IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საღვთო თვისებები, როგორია ღმერთი?
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 03:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით ახალ თემაში.

ვფიქრობ ეს თემა საინტერესო უნდა იყოს ყოველი მორწმუნისვთის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ისე სხვა რელიგიების წარმომადგენელთათვისაც, რადგან ასე თუ ისე, ყველა ადამიანში დევს ღვთისმსახურებისკენ მიდრეკილება და აქედან გამომდინარე ღმერთის ცნება ყველას სხვადასხვანაირად ესმის. ეს იმიტომ, რომ ღვთის რწმენა ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მის მიმართ მსახურების ფორმა და თვითონ ღვთის სახელი განსხვავებულია. საერთო კი ის არის, რომ ყველას თავისებურად უყვარს ღმერთი, თუმცა კი სხვადასხვანაირად ყავთ ის წარმოდგენილი.

მე მაინც მგონია, რომ ღმერთის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ, მრავალ საკითხს ვეხებით, მაგრამ არ ვსაუბრობთ საღვთო თვისებათა შესახებ.ასე, რომ მართლმადიდებლურად განვიხილოთ საღვთო თვისებები და საერთოდ, ღმერთის შესახებ ვისაუბროთ.



ყოვლადწმინდა სამება

IPB-ს სურათი


რას ადასტურებს წმიდა წერილი საღვთო თვისებათა შესახებ?


უშუალოდ საღვთო წერილიდან ცნობილი თვისებები განხილულია მიტროპოლიტ ფილარეტის „მართლმადიდებელი ეკლესიის ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში“, სადაც ვკითხულობთ „შეკითხვა - საღვთო გამოცხადებიდან (წმიდა წერილიდან) რომელი ცნება შეიძლება მიესადაგოს საღვთო არსებასა და მის არსებით თვისებებს? პასუხი - ღმერთი არის სული, საუკუნო, ყოვლადსახიერი, ყოვლისმცნობი, ყოვლადმართალი, ყოვლისშემძლე, ყვალგანმყოფი, უცვალებელი, სრულადკმა-ყოვლადნეტარი“ 12.

შევჩერდეთ კატეხიზმოში მითითებულ თვისებებზე.

ღმერთი - სული

„სულ არს ღმერთი“ (ინ. 4,24. მაცხოვრის სიტყვები სამარიტელ დედაკაცთან საუბრისას). „ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურება არს“ (2 კორ. 3,17). ღმერთისათვის უცხოა ყოველგვარი სხეული, მატერიალურობა. მისი სულიერება უფრო აღმატებული და სრულყოფილია, ვიდრე ქმნილი არსებებისა. თავად ადამიანის სულიც ხომ მხოლოდ „ხატია“ ღვთისა. ღმერთი სულია - უზენაესი, უწმიდესი, უსრულყოფილესი. მართალია, წმიდა წერილში ვპოულობთ ბევრ ისეთ ადგილს, რომელშიც ღმერთს სიმბოლურად მიეწერება სხეულის რომელიმე თვისება, მაგრამ ღმერთი რომ სულია, ამაზე ლაპარაკობს წმიდა წერილის შესაქმის პირველივე სიტყვები; ღმერთი მოსე წინასწარმეტყველსაც გამოეცხადა, როგორც „არსი“, „მყოფი“ (όών) წმიდა, სულიერი და უზენაესი. სხეულებრივი სიმბოლოების საშუალებით წმიდა წერილი მხოლოდ შეგვაგონებს, შევიცნოთ ღმერთის სულიერი თვისებები და ქმედებანი.

აქ მოვუხმოთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებს: „თანახმად წერილისა, ღმერთი იძინებს, იღვიძებს, განრისხდება ხოლმე, დადის, მისი ტახტი ქერუბიმებია. კი მაგრამ, როდის დაუძლურდა?! გაგიგია, რომ ღმერთს სხეული ჰქონდეს?! აქ არარსებულზეა ლაპარაკი. ჩვენთვის გასაგებად ღვთიურ მცნებებსაც ჩვენეული სახელები დავარქვით: როდესაც ღმერთი - მხოლოდ მან უწყის, თუ რატომ - შეწყვეტს შემწეობას და თითქოს გულს აიყრის, ეს ნიშნავს, რომ სძინავს; ჩვენთვის ხომ ძილი უმოქმედობასა და უდარდელობასთან არის გაიგივებული. იღვიძებს მაშინ, როცა პირიქით, უცებ მოგვმადლებს სიკეთეს... მოგვივლენს სასჯელს და ვასკვნით, რომ განრისხდა; ჩვენ ხომ სხვებს მრისხანების გამო ვსჯით. იგი ხან აქ არის, ხან - იქ. ჩვენ კი ამას ასე ვხსნით: დადის, რაკი აქეთ-იქით გადაადგილება სიარულით ხდება. განისვენებს და წმიდა ძალთა შორის სუფევს, ჩვენ კი ამას ტახტზე დაბრძანება, მოსვენება ვუწოდეთ. ღმრთი ხომ არსად განისვენებს ისე, როგორც წმიდანთა შორის. სწრაფად გადაადგილება ჩვენთვის ფრენაა, მზერა - პირისახეს გვიჩვენებს, მიღება-გაცემა კი ხელს. ყოველ სხვა ღვთიურ ძალასა და ქმედებას, აგრეთვე, სხეულთან დაკავშირებული გამოთქმით გამოვხატავთ“ 13.

