IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ტეზეს ეკუმენური მონასტერი
Believer
პოსტი May 21 2010, 05:24 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



მიხეილ სონღულაშვილი
2010 წლის
ჟურნალი "სოლიდარობა" #2(35)


ტეზეს ეკუმენური მონასტერი



"ოჰ, ტეზე – ეს პატარა გაზაფხული!"
ამ სიტყვებით მიეგება პაპი იოანე XXIII 1960 წელს ვატიკანში ჩასულ ძმა როჟეს – ტეზეს ეკუმენური მონასტრის წინამძღვარს. და მეც, ამ მონასტრის სულისკვეთების ერთ-ერთ მოტრფიალეს, განმიზრახავს იგივე სიტყვებით დავიწყო წერილის წერა ტეზეს შესახებ...
ტეზე – ეს პატარა გაზაფხული! სწორედაც რომ, საუკეთესო შეფასებაა იმ გასაოცარი მოვლენისა, რასაც ტეზეს მონასტერი ჰქვია, და რამაც ესოდენ დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანთა ერთობის საქმეში.
ტეზეს თემი მაშინ დაარსდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მაშინ, როცა ქრისტიანული სამყაროს სულიერ ცხოვრებას ზამთარი ედგა. როდესაც ორად გახლეჩილი ქრისტიანები ერთმანეთს ჟლეტდნენ. როგორც ნაზამთრალზე, გაზაფხული შემოდის სითბოთი და სიცოცხლით სავსე, ბუნების განმაახლებელი ძალით, სწორედ ასეთი იყო ტეზეს მონასტრის გამოჩენა იმ დროინდელი ქრისტიანული სამყაროს ცხოვრებაში – გაჩნდა დიდი იმედების მომცემი პატარა გაზაფხული.
ტეზეს მონასტერი ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრს წარმოადგენს. ამ მონასტერმა, მისი უნიკალურობის წყალობით, უდიდესი პოპულარობა ჰპოვა ახალგაზრდებს შორის. ყოველწლიურად ტეზეში ლოცვის, მედიტაციისა და ბიბლიის სასწავლად ასიათასზე მეტი კათოლიკე, პროტესტანტი თუ მართლმადიდებელი ახალგაზრდა ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. სამწუხაროდ, ტეზეს შესახებ საქართველოში ცოტამ თუ იცის, ისიც ძირითადად იქაური საგალობლების წყალობით; და, აქედან გამომდინარე, ტეზეს მონასტერში ქართველ ვიზიტორთა რიცხვი ძალზე მცირეა...
პირველად ტეზეს ეკუმენური მონასტრის შესახებ, ჩემი მეგობრისაგან, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილისაგან შევიტყვე. მეუფე მალხაზს საკმაოდ ღრმა და მეგობრული ურთიერთობები აქვს ტეზეს თემთან. იგი ბევრ საინტერესო ამბავს მომითხრობდა ტეზეს მონასტრისა და კერძოდ ძმა როჟეს შესახებ. იმ ხანიდან მოყოლებული ჩემი ოცნება იყო ჩავსულიყავი და საკუთარი თვალით მენახა ეს მონასტერი...
მოგვიანებით, 2007 წელს, შვეიცარიაში ჩემი სტუდენტობის დროს, ტეზეს მონასტრის ეგიდით ჟენევაში იმართებოდა “ევროპელ ახალგაზრდათა შეხვედრა”, რომლის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართვა მეც მომიწია. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთი კვირით ორმოცი ათასამდე ახალგაზრდა ჩამოვიდა. იმ დღეებში, ერთ საღამოს, ბოსეს ეკუმენურ ინსტიტუტში, გვესტუმრნენ ტეზეს ბერები, რომელთაც ლექცია წაგვიკითხეს ტეზეს მონასტრის შესახებ, რის შემდეგაც ერთობლივი ლოცვა აღვავლინეთ. სწორედ იმ სღამოს გავიცანი ძმა რიჩარდი, რომელთანაც საკმაოდ ხანგრძლივი და თბილი საუბარი მქონდა. ძმა რიჩარდმა ტეზეში მიმიწვია და სინანულით აღნიშნა, რომ საქართველოდან, ვიზიტორთა რიცხვი ძალიან მცირეაო...
მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ტეზეს მონასტერში სტუმრობა ვერ შევიძელი.
IPB-ს სურათი

2009 წლის ივლისში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის დელეგატად, ეპისკოპოს მერაბ გაფრინდაშვილთან და ბატონ ვასილ კობახიძესთან ერთად, ევროპის ეკლესიათა კონფერენციის 13-ე ასამბლეაზე ვიყავი მივლინებული, საფრანგეთის ქალაქ ლიონში. ასამბლეაზე დამკვირვებელთა შორის იყო ძმა რიჩარდიც, რომელმაც ქართველ დელეგატებს შემოგვთავაზა: ასამბლეის ბოლოს ტეზეში წაგიყვანთ, და შემდეგ საქართველოში გამგზავრების დღეს აეროპორტში დაგაბრუნებთო. რაღა თქმა უნდა, ამ დიდსულოვან შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდით.
ამგვარად, ამიხდა დიდი ხნის ოცნება და პირველად აღმოვჩნდი ტეზეში. უმშვენიერესი სანახავია, როდესაც ხედავ ათასობით ახალგაზრდას, ჩამოსულთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ერთად მყოფთ და ერთად მლოცველთ. არაფერი სჯობს იმის ხილვას, თუ როგორ ერთიანდება ეს ხალხი ამ მონასტერში ერთ ქრისტიანულ ოჯახად – დენომინაციური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების მიუხედავად. სწორედ ესაა ჩემი განზრახვა, რომ მოგითხროთ, ანდა შეგახსენოთ იმ ადგილის შესახებ სადაც ქრისტიანთა ერთობა ხილულია!



როჟე შვუტსი
IPB-ს სურათი

როჟე შვუტსი – ტეზეს ეკუმენური მონასტრის დამაარსებელი და მისი წინამძღვარი – შვეიცარიის ფრანგულად მოლაპარაკე მხარის ერთ პატარა სოფელში დაიბადა 1915 წლის 12 მაისს. იგი პროტესტანტი პასტორის ოჯახში მეცხრე, ყველაზე უმცროსი, შვილი იყო.
მოზარდობისას ტუბერკულოზის სენით დაავადდა, რის გამოც წლობით უხდებოდა მკურნალობა. აი როგორ იხსენებს თავად იმ წლებს: "როცა ავად ვიყავი, საკმარისი დრო მქონდა წიგნების კითხვისა, მედიტაციისა და ღვთის სიტყვის აღმოსაჩენად, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გამყვა. როდესაც ახლოს იყო სიკვდილი, გამოვცადე, რომ კურნება სხეულზე მეტად შინაგან არსებას სჭირდება და, რომ ჩვენი გულების კურნება, უბრალოდ, ღმერთზე მინდობაა". შემდგომში, როგორც თავად ამბობდა, მისი ავადმყოფობა იქცა მისი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად.
თუმცა უდაოა, რომ როჟეს მომავლის განსაზღვრასა და, ზოგადად, ტეზეს ეკუმენური მონასტრის წარმოქმნაში ერთ-ერთი უპირველესი და გადამწყვეტი როლი როჟეს ფრანგი ბებიის ცხოვრების მაგალითმა შეასრულა. როგორც როჟე ამბობდა, სწორედ მან გაუღო კარი ეკუმენური ცხოვრებისა. მის ბებიას პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ჩრდილოეთ საფრანგეთში უცხოვრია, სადაც ფრონტის ხაზზე უწევდა არსებობა. ომის დროს მის სახლს ბომბიც კი დაეცა, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქებულა, თუმცა გაქცევის ნაცვლად, იგი სახლში დევნილებს იფარებდა – მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებმაც თავშესაფარი დაკარგეს. ომის შემდეგ მოხუცი ქრისტიანთა შერიგების წყურვილით თურმე ხშირად ამბობდა: "დაყოფილი ქრისტიანები ერთმანეთს იარაღით ებრძვიან ევროპაში. უნდა შერიგდნენ, რათა ამით აიცილონ მეორე ომი”. მიუხედავად იმისა, რომ როჟეს ბებია ძველი პროტესტანტული ოჯახიდან მოდიოდა, იგი აღვსილი იყო შერიგების სურვილით და, ამ მიზეზით, ის სისტემატურად ესწრებოდა კათოლიკურ მესას. ამ გზით იგი საკუთარ თავში ახდენდა ქრისტიანთა შერიგებას. ამის შესახებ როჟე ხშირად ამბობდა: ბებიაჩემის ამ ორმა მიდრეკილებამ – დაზარალებული ხალხის მიღება-პატრონობა და ქრისტიანთა შერიგების მცდელობა საკუთარ თავში – სამუდამო კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზეო.
როჟემ თეოლოგიური განათლება ლოზანაში, შემდეგ კი სტრასბურგში, მიიღო. სტუდენტობის პერიოდში იგი სათავეში ჩაუდგა შვეიცარიის ქრისტიან სტუდენტთა მოძრაობას, რომელიც მსოფლიოს ქრისტიან სტუდენტთა ფედერაციის ნაწილი იყო. შეხვედრებმა, რომელსაც იგი აწყობდა ამ ორგანიზაციის ეგიდით და, რომლის მიზანსაც დიალოგი და თანალოცვა წარმოადგენდა, სწრაფად ჰპოვა პოპულარობა იმ დროის ახალგაზრდებს შორის. ამავდროულად მოხდა მისი ორდინაცია პასტორად რეფორმატორულ ეკლესიაში.



ტეზე
სწავლის გასრულების შემდეგ 25 წლის როჟემ შვეიცარიის დატოვება და თავისი დედის სამშობლოში, საფრანგეთში, წასვლა განიზრახა, რადგან იმ დროისათვის ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სიდუხჭირეში ჩაცვენილ ხალხს მხარში ისევე ამოსდგომოდა, როგორც ეს მისმა ბებიამ გააკეთა პირველი მსოფლიო ომის დროს. როჟემ ველოსიპედით იმოგზაურა სამხრეთ საფრანგეთში და 1940 წლის 20 აგვისტოს ასე აღმოაჩინა ბურგუნდიაში ძველი, ისტორიული სააბატოს – კლუნის მახლობლად მდებარე პატარა სოფელი ტეზე.
ტეზე იმ დროისათვის ჯერ კიდევ ფრანგების მიერ კონტროლირებად მხარეში შედიოდა. მცირე სესხის საშუალებით როჟემ შეიძლო იქ სახლის შესყიდვა და დიდი სიფრთხილით შეუდგა იმ დევნილთა მიღებას, რომელნიც ოკუპირებული საფრანგეთიდან გამორბოდნენ. ასეთები ძირითადად ებრაელები იყვნენ. ასე, ნელ-ნელა, ის სახლი დევნილთა თავშესაფრად გადაიქცა. საკვებად უმეტესად ჭინჭრის სუპისა და ლოკოკინების მომზადება გვიწევდაო, – იხსენებდა როჟე, – ლოკოკინების მოძიება კი იოლი იყო, ვინაიდან იქვე ახლოს ერთ დროს სალოკოკინეს უარსებიაო. შემდეგ ბაღიც დაუმუშავებიათ, ორი თხა და ერთი ძროხაც შეუძენიათ და ამით ახერხებდა დევნილთა გამასპინძლებას.
1942 წლის მიწურულს, როდესაც როჟე ერთ-ერთ დევნილს ეხმარებოდა შვეიცარიის საზღვრის გადაკვეთაში, ვიღაცას გაუფრთხილებია, უკან ნუღარ მიბრუნდები ტეზეში, ვინაიდან შეიტყვეს შენი საქმიანობის შესახებ და დიდი საფრთხის წინაშე დგახარო. ამ დროისათვის გერმანელები, უკვე სრულად აკონტროლებდნენ საფრანგეთს. ასე რომ, იგი ორი წლით უკან დაბრუნდა შვეიცარიაში. ჟენევაში, კათედრალის მახლობლად, პატარა ოთახში დაბინავდა, სადაც სტუდენტობის დროს გაცნობილი ახალგაზრდობა კვლავ შემოიკრიბა და პატარა თემი ჩამოაყალიბა. ისინი ყოველდღიურად იკრიბებოდნენ კათედრალში და ლოცულობდნენ. აქვე დაუახლოვდა იმ სამ ადამიანს, ვისთან ერთადაც დაბრუნდა ტეზეში და რომელნიც მისი პირველი სულიერი ძმები გახდნენ.
1944 წელს, ომი რომ დასასრულს უახლოვდებოდა, ძმა როჟე სამ თანამოაზრესთან ერთად ბრუნდება ტეზეში. მიუხედავად უმძაფრესი მატერიალური სიდუხჭირისა ისინი ერთ თემად ცხოვრებას შეუდგნენ. ამ დროისათვის თემი უკვე ყოველგვარ ფულად შემოწირულობაზე ამბობდა უარს… თავად ძმა როჟე ამ პერიოდს ასე იხსენებს – ქამრები იმდენად შემოვიჭირეთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო და, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვარსებობდითო. ასეთ ცხოვრებაში ნამდვილად იყო მშვენიერებაო.
ტეზეს თემის წინაშე მალევე დასმულა კითხვა: ჩვენს გარშემო მყოფებს შორის, ვინ საჭიროებსო დახმარებას ყველაზე მეტად? – იქვე ახლოს გერმანელ ტყვეთა ბანაკები ყოფილა, სადაც მრავალი ტყვე შიმშილით იტანჯებოდა… ასე რომ, მათ ხელისუფლებისაგან ნებართვა აუღიათ კვირა დღეებში ტყვეები თავისთან მიეწვიათ ლოცვისა და პურობისათვის. ამის შესახებ როჟე წერდა: “ღარიბთა შორის ღარიბად დაბადებული ქრისტე, ქვეყნად მოვიდა, რათა თავმდაბლად მოეძღვნა ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლე, და ამ გზით, იგი ჩვენც გვიწვევს, რათა მივყვეთ მას… როდესაც ჩვენ გვერდით ვუდგავართ განსაცდელში ჩავარდნილს, სწორედ მაშინ აღმოვჩნდებით ხოლმე ქრისტეს პირისპირ. თავადაც ხომ იგივეს ამბობს სახარებაში: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთო”.
ეს ორი სიტუაცია – პოლიტიკურ დევნილთა შეფარება და ორი წლის შემდეგ გერმანელ ტყვეთა მასპინძლობა – უმნიშვნელოვანესი გამოცდილება იყო, რომელმაც ძალზე დიდი კვალი დატოვა თემის ცხოვრებაში.
ხოლო, 1945 წელს, მას შემდეგ, რაც ომი დასრულდა, გასაჭირში ჩაცვენილი პოლიტიკური დევნილებისა და გერმანელი ტყვეების შემდეგ, ტეზეს თემის მზრუნველობა მიმართულ იქნა ბავშვებზე… იმ, ბავშვებზე, რომელთაც ომის დროს მშობლები დაეკარგათ. რაღა თქმა უნდა, კაცების თემი ვერ შეძლებდა ბავშვების სათანადო მოვლას. ამიტომაც, ძმა როჟე შვეიცარიაში, თავის უმცროს დას, ჟენევიევს, დაუკავშირდა და ტეზეში ჩასვლა სთხოვა. ჟენევიევი, ოცამდე ბავშვთან ერთად სოფლის ერთ-ერთ ძველ სახლში მოეწყო, მან მალევე გაანალიზა, რომ ბავშვებს ვეღარასდროს დატოვებდა და რომ მას საკუთარი ცხოვრება მათთვის უნდა მიეძღვნა. ამგვარად, ჟენევიევმა უარი თქვა თავის მუსიკალურ კარიერაზე და სამუდამოდ ტეზეში დამკვიდრდა.

IPB-ს სურათი
ამ ბავშვებს შორის ხუთი მათგანი საბჭოთა საქართველოდან ყოფილა. მათი მამა მართლმადიდებელი ქრისტიანი, იძულებული გამხდარა, სამშობლო მიეტოვებინა და უცხოეთში გაეღწია. საფრანგეთში ჩასულები, დევნილთა ბანაკში დაბინავებულან. ამ დროისათვის მამა მძიმედ ავად ყოფილა და მალევე გარდაცვლილა. ბავშვები კი ტეზეში ჟენევიევთან გადაუყვანიათ საცხოვრებლად.
ოცივე ბავშვი წამოიზარდა, თავთავიანთ ცხოვრების გზას დაადგა და დაოჯახდა. ისინი, ხშირად სტუმრობდნენ ჟენევიევს ტეზეს ძველ სახლში თავიანთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. – იხსენებდა ძმა როჟე.
ტეზეს თემმა წლების განმავლობაში მრავალ გასაჭირში მყოფ ადამიანზე იკისრა მზრუნველობა. ძმებმა სოფელში ერთ-ერთი ძველი, დანგრევის პირას მყოფი, სახლი შეაკეთეს იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ცხოვრებაში დიდი სიძნელეები ედგათ. ასეთები იყვნენ: ემიგრანტები პორტუგალიიდან და ესპანეთიდან; ორი ქვრივი ვიეტნამიდან, თავიანთ მრავალრიცხოვან შვილებთან ერთად, რომელთაც ძმა როჟე ტაილანდში, ლტოლვითა ბანაკში შეხვედრია; ოჯახი რუანდიდან და აგრეთვე ოჯახი სარაევოდან, და კიდევ, ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანისათვის აღმოუჩენიათ შემწეობა ტეზეში?!.
თუმცაღა თემისთვის ზრუნვის საგანს მხოლოდ გაჭირვებულთა ტეზეში მასპინძლობა არ წარმოადგენდა, არამედ მათი ყურადღება აგრეთვე მიმართული იყო აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ გაჭირვებულ ადამიანებზე. არაერთი ათეული წელია რაც ტეზეს ბერები, ასეთ ქვეყნებში, უპოვართა გვერდით ცხოვრობენ და ზრუნავენ მათზე…

ეკუმენური მონასტერი
1949 წელს, აღდგომა დღეს, უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ტეზეს თემში პირველმა შვიდმა ბერმა სამუდამოდ დაუქორწინებლობისა და უბრალო ცხოვრების აღთქმა დადო.
ძმა როჟეს ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა იმის განცდა, რომ თემის ცხოვრება იყო ნიშანი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულისა. უთქვამს, უმნიშვნელოვანესია შეიქმნას მონასტერი მცირე რიცხოვან წევრთათვის, მაგრამ ისეთი წევრებისათვის, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სრულად მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება თემს, სადაც ჩვენ ყოველთვის იმის ცდაში ვიქნებით, რომ გავუგოთ ერთმანეთს და მოვრიგდეთ, სადაც გულკეთილობა და უბრალოება იქნება ყოველივეს გულისგული. რათა ერთად, ყოველდღიურად აღვასრულოთ კონკრეტული ნაბიჯი შერიგებისათვის და ამ გზით თანაზიარება ნათელი გავხადოთო. იგი, ქრისტიანთა შერიგებისაკენ, მათი სრული თანაზიარებისაკენ ისწრაფოდა და ტეზეს ეკუმენური მონასტრის დასაბამიდანაც ეს მიზანი იყო ფუნდამენტური.
1958 წლის 7 ნოემბერს ძმა როჟე ვატიკანშია სტუმრად და იოანე XXIII-ს ხვდება მისი პაპად არჩევის მეთერთმეტე დღეს. პაპი დიდი ყურადღებითა და სითბოთი იღებს ძმა როჟეს. საფუძველი ეყრება საკმაოდ ღრმა და ნაყოფიერ თანამშრომლობას ტეზეს ეკუმენურ მონასტერსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის. ძმა როჟე მიწვევას იღებს ვატიკანის მეორე კრებაზე დამკვირვებლად. ტეზეს ეკუმენური მონასტრისათვის ეს იყო ახალი დასაწყისი. აქედან მოყოლებული, ძმა როჟე ყოველწლიურად იყო მიწვეული ვატიკანში, პაპთან აუდიენციაზე.
ასეთი მიღებით გაოცებულ ძმა როჟეს პაპისთვის უკითხავს: “წმინდა მამაო, რატომ გვენდობით ასე?”
“უცოდველი თვალები გაქვთ!” – უპასუხია პაპს.
“პაპი იოანე XXIII, ალბათ ის ადამიანი იყო, რომელსაც ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად ვაფასებდი. მე ის საკუთარი მამასავით მიყვარდა”. – წერდა მოგვიანებით ძმა როჟე.
IPB-ს სურათი
ვატიკანის მეორე კრებისას იგი გაიცნობს და დაუმეგობრდება, ადამიანს, რომელიც 16 წლის შემდეგ პაპი გახდება. ეს გახლავთ იოანე პავლე II, რომელიც ძმა როჟესა და ტეზეს თემის დიდი მეგობარი იყო. 1986 წლის 5 ოქტომბერს პაპი იოანე პავლე II, ტეზეს ეწვია, რაც მისი მხრიდან ტეზეს თემის მიმართ დიდი სიყვარულისა და ნდობის დადასტურება იყო.
ამას გარდა, ტეზეში ტრადიციადაა ჩამოყალიბებული სასულიერო პირთა მასპინძლობა. მონასტერს დაარსებიდან მოყოლებული სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციიდან არა ერთი სასულიერო ლიდერი სწვევია. ძალზე შთამბეჭდავი იყო 1992 წელს კენტერბერის მთავარეპისკოპოს, ჯორჯ ქერის ვიზიტი, რომელიც ათასი ანგლიკანი ახალგაზრდის თანხლებით ჩავიდა ტეზეში და ერთი კვირა დაჰყო იქ.
ასევე აღსანიშნავია, ძმა როჟესა და დედა ტერეზას ურთიერობა. ისინი ერთმანეთს 1976 წელს შეხვდნენ. ეს იყო დასაწყისი ხანგრძლივი და ღრმა ურთიერთობისა. ძმა როჟე და დედა ტერეზა მრავალ საქმიანობასთან ერთად, სამ წიგნსაც დაწერენ თანაავტორობით.
პროტესტანტმა პასტორმა, ძმა როჟემ, უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა კათოლიკურ ეკლესიასთან სრული თანაზიარების მიღწევით ისე, რომ არ შეუცვლია საკუთარი აღმსარებლობა. 1980 წელს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ძმა როჟემ იოანე პაველე II-ის წინაშე განაცხადა: მე, როგორც ქრისტიანმა, ჩემი იდენტობა ვიპოვნე ჩემს საკუთარ რწმენასა და კათოლიკურ მისტერიებს შორის შერიგებაში. ისე, რომ არავისთან გამიწყვეტია ერთობაო.

IPB-ს სურათი
ამიტომაც ძმა როჟე ყოველ დილით ტეზეს მონასტერში კათოლიკური წესით იღებდა ევქარისტიას; და, აგრეთვე, რომის პაპის ხელიდანაც არაერთხელ მიუღია ზიარება. ეს იყო სრული თანაზიარების ერთ-ერთი პირველი გამოვლინება პროტესტანტული აღმსარებლობის პიროვნებასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტეზეს მონასტერში შერიგება მართლმადიდებლებთანაც მოხდა. დღეისათვის ტეზეს თემში არაერთი მართლმადიდებელი ბერი ცხოვრობს. ძმა როჟეს ახალგაზრდობიდანვე მჭიდრო კავშირი ჰქონია მართლმადიდებელ ქრისტიანებთან. 1962 წელს იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქ, ათანაგორას, სწვევია სტამბულში. ამ შეხვედრას მასზე საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია და აი, რას წერდა იგი: „ვიდრე ცოცხალი ვარ, პატრიარქი ჩემს მოგონებებში ისეთი დარჩება, როგორც იმ დღეს, როცა სტამბულიდან მოვემგზავრებოდით, – იგი რეზიდენციის გასასვლელში იდგა, ხელები მაღლა ისე აღეპყრო, თითქოს ევქარისტიისას ბარძიმი შეუმართავსო, გვითხრა: ‘გახსოვდეთ, პურისტეხასა და ბარძიმს იქით სხვა გზა არ არსებობს!’“ და, მართლაც, ტეზეში ევქარისტიის საკითხი ძალზე პრაქტიკულადაა გადაწყვეტილი. ევქარისტიული ღვთისმსახურება ყოველ დილით აღევლინება, გამოაქვთ ევქარისტიული მსახურების ელემენტები და ყველამ იცის, თუ რომელი ეკლესიის წარმომადგენლისათვის სად რიგდება ზიარება. ხოლო, იმ მართლმადიდებელთათვის, რომელთაც საერთო ზიარებაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ, მონასტრის ტერიტორიაზე არსებობს პატარა მართლმადიდებლური სამლოცველო.

ახალგაზრდები
როცა არ უნდა ჩახვიდეთ ტეზეს მონასტერში, უამრავ ახლგაზრდას შეხვდებით. ახალგაზრდები ტეზეს თემს დაარსებიდან მოყოლებული განუწყვეტლივ სტუმრობენ. თავდაპირველად მცირე ჯგუფებად, ხოლო 1958-60 წლებში ვიზიტორ ახალგაზრდათა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ვატიკანის მეორე კრებამ კი, ვიზიტორ ახალგაზრდათა ახალი, გაცილებით დიდი ტალღა გამოიწვია.
ახალგაზრდობა სალოცავად მოდიოდა და მთელი კვირის განმავლობაში რჩებოდა. ბერებმა მალევე ააშენეს შენობა, სტუმართა დასაბინავებლად. თუმცაღა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი და შემდეგ კარვები შეიძინეს... შუასაუკუნეების ხანის ტაძარი მლოცველებს ვეღარ იტევდა, თემში დაისვა საკითხი ახალი, დიდი ტაძრის აშენებისა. ტეზეში გერმანელმა ახალგაზრდებმა, მადლიერების ნიშნად შერიგების ტაძარი ააგეს, რომელიც ძმა როჟეს თავდაპირველად ძალიან დიდი ეჩვენებოდა და ეწინააღმდეგებოდა კიდეც ამხელა მასშტაბის მშენებლობას... მაგრამ ცოტახანში ყველა დარწმუნდა, რომ ტაძარი მომლოცველებს ვეღარ იტევდა. დღესდღეობით ტაძარი ხუთიათასზე მეტ ადამიანს იტევს თუმცა, მიუხედავად ამისა თავისუფალი ადგილის პოვნა ყოველთვის პრობლემატურია.
ტეზეს მონასტერი 1966 წლის სექტემბრიდან დღემდე, ფოკუსირებას ახალგაზრდებზე ახდენს და სისტემატურად აწყობს “ტეზეს ინტერნაციონალურ ახალგაზრდულ შეხვედრებს”. ეს შეხვედრები ყოველწლიურად თებერვლის თვეში იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ახალგაზრდები მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და კვირიდან კვირამდე რჩებიან. ზაფხულის განმავლობაში ყოველკვირეულად ჩამოსულთა რიცხვი ხშირად ექვსი ათასს აჭარბებს.
ტეზეს მონასტერი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე დიდ ქალაქში აწყობს აგრეთვე “ევროპელ ახალგაზრდათა შეხვედრას”. შეხვედრები ერთ კვირიანია, და ძირითადად ახალი წლის დღეებში იმართება. 1994 წლის მიწურულს, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, ასი ათასზე მეტი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომელთაც ძმა როჟემ ამ სიტყვებით მიმართა: “ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ვეძიოთ, ანდა განვაგრძოთ ძებნა ლოცვასა და მდუმარებაში, და ასე ჩავწვდეთ ჩვენს შინაგან არსებას”...
ძმა როჟეს ირგვლივ, ახალგაზრდები ჯერ ისევ შვეიცარიაში, მისი სტუდენტობის დროს, იკრიბებოდნენ და ტეზეს ეკუმენური მონასტრის მხრიდან ახალგაზრდებზე ფოკუსირება რაღა თქმა უნდა მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო. თავად ძმა როჟე კი წერდა: და ასე, ჩემის მხრივ, სამყაროს დასალიერშიც კი წავიდოდი, თუკი ამ გზით შევძლებდი კიდევ და კიდევ დამედასტურებინა ჩემი ნდობა ახალგაზრდა თაობის მიმართო.
ტეზეს ეკუმენური მონასტრის მიმართ ახალგაზრდების ასეთი ინტერესი გასაკვირი მოვლენა იყო თავად ძმა როჟესთვის. მაშინ, როდესაც ევროპაში სხვა ეკლესიები და მონასტრები დაცარიელებული იყო, ტეზეს იმდენი ხალხი სტუმრობდა, რომ ვერ ხერხდებოდა მათი დატევა. ჩვენ მათ მოსაზიდად არაფერი გაგვიკეთებიაო, – ამბობდა ძმა როჟე. სინამდვილეში კი ტეზეს თემმა მართლაც რომ აურაცხელი რამ გააკეთა და, რაღა თქმა უნდა, ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა… თუნდაც ის გარემო, რომელსაც თქვენ ტეზეში ღვთისმასხურებისას ნახავთ, განუმეორებელია!

ღვთისმსახურება
ტეზეს მონასტერმა ღვთისმსახურების უნიკალური სტილი წარმოქმნა, რომელიც საკმაოდ დიდ პოპულარობას პოულობს სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის ეკლესიებში. სამონასტრო ტრადიციების თანახმად, თემი ერთობლივი ლოცვის აღსავლენად დღის განმავლობაში სამჯერ იკრიბება. ლოცვის უმთავრესი ელემენტები – წმინდა წერილიდან ფსალმუნთა და სხვა საკითხავთა კითხვა, გალობა და მდუმარება მედიტაციისათვის საკმაოდ ხელსაყრელ გარემოს ქმნის. საგალობლები მედიტაციური ხასიათისაა, რომლებიც ძირითადად ფსალმუნებიდან, ან წმინდა წერილის სხვა წიგნებიდან ამოღებული მოკლე ფრაზებისაგან შედგება და სხვადასხვა ენაზე იგალობება. ეს ყოველივე კი ლიტურგიაში მომლოცველთა სრულ ჩართულობას უწყობს ხელს. მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტეზეს მონასტერში არ არსებობს ქადაგების ტრადიცია. ძმა როჟე ხშირად ამბობდა: იმათთვის, ვინც ჩვენთან მოდის, ჩვენ გვინდა ვიყოთ ადამიენები რომლებიც უსმენენ, და არამც და არამც სულიერი მოძღვრები. ჩვენ კი არ უნდა ვქადაგებდეთ, არამედ უნდა ვლოცულობდეთ მათთან ერთად და ამ გზით ახალგაზრდებს ხელს ვუწყობდეთ უფლის ხმის, უფლის მოწოდების, აღმოჩენაშიო.
ძმა როჟემ, წმინდა იოანე დამასკელის სწავლებაზე დაყრდნობით, ხელახლა გაიაზრა იკონოგრაფიის როლი დასავლური ქრისტიანობის ღვთისმსახურებისათვის. ტეზეს იკონოგრაფიის განვითარებაში, უდიდესი წვლილი შეიტანა ძმა ერიკმა, როგორც ერთ-ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა. ძმა ერიკი, ჟენევის იმ კათედრალის წინამძღვრის ვაჟიშვილი იყო, სადაც ძმა როჟე 1942-1944 წლებში, ტეზედან დევნილობის ხანს, იკრებდა თანამოაზრეებს. თავად ძმა ერიკი ტეზეს თემს 1949 წლიდან შეუერთდა. მის მიერ შექმნილი ჯვარცმა დღეს მთელ მსოფლიოში ტეზეს ღვთისმსახურების სიმბოლოდაა ქცეული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძმა ერიკის უკანასკნელი ტილო, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო ხანებში დახატა, არის მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის პორტრეტი…



დიახ, ეკუმენიზმის გაზაფხული ტეზეს გორაკზე გაიფურჩქნა!
IPB-ს სურათი
2005 წლის 16 აგვისტოს, ტეზეს შერიგების ტაძარში, მწუხრის ლოცვისას ძმა როჟეს ფსიქიურად გაუწონასწორებელმა ქალმა ყელი გამოჭრა. იგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა… ოთხი დღის მერე მისი ტეზეში ჩამოსვლიდან 65 წელი სრულდებოდა…
ძმა როჟეს დაკრძალვაზე, ტეზეს ახალმა წინამძღვარმა ძმა ალოისმა, რომელიც თავად ძმა როჟეს ჰყავდა გამორჩეული თავის შემცვლელად, შემდეგი ლოცვა წარმოსთქვა:
“ღმერთო გულმოწყალებისაო, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ შენს მიმტევებლობაში, იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც თავისი ავადმყოფობის გამო, ძმა როჟეს სიცოცხლე დაასრულა. ქრისტეთი ჯვარზე, ჩვენ მოგმართავთ შენ: მამაო, მიუტევე მას, რამეთუ არ იცოდა, რას აკეთებდა!”
პროტესტანტი ბერის დაკრძალვის ცერემონიას, რომელსაც კათოლიკე კარდინალი, ვალტერ კასპერი, უძღვებოდა, ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა,… “დიახ, ეკუმენიზმის გაზაფხული ტეზეს გორაკზე გაიფურჩქნა!” – განაცხადა კარდინალმა კასპერმა. აქვე, უნდა აღინიშნოს რომ, დაკრძალვის ცერემონიაზე, კათოლიკე, ანგლიკან და პროტესტანტ სასულიერო პირთა გვერდით მრავალი მართლმადიდებელი მღვდელი და მიტროპოლიტი იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ტეზეს ეკუმენური მონასტერი კვლავ მტკიცედ განაგრძობს ძმა როჟეს მიერ დასახულ გზას და ერთად ჰკრებს ყველა დენომინაციისა თუ კულტურის ხალხს. ტეზე იმედს განასახიერებს დაყოფილ მსოფლიოში და მის სულიერებას ეკლესიებისათვის ახალი სიცოცხლე მოაქვს ამ წუთისოფლში.
დღესდღეობით ტეზეს თემში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ასზე მეტი ბერი ეწევა მსახურებას.


****
IPB-ს სურათი
დასასრულს, მინდა, ტეზეში მიღებული ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. ტეზეში ყოფნისას უპირველესად რასაც შეამჩნევთ ეს უბრალოება და სისადავეა, მოკლებული ყოველგვარ პომპეზურობას. ჩვენი ჩასვლის პირველ დღეს, დილის ლოცვის შემდეგ, ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, ბატონი ვასილ კობახიძე და მე, ძმა როჟეს საფლავის მოსანახულებლად წავედით (ძმა როჟე შუასაუკუნეების ხანის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული, იქ, სადაც თემი თავდაპირველად იკრიბებოდა). ეზოში მრავალი სასაფლაოა, შემკული ნაირნაირი სვეტებითა და ჯვრებით. რამოდენიმეჯერ დავიარეთ იქაურობა, მაგრამ ძმა როჟეს საფლავს ვერ მივაგენით… ბოლოს გალავანს გარეთ, მოხუცებული ქალი შევნიშნეთ და დასახმარებლად მას მივმართეთ. მოხუცმა ახსნა სცადა, მაგრამ, როცა მიხვდა, რომ შორიდან ვერაფერს გააწყობდა, ამოვიდა და თავად მიგვიყვანა იმ ადგილას, სადაც ძმა როჟე იყო დასაფლავებული. გასაოცარი ისაა, რომ ამ ადგილს სამივემ რამოდენიმეჯერ გავუარეთ, მაგრამ სხვა საფლავებთან შედარებით იმდენად უბრალოდ გამოიყურებოდა ის საფლავი, რომ ჩვენი ყურადღება არ მიუპყრია… სასაფლაოზე ხის პატარა ჯვარი და ბევრი ყვავილები იყო…
IPB-ს სურათი

ძმა როჟე წერდა – “ერთ-ერთი უპირველესი, რასაც იესო სახარებაში ამბობს, არის ის, რომ ნეტარ არიან უბრალონი გულითა”. – თავად იგიც ხომ მთელი თავის სიცოცხლის განმავლობაში უბრალოების განსახიერება იყო, და გარდაცვალების შემდეგაც იმავე შთაბეჭდილებას ახდენს ტეზეში ჩასულებზე...
ხალხი ძმა როჟეს, როგორც იმედის წყაროს, ისე იცნობდა... და ჩემთვისაც მისი ცხოვრების მაგალითი უდუდეს იმედს წარმოადგენს, ვინაიდან, თუ ერთ ადამიანს შეეძლო საკუთარ თავში შეერიგებინა ქრისტიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარ ქრისტიანულ სიყვარულს ჩვენშიც აქვს მომავალი, და რომ ის დღე არც თუ ისე შორსაა, როდესაც ჩვენ, ქართველებიც, შევიძლებთ, საკუთარი თავი, ჩვენსავე გულებში შევარიგოთ ქრისტიანული ოჯახის თითოეულ წევრთან. უღრმესად მჯერა, რომ ეს პატარა გაზაფხული ჩვენს ქვეყანაშიც დადგება…

მიხეილ სონღულაშვილი

2010 წლის
ჟურნალი "სოლიდარობა" #2(35)


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 06:59 PM
პოსტი #2


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა(Believer @ May 21 2010, 05:24 PM) *

მიხეილ სონღულაშვილი
2010 წლის
ჟურნალი "სოლიდარობა" #2(35)

IPB-ს სურათი







ვა, მიშა!

ბოდიში რა, ეხლა მახელა სტტაიას ვერ წავიკიტხავ. მერე ნელ-ნელა აუცილებლად, მაგრამ თემის ვატორი რას გადაგვეკიდა, კია საინტერესო. დარწმუნებული ხართ, რომ ეს თემა ამ განყოფილებაში უნდა იყოს> მე არა smile.gif))


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 21 2010, 07:21 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




რა საშინელებაა



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2010, 07:55 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რატომ არის საშინელება?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mata
პოსტი May 21 2010, 08:09 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 728
რეგისტრ.: 1-January 10
წევრი № 7,899



Believer
ციტატა
ჩემთვისაც მისი ცხოვრების მაგალითი უდუდეს იმედს წარმოადგენს, ვინაიდან, თუ ერთ ადამიანს შეეძლო საკუთარ თავში შეერიგებინა ქრისტიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამგვარ ქრისტიანულ სიყვარულს ჩვენშიც აქვს მომავალი, და რომ ის დღე არც თუ ისე შორსაა, როდესაც ჩვენ, ქართველებიც, შევიძლებთ, საკუთარი თავი, ჩვენსავე გულებში შევარიგოთ ქრისტიანული ოჯახის თითოეულ წევრთან. უღრმესად მჯერა, რომ ეს პატარა გაზაფხული ჩვენს ქვეყანაშიც დადგება…


სიყვარულს ყოველთვის ექნება მომავალი, მეც მჯერა ამის smile.gif
მთავარია სიკეთის კეთება, ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 21 2010, 08:15 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(კანუდოსელი @ May 21 2010, 07:55 PM) *

რატომ არის საშინელება?


ეკუმენისტური მონასტერი?
აბა რა არის?
окно в рай?



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 21 2010, 08:21 PM
პოსტი #7


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



დიდი ადამიანი იყო როჟე

ციტატა(mata @ May 21 2010, 08:09 PM) *

Believer
სიყვარულს ყოველთვის ექნება მომავალი, მეც მჯერა ამის smile.gif
მთავარია სიკეთის კეთება, ერთმანეთის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა

გეთანხმები


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 21 2010, 09:42 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(terra @ May 21 2010, 08:15 PM) *

ეკუმენისტური მონასტერი?
აბა რა არის?
окно в рай?

არც ერთი და არც მეორე...ორივე უკიდურესობაა, ის არც სამოთხისკ კარიბჭეა და არც საშინელება...

პ.ს.
ფაქტი ერთია, რომ ქრისტეან ახალგაზრდობას უნდა რომ მონახოს ფორმა ერთმანეთთან ყოფნისა, რაც თავისთავად არაა ცუდი...ადვილია თქმა, რომ ეგენი ცდებიან...აჯობებს ვიფიქროთ რა სოციალური ქსელები არსებობს ერთიანობისა, რომ რიგ საკითხებში ერთად ვიდგეთ საერთო მტერის - ეშმაკის წინააღმდეგ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი May 21 2010, 10:52 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



კანუდოსელი

ციტატა
ფაქტი ერთია, რომ ქრისტეან ახალგაზრდობას უნდა რომ მონახოს ფორმა ერთმანეთთან ყოფნისა


ამას, ნამდვილად მივესალმები და ასეც უნდა იყოს, მაგრამ აქცენტს ვაკეთებ ერთობლივ ლოცვებზე,
რაც კანონით გვაქვს აკრძალული მართლმადიდებლებს.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 21 2010, 11:01 PM
პოსტი #10


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ეს თემა არის აპოლოგეტიკაში გადასატანი


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი May 21 2010, 11:34 PM
პოსტი #11


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



athos
ციტატა
ეს თემა არის აპოლოგეტიკაში გადასატანი



რატომ? განყოფილებას ქვია ეკლესია-მონასტრები, ტეზე მონასტერია და ამიტომ გავხსენი აქ smile.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი May 21 2010, 11:36 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(Believer @ May 22 2010, 12:34 AM) *

athos
რატომ? განყოფილებას ქვია ეკლესია-მონასტრები, ტეზე მონასტერია და ამიტომ გავხსენი აქ smile.gif

ეკუმენისტურ მონასტრებზე თემები წადი და სადაც აწერია ეკუმენისტური ფორუმიო იქ გახსენი !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი May 22 2010, 01:24 AM
პოსტი #13


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



თურმე ეს საშინელება ყოფილა, რომელიც ბილწავს ამ წმინდა ფორუმს და ამ ადამინიების ადგილი აქ არ არის biggrin.gif საინტერესოა წმინდა გრიგოლ ფერაძის ადგილი თუ არის აქ?

IPB-ს სურათი

აბა, მასონი იყო თუ ერეტიკოსი ეს წმინდანი, არ დაუსვავთ დიაგნოზს? biggrin.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი May 22 2010, 01:31 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ოხ როგორ გიყვართ იტრიგნობა რაააა biggrin.gif

მეც წავიკითხავ აუცილებლად
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 22 2010, 09:34 AM
პოსტი #15


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
ციტატა
ეს თემა არის აპოლოგეტიკაში გადასატანი



ეს მეც ვთქვი, მაგრამ უყურადრEბოდ დარცა.

death
ციტატა
თურმე ეს საშინელება ყოფილა, რომელიც ბილწავს ამ წმინდა ფორუმს



დასკვნა აშკარად შენია biggrin.gif ჩვენ არ გვითქვია, მაგრამ აშინელებას გარკვეულწილად ვეთანხმები. რა ასპექტში ამას მოგვიანბით დავწერ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 22 2010, 10:30 AM
პოსტი #16


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



death
ციტატა
თურმე ეს საშინელება ყოფილა, რომელიც ბილწავს ამ წმინდა ფორუმს და ამ ადამინიების ადგილი აქ არ არის

ზოგიერთს პაპზე უფრო კათოლიკობა როგორ კარგად ეხერხება smile.gif
თუ გგონიათ, რომ თქვენგან ასე შეყვარებული "ტოლერანტი" კათოლიკები გახსნიან თავიანთ ფორუმებზე თემას მართლმადიდებლურ მონასტრებზე, ძალიან ცდებით. ერთადერთი თემა რომელიც მართლმადიდებლურ მონასტრებზე მინახავს, ათონს ეხებოდა და იქაც ლანძღვა იყო ძირითადად.

ფორუმის ეს განყოფილება ეხება მართლმადიდებლურ მონასტრებს და სიწმინდეებს (ეს ისე, ცნობისთვის)
შესაბამისად ამ თემის ადგილი აქ არ არის, ზოგად რელიგიურ საუბრებში კიდევ შეიძლებოდა გახსნილიყო.
აგერ ბუდისტი ბერებიც ძალიან საყვარლები არიან, ჭიანჭველას ფეხს არ აბიჯებენ და გავუხსნათ ამ მონასტრებსაც თემები.

თუ განსხვავებას ვერ ხედავთ მხოლოდ გარეგნულ, ხელოვნურ ერთობას და ნამდვილ ერთობას შორის, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, შეგიძლიათ გააგრძელოთ ტეზეს მიმართ აპლოდისმენტები.



პ.ს.
ციტატა
ყოველწლიურად ტეზეში ლოცვის, მედიტაციისა და ბიბლიის სასწავლად

ტეზეში რაღაც განსაკუთრებულ ლოცვას და მედიტაციას ასწავლიან , რისი სხვაგან სწავლაც შეუძლებელია?

ციტატა
მეუფე მალხაზს

ბაპტისტები თავიანთ ეპისკოპოსებს მეუფეებს თუ ეძახდნენ, პირველად გავიგე, სასაცილო იქნებოდა სატირელი რომ არ იყოს


ციტატა
2009 წლის ივლისში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის დელეგატად, ეპისკოპოს მერაბ გაფრინდაშვილთან და ბატონ ვასილ კობახიძესთან ერთად, ევროპის ეკლესიათა კონფერენციის 13-ე ასამბლეაზე ვიყავი მივლინებული,

მიშა გვიმტკიცებს მართლმადიდებელი ვარო და როგორ იყო ბაპტისტების დელეგატი ჩემთვის პირადად გაუგებარია.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2010, 10:31 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



death
სიკვდილჯან, პასუხი ასეთია: ფერაძე ამის გამო კი არ შერაცხეს წმინდანად biggrin.gif

პ.ს.
ფილთაქვა დონეა ერში და ბერში...ეჰ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 22 2010, 10:41 AM
პოსტი #18


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
წმინდა გრიგოლ ფერაძის ადგილი თუ არის აქ?

სასაცილო ხდება უკვე ფერაძის სახელით მანიპულირება.
თუმცა, როცა საწინააღმდეგო მოსაზრებები მოყავთ ასევე წმინდანების მიერ თქმული, ბოლო ხმაზე გაჰყვირით წმინდანებიც ცდებიანო
ორმაგი სტანდარტებია? smile.gif

კანუდოსელი
ციტატა
პ.ს.ფილთაქვა დონეა ერში და ბერში...ეჰ


ფილთაქვობას ეკუმენიზმის მიმართ დამოკიდებულება განსაზღვრავს?

ციტატა
ტეზეში ევქარისტიის საკითხი ძალზე პრაქტიკულადაა გადაწყვეტილი. ევქარისტიული ღვთისმსახურება ყოველ დილით აღევლინება, გამოაქვთ ევქარისტიული მსახურების ელემენტები და ყველამ იცის, თუ რომელი ეკლესიის წარმომადგენლისათვის სად რიგდება ზიარება.

ყველაზე მთავარში არ არის ერთობა...

პ.ს. წმინდა ძღვენს მსახურების ელემენტები როგორ უნდა უწოდო...


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი May 22 2010, 11:02 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(athos @ May 22 2010, 10:41 AM) *

ფილთაქვობას ეკუმენიზმის მიმართ დამოკიდებულება განსაზღვრავს?

სწორხაზოვანი დამოკიდებულება - კი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი May 22 2010, 11:05 AM
პოსტი #20


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანუდოსელი
ციტატა
სწორხაზოვანი დამოკიდებულება - კი

და არასწორხაზოვანი როგორია, იქნებ ახსნა?
თვალთმაქცობა ვითომდა ერთობით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და მხოლოდ გარეგნულია?

ტეზეში რა მოგწონს, იქნებ ეგეც დაწერო


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:29 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი