IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფერარა-ფლორენციის
mr_morrison
პოსტი Feb 25 2007, 01:24 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



თუ ვინმეს გაქვთ ამ საეკლესიო კრების შესახებ სტატიები გთხოვთ ატვირთოთ


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Lile
პოსტი Jun 6 2007, 08:44 PM
პოსტი #2


Lile
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 5-June 07
წევრი № 2,108



მოგესალმებით. მე ახალი ვარ ამ ფორუმში. ახლა ვნახე, რომ ფერარა-ფლორენციის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. შემოგბედავთ და ჩემს სადიპლომოდან ნაწყვეტს შემოგთავაზებთ. ეს ვრცელი თემაა, მაგრამ მე იმ ნაწილს მოგწერთ, რამელიც უშუალოდ ამ კრებას ეხება. შეიძლება ცოტა გავრცობილად მაქვს, მაგრამ როცა თემას ვამუშავებდი, შევეცადე მეტნაკლებად ამომეწურა წყაროები. ვფიქრობ, უინტერესო არ იქნება...


XV საუკუნის დასაწყისიდან ევროპაში პოლიტიკური დაპირისპირება და დაშლილობა იყო. ბიზანტია კი უკვე სულს ღაფავდა. დაპირისპირება იყო პაპების ტახტზეც. საერთოდ ევროპაშიც სიტუაცია დაძაბული იყო მოძლიერებული თურქების `წყალობით~.
მოვლენები კატასტროფულად ვითარდებოდა, გადარჩენის ერთადერთ სახსრად რელიგიური თანხმობა და მის საფუძველზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ისახებოდა. ინიციატივა პაპმა ევგენი IV-მ გამოიჩინა. იმპერატორ იოანე პალეოლოგს 1437 წლის დასაწყისში ეპისტოლე აახლა და აღმოსავლეთიდან დელეგატების შეკრების ორგანიზება სთხოვა. 1437 წლის აგვისტოში დელეგატები მოგროვდნენ. ქართველებიდან იყო მიტროპოლიტი გრიგოლი, ეპისკოპოსი იოანე და რამდენიმე სეფეკაცი. ერთი დოკუმენტის მიხედვით, კრების მონაწილეთა რიცხვი 500-ს აღწევდა. აქედან აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს 22 ეპისკოპოსი იყო. მათ შორის 2 ქართველი (თბილელი ეპისკოპოსები გრიგოლი და იოანე და გამოჩენილი სამოქალაქო პირი (ელჩი), ასევე იბერიის მეფეთა განსაკუთრებული სენატორები).
როცა 1436 წ. იმპერატორმა იოანემ ელჩები დააგზავნა მართლმადიდებელ ქვეყნებში, საქართველოსა და ტრაპიზონში ჩამოვიდ ელჩი ანდრონიკე იაგრინი. მან აქედან წაიყვანა ორი ეპისკოპოსი, ერთი ელჩი და იბერიის მეფეთა განსაკუთრებული სენატორები. ტრაპიზონიდან კი ერთი მიტროპოლიტი ტრაპიზონის მეფის სხვა ელჩებთან ერთად.
1438 წლის 10 თებერვლით დათარიღებული ერთი საისტორიო წყაროდან ირკვევა, რომ ვენეციის ნავსადგურში შემოსულან რომის პაპის გალერები, ერთ მათგანს ჩამოუყვანია საბერძნეთის იმპერატორი ამალით, მეორეს კი ამავე ქვეყნის პატრიარქი და მრავალი წარჩინებული პირი... სომხეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან.
სხავადასხვა წყაროების განსხვავებული მონაცემები აზრთა სხვდასხვაობას იწვევს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად ვინ, რომელი სასულიერო პირი იყო გაგზავნილი ამ კრებაზე:
იოანე ბაგრატიონს თავის თხზულებაში `კალმასობა~ დაცული აქვს ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე დამსწრე ქართველ ეპისკოპოსთა შესახებ. მისი ცნობით, საქართველოდან კრებაზე დამსწრე ახტალელ ეპისკოპოს დანიელსა და თავად ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს ხელი არ მოუწერიათ კრების დადგენილებაზე, `ხოლო იმერეთის ეპისკოპოსმან იაკობ შემოქმედელმან მოაწერა ხელი~. საერთოდ, იოანე ბატონიშვილის აზრით, საბერძნეთიდან და რუსეთიდან ჩასულ სამღვდელოე-ბას ხელი მოუწერია კრების აქტებისთვის: `მოაწერეს ხელი ბერძენთა და რუსთა, გარნა ანტიოხიისა პატრიარქმან არა მოაწერა ხელი, არცა ქართველმა ეპისკოპოსმან ახტალისამან დანიელმან~. თუმცა კი კრების დამთავრების შემდეგ უკან დაბრუნებულ ბერძნებს (იმპერატორს, პატრიარქს სდა სხვებს) უარუყვიათ ამ კრების დადგენილებანი. ახტალის საეპისკოპოსო კათედრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქართლის საკათალიკოსოში. მდებარეობდა ქვემო ქართლში (ამჟამად სომხეთის საზღვრებშია), ხოლო `იმერთა ეპისკოპოსი იაკობი~, ალბათ შემოქმედელი ეპისკოპოსი აფხაზეთის (`ქვემო ქართლის~) საკათალიკოსოდან იყო გაგზავნილი, იბერიის მეფეს თავის სახელმწიფოში შემავალი ორივე საეკლესიო ერთეულის წარმომადგენელი მიუვლენია კრებაზე.