შესაქმის მეორე და მესამე თავში თქმულ საღვთო ქმედებების შესახებ ოქროპირი გვასწავლის: „გვერდს ნუ ავუვლით, ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ, საყვარელნო, საღვთო წერილში ნათქვამს, ნუ შევჩერდებით ოდენ სიტყვებზე, არამედ გავიაზროთ, რომ მათი ასეთი სიმარტივე ჩვენი უძლურებისა გამოა და რომ ყოველივე ჩვენი გადარჩენის სასიკეთოდ ხდება. მიპასუხე - თუ მოვინდომებთ და სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ამასთან მათს შინაარსს ღვთისთვის არასათნოდ გავიაზრებთ, განა ბევრი რამ უცნაურად არ მოგვეჩვენება?! აი, გადავხედოთ ამჟამინდელი საკითხავის დასაწყისს: „და ესმათ ხმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხესა შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი...“ (შესაქ. 3,8). ღმერთი დადის - რას ამბობ?! ნუთუ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ მას ფეხები აქვს და ამაზე აღმატებულს ვერაფერს მოვიაზრებთ?! ნუ იყოფინ, ღმერთი არ დადის! ბოლოსდაბოლოს ნუთუ სამოთხეში დადის ის, ვინც ყველგანმყოფი და ყოველივეს აღმავსებელია, ვისი საბრძანებელი ზეცაა და ფერხთა კვარცხლბეკი მიწა?! რომელი გონიერი ადამიანი იტყვის ამას?! მაშ, რაღას ნიშნავს: „და ესმათ ხმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხესა შინა, მიმწუხრი...“ (შესაქ. 3,8)? ღმერთს ნებავდა, ადამიანებში აღეძრა ისეთი გრძნობა ღვთის სიახლოვისა, რაც შეაშფოთებდათ და ასეც მოხდა; მათ შეიგრძნეს მოახლოებული ღმერთი და მიმალვას შეეცადნენ. ჩადენილ იქნა ცოდვა და შერცხვათ დანაშაულისა. აღდგა პირუთვნელი მსაჯული - სინდისი. იგი ხმამაღლა მოუხმობდა, კიცხავდა, ამხელდა ცოდვილთ, თითქოს დანაშაულის მთელი სიმძიმე თვალწინ გადაუშალა. მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებლად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია... დედაკაცის შესაქმის შესახებ ოქროპირი გვმოძღვრავს: „ნათქვამია „და მოიღო ფერცხალი ერთი გვერდისა მისისა“ (შესაქ. 2,21) ნუ აღიქვამ ამ სიტყვებს პირდაპირ, ისე როგორც ადამიანებს ჩვევიათ. იცოდე, ტლანქი სახელწოდებები ჩვენი უძლურებისა გამოა გამოყენებული. წერილში ამგვარი სიტყვების გარეშე როგორც შევძლებდით იმ საიდუმლოს გაგებას, რომელთა შესახებაც არ უქადაგიათ?! ნუ შევჩერდებით ოდენ სიტყვებზე, არამედ მივიღოთ ყოველივე კეთილწესიერად, როგორც ღვთის შესახებ თქმული. გამოთქმა „მოიღო“ და მისთანანი ჩვენი უსუსურების გამოა მოყვანილი“. ამგვარადვე განმარტავს ოქროპირი სიტყვებს: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმან ქუეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი...“ (შესაქ. 2,7)14.

წმ. იოანე დამასკელმა თავის ნაშრომში „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა“ ამ თემას მიუძღვნა თავი სახელწიდებით „რაც ღმერთზე სხეულებრივად თქმულა“. იგი წერს: „რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყენებლად შევიცნოთ ან განვმარტოთ ღვთაების უზენაესი, უნივთო და საღვთო ქმედებანი“. შემდეგ განმარტავს გამონათქვამებს ღმერთის თვალების, ყურების, ხელების და ა.შ. შესახებ და ასკვნის: „მოკლედ - ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად თქმულა, შეიცავს რაღაც ფარულ აზრს“ 15.

რაოდენ ჩვეულებრივია თანამედროვე ცნობიერებისათვის წარმოდგენა იმისა, რომ ღმერთი სულია, მაგრამ ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება ჩვენს დროში გავრცელებული პანთეიზმი, ყოველივეს ღმერთობა. ამიტომაც მართლმადიდებლობის ზეიმის კვირიაკეს „მართლმადიდებლობის მსახურებაში“ დღესაც ვისმენთ: „მქადაგებელნი, რომ ღმერთი არ არის სულ, არამედ ხორც - შეჩვენებულ იქნენ!“

საუკუნო

ღვთის მყოფობა დროს არ ექვემდებარება. დრო მხოლოდ სასრული და ცვალებადი ყოფიერების ფორმაა. ღმერთისთვის არსებობს მხოლოდ აწმყო - არა წარსული, არა მომავალი. „დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე. და ყოველნი ვითარცა სამოსელნი დაძუელდნენ და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე ხარ და წელიწადნი შენნი არა მოაკლდნენ“ (ფს. 101,26-28). ზოგი წმიდა მამა მიუთითებს განსხვავებაზე ცნებათა შორის - „მარადისობა“ და „უკვდავება“. „მარადისობა“ საუკუნო ცხოვრებაა, იგი ჩვეულებრივ ესადაგება ერთ, დაუსაბამო არსებას, რომელშიც ყოველივე ყოველთვის უცვალებელია. ცნება „უკვდავი“ შეიძლება მივაკუთვნოთ შესაქმეში ნახსენებ ანგელოზებს, სულს... ანუ მათ, ვინც არ კვდება. თვით სახელი „მარადისობა“ საღვთო არსებას ეკუთვნის და ჩვეულებრივ მხოლოდ თაყვანსაცემ უდიდებულეს სამებას ერთვის თან“ (წმ. ისიდორე პელუსიელი). ამიტომ გამოთქმა „ღმერთი უწინარეს საუკუნეთა“ უფრო შესაფერისია.

ყოვლადსახიერი


„შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე“ (ფს. 102,8), „ღმერთი სიყუარული არს“ (I ინ. 4,16). ღვთიური სახიერება განეფინება სამყაროს არა რომელიმე განსაზღვრულ არეს, რაც შეზღუდულ არსებათა სიყვარულს ახასიათებს, არამედ მთლიანად მოიცავს მას და ყოველივე მასში არსებულს. ღმერთი სიყვარულით ზრუნავს თითოეული ქმნილების, ერთი შეხედვით რაოდენ მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი, სიცოცხლესა და მოთხოვნებზე. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „თუ გვკითხავენ, რა არის ჩვენთვის სადიდებელი და სათაყვანო - პასუხი არ დააყოვნებს - სიყვარული!“ 16. ღმერთი თავის ქმნილებებს იმდენ სიკეთეს მიჰმადლებს, რამდენის მიმღებიცაა თითოეული მათგანი საკუთარი ბუნებისა და მდგომარეობის მიხედვით და რაოდენიც ეთანადება სამყაროს საერთო ჰარმონიას. გამორჩეულ სიკეთეს ანიჭებს ღმერთი ადამიანს: „ღმერთი დედა-ფრინველს ჰგავს; თვალს მოჰკრავს თუ არა გადმოვარდნილ ბარტყს, მის ასაყვანად თვითონაც ამოფრინდება ბუდიდან. როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ ბარტყი შეიძლება გველმა გადასანსლოს, იგი შესაბრალისი კრიახით დაფრინავს მის და სხვა ბარტყების გარშემო - არ შეუძლია გულგრილად უყუროს, თუ როგორ იღუპება ერთი მათგანიც კი“ 17. „ღმერთს ვუყვარვართ უფრო მეტად, ვიდრე ეს მამას, დედას, მეგობარს ან სხვა ვინმეს ძალუძს. მეტიც, მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს. საკუთარ დიდებაზე უფრო მეტად ჩვენს გადარჩენაზე ზრუნავს. ამის დადასტურებაა ამა სოფლად ტანჯვისა და სიკვდილისათვის (კაცობრივი სხეულით) თავისი მხოლოდშობილი ძის გამოგზავნა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ხსნისა და მარადიული ცხოვრებისაკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა“ 18. თუ ადამიანი ხშირად ვერ აცნობიერებს საღვთო სიკეთის მთელ ძალმოსილებას, ეს იმიტომ, რომ ფიქრებითა და სურვილებით მეტისმეტად მიეჯაჭვა ამსოფლიურ სიამეებს. ღვთის განგებულებით გვეძლევა დროებითი, მიწიერი კეთილდღეობა, მაგრამ ამასთან მოწოდებულნი ვართ, მოვიხვეჭოთ მარადიული სიკეთენი ჩვენი სულებისათვის.

ყოვლისმცოდნე

„ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრ. 4,13). „რომელ იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ (ფს. 138,16). საღვთო ცოდნა არის ხედვა და უშუალოდ ცოდნა ყოველივესი: არსებულისა და სავარაუდოსი, აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა. მომავლის წინასწარცოდნა თავად სულიერი ხედვაა, რადგანაც ღმერთისათვის მომავალი იგივეა, რაც აწმყო. საღვთო წინასწარცოდნა ქმნილებებს ხელს არ უშლის, ჰქონდეთ თავისუფალი ნება ისევე, როგორც არ ილახება მოყვასის თავისუფლება, როცა მის საქციელს ვხედავთ. საღვთო წინასწარცოდნას ბოროტების შესახებ სამყაროში და თავისუდალ არსებათა ქმედებებზე თითქოს აგვირგვინებს წინასწარცოდნა სამყაროს გადარჩენაზე, როცა იქნება „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,28).

საღვთო ცოდნის მეორე მხარეა ღვთიური სიბრძნე: „დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი და გულისხმისა მისისაჲ არა არს რიცხჳ“ (ფს. 146,5). ეყრდნობოდნენ რა საღვთო წერილს, ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები ყოველთვის ღრმა მოწიწებით მიანიშნებდნენ ღვთიური სიბრძნის როლზე ხილული სამყაროს მოწყობაში. ამ საკითხზე იწერებოდა მრავალი თხზულება, სახელდობრ ნაშრომები სამყაროს შექმნის ისტორიაზე „ექვსთა დღეთა“ (წმ. ბასილი დიდის, წმ. იოანე ოქროპირის და წმ. გრიგოლ ნოსელის საუბრები). „საკმარისია, თუნდაც ერთი ბალახის ან ღეროს დათვალიერება, რათა ჩვენი ფიქრები მთლიანად გაიტაცოს იმ ოსტატობამ, რითაც იგია შექმნილი“ (წმ. ბასილი დიდი). წმიდა მამები კიდევ უფრო გულმოდგინედ მსჯელობდნენ ჩვენი გადარჩენი განგებულებასა და ძე ღვთისას განხორციელებაში ჩადებულ ღვთიურ სიბრძნეზე. ძველი აღთქმის წმიდა წერილი უპირატესად ყურადღებას ამახვილებს საღვთო სიბრძნის როლზე სამყაროს მოწყობაში: „ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“ (ფს. 103,24), ხოლო ახალი აღთქმა ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ჩვენი გადარჩენის განგებულებაში. ამის შესახებ პავლე მოციქული ამბობს: „ჰე, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ (რომ. 11,33). საღვთო სიბრძნით სამყაროს ყოფიერება ერთი მიზნისკენ მიემართება, ეს არის სრულყოფა და გარდაქმნა სადიდებელად ღვთისა.

ყოვლადმართალი


საღვთო წერილსა და ჩვეულებრივ ლექსიკაში სიტყვა - „სიმართლე“ ორი მნიშვნელობით მოიაზრება: როგორც სიწმიდე და როგორც სამართლიანობა ან მართლმსაჯულება.

ა. სიწმიდე - მარტო ბოროტების უქონლობას არ ნიშნავს, იგი ცოდვისაგან გამიჯნული უმაღლესი სულიერი ფასეულობაა. სიწმიდე სინათლეა, ღვთაებრივი სიწმიდე კი უსპეტაკესი ნათელი. ღმერთი თავისი ბუნებით, თვისებით არის „ერთი წმიდა“ - წყარო სიწმიდისა ანგელოზთა და კაცთათვის. ადამიანებმა შეიძლება მხოლოდ ღმერთში მიაღწიონ სიწმიდეს „არა ბუნებით, არამედ ზიარებით, ღვაწლითა და ლოცვით“ (წმ. კირილე იერუსალიმელი). წერილის მიხედვით, უფლის ტახტს გარსშემორტყმული ანგელოზები განუწყვეტლივ უხმობენ ურთიერთს და ღაღადებენ უფლის სიწმიდეზე: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ეს. 6,3). წმიდა წერილის თანახმად სიწმიდის ნათელი აღავსებს ყოველივეს, რაც ღვთისაგან მოდის ან ემსახურება მას: „აუვარებდნენ სახელი შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს... აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს... აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი“ (ფს. 98, 3,5,9). „მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა“ (ფს. 144,17).

ბ. მართლმსაჯულება - მეორე მხარეა საღვთო ზესიმართლისა. „ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა“ (ფს. 9,9). „რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ... რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა“ (რომ. 2,6-11).

როგორ ესადაგება ღვთის სიყვარული იმ საღვთო სიმართლეს, რომელიც მკაცრად მოგვკითხავს ცოდვებს და სჯის დამნაშავეს? ამ საკითხზე მრავალი მამა მსჯელობდა: ისინი ღმერთის რისხვას ადარებენ იმ მამის გაგულისებას, რომელიც იძულებულია, ურჩი შვილის ჭკუაზე მოსაყვანად დასჯის ხერხები გამოიყენოს. იმავდროულად კი დარდობს, ნაღვლობს შვილის უგუნურებაზე, გული შესტკივა, რომ მწუხარება მიაყენა მას. ამიტომ არის საღვთო სიმართლე ყოველთვის გულმოწყალება. თვით გულმოწყალებაც სიმართლეა, როგორც ნათქვამია: „წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს“ (ფს. 84,11).

საღვთო სიწმიდე და სიმართლე ურთიერთისგან განუყოფელია. ღმერთი ყველას მოუწოდებს მასში, მის სასუფეველში ან საღვთო სიწმიდეში მარადიულ ცხოვრებისკენ. ოღონდ ღვთის სასუფეველში ვერ შევა ვერაფერი უწმიდური. ღმერთი განგვწმენდს თავისი სასჯელებით: ეს არის განგებულებითი, გამაფრთხილებელი და გამოსასწორებელი ქმედებანი თავის ქმნილებათა მიმართ სიყვარულის გამო. ჩვენ ხომ საშინელი, სამართლიანი სამსჯავრო გველის. როგორ შევძლებდით სიწმიდისა და ნათლის სასუფეველში შესვლას, ან როგორ ვიგრძნობდით იქ თავს უწმინდურნი, უმეცარნი, მოკლებულნი სულ მცირეოდენ სიწმიდეს, სულიერებასა და ზნეობრივ ფასეულობებს?!

ყოვლისშემძლე


„რამეთუ მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფს. 32,9) - ასე გამოხატავს უფლის ყოვლისშემძლეობას ფსალმუნთმთქმელი. ღმერთი სამყარო შემოქმედია, მისი განმგებელი და ყოვლისამპყრობელი. იგია „რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან“ (ფს. 71,18). ღმერთი მოთმინებით იტანს ბოროტებისა და ბოროტთა არსებობას სამყაროში არა იმიტომ, რომ მათი განადგურება არ შეუძლია; მან თავისუფლება მიანიჭა სულიერ არსებებს და ისე წარმართავს მათ, რომ ძალადაუტანებლად, თავიანთი ნებით განუდგნენ ბოროტებას და სიკეთისკენ იქციონ პირი.

კაზუისტიკურ კითხვებზე: თუ რისი აღსრულება არ ძალუძს ღმერთს, უნდა ვუპასუხოთ, რომ მისი ყოვლისშემძლეობა მოიცავს ყველაფერს, რაც ნებავს საღვთო აზრს, სახიერებას და ნებას.

ყველგანმყოფი


„ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე მე ვივლტოდი? ა-თუ-ვხდე ცად, მუნ შენ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღჳსასა, და რამეთუ მუნდა ჴელი შენი მიძღოდის მე, მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“ (ფს. 138,7-10).

ღმერთი განუსაზღვრელია სივრცეში, იგი ყოველივეს აღავსებს. არსით მარტივი, ყოვლისაღმავსებელი ღმერთი მყოფობს ყველგან არა ნაწილობრივ ან თავის მიერვე გამოვლინებული ძალით, არამედ მთელი არსებით. ამასთან არ ერწყმის მას, რაშიც მყოფობს. „ღმერთი გამსჭვალავს ყოველივეს, მაგრამ არაფერს ერევა, მასში არაფერი აღწევს“ 19. „ღმერთი რომ ყველგანაა, ვიცით, მაგრამ ამ მყოფობას ვერ ჩავწვდომივართ იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვიძს მხოლოდ გრძბობადის აღქმა და არა მთლიანად ღვთაებრივი ბუნების გააზრება“ 20.

უცვალებელი


„...მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ“ (იაკ. 1,17). ანუ არავითარი ცვლილება ან იოტისოდენი გარდაქმნა - ღმერთი სრულყოფილია, ყოველი ცვლილება კი არასრულყოფილების ნიშანია და წარმოუდგენელია, უსრულყოფილეს არსებაში, ღმერთში ხდებოდეს იგი. არ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთში ზრდის, სახეცვლილების, ევოლუციის, პროგრესის ან სხვა რაიმე მსგავსი პროცესი მიმდინარეობს.

უცვალებლობა ღმერთში არ ნიშნავს რაღაც უძრაობასა და თავისთავში ჩაკეტვას; მისი უცვალებელი არსი სიცოცხლეა - აღსავსე ძალებითა და ქმედებებით. ღმერთი თავად სიცოცხლეა, სიცოცხლე კი მისი მყოფობა.

საღვთო უცვალებლობას არც ძის შობა და სულის გამომავლობა არღვევს. მამა ღმერთს ეკუთვნის მამობა, ძეს - ძეობა და სულიწმიდას - გამომავლობა „მარადიული, დაუსრულებელი და უწყვეტი“ (წმ. იოანე დამასკელი). იდუმალებით მოცული სიტყვები „შობა ძისა“ და „გამომავლობა სულისა“ არ გამოხატავენ რაიმე ცვლილებას საღვთო ცხოვრებაში და არ მიუთითებენ რაიმე პროცესზე. ჩვენს შეზღუდულ აზროვნებაში „შობა“ და „გამომავლობა“ მხოლოდ „შექმნის“ საპირისპიროდ მოიაზრება და მიუთითებს ღმერთში პირთა ანუ ჰიპოსტასთა ერთარსობაზე. ქმნილება შემოქმედისათვის რაღაც გარეგანია, საღვთო „ძეობა“ კი არის მამისა და ძის ბუნებითი ერთიანობა, შინაგანი მთლიანობა. ასეთივეა საღვთო არსებიდან „გამომავლობა“ სულისა. სულისა, „რომელი მამისაგან გამოვალს“.

საღვთო უცვალებლობას არც ღმერთი-სიტყვის ანუ - ძე ღვთისას განხორციელება და განკაცება არღვევს. მხოლოდ ქმნილებანი თავიანთი შეზღუდულობის გამო კარგავენ, რაც გააჩნიათ, ან იძენენ, რაც არ ჰქონიათ. ძე ღვთისას ღმერთობა განხორციელებისას იგივე დარჩა, რაც მანამდე იყო. მან თავის გვამოვნებაში, საღვთო ჰიპოსტასის ერთიანობაში მიიღო ადამიანური ბუნება ქალწულ მარიამისაგან. ოღონდ რაიმე ახალი, შერეული ბუნება არ შეუქმნია - ძე ღვთისამ უცვალებელად შეინარჩუნა თავისი ღვთაებრივი ბუნება.

საღვთო უცვალებლობას არც სამყაროს შექმნა ეწინააღმდეგება. სამყაროს მყოფობა ღვთაებრივი ბუნებისათვის გარეგანია და მის არსსა და თვისებებს არ ცვლის. სამყაროს წარმოშობა მხოლოდ ღვთიური ძალის და აზრის გამოვლენის შედეგია. ისინი მარადიულნი არიან და მარადის მოქმედებენ, მაგრამ მათ მოღვაწეობას მარადისობაში ვერ აღიქვამს ჩვენი ქმნილი გონება. „საღვთო სამყარო ქმნილია და ღმერთივით მარადიული ვერ იქნება - სამყაროს შექმნა არის საღვთო მარადიული აზრის განხორციელება“ (ნეტარი ავგუსტინე). „სამყარო თავისი არსით ღმერთთან არ იგივდება, იგი აუცილებლად ცვალებადი და დასრულებადი უნდა იყოს. მაგრამ სამყაროს ეს თვისებები არ ეწინააღმდეგებიან მისი შემოქმედის უცვალებლობასა და დაუსაბამობას“ 21.

სრულადკმა და ყოვლადნეტარი


ეს ორი სიტყვა შინაარსით ერთმანეთს ჰგავს: სრულადკმა (вседовольный) - სლავური სიტყვაა. იგი არ შეიძლება გავიგოთ, როგორც თვითკმაყოფილი. ეს სიტყვა აღნიშნავს ყოვლისმფლობელობას, სრულ სიუხვეს, ყოველგვარი სიკეთით სავსებას. ზიარების წინა ლოცვებში ვკითხულობთ: „არა ვარ ღირს, არც კმა, რათა სართულსა ქუეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე“ (მეორე ლოცვა), და „არა ვარ ღირს, არცა კმა აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა“ (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი). აქ „კმა“ „სულიერად აღვსებულს“ „სულიერად მდიდარს“ აღნიშნავს. ღმერთში უხვადაა ყოველი სიკეთე: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ (რომ. 11,33) - ღაღადებს პავლე მოციქული. „რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი“ (რომ. 11,36). ღმერთს არაფერი სჭირდება, „იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25). ასე რომ ღმერთი თავად არის წყარო ყოველი სიცოცხლისა და სიკეთისა, მისგან იღებს ყოველი ქმნილი თავის უხვებას.

ყოვლადნეტარი - პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ორჯერ ახსენებს ღმერთს, როგორც „ნეტარს“: „სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა...“ (I ტიმ. 1,11) და „რომელ იგი ჟამთა თვისთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან“ (I ტიმ. 6,15). სიტყვა „ყოვლადნეტარი“ არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს თავისთავში ყოველივეს დამტევი ღმერთი თავისსავე შექმნილი სამყაროს ქმნილებათა ტანჯვისადმი გულგრილი იყოს. პირიქით, მისი ქმნილებანი მისგან და მასში ეზიარებიან ნეტარებას. ღმერთი არ „იტანჯება“, მას გული შესტკივა. ქრისტემ „ივნო, ვითარცა მოკვდავმა“ (აღდგომის კანონი) არა ღვთაებრივი, არამედ ადამიანური ბუნებით. ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის სავსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: „აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა; შუენიერება მარჯვენესა შინა შენსა სრულიად“ (ფს. 15,11).

საღვთო ნეტარება ასახულია საქებარ, სახოტბო თუ სამადლობელ გამოთქმებში - ამგვარი განუწყვეტელი შეძახილებით სამყაროა გაჯერებული. მათ აღავლენენ ღვთის ტახტს გარშემორტყმული, ღვთისადმი კეთილსურნელი სიყვარულით ანთებული უმაღლესი ძალნი - ქერუბიმნი და სერაბიმნი, ანგელოზთა მთელი დასი და ღვთიური სამყაროს ყოველი ქმნილება. „შენ გადიდებს მთოვარე. შენნი არიან ვარსკვლავნი. შენ გერჩის ნათელი. შენგან ძრწიან უფსკრულნი. შენ გმონებს წყაროები“ (დიდი წყალკურთხევის ლოცვა).

ღმერთი ერთია


„ამრიგად, გვწამს ერთი ღმერთი, ერთი დასაბამი, დაუსაბამო, შეუქმნელი, არშობილი, წარუწყმეფელი, უკვდავი, საუკუნო, უსასრულო, გარეშემოუწერელი, შემოუსაზღვრელი, უსაზღვროდ ძალმოსილი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, წარუდინებელი, უვნებო, უცვლელი, გარდაუქმნელი, უხილავი, წყარო სიკეთისა და სამართლიანობისა, ნათელი გონისმიერი, მიუწვდომელი, ძლიერი, მარტოოდენ საკუთარი სურვილით განზომილი, ყოველგვარი საზომით განუზომელი, ძალუძს ყოველივე, რაც ნებავს... ერთი არსება, ერთი ღმრთეება, ერთი ძალა, ერთი ნებელობა, ერთი მოქმედება, ერთი დასაბამი, ერთი უფლება, ერთი მეუფება, ერთი ხელმწიფება სამ სრულ ჰიპოსტასში, რომელიც ერთად შეიცნობა და ერთად თაყვანის-იცემება“ 22.

სადღეისოდ ჭეშმარიტება ერთი ღმერთის შესახებ იმდენად გაითავისა ადამიანთა ცნობიერებამ, რომ აღარ არის აუცილებელი საღვთო წერილით, ან უბრალოდ დამაჯერებელი არგუმენტებით ამის მტკიცება. სხვანაირად იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში, მაშინ ამ ჭეშმარიტებას ეკლესია დუალისტური იდეების (კეთილისა და ბოროტის - ორღმერთიანობის აღიარების) და გავრცელებული წარმართული მრავალღმერთიანობისაგან ბრძოლით იცავდა.

მრწამს ერთი ღმერთი - ეს არის სარწმუნოების სიმბოლოს პირველი სიტყვები. ღმერთი ფლობს ზესრული მყოფობის მთელს სისავსეს. იდეა მის სავსებაზე, სრულყოფილებაზე, უსასრულობასა და ყოვლისმომცველობაზე გვაიძულებს, თავად ღმერთი მოვიაზროთ როგორც ერთადერთი და ერთარსება. ჩვენი ცნობიერების ეს მოთხოვნა შემდეგი სიტყვებით გამოხატა ძველი ეკლესიის ერთმა მწერალმა: „თუ ღმერთი ერთი არ არის, მაშინ ღმერთი არ ყოფილა“ (ტერტულიანე). სხვანაირად, მეორე არსებით შეზღუდული ღმერთი კარგავს საღვთო ღირსებას.

ახალი აღთქმის წმიდა წერილში უხვადაა ერთ ღმერთზე სწავლების მაგალითები: ვლოცულობთ საუფლო ლოცვის სიტყვებით „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“, პავლე მოციქული რწმენის ძირითად ჭეშმარიტებას ასე გამოხატავს: „არავინ არს ღმერთი სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი“ (I კორ. 8,4).

ძველი აღთქმის წმიდა წერილი მთლიანად გამსჭვალულია მკაცრი მონოთეიზმით. ძველი აღთქმის ისტორია არის წარმართულ მრავალღმერთობისასთან ბრძოლა ერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენის დასამკვიდრებლად. რელიგიის ისტორიკოსთაგან ზოგს განუზრახავს, იპოვოს ძველი ებრაელი ხალხის ცხოვრებაში ვითომდა თავდაპირველად არსებული მრავალღმერთინობის კვალი და მიანიშნებენ ისეთ ბიბლიურ გამონათქვამებზე, როგორიცაა „ელოჰიმი“ (ღმერთის სახელი მრავლობით რიცხვში), „ღმერთი ღმერთთა“, „ღმერთი აბრაჰამისა, ისააკისა და იაკობისა“. მაგრამ ამ გამონათქვამთა ნამდვილი მნიშვნელობა ხსენებულ ისტორიკოსთა სურვილს ვერ დააკმაყოფილებს:

ა. „ელოჰიმი“ - უბრალო იუდეველისათვის ეს არის მოწიწებისა და კრძალულების ფორმა (ასეთ ნიმუშს ვნახავთ რუსულ ენაშიც, როცა პატივსაცემ ადამიანს თქვენობით მივმართავთ). ღვთივშთაგონებულმა მოსე წინასწარმეტყველმა ამ მრავლობითი რიცხვის ფორმაში უეჭველად ჩადო ღმერთი სამპიროვნების ჭეშმარიტების განჭვრეტის ღრმა, საიდუმლო აზრი. ვერავის დააეჭვებს მოსე წინასწარმეტყველის მონოთეისტობა. იცოდა რა ებრაული ენის თავისებურებანი, იგი არასოდეს გამოიყენებდა ისეთ სახელს, რომელიც ერთღმერთიანობისადმი მის რწმენასთან შეუთავსებელი იქნებოდა.

ბ. „ღმერთი ღმერთთა“ - გამონათქვამში ჭეშმარიტი ღმერთისადმი რწმენა უპირისპირდება კერპების თაყვანისცემას, რომელთაც მათი ამღიარებლები ღმერთებს ეძახდნენ, იუდეველთათვის კი ისინი ცრუ ღმერთები იყვნენ. ამ გამოთქმას ახალ აღთქმაში თავისუფლად იყენებს პავლე მოციქული: „არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი. რამეთუ დაღაცათუ არიან რაიმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ არს ყოველი და ჩუენ - მის მიერ“ (I კორ. 8,4-6).

გ. „ღმერთი აბრაჰამისა, ისააკისა და იაკობის“ - გამოთქმა მიუთითებს მხოლოდ ებრაელი ხალხის, როგორც აბრაჰამის, ისააკისა და იაკობისათვის მიცემული „აღთქმის მემკვიდრის“, რჩეულობას.

ქრისტიანული ჭეშმარიტება, რომ ღმერთი ერთია უფრო ღრმად ვლინდება სამჰიპოსტასური ერთობის ჭეშმარიტებაში.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 6 2011, 03:59 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ავტორი : პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
წყარო: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/3.htm



--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jul 6 2011, 05:10 PM
პოსტი #3


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ღმერთის ეპითეტები? სიმბოლური სახეები?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 6 2011, 05:12 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
ღმერთის ეპითეტები?

ეს კი
ციტატა
სიმბოლური სახეები?

ეს არაsmile.gif
რადგან ეს თვისებები სიმბოლური კი არა, ნამდვილია.თითოეული თვისება დამტკიცებულია ბიბლიაში და აქედან გამომდინარე სიმბოლური ვერ იქნება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 11:18 PM
პოსტი #5


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



ღმერთი-გასხივოსნებული!
ბრწყინვალე, ნათლით შემოსილი.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 16 2011, 11:26 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ღმერთი-გასხივოსნებული!
ბრწყინვალე, ნათლით შემოსილი.

ეტყობა ამ პოსტს რომ მისი დამწერი ბუდიზმთან ახლოა. :დ :დ :დ

ღმერთი ყოვლადძლიერი,ყოვლისმცოდნე,ყო
ვლისშემძლე,ყველგან მყოფი,კეთილი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 11:30 PM
პოსტი #7


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



A.V.M
იესოზეც შეიძლება ითქვას, რომ იგი ბუდაა.
მისი სწავლებების უმეტესობა მისაღებია ბუდიზმისთვის.
ციტატა
ღმერთი ყოვლადძლიერი,ყოვლისმცოდნე,ყო
ვლისშემძლე,ყველგან მყოფი,კეთილი.

სიდჰარტაც ასეთიაsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 16 2011, 11:34 PM
პოსტი #8


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
იესოზეც შეიძლება ითქვას, რომ იგი ბუდაა.

ბუდისტები შეიძლება ასე ფიქრობდნენ.
მართლმადიდებელი ამას არ იტყვის.
ესაა რეალობა. smile.gif smile.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 16 2011, 11:35 PM
პოსტი #9


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



ციტატა
ესაა რეალობა.

ანუ იესო რომ ბუდაა?


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 16 2011, 11:40 PM
პოსტი #10


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ანუ იესო რომ ბუდაა?

რეალობა ისაა,რომ იესო-ბუდააო ამას მხოლოდ ბუდისტი იტყვის და არა ქრისტიანი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 17 2011, 12:20 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



NINJA - ნინძა
ბუდისტი ხარ?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 17 2011, 12:42 AM
პოსტი #12


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ბუდისტი ხარ?

რამოდენიმე თვის წინ არ ოყო,მაგრამ იხრებოდასავით.
ეხლა ლელუაშვილს ეცოდინება (ვახო შეიძლება აღარ შემოვიდეს) ოფიციალურად ბუდისტია თუ არა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 17 2011, 12:50 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ციტატა
მისი სწავლებების უმეტესობა მისაღებია ბუდიზმისთვის.

მარტო ეთიკური სწავლება არ განსაზღვრავს რელიგიების სიახლოვეს...

რაც შეეხება გასხივოსნებულს, ასეთი ეპითეტი ქრისტიანული ღმერთის მიმართ არ გამოიყენება.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 17 2011, 01:08 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

რაც შეეხება გასხივოსნებულს, ასეთი ეპითეტი ქრისტიანული ღმერთის მიმართ არ გამოიყენება.

ამას ვწერდი მეც.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 17 2011, 04:25 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
რაც შეეხება გასხივოსნებულს, ასეთი ეპითეტი ქრისტიანული ღმერთის მიმართ არ გამოიყენება.

გასხივოსნებული-ასე პირდაპირ შეიძლება ღმერთს არ ეწოდებოდეს (მათლმადიდებლობაში), მაგრამ სავსებით სწორი იქნება, რომ ვუწოდოთ და ამ ეპითეტით მოვიხსენიოთ.
ამით არც არაფერი შავდება და არც არაფერი ირღვევა ღვთისმეტყველური თვალსაზრისით.
ციტატა
ეხლა ლელუაშვილს ეცოდინება (ვახო შეიძლება აღარ შემოვიდეს) ოფიციალურად ბუდისტია თუ არა.

ოფიციალურად ბუდისტი ჯერ არაა (ღმერთმა ქნას არც არასდროს გახდეს), მაგრამ აპირებს.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 18 2011, 12:47 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გასხივოსნებული-ასე პირდაპირ შეიძლება ღმერთს არ ეწოდებოდეს (მათლმადიდებლობაში), მაგრამ სავსებით სწორი იქნება, რომ ვუწოდოთ და ამ ეპითეტით მოვიხსენიოთ.ამით არც არაფერი შავდება და არც არაფერი ირღვევა ღვთისმეტყველური თვალსაზრისით.


გასხივოსნებული არის ბუდიზმისთვის დამახასიათებელი ტერმინი და ის გულისხმობს პიროვნების გასხივოსნებას. ღმერთს არანაირი გასხივოსნება არ სჭირდება. განკაცებულ ღმერთში ერთადერთი ის შეიცვალა ადამიანურ ბუნებაში, რომ ქრისტემ თავის თავში კაცობრივი ბუნება აამაღლა და განწმინდა. თუ მაინც გამოვიყენებთ ასეთ ეპითეტს, კითხვა ისმის, როდის გასხივოსნდა და რისგან გასხივოსნდა ქრისტიანთა ღმერთი? არც არასოდეს გასხივოსნებულა. მას ეს არ სჭირდება, ეს ადამიანისთვის განკუთვნილია.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 18 2011, 12:56 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
გასხივოსნებული არის ბუდიზმისთვის დამახასიათებელი ტერმინი

და რადგან ეს ასეა, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში?
ციტატა
ის გულისხმობს პიროვნების გასხივოსნებას.

უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით-გასხივოსნებულ პიროვნებას.
ციტატა
ღმერთს არანაირი გასხივოსნება არ სჭირდება.

ე, ასე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ ღმერთს არაფერი არ ჭირდება, იგი თვითონაა ყველაფერი.
ციტატა
თუ მაინც გამოვიყენებთ ასეთ ეპითეტს, კითხვა ისმის, როდის გასხივოსნდა და რისგან გასხივოსნდა ქრისტიანთა ღმერთი?

აი აქაა შეცდომა.
საქმეც ამაშია რომ ღმერთი ყოველთვის იყო გასხივოსნებული და არ ქონია მის გასხივოსნებას კონკრეტული დრო.
ციტატა
მას ეს არ სჭირდება, ეს ადამიანისთვის განკუთვნილია.

ადამიანისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი, რომ ის გასხივოსნდეს, მაგრამ თვითონ უკვე გასხივოსნებული-უფალია.

შ.დ.რ.
უფალი სრულყოფილია და ადამიანს მიეცა ბრძანება, რომ თვითონაც სრულყოფილი შეიქნეს.



პ.ს.უფალს სჭირდება სინათლე?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 18 2011, 12:59 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ე, ასე თუ ვიმსჯელეთ, მაშინ ღმერთს არაფერი არ ჭირდება, იგი თვითონაა ყველაფერი.

ქრისტე არ გასხივოსნებულა.
ციტატა
აი აქაა შეცდომა.საქმეც ამაშია რომ ღმერთი ყოველთვის იყო გასხივოსნებული და არ ქონია მის გასხივოსნებას კონკრეტული დრო.

იმ გაგებით რა გაგებითაც ბუდიზმი ხმარობს, ყოვლად მიუღებელია ქრისტიანობაში ღმერთისთვის გასხივოსნებულის წოდება.
ციტატა
ადამიანისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი, რომ ის გასხივოსნდეს, მაგრამ თვითონ უკვე გასხივოსნებული-უფალია.

გასხივოსნებული სიტყვა მოიცავს აზრს, რომ ოდესღაც ეს ვინმე გასხივოსნებული არ ყოფილა.


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 18 2011, 01:02 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ქრისტე არ გასხივოსნებულა.

ვიცი კაცოbiggrin.gif
არ გასხივოსნებულა, ის გასხივოსნებული ყოველთვის იყო.
ციტატა
იმ გაგებით რა გაგებითაც ბუდიზმი ხმარობს, ყოვლად მიუღებელია ქრისტიანობაში ღმერთისთვის გასხივოსნებულის წოდება.

რაღა ბუდიზმს დავესესხოთ შინაარსში, მე ზოგადად ვამბობ გასხივოსნებულს და არა ბუდიზმის გაგებით, რომ ბუდა არ იყო გასხივოსნებული და მერე გასხივოსნდა.
ეს რაღათქმაუნდა მიუღებელია.
ციტატა
გასხივოსნებული სიტყვა მოიცავს აზრს, რომ ოდესღაც ეს ვინმე გასხივოსნებული არ ყოფილა.

ბუდიზმში შესაძლოა.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 18 2011, 01:06 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ვიცი კაცოარ გასხივოსნებულა, ის გასხივოსნებული ყოველთვის იყო.

ციტატა
რაღა ბუდიზმს დავესესხოთ შინაარსში, მე ზოგადად ვამბობ გასხივოსნებულს და არა ბუდიზმის გაგებით, რომ ბუდა არ იყო გასხივოსნებული და მერე გასხივოსნდა.ეს რაღათქმაუნდა მიუღებელია.

ციტატა
ბუდიზმში შესაძლოა.

გასხივოსნებული ქართული ენით აშკარად ნიშნავს, რომ ვიღაცამ გარედან მიიღო ეს სხივები, მაგრამ ქრისტიანობაში თავად ღმერთია თუნდაც თუ გინდათ თქვათ სხივი. ის არავისგან და არაფრისგან გასხივოსნდება. თავად არის სხივი... თან უამრავი ეპითეტის მიუხედავად, ასეთს არ ვხვდებით ქრისტიანულ ლიტერატურაში...

არის მშვენიერი ეპითეტი, რომელსაც ქრისტე გადმოსცემს: "მე ვარ ნათელი სოფლისა".


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 06:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი