწყვიტე. მივხვდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. დავუბრუნდი მამათა რწმენას, აღსარება ვთქვი და ვეზიარე. მას მერე წინანდელზე მტკიცედ მიპყრია მართლმადიდებლობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2018, 08:02 PM

"11 წელი ქარგავდა წმინდა ნიკოლოზის ხატს. ძაფად, რომლითაც ნიკოლოზის სახე და ხელები ამოქარგა, საკუთარი თმა იხმარა".



"ერთხელ ნიკოლოზობისთვის სკიტში თევზი არ ჰქონდათ. წინამძღვარი, მამა დამასკინი შეწუხდა და წმინდა ნიკოლოზს მიმართა: - გვაპატიე, რომ თევზი არა გვაქვს და დღესასწაულს შესაფერისად ვერ ვიზეიმებთო.

რამდენიმე საათის მერე მონასტერში ერთი მეთევზე მოვიდა და დიდი ტომრით თევზი მოიტანა - ეს თქვენო. კაცი მეორე ნახევარკუნძულელი აღმოჩნდა. თევზაობის დროს ქარს მისი ნავი ათონის ნაპირთან მოეცურებინა. უფიქრია, რომელიმე მონასტერს მივყიდი თევზს, სანამ გახმებაო. ამ დროს ტყიდან გამოსულა ბერიკაცი, მისი თევზი უყიდია და უბრძანებია, - სკიტში წაიღე ჩემს დღესასწაულზეო.

წინამძღვარმა ჰკითხა, როგორ გამოიყურებოდა ის კაციო. "აი, ასეო", - და მეთევზემ წმინდა ნიკოლოზის ხატზე მიუთითა. წინამძღვარი, როცა ამას უყვებოდა მამა დოროთეს, წუხდა, რომ ვერ მოიფიქრა, გამოესყიდა მეთევზისგან ის ფული, რომელიც მას წმინდა ნიკოლოზმა მისცა".



"რამდენიმე წლის წინ მონასტერში ერთი სალონიკელი დედაკაცი მოვიდა და წინამძღვარს უამბო: თურმე ის და მისი 4 წლის ვაჟი ეკლესიაში მიდიოდნენ. ბავშვი დედას ხელიდან გაუსხლტა და გზაზე გადაირბინა. დედამ წმინდა ნიკოლოზის სახელის მოხმობა მოასწრო და პატარას დიდი სისწრაფით მომავალმა სატვირთო მანქანამ გადაუარა. შერწუნებულმა მიირბინა შვილთან. ის სრულიად უვნებელი იხილა. ბიჭმა დედას უთხრა, მოხუცი პაპა გადამეფარაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2018, 08:03 PM

"წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა:

"ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2019, 10:51 AM



"ერთხელ კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს
და ყოველწლიურად დღესასწაულობდა მის ხსენებას. ასე მიაღწია მან ღრმა სიბერეს და რადგან უძლურების გამო მუშაობა არ შეეძლო, სიღატაკეში ჩავარდა. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. მოხუცი საგონებელს მიეცა, როგორ ედღესასწაულა ეს დღე. ბოლოს ცოლს უთხრა:

- აი, ახლოვდება ჩვენი საყვარელი მეოხის დღე, ჩვენ კი არაფრით შეგვიძლია ამ დღესასწაულის აღნიშვნა.

- იცი რა, ჩემო ბატონო, - უპასუხა ღვთისმოსავმა ცოლმა, - დიდი სიცოცხლე აღარ დაგვრჩენია, შვილები არა გვყავს, მემკვიდრეობა არავისთვის გვჭირდება: მოდი, გავყიდოთ, რაც გვაბადია ღვთისა და წმიდა ნიკოლოზისათვის. ხალიჩაღა დაგვრჩა: წადი, გაყიდე და შეიძინე, რაც საჭიროა ხვალინდელი დღესასწაულისთვის.
მოხუცმაც უსმინა ცოლს, აიღო ხალიჩა და გაემართა მის გასაყიდად. გზაში შემოხვდა კეთილმსახური ბერი და ჰკითხა:

- საით გაგიწევია, საყვარელო მეგობარო?

- ბაზარში მივდივარ ხალიჩის გასაყიდად, - უპასუხა ძველმა ხელოსანმა.

- კარგი, მეგობარო, - უთხრა ბერმა, - მაგრამ აბა ეს მითხარი, რას აფასებ შენს ხალიჩას? მე ვიყიდი.

- თავის დროზე 8 ოქროს მონეტა მაქვს გადახდილი, ახლა კი რასაც მომცემ დავყაბულდები.

- ექვსად მომყიდი?

- სიხარულით დაგითმობ, - მიუგო მოხუცმა.

ბერმა მაშინვე მისცა 6 მონეტა, გამოართვა ხალიჩა და იქაურობას გაშორდა
.
ბაზრობაზე მყოფი ხალხი გარსშემოერტყა ხელოსანს და ჰკითხა:
- საკუთარ თავს რისთვის ელაპარაკები? რაიმე ხომ არ გელანდება?
ისინი უსმენდნენ და ხედავდნენ მხოლოდ ხელოსანს, ხოლო წმინდა მღვდელმთავარს ვერც ხედავდნენ და არც მისი ხმა ესმოდათ.

ამ დროს წმინდა ნიკოლოზმა ხელოსნის სახლთან ჩაიარა და დიასახლისს ხალიჩა უკან დაუბრუნა, თან უთხრა: "შენი მეუღლე – ჩემი ძველი მეგობარია; დღეს ბაზრობაზე შემომხვდა და მთხოვა შენთვის ეს ხალიჩა გადმომეცა". ამ სიტყვების შემდეგ მღვდელმთავარი თვალს მიეფარა. ქალს ძლიერ ეწყინა, ჩემს ქმარს ხალიჩის გაყიდვა დანანებიაო.

ამასობაში კი ხელოსანმა ყველაფერი შეიძინა, რაც დღესასწაულისთვის იყო საჭირო და შინ ხელხვავრიელი დაბრუნდა. მაგრამ ცოლმა საყვედურებით აავსო: "აღარ მინდა შენთან ცხოვრება, შენ წმინდა ნიკოლოზს ეცრუე. უმჯობესი იყო, არ შეპირებოდი, ვიდრე სიტყვა გაგეტეხა. აი, შენი ხალიჩა, მე კი ვეღარ მიხილავ, რადგან მოიტყუე".

ხელოსანი განცვიფრდა და ცოლს დაეკითხა, საიდან გაჩნდა სახლში ეს ხალიჩაო. ცოლმაც ყველაფერი უამბო. მოხუცი მიხვდა, ვინ იყო ის უცნობი ბერი და გახარებულმა წამოიძახა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სასწაულთმოქმედო წმინდა ნიკოლოზის მიერ!" შემდეგ ცოლს უამბო, როგორ გაყიდა ხალიჩა და რა შეიძინა აღებული ფულით: სურსათ-სანოვაგე და ღვინო, სეფისკვერები და სანთლები სადღესასწაულოდ.

მაშინ ცოლ-ქმარმა ერთად ადიდა ღმერთი და მისი დიდებული საკვირველთმოქმედი. დაუყოვნებლივ წავიდნენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და ყველას უამბეს მომხდარი სასწაულის შესახებ. როდესაც ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს, მან ბრძანა, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ესაზრდოებინათ წმინდა სოფიის ტაძრის შემოსავლიდან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 08:02 PM

საოცარი დარაჯი

"ერთ ქალს ჰქონდა შესანიშნავი ბაღი - სხვადასხვა ჯიშის არაჩვეულებრივი ვაშლის ხეებით. ყოველ საღამოს დიასახლისი ჯვარს სახავდა სახლს და ბაღს აბარებდა წმ. ნიკოლოზს, რათა მას დაეცვა ის.

ერთხელ ქალთან მივიდა მეზობელი და უთხრა: - "მაპატიე, მაგრამ უნდა გამოგიტყდე, ოღონდ ჯერ მითხარი - ყოველ ღამე ვინ მორიგეობს ეზოსა და ბაღში? - მე ხომ ვიცი, რომ შენი ქმარი სამხედროა და ის ხშირად არაა სახლში. დედა მოხუცი გყავს, ბავშვები კი - პატარები, მაშ ვინ გდარაჯობთ?

რამდენჯერ მინდოდა თქვენს ბაღში გადმოძრომა ვაშლების მოსაპარად, მაგრამ ყოველ ჯერზე ვიღაც მოხუცს ვხედავ ხოლმე და შიში მიპყრობს".

მაშინ ქალმა უამბო მეზობელს საოცარი "დარაჯის შესახებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:43 PM

"წმ. ნიკოლოზს თაყვანს სცემს მსოფლიოს ყველა ერი, მიუხედავად სარწმუნოებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2020, 08:52 PM

ჩვილის გადარჩენა

"ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა.

სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი შინ დაბრუნდნენ. წმინდა ნიკოლოზი კი დიდ სასწაულს ამზადებდა იმ ქალაქის მცხოვრებთათვის. ღამით მან ამოიყვნა დნეპრიდან ჩვილი და სოფლის ჩაკეტილ ეკლესიაში თავისი ხატის ქვეშ დააწვინა. ცისკარზე მნათე რომ შევიდა ეკლესიის ეზოში, ბავშვის ტირილი შემოესმა. უსაყვედურა დარაჯს:

- შენ რა ბავშვიანი ქალების სასტუმროდ აქციე ტაძარი?!

დარაჯმა მნათეს გაკვირვებულმა შეხედა და ჩაკეტილი კარზე მიუთითა. მაშინ ორივე შევიდნენ ტაძარში და სასწაულმოქმედი ნიკოლოზის ხატის წინ ნახეს მტირალა ჩვილი, რომლის სახვევებს ჯერაც ვერ მოესწრო გაშრობა. დილაადრიან მიტროპოლიტმა თავისი წარგზავნილების პირით ამცნო ბავშვის მშობლებს და მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს ეს ამბავი. ასე იპოვეს უკვე გამოტირებული ჩვილი მშობლებმა წმინდა ნიკოლოზის ხატთან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 09:48 PM

"წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდათა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეგეწიოთ თქვენ წმინდა ნიკოლოზი, საქართველოს და მთელს მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს.

წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ წმინდა ნიკოლოზს ვუწოდეთ ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი.

შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. ღმერთი იყოს მფარველი ჩვენი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 08:45 PM

"ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიტყო მთებში მონასტრის არსებობა და დაარბია. მამა ზინობი ერთი ხანობა სოხუმთან ახლოს, ბერძნულ სოფელში ცხოვრობდა, სადაც არსობის პურს თერძობით მოირეწდა. ერთხელ სახლის პატრონმა გააფრთხილა, - უნდა შეგვამოწმონ და ჩაწერილი რომ არ ხარ, დაგიჭერენო. მამა ზინობი რამდენიმე დღით ტყეში დაბინავდა. ერთ ადგილას ფიჩხი იპოვა, ცეცხლი დაანთო და ლოცვა დაიწყო. 22 მაისი თენდებოდა. ამ დღეს ხსენებაა წმინდა შიო მღვიმელისა და წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარიში გადასვენებისა. შუაღამისას მამა ზინობის ტოტების მტვრევის ხმა მოესმა - ვიღაც თუ რაღაც მისკენ მოდიოდა. უეცრად დათვის ღრიალი მოესმა და მიხვდა, რომ ნადირის ბუნაგში დაბანაკებულიყო. ბერმა ლოცვა გააძლიერა და ლოცვაშივე მიეძინა. დილით მონადირემ გააღვიძა. კოცონი ჩამქრალიყო. მახლობელი ბუჩქები გადათელილი იყო. მონადირეს არ სჯეროდა მისი მონათხრობი: ეს დათვები ისეთი ავები არიან, ისე როგორ წავიდოდა, თავისი ბუნაგის დაწვისთვის "შური არ ეძიაო". მაგრამ იქაურობა კარგად რომ დაათვალიერა, აღმოხდა: - მართალი ხარ, მამაო, წმინდა შიოს და წმინდა ნიკოლოზს გადაურჩენიხარო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 11:14 PM

"როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვით"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 12:12 PM

"ახლაც, ამ რთულ დროს მინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ გაიღოს მოწყალება, შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 02:54 PM

"იმპერატორ კონსტანტინეს მოახსენეს მირონლუკიის ეპისკოპოსის მოსვლის შესახებ. მან ბრძანა, შეეშვათ მასთან ქრისტეს მსახური. მეუფე შევიდა დარბაზში და დაინახა ტახტზე მჯდარი იმპერატორი. სარკმლიდან შემოსული მზის სხივები იმპერატორს სახეზე სცემდა და ჭირდა თვალებს. ამიტომ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედმა მოიძრო მანტია და დააგდო იგი მზის სხივზე, რითაც იმპერატორს სახეზე ჩრდილი დაადგა, ანუ მანტია ჰაერში გაჩერდა მზის სხივზე, ისე როგორც საკიდზე. იმპერატორს გაოგნებისაგან ენა ჩაუვარდა. წმ. ნიკოლოზი იმპერატორს გაზრდილი გადასახადების შესახებ აუწყებდა და სანამ იგი საუბრობდა, მზის სხივზე ეკიდა მანტიაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2020, 07:35 PM

"ყველა ადამიანს თავის ცხოვრებაში წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია, არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა"

/ილია მეორე/

"წმინდა ნიკოლოზი მოწყალეა ყველას მიმართ"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2020, 02:43 PM

"თუ რაოდენი ძალა აქვს ლოცვას, მეოცე საუკუნის დასაწყისში მომხდარი ეს საკვირველი ამბავიც ცხადყოფს, რომელიც ხარბინში მოხდა:

იმ დროისათვის ქალაქში რუსი ემიგრანტები ცხოვრობდნენ, რომლებმაც თან უამრავი ხატი ჩამოაბრძანეს... რუსებმა სარკინიგზო სადგურზეც კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დიდი ხატი დაკიდეს...

ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე, ვაგზლის შენობაში თავიდან ფეხებამდე სველი მოხუცი ჩინელი შევარდა და ხსენებული ხატის წინ, იატაკზე დაემხო... ხელებაპყრობილი, აღელვებული მოხუცი რაღაცას ბურტყუნებდა... როგორც შემდეგ გაირკვა, როცა გაყინულ მდინარეზე გადადიოდა, ყინული ჩატყდა და უბედურს დინება უკვე სიღრმისაკენ მიაქანებდა, როდესაც გაახსენდა, რომ რუსები შემწეობას ყოველთვის იმ მოხუცს შესთხოვდნენ, რომლის გამოსახულებაც ვაგზალზე ეკიდა...

"ხუცესო ვაგზლიდან, ხუცესო ვაგზლიდან, გადამარჩინე!" - ამის ამოთქმაღა მოასწრო მოხუცმა, სანამ გონებას დაკარგავდა, მაგრამ გონს რომ მოეგო, უკვე მეორე ნაპირზე იყო... საბრალო თურმე მაშინვე წამოხტა და ვაგზლისკენ გაიქცა, რომ წმინდა ხუცესისათვის მადლობა შეეწირა, ასე სასწაულებრივად რომ გადაარჩინა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:59 PM

"მორწმუნეთა სურვილების მსწრაფლშემსმენელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 01:06 PM

როგორ გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა მფრინავი

"ყოფილი სამხედრო მფრინავი იხსენებდა, თუ როგორ გადაარჩინა იგი სიკვდილს წმ. ნიკოლოზმა დიდი სამამულო ომის დროს.

ამ მფრინავის დედა იყო მორწმუნე. შვილი კი შორს იყო ეკლესიისგან, მაგრამ დართო ნება დედას, რომ სამხედრო ფორმაში მისთვის ჩაეკერებინა რაღაც მედალიონი.

ეს მფრინავი ჩრდილოეთში იბრძოდა.

ერთხელ ბრძოლისას მფრინავის თვითმფრინავი დაცხრილეს, ის კი პარაშუტით გადახტა.

მფრინავი განწირული იყო: ჩაძირვით არ ჩაიძირებოდა, მაგრამ ბარენციის ზღვაში ისეთი ყინულოვანი წყალი იყო, რომ ის სულ მალე მოკვდებოდა.

უცებ მან გაიგო ნიჩბების ხმა. ხედავს - პატარა ნავი, მასში კი მოხუცებული, რომელმაც მფრინავი ნავზე აათრია, მერე ნაპირამდე მიიყვანა და გადმოსვა. იქიდან უკვე მოჩანდა დასახლება, საიდანაც უკვე მორბოდა ხალხი დასახმარებლად.

მფრინავი გაათბეს, დააპურეს. ძალიან გაუკვირდათ, თუ როგორ მიაღწია მან ნაპირს - არც ნავი და არც მოხუცი, რომელზედაც ის ჰყვებოდა, არსად იყო. როცა მფრინავს დაუბრუნეს სველი ტანსაცმელი, მასში აღმოჩნდა მედალიონი, რომელზეც გამოსახულ წმინდანში მფრინავმა მისი გადამრჩენელი მოხუცი შეიცნო. ეს იყო წმ. ნიკოლოზი, რომლის მიმართაც დედა მთელი ომის განმავლობაში ლოცულობდა შვილის გადარჩენისთვის - და ის ფრონტიდან ცოცხალი დაბურნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 01:33 PM

"ეს მოხდა კიევში გერმანული ოკუპაციის დროს.

ერთ ოჯახში გადაიცვალა დედა. დარჩა სამი შვილი - სულ პატარები, მიყოლებით. მამა ფრონტზე იყო.

ბავშვებმა დედის ცხედარი მაგიდაზე დააწვინეს. მერე რა უნდა ექნათ - არ იცოდნენ. ახლობელებიც არავინ ჰყავდათ, რომ დახმარებოდათ.

ბავშვებმა იცოდნენ, რომ გარდაცვალებულს ფსალმუნები უნდა წაუკითხონ. ფსალმუნები არ ჰქონდათ, ამიტომ რაც ჰქონდათ ის აიღეს - წმ. ნიკოლოზის დაუჯდომელი. დადგნენ გვერდი-გვერდ, დედის ფეხებთანდა დაიწყეს კითხვა:

"გიხაროდენ, სათნოებათა დიდო დამტევნელო... გიხაროდენ, ანელოზთა ღირსეულო თანამოსაუბრეო.. გიხაროდენ, ადამიანთა კეთილო წინაძღვარო..."

რა თქმა უნდა, რა სიხარულზე იყო საუბარი, მხოლოდ შიში და სიმწარე. მაგრამ ბავშვები აგრძელებდნენ და მივიდნენ სიტყვებმადე: - "გიხაროდენ, უბრალოთა საკვრელთაგან დამხსნელო და მკვდართა აღმადგინებელო..." და ამ სიტვყებზე - "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს!" - დედამ თვალები გააღო და წამოჯდა.

შეებრალა ღვთის დიდ სათნომყოფელს საბრალო ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ უმოწყალოდ".

---------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:37 PM

-----------------------------------

"1938 წლის ზაფხულში შინსახკომის თამანშრომელი დიმიტრი ეფიმოვი სამუშაოდ მიავლინეს ნოვოდერევენსკის რაიონში. სოფელში მისთვის შესაფერი ბინის მოძებნა რთული აღმოჩნდა - მასზე ადრე ჩამოსულებს აქ ყველა ადგილი უკვე დაეკავებინათ. ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაკებმა ერთი მარტოხელა ქვრივის სახლში გადაწყვიტეს ოთახის დაქირავება. მაგრამ ქვრივმა განაცხადა, რომ ოთახს არავის დაუთმობდა, რადგან იგი წმიდა ნიკოლოზს ჰქონდა დაკავებული. მას ოთახის გაღება უბრძანეს და როცა შევიდნენ, იხილეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის უზარმაზარი, იატაკიდან თითქმის ჭერამდე აზიდული ხატი. იგი აიღეს და საბრალო ქალის თხოვნა-მუდარის მიუხედავად სარდაფში ჩაიტანეს. ბოლოს ქვრივმა თქვა, რომ უსარგებლოდ ირჯებოდნენ, რადგან წმიდა ნიკოლოზი მაინც არავის დაუთმობდა თავის ოთახს. მას სიცილი დააყარეს. დიმიტრიმ შეიტანა ოთახში ნივთები, ოთახი ჩაკეტა და სამუშაოდ წავიდა.

იდგა ივნისის უღრუბლო დღე. უეცრად გაისმა ჭექა-ქუხილი და გაიელვა. დიმიტი მივარდა ფანჯარასთან და დაინახა, რომ იწვოდა ქვრივის სახლი. სასწრაფოდ მიირბინა შემთხვევის ადგილზე და თვითმხილველთაგან გაიგო, რომ მცირე, მუჭისხელა ღრუბლიდან გამოვარდა მეხი, რომელიც სწორედ მის მიერ დაქირავებულ ოთახს დაეცა. ამგვარად, წმიდა ნიკოლოზმა არავინ დაუშვა თავისი ხატის სამყოფელში. სახლი დაიწვა, ხატი კი უვნებელად გადარჩა. ქვრივმა მიიღო დაზღვევის თანხა, ააშენა ახალი ქოხი და მადლობდა წმიდა ნიკოლოზს წყალობისა და ნუგეშისათვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2022, 08:32 PM

"ჩვენს ოჯახში ინახება წმ. ნიკოლოზის უძველესი ხატი, რომელსაც განსაკუთრებულად ეთაყვანებოდა ჩემი დიდი ბებია - დარია პავლეს ასული. რატომ? - ამაზე მოგვითხრობს ოჯახის გადმოცემა.

ერთხელაც ახალგაზრდობაში ჩემი დიდი ბებია გაემგზავრა ადრიელ წირვაზე ვიკსენსკის ივერიის დედათა მონასტერში. ის ცხოვრობდა მონასტრიდან 15 კილომეტრში, სოფელ ველეტმაში. გზა ტყეში გადიოდა.

სადღაც შუა გზაზე დარიას გზა გადაუღობა ბინძურმა კაცმა. რა უნდა ექნა მარტოხელა, დაუცველ ქალს? მან დაიწყო მხურვალე ლოცვა: "მამაო ნიკოლოზ, დამეხმარე!" მყისიერად ტყიდან გამოვიდა ჭაღარა, არც თუ მაღალი მოხუცი კვერთხით ხელში, რომელიც არამზადას მოუქნია, ქალს კი უთხრა: "ნურაფრის გეშინია, უფლის მხევალო".

შეხედა კაცმა მოხუცს, შეტორტმანდა, შემდგომ კი დარიას უთხრა: "ქალო, მადლობა უთხარი ღმერთს და შენს მფარველს, თორემ მე ვიცი..." და ის ტყეში თვალს მიეფარა, მოხუციც გაუჩინარდა, თითქოს არც იყო...

ასე სასწაულებრივად, ხილულად ეჩვენა წმიდა ნიკოლოზის წყალობა დარიას. ამ სასწაულის მოყოლისას ჩემი დიდი ბებია ყოველთვის ტიროდა და მხურვალედ ლოცულობდა წმ. მღვდელმთავრის ხატთან".

/მონა ღვთისა იოანე, კალინიგრადის მხარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:33 PM

"მე ქმართან ერთად სოკოებს ვაგროვებდი, მაგრამ ტყიდან წვიმას გამოვექეცით. მანქანაში აღმოვაჩინეთ, რომ დავკარგეთ დოკუმენტები - მართვის მოწმობა და ტექ-პასპორტი, რომლებიც ტყეში ამოგვივარდა. ისინი დიდი ხანი ვეძებთ, მაგრამ ამაოდ.
ერთი კვირის შემდეგ ქმარს ვურჩიე, მუხლმოდრეკით ელოცა წმ. ნიკოლოზის მიმართ და ეთხოვა დახმარება. ქმარი დამთანხმდა, მაგრამ მკითხა: "და ლოცვის მერე როგორ მოვიქცეთ, ისევ ტყეში წავიდეთ?" მე ვუპასუხე: "როგორც ღმერთი გამოაჩენს".
ლოცვიდან ერთი წუთის მერე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ იპოვეს ჩვენი საბუთები. ისინი დაგვიბრუნეს უანგაროდ სრულებით უვნებელი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირა თავსხმა წვიმაში ეყარა მიწაზე".

/თამარ მაიაკოვა, ქ. ვლადიმირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 12:44 PM

40 დაუჯდომელი წმ. ნიკოლოზს

"ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულს სახლში საჭმელი არაფერი დამხვდა. ჩვენი ოჯახი განსაცდელში იყო - არ გვქონდა არც ფული, არც პური (მამა იყო მღვდელი, რის გამოც მას არ აძლევდნენ პროდუქტების ბარათებს და არც სამსახურში აჰყავდათ სადმე). დედა წინდებს ქსოვდა და თან ოდნავ გასაგონად გალობდა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." მამა ვიღაცასთან წავიდა კარტოფილის სათხოვნელად - მას 12 ცალი მისცეს. მე ვთქვი: - დედა, იქნებ მუშაობა დამეწყო რკინიგზაში? 16 წლიდან იყვანენ. იქნებ ასაკი მოვიმატო და მივიდე? - იყავი აქ, შვილო, რა მუშა გამოვა შენგან, როცა ჭიდან წყალს ძლივს იღებ, - მითხრა დედამ.

უცებ დედამ საქსოვი გადადო და ჩაფიქრებულმა თქვა:

აი, ამას კი ამბობენ, რომ ვინც წმ. ნიკოლოზს 40 დაუჯდომელს წაუკითხავს ყველაფერს მიიღებს ღვთისგან, რასაც სთხოვსო.

მაშ ახლავე დავიწყებ კითხვას, - გადაჭრით ვუთხარი მე. მაშინვე მივედი ხატების კუთხეში, დავიჩოქე და პირველად ცხოვრებაში დავიწყე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის კითხვა.

ვაგზის შენობაში განთავსებული იყო წიგნების მაღაზია და გაზეთების ჯიხური. მას განაგებდა ისააკ სკლარი. მისი შვილი იმავე სკოლის მეორე კლასში იყო, სადაც მე ვსწავლობდი.

სკოლა სადგურიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარეობდა. მე ყოველთვის მიწევა გავლა ამ მაღაზიის წინ და ინტერესი წიგნებისა და ჟურნალების მიმართ ყოველთვის მიბიძგებდა მისკენ, თუმცა უფულობის გამო ვერასდროს ვერაფერს ვყიდულობდი. ვიდექი ხოლმე 15 წუთი და ვიტრინებს ვათვალიერებდი. ასე ხდებოდა თითქმის ყოველ დღე.

და აი, მე თვალიერებისას უცებ მეკითხება მეპატრონე: - მიშა, გინდა ფული გამოიმუშავო? და არც კი დაუცადა ჩემს პასუხს, გამოვიდა და მიჩურჩულა, რომ დავალებული აქვს მოახდინოს მაღაზიის ინვენტარიზაცია და გასული წლის ანგარიშის ჩაბარება. - თუ ამას 5 დღეში გააკეთებ, მე შენ 30 მანეთს მოგცემ, - მითხრა მეპატრონემ.

ამ ამბის გაგებისას დედამ ჯვარი გამოსახა და ატირდა, მამამ კი მკითხა: - წმ. ნიკოლოზის რამდენი დაუჯდომელი წაიკითხე? - 38, დღეს იქნება 39. - აი, თავად ხედავ, როგორ ეხმარება წმ. მღვდელმთავარი. მის მიმართ ყოველთვის ილოცე, შვილო, - დასძინა მამამ. ცოტაოდენი შევჭამე და დავიწყე ლოცვა. დედ-მამაც ჩემს გვერდით ლოცულობდნენ, მუხლზე მდგომნი.

სკოლაში გაცილებისას დილით დედამ მითხრა: - მე სადგურში დაგელოდები, თუ დაგაგვიანდა ღამის 1-2 საათამდეც კი.

5 დღის შემდეგ მე ავიღე ცხოვრებაში პირველი ხელფასი - 30 მანეთი, რომელიც ესოდენ აუცილებელი იყო განსაცდელში მყოფი ჩვენი ოჯახისთვის.

***

დიდ დასვენებაზე ყველა მოსწავლე იღებდა უფასო საუზმეს რკინიგზის პროფკავშირების ხარჯზე. კლასში შემოჰქონდათ ემალის ქვაბით საჭმელი, 300 გრამი პური, ყველთან ან ძეხვთან ერთად. ჩემი მშობლები არ იყვნენ რკინიგზელები და ამიტომ მე საუზმე არ მერგებოდა. ამდენად შესვენებისას გამოვდიოდი ნახევრად ბნელ დერეფანში, სადაც ვჭამდი პურის ნაჭერს, რომელსაც სახლიდან მატანდნენ, თუმცა დედა ყოვლეთივს ვერ მატანდა პურს, დილით კი არასდროს ვჭამდი.

ერთხელ გაკვეთილების ბოლოს მამასახლისმა მითხრა: - ხვალ არ წახვიდე დასვენებაზე, მე შენ სიაში შეგიყანე და ჩვენთან ერთად ისაუზმებ. მე კი დაბნეულად ვკითხე: - ამის გამო ხომ არ დაგსჯიან? - არა, რას ამბობ, - მიპასუხა მან.

იმ დღიდან მეც ვიღებდი უფასო საუზმეს. და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ის საჭმელი ჩემთვის. დედ-მამამ დიდად გაიხარეს ამით.

8 კლასის დასრულების შემდეგ 14 წლისამ მე მუშაობა დავიწყე".

/დეკანოზი მიქაელის (ტრუხანოვი) მოგონებიდან/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 08:38 PM

"ჩემს 7 თვის შვილს დიდ ხანს ჰქონდა მაღალი სიცხე. მე ძალიან განვიცდიდი. დავიწყე ცრემლებით ლოცვა წმ. ნიკოლოზის მიმართ. მას ვთხოვე, ხვალამდე სიცხე გამქრალიყო, რის შემდეგაც მის სასწაულს საჯაროდ განვადიდებდი; და ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.

ცოტა ხნით ადრე კი წმ. ნიკოლოზი ჯვრისწერის ბეჭდის პოვნაში დამეხმარა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ თითზე ბეჭედი აღარ მეკეთა. ძალიან განვიცადე - ჯვრისწერა ხომ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. მე და ჩემი ქმარი ბეჭედს დიდხანს ვეძებდით, სადაც კი შეიძლებოდა. მე უკვე გამიქრა კიდეც იმედი, რომ მას ვიპოვიდი. ხოდა მხოლოდ წმ. ნიკოლოზისადმი ლოცვის იმედიღა დამრჩა, და ჰოი, საოცრებავ - იმავე საღამოს ვიპოვე ბეჭედი წინდაში, რომელიც თავად გავრეცხე.

ყველას გირჩევთ, ილოცოთ წმ. ნიკოლოზის მიმართ, ის ყველას ყველაფერში ეხმარება!"

/მხევალი ღვთისა სვეტლანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2022, 07:12 PM

"წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისათვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა".


"წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრვი საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმიდა ნაწილები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 04:59 PM

"ერთხელ მივდივარ ცენტრალურ ბაზარში. იყო ზაფხული, ცხელოდა. საღამოვდებოდა. უამრავ ხალხში ჩანთებით მივკვლევდი გზას - უამრავი ხილი ვიყიდე დედასთან საავადმყოფოში მისატანად. მანქანასთან მამაჩემი და ბავშვები მელოდნენ.

უცებ დავინახე - ჩემსკენ ბაბუა მოდის, რაღაცით ჩემს ბაბუასაც გავდა, ოდნავ მაღალი და უფრო გრძელი თმით, წვერით კი - უფრო ფართო. მან გამიღიმა და თქვა: - რამდენი რამ აუკიდიაო. მე კი ვუპასუხე: - დედა მყავს საავადმყოფოში. უცებ მომინდა, რამეზე დამეპატიჟა იგი.

- მიირთვიით, კეთილო კაცო, - ვუთხარი. მან უარი არ მითხრა, ტომარა გამომიწოდა, გამოართვა ხილი, სანაცვლოდ კი ფუთა მომაწოდა - წიგნს გადა. ვყოყმანობდი, ამეღო თუ არა, მან კი მითხრა: - აიღე, შენ უფრო გჭირდებაო.

გამოვართვი - ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ძველებური ხატი აღმოჩნდა. სპილენძის პერანგით. ხავერდში იდო, უკვე გახუნებული ჩანდა, რომ ძალიან ძველი იყო - "გამოჯანმრთელდება დედაშენი, მამაც ირბენს", - მითხრა კიდევ, სხვაც ბევრი რამ მითხრა, ჭკვიანურად დამარიგა. ვკითხე: - რა გქვიათ? ვიფიქრე, ეკლესიაში სანთელს დავუნთებ, საჯანმრთელოში მოვიხსენიებ-მეთქი. მან კი მითხრა: - მე არ მეძახიან, თავად მოვდივარო. გაიცინა და ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში...

მე მაინც გადავწყვიტე, მისთვის გადამეხადა, მაგრამ ფული სანამ ამოვიღე - ის გაქრა. ხელი დავავლე ჩანთებს, დავუწყე ძებნა, ხალხი გამოვკითხე - კვალს ვერ მივაგენი.

შემდგომ დედამ მითხრა, რომ ეს ალბათ თავად წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი იყო.

იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდით ლიფტი არ მუშაობდა. შევწუხდი - როგორ ავიდოდა მამა მე-8 სართულზე, მაგრამ მან დაუბრკოლებლად აირა ყველა სართული. საბოლოოდ კი 90 წლამდე იცხოვრა.

ის ხატი კი დღემდე ჩვენთანაა, ოჯახში, მზეზე ოქროსავით ბრწყინავს. ერთხელ ქურდები შემოვიდნენ, ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს, ხატს კი არ შეეხნენ.

აი, ასე ვცხოვრობთ - დიდი ქონება არ დაგვიგროვებია, მაგრამ მშვიდობამ და სიყვარულმა კი დაისადგურეს ოჯახში.

ძლიერი აღმოჩნდა ხუცესის ლოცვა, მისი რჩევები გამომადგა. მჯერა, მნიშვნელოვან მომენტში გამოგვიგზავნა უფალმა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:28 PM

"ერთხელ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფელში ჩვენს მძახლებს შევხვედროდით. როცა დავაპირეთ გამგზავრება, მე ჩემი ვაჟის გამო შფოთმა შემიპყრო. ადგილს ვერ ვპოულობდი. მთელი დილა და მატარებელში მგზავრობის 8 საათი რატომღაც სწორედ წმ. ნიკოლოზს ვევედრებოდი ჩემი შვილის გადარჩენას.

როდესაც მძახლებთან ჩავედით, მიამბეს, რომ ჩემი შვილი ძლივს გადარჩა დახრჩობისგან. მისი ნავი გადაბრუნდა და ის გადაარჩინა კაცმა, ვინც თურმე საერთოდ არ აპირებდა მდინარეზე წასვლას. მაგრამ მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ დაავალაო, გადაწყვიტა მდინარეზე წასვლა.

ყოველ დღე ვმადლობ წმ. ნიკოლოზს ამისთვის!"

/ირინა დეტკოვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 02:31 PM

"ჩემი ბებია, დედა და მეც, როგორც კი დავიწყე ლაპარაკი, მასწავლეს და ყოველთვის ვლოცულობდით წმიდა მღვდელმთავარისადმი.

სამი წლისას დამეწყო ებანლუობა და ვერავინ გაიგო ამის მიზეზი. მე სკოლაშიც კი არ მიმიღეს ამის გამო. დედა სად არ მატარებდა - საუკეთესო ექიმებთან მომატარა, მაგრამ ამ შემთხვევაში მედიცინა უძლური იყო.

ერთხელ დედა ორცხობილას აცხობდა. უცებ გაიღო კარი და ზღურბლზე ბაბუა გამოჩნდა. დედას შეეშინდა და ჰკითხა: - როგორ გამოიარეთ ჩვენი ეზო? იქ ხომ ავი ძაღლია? ჩვენი ძაღლის გვერდის ავლას ვერავინ ახერხებდა. მოხუცმა კი უპასუხა: - მე ძაღლები არ მერჩიან.

დედამ რატომღაც უამბო ჩემი ენაბლუობის შესახებ. მოხუცი თანაგრძნობით განეწყო და მას ასეთი რჩევა მისცა: - რამე გამოაცხე, წაიღე ეკლესიაში, მიეცი პირველ შემხვედრ მღვდელს და სთხოვე, ილოცოს ბავშვისთვის. თქვა თუ არა ეს, ისევე ჩუმად წავიდა, როგორც გამოჩნდა და არც ამ დროს გაგვიგია ძაღლის ხმა.

დედამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც უთხრა ბაბუამ და იმ დღიდან ყოველდღიურად მისწორდებოდა მეტყველება. სექტემბრისთვის უკვე შევძელი სკოლაში წასვლა. ვინც მისმენდა ვერაფრით იჯერებდა, რომ ოდესღაც ასე საშინლად მებმოდა ენა. მთელი ცხოვრება ვმადლობ დიდ მღვდელმთავარ ნიკოლოზს ამ დახმარებისთვის და შვილებსაც ვასწავლე მისდამ ლოცვა. წმიდანი მათაც ეხმარება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:28 PM

"ერთხელ ჩემი ქალიშვილი მეგობართან ერთად იალტაში გაემგზავრა დასასვენებლდ. უფასო ბილეთით უკრაინამდე მივიდნენ, მაგრამ იქ რუსული უფასო ბილეთით აღარ გადაუშვეს, გოგონებს კი ფული გაანგარიშებით ჰქონდათ და არ იცოდნენ, რა ექნათ. უცებ მათთან მივიდა ოჯახური წყვილი და იალტამდე წაყვანა შესთავაზეს. მართლაც, წაიყვანეს და იქაც ზრუნადნენ გოგოებზე.

ერთხელ, დასვენებისას ჩემმა შვილმა ჰკითხა ამ კეთილ ადამიანებს, თუ რატომ მოიქცნენ ასე, მათ კი უპასუხეს: - ჩვენ შეიძლება არ შეგვენიშნეთ სადგურზე, მაგრამ ვიღაც მოხუცმა გვთხოვა, გვეზრუნა თქვენზეო.

აი ასე: მე ხომ ჩემი შვილის გამგზავრებისას მხურვალედ ვილოცე წმიდა ნიკოლოზის მიმართ და წმიდანმაც იზრუნა გოგონებზე რთული მდგომარეობის დროს"

/ირინა ნიკენკო, ქ. უფა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 03:49 PM

"ოლეგ კოვალკოვის ცხოვრებაში წმ. ნიკოლოზის მეოხებით ბევრი სასაწაული მოხდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მისი ნაცნობის განკურნება ონკოლოგიური ავადმყოფობისაგან.

ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, კიბოს უჯრედები ძალიან სწრაფად პროგრესირებდნენ. ექიმები აძალებდნენ სასწრაფო ოპერაციას. ანალიზები გადაამოწმეს რამდენიმე კლინიკაში - დიაგნოზი ყველგან დადასტურდა: - "პროგრესირებადი კიბო".

მაშინ ოლეგმა მისცა ქალაქ ზარიდან ჩამობრძანებული წმიდანის საფლავიდან აღებული მირონი და ურჩია ეცხო შუბლსა და მტკივან ადგილზე.

რამდენიმე კვირის შემდგომ ქალმა გადაწყვიტა, წვეთებად დაელია წმინდა მირონი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან წინა საოპერაციოდ გაიკეთა ანალიზები. შედგმა ექიმები გააოგნა - კიბოს უჯრედებს ზრდა შეწყეტილი ჰქონდა და მათი რაოდენობა საგრძნობლად იყო შემცირებული. ამჟამად ქალი სრულებით ჯანრმთელია - მის ორგანოში კიბოს უჯრედები აღარაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 06:50 PM

"ეს მოხდა მაისში. დედაჩემი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. იდგა დიდ გზასთან რაიმე მანქანის მოლოდინში, მაგრამ არავინ უჩერებდა მოხუც ადამიანს. დიდი ხნის ლოდინისა და შიმშილის გამო დედაჩემს ფეხები ეკვეთებოდა და ამიტომ, დაინახა რა ჰორიზონტზე მორიგი მანქანა მან თვალცრემლიანმა წმ. ნიკოლოზს მიმართა - დახმარებოდა სახლში იღწევაში. მანქანამ გაუარა გვერდით, მაგრამ დაახლოებით 100 მეტრში გაჩერდა. იქიდან გადმოვიდა ქალი და დედას ხელი დაუქნია. გახარებული დედა მანქანისკენ გაიქცა, სადაც ადამიანთა შეშინებულ სახეებს წააწყდა - თავისუფალი ადგილი არ იყო.

- ბებია, შენ შემთხვევით ხომ არ დაგვწყევლე? იკითხა ქალმა - გულწრფელად გვითარი, რას ფიქრობდი, როცა დაგვინახე?

- მე მხოლოდ წმ. ნიკოლოზს მივმართე ლოცვით, რათა მას გაეჩერებინა თქვენი მანქანა. მადლობა თქვენ, რომ შემიბრალეთ და გააჩერეთ, - უთხრა დედამ.

- აი, სწორედ მან გააჩერა, - მიუგო ქალმა, როცა მანქანით გვერდზე გაგიარეთ იმ კუთხეში, სადაც ჰკიდია წმ. ნიკოლოზის ხატი, ძლიერი ხმა გავიგეთ და აი ამგვარად, სივიწროვეში, მანქანა მოულოდნელად გაჩერდა, მაგრამ მეგობრულად, დედაჩემმა სახლში მოაღწია"

/ვ. საკულევა, ქ. სამარა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 07:35 PM

"იდგა უმძიმესი 90-იანი წლების პერიოდი...

ხელფასი გაუკრვეელი დროით გადაიდო. შვილი მეორე კლასში იყო, სესხსაც ვერავისგან ვშოულობდით.

მოვედი სახლში და უძლურებისგან ავტირდი. დავიწყე წმ. ნიკოლოზისადმი ვედრება. ვტიროდი დიდხანს...

გადავწყვიტე, საღამოს წიგნი წამეკითხა. ერთ-ერთი ამოვირჩიე, გადავშალე - შიფ ფული დევს, თითქმის ჩემი ხელფასის ოდენობის (დიდი ხნის წინ გადამიდია და დამავიწყდა). ორი დღის შემდგომ კი მოულოდნელად ხელფასიც მომცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 03:46 PM

"დნეპროპეტროვსკში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა შუა ხნის ქალი, სახელად ეკატერინე. ერთი კაცი, როემლიც ძლიერ იყო მიდრეკილი ალკოჰოლისკენ, არ ასვენებდა ამ ქალს, მიუხედავად ეკატერინეს წინააღმდეგობისა.

ერთხელ ღამით მან გადაწყვიტა, შეეღწია ქალის ოთახში. ეკატერინეს არავის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მეზობლები, ამჯობინებდნენ, არ ჩარეულიყვნენ ასეთ დროს. კარი თითქმის ბეწვზე ეკიდა. გამწარებულ ეკატერინეს აღმოხდა: - ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, შემეწიე! და დაიწყო კარებზე ჯვრი გამოსახვა. გავიდა რამდენიმე წუთი, ჩამოვარდა სიჩუმე...გაისმა მოძალადის ნაბიჯების ხმა, რის მერეც მან დაიწყო მეზობლებთან კაკუნი, მაგრამ არავინ გაუღო.

დილით კაცი მივიდა ეკატერინესთან და ჰკითხა: - ვინაა ის წვერიანი მოხუცი, ვინც ცხოვრობს შენთან ოთახში? როცა მე ვცდილობდი შემოღწევას, ის გამოვიდა შენი ოთახიდან და გამაგდო. მერე მეზობლებს მივაკითხე, მაგრამ არც იქ მომასვენა და ასე - დილამდე.

თავიდან ეკატერინემ ვერც კი დაიჯერა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, შემდგომ კი გაიხსენა, რომ დახმარებისთვის მოუხმო წმ. ნიკოლოზს, მან კი ის განსაცდელში არ მიატოვა"

/ტატიანა, ქ. დნეპროპეტროვსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2022, 04:09 PM

"ექვსი წლისა წავედი მდინარეზე საცურაოდ. ცურვა სასიამოვნო იყო, მაგრამ დავიწყე ჩაძირვა, ისე, რომ მთელი ჩემი მოკლე ცხოვრება - დაბადებიდან იმ დღემდე - კადრებივით დამიდგა თვალწინ... მე ყოველთვის მომწონდა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, ალბათ ამიტომ დავიწყე ყვირილი: - "მამაო ნიკოლოზ, დამეხმარე!" ამ დროს რაღაც ძალამ ამომაგდო წყლიდან. ვხედავ ზურგით შებრუნდა მოხუცი და მიდის. მივაღწიე ნაპირს და გადავწყვიტე მას დავწეოდი, მაგრამ ის თითქოს გაზავდა ჰაერში.

ვფიქრობ, ეს წმ. ნიკოლოზი იყო, რომელმაც სიკვდილისგან მიხსნა"

/იური ვლადიმიროვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 07:25 PM

"გაზაფხულზე დავკარგე სამსახური, დავიწყე ახლის ძიება... პანდემიის დროს შანსები თითქმის არ მქონდა. ვაკანსიები ცოტა იყო და ყველა მხრიდან უარი მომდიოდა... ერთი-მეორის მიყოლებით, ბევრი...

თანდათან შემიპყრო სასოწარკვეთამ, არსაიდან სინათლე, მეუფლებოდა შიში, როგორ მეცხოვრა შემდგომ (ვცხოვრობ გერმანიაში).

დამ გამომიგზავნა ამბები, თუ როგორ დაეხმარნენ წმინდანები მორწმუნეებს სხვადასხვა გარემოებებში დაუჯდომელის კითხვის შემდგომ, მაგრამ თითქოს არც კი ვიჯერებდი, რომ თავადაც მეცადა.

ერთხელ დამ გამომიგზავნ ერთი გოგოს ისტორია, თუ როგორ შეემთხვა სასწაული მას შემდგომ, რაც 40 დღე წაუკითხა წმ. ნიკოლოზს დაუჯდომელი... და აი, ამ მომენტიდან მე, როგორც ცის ელვამ, განმინათა გონება, ეს აზრი გულში ჩამებეჭდა და გადავწყვიტე 40 დღე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის წაკითხვა, რათა მეოხისთვის სამსახური მეთხოვა.

34-ე დღეს გამიელვა აზრმა - ვაი, 6 დღე დამრჩა წასაკითხი და სასწაული ჯერაც არ მოხდა, და იმედი მომიკვდა და აი, ზუსტად შემდგომ დღეს, ისეთი რამ დატრიალდა... სიტყვებით გადმოვცემ... ვინაიდან ვცხოვრობ გერმანიაში, ყველა წვრილმანს გასაგებად ვერ მოვყვები, რა და როგორ იყო, მხოლოდ ერთს ვიტყვი - სასწაული მოხდა!

მე დავიწყე გადაკვალიფიცირება, რის მერეც სამსახურს ყოველთვის მოვნახავ, კრიზისების მიუხედავად (საგადასახადო კონსულტანტი ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა გერმანიაში). ამასთან, ვიღებ ძალიან დიდ სტიპენდიას. ჩემს ბედნიერებას არ აქვს საზღვარი.

სიხარულის ცრემლები მომდის. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი.

დიდება უფალს ყველაფრისთვის!

ვმადლობ წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს!

იმ დროიდან ყოველ ხუთშაბათს ვუკითხავ მას დაუჯდომელს. ვმადლობ სასწაულისთვის და არ დავიღლები მადლიერებით.

გწამდეთ! ითხოვეთ! ილოცეთ!

და ყველაფერი მოგეცემა, უფლის შეწევნით"

/ოქსანა, გერმანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 02:52 PM

"ბერძენი მეფის ლევისა და პატრიარქ ათანასეს დროს კეთილკრძალულ ხუცეს თეოფანეს ეჩვენა წმ. ნიკოლოზი და დაავალა, სასწრაფოდ წასულიყო ხატმწერ აგისთან, რათა მას დაეწერა სამი ხატი - უფალ იესო ქრისტესი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა. ხატები შემდგომ თეოფანეს უნდა ეჩვენებინა პატრიარქისთვის.

როცა ხატები იყო მზად და თეოფანეს სახლში გადააბრძანეს, მასპინძელმა მოამზადა ტრაპეზი და სახლში მიიწვია პატრიარქი. დაინახა რა ხატები პატრიარქმა შეაქო უფლისა და ღვთის დედის ხატები, წმ. ნიკოლოზის ხატზე კი თქვა, რომ ის უბრალო ადამიანების - თეოფანეს და ნონას შვილი იყო და არ უნდა დაეყენებინა მისი ხატი უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გვერდით.

დამწუხრებულმა თეოფანემ გააბრძანა წმ. ნიკოლოზის ხატი იმ ოთახიდან, დააბრძანა საპატიო ადგილზე და სთხოვა ერთ საეკლესიო მსახურს - მთელი ტრაპეზის განმავლობაში ლოცვით განედიდებინა წმ. ნიკოლოზი. ტრაპეზის დროს ღვინო გამოელიათ. შერცხვენის შიშით თეოფანე დაეხმოს მუხლებზე წმ. ნიკოლოზის ხატის წინაშე და სთხოვა დახმარება. ამის შემდგომ მასპინძელმა აღმოაჩინა, რომ ცარიელი ჭურჭელი შესანიშნავი ღვინით გავსებულიყო.

მეორე დილით ვიღაც დიდებულმა სთხოვა პატრიარქს მასთან მისვლა, რათა მისი ბოროტი სულებით შეპყრობილ შვილისთვის წაეკითხა წმ. სახარება.

როცა ისინი მიცურავდნენ ზღვით, დაიწყო საშინელი შტორმი, გემი გადაბრუნდა და ყველა წყალში ჩაცვივდა. დაიწყეს ლოცვა უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმ. ნიკოლოზის მიმართ.

მოულოდნელად გამოჩნდა წმ. ნიკოლოზი, ზღვაზე როგორც ხმელეთზე მავალი. ის მივიდა პატრიარქთან, მოკიდა ხელ, სიტყვებით: - ათანასე, ნუთუ შენ დაგჭირდა ჩემი, უბრალო ხალხის შთამომავლის დახმარება?

მას შემდგომ, რაც გემი ამოაბრუნა და ყველა წყლიდან იქ აიყვანა, წმინდანი უჩინო იქმს. გემი მალე მივიდა კონსტანტინოპოლში. პატრიარქი მაშინვე გაეშურა წმ. სოფიას ტაძარში, ხალხი გააგზავნა თეოფანესთან და დაავალა, მიებრძანებინათ წმ. ნიკოლოზის ხატი.

როცა ხატი მიაბრძანეს, პატრიარქი მის წინაშე მუხლებზე დაემხო და ცრემლებით უთხრა:

- შევცოდე, მაპატიე წმიდაო ნიკოლოზ, მე ცოდვილს.

უამბო რა წმ. ხატს პატრიარქმა და ყველა იქ მყოფმა წააბრძანეს ის წმ. სოფიას ტაძარში. შემდგომ დღეს მათ საფუძველი ჩაუყარეს კონსტანტინოპოლში ახალ ტაძარს წმ. ნიკოლოზის საპატივცემულოდ. როცა ტაძარი დასრულდა, ის სწორედ წმინდანის ხსენების დღეს აკურთხეს, რა დროსაც განიკურნა 40 სნეული კაცი და ქალი. ამის შემდგომ ბევრი სნეული მოდიოდა იქ: ბრმები, კოჭლები, კეთროვნები და წმ. ხატთან შეხებით იკურნებოდნენ, განადიდებდნენ რა ღმერთს და მის სასწაულმოქმედს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 09:57 PM

"წმინდა ნიკოლოზს სიცოცხლეშივე ისე ევედრებოდნენ, როგორც ხატზე დაწერილს ვევედრებით"

/ბოლნელი მთავარეპისკპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 05:41 PM

"სოფელ ზორისოვკაში იყო დიდებული მოძღვარი - მაამ ნიკოლოზი.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ანგრევდნენ ტაძრებს და აპატიმრებდნენ სასულიერო პირებს; ერთხელ მამა ნიკოლოზი დღის მეორე ნახევარში გავიდა ეზოში. მას ეფარა ფეტრიანი ქუდი და ეცვა მსოაცმელი.

ვიღაც ადამიანთა ჯგუფმა ჰკითხა: - სადაა მოძღვარი? სახლში?

მოძღვარი მიხვდა, რომ არ იყო ღვთის ნება, თავი მათთვის გადაეცა, რაკი ის ვერ იცნეს. ამიტომ ხელით რაღაც მიმართულება მიუთითა და უთხრა, რომ მოძღვარი იქით წაიდაო, თვითონ კი გაიქცა სხვა მიმართულებით. იქ იყო საკმაოდ ფართო მდინარე, საკმაოდ ცივი პერიოდი იყო, არც ხიდი იყო, არც ტრანსპორტი, წყალი კი - ძალიან ცივი იყო. უცებ მან შენიშნა მეთევზე ნავით. ფრთხილად დაუძახა და თავისთან მოუხმო, მიანიშნა, რომ მეორე ნაპირზე უნდოდა გადასვლა. როდესაც მდინარეზე გადადიოდნენ, სადღაც შუაში მეთევზემ ჰკითხა მოძღვარს: - შენ ვინ ხარ?

- დადგა მომენტი, როცა უნდა გამოცდილიყო ჩემი რწმენა. თუკი არ ვიტყოდი სიმართლეს მაშ რა ქრისტიანი ვიქნებოდი? მაგრამ თუ სიმართლეს ვიტყოდი, მაშინ მეთევზე ჩამახრჩობდა წყალში, რადგან იმ დროს ყველას შეეძლო მორწმუნე დაეჩაგრა".

ქრისტეს ჭეშმარიტმა მოძღვარმა თავი ღმერთს მიანდო, დასახმარებლად წმ. ნიკოლოზს მოუხმო და თქვა: - მე მღვდელი ვარ!

- მე კი მღვდელმთავარი ნიკოლოზი ვარ, - უთხრა "მეთევზემ", რის მერეც ის უხილავი გახდა, მამა ნიკოლოზი კი მოულოდნელად აღმოჩნდა მეორე ნაპირზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2022, 07:24 PM

"ჩვენს ოჯახში დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა შინამოსამსახურე კეთილმორწმუნე ქალი. მასთან ხელშეკრულება გვქონდა დადებული, რომელშიც შედიოდა მისი დაზღვევის უზრუნველყოფაც.

როცა ქალი დაბერდა ის ნათესავებთან გაემგზავრა საცხოვრებლად. როდესაც პენსიების შესახებ ახალი კანონი იქნა მიღებული, მოხუცი დოკუმენტებისთვის გვეწვია, რომლებიც პენსიის ასაღებად იყო საჭირო. მე გულდასმით ვინახავდი ამ საბუთებს, მაგრამ როცა მოვძებნე, ვერაფრით მივაგენი.

სამი დღე ვეძებდი ამ დოკუმენტებს - გადავაბრუნე ყველა ყუთი და კარადა - ყველაფერი ამაოდ. როდესაც მოხუცი კვლავ მოვიდა, მას დამწუხრებულმა ვაუწყე რაც შემემეთხვა, ქალი ძალიან განერვიულდა, მაგრამ სიმდაბლით თქვა: - მოდი წმ. ნიკოლოზის მიმართ ვილოცოთ, რათა ის დაგვეხმაროს და თუკი მაშინაც ვერ ვიპოვით საბუთებს, მომიწევს შევეგუო, რომ პენსია დავკარგე.

საღამოს გულმოდგინედ ვილოცეთ წმ. ნიკოლოზის მიმართ და იმავე დღეს მაგიდის ქვეშ კედელთან შევნიშნე გრაგნილი. ეს იყო სწორედ ის დოკუმენტები, რომლებსაც ვეძებდი. როგორც აღმოჩნდა, საბუთები საწერი მაგიდის უფრიდან გადავარდა უკან და მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, რაც მხურვალედ ვთხოვეთ წმ. ნიკოლოზს.

ყველაფერი კარგად დასრულდა - ჩვენს მოხუცს დაენიშნა პენსია.

ასე გვიხსნა წმ. ნიკოლოზმა და მსწრაფლ დაგვეხმარა ჩვენი განსაცდელისას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 04:57 PM

"ჩვენს ქალაქ ბრესტში რამოდენიმე წლის წინ მოხდა ასეთი სასწაული:

ერთი ქალი გაემგზავრა ჟიროვიჩესკის მონასტერში, ტაძრის დღესასწაულზე - ჟიროვიჩესკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ხსენების დღეს. უკვე ტაძართან კი ქალს გაახენდა, რომ დაავიწყდა კარის დაკეტვა. ის მარტოხელა იყო და ვერც ვერავის დაურეკავდა. მონასტერში შევიდა თუ არა ტაძარში სირბილით მიუახლოვდა წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატს და სთხოვა, სანამ ის ტაძრის დღესასწაულზე იქნებოდა, დაეცვა მისი სახლი. ამის მერე დაავიწყდა კიდეც თავისი პრობლემა. იმ დღეს ამს დიდი სიხარული დაეუფლა.

ბრესტში დაბრუნებისას მას გაახსენდა, რომ სახლი ღია დარჩა და ღელვამ შეიპყრო. სირბილით მივიდა სახლთან, შევიდა ღია კარში - ხედავს, ყველაფერი ადგილზეა და შვებით ამოისუნთქა. უცებ სახლში მეზობელი შევიდა (ურწმუნო ქალი) და უთხრა - მომისმინე, გუშინ შენთან შემოვიარე, აქ კი მოხუცი დამხვდა. ვკითხე: - სადაა ჩემი მეზობელი-მეთქი, მან კი მიპასუხა: - ის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თაყვანის საცემად გაემგზავრა, მე კი მთხოვა, სახლისთვის მიმეხედაო. ქალმა თავზე ხელი იტაცა - გაახსენდა, რომ სახლს დაცვა წმ. ნიკოლოზს სთხოვა და წმ. ნიკოლოზის ხატი მიუტანა მეზობელს - ეს კაიც დაგხვდა სახლში? მეზობელმა დაუდასტურა. აი ასეთი სასწაული აღასრულა ჩვენმა საყვარელმა წმ. ნიკოლოზმა ჩვენს დროში".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 06:43 PM

"ჩემი ბებოს სოფელში ცხოვრობდა ერთი უღმერთო კაცი. ომამდე ის ჩინოვნიკი იყო და ამიტომ მაცხოვრებლებისთვის ხელისუფალივით იყო. ის შედიოდა რომელიმე სახლში და მბრძანებლობდა: - "ხატი მოაშორეთ! კიდევ რომ დავინახო ხატები, წაგართმევთო".

მას ჰყავდა მორწმუნე ცოლი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ხატებს ოთახებში ვერ აჩენდა.

ომიდან ეს კაცი სხვა ადამიანად დაბრუნდა. დღისით შევიდა სოფელში, მიესალმნენ, მან კი მდუმარედ გააგრძელა გზა სახლისკენ, მხოლოდ მეზოებლებს დაუქნია თავი. მას მთელი ბრბო მიჰყვებოდა, ბავშვებიც მისდევნენ, ის კი სულ არ ჩერდებოდა.

შევიდა სახლში და ცოლს ჰკითხა: - სად გაქვს ხატები?

ქალი სახის გამომეტყველებით მიხვდა, რომ აღარ უნდა დაემალა: - სხვენში, - უპასუხა.

ჯარისკაცმა ჩამოიტანა ხატები, გაწმინდა და თაროზე დააბრძანა. დაეცა მათ წინაშე მუხებლზე, მიწამდე ხრიდა თავს. მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო მისალმება, მოკითხვა და ხალხის გადაკოცნა. ხალხი, რა თქმა უნდა, გააოცა უღმერთოს ასეთმა გარდასახვამ.

ფრონტზე კი მას ასეთი რამ შეემთხვა, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა:

ერთი ბრძოლის შემდგომ ის გონს მოეგო კანტიზიანი თუ დაჭრილი, მინდორზე თუ ტყეში - კარგად არ ახსოვდა. არც თავისიანები ჩანდნენ და არც გერმანელები. სად გაქრნენ, ვერ მიხვდა. მიდამოც უცნობი იყო. ადგა ჯარისკაცი და რაღაც ბილიკს გაუყვა. შემოხვდა მას ვიღაც და ჰკითხა: - შენ იმ სოფელში აღარ წახვიდე იქ ფაშისტები არიან. კეთილი კაცო, აი იქით წადიო. - და უჩვენა გზა. მიუბრუნდა ჯარისკაცი, რომ სოფლის სახელი ეკითხა, მაგრამ მგზავრი გამქრალიყო. მიაღწია მან სოფელს, და მართლაც, იქ მისი ნაწილი იყო გაჩერებული. მივიდა ხელმძღვანელთან. შევიდა სახლში, იქ კი თაროზე ის უცნობი მგზავრი დაინახა - ეს წმ. ნიკოლოზის ხატი იყო. როგორც აღმოჩნდა, თავად წმ. მღვდელმთავარმა უჩვენა გზა.

ეს შემთხვევა სამუდამოდ აღიბეჭდა მის გულში. მთელი დარჩენილი ცხოვრება ის მსახურობდა სოფლის ტაძარში - ჯერ დარაჯად, შემდგო კი მნათედ"

/დეკანოზი სერგეი (ნიკოლაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2022, 09:44 PM

"1992 წელს ბაზრობაზე ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა, რომ ხატს ჰყიდდა ორი კოლოფი სიგარეტის საფასურად. ასეთ ხატებს მკერდზე ატარებენ მღვდლები - ზემოთ უფლის ხელთუქმნელი ხატია, ქვემოთ კი - წმ. ნიკოლოზის. ის იყო ლითონის, გაცვეთილი. ჩანდა, რომ იყო ძალიან ძველი. სიგარეტი არ მქონდა და ეს ხატი ფულით ვიყიდე. მაშინ ტაძარში ჯერ კიდევ არ დავდიოდი. ამ ხატს გულით ვატარებდი, როცა მძიმე დღე მქონდა; კერძოდ, 1993 წელს გამიშვეს ცხელ წერტილში, საიდანაც მშვიდობით დავბრუნდი სახლში.

1997 წლიდან დავიწყე ტაძარში რეგულარული სიარული. მაშინ ვაკურთხებინე კიდეც ეს ხატი.

ერთხელ მთხოვეს ელექტროდგუშის გაყვანილობის შეკეთება. როცა მოვრჩი მუშაობას გადავწყვიტე შემოწმება, თუ იყო ქსელში დენი. მოვკიდე ხელი მილს და არ ვიცოდი, რომ აპარატს დენი გადაჰქონდა. დენის გავლენით მე ოროვე ხელი მომეკრუნჩხა. ჩემს სხეულში დენმა გაიარა. დამეწყო ძლიერი ძაგძაგი. ამავე დროს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნაწილებად მშლიდნენ. რამოდენიმე წამის შემდგომ ვიგრძენი, რომ ზემოთ ვმაღლდებოდი. დაახლოებით 2-3 მეტრი სიმაღლიდან მე დავინახე საკუთარი სხეული, რომელიც ძლიერ ძაგძაგებდა. არავითარი აზრი არ მომდიოდა, მხოლოდ - შიში; და უცებ გამიელვა: საჭირო იყო, როგორმე ხელები მომეგლიჯა დენის გადამტანი ნაწილებისგან. მართლაც ხელები მოწყდა თუ არ მათ, რაღაც ძალამ გადამაგდო. მე დავეცი, და როცა წამოვდექი მაშინვე გამახსენდა წმ. ნიკოლოზის ხატი.

მე გავიხსენი პერანგი - ხატი მკერდზე მქონდა. გონებაში წარმოვთქვი წმ. ნიკოლოზის ლოცვა. შემდგომ შევხედე ჩემს მარცხენა ხელს, რომელშიც ძრავი მეჭირა. ორი თითი დამწვარი მქონდა დენისგან, მათ შორის ერთი - თითქმის ძვლამდე. შემდგომ შევედი იმ სახლში, რომლის ეზოშიც ვმუშაობდი და ერთ-ერთ ოთახში დავინახე წმ. ნიკოლოზის ხატი. ამის მერე წამოვედი ტაძარში.

ამ დროიდან დავრწმუნდი წმ. ნიკოლოზის სწრაფშემწეობაში - მე ხომ სასწაულით დავრჩი ცოცხალი"

/ვ. ლობივი, ვოლგოგრადი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2022, 05:50 PM

"დაახლოებით 15 წლის წინ მე მქონდა საკვერცხეების კისტა. გინეკოლოგმა დამინიშნა თერაპია, რის მერეც უნდა გამეკეთებინა კისტის მოსაცილებელი ოპერაცია.

ზუსტად ერთი თვე ვსვამდი დანიშნულ ტაბლეტებს და ვლოცულობდი წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის მიმართ. 19 დეკემბერს კისტა ორგანიზმიდან თავისთავად გამოიდევნა. ძალიან გამოცდილი და განათლებული გინეკოლოგი გაოცებული იყო. გამიშვეს ექოსკოპიაზე, რომელმაც დაადასტურა - ოპერაცია აღარ იყო საჭირო".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 06:38 PM

"ერთხელ მამა ადრიანმა (კორსანოვი) დედისგან მიიღო მწუხარებით სავსე წერილი, რომელშიც იგი ატყობინებდა: დაიწვა სახლი და ახლა ცხოვრობენ ცხოვრობენ მიწურში. იქ კი წვიმის დროს წყალი მუხლამდე ადიოდა, რის გამოც დედა ძლიერ დაავადდა. ამიტომ დედა ევედრებოდა: დროებით მიტეოვებინა მონასტერი, ემუშავა, რათა მათთვის სახლი აეშენებინა, რამეთუ მათ არავისგან ჰქონდათ დახმარების იმედი. მაშინ მამა ადრიანე მონასტრიდან არ წავიდა, სამაგიეროდ კი დღისით და ღამით ლოცულობდა წმ. ნიკოლოზის მიმართ, რათა დახმარებოდა მის ავადმყოფ დედას.

გარკვეული დროის შემდგომ მას მიუტანეს ჩანთა, იქვე იყო წერილი - სთხოვდნენ, ეს ფული ბერს დედისთვის გადაეცა, რომელსაც დაეწვა სახლი. ვინ გამოგზავნა ეს ფული - დღემდე უცნობია. მაგრამ როცა მამა ადრიანეს დედამ იყიდა სახლი და დაიწყო მისი დათვალიერება, მან სხვენში აღმოაჩინა წმ. ნიკოლოზის დიდი ხატი, რომლიდანაც წმიდა მღვდელმთავარი უღიმოდა მას"

/ვიქტორია კარპუხინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2022, 04:45 PM

"ჩვენს სოფელში ერთ ქალს, ანას, აღმოაჩნდა კიბო.

ერთხელ ის იწვა რუსულ ღუმელზე სახლში. მასთან მოვიდა ვიღაც მოხუცი და უთხრა: "ღვთის მხევალო, ილოცებ - და იცოცხლებო!"

მან დაიწყო ლოცვა და მალევე იგრძნო თავი უკეთესად, მუშაობაც კი დაიწყო. მაგრამ მუშაობამ ლოცვა დაავიწყა და საერთოდაც შეწყვიტა ის. მაშინ კვლავ გამოეცხადა ეს მოხუცი, რომელშიც მან წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი შეიცნო, რომელმაც უთხრა: "მხევალო ღვთისა, რატომ არ ლოცულობ?"

/ანა კორჩაგინა, ალტაის მხარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 08:51 PM

"წმ. ნიკოლოზს ჩემ ცხოვრებაში არაერთი სასწაული მოუხდენია, მაგრამ მე გავიხსენებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანს. წმ. ნიკოლოზმა განკურნა ჩემი ნაცნობი ქალი. მას აღმოაჩნდა კიბო, რომელიც სწრაფად პროგრესირებდა. ითხოვდნენ სასწრაფო ოპერაციის ჩატარებას. ჩაუტარდა ანალიზები რამოდენიმე კლინიკაში და ყველგან დადასტურდა კიბოს უჯრედების სწრაფი ზრდა. მე მქონდა წმ. ნიკოლოზის სასწაულთმოქმედი მირონი, რომელიც ქალაქ ბარიდან ჩამოვიტანე. ეს მირონი მივეცი სნეულ ქალს და ვუთხარი, ჯვრის სახით წაესვა შუბლზე და სნეულ ადგილზე. გარკვეული დროის შემდგომ მითხრა, რომ ეს მირონი მცირე ულუფებით დალია კიდეც.

დაახლოებით ერთი თვის შემდგომ, როცა კვლავ გაიკეთა ანალიზები, ექიმები გაოცდნენ - კიბოს უჯრედების ზრდა არათუ შეჩერდა, არამედ კლება დაიწყო, გახდა მინიმალური.

ამჟამად ეს ქალი ჯანმრთელია.

დიდება უფალს! მადლობა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს!"

/ოლეგ კოვალკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:19 PM

"წმინდა ნიკოლოზის ოჯახი თევზსაჭერი ფლოტილიის მფლობელი იყო, თავად წმინდა ნიკოლოზი კი ბავშვობიდანვე კარგი მეზღვაური გახლდათ. ამიტომ იგი მეზღვაურთა მთავარ მფარველადაა მიჩნეული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:36 PM

"მისი ბიძა პატარას ეპისკოპოსი იყო, რომელმაც ყრმა ნიკოლოზს მედავითნეობა შეასწავლა, ხოლო როდესაც წამოიზარდა - მღვდლად დაასხა ხელი, თავის თანაშემწედ დაადგინა და მრევლისთვის ქადაგებას ავალებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 02:08 PM

"სოფელთან, სადაც ჩემი ბებია ცხოვრობდა, მიედინებოდა მდინარე ველეტმა. მაშინ ეს მდინარე იყო ღრმა და წყალუხვი, მისი ნაპირები კი - ჭაობიანი.

ერთხელ მოხდა ასეთი უბედურება - დედის თვალწინ ჭაობში ჩავარდა 3 წლის ვანიჩკა და მაშინვე დაიწყო დახრჩობა. დედა გადახტა ჭაობში, ხელი მოკიდა შვილს, მაგრამ თავადაც არ იცოდა ცურვა. დაიწყო ორივემ ჭაობში ჩაძირვა.

უბედურმა დედამ დაიწყო წმ. ნიკოლოზისადმი ლოცვა და გადარჩენის თხოვნა და მოხდა სასწაული: თითქოს წყლის დიდმა ჭავლმა ამოაგდო დედა-შვილი წაქცეულ მორზე, რომელიც ხმელეთამდე იყო გადებული.

ჩემი ბიძია ვანია დღემდე ცოცხალია, ამჟამად ის 70 წლისაა"




"როცა მე 35 წლის ვიყავი, მინდოდა გამეჩინა მეორე შვილი. არასდროს მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მეგონა, რომ მალე დავფეხმძიმდებოდი, მაგრამ გავიდა წელი და ნანატრი ფეხმძიმობა არ დგებოდა. გავესინჯეთ მეც და ქმარიც, გვითხრეს, რომ ასაკი აღარ იყო შესაფერისი.

2012 წელს ჩვენ გავფრინდით თურქეთში, ქალაქ დემრეში; მივედით ტაძარში, სადაც სიცოცხლეში მსახურობდა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. იქ ვილოცეთ და ვთხოვეთ წმიდანს, გამოეგზავნა ჩვენთვის პატარა. მე აღთქმა დავდე, რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა, მას ნიკოლოზს დავარქმევდი.

არ გასულა დიდი დრო და ფეხმძიმედ დავრჩი. ამ დროს უკვე 38 წილს ვიყავი. ორსულობისას რატომღაც დამავიწყდა ჩემი აღთქმა.

როცა პატარა ჯერ კიდევ მუცელში მყავდა, გადავწყვიტე მისთვის სულ სხვა სახელი დამერქმია. და აი, ბავშვი დაიბადა - 19 დეკემბერს - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს! თავად ექიმმა მირჩია, ბავშვისთვის ნიკოლოზი დამერქმია! მაშინ კი გამახსენდა ჩემი აღთქმა და ახლა მეზრდება პატარა ნიკოლოზი".

/მხევალი ღვთისა ქსენია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 03:30 PM

"ჩემი ნაცნობი ელენე ახლა უკვე მოხუცი პენსიონერია. აი რა შეემთხვა ახალგაზრდობაში, როცა ის გეოლოგიურ ექსპედიციაში სოლოვეცკის კუნძულზე იყო.

გვიანი შემოდგომა იყო; ზღვა თანდათან იფარებოდა ყინულით.

ერთხელ ის მარტო გაეშურა ერთ კუნძულზე რაღაც სამუშაოს დასასრულებლად. საღამოს დაბრუნებისას ელენემ ნახა, რომ ზღვა ისე დაფარულიყო ყინულით, რომ ნავი უკვე ვეღარ მოძრაობდა. ქარიშხალმა მისი ნავი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანა. ელენე ბავშვობიდან მორწმუნე იყო და სულ ლოცულობდა წმ. ნიკოლოზის მიმართ. მან გადაწყვიტა ნაპირს გაჰყოლოდა, იმ იმედით, რომ რომელიღაც სახლს გადააწყდებოდა. შემოხვდა მოხუცი, რომელმაც ჰკითხა:

სად მიდიხარ გოგონა?

მივდივარ ნაპირ-ნაპირ, რომ სახლს გადავაწყდე.

ნაპირ-ნაპირ ნუ მიდიხარ, ასეულობით კილომეტრზე ვერაფერს ნახავ. აი, იქ ბორცვს ხედავ? ადი მასზე და დაინახავ გზას.

შეხედა ელენემ ბორცვს, შემდგომ მიუბრუნდა მოხუცს, მაგრამ ის გამქრალიყო. ქალი მიხვდა, რომ ეს თავად წმ. ნიკოლოზმა უჩვენა მას გადარჩენის გზა. ავიდა მორცვზე, საიდანაც დაინახა სახლი - ის მეზღვაურის ქოხი აღმოჩნდა.

მეთევზეს გაუკვირდა ელენეს ნახვა და დაამოწმა, რომ ასეულობით კილომეტრზე ნაპირის გასწვრივ არანაირი სახლი არ იყო და ის მართლაც დაიღუპებოდა სიცივისა და შიმშიისგან.

ასე გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა მორწმუნე ელენე დაღუპვას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 03:50 PM

"1887 წელს, ქრისტეს შობამდე 4 დღით ადრე, ნიკოლა-ბაბაევსკის მონასტერში მივიდა კოსტრომის გუბერნიის გლეხი, ყოფილი ჯარისკაცი ფილიმონ ოტვაგინი, რომელსაც სხეულის მარჯვენა მხარის სისუსტე ჰქონდა - მას გადაადგილებაში სხვები ეხმარებოდნენ. ვოლოგდის საავადმყოფოში ინახებოდა ჩანაწერი ამ პაციენტის განუკურნებელი დიაგნოზის შესახებ, რაც მას შრომის უუნაროს ხდიდა.

25-26 დეკემბერს ღამეს მას ჰქონდა ხილვა, რომ მის სარცელთან იდგა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, მარჯვნივ კი - ზეციური დედოფალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მეუფემ უთხრა მას: - იშრომე და ილოცე ჩემთან და უფალი კურნებას გაჩუქებს. ზეციურმა დედოფალმაც მას იგივე უთხრა.

როცა ის გამოფხიზლდა, მან დადამბლავებულ სხეულში ძალა იგრძნო - მარჯვენა ხელი თავამდე მიიტანა, რაც ადრე არ შეეძლო, რის გამოც მარცხენა ხელით იწერდა პირჯვარს. იმ დილით ლიტურგიაზე მისულს უკვე თავისუფლად შეეძლო პირჯვრის გამოსახვა. შემდგომ ის სრულებით განიკურნა და დარჩა მონასტერში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 04:08 PM

"ჩვენს მეგობარ ალას დიდი ბებია ძალიან მორწმუნე ჰყავდა. მას ჰქონდა ბევრი ძალიან ძველი წიგნი და ხატი. მაგრამ მისი ქალიშვილი რევოლუციის შემდგომ პერიოდში გაიზარდა და ურწმუნო იყო.

როდესაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, მას გაუჩნდა კუჭის წყლული. მდგომარეობა მძიმე იყო, იმდენად, რომ ქალი შეიძლება მომკვდარიყო. მას გაუკეთეს ოპერაცია და მალე სახლშიც გაწერეს. ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ თუ საკვებს არ მიიღებდა, ის დაიღუპებოდა. ამის მიუხედავად, ქალი არაფერს ჭამდა - არც უნდოდა და არც შეეძლო და თანდათან სუსტდებოდა და სუსტდებოდა.

კუთხეში, სადაც მისი საწოლი იდგა, იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი.

ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა ხატიდან, როგორც კიბეზე, თავად წმ. ნიკოლოზი, ისეთივე დაბალი სიმაღლის, როგორც ნახატზე იყო. წმიდანი ქალს მიუახლოვდა, ნუგეში სცა და დაუწყო დარწმუნება. "ჩემო ძვირფასო, უნდა ჭამო, თორემ შეიძლება მოკვდე". შემდგომ მოხუცი ხატზე დაბრუნდა.

ამის შემდგომ ქალმა საჭმელი მოითხოვა და თანდათან დაიწყო მომჯობინება. მან ოთხმოც წლამდე იცოცხლა და იმქვეყნად ჭეშამარიტ ქრისტიანად წავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2023, 08:51 PM

"მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] გაიხსენა: "ახალგაზრდობაში ბათუმში ვმსახურობდი ჯარში. ერთ საღამოს ზღვაში გადაკიდებულ ხიდზე გავედი. მოაჯირს დაყრდნობილი ღმერთზე ფიქრს მივცემოდი. უეცრად ხიდი ჩატყდა და ზღვის ფსკერისკენ წავედი (ცურვა არ ვიცოდი და ვიფიქრე, დავიხრჩობი-თქო)/ გონს რომ მოვედი, თავთან სამი ოფიცერი მედგა. მათ გამოვეყვანე. წმინდა ნიკოლოზის ხატი მოვიკითხე, რომელიც უბის ჯიბეში მედო. ამოვიღე თუ არა ხატი, ოფიცრებმა წამოიძახეს: ეს ზუსტად ის კაცია, რომელიც ვიხილეთ და გვითხრა (ისინი კატერით გამოსულიყვნენ ზღვაზე), ამა და ამ ადგილზე კაცი იხრჩობა და უშველეთო". ეს იყო წმინდა ნიკოლოზი. იგი ოფიცრებს გამოეცხადა და მომავალი დიდი ბერი, მდაბალი გაბრიელი დაიფარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2023, 09:13 PM

"ეს საოცარი შემთხვევა მოხდა ამ საუკუნის დასაწყისში ხარბინში. ამ დროს ქალაქი დასახლებული იყო რუსი ემიგრანტებით, რომლებმაც თან მიაბრძანეს ბევრი ხატი და რკინიგზის სადგურშიც კი დაკიდეს წმ. ნიკოლოზის დიდი სიწმინდე.

ერთხელ ადრეულ გაზაფხულზე სადგურის შენობაში შევარდა სრულებით სველი ჩინელი და გაწვა ხატის წინ. მან ხატისკენ გაიშვირა ხელები და გრძნობით დაიწყო ბუტბუტი. როგორც გაირკვა, ის გადადიოდა გაყინულ მდინარეზე, ჩაუტყდა ყინული და აღმოჩნდა გაყინულ წყალში. საბრალო უკვე ფსერისკენ ეშვებოდა, როცა გაახსენდა, რომ რუსები ყოველთვის მოუხმობდნენ დახმარებისთვის ვიღაც მოხუცს, რომლის გამოსახულებაც კიდია სადგურში.

"მოხუცო სადგურიდან, მოხუცო სადგურიდან - გადამარჩინე!"

ეს იყო ჩინელის უკანასკნელი სიტყვები. ამის შემდგომ მან გონება დაკარგა. როცა გონს მოვიდა - ის უკვე მეორე ნაპირზე იყო და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ გაიქცა სადგურში, რათა მადლობა გადაეხადა ხუცესისთვის სასწაულებრივი გადარჩენისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 01:34 PM

"40 წელი გავიდა იმ დღიდან, ეს სასწაული კი ახლაც თვალწინ მიდგას. სიკვდილამდე არ დამავიწყდება.

იყო მაისი ცხელი დღე. ბაზარში გაცხოველებული ვაჭრობა იყო. დიდი რიგი დადგა. მივედით - იქ კი ხატებს ყიდდნენ. ყველას უნდოდა ეყიდა წმ. ნიკოლოზის ხატი, მაგრამ ბერ ბედავდნენ - 15 მანეთი ღირდა. ქალები ევაჭრებოდნენ გამყიდველს - 10 მანეთად მოგვეციო, მაგრამ ის უარზე იყო - წმ. ნიკოლოზის ხატი ერთი მაქვსო.

მე მეზობელთან ერთად ვიყავი და ორივეს გვინდოდა წმ. ნიკოლოზის ხატის ყიდვა, მაგრამ ურიგოდ მისვლა გვერიდებოდა. ის ხატი ხომ ბევრს უნდოდა. ჩვენ რიგის ბოლოში დავდექით. ვიდექით შიშით - ვაითუ ჩვენ არ შეგვხდეს!

ამინდი იყო წყნარი, უშფოთველი, მაგრამ უცებ ეს ხატი, ფოტოს სახით, აფრინდა და პირდაპირ ჩემთან მოფრინდა - გულზე მიმეკრა.

ყველა გაოცდა - ნიავიც კი არ ყოფილა.

სასწაულია, - აღმოხდა გამყიდველსაც.

მე დახლზე დავდე ფული და გავიქეცი სახლში. დუნიაშა გამომყვა ლამის ტირილით.

დიდხანს ვიხსენებდით ამ სასწაულს. ნაცნობებს მოუყევით. ახლა დუნია აღარაა ცოცხალი, მაგრამ ეს სასწაული ალბათ კიდევ ბევრს ახსოვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 08:23 PM

"ეს მოხდა მოსკოვში. ვიყიდე დიდი საზამთრო. ვიჯექით მდინარე მოსკოვის ნაპირთან პარკში. შემოდგომის პირი იყო. ჩვენი ბავშვები ჩვენთან ერთად მხიარულობდნენ. გავჭერით საზამთრო. გულში გაუცნობიერებელი შფოთი მქონდა. გავიხედე გარშემო - არაფერი ხდებოდა. გარშემო ხეები და ბუჩქები იყო, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.

დიმა, ერთი ბავშვი გვაკლია.

ქმარი გავუშვი 6 წლის შვილის სანახავად. ეს განსაკუთრებით მშვიდია. უყვარს წყალში კენჭების ჩაყრა...

რამოდენიმე წუთის შემდგომ ქმარმა სრულებით სველი ბავშვი მოიყვანა. წყალი ჩამოდიოდა წურწურით ტანსაცმლიდან.

შოკში ჩავვარდი.

როგორც კი საზამთრო გავჭერით, ჩემს შვილს თურმე ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. როგორც ბავშვმა თქვა, წყლიდან მაშინათვე ბაბუამ ამოიყვანა. ქმარს ვკითხე, ვინმე ხომ არ დაუნახავს, მან კი მითხრა - იქ არავინ ყოფილა ბავშვის გარდაო. ქმარმა მაინც გადაწყვიტა მოეძებნა ჩვენი გადამრჩენელი, მაგრამ ვერავინ ნახა - მოხუცი თითქოს აორთქლებულიყო.

გავიდა ცოტა ხანი. მე ბავშვებთან ერთად ტაძარში წავედი.

- აი, ამ ბაბუამ გადამარჩინა! - ხატზე მიმანიშნა შვილმა.

ეს იყო წმ. ნიკოლოზ სასწაულთმომქმედი.

წმ. მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:01 PM

"ერთ ტაძარში ეკიდა წმ. ნიკოლოზის ხატი. თითქოს ჩვეულებრივი ხატი იყო, სხვებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ერთი მორწმუნე ხშირად ემთხვეოდა მას და წმინდანისგან შეწევნას იღებდა.

ერთხელაც მოხდა სასწაული: ეს მორწმუნე სოფლიდან მანქანით მიდიოდა ტაძარში. იყო ძალიან ყინვიანი და თოვლიანი ზამთარი.

გზაზე მძღოლმა მგზავრი დაინახა, რომელიც დიდი ხნის დგომისგან გაციებული ჩანდა - არავინ უჩერებდა. არც ამ მძღოლმა გაუჩერა - თითქოს ვერ ენდო.

მივიდა ტაძარში. ჩვეულებისამებრ, მივიდა წმ. ნიკოლოზის ხატთან, მაგრამ ჯერ ვიღაც ქალმა გადაუჭრა გზა, მერე ბავშვი მიიყვანეს ხატთან, შემდგომ დამლაგებელმა არ მიუშვა ხატთან - იატაკია სველი, არ მიხვიდეო. უცებ მან გულში გარკვევით გაიგო - ჩემთან მოსვლა გინდა, გაჭირვებულს კი არ დაეხმარეო.

კაცი შეცბა - გაახსენდა ის საბრალო, გზაზე რომ იყინებოდა და ყველაფერს მიხვდა.

გულმოწყალე წმიდანი არც ცხოვრებაში და არც ზეცაში გადანაცვლების შემდგომ არ ტოვებს გაჭირვებაში მყოფთ, ვინც მას მიმართავს. მან ამხილა ეს მორწმუნე და მიუთითა გულისხმიერების მნიშვნელობაზე.

თუ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ უნდა ვიყოთ ღირსი ამ წოდებისა - უნდა გვიყვარდეს და ვზრუნავდეთ ადამიანებზე. თუ ეს ასე არ არის - ე.ი. არც ნამდვილი ქრისტიანები ვართ.

ასეთი საოცარი სახით იქნა მხილებული ეს ქრისტიანი.

აღსარების შემდგომღა შეძლო მან ხატთან მისვლა და ამის შემდგომ მსგავსი აღარ ჩაუდენია. ის მიხვდა, რომ ქრისტიანობაში მთავარი - სიყვარული, ადამიანებისადმი მოწყალებაა. სახარებაში უფალი ხომ გვეუბნება - თუ გეყვარებათ ერთმანეთი ამით მიხვდებიან, რომ ჩემი მოწაფეები ხართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:20 PM

"2005 წლის ივლისში გარდაიცვალა დედა. არ იყო გასული 40 დღე, გადავწყვიტე სასაფლაოზე გასვლა. დედის საფლავთან იჯდა კაცი, საშიში გარეგნობით. ერთმანეთს გადავხედეთ. შევბრუნდი და წავედი. გავიფიქრე - ახლა გამომყვება მეთქი. ასეც მოხდა - გამომყვა ის და კიდევ ორ მეტრიანი სხვა კაცი. შემეშინდა - იყო შემთხვევები, როცა სასაფლაოზე ადამიანებს თავს ესხმოდნენ.

და აი, ბუჩქებიდან გამოვიდა მოხუცი, გავიფიქრე - ვიღაცის საფლავზე მიდის მეთქი. მე ყურადღება მივაქციე მის სახეს - არაჩვეულებრივი, სუფთა, ნათელი - გადმოცემაც მიჭირს, თეთრი წვერითა და თმით. ნაცნობი სახე იყო - ნეტავ სად მინახავს? - გავიფიქრე. მან უბრალოდ შემომხედა და გაუარა დედის საფლავს, მე გავყევი მას. ის ორი კაციც გამოგვყვა, მაგრამ ნაბიჯს არ უმატებდნენ. გზად მე შევიარე ჩემი ქმრის საფლავზე, დავაწყვე ყვავილები. მოხუცი გაჩერდა, დამიცადა, ის ორიც ასევე. გამოვაღწიეთ სამშვიდობოს და ვხედავ - მოხუცი თითქოს გაქრა. სახლში მშვიდობიანად დავბრუნდი.

როცა ტაძარში მივედი, მოვილოცე წმ. ნიკოლოზის ხატი და გავოცდი - ეს ხომ ჩემი გადამრჩენელი მოხუცი იყო! ის დამეხმარა ისე, რომ არც კი მითხოვია - მადლობა უფალს, რომ ამის ღირსი გავხდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 03:21 PM

"ახლახანს გარდაიცვალა კიროვსკის მაცხოვრებელი, 91 წლის მარია ბელოვაია.

მარია დაიბადა და აღიზარდა სვირში, გლეხის ოჯახში. მეურნეობას აწარმოებდნენ საკუთარი ძალით. ცხოვრობდნენ ღარიბად. მამა გვიან შემოდგომით მიდიოდა ბოლო გემით. მიდიოდა სამუშაოდ და გაზაფხულზე პირველი ბრუნდებოდა სახლში; მუშაობდა მიწაზე.

ოჯახში შეუცვლელი წესი ჰქონდათ: წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს 22 მაისს სახლში მიეწვიათ მღვდელი და გადაეხადათ სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის პარაკლისი. ამ პარაკლისის შემდგომ ოჯახში თითქმის ყველაფერი ლაგდებოდა და გვარდებოდა.

როდესაც მარია იყო 15 წლის, მამამ რატომღაც დაიგვიანა სამუშაოდან დაბრუნება სახლში და ვერ მოუსწრო წმ. ნიკოლოზის დღესასწაულს. დადგა დღესასწაული; დედამ უთხრა ქალიშვილს - მანკა, მოდი წელს ნუღარ გადავიხდით პარაკლისს - გაზაფხულია, დრო - ფულია, ბევრი საქმე გვაქვს მინდორში და ბოსტანში.

ასეც გადაწყვიტეს. როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს მაამ ბრუნდებოდა სახლში, ფეხი დაუცდა, გემბანზე დაეცა და ორი ნეკნი მოიტეხა. სახლში ვერ მიაღწია - დიდი ხნით დააწვინეს საავადმყოფოში. დედა-შვილს მოუწიათ მთელი გაზაფხული მამის გარეშე გაეტარებინათ - გაიტანჯნენ. პარაკლისზე ეკონომია გააკეთეს და სამგიეროდ უკაცობისგან რამდენი ძალა და ჯანმრთელობა გალიეს.

ასე განსწავლეს უფალმა და წმ. ნიკოლოზმა ისინი. იმ დროიდან მარიას სახლში წმ. ნიკოლოზის პარაკლისი ყოველთვის ტარდებოდა და ოჯახშიც ყველაფერი იყო მშვიდად"

/ანა, ქალაქი კიროვსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 01:31 PM

"ერთი ახალგაზრდა კაცი, სახელად ანდრეი, იხსენებდა ასეთ ისტორიას:

ერთხელ ის აღმოჩნდა უსახლკარო და უფულო ადამიანის მდგომარეობაში. იყო ღამე, დიდი ხანი იყო გასული, რაც არაფერი ეჭამა, შესაძლოა, რამოდენიმე დღეც. არც სადმე ჰქონდა წასასვლელი.

მან გაიარა წმ. ნიკოლოზის ტაძართან, ტრეტიაკოვის გალერეის სიახლოვეს. ის ტაძრის ეზოში შევიდა. იქ ის დადგა მუხლებზე და დაიწყო ლოცვა წმ. ნიკოლოზის მიმართ. ის საუბრობდა თავის მწუხარებაზე და იმაზე, რომ მას საზრდო სჭირდებოდა... ილოცა და გარეთ გავიდა, მაგრამ რადგან წასასწვლელი არსად ჰქონდა, ცოტა გაიარ-გამოიარა და ისევ დაბრუნდა ტაძარში. გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ იქ დილამდე დარჩენილიყო... და აი, სწორედ იმ სკამზე, რომლის გვერდით ის დაჩოქილი ლოცულობდა, აღმოაჩინა ერთი თეთრი მთელი პური.

საკვრიველია ღმერთი თავის წმინდანებში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2023, 05:33 PM

"ჩემი პალატის მეზობელმა მიამბო ასეთი რამ: მისი ბებია ომის დროს საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში გადავიდა. ის ბავშვებთან ერთად ჩაასახლეს მიტოვებულ სახლში. იყო ზამთარი, არ იყო არანაირი პროდუქტი. ძლიერ შიმშილობდნენ.

და აი, ღამე კარზე კაკუნი გაისმა, შევიდა ჯარისკაცი პროდუქტებით - ეს თქვენმა ქმარმა გამოგიგზავნათ ფრონტიდან, - თქვა მან. დადო მაგიდაზე და კარისკენ გაემართა. გასვლისას კი უთხრა: - თუ რამე დაგჭირდეთ მეზობლებს სთხოვეთ დახმარება. ქალი გაჰყვა სტუმარს და მისდა გასაკვირად, შესასვლელი კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ქალი ოთახში შებრუნდა და უცებ წმ. ნიკოლოზის ხატზე გაუჩერდა მზერა: - ეს ხომ თავად წმიდა ნიკოლოზი იყო!

დილით ის მარტოხელა მეზობელ ქალთან გადავიდა. ისინი დამეგობრდნენ და ასე გაძლეს ომის დასრულებამდე. ბავშვებიც გადაარჩინეს იმ მძიმე წლებში.

მადლობა მამა ნიკოლოზს!"

/ტატიანა ალექსეევა - პიატკოვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 07:49 PM

"მე წმინდა ნინოს ეკლესიის მრევლის წევრი ვიყავი, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაშიც ხშირად დავდიოდი. მიყვარდა მამა გრიგოლის [გოცირიძე] წირვა-ლოცვაზე დასწრება. აშკარად შეიგრძნობოდა მისი საოცარი მადლი ლოცვის დროს. მინდოდა, ჩემს დასაც დაეწყო ეკლესიური ცხოვრება. ვნების შვიდეულის ოთხშაბათს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში წავედით. რაღაც პრეტენზიები ჰქონდა, წუწუნებდა, მაგრამ ისეთი სიყვარულით კითხულობდა ლოცვებს მამა გრიგოლი, მივხვდი, ცოტათი მოლბა თამარი. "თუ მოძღვრის სახელს გამოვიცნობ, დავიწყებ სიარულსო", - მითხრა ჩურჩულით. გამოვიდა ამ დროს ამბიონზე მამა გრიგოლი და აკურთხა ხალხი. უცებ ჩემი და მეუბნება, ნეტა მამა გრიგოლი ერქვას ამ მღვდელსო! გავიხარე. უფალმა და წმინდა ნიკოლოზმა ინებეს და იმ დღიდან მამა გრიგოლის სულიერი შვილი გახდა ჩემი და"

/დედა პარასკევა როსტიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 02:57 PM

"საკმარისია, ზეცას შეჰღაღადო - "წმინდაო ნიკოლოზ, გვიშველე!" და წყალი ხმელეთად იქცევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2023, 06:57 PM

"ერთ მოსკოველ ვაჭარს ჰყავდა მოურავი - პატიოსანი და გულისხმიერი. ვაჭრობა კარგად მიდიოდა, მაგრამ სოფლიდან სოფელში გადასვლისას მოურავი ვერ ასწრებდა ვერც მოგების დათვლას და ვერც გაყიდული საქონლის რაოდენობის ანგარიშს. ამას, როგორც წესი ის აკეთებდა დაბრუნებისას.

ერთხელ მას დააკლდა საქონლის დიდი ოდენობა, რომელიც საკმაოდ არსებითი თანხა ღირდა. როგორ უნდა აეხსნა ვაჭრისთვის ფულის დანაკლისი? გამწარებულმა გადაწყვიტა, მდინარეში დაეხრჩო თავი. ის ჩაჯდა ეტლში და მდინარისკენ გაემგზავრა, მაგარმ გზაში ჩათვლიმა და აი, ხედავს ბურანში ხუცესს, რომელმაც უთხრა: "რის გაკეთებას აპირებ? დაგავიწყდა, რომ საქონელი იმ კაცს მიეცი?" მოურავი მყისიერად გამოფხიზლდა - მან ხომ მართლაც სესხად მისცა ვიღაცას საქონელი, მერე კი გადაავიწყდა. გაიხედა ირგვლივ - მდინარე უკან დარჩა, ცხენი კი პირდაპირ წმ. ნიკოლოზის მონასტერს მიადგა. მონასტრის კარებიდან წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი იმზირებოდა. აქ კი გახდა ცხადი, თუ ვინ გადაარჩინა საბრალო მოურავი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 02:38 PM

"მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელი პლავსკი ოკუპირებულ იქნა ფაშისტების მიერ. იქ ცხოვრობდა ვინმე ვალენტინა ოზერეცოვსკაია.

ერთხელ საღამოს ფაშისტები ქალის სახლში შევარდნენ და მოითხოვეს პროდუქტები, მაგრამ იქ არაფერი იყო.

აჰა, არა გაქვთ? შენ სტყუი! - უთხრეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა. ისინი გავიდნენ ეზოში და დაიწყეს ბაღის გაჩეხვა. დიასახლისის თავლწინ ერთი-მეორის მიყოლებით ვარდებოდნენ მამის მიერ დარგული, საყვარელი ხეები, რომელთა შორის გამორჩეული იყო ძველი ჯიშის ვაშლები.

მორჩნენ რა ამ მავნებლობას მათ კვლავ პროდუქტები მოითხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს.

მაშინ მოგვეცი ნავთი: იმის გამო რომ არ გვაჭამე, დავწვავთ შენს სახლს.

ნავთი დამალული იყო და ქალმა მოიტყუა, რომ არც ნავთი არ ჰქონდა.

მაშინ შენ მოგკლავთ...

ვალენტინას მამა ადგილობრივი მღვდელი იყო, რომელიც მრავალი წელი მსახურობდა სოფლის ეკლესიაში. იმ დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ხატები სახლში კვლავ იყო, თუმცა საიდუმლოდ. განსაკუთრებულად პატივს მიაგებდნენ წმ. ნიკოლოზის ხატს, რომელიც გადმოცემის თანახმად, იყო სასწაულთმოქმედი. ეს ხატი იყო შეფუთული ქსოვილით და მას ეფარებოდა ტანსაცმლის საკიდი. მის გვერდით იდგა ვალენტინა, შიშისგან კანკალებდა, როცა ოთახში შევიდა ორი ფაშიტი ავტომატებით. მან უკან გადადგა ნაბიჯი და ზურგით მიებჯინა ტანსაცმლის საკიდს. მტრებმა დაიწყეს უმისამართოდ სროლა დაახლოებით ნახევარი მეტრის დისტანციიდან. დაიხვრიტა მთელი კედელი, მაგრამ არცერთი ტყვია არ მოხვდა არც დიასახლისს და არც ხატს.

მაგრამ ფაშისტები არ დაწყნარდნენ: თავისებურად შეიგინეს, სახლთან თივა დაყარეს, ბენზინი მიასხეს და ცეცხლი მოუკიდეს, მაგრამ არაფრით მოეკიდა! - სწორედ იმ კედელზე, რომლისთვისაც ცეცხლის მოკიდებასაც ცდილობდნენ, ეკიდა წმ. ნიკოლოზის ხატი!

აი, ასე გადაარჩინა წმ. ნიკოლოზმა როგორც მღვდლის სახლი, ასევე მისი ქალიშვილიც.

ომის შემდგომ ვალენტინამ ეს ხატი იმ ეკლესიას შესწირა, რომელშიც მრავალი წელი მსახურობდა მისი მამა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 08:01 PM

"შემდეგ წმინდა გრიგოლის (გრიგორიუს) მონასტერს ვეწვიეთ. მონასტრის ისტორია წმინდა ნიკოლოზის სახელს უკავშირდება. ეს მონასტერი დაუწვავთ და მაღლა, წმინდა ანას სკიტში მოღვაწე, წმინდა გრიგოლი მოუწვევიათ აღსადგენად. წმინდა გრიგოლს ჩანაცრებული მონასტრის ნაშთის დანახვისას გაუფიქრებია, ამის აღდგენას ვერ შევძლებო და უკან წასულა. გზად უცნობი მამაკაცი შეხვედრია, "ნუ შეშინდები, გრიგოლ, ჩადი მონასტერში, დაიწყე და მე მოგეხმარებიო", უთქვამს. ეს კაცი წმინდა ნიკოლოზი ყოფილა. ამიტომაც ატარებს მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელს. ტაძრის ცენტრალურ, მარჯვენა სვეტზე წმინდა ნიკოლოზის მირონმდინარე სასწაულმოქმედი ხატია".

/დეკ. დავით ლასურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2023, 07:24 PM

"ადრე მე არ მესმოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ხატს. ეს იმ დრომდე ხდებოდა, სანამ ჩვენს ქალაქში არ მოაბრძანეს წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი. ბევრს ახსოვს ეს ამბავი, ბევრი მივიდა ხატთან ამაღლების ტაძარში, სადაც იყო იგი დაბრძანებული. ბევრია დაწერილი სასწაულებზე, კურნებებზე და იმაზე, თუ რას გრძნობდნენ ადამიანები ამ სიწმინდესთას შეხებისას.

მე მახსოვს, რომ ვიდექი დიდ რიგში და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ხატს, მით უფრო დიდი ღელვა მიპყრობდა, რაღაც ამაღლებული განცდა, რაღაც მოლოდინი, რაღაც გაურკვეველი შიში - მოსალოდნელი შეხვედრისა, თითქოს ახლა თავად წმიდა ნიკოლოზს შევხვდებოდი პირისპირ.

და აი, მე სულ უფრო ვუახლოვდები - ღელვა იმატებს, ვლოცულობ... ლოცვა უჩვეულოდ მეჩვენება. თითქოს მოულოდნელად წმ. ნიკოლოზის ხატი აღმოჩნდა ჩემს წინ - როგორც ხარის მკვეთრი ხმა დაუვლის ადამიანს მთელ სხეულში, ასე დამემართა. წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი აქაა, ცოცხალი. ჩემი ძვირფასი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი.

მე ვეღარ ვიხსენებ, როგორ ვემთხვიე ხატს, როგორ ვლოცულობდი.მაგრამ აი, რა არის საოცარი: ამ დღიდან ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში შემოვიდა წმ. ნიკოლოზი და გახდა თანამონაწილე. ის ძალიან ბევრჯერ დამეხმარა, პატარა და დიდ საქმეში. იყო სასწაულებიც.

ამ დროიდან ჩვენს ოჯახში მობრძანდა წმიდა ნიკოლოზის ხატი, ჩვეულებრივი, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ხატს რომ ვუყურებდი, თვალწინ მედგა წმიდა ნიკოლოზი ცოცხალი, ის მისმენდა. წმ. ნიკოლოზისგან გავიგე, რას ნიშნავს წმიდანი, ლოცვა და საუკუნო ცხოვრება და სიყვარული.

ხატი - ცოცხალია. ის ცოცხალია მაშინაც, როცა ლოცვით მიმართავ მას.

წმ. ნიკოლოზი გახდა ჩემთვის მეგობარი, მეოხი, მამა.

მე მჯერა, რომ ის ყოველთვის დამეხმარება, როცა ლოცვით მივამართავ. სწორედ მან გამიხსნა ხატის არსი და ბევრი სხვა რამ. მან გამაგებინა, რომ უნდა გვრცხვენოდეს ცოდვების ჩადენის და უნდა შევიყვაროთ მოთმინება. მისი მეოხებით გავიგე, რას ნიშნავს უფლის დახმარება, რომ ლოცვაზე პასუხს მივიღებთ.

წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2023, 05:38 PM

"ეს მოხდა გასული საუკუნის 60-იან წლებში.

ჩვენი ქალაქის განაპირას ცხოვრობდა ერთი მოხუცი, რომელსაც ძალიან უჭირდა. ის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა კოლმეურნოებაში. განა რა ხელფასი ექნებოდა იქ? ომის დროს მუშაობდნენ "ჩხირების" ფასად. ჩხირებით აღნიშნავდნენ სამუშაო დღეებს დავთარში. ხშირ შემთხვევაში ეს ჩხირები ჩხირებადვე რჩებოდა.

მოხუცი მარტო ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ მან თავისი სიმბოლური პენსიაც დაკარგა. რა უნდა ექნა? წავიდა საბჭოში დახმარების სათხოვნელად, თუმცა იქ უარი უთხრეს და საწყალი უარაფროდ დაბრუნდა. ის იქვე სკვერში სკამზე ჩამოჯდა და ძლიერ დამწუხრდა. ისე, რომ ვერც მიხვდა, როგორ მიუახლოვდა ვიღაც მოხუცი კაცი.

- საყვარელო, რატომ ხარ მწუხარე? - ჰკითხა მან ალერსიანად.

თავისი სატკივარი უთხრა ქალმა, უცნობის გულისხმიერებით შეძრულმა. მოხუცმა ბერიკაცმა კი მას ფუთა გადასცა და უთხრა: "დამშვიდდი, ძვირფასო, ეს შენ მთელი ცხოვრება გეყოფა" - ეს თქვა და გაუჩუნარდა, ისე რომ ქალმა მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო.

დაბრუნდა სახლში, აიხედა კუთხეში, სადაც ხატები ეკიდა. "ეს ხომ თავად წმინდა ნიკოლოზი იყო, უფლის სათნომყოფელი! როგორ ვერ ვიცანი მაშინათვე ჩვენი სასწაულთმოქმედი?" - გაუკვირდა მოხუცს. ის დაემხო მუხლებზე წმ. ნიკოლოზის ხატის წინ. მადლიერების ცრემლები ნაკადულებად წამოუვიდა ნაოჭებით დაღარულ ლოყებზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2023, 06:36 PM

"როცა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, ლოცვები არ ვიცოდი. მაგრამ დავიწყე რელიგიური წიგნების - ლოცვანებისა და დაუჯდომელების კითხვა. მე მაშინ წმიდა ნიკოლოზზე ვიცოდი, რომ ის ეხმარება მოგზაურებსა და სნეულებს.

ჩემი ბავშვები, ახლად დაბადებულ ჩემს შვილიშვილებთან ერთად, რომელსაც სამშობიარო ტრავმა ჰქონდა მიღებული, ვორონეჟიდან იაროსლავში გაემგზავრნენ ძველი ავტომობილით. მე არ მქონდა არანაირი წინათგრძნობა, მხოლოდ 5000 რუბლი მივეცი სამგზავროდ - ყოველი შემთხვევისთვის. და მართლაც, უკანა გზაზე მანქანა გაჩერდა. შვილმა მხოლოდ ესემესის მოწერა მოასწრო - ვდგავართ გზაზე, მოძრაობს მანქანები და არავინ გვიჩერებსო. მე ამ ღამით დავდექი მუხლებზე და დავიწყე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის კითხვა.

და დახმარება მყისიერად მოვიდა: ჩემმა სიძემ მეგობრის დახმარებით ევაკუატორი გამოიძახა და ყველა მშვიდობით დაბრუნდა სახლში. ეს მომსახურება კი დაუჯდათ ზუსტად 5000 - რაც მე მათ მივეცი!

რასაკვირველია, გათენდა თუ არა, პირველ რიგში გავიქეცი ტაძარში სალოცავად და სამადლობლად უფლისა და წმ. ნიკოლოზის მიმართ, რომელმაც გადაარჩინა ჩემი ბავშვები. ქუჩაში ხომ ციოდა, ისინი კი ჩვილთან ერთად იდგნენ და არავინ ეხმარებოდა.

აი, ასეთი ისტორია შეემთხვა ჩემს ოჯახს, რასაც ვუზიარებ ყველას - არასდროს დაკარგოთ იმედი და თავის ყველა ტკივილი მიანდონ ღმერთს, მისი წმინდანები კი ჩვენ, ცოდვილებს და მცირედმორწმუნეებს ეხმარებიან თავისი ლოცვვებით.

რამეთუ წმიდაა ღმერთი და უკუნისამდეა წყალობა მისი - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!"

/სვეტლანა პლიგინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2023, 05:16 PM

"ეს ამბავი მოხდა ბაზარში: ქროდა ძლიერი ქარი და ერთ-ერთი პავილიონიდან ქარმა მოგლიჯა ოთხ მეტრიანი რკინის ფირფიტა. შიშისგან გაფითრებული გამყიდველები გაშეშებული უყურებდნენ პირდაპირ ჩემსკენ მფრინავ ამ საშინელებას, მე კი ფიქრებში ჩაფლული, გულში ვესაუბრებოდი წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს. ისე ვიყავი წმინდანთან "საუბრით" გართული, რომ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა. და აი, უცაბედად ეს რკინის ფურცელი დაეხვა მილივით და ოდნავ შემეხო რა მხარზე, დაენარცხა მიწაზე. ეს სასწაული დაამოწმა ერთმა გამყიდველმა, სახელად ნიკოლოზმა, რომელსაც ეს სახელი იმის გამო უწოდეს, რომ 19 დეკემბერს დაიბადა, წმიდანის ხსენების დღეს. ნიკოლოზმა მომილოცა მეორედ დაბადება - თქვენ ლამის დაიღუპეთ, ჩვენ ეს თავად ვიხილეთ; ასე რომ გილოცავთ თავიდან დაბადებასო, - მითხრა. არ შემეძლო ეს არ მომეთხო - ეს უმადურობა იქნებოდა."

/ქალაქი მაგადანი, მხევალი ღვთისა ნადეჟდა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2023, 08:10 PM

"მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა, ის წლები, როცა მსახურებისთვის აქ, ბათუმში მომავლინეს. მაშინ ეს დიდებული ტაძარი არ მოქმედებდა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მესამე მღვდლად ვმსახურობდი. ჯერ კიდევ იმხანად ვგრძნობდი წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებულ მფარველობას.

აქ ჩემამდე მღვდელმთავრად საქართველოს მომავალი პატრიარქი, ეფრემ II ბრძანდებოდა, იმხანად მიტროპოლიტი გახლდათ.

გვიამბო: ერთხელ თურმე ძალიან გაუჭირდა, რაღაც დიდი განსაცდელი გამოუგზავნა უფალმა; მისულა წმინდა ნიკოლოზის ხატთან (ეს ხატი დაბრძანებულია ტაძარში, მარჯვენა მხარეს) და უთხოვია: "შენ ხარ მთავარეპისკოპოსი და მე ვარ მიტროპოლიტი, შემისრულე ჩემი ლოცვა-ვედრება".

ამ ლოცვის შემდეგ, 2-3 დღეში, ყველაფერი გამოსწორდა. ეს ხატიც და ტაძარიც სასწაულმოქმედია"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 03:08 PM

"ეს ისტორია მე მოვისმინე 70-იან წლებში ორი სხვადასხვა ადამიანისგან, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს: ერთი იყო სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ალექსეი, მეორე კი მღვდელი.

მფრინავის მონაყოლი:

"ჩვენ მივფრინავდით კურსით. უცაბედად ჩვენს წინ აღიმართა გრანდიოზული ღრუბელი. მისი გვერდის შემოვლა არაფრით შეიძლებოდა - ზუსტი მარშრუტი გვქონდა განსაზღვრული. და აი - არ დაიჯერებთ - ღრუბლებში გამოჩნდა ხუცესი თეთრი წვერით, სამღვდელო შესამოსლით, ცოცხით ხელში. საერთო ჯამში ის ჰგავდა წმიდა ნიკოლოზს. შემდგომ ხატები რომ დავათვალიერე მხოლოდ წმიდა ნიკოლოზის მსგავსი იყო.

ამ ხუცესმა ცოცხით დაიწყო წრიული მოძრაობების გაკეთება, თითქოს დაგავა ღრუბლები და გაასუფთავა ჩვენი გზა, ღრუბლებში თითქოს გვირაბი გაიყვანა. და მართლაც - ღრუბლებში გაჩნდა დიდი არხი და ჩვენ გავიარეთ მასში, ღრუბლებს მიღმა. მეორე მხარეს კი, ღრუბლებს მიღმა, ანათებდა მზე. ეს თითქოს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ დაგვეხმარა წმ. ნიკოლოზი. და მთელი ეკიპაჟი ხედავდა მას.

შემდგომ ჩვენ მუდმივად ვიხსენებდით ამ შემთხვევას და ძალიან გვიკვირდა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 09:14 PM

"ეს ისტორია მე მიამბო მძიმე ავადმყოფმა ქალმა:

"29 წლის წინ ჩვენ გავემგზავრეთ ტყეში სოკოსთვის. მე მახლდა 11 წლის ვაჟი, ჩემს მეზობელს კი 11 წლის გოგონა.

საღამოვდებოდა. ცა იქუფრებოდა. ჩვენ კი ტყეში გზა აგვერია. ბავშვები დაიღალნენ, მოშივდათ და სციოდათ, გზა კი არსად ჩანდა. ფეხებ ქვეშ ჭაობი იყო, ზემოდან კი - გვაწვიმდა. ვყვიროდით, მაგრამ არავინ გვეხმაურებოდა. ასანთიც არ გვქონდა, რომ სადმე მოფარებულში კოცონი დაგვენთო. და დავიწყე ლოცვა: "წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, შეგვიბრალე საწყლები, გადაგვირჩინე დაღუპვას ბავშვები" - ასე ვიდექი ჭაობში მუხლებზე და ვტიროდი.

ლოცვის მერე გზა განვაგრძეთ. სოკო უთვალავი იყო. როგორც ჩანს, ღრმად ვიყავით ტყეში შესული. გავედით მდელოზე, ბუჩქებში კი დგას მოხუცი, ჩანს წელს ზემოთ. მე მივაშურე მას: "ბაბუა, გადაგვარჩინე, გაგვიყვანე ადამიანებთან", - ვთხოვე მას. ტონია მაჩერებდა, მე კი კვლავ მივმართე ბაბუას: "ბაბუა, საყვარელო, დაგვეხმარე, გვიჩვენე გზა". მან ხელი ზემოთ აწია და მიგვითითა ერთ ფერდობზე, რომელზეც არ ვიყავით ნამყოფი. ამის შემდგომ ბაბუა გაქრა. ბავშვები შეკრთნენ - იყო ბაბუა და აღარააო.

ჩვენ ავცოცდით იმ ფერდობზე, რომელიც მოხუცმა გვიჩვენა. სვენებ-სვენებით ავბობღდით.

როგორც კი ფერდობის თავზე აღმოვჩნდით იქიდან სამანქანო გზა დავინახეთ.

გვინდოდა ვინმეს გაჩერება, რომ გაგვეგო, საით წავსულიყავით, მაგრამ არავინ გაგვიჩერა. ღამდებოდა, ბოლოს ხის მორით გზა გადავღობეთ და ასე გავაჩერეთ ერთი გაბრაზებული მძღოლი, თუმცა მან გზა გვიჩვენა. დავინახეთ ქოხი, სადაც სინათლე ენთო.

დიასახლისმა შეგვიფარა, დაგვაპურა და დაგვაწვინა დასაძინებლად. მისგან გავიგეთ, რომ იმ ჭაობს ლეშაკი ჰქვია და ადგილობრივები მას გვერდს უქცევენ.

ლოცვით, წმ. ნიკოლოზის მეოხებით გამოვედით ჭაობიდან. ტონია არ მიშვებდა მოხუცთან, რადგან თავისი ხატით შეიცნო მასში წმ. ნიკოლოზი.

ჩვენი ბავშვები უკვე 40 წლისანი არიან, მაგრამ ყველას ახსოვს ეს დღე.

მწუხარებისგან და განსაცდელისგან გადაგვარჩინე, მამაო ჩვენო, წმიდაო ნიკოლოზ!"

/მხევალი ღვთისა ელისაბედი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 05:24 PM

"ეს მოხდა 14 წლის წინ...

მე ავად გავხდი. ექიმები ვერ მისვამდნენ დიაგნოზს. მე სანთელივით ვდნებოდი. ძლივს ვმუშაობდი, მოვლასლასდებოდი სახლში და არაფრის ჭამა არ მინდოდა. ეგრევე ვწვებოდი; საშინელი სისუსტე მტანჯავდა.

ასე ვიყავი დაახლოებით ერთი თვე.

და აი, 18 დეკემბერს ვწევარ ლოგინში და თვალებიდან ნაკადულივით მდის ცრემლები. უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს 19 დეკემბერი იყო - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღე. მე ჩემთვის ჩავილაპარაკე: "წმ. მღვდელმთავარო ნიკოლოზ, მე მსურს ან გამოვჯანმრთელდე, ან მოვკვდე". ამ აზრით ჩამეძინა კიდეც.

დილით გავიღვიძე და თავი სრულებით გამოჯანმრთელებულად ვიგრძენი. მე მომივიდა მადა, გამოჯანმრთელების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა.

იმ დღიდან ეკლესიაში ყოფნისას ყოვლეთვის ვუნთებ სანთელს წმ. ნიკოლოზს. ჩემთვის 19 დეკემბერი - მეორედ დაბადების დღეა. და კიდევ როცა სადმე გამგზავრება მიწევს, ასევე ვლოცულობ წმ. ნიკოლოზის მიმართ და ყველაფერი კარგად გამომდის: ვმგზავრობ მშვიდობიანად და სწრაფად"

/ტამარა მაიაკოვა
ქ. ვლადიმერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2023, 07:44 PM

"ჩვენი სოფლის ახლოს არის სოფელი ნიკოლსკოე, რომელშიც არის წმ. ნიკოლოზ მღვდელმთავრის სახელობის ტაძარი. ის ახლაც არსებობს - დიდი, ლამაზი და მადლმოსილი, რომელიც დიდი ხნის წინ არის აშენებული.

მოხუცებულები ჰყვებიან, რომ იმ დროს, როცა ეკლესიებს არბევდნენ, რომელიღაც კაცს უნდოდა ეკლესიის გუმბათიდან ჯვრის ჩამოხსნა. ის ზემოთ ავიდა გუმბათზე და დაინახა, რომ სულ ზემოთ ვიღაც მოხუცი იდგა, რომელმაც უთხრა: "შენ რატომ ამოხვედი აქ?" ის ადამიანი მიხვდა, რომ ეს წმიდა ნიკოლოზი იყო, შეეშინდა და სასწრაფოდ დაეშვა ქვემოთ.

ამის შემდგომ ამ ეკლესიას აღარავინ შეხებია".

/ტანია ავდეევა, ვორონეჟის ოლქი, სოფელი ბობიაკოვო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2023, 05:03 PM

"წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში აღწერილია ერთი თვისება, რომელიც მას ჰქონდა და რომელსაც წმინდა ეკლესია განსაკუთრებული სიხარულით ახსენებს და უგალობს.

წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელში არის ასეთი სიტყვები: იგი ადამიანებისგან განაგდებდა მწუხარებასა და ცრემლებს: "გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო, გიხაროდენ, მომნიჭებელო სიხარულისაო" - ასეთ სიტყვებს ვგალობთ.

რა ძალით აკეთებდა ამას წმინდა ნიკოლოზი, რომ განაგდებდა მწუხარებასა და სევდას ადამიანებისგან და ანიჭებდა სიხარულსა და ნამდვილ მხიარულებას? ეს იყო უფლის რწმენა, რომელიც მას გააჩნდა! იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზისთვის რწმენა არ იყო მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში გადარჩენის საშუალება, არამედ ასევე ამ მიწიერ ცხოვრებაში მწუხარებათა დაძლევის საშუალებაც იყო!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2023, 07:44 PM

"საღამოს მსახურების შემდგომ სახლში ვბრუნდებოდი. ვჩქარობდი, მე ხომ სამსახურის შემდგომ პირდაპირ წავედი ეკლესიაში. ჩემს წინ ნელა მიდიოდა ხელჩაკიდებული ორი მოხუცი. მოყინული იყო. ვეცადე მათთვის გადამესწრო და ამ დროს ერთი ეუბნება მეორეს: "ეს მართლა სასწაულია!" მე ნაბიჯი შევანელე, ყური მივუგდე. ბებია ჰყვება: "სახლიდან გამოსასვლელად მოვემზადე, ჩავიცვი. გასაღები მოვძებნე და ტუმბოზე არ აღმოჩნდა. ვიფიქრე - დავარდა მეთქი. მაგრამ არც იატაკზე აღმოჩნდა. ვეძებე, ვეძებე... ვერაფრით ვიპოვე. არც ჯიბეებში აღმოჩნდა და არც ჩანთაში. არსადაა! კარი ღია უნდა დამეტოვებინა. მივედი წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატთან და დავუწყე თხოვნა, დამხმარებოდა გასაღების პოვნაში. თაყვანი ვეცი, წამოვდექი, წინ გავიხედე და რას ვხედავ - ფანჯარასთან ლურსმანზე არის ჩამოკიდებული ჩემი გასაღები. არადა თთქოს იქ არასდროს დამიკიდებია, ყოველთვის ტუმბოზე ვდებდი".

ამის შემდგომ გადავასწარი მოხუცებს და ლამის სირბილით წავედი სახლისკენ, ავადმყოფი დედა მელოდა, თან შვილიც უნდა დაბრუნებულიყო სამსახურიდან.

სახლში მივედი თუ არა დავიწყე ვახშმის გაკეთება. მოვიდა ვაჟი. სანამ ის წესრიგდებოდა მოვუყვევი მას მოხუცის მონათხრობი. ამის მერე ის ოთახში შევიდა, მე კი კვლავ სამზარეულოში გავემართე.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ შემომესმა ყვირილი: "დედა!"

შევირბინე ოთახში. ჩემი შვილი დაბნეული დამხვდა. მას ცუდი მხედველობა აქვს, მაგრამ ის სათვალის მაგიერ ლინზებს ხმარობს. და აი, ერთი ლინზა გადმოუვარდა. ლინზა ხომ ნემსივით შეუმჩნეველი პატარა ფირფიტაა. იატაკზე ჩვენ გვაქვს ხალიჩა, დივანზე კი ფუმფულა პლედია. განა აქ რამეს იპოვი? მე კი ჩემი მხედველობის იმედად არც უნდა მქონოდა პოვნის იმედი.

უცებ ჩემი შვილი წმ. ნიკოლოზის ხატის წინ მუხლებზე დაემხო და დაუწყო მას თხოვნა. მე არ შევუშალე ხელი, ისევ სამზარეულოში წავედი. ვფიქრობდი, ამ ლინზის პოვნა შეუძლებელი იყო. საჭირო იქნებოდა ახლის ყიდვა. მაგრამ სანამ ხვალ სამსახრუში რა უნდა ექნა?

მოულოდნელად ჩემი ვაჟი სამზარეულოში შემოვიდა და თითით მიჩვენებს: "შეხედე, დედა - ვიილოცე, ავდექი, ხელით დივანს დავეყრდენი, ლინზა კი ამ დროს თითზე მიმექწება!"

/ზ. პავლოვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2023, 06:04 PM

"მე ვიყავი უკვე ოთხი წლის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დავდიიოდი. მხოლოდ ის შემეძლო, რომ ცოტა ხანს ფეხზე გავჩერებულიყავი, თუკი რამეზე ვიყავი დაყრდნობილი.

მე მკურნალობდა სხვადასხვა ექიმი, მაგრამ თავს სულ უფრო უარესად ვგრძნობდი. ვიღაცამ ნათესავებიდან ურჩია ჩემს მშობლებს, რომ ელოცათ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთქმოქმედის მიმართ. ჩვენი ოჯახი არ იყო ეკლესიური, მაგრამ ამის მიუხედავად წავედით ტაძარში, უფრო სწორად მშობლები მიდიოდნენ და მე მამას ხელში ვეჭირე. ჩემი დედ-მამა ძალიან მხურვალედ ლოცულობდა წმიდა ნიკოლოზის ხატთან, მე კი არ შემეძლო გამეგო, არ ხდებოდა. მახსოვს, ვკითხე მათ: "რატომ ევედრებით ამ ბიძიას, რა, ის გისმენთ?" მშობლებმა მიპასუხეს, რომ ის ყოველთვის გვისმენს. მაშინ მე მივხოხდი ხატთან, დავდექი მუხლებზე და დავიწყე ბავშვური ვედრება: "ბიძია, თუკი შენ მისმენ, თუკი შენ თოვლის ბაბუასავით ხარ და ასრულებ სურვილებს, გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ჩემი დედიკო და მამიკო აღარ ტიროდნენ და რომ შევძლო ფეხზე ადგომა და სიარული. მე ძალიან მინდა სხვა ბავშვებივით სირბილი!" მე ახლაც ცხადად მახსოვს ეს ბავშვური ლოცვა...

გავიდა ერთი კვირა...

არ იყო რაღაც ზეციური სინათლე, ან ხმა, რომელსაც გავყვებოდი. უბრალოდ, უცებ ვიგრძენი, რომ შემეძლო ადგომა. მე ჩამოვბობღდი საწოლიდან და ავდექი. ძალიან მეშინოდა სიარულის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თითქოს ვიღაცას ეჭირა ჩემი ხელი - ისე როგორც ჩვილისა, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს და მას იჭერენ მშობლები. და მე ისე გამიარა შიშმა, რომ წავედი...

ყოველ დღე მე დავდიოდი ჩემს ოთახში ცოტ-ცოტა, როცა გვერდით არავინ იყო. თუკი საწოლიდან შორს აღმომაჩენდნენ, ვეუბნებოდი, რომ იქ მივხოხდი.

მაგრამ ერთხელ მე, ბურალოდ, გავედი ჩემი ოთახიდან, გავიარე დერეფანი და პირდაპირ დედას შევეჯახე. მე მივდივარ და დედა ტირის! მე ვკითხე: "დედა, რატომ ტირი? განა არ გინდა, რომ ვიარო? შენ მოგწონს, რომ ხელით მატარებ?" უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავს სიხარულის ცრემლები.

მე გზა განვაგრძე და წამოვედე პიანინოს, რომელზეც იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი. ხატი ჩამოვარდა. მე ის ავიღე და დედას ვუთხარი: "აი, ეს ბიძია დამეხმარა".

ყოველ დღიურად მე დავდიოდი სულ უკეთ და უკეთ, მაგრამ მშობლები სკეპტიკურად მოეკიდნენ ჩემი განკურნების სასწაულს და ეს მკურნალობას მიაწერეს. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მე "კეთილი ბიძია" დამეხმარა - ეს წმ. ნიკოლოზი იყო".

/მხევალი ღვთისა ანასტასია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2024, 07:33 PM

"ძნელბედობის ჟამს ერთ სოფელში კაცი ცხოვრობდა, სახელად იპატი. პატიოსნად ცხოვრება გაუჭირდა და ჩაიფიქრა, კეთილი საქმე უკეთური საქმეებით ეკეთებინა: სადაც კი რამეს უმეთვალყურეოდ დაინახავდა, მაშინვე ხელს გააყოლებდა, ან კიდევ იყიდდა იაფად ყოველგვარ ხარახურას, მერე ბაზარს სოვდაგრად მოევლინებოდა, ხალხს მოხერხებულად მოატყუებდა, ათმაგად მიყიდდა და გახარებული რჩებოდა. ერთი სიტყვით, ქურდბაცაცობითა და ხალხის მოტყუებით ცხოვრობდა. მაგრამ, ამასთან, ყოველ ჯერზე, როგორც კი ხელში ფულს ჩაიგდებდა, ეკლესიაში წმინდა ნიკოლოზის ხატთან სანთლებს ანთებდა, თანაც, ისეთი რაოდენობით, რომ ტაძარში მხოლოდ მისი სანთლები ჩანდა.

და გაუვარდა ხმა იპატის, რომ გულმოდგინებით იმ არემარეში პირველი კაციაო, და შემწედ თვით წმინდა ნიკოლოზი ჰყავსო. თავად იპატიმაც დაიჯერა, რომ ყველაფერში წმინდა ნიკოლოზი ეხმარებოდა.

ერთხელაც წასცინცლა რაღაც მეზობელს და იქაურობას სწრაფად გაეცალა, მაგრამ მისდა საუბედუროდ, პატრონმა დროზე შენიშნა დანაკარგი და თავის სახლეულთან ერთად უკან გამოედევნა. გარბის იპატი და მისდევენ მეზპბლები; უკვე სოფელს გასცდა და შარაგზაზე გარბის, მაგრამ არც დაზარებულები ჩამორჩებიან ბევრად. დაიღალა იპატი, ეს არის და წაიქცევა. უცებ გზაში მოხუცი შემოხვდა.

- სად გარბიხარ, იპატი? - ჰკითხა.

- ჰოი, მოხუცო, მომეხმარე, ნუ გამწირავ, დამმალე სადმე, თორემ თუ დამეწივნენ, ცოცხალს არ დამტოვებენ.

- აი, თხრილში მკვდარი ცხენი გდია და ამოეფარე, - გზისპირზე მიუთითა მოხუცმა.

ჩახტა იპატი თხრილში, სადაც ცხენის ნახევრად გახრწნილი ლეში ეგდო და მისი მუცლის ქვეშ დაიმალა.

ჩაურბინეს მდევრებმა გვერდზე, ვერ შეამჩნიეს. გამოვიდა იპატი სამალავიდან და მოხუცს მადლობა გადაუხადა.

ის კი ეკითხება:

- რაო, იპატი, კარგი იყო ცხენის ლეშის ქვეშ წოლა?

- რას ამბობ, მოხუცო, კინაღამ გავიგუდე იმ სიმყრალეში.

მოხუცმა უცებ წარბები შეიკრა და მკაცრად მიმართა:

- სიმყრალე არ გესიამოვნა? აბა ერთი მე მკითხე, როგორ მსიამოვნებს შენი სანთლების მყრალი სუნი! ამ ლეშზე უარესია ისინი ჩემთვის! - შეტრიალდა და თავისი გზით წავიდა".

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 09:48 PM

"მე დიდი ხნის მანძილზე ვერ ვპოულობდი კარგ სამსახურს. უკვე სასოწარკვეთა მიპყრობდა. უწინდელი სამსახური არ მაწყობდა, რადგან ნათესავები, რომლებთანაც ვმუშაობდი, არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში.

საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ადამიანადაც არ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რომ მე ვცხოვრობდი არასწორად და არაფერს წარმოვადგენდი.

ასე ვიმუშავე მათთან სამი წელი და ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი ძალინ დათრგუნული, ნათესავების გაუთავებელი მოთხოვნების გამო, რომ სულ უფრო გამეზარდა და გამეზარდა გაყიდვები.

დღე და ღამე მე ვფიქრობდი, თუ როგორ გამეყიდა მეტი პროდუქცია, მაგრამ როგორც კი იზრდებოდა გაყიდვები, იზრდებოდა ჩემი ნათესავების მოთხოვნებიც.

და აი, ერთხელ, მე ვსეირნობდი პარკში და ფიქრებით უფალს ვესაუბრებოდი, რომ ძალიან მინდოდა, მემუშავა მართლმადიდებლურ კომპანიაში.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და გამუდმებული ფიქრისას, თუ როგორ შემეცვალა საკუთარი ცხოვრება, მივატოვე ნათესავების კომპანია, ვიპოვე რაღაც დროებითი საქმე და ცოტა გული გადავაყოლე, თუმცა მაინც დათრგუნული ვიყავი.

და აი, ერთხელ ძალიან მომინდა წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის წაკითხვა. მე და ჩემი ქმარი ყოველ საღამოს ვდგებოდით დაუჯდომლის წასაკითხად წმ. ნიკოლოზის ხატის წინ. მოულოდნელად დაახლოებით 5 დღის შემდგომ ვნახე განცხადება, რომ მართლმადიდებლურ კომპანიაში სჭირდებათ თანამშრომელი.

ორი კვირის შემდგომ, წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ლოცვებით, მე ახალ სამსახურში გავედი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სამსახურში საჭირო იყო საღვთისმეტყველო განათლება, რომელიც მე არ მაქვს, მე ძალიან თბილად მიმიღეს, დამეხმარნენ და მასწავლეს ყველაფერი, რაც იყო აუცილებელი.

ახლა მე მშვიდად შემიძლია წავიკითხო ლოცვა თავისუფალ დროს, არ მიყენებენ გაუთავებელ მოთხოვნებს და არ მამოწმებენ ყოველ 15 წუთში.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

მადლობა წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზს!"

/მხევალი ღვთისა იოანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 07:32 PM

"როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს. ის მოწყალეა და საოცრად მსწრაფლშემსმენელი"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 12:33 PM

"წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები სამ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი და მათი მფლობელია სამი ქალაქი: ორი იტალიური ქალაქი - ბარი და ვენეცია და ასევე ძველი მირონ-ლუკია - ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ანტალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 03:46 PM

"წმინდა ნიკოლოზის ოჯახი თევზსაჭერი ფლოტილიის მფლობელი იყო და წმინდა ნიკოლოზი ბავშვობიდანვე კარგი მეზღვაური იყო. ამიტომ იგი მეზღვაურთა მთავარ მფარველადაა მიჩნეული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 07:55 PM

"წმინდა ნიკოლოზი ქრისტიანული სარწმუნოების მტკიცე დამცველი იყო. ცნობილია, რომ მან დაამსხვრია რამდენიმე წარმართული სამსხვერპლო, მათ შორის, არტემიდას ცნობილი ტაძარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2024, 12:03 PM

"წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებს დღესაც სდის მირონი. სასულიერო პირები მას საფლავიდან წელიწადში ერთხელ იღებენ - წმინდა ნაწილების ბარში გადმოსვენების დღესასწაულზე 9/22 მაისს. მირონი, რომელსაც იტალიელები მანანას უწოდებენ, საფლავიდან საგანგებო მოწყობილობით ამოაქვთ და ნაკურთხი წყლით აზავებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 06:36 PM

"2009 წ. მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებისა და მისი თავის ქალის მიხედვით აღადგინეს წმინდანის გარეგნობა. ამ კვლევის მონაცემების თანახმად, წმინდა ნიკოლოზი იყო დაახლოებით 168 სმ. სიმაღლის შავგრვემანი, შავ-თვალება ჩასკვნილი მამაკაცი; მას ჰქონდა მაღალი შუბლი, გამოწეული ყვრიმალები და ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 05:59 PM

"მინდა გაგიზიაროთ წმ. ნიკოლოზის შეწევნის ჩემი ისტორიები. ის ყოველთვის მეხმარება - როგორც ყოველდღიურობაში, ასევე კრიტიკულ სიტუაციებში.

პირველი, რაც მახსენდება - მისი დახმარებაა, როცა იბადებოდა ჩემი გოგონა. შემდგომ ექიმებმა ასეც მითხრეს - პირველი ვიყავი, ვინც თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი ლოცულობად წმ. ნიკოლოზის მიმართ. მე მჯერა, რომ იმ ღამით მე დამეხმარა წმ. ნიკოლოზიცა და ექიმებიც.

უკვე მოგვიანებით, როცა მე შვილთან, ქრისტინესთან ერთად, მოვედი სახლში, მე დავკიდე დიდი ხატი მისის საწოლის წინ, ჩვილი კი პირველივე დღეებიდან რეაგირება მასზე - აღუს ამბობდა, უღიმოდა.

ახლა ის 3,5 წლისაა და წმ. ნიკოლოზს ბაბუას ეძახის.

მე მუდმივად მივმართავ მას დახმარებისთვის... ყოფითი პრობლემების დროსაც, მაგარლითად, რამეს რომ ვერ ვპოულობ, ვთხოვ წმ. ნიკოლოზს დახმარებას და ისიც მეხამარება. ან მე მჭირდება ქუჩაში გასვლა (ჩვენ კერძო სახლი გვაქვს), ბავშვზე ვნერვიულობ - ვთხოვ, წმ. ნიკოლოზს, რომ მიხედოს მას, მე კი მშვიდად მივდივარ. მას არასდროს დავუღალატებივარ! როცა ვავადმყოფობთ, როცა პრობლემები მაქვს - ვევედრები და ყველაფერი მართლაც მშვიდად ჩაივლის ხოლმე. ზოგჯერ კი საპირისპიროდ - ვითხოვ რაღაცას და უცებ ჩნდება წინაღობები. ადრე მე ჯიუტად არ ვიღებდი ცხვორებისგან გაკვეთილებს, ამას კი არაფერი კარგი არ მოჰქონდა. ასე რომ ყოველთვის, როცა რაღაცას ვითხვოთ, უნდა დავამატოთ - იყოს ნება უფლისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2024, 07:17 PM

"ერთხელ, 1988 წელს, ჩვენთან მონასტერში ჩამოვიდა მოსკოველი მომლოცველი. მან ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი ნათელი რწმენით, რომ მე თავი ვერ შევიკავე და ვკითხე, როგორ მივიდა რწმენამდე, რის მერეც ჩავიწერე მისი შესანიშნავი მონათხრობი.

"დიდ სამამულო ომში მე ვიყავი ფრონტზე მზვერავად. მებრძოლი და მამაცი ვიყავი. ერთხელ გაგვაგზავნეს დავალებაზე. გადავედით ფრონტის ხაზზე. ღრმად შევედით მტრის ზურგში და წარმატებით შევასრულეთ რა დავალება, ვბრუნდებოდით ჩვენებთან. მაგრამ ფრონტის ხაზიდან არცთუ ისე შორს ფაშისტებმა ალყაში მოგვაქციეს. დაიწყო ბრძოლა. ტყვია-წამალი ცოტა გვქონდა - დიდ ხანს ვერ გავძლებდით. ჯგუფის ხელმძღვანელმა გასცა ბრძანება, გავშლილიყავით და სათითაოდ გაგვერძელებინა გზა. მაგრამ როგორ გავსულიყავით სამშვიდობოს? გარშემო ხომ სულ ფაშისტები იყვნენ. თანაც წინ დანაღმული ველი იყო გაშლილი - სად იყო მასში გასასვლელი - ჩვენ არ ვიცოდით, ალალ-ბედზე წასვლა კი - გარდაუვალი სიკვდილი იყო.

მე მაშინ ურწმუნო, თუმცა მონათლული ვიყავი. დრო გადიოდა, ფაშისტებმა უკვე შეგვავიწროვებს დანაღმულ მინდვარმდე და ჩვენ გვესმოდა, რომ ეს უკვე აღსასრული იყო...

და აი, საიდანღაც გაჩნდა მოხუცი - ჭაღარა წვერით.

ხელი დაგვიქნია და დაგვიძახა:

- ჰეი, ვინ გამომყვება? - უფლის მიმართ ვილოცოთ!

მე უკვე ვემშვიდობებოდი სიცოცხლეს და გამახსენდა რა ჩემი ურწმუნოება, სასოწარკვეთილმა წამოვიძახე:

- ამ მოხუცის მოწოდებამ მაინც მომიყვანოს გონს!

მაგრამ საიდან გაჩნდა ის? ის ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის წევრი - ჩვენ ყველანი ტალახში ამოგანგლული ვიყავით ჭაობში ხეტიალის გამო, ის კი, მოხუცი - იყო სუფთა, კოპწია, ახალ ნახევრად ქურქში.

და აი, ის შეტრიალდა და ჩუმად წავიდა დანაღმულ მინდორზე - ჩვენც უკან გავყევით. გარშემო ტყვიები ზუზუნებდა, ჩვენ კი უჩუმრად მივდიოდით - და ასე გავიარეთ მთელი დანაღმული მინდორი. ხოლო როცა ჩვენიანებთან მივედით - ჩვენი გადამრჩენელი სადღაც გაქრა.

იმ დროიდან მე არ მასვენებდა კითხვა: ვინ იყო ეს ჩვენი საიდუმლო გადამრჩენელი?

და მხოლოდ ომი შემდგომ, როცა შევედი ეკლესიაში, დავინახე წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და გავოგნდი - ვიცანი ის, ვინც დანაღმულ მინდორზე გაგვატარა.

აი, ასე გავხდი მორწმუნე. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როცა რწმენისკენ თავად წმიდა ნიკოლოზმა მომიწოდა!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)