სხვა წყაროების მიხედვით კრებაზე წარგზავნილნი იყვნენ ეპისკოპოსები საქართველოს სხვა კათედრებიდან. კერძოდ, ვახუშტის ცნობით, ამ კრებაზე ქართველი ეპისკოპოსის სახელი სოფრონი ყოფილა, ხოლო თვით კრება საქართველოს მეფე ალექსანდრეს დროს ჩატარებულა.

ფერარა-ფლორენციის კრების შესახებ ძირითადად უცხოური წყაროებიდან ვიგებთ:
1. Aცტა Lატინი _ ავტორი-ანდრეა დი სანტა კროჩე _ კრების კათოლიკური ვერსია, რომელიც კრების მსვლელობის დროს დაიწერა და შემდეგ შეივსო. შემორჩენილია ვატიკანის ბიბლიოთეკარის ჰორაციო ჯუსტინიანოს ვერსია.
2. Aცტა Gრაეცა _ პროლათინური ბერძნული წყარო. სავარაუდოდ, სამი ავტორის ნაშრომი
3. Vერა ჰისტორია უნიონის ნონ ვერაე ინტერ Gრაეცოს ეტ Lატინოს (ბერძნებისა და ლათინების უმართებულო გაერთიანების მართალი ისტორია) _ ამ კრების შესახებ არსებულ წყაროთაგან ძირითად წყაროდაა მიჩნეული. წარმოადგენს დიაკვნისა და დიდი ეკლესიარხის სილვესტროს სიროპულოსის (დაახლ. 1444წ.) მემუარებს.
4. ისტორიულ-პოლემიკური ხასიათის ოთხი რუსული თქმულება ფლორენციის საეკლესიო კრების შესახებ:
ა) Повесть о восьмом соборе священника Симеона суздальца
ე.წ. მატიანეს თქმულება
გ) `მოგზაური~ (Путник)
დ) `Слово избрано от святых писаний еже на латыне и сказание о составлении осмаго збора латиньскаго и о извержении Сидора прелестнаго и о поставлении в Рустей земли митрополитов~.
ასევე რუსული `ფლორენციის საეკლესიო კრების ისტორიები~ XVI, XVII, XVIII საუკუნეებში დაწერილი.

კონსტანცის საეკლესიო კრებამ აღადგინა კათოლიკური ეკლესიის მთლიანობა (1417 წლიდან აღდგა ერთპაპობა) და აირჩიეს პაპი _ მარტინ V. დადგინდა, რომ მსგავსი კრებები სისტემატურად უნდა მოწყობილიყო. შემდეგი კრება ხუთი წლის შემდეგ სიენაში (1423 წელს) ჩატარდა. ამის შემდეგი შეხვედრა ბაზელში დაიგეგმა. 1431 წლისთვის, მაგრამ იგი ახალარჩეულმა პაპმა ევგენი IV-მ 1431 წ. 18 დეკემბერს ჩაშლილად გამოაცხადა, რადგან მას სურდა გამოეყენებინა ევროპის სახელმწიფოების სისუსტე, ფაქტი, რომ ისინი ვერ ერეოდნენ საეკლესიო საქმეებში და აღედგინა პაპების ერთმმართველობა, გაელაშქრა კრებების წინააღმდეგ და პაპის ინსტიტუტი საერო ხელისუფლებაზე მაღლა დაეყენებინა. დაიწყო ბაზელის საეკლესიო კრების ბრძოლა ევგენი IV-სთან, რომელიც 18 წელიწადს გრძელდებოდა. ამ ბრძოლაში პაპმა ევგენი IV-მ მოხერხებულად გამოიყენა ბიზანტიის მეტად მძიმე მდგომარეობა და აიძულა იმპერატორები მანუელ II და იოანე VIII მიემართათ რომის პაპისადმი წინადადებით კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების შეერთების თაობაზე; ეკლესიების გაერთიანე-ბის ფასად (რაც რომის პაპის მეთაურობით უნდა მომხდარიყო) ბიზანტიის იმპერატორები ცდილობდნენ რომისგან დახმარების მიღებას.
მოლაპარაკება ჯერ კიდევ მარტინ V-ს დროს დაიწყო (პაპსა და მანუელ პალეოლოგს შორის), 1415 წ. უნდა მოეწვიათ საეკლესიო კრება ეკლესიების გასაერთიანებლად, მაგრამ რომი აჭიანურებდა მოლაპარაკებას და ბერძნებისთვის მიუღებელ პირობებს აყენებდა. იმპერატორმა იოანე VIII პალეოლოგმა სცადა ევროპის საერო ხელისუფალთაგან დახმარების მიღება, მაგრამ ამაოდ და ისევ მარტინ V-ს დაუბრუნდა და კრების კონსტანტინოპოლში მოწვევა შესთავაზა, რაც უარყო პაპმა. მას სურდა კრება მხოლოდ და მხოლოდ იტალიაში გამართულიყო და ასეც მოხდა. ეს პაპის პოლიტიკური გამარჯვება იყო: იტალიაში ჩასული ბერძნები ეკონომიურად პაპზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი. ამ დროს (1431 წ. 20 თებერვალი) გარდაიცვალა პაპი და იგი იმავე წლის 3 მარტს ევგენი IV-მ შესცვალა, რომელსაც საერთოდ არ სურდა კრების მოწვევა. მაგრამ ამ დროს (1431 წ. 28 ივლისს) გაიხსნა ბაზელის კრება და მხოლოდ კრების დამოკიდებულებამ პაპისადმი აიძულა იგი ბერძნებთან მოლაპარაკებაზე წასულიყო. ბაზელის კრების მესვეურები ცდილობდნენ გაერთიანების საქმე თავის ხელში აეღოთ, თორემ თუკი ამას ევგენი IV მოახერხებდა ეს მას უსაზღვრო უპირატესობას მისცემდა და კრებას მნიშვნელობა დაეკარგებოდა. დაიწყო ბრძოლა ბერძნების გადაბირებისთვის კრებასა და პაპს შორის. 1436 წელს იმპერატორმა დაგზავნა ელჩები მართლმადიდებელ ქვეყნებში, რომ მათი ეკლესიის მეთაურები მოეწვია ბაზელში. თუმცა ამ დროს გამწვავდა დავა საეკლესიო კრების ჩატარების ადგილის საკითხთან დაკავშირებით, რითიც ისარგებლა პაპმა და კრება ჩაშლილად გამოაცხადა და კონსტანტინოპოლში გაგზავნა დელეგატები მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლების ჩამოსაყვანად იტალიაში.
1437 წ. 18 სექტემბერს პაპმა ბულით აცნობა ყველას ფერარის საეკლესიო კრების დაწყება, ხოლო თავად ყრილობა 1438 წლის 9 აპრილს ქ. ფერარაში გაიხსნა, ხოლო 1439 წ. 9 თებერვლიდან პაპისავე მოთხოვნით, სხდომები ქ. ფლორენციაში გადაიტანეს, რის გამოც ეს ფორუმი ფერარა-ფლორენციის სახელითაა ცნობილი.
ბიზანტიელების ერთ-ერთი პირობა _ საეკლესიო კრებას დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები ან მათი წარმომადგენლებიც დასწრებოდნენ, არ იყო შესრულებუ-ლი. პაპმა ვერ შესძლო დასავლეთის ხელმწიფეების კრებაზე ჩამოყვანა: საფრანგეთმა ე.წ. პრაგმატული სანქცია მიიღო, რითიც ზღუდავდა პაპის უფლებას საფრანგეთის ეკლესიაზე და ემიჯნებოდა როგორც ბაზელის, ასევე ფერარა-ფლორენციის კრებებს, გერმანიამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და თავისი წარმომადგენელი ბაზელის კრებაზე გაგზავნა. მხოლოდ ბურგუნდიის საჰერცოგომ მიიღო პაპის მიწვევა და მიავლინა წარმომადგენლები ფერარა-ფლორენციის კრებაზე, რადგან ბურგუნდიის ჰერცოგს მეფის ტიტულის მიღების იმედი ამოძრავებდა.
პაპმა ყველა ზომას მიმართა, რათა აეძულებინა აღმოსავლეთის ეკლესიის წარმომადგენლები ეცნოთ ეკლესიების გაერთიანება პაპის მეთაურობით: მოსყიდვა, ფარული და აშკარა ძალდატანება, ეკონომიური ზეგავლენა, მუქარა, მუდარა, საპყრობილეში ჩასმა, მოწამვლა _ ყველაფერი იყო გამოყენებული დასახული მიზნის მისაღწევად. და ბოლოს, 1439 წ. ივლისს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ეკლესიების გაერთიანების აქტს.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რუსულ წყაროში ქართველი სულიერების წარმომადგენელი ხან მიტროპოლიტი გრიგოლია, ხან კი ეპისკოპოსი იოანე. წყაროების დაჯგუფების შედეგად მკვლევარი ოლეგ ჟუჟუნაძე მივიდა დასკვნამდე, რომ 1432 წლიდან ქართულ სიგელ-გუჯრებში მოიხსენიება თბილელ-მანგლელი ეპისკოპოსი იოანე, ხოლო 1442 წლიდან თბილელ-მანგლელი გრიგოლი. ჩანს, ეს ორივე სასულიერო პირი ესწრებოდა კრებას, ხოლო მას შემდეგ, რაც მიტროპოლიტმა იოანემ პროტესტის ნიშნად დატოვა კრება და კონსტანტინოპოლში გაემგზვრა, დანარჩენ შეხვედრებზე უკვე მხოლოდ ეპისკოპოსი გრიგოლი ჩნდებოდა.
ანდრეა დი სანტა კროჩე თავის ნაშრომში მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის ჩამოთვლის დროს ქართველ მიტროპოლიტს მეხუთე ადგილზე აყენებს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ეფესოსა და იერუსალიმის საპატრიარქოების შემდეგ. ასეთივე თანმიმდევრობით მოიხსენიებს პაპი ევგენი საქართველოს თავის წერილში მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებისადმი: ოთხი მსოფლიო პატრიარქის შემდეგ მოხსენიებულია საქართველოს მეფე და ტრაპიზონის მიტრპოლიტი და მხოლოდ შემდეგაა დასახელებული რუსეთის, მოლდოვლახეთისა და სხვა მიტროპოლიტები. Aცტა Lატინი_ში მოცემულია ცნობა, რომლის მიხედვითაც სერბიისა და საქართველოს ელჩებს ჩაბარებული ჰქონდათ ტრაპიზონის იმპერიის მანდატი, რომელიც ამ ქვეყნის მეფის სახელით მოქმედების უფლებას აძლევდა.
ფერარა-ფლორენციის კრებაზე არა მარტო ეკლესიათა წარმომადგენელი სასულიერო პირები ისხდნენ `წესის~ ანუ დიპტიხის მიხედვით, არამედ საერო პირების განლაგებაც ამავე წესს ექვემდებარებოდა.
XV საუკუნის I ნახევრის დიპტიხი, დაცული ფერარა-ფლოირენციის კრებაზე ასეთი იყო:
1. რომის პაპი
2. მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) პატრიარქი
3. ალექსანდრიის
4. ანტიოქიის
5. იერუსალიმის
6. იბერიის
7. ტრაპეზუნტის
8. რიზეს
9. ნიკეის
10. ლაკედემონიის
11. ნიკომედიის
12. ტრივონიის
13. ამასიის
14. მიტილენის
15. ტოლოზინის
16. სტავროპოლის
17. ტუნისის
18. გარინის
19. მელენტინის
20. აქილის
21. მულდულის პატრიარქები და არიეპიკოპოსები.

ფერარაში დასავლეთის დელეგაცია არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ბაზელისა და ფერარას კრებები გაემიჯნა ერთმანეთს და დელეგატთა გადმობირებით იყვნენ დაკავებულნი. საფრანგეთმა დელეგატები არცერთ კრებაზე არ მიავლინა. მიუხედავად გერმანიის ნეიტრალიტეტისა, მათი წარმომადგენლები ბაზელში დაესწრნენ კრებას. მხოლოდ ბურგუნდიის საჰერცოგომ მიიღო პაპის მოწვევა და ფერარაში თავისი წარმომადგენელი გაგზავნა.
დასავლეთ საქრისტიანოს წარმომადგენელთა კრებაზე ჩამოუსვლელობამ უაზრო გახადა თურქების წინააღმდეგ საბრძოლო გეგმის შემუშავება. სხდომის დაწყებისთანავე უთანხმოება ჩამოვარდა დელეგატებს შორის. ერთ-ერთი უთანხმოება მდგომარეობდა იმაში, უნდა ყოფილიყო თუ არა იმპერატორი სხდომის თავმჯდომარე, როგორც ის ადრე იყო? როგორ უნდა მიეღო პაპს ბიზანტიის პატრიარქი? ს. რანსიმენსი აღნიშნავს, რომ ლათინთა დელეგაცია უფრო თავდაჯე-რებულად გამოიყურებოდა კრებაზე, მათ შერჩეულ მჭევრმეტყველებს პაპიც უმგრებდა ზურგს. საპირისპირო ვითარება იყო აღმოსავლეთის დელეგაციაში. შეუთანხმებელი მოქმედებების გარდა, ისინი განიცდიდნენ ფინანსურ სიძნელეებ-საც. 1439 წ. ივლისში ფლორენციაში ხელმოწერილი იქნა უნია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების გაერთიანების შესახებ, მაგრამ როგორც ს. რანსიმენსი არნიშნავს, აქტზე ხელმოწერა უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მისი რეალიზაცია.
დიალოგები მწვავე და დაძაბული იყო. არცერთ ბლოკში თანხმობა არ სუფევდა. ყველაზე რთული `ფილიოკვე~* და პაპის უფროსობის საკითხი აღმოჩნდა. ამ თემაზე ჩამოყალიბდა ორი ბანაკი: უმრავლესობა მიტროპოლიტ ბესარიონ ნიკიელის მეთაურობით და უმცირესობა მიტროპოლიტ მარკოზ ეფესელის (ევგენიკოსის) წინამძღვრობით. კეისარი და პატრიარქი, რომლებიც აცნობიერებდნენ მუსლიმანური გარემოცვის საფრთხეს, განჩინების კომპრომისულ ვარიანტს დასთანხმდნენ.
1439 წლის 5 ივლისს შედგა უნიის პრეზენტაცია. პაპმა, კეისარმა და დელეგატებმა (პატრიარქი რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა), ხელი მოაწერეს წარდგენილ ტექსტს.
ასე შეიქმნა უნია (ლათ. `უნიო~-ერთიანობა) და შესაბამისად უნიატური ეკლესია, რაც ნიშნავს რწმენით და დაქვემდებარებით კათოლიკობას, პრაქტიკით და ტრადიციით _ მართლმადიდებლობას. ე.წ. აღმოსავლეთის სტილის უნიატებს, ფერარა-ფლორენციის კრების კვალად სწამდათ რომაული კათოლიკობის ჭეშმარიტება, მაგრამ წირვა-ლოცვას და სხვა საეკლესიო წესებს ბერძნული ტიპიკონის მიხედვით განაჩენდნენ. მაშასადამე, ცხოვრების წესით, გარეგნობით ისინი დანარჩენი მართლმადიდებლებისგან არ განსხვავდებიან, შინაგანი რწმენით _ Kკათოლიკურისგან. მეფისა და უმაღლესი იერარქიის შემრიგებლური პოზიციის მიუხედავად ხელშეკრულებას მრევლის დიდი ნაწილის, სამღვდელოებისა და მეტადრე ბერმონაზონთა რისხვა მოჰყვა.
ანდრეა დი სანტა კროჩე `Aცტა Lატინი~-ში წერს, რომ იბერებმა სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერეს ეკლესიების გაერთიანების აქტს. ბულა ერთ ქარალდზე იყო დაწერილი _ ერთ მხარეზე ლათინურად, და აქ ხელი მოწერილი ჰქონდათ პაპს, კარდინალებს და სხვა პრელატებს წითელი მელნით. მეორე მხარეს კი ტექსტი ბერძნულად ეწერა და აქ იმპერატორს ჰქონდა მოწერილი ხელი წითელი მელნით, ხოლო ექვს პატრიარქს, ბერძენ არქიეპისკოპოსებს, ტრაპიზონელებს, იბერიელებს და რუსებს შავი მელნით.
მკვლევარი ო. ჟუჟუნაძე ადასტურებს ამ ფაქტს, ერთის გამოკლებით: მან ნახა ამ დოკუმენტის ფოტოპირი და მასზე ქართველთა ხელმოწერა არ იყო.
`ბერძენთა აქტები~ დაწერილია ტენდენციური, უნიატური პოზიციიდან. ისინი თითქმის არაფერს გვეუბნებიან საქართველოს დელეგაციის შესახებ. მისი ავტორები იმასაც კი გვერდს უვლიან, რომ ქართველებმა ხელი არ მოაწერეს გაერთიანების აქტს. თუ ლათინი მწერლები საქართველოს მუდამ მეხუთე, ზოგჯერ კი მესამე ადგილზეც მოიხსენიებენ, Aცტა Gრაეცა_ს ავტორები მას, როგორც წესი, ბოლო ადგილზე ათავსებენ. ასეთი დამოკიდებულება იმის მაჩვენებელია, რომ ბიზანტიის დელეგაციის პროლათინური ჯგუფის და საქართველოს დელეგაციის
_____________________________
* ერთ-ერთი დოგმატური განსხვავება კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის. `ფილიოკვე~_ ლათ. `და ძისაგანაც~, რომელიც ჩამატებულია რწმენის სიმბოლოს VIII მუხლში, რომ სულიწმიდა ძისგანაც გადმოდის. ეს გამოთქმა თავს იჩენს 589 წელს ტოლედის III კრების აქტში, როგორც სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობის გასაბათილებელი ფორმულა. გავრცელდა ესპანეთსა და საფრანგეთის ეკლესიებში, ხოლო 1000 წელს გერმანელი იმპერატორის თხოვნით `ფილიოკვე~ რომის პაპმა თავის ლიტურგიაშიც ჩართო.
პოზიცია მკვეთრ წინააღმდეგობაში იმყოფებოდა.
სიროპულოსი თავისი მემუარების ერთ ქვეთავს ქართველთა დელეგაციის მოღვაწეობის აღწერას უთმობს:
`იბერიის ხალხთა ორი ელჩიდან ერთი ეპისკოპოსია, მეორე თავადი_ერიკაცი. ეპისკოპოსმა სინოდის სესიები მიატოვა, რადგან კარგად გაიგო, რომ გაერთიანებას ცუდი ხერხით უწევდნენ პროპაგანდას~. ავტორი წერს, რომ იბერი ეპისკოპოსი ქუჩებში მაწანწალად გადაცმული დადიოდა და მოწყალებას გასცემდა. გასცა ყოველივე რაც ჰქონდა, მხოლოდ სანიადაგო სახმარი დაიტოვა, ემალებოდა ხალხის თვალს, ხოლო სამი თვის შემდეგ უკვალოდ გაქრა. იგი კონსტანტინოპოლ-ში გაემგზავრა.
`იბერიის მეორე ელჩი თავადი-ერისკაცი იმავე დღეებში, როცა მოისმინა, რომ გაერთიანებას უკვე ბეჭედი აქვს დასმულიო, რომში ჩავიდა. ასე რომ, როცა იბერიის ნეიტრალურ ელჩს გაერთიანების ხმის მიმცემთა სია უჩვენეს, ის ჩუმად წავიდა~.
`სანამ მოლაპარაკების მსვლელობა უკანასკნელ სტადიას მიაღწევდა, ეს თავადი პაპმა თავისთან დარბაზში მიიწვია და ასეთი საუბარი გაუმართა: გაგებული მაქვს, რომ თქვენ ქრისტიანი ბრძანდებით, კაცი მეტად ნათელი ნიჭით დაჯილდოებული. ქრისტეს ეკლესია გვასწავლის განათლების მიმდევრობას: რომის ეკლესია ეკლესიის დედაა და ვინც მასზე უფროსობს, პეტრეს მემკვიდრეა, დედამიწაზე ქრისტეს მოადგილე, ყველა ქრისტიანის მწყემსი და საყოველთაო მასწავლელი. თქვენ უნდა დაემორჩილოთ დედას. ყველა ვინც ამას ადასტურებს, თვით მღვდელმთავრებს დაიმორჩილებს, მათ ასწავლის და მწყემსავს... ესა და სხვა მრავალი უთხრა საუბარში პაპმა. იბერმა ამგვარად უპასუხა: ჩვენც თანაბრად რასაც ღვთის წყალობას ვიღებთ, უკვდავებით ვსარგებლობთ, ქრისტიანები ვართ. ჩვენი ეკლესია მოსაწონია და ჩვენს დოგმებს ვემორჩილებით. ჩვენი ეკლესია ძალიან მტკიცედ იცავს თითოეულ მცნებას ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, ასევე წმ. მოციქულთა ტრადიციებსა და სინოდისა ან თქვენში წარმოშობილ იმავე ეკლესიის სახელგანთქმული მასწავლებლის სწვლას მაშინვე გადმოვიღებთ ხოლმე ჩვენს ენაზე. ამისგან არასოდეს არ დაგვიხევია, არაფერი არ დაგვიმატებია, არაფერი მალულად არ წაგვიღია, წარმოსადგენი მინიმუმიც კი. რომის ეკლესიამ კი მრავალი რამ დაუმატა და საბოლოოდ წმ. მამების სწავლების საზღვრები გადალახა. ამის გამო თქვენს ეკლესიას ჩვენ ჩამოვშორდით და ორივე გაყრის გზით წავედით. შენი უწმინდესობის სამწყსო მზრუნველობა რატომ ეყრდნობა ერთადერთს, როცა შენი ბატკნები შესულია შენს საკუთარ ფარაში, რომელთაც სწორედ ახლა ესაჭიროებათ ფარეხის წიაღში მშვიდად დაძინება. სიმშვიდეს გამოიტანდა დამატებითი სიმბოლოს ამოგდება (საუბარია `ფილიოკვეზე~-ლ.გ.), ამისათვის კი არცერთ მოლაპარაკებაში არ მიგვიღწევია. თუკი ლათინთა მთელი გვარი შენს არბიტრობაზე და ბატონობაზეა დამოკიდებული, რასაც დააკანონებ, იმაზე დაგიკრავენ ტაშს და თანამოზიარენიც გაგიხდებიან. როცა ყველა პატრი პატივსა გცემს როგორც მემკვიდრეს და შენს დისციპინას თავდახრილი თაყვანსა სცემენ, ამისათვის იმ ერთადერთ სიტყვას ობელისკზე ნუ დაანახვებ, მაშინ მარტო იბერიის ხალხის გულს როდი მოიგებ, ყველა ქრისტიანი ხალხი შენი პატივისმცემელი იქნება, მაშინ რომის ეკლესია ყველას შეაკავშირებს და გულწრფელად გააერთიანებს, შენს უნივერსალურ იურისდიქციას ყველა მოწყალებით შეივრდომებს და დაემორჩილება~.
`ამის შემდეგ იბერმა პაპს ურჩია ხელი არ ეხლო ბარბაროსულ ენებზე არსებული დოგმებისთვის, რომელთა ძალით წართმევა და მათ ნაცვლად თავისი დანერგვა სურს. პაპმა პასუხი ფარული სიმწარით მიოსმინა და განცვიფრებული გაჩუმდა~.
ეს მოთხრობა ეკლესიების გაერთიანებისა და რწმენის საქმეში ქართველთა პოზიციაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, გვიჩვენებს ქართველი ერისკაცის ფართო განათლებას და მჭევრმეტყველებას პაპის წინაშე, რომელსაც თავის მრევლში წესრიგი ვერ დაუმყარებია და სხვა ეკლესიების შეერთებაზე კი ზრუნავს. უდავოა, ამ სიტყვებში ქართველი თავადი ღრმა შინაარსს აქსოვდა და ახსენებდა პაპს ბაზელის საეკლესიო კრებასთან ბრძოლას და საერთოდ იმ სიტუაციას, რომელიც პაპისთვის მეტად უსიამოვნო უნდა ყოფილიყო.
მეორე ამბავი, რომელსაც ისევ სიროპულოსი მოგვითხრობს: `სინოდის ყრილობაზე უქმე დღეს საზეიმო ლოცვა მოაწყვეს პაპისთვის. სანამ საეკლესიო მსახურების მოვალეობის შემსრულებელი მღვდლები დაესწრებოდნენ, კათედრაზე ავიდა კეთილშობილი კაცი, პროტონოტარიუსი იოანე. ნათლად და ძალიან ფართოდ ლათინურ ენაზე განმარტავდა ყრილობის მნიშვნელობას. ჩვენც იმ ხანობად ელჩებთან ახლოს ვისხედით. იოანე ხშირად საილუსტრაციოდ არისტოტელეს ახსენებდა. ორჯერ, სამჯერ მოსმენის შემდეგ იბერმა მარცხენა ხელში წამავლო და მომიჭირა, მე თვალი მივაპყარი მას და თავი დავუქნიე, ძლივს მივხვდი, თუ რა უნდოდა მას. მან თქვა: `მართლაც და ის არისტოტელე, არისტოტელე! ოო, მეტად ნათელი არისტოტელე!~ მე ძალიან დავეჭვდი მის დამოწმებაში, თუ რატომ ამბობდა, ~ძალიან ნათელი არისტოტელე!~ და ვკითხე თუ ვის თვლის ის ავტორიტეტად. მიპასუხა იბერმა: წმ. პეტრე, წმ. პავლე. წმ. ბასილი, გრიგოლ თეოლოგი, ქრიზისტომოსი, ჩვენთვის რაა არისტოტელე, არისტოტელე?~ მთელი ტანით, სახის გამომეტყველებით, ხმით, თავის ქნევით, ხელითაც, გამოსახვითაც უჩვენებდა გაჯავრებას და ეცოდებოდა ორატორი, ყრილობის წინაშე რომ თავს ისულელებდა. `ამ სწავლული დისციპლინისა თუ არა, ჩვენი მაინც შერცხვესო~_ამბობდა იბერი~.
XV ს-ის დასაწყისი ის პერიოდია დასავლეთისთვის, როცა ევროპამ ხელახ-ლა აღმოაჩინა თავისთვის არისტოტელეს მოძღვრება და მეტად გატაცებული იყო მისით. ასე რომ საჭირო იყო თუ არა ყველგან და ყოველთვის არისტოტელეს უთითებდნენ და ხშირად აყალბებდნენ კიდეც მის სწავლებას. რაც შეეხება საქართველოს, აქ არასდროს დავიწყებიათ არისტოტელეს ფილოსოფია და ის არ წარმოადგენდა განათლებული ქართველისთვის რაიმე ახალს და გატაცების საგანს. შესაძლებელია, რომ სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ჩვენ ქართველის არისტოტელესადმი ესოდენ სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზი.
სიმეონ სუზდალელის თხზულება ფლორენციის საეკლესიო კრების შესახებ ორი რედაქციითაა ცნობილი. ბოლო ვარიანტი ნოვგოროდში 1440-41 წლებში დაიწერა. სიმეონი ზიზღით იხსენიებს იმ ბერძნებს, რომლებმაც უღალატეს მართლმადიდებლობას, დახარბდნენ ოქროს და ხელი მოაწერეს ეკლესიების შეერთების აქტს. ამავე დროს ის უთანაგრძნობდა იმათ, ვინც იძულების გამო ბულაზე ხელი მოაწერა... მხოლოდ ოთხი ადამიანი სარგებლობს მისი აბსოლუტური პატივისცემით. ის აღფრთოვანებულია მათი სიმტკიცით მართლმადი-დებლობის დაცვის საქმეში. ესენი არიან მიტროპოლიტები: მარკოს ეფესელი, გრიგოლ იბერიელი, სოფრონ აგიელი/ანკირელი და ისაია პერესტინელი. აფასებდა რა ამ ოთხი მიტროპოლიტის მოქმედებას, სიმეონი მარტო საკუთარ აზრს არ გამოთქვამდა, არამედ გამოხატავდა მთელი რუსეთის დამოკიდებლებას მათ მიმართ, რუსეთისა, რომლის მიტროპოლიტმაც უღალატა მართლმადიდებლობას და რუსული ეკლესიის დაცვა ამ ოთხმა მიტროპოლოტმას იკისრა.
`მგზავრის~ ავტორი გვაწვდის პირდაპირ ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს წარმომადგენელმა არ მოაწერა ხელი გაერთიანების აქტს და პროტესტის ნიშნად დატოვა კრება.
რუსული წყაროები ქართველთა უნიის კრებაზე მონაწილეობის შესახებ რაიმე ახალ ცნობას არ გვაწვდის, მაგრამ ამ თხზულებებში ავტორის მიერ საქრთველოს დელეგაციის უნიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩვენება საინტერესოა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც ორივე წყარო იმდროინდელი რუსეთის ოფიციალური ლიტერატურის ნიმუშებს წარმოადგენს. იმ ლიტერატუ-რისა, რომელიც ავითარებდა იდეას `მოსკოვის – მესამე რომის~ შესახებ და აცხადებდა რუსეთს მსოფლიო მასშტაბით მართლმადიდებლობის მფარველად. რუსი მწიგნობრები ამ ნაწარმოებში ჰკიცხავენ რუსეთის მიტროპოლიტს ისიდორეს, რომელმაც ხელი მოაწერა უნიას და ამავე დროს პატივისცემით მოიხსენიებენ საქართველოს, რომელმაც არ სცნო პაპის პრიმატი. ამ მხრივ საინტერესოა, რომ მატიეანესეულ თქმულებაში მიტროპოლიტთა შორის, რომლებიც რუსეთის დელეგაციას ხვდებოდნენ, პაპ ევგენის, იმპერატორ იოანესა და პატრიარქ იოსების შემდეგ დასახელებულია მხოლოდ ორი მიტროპოლიტი ტრაპიზონისა და იბერიის, დანარჩენები კი ,,სხვათა რიცხვში” არიან მოთავსებულნი.
რაც შეეხება კათოლიკებს საქართველოში, 1439 წლის შემდეგ 1493 წელს ჩნდება შემდეგი კათოლიკე ეპისკოპოსი თბილისის კათედრაზე, რაც სავარაუდოდ შეიძლება საქართველო _ რომის დაძაბული ურთიერთობის გამოძახილი ყოფილი-ყო.
ასე, რომ საქართველოს რომთან ურთიერთობა ყოველთვის მეგობრული არ იყო და საქართველოს მმართველი წრეები მიდიოდნენ რომთან დაახლოებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას კარნახობდა მათ პოლიტიკური აუცილებლობა.
რაც შეეხება ფერარა-ფლორენციის კრების შედეგს ქართველებისთვის, მას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. იმდენად, რამდენადაც ინტერესთა სხვადასხვა-ობამ დას. ევროპაში თურქეთის საწინააღმდეგო კოალიციის საკითხი ამჯერადაც დღის წესრიგიდან მოხსნა და ქართველი ელჩებიც ხელცარიელნი დაბრუნდნენ, ქართველ მეფე-მთავრებს შორის დადებული ხელშეკრულება შერიგებისა და ძალთა გაერთიანების შესახებ გაუქმებულა.


--------------------









-------------------------
"რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მომაგო მე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mr_morrison   ფერარა-ფლორენციის   Feb 25 2007, 01:24 AM
KAIROS   რა ენაზე ბატონო მო...   Feb 25 2007, 11:52 PM
მნათე   შეიძლება მე გიპას...   Feb 26 2007, 12:48 AM
KAIROS   ქართულად ცოტაა ან ...   Feb 26 2007, 01:05 PM
კანონისტი   რაღაცეები ვნახე ინ...   Feb 26 2007, 01:55 PM
marine   ქართველები ფერარა-...   Mar 20 2007, 01:42 PM
Zeskvi_ucha   საინტერესო იყო. არ ...   Mar 21 2007, 12:52 AM
mr_morrison   მარინე ძალიან დიდი...   Apr 7 2007, 09:59 AM
marine   mr_morrison არაფრის, პირი...   Apr 11 2007, 02:50 PM
Lile   მოგესალმებით. მე ა...   Jun 6 2007, 08:44 PM
Lile   დიდი მადლობა მნათე...   Jun 7 2007, 10:43 AM
მნათე   Lile არაფრის, გავეცნო...   Jun 7 2007, 11:46 AM
KAIROS   საინტერესო იყო და ...   Jun 7 2007, 06:30 PM
Lile   დიდი მადლოა კაიროს...   Jun 9 2007, 12:58 AM
KAIROS   აუცილებლად, ისე კი ...   Jun 16 2007, 12:46 PM
ALIUS   აღსანიშნავია რომ მ...   Apr 8 2011, 08:32 PM
marine   "XV საუკუნის სიგელ-...   Jul 10 2020, 02:18 PM
marine   "[ფერარა-ფლორენცი...   Feb 10 2022, 09:00 PM
marine   "წმინდა ძღვენის გ...   Apr 16 2022, 12:05 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 03:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი