IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ბერი პაისი ათონელი _ წმიდა არსენი კაბადოკიელი, მეოცე საუკუნის დიდი საკვირველთმოქმედი, წინასწარმეტყველი, სალოსი
lado s
პოსტი Feb 16 2007, 03:59 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გთავაზობთ ფრაგმენტებს ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი წმინდანის ცხოვრებიდან, მგონი ძალიან საინტერესო სწავლებებია მასში, თან დაწერილია მრავალი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი და ახლობელი მოძღვრის, მამა პაისის მიერ, რომელიც ბავშვობაში წმიდა არსენიმ მონათლა, კაბადოკიაში.

ბერი პაისი ათონელი
წმიდა არსენი კაბადოკიელი

მე დიდად მადლიერი ვარ მამა არსენისი, როგორც სახელისათვის, რომელიც მიბოძა წმინდა ლოცვებით სანათლავ ემბაზთან, ასევე მისი წიგნებისათვის, რომლებიც მასაზრდოებდნენ ყრმობის წლებში და რომლებიც მოხუცმა პროდრომოს კორცინოგლუმ (ჰაჯიცინისმა) შემოინახა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ჩემთვის თავად პროდრომოსი წარმოადგენდა. იგი ჭეშმარიტად ცოცხალი წიგნი იყო მამა არსენის შესახებ, რადგან ცხადად შემოინახა მეხსიერებაში მთელი მისი წმინდა ცხოვრება. სწორედ ამ მოხუცს, რომელიც მამა არსენის მედავითნე და მუდმივი თანამგზავრი იყო, ჰქონდა უდიდესი ბედნიერება სცოდნოდა მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ. გარდა იმისა, რისი მოწმეც იგი თავად იყო, მას კიდევ ბევრი სმენოდა თავად მამა არსენისაგან, რომელიც მოუთხრობდა თავისი ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებზე.
***
ჩემს მიერ შეგროვებული ცნობები მეტწილად უბრალო, ღვთისმოსავი ადამიანებისაგან მოვისმინე. ჩემს მიზანს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, არამედ მხოლოდ ის, რომ შემეგროვებინა მოწმობები მამა არსენის სულიერ სიმდიდრეზე, რამეთუ ვწერ ადამიანის სულისათვის. ხოლო წვიმდა მის დაბადების დღეზე, თუ თოვდა, თურქი ჟანდარმი იახ-იალიდან იყო თუ ნიგდიიდან – მე ეს სრულიად არ მაინტერესებდა.
***
ვინაიდან მამა არსენის მოქმედება გაუგებარი რჩებოდა ადამიანებისთვის, რომელთაც თავად არ ჰქონდათ სულიერი სიღრმე, ვხსნი მის ზოგიერთ წმინდა თავისებურებას.
გავიგე, როგორ ამბობდა ერთ-ერთი შედარებით ახალგაზრდა ფარასის მაცხოვრებელი: “ჰაჯიეფენდიმ (მამა არსენიმ) მრავალი სასწაული მოახდინა ვარასიოში, ანუ ფარასაში, რომლებიც მე საკუთარი თვალით ვნახე, – ყველა ამბობდა, რომ მის ლოცვებს ქვის დამსხვრევა შეუძლიათ, ქრისტიანებიც და თურქებიც მას წმინდანად მიიჩნევდნენ, ვინაიდან ის მათ ლოცვებს უკითხავდა და კურნავდა სნეულთ. სულო ჩემო, ის ალბათ გრძნეული იყო, ვინაიდან მათ თილისმებსაც1 აძლევდა”.
მამა არსენის, როგორც მე გაუწყებთ მის ცხოვრებაში, სხვა ღვთის მიერ ნაბოძებ ნიჭებთან ერთად შეეძლო ქალთა უნაყოფობის განკურნება. თუ ყველა სხვა დაავადებათა დროს ის უკითხავდა ქალებს ლოცვებს და ისინი იკურნებოდნენ, უნაყოფობის შემთხვევაში მამა არსენი, ჩვეულებრივ, უგზავნიდა მათ ლოცვას, დაწერილსა და დაკეცილს როგორც ავგაროზს. ქალები ატარებდნენ მას მოწიწებით და მათი გონება მშვიდდებოდა. მამა არსენი ასე იმიტომ იქცეოდა, რომ არ გამოეწვია მითქმა-მოთქმა იმ ადამიანთა შორის, რომელთაც არ ძალუძდათ სიწმინდით ფიქრი (ანუ ეჭვიანობის საბაბი რომ არ მიეცა). ამგვარ ავგაროზს იგი ატანდა რომელიმე ნათესავს ან ოჯახის ნაცნობს. ზოგიერთი უნაყოფო ქალი უგზავნიდა მას თავის თავსაფარს, რათა მამა არსენს ეკურთხებინა იგი, შემდეგ ატარებდნენ მას მოწიწებით და ერთი წლის შემდგომ შობდნენ.
ზოგჯერ ჰაჯიეფენდის თხოვდნენ თოკის კურთხევას, რომელსაც ატარებდნენ როგორც ქამარს უნაყოფობის განსაკურნებლად და მშობიარობის შესამსუბუქებლად. მამა არსენი უგზავნიდა მათ, აგრეთვე, გაცვილულ პატრუქს, რომელსაც იყენებდნენ კანდელისთვის, ან ბაწარს.
ყოველივეს, რის შესახებაც ამჟამად ვილაპარაკე, ის დაუფიქრებელი ადამიანი, რომელიც ვახსენე, მიიჩნევდა გრძნეულებად და არ ესმოდა წმინდა მამის.
***
ღირსი მამა არსენი დაიბადა დაახლოებით 1840 წელს ფარასაში (იგივე ვარასიოში) – კაბადოკიის ფარასის ოლქის ექვს ქრისტიანულ დასახლებათა შორის უმთავრესში.
მისი მშობლები მეტად სათნო, საშუალო შეძლების ადამიანები იყვნენ. მამა, სახელად ელეფთერი, მასწავლებელი იყო. მას ჰაჯიელეფთერის ეძახდნენ, რადგან მომლოცველად იყო ნამყოფი წმინდა მიწაზე. მისი გვარი იყო ანიცალიხოსი, ხოლო მეტსახელი – არციდისი. დედას ერქვა ბარბარე, იგი ფრანგუს (ანუ ფრანგოპულუს) გვარიდან იყო, მისი ოჯახის მეტსახელი კი ცაპარისი გახლდათ.
მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავდათ: ვლასი და თეოდორე (მამა არსენი). ბავშვები ადრე დაობლდნენ, მათ ჯერ მამა გარდაეცვალათ და ცოტა ხანში კი დედაც. ობლებზე ზრუნვა ფარასაში მცხოვრებმა დეიდამ ითავა.
ერთხელ ვლასიმ უმცროსი ძმა, თეოდორე, მამისეულ ველზე წასასვლელად დაითანხმა. ეს ველი ჩქარ ნაკადულთან მდებარეობდა. ნაკადულს ევკასისი ერქვა. როდესაც ძმები წყლის ნაკადს კვეთდნენ, თეოდორე დინებამ წაიღო. ვლასიმ ცრემლებით მოუხმო წმიდა გიორგის, რომლის სამლოცველოც შორიახლოს იდგა. ვლასის სინდისი აწუხებდა, რადგან ძმა მის გამო აღმოჩნდა განსაცდელში. როდესაც ის ტიროდა და წმიდანს დახმარებას თხოვდა, მოულოდნელად გვერდით თეოდორე დაინახა, რომელმაც სიხარულით მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ გადაარჩინა მონაზვნის მსგავსმა მხედარმა, ამოიყვანა წყლიდან, დასვა თავის ცხენზე და გამოიყვანა ნაპირზე. ამ ამბის შემდეგ თეოდორე ხშირად იმეორებდა, რომ მასაც მონაზვნობა სურდა. ამგვარად, უფალმა იზრუნა, რომ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე დამდგარიყო სწორ გზაზე.
***
თეოდორე დაახლოებით 26 წლის იყო, როდესაც წმიდა იოანე წინამორბედისა და ნათლისმცემლის სახელობის საერთო საცხოვრებელ მონასტერში შევიდა ფლაბიანაში (ზინსიდერში); იქ იგი მონაზვნად აღკვეცეს და სახელად არსენი დაარქვეს.
სამწუხაროდ თეოდორე დიდხანს არ დამტკბარა სიმშვიდით. იმ დროში მეტად ჭირდა მასწავლებლები და მიტროპოლიტმა პაისი მეორემ, რომელიც იმ ხანად ცოცხალი იყო, ხელი დაასხა დიაკვნად (კორცინოგლუს ცნობის თანახმად) და ფარასაში გაგზავნა, მიტოვებული ბავშვებისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად. ამგვარად, დიაკვანი არსენი დაბრუნდა მშობლიურ დასახლებაში და საღვთო შურით აღსავსემ უმეცრების სიბნელის გასაფანტად დაიწყო მოღვაწეობა. სიბნელის მეგზურები, რა თქმა უნდა, თურქები იყვნენ; ისინი ყოველთვის გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ფარასის ქრისტიანულ დასახლებებს, რომლებიც ერთად ბერძნული მემკვიდრეობის პატარა ნაწილს წარმოადგენდნენ. ამის გამო მამა არსენიმ, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, მოკრძალებითა და დიდი სიფრთხილით დაიწყო საქმიანობა. მან სკოლა ოთახში გააკეთა, სადაც მერხების ნაცვლად თხისა და ცხვრის ტყავები დააგო, ბეწვით ზემოთ, რათა გაკვეთილის მსვლელობის დროს ბავშვები მუხლებზე მდგარიყვნენ. ამგვარი წინდახედულობით ის თურქებთან1 უსიამოვნებას არიდებდა თავს. როდესაც თურქები ბავშვებს ხედავდნენ, ეგონათ, რომ ისინი ლოცულობდნენ.
დროის დიდ ნაწილს მამა არსენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამლოცველოში ატარებდა ბავშვებთან ერთად, გამოქვაბულში, მაღალ კლდეზე. ის სამლოცველოს საიდუმლო სკოლად იყენებდა.
***
ოცდაათ წლამდე მამა არსენი ასწავლიდა დიაკვნის ხარისხში. შემდეგ კესარიაში იგი მღვდლად აკურთხეს, არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს და სულიერი მოძღვრობის კურთხევა მისცეს. ხელდასხმის შემდეგ მამა არსენი კესარიიდან წმიდა მიწაზე გაემართა მომლოცველად, რის შემდგომაც ფარასაში დაბრუნდა და ფარასის მაცხოვრებლებმა ჰაჯიეფენდი შეარქვეს.
ამის შემდგომ მამა არსენის სულიერი მოღვაწეობა ფართოვდება. მას შესაწირის შეგროვებაც დასჭირვებია ახლო დასახლებებსა და მოშორებით მდებარე ქალაქებში. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ურთიერთობის დამყარება თურქების გვერდიგვერდ მცხოვრებ ბერძნებთან და მათი სულიერი მხარდაჭერა იმ მძიმე დროში.
დაშინებულ ქრისტიანებს მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში ეხმარებოდა როგორც მამა არსენის გამამხნევებელი სიტყვები, ასევე სასწაულები და სნეულთა სულიერი და ხორციელი კურნებები, რომელთაც ის ღვთის მიერ ბოძებული მადლით აღასრულებდა. როდესაც ქრისტიანები ხედავდნენ ამ სასწაულებს, ისინი კიდევ უფრო მეტად ძლიერდებოდნენ რწმენაში, რადგან ჩვენი სარწმუნოების დიდ ძალას ხედავდნენ. და თუ სასწაულებს თურქები ადევნებდნენ თვალს, ისინი ან ქრისტიანდებოდნენ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გაცილებით უფრო რბილად ეპყრობოდნენ ქრისტიანებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა მისულიყო მამა არსენი და როდესაც არ უნდა მიეყვანათ მასთან სნეული ლოცვების წასაკითხად, ის არ არკვევდა, ქრისტიანი იყო იგი, თუ თურქი, მხოლოდ იმას გამოიკითხავდა, რისგან იტანჯებოდა ადამიანი, რათა შესაბამისი ლოცვა შეერჩია. ღვთის მადლით სნეულთა კურნებისას მამა არსენი აიძულებდა თურქებს, რომ მათ გაეცნობიერებინათ მართლმადიდებლური სარწმუნოების უდიდესი ძალა და პატივი ეცათ მისთვის.
ერთხელ, როდესაც მამა არსენი თავის მედავითნე პროდრომოსთან ერთად მოგზაურობდა, ისინი სინასოსის დასახლებაში მივიდნენ. თურქებმა წინააღმდეგობა გაუწიეს მამა არსენის ქრისტიანებთან ურთიერთობის დამყარებაში. მამა არსენი გაჩუმდა და მხოლოდ ეს უთხრა პროდრომოსს: “წავიდეთ აქედან და შენ დაინახავ, რომ თურქები თავად გამოიქცევიან ჩვენს მოსაბრუნებლად”. ნახევარი საათის შემდეგ ჰაჯიეფენდი მუხლებზე დადგა და ცისაკენ აღმართა ხელები, – ის ლოცულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი დღე იყო, მოულოდნელად მოიღრუბლა და ნამდვილი თავსხმა დაიწყო, რომელსაც ქარიშხალი ერთვოდა თან. სინასოსის მთელი დასახლება ირყეოდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავის დანაშაულს და ორი მხედარი გამოგზავნეს მამა არსენისთან. როდესაც ისინი ჰაჯიეფენდის მიუახლოვდნენ, მის ფერხთით დაემხნენ და პატიებას ევედრებოდნენ მთელი დასახლების სახელით. მამა არსენიმ აპატია მათ, იგი სინასოსის დასახლებაში დაბრუნდა და ჯვარი გადასახა დასახლებას ქვეყნიერების ოთხივე მხარეს – მოულოდნელად ყოველივე დამშვიდდა, ისევ მშვენიერი ამინდი დადგა.
მძიმე მორჩილების გამო მამა არსენი მეტად იღლებოდა ხოლმე: – რთულია ასწავლო ბავშვებს წერა-კითხვა საეკლესიო ტექსტებით, შეასრულო ახლო და შორეული სამოძღვრო მოგზაურობები და ამასთანავე არ დატოვო სამღვდელო და სამონაზვნო მოვალეობანი. მაგრამ ის ყოველთვის გრძნობდა ძალ-ღონის მომატებას, როდესაც ხედავდა, რომ შვება მოჰქონდა სხვებისათვის და ეხმარებოდა მათ. მას ჰქონდა უდიდესი სიყვარული ღვთისა და მისი ხატისა – ადამიანის, მაგრამ არა თავისი თავის, რამეთუ როდესაც ის თურქთა უღელქვეშ ტანჯვა-წამებას ხედავდა, მაშინვე ივიწყებდა საკუთარ თავს და სიყვარულით მოიცავდა არა მხოლოდ მშობლიურ დასახლებას, არამედ გარშემო მყოფ სხვა დასახლებებსაც.
ვინაიდან მამა არსენი მეტად თავგამოდებული იყო მართლმადიდებლობისათვის, ის დიდ პასუხისიმგებლობას გრძნობდა თავისი მრევლის წინაშე, დარაჯად ედგა და იცავდა მას “ცხვრის ტყავში მყოფი მგლებისგანაც” – პროტესტანტებისაგან, რომლებიც მასწავლებლების მეშვეობით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას აღმოსავლეთში. ამ მიზეზით მამა არსენი იძულებული იყო სკოლაში სამი დამხმარე მასწავლებელი აეყვანა, – დასახლების ყველაზე განათლებული ადამიანები, რათა არ მიეღო უცხო მასწავლებლები.
თუ თავდაპირველად დიდი საფრთხე თურქთა მხრიდან მოდიოდა და მამა არსენი სკოლის არსებობას საიდუმლოდ ინახავდა, მოგვიანებით უფრო დიდი საფრთხე პროტესტანტების მხრიდან წამოვიდა, რადგან ამ უკანასკნელთ სურდათ პატარა ბავშვების მართლმადიდებლური სარწმუნოება შეებაღალათ. ერთხელ ფარასაში პროტესტანტი მასწავლებელი გამოგზავნეს. მან ჩამოსვლისთანავე იკითხა, თუ სად იმყოფებოდა პროტესტანტ კუპსისის სახლი, რომელსაც ფულს უხდიდნენ სხვათა მოქცევისათვის და რომელთანაც მას ბარგის გადმოზიდვა და გაჩერება სურდა. მამა არსენიმ ეს რომ გაიგო, უმალვე გაემართა პროტესტანტთან შესახვედრად და უთხრა: “ახლავე დაბრუნდი უკან შენი ბარგიანად, სანამ გადმოგილაგებია, რადგან არ გვჭირდება ფარასაში კიდევ ერთი პროტესტანტი. ის ერთიც კმარა, რომელიც გვყავს, და კიდევ ის თურქი, რომელიც მრავალი წელია აქ ცხოვრობს”. ამის შემდეგ მამა არსენიმ ტაძარში მყოფ თემის წევრებს მიმართა: “ყველამ, ვინც კი დროს კუპსისთან ერთად ატარებს, უნდა იცოდეს, რომ როდესაც მის სხეულს საფლავიდან ამოიღებენ, ის გაუხრწნელი იქნება”1.
ეს იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ იზოლაციაში მოექცია აბეზარა “ბზიკი” კუპსისი, რომელიც თავისი ერესის შხამს ნაზ და ახალგაზრდა სულებში ასხამდა. იგი ხალხს მამა არსენის წინააღმდეგ ამხედრებდა და ჰაჯიეფენდის იმაში ადანაშაულებდა, რომ ის იშორებდა მასწავლებლებს, რათა ბავშვები უცოდინარები დაეტოვებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველამ შეწყვიტა მასთან ლაპარაკი, ის იძულებული გახდა ეღიარებინა თავისი შეცდომა. კუპსისი მივიდა მამა არსენისთან, ითხოვა შენდობა და დაუბრუნდა მართლმადიდებელ მრევლს. ამგვარად იქნა განადგურებული პროტესტანტ “ბზიკთა” ბუდე.
პროტესტანტებმა უფრო დიდი ზიანი მიაყენეს აღმოსავლეთში კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ხალხს, ვიდრე თურქებმა. ეს უკანასკნელნი ქადაგებდნენ მაჰმადიანობას და მართლმადიდებლები გაურბოდნენ მათ, ხოლო პროტესტანტები მოდიოდნენ სახარებით, თავის ცდომილებაში ითრევდნენ გულუბრყვილოებს და ანგრევდნენ მათ სულებს.
***
ყოველივე იმას, რაც თავად მამა არსენის ახასიათებდა: – მართლმადიდებლობის სიმტკიცე, კეთილმსახურება და რწმენის სრულყოფილება – იგი თავის მოსწავლეებს გადასცემდა. ასწავლიდა აგრეთვე “იესოს ლოცვას”: “უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე”. ასევე შემდეგ ლოცვას: “სახელითა ქრისტესითა და ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა”. ხოლო თუ მოსწავლეები ცუდ რამეს ჩაიდენდნენ ან უსიამოვნება შეემთხვეოდათ, ის ასწავლიდა მათ, რომ ეთქვათ: “ღმერთო ჩემო, ცოდვა ჩავიდინე”. მან ასწავლა ბავშვებს ძაფზე ვაზის ლერწის ნაჭრების აცმა, მძივების მსგავსად, რათა დაეთვალათ თავისი ლოცვები ან მეტანიები, რომლებიც ყოველ მათგანს ლოცვის კანონად ენიშნებოდა. ამგვარად იგი ბავშვთა გონებას განუწყვეტელი ლოცვით განწმედდა.
მოხუცი ადამიანები იმისათვის მიდიოდნენ ჰაჯიეფენდისთან, რომ რჩევა ეკითხათ და მისი დარიგება მოესმინათ. ზამთარში მოხუცები მის სახლში იკრიბებოდნენ. მამა არსენი პირველ რიგში ბუხარს ანთებდა, ხოლო შემდეგ მოუთხრობდა მათ სახარებისეულ იგავს, ან იმ დღის წმინდანის ცხოვრებას ან რაიმეს ძველი აღთქმიდან. შემდეგ მოხუცები მიდიოდნენ სახლში ან მეზობლებთან, სადაც ხალხი იკრიბებოდა და მოსმენილს ზღაპრების ნაცვლად უამბობდნენ ბავშვებს. ამგვარად ყოველი მათგანი სულიერ სარგებელს იღებდა.
მრავალი სახარებისეული იგავი თარგმნა მამა არსენიმ ფარასულ დიალექტზე, იმისათვის, რომ ფარასიოტებს გაეგოთ სახარება. ტაძარში იგი ჯერ ბერძნულად1, შემდეგ ფარასულად და ბოლოს თურქულად კითხულობდა სახარებას.
***
მამა არსენი ფულს არასოდეს იღებდა, არც კი ეხებოდა მას. ჩვეულებრივ ის ამბობდა ხოლმე: “ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება”. ერთხელ ჰაჯიეფენდის ლოცვის წასაკითხად ცახირუდისიდან ახალგათხოვილი თურქი ქალი მოუყვანეს, იგი ეშმაკს შეეპყრო, ამიტომ ჯაჭვით ჰყავდათ შეკრული. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებაში იმყოფებოდა, მაგრამ უბედური ქალის ნათესავები ევედრებოდნენ ეკლესიის მსახურთ, რომ როგორმე მიეღო ისინი, რადგან იმის მიუხედავად, რომ შეპყრობილი დაბმული ჰყავდათ, მის დამშვიდებას მაინც ვერ ახერხებდნენ. მამა არსენიმ მიიღო ისინი და უბრძანა ქალის გათავისუფლება ჯაჭვებისგან. როგორც კი ის გაათავისუფლეს, მივარდა მამა არსენის და ფეხზე უკბინა. მას ხელში სახარება ეჭირა, რადგან უნდა წაეკითხა, მაგრამ არ გადაუშლია ის და მხოლოდ მსუბუქად დაჰკრა ქალს თავზე სამჯერ. ეშმაკმა მაშინვე დასტოვა სნეული, ქალი ატირდა და მოწიწებით ემთხვია მამა არსენის ნაკბენ ფეხს. ქალის მამაც მის ფეხებთან დაემხო და ევედრებოდა, რომ მიეღო მისგან ფულით სავსე ქისა, ეუბნებოდა: “აიღე, ეს ყველაფერი შენია, შენ ხომ ჩემი ქალიშვილი გადაარჩინე”. მამა არსენიმ წამოაყენა ის და უთხრა: “შენი ფული შენთვის დაიტოვე, ჩვენი სარწმუნოება არ იყიდება”. ის საჩუქრებსაც კი არ იღებდა.
***
ტაძარში იყო საგანგებოდ გამოყოფილი ადგილი, სადაც მსურველებს ფულის შეწირვა შეეძლოთ ღარიბებისათვის, ხოლო ღარიბები მიდიოდნენ და იღებდნენ ზუსტად იმდენს, რამდენიც ესაჭიროებოდათ. მეტის აღების ეშინოდათ, რათა უფალს არ დაესაჯა.
გაჭირვებულ ოჯახებს მამა არსენი ხშირად გადასცემდა ხოლმე სეფისკვერებს1 შეუმჩნევლად, საღამოობით, თავისი მედავითნის, პროდრომოსის მეშვეობით. ის უსაქმურებს არასოდეს არაფერს აძლევდა. ერთხელ თავაშვებულმა ლოთმა სეფისკვერი მოსთხოვა მამა არსენის. კელიაში მყოფმა წმიდა მამამ მისცა მას ქერის კვერი და უთხრა: “აი, მე რას ვჭამ”. უსაქმური არ იღებდა კვერს და სეფისკვერს მოითხოვდა. მაშინ მამა არსენიმ მკაცრად უთხრა: “გრცხვენოდეს, ორმოცდახუთი წლის ძალ-ღონით სავსე კაცი ხარ და მთელი დღე არაფერს აკეთებ, ბოროტ გულისსიტყვებს ემონები, ლოთობ და მათხოვრობ”. შემდეგ მან უბრძანა მედავითნე პროდრომოსს: “წადი ტაძარში, აიღე სამი ან ოთხი სეფისკვერი, ჩადი მდინარესთან და თუ ეს უქნარა ჩამოვა შენთან, მიეცი მას”, ხოლო უსაქმურს უთხრა: “ჩადი მდინარესთან და მიიღე სეფისკვერი. თევზი დაიჭირე, ის იქ ბევრია”.
სამწუხაროდ უსაქმურმა არ ისურვა ამით თავის დაღლა, უფრო მეტიც, ის გაემართა დასახლებაში და თან ყვიროდა: “ეს ჰაჯიეფენდი ნამდვილი წუწურაქია. თავად არ ჭამს სეფისკვერს და ინახავს იქამდე, სანამ მატლი არ გაუჩნდება. შემდეგ პროდრომოსს აგზავნის და ის მდინარეში ყრის ტომრებით და არ არიგებს”.
მამა არსენის უხაროდა, როდესაც ადამიანები დაუმსახურებლად ადანაშაულებდნენ; ეს ძალიან ეხმარებოდა მას. იგი ხშირად განგებ იქცეოდა უცნაურად, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქებას. მიუხედავად ამისა, მთელი პროვინციის ხალხი – ქრისტიანები და თურქებიც კი მას წმინდანად მიიჩნევდნენ.
***
როდესაც მამა არსენი ეშმაკების მიერ შეპყრობილ ან დადამბლავებულ პატარა ბავშვს ხედავდა და ხვდებოდა, რომ ამაში დამნაშავენი იყვნენ მშობლები, ბავშვის განკურნების შემდეგ ეპიტიმიას მშობლებს ადებდა. ერთხელ ჰაჯიეფენდის დამბლადაცემული ბავშვი მოუყვანეს. მან წაიკითხა მისთვის ლოცვები და მას შემდეგ რაც ბავშვი განკურნა, ეპიტიმია დაადო მშობლებს, რადგან ღვთის მადლით შეიტყო, რომ მათი მიზეზით იყო ბავშვი ავად.
ერთხელაც მამა არსენის ავი სულებით შეპყრობილი ბავშვი მოუყვანეს სინასოსიდან. როგორც კი მან შეკრულ ბავშვს შეხედა, მაშინვე უბრძანა მშობლებს მისი გათავისუფლება, მაგრამ მათ ეშინოდათ. მამა არსენიმ ისევ გაიმეორა: “სასწრაფოდ გაათავისუფლეთ ბავშვი”. მაშინ დატანჯული ბავშვის მშობლებმა უთხრეს: “თქვენი კურთხევით ჰაჯიეფენდი, მაგრამ ბავშვი შეშლილია და უბედურებას შეგვამთხვევს, ჩვენ დიდი წვალებით შევკარით ის”. მამა არსენიმ უპასუხა: “გაათავისუფლეთ, ნუ გეშინიათ”. როგორც კი ბავშვი გაათავისუფლეს, ის ეშმაკმა დატოვა, იგი განიკურნა, ჩუმად, კრავის მსგავსად მივიდა მამა არსენისთან და დაჯდა მის გვერდით. ამის შემდეგ მამა არსენიმ ბიჭის მშობლებს სასჯელად 40 დღიანი მარხვის შენახვა უბრძანა, მსგავსად დიდმარხვისა, რადგან მიხვდა, რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ, როგორც იმაში, რომ ბავშვი შეპყრობილი დაიბადა, ასევე იმაშიც, რომ ულმობლად ექცეოდნენ უდანაშაულოს (იმისათვის, რომ როგორმე შეეკავებინათ და ფიზიკურად დაესუსტებინათ, ისინი შვილს მშიერს ტოვებდნენ).
ჩვეულებრივ, ავადმყოფები მამა არსენის სახლში მიჰყავდათ, რომელიც სიძველისგან ნებისმიერ დროს შეიძლება დანგრეულიყო. სახლის გვერდით იდგა მისი მომცრო სენაკი, მიწის იატაკით, სენაკის კუთხეში ორი მოკლე დახვეული გადასაფარებელი იდო, რომელსაც ის დასვენების დროს შლიდა, ერთს ქვეშაგებად იყენებდა და მეორეს ზემოდან იფარებდა (როგორ ეძინა მას და რამდენი, ქრისტეს სიყვარულით, მხოლოდ უფალმა იცის, რომელიც მიაგებს კიდეც). სენაკის აღმოსავლეთ ნაწილში იყო თარო და მასზე კანკელი, მრავალი ხატით, რომელთა წინაშეც ჩაუქრობლად ენთო კანდელი. კანდელის ქვეშ ეფინა ცხვრის ტყავი, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა, ან მეცადინეობდა. მას ჰქონდა კიდევ ერთი თარო, წიგნებისა: ძველი და ახალი აღთქმით, წმინდანთა ცხოვრებით და აგრეთვე მონათხრობებით ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სასწაულების შესახებ, (ღვთისმშობლის მიმართ იგი დიდ მოწიწებას განიცდიდა).
მიუხედავად იმისა, რომ მისი სენაკი ერში იმყოფებოდა, ის ამასოფლისგან განშორებულ ცხოვრებასაც ახერხებდა. ამაში, მის წმინდა საქმეებთან ერთად, ის ორი დღეც უწყობდა ხელს, რომელსაც იგი განმარტოებით ლოცვაში ატარებდა ხოლმე თავის სენაკში. ეს დღეები სულიერად ყველაზე ნაყოფიერი იყო, რადგან სხვა დღეების შრომას აკურთხევდნენ, ხოლო მამა არსენის ღვაწლის კურთხეული ნაყოფი ჩვენ გვკვებავს დღევანდლამდე.
სხვა სულიერ გმირობებთან ერთად მას წესად ჰქონდა ოთხშაბათობითა და პარასკევობით კელიაში დაყუდებულიყო სულიერი ვარჯიშისა და ლოცვისათვის. ამ დღეებში მამა არსენის შემცვლელი მისი კელიის ზღრუბლი იყო.
თუ ავადმყოფი მოდიოდა შორიდან, რაკი არ იცოდა მისი დაყუდების კანონის შესახებ, კარზე აკაკუნებდა, მაშინ მამა არსენი აღებდა მას, მაგრამ არაფერს ამბობდა. ნიშნების მეშვეობით იგებდა დაავადების შესახებ, პოულობდა შესაბამის ლოცვას, კითხულობდა მას და სნეული იკურნებოდა. მაგრამ სხვა შემთხვევებში, როდესაც ხალხი კარზე აკაკუნებდა, ის არ პასუხობდა. უეჭველია, მამა არსენი ამ დროს სულიერი ჭვრეტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოვლენები გვიჩვენებენ, რომ იმ დღეებში, როდესაც წმინდა მამა დაყუდებაში იმყოფებოდა და ლოცულობდა, იმის გარდა, რომ ღვთაებრივი ძალები გადმოდიოდა მასზე, ის თავადაც აყავდათ ანგელოზებს ზეცაში.
ფარასიოტებმა იცოდნენ ეს და არ აწუხებდნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მხოლოდ სნეულები მოდიოდნენ მის სენაკთან, იღებდნენ მიწას ზღურბლთან, მტკივნეულ ადგილზე იდებდნენ და იკურნებოდნენ. ერთი ფარასელი ქალი, რომელმაც ამგვარად განკურნა თავისი დაკრუნჩხული ხელი, ამბობდა: “იქ, საიდანაც ჩამოვედით, არ ვიცოდით, რა არის ექიმი. ჩვეულებრივ, ჩვენ ჰაჯიეფენდისთან მივრბოდით ხოლმე დახმარებისათვის. მხოლოდ საბერძნეთში შევიტყე ექიმების არსებობის შესახებ, მაგრამ როდესაც ამაზე ადგილობრივ ხალხს ვუამბობ, ისინი არ მიჯერებენ”.
***
მოსალოდნელი იყო, რომ იმ სასწაულების გამო, რომელთაც მამა არსენი ახდენდა ღვთის მადლით, ხალხი მას წმიდანის საკადრის პატივს მიაგებდა. ის მართლაც წმიდანი იყო. ხალხისგან მოსალოდნელი განდიდება მამა არსენის რთულ მდგომარეობაში აყენებდა და აიძულებდა მას უფრო მეტად დაემალა თავისი სიწმიდე, რათა გაქცეოდა ადამიანთა ქება-დიდებას. გაამპარტავნების საფრთხე მას ნაკლებად ემუქრებოდა, მაგრამ კაცთამიერი ქება-დიდება თავისთავად გახდებოდა საკმარისი ჯილდო მისი ღვაწლისათვის ამ ამაო ცხოვრებაში. ამგვარ პირობებში მის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენდა დროდადრო ქრისტესთვის სალოსის სახის მიღება და თავის მოჩვენება სხვა ადამიანად, ვიდრე ის სინამდვილეში იყო. ის უცნაურად უნდა მოქცეულიყო, რასაც აკეთებდა კიდეც. იმისათვის, რომ არ ჩაეთვალათ მშვიდად, ის თავს აჩვენებდა გაღიზიანებულად; რომ არ ჩაეთვალათ მმარხველად, თავს აჩვენებდა გაუმაძღრად; თუ ვინმე ეუბნებოდა: “შენ წმიდანი ხარ”, მამა არსენი პასუხობდა: “შენი ოჯახი სულაც არ არის ოჯახი”. როდესაც მისგან ესოდენ დამამცირებელი სიტყვები ესმოდა, დამწუხრებული ადამიანი აღარ უწოდებდა მას წმიდანს და ამბობდა: ის წმიდანი იქნებოდა, ღირსეულად რომ იქცეოდეს.
ხშირად, როდესაც მამა არსენი ცდილობდა გაღიზიანებულად მოეჩვენებინა თავი, ეს მაინცდამაინც ოსტატურად არ გამოსდიოდა, რადგან მის თვალებში ღიმილი გამოსჭვიოდა, თუმცა სიტყვებით ის მაინც ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები იმაში, რომ ცოდვილი კაცია და უამრავი ვნება აქვს. ის ამბობდა ხოლმე: “აი, ხომ ხედავთ, რა ადამიანი ვარ და თქვენ კი რას ფიქრობთ? რანაირი წმიდანი ვარ?” განსაკუთრებით მკაცრად და უცნაურად იგი ქალთა მიმართ იქცეოდა, რადგან ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და თავგამოდებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს მასზე ზრუნვაში. ამიტომ, როდესაც რომელიმე მათგანს მოჰქონდა მისთვის საჭმელი, ის უკმეხად ეუბნებოდა, რომ ეს მისთვის ძალიან ცოტაა და არ იღებდა. ზოგჯერ ის უხეშად ამბობდა, რომ საჭმელი ცუდად არის მომზადებული და აგდებდა მის მომტანს. ქალები იბნეოდნენ და არ იცოდნენ, რითი ესიამოვნებინათ მისთვის. თითქმის ყველა მიიჩნევდა ჰაჯიეფენდის საკმაოდ უცნაურ და ამავდროულად წმიდა ადამიანად.
ერთხელ ფარასელმა ქალმა საკვებით სავსე ქოთანი გაუგზავნა მას. როდესაც მამა არსენიმ დაინახა ბავშვი, რომელსაც ქოთანი მოჰქონდა, იკითხა: “რა არის ეს?” – “საჭმელი – უპასუხა ბავშვმა – დედამ მიბრძანა შენთვის მომეტანა”. მამა არსენიმ თავი პირქუშად მოაჩვენა და უთხრა ბავშვს: “რა არის ერთი ქოთანი? შვიდი ასეთი ქოთანიც კი არ გამაძღობს”. როდესაც ბავშვმა ისევ მოუტანა საჭმელი, ამჯერად დიდ ქვაბში, ჰაჯიეფენდიმ ასწია სახურავი, თითქოს იმისთვის, რომ ენახა რამდენად კარგად მოამზადეს საჭმელი, შემდეგ ცხვირი შეიჭმუხნა და თქვა: “ფუ! ასეთი საჭმელი შეგიძლია უკან წაიღო და დედაშენთან ერთად შეჭამო”.
ამგვარად, მამა არსენი, რომელიც მეტად თავმდაბალი იყო, მიმართავდა სალოსობას, რათა დაეფარა თავისი სიწმიდე, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და განეგრძო სამონაზვნო ღვაწლი. მისი საქციელი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის არ იყო ადვილი ასახსნელი.
მამა არსენის ჩვეული საკვები ქერის კვერები იყო, რომლებსაც იგი ტაფაზე აცხობდა ხოლმე, აი რატომ ეძახდა მას ზოგიერთი ფარასიოტი “არპაჩის”, რაც თურქულად ქერის მჭამელს ნიშნავს. ის თვეში ერთხელ აცხობდა კვერებს და შემდგომ საჭიროებისდა მიხედვით ალბობდა მათ. ზოგჯერ მამა არსენი ხარშავდა “უმბას” (მცენარე, რომლითაც იკვებებიან გველები), მჟაუნას, გარეულ ხახვს, ხოლო დროდადრო ამზადებდა რომელიმე ფაფას. ზოგჯერ ის ჭამდა ყველაფერ სხვასაც, მაგრამ მაშინ მთელი წლით ამბობდა უარს ყოველგვარ სახსნილო საკვებზე, მაგალითად თევზზე, ან რძის ნაწარმზე. ხორცს, რა თქმა უნდა, არ ჭამდა, მაგრამ თუ როდესმე სუფრაზე მიართმევდნენ, იმისთვის, რომ ხალხი არ დაემწუხრებინა და არ შეეწუხებინა, შეჭამდა ხოლმე ცოტაოდენს იმ შემთხვევაში, თუ არ იყო მარხვის დღე. ფარასიოტები ყოველთვის ცდილობდნენ მიერთმიათ მისთვის რაიმე სხვა, რადგან იცოდნენ, რომ შემდგომ, კელიაში ყოფნისას, იგი მკაცრად შეიზღუდავდა თავს, მაგალითად წყლის მიღებაზე, რათა ამგვარად გაეძლიერებინა თავშეკავება, ხორცის იმ ნაჭრების სამაგიეროდ, რომელიც მან შეჭამა კაცთმოყვარეობის გამო. მისი გონიერი ასკეტიზმი ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით სხვებისადმი და სიმდაბლით საკუთარ თავთან მიმართებაში. როგორც არ უნდა ეცადა მამა არსენის დაეფარა თავისი ღვაწლი, ეს არ იყო ადვილი, რადგან ხალხი მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა მის გვერდით. მარხვების დროს და აგრეთვე ოთხშაბათს, პარასკევს და ორშაბათს, რომელიც მიძღვნილია ანგელოზებისადმი, ის წყალსაც კი არ სვამდა მზის ჩასვლამდე.
***
გაგრძელება უახლოეს მომავალში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Feb 16 2007, 04:11 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



მამა არსენის არაერთხელ შესთავაზეს ეპისკოპოსობა, მაგრამ იგი ყოველთვის უარს ამბობდა და იმიზეზებდა იმას, რომ გულფიცხი ხასიათი აქვს, ხოლო მათ, ვინც მშვენივრად იცოდა, რომ იგი მშვიდია, ის უხსნიდა ხოლმე: “მე არ შემიძლია გავხდე ეპისკოპოსი, რადგან ამპარტავნების მეშინია, რაც უფრო მაღალია მთები, მით უფრო დიდი ჭექა-ქუხილის ღრუბლები იყრის თავს მათზე”. იერუსალიმელ პატრიარქსაც სურდა მისი ეპისკოპოსობა და თხოვა მის ძმას, ვლასის, რომ მამა არსენი ხარისხის მიღებაზე დაეთანხმებინა, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა. მან ამჯობინა თავის მხრებზე ეტარებინა ტილოს ნაჭრის ღარიბული მოსასხამი, რომელიც ფარავდა მის მდაბალ სულში დამკვიდრებულ ღვთის სასუფეველს, ვიდრე – მდიდრული და მეფური საეპისკოპოსო ბისონი.
***
უფლის მიერ კურთხეული ადამიანი ჰაჯიეფენდი გარდა ყველა სხვა ნიჭისა, წინასწარმცნობელობითაც იყო დაჯილდოვებული. გადასახლებამდე მრავალი წლით ადრე ეცნობა მას უფლის მიერ, რომ ფარასიოტები საბერძნეთში გაემგზავრებოდნენ და ის ხშირად უმეორებდა მათ, არ გაეფლანგათ და შეეგროვებინათ ფული გადასახლებისათვის. მოსახლეობის გაცვლამდე ერთი წლით ადრე მასთან მივიდა ქალი და უთხრა: “მომიტევე ჰაჯიეფენდი, გავიგე, რომ წელს გადასახლებას გვიპირებენ”. მამა არსენიმ უპასუხა: “არ იდარდო, განაგრძე შენი საქმეების კეთება, ჯერ კიდევ ერთი წელია გამგზავრებამდე”.
როდესაც წელიწადი გავიდა, მოვიდა სასტიკი ცნობა იმის შესახებ, რომ ყველა ბერძენი სასწრაფოდ უნდა მომზადებულიყო გასამგზავრებლად. გადასახლება მეტად სამწუხარო მოვლენაა. მაგრამ მოწყალე მამა არსენი ცდილობდა ნუგეში ეცა ხალხისთვის და ეუბნებოდა, რომ ისინი ბრუნდებიან სამშობლოში, საბერძნეთში. ყველა ფარასიოტმა მაშინვე დაიწყო მომზადება, ისევე როგორც თავად მამა არსენიმაც.
უპირველეს ყოვლისა მამა არსენიმ მონათლა ყველა მოუნათლავი ბავშვი, მათ შორის დასახლების მამასახლისის ვაჟიშვილი. და აქ მოხდა შემდეგი: ბავშვის მშობლებს სურდათ დაერქმიათ მისთვის ბაბუის სახელი ქრისტე, მაგრამ მამა არსენი არ დათანხმდა, რამეთუ მისთვის თავისი სახელის დარქმევა სურდა. მან უთხრა მშობლებს: “სწორეა, რომ თქვენ გინდათ დატოვოთ ვინმე, ვინც წავა პაპის გზით, მაგრამ მეც ხომ მინდა, რომ დავტოვო მონაზონი, რომელიც ივლის ჩემი გზით?” ის შეუტრიალდა ნათლიდედას და უთხრა: “შენ თქვი: არსენი”. მართლაც, ამ ბიჭს პატარაობიდანვე სურდა გამხდარიყო მონაზონი და გახდა კიდეც : ან მამა არსენის ლოცვამ იმოქმედა, ან მან წინასწარ განჭვრიტა ეს. ერთიც და მეორეც მამა არსენის წმინდანობაზე მეტყველებს.
***
გადასახლება 1924 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამასთანავე თურქები დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ და გამოასახლეს ხალხი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის მიძინების დღესასწაული (ძველი სტილით 15 აგვისტო) აღნიშნულ იქნა ახიავუდესის პირველ დასახლებაში (იახ-იალიში), სადაც ისინი შეჩერდნენ გზად.
მამა არსენი, როგორც კეთილი მოძღვარი, თავის განდევნილ მრევლთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა ეს იყო მოსახლეობის გაცვლა, მაგრამ თურქები, როგორც ყოველთვის, ბოროტი ბზიკების მსგავსად იქცეოდნენ.
ახიავუდესიდან მამა არსენი ფეხით დაბრუნდა ფარასაში და წინ და უკან, საერთო ჯამში სამოცი კილომეტრი გაიარა იმისთვის, რომ წმინდა ბარაქისისა და იონას სახელობის ტრაპეზზე დარჩენილი იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები წამოეღო. მან არ გაიყოლა თავისი თანამგზავრები, რათა არ გადაეღალა ისინი, რის შემდგომაც ისევ დაბრუნდა თავის სამწყსოსთან, რომელიც მღელვარებით ელოდა.
***
მრავალი განსაცდელის შემდეგ გემი საბერძნეთში ჩავიდა და მიადგა წმინდა გიორგის სახელობის ნავმისადგომს პირეაში. მამა არსენიმ როგორც კი საბერძნეთის მიწაზე დადგა ფეხი, სიხარულით იდღესასწაულა დიდებული დღე – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, 1924 წლის 14 სექტემბერი (ძველი სტილით, რომელსაც ისინი მისდევდნენ სამშობლოში). სამი კვირა გაატარეს მათ წმინდა გიორგის ნავსადგურში ეკლიანი მავთულის მიღმა, შემდეგ კი გაუშვეს კუნძულ კორფუზე, სადაც ისინი დროებით განთავსდნენ კორფუს ციხე-სიმაგრეში.
მაგრამ იქ მოწყალე მამა არსენი დასნეულდა. ფარასიოტები მეტად შეშფოთდნენ ამით და მისი ნების საწინააღმდეგოდ დააწვინეს ის ქალაქის საავადმყოფოში. მამა არსენის არ უნდოდა განშორება მათთან და ცრემლებით ეხვეწებოდა: “ნება მომეცით თქვენს გვერდით მოვკვდე”. მაგრამ სიყვარულის გამო ისინი არ უსმენდნენ და იმედოვნებდნენ, რომ იგი საავადმყოფოში გამომჯობინდებოდა მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ და კვლავ მათთან ერთად იქნებოდა, თუმცა მამა არსენი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმეორებდა: “საბერძნეთში მე მხოლოდ ორმოცი დღე ვიცოცხლებ და გარდავიცვლები კუნძულზე”.
წმინდა არსენიმ კორფუს ციხე-სიმაგრეში მხოლოდ ორი კვირა იცხოვრა და ორჯერ აღასრულა ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. შემდეგ კიდევ ერთი კვირა დაჰყო საავადმყოფოში, სადაც მის სანახავად შეშფოთებული ფარასიოტები მიდიოდნენ ხოლმე. ერთხელ სანახავად მისულმა პროდრომოსმა ჰაჯიეფენდის ტანისამოსი სთხოვა გასარეცხად. მამა არსენიმ მიუგო: “რად უნდა გარეცხვა, ხვალ თუ არა ზეგ ის მიწაში წავა”. პროდრომოსმა ვერ გაუგო მას და ისევ უთხრა: “მომეცი, მე გავრეცხავ, შენ ხომ სნეული და მოხუცი ხარ”. მამა არსენიმ უპასუხა: “ნუთუ რახან მოვხუცდი, მონაზონი აღარ ვარ?” – ის ნამდვილი მონაზონი იყო. იმ დღეს პროდრომოსმა მასზე ტილი დაინახა და იმის გამო, რომ გვერდზე სხვა ხალხი იყო, შეუმჩნევლად აიყვანა მოსაკლავად. ჰაჯიეფენდიმ ხმამაღლა იყვირა: “არა! არ მოკლა უბედური არსება”. გამოართვა მას ტილი, ჩაიდო თავის ტანისამოსში და თქვა: “გაანებეთ თავი, მანაც შეჭამოს ცოტაოდენი ხორცი, რადგანაც შესაძლებლობა აქვს იყოს ჩემს გვერდით, ნუთუ მხოლოდ მატლებმა უნდა შეჭამონ მთელი ჩემი სხეული?” შემდგომ მან თვალი შეავლო მნახველებს და თქვა: “სულზე! სულზე იზრუნეთ მეტად და ნაკლებად ხორცზე, რომელიც მიწაში წავა და მატლთა ნადავლი გახდება”. – ეს იყო მისი უკანასკნელი სწავლება ცხოვრების ღრმა მნიშვნელობაზე.
როდესაც ყველა წავიდა და მხოლოდ პროდრომოსი დარჩა, მამა არსენიმ უთხრა მას: “მომიახლოვდი, პროდრომოს, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რამეთუ ზეგ სხვა სამყაროში მივდივარ. გუშინ შუადღით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მითხრა ამის შესახებ. მან მიჩვენა მთელი წმინდა მთა (ათონი) და მე დავინახე მონასტრები, სადაც ყოველთვის მივისწრაფოდი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ღირსი იქ მოხვედრისა. არც კი ვიცი, რა მოგიყვე პროდრომოს! რამდენი მონასტერი დგას წმინდა მთაზე! რა დიდებული ტაძრები! რა საუცხოოა”. ამის შემდეგ უთხრა: “არ დამწუხრდე, როდესაც შვიდი დღის შემდეგ შენი ცოლი, კირიაკი, განისვენებს. ცამეტი დღის შემდეგ გარდაიცვლება სტეფანე კარამურატიდისის ცოლი, ალმალე”. მართლაც ასე მოხდა.
როდესაც გავიდა ორი დღე და დადგა “ზეგ”, უფლის ერთგული მონა, მამა არსენი, ნაზიარები გაემგზავრა ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ქრისტეს გვერდით. იმ წუთებში მასთან არავინ იყო ფარასიოტთაგან. მას არ უნდოდა, რომ ვინმე დარჩენილიყო მის გვერდით, რათა არ მომწყდარიყო განუწყვეტელი ლოცვისგან.
ასეთი იყო მამა არსენი!
ერთი, პატარა, მხოლოდ ღმერთის მფარველობის მქონე!
ერთი, დიდი, ერთგული მხოლოდ ღმრთისა და მისი ხატებისა!
ერთი, სიცოცხლის დასასრულამდე მხოლოდ უფალთან მყოფი!
როდესაც ღვთისმოსავი მედავითნე კვლავ მივიდა მამა არსენის სანახავად, მან კურთხევა უკვე მისი წმინდა ნაწილებისაგან აიღო. მან იხილა მამა არსენი, რომელსაც მარჯვენა ხელით მკერდთან მიკრული ჰქონდა ფასდაუდებელი განძი – იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები.
უპოვარმა მამა არსენიმ არ დატოვა არანაირი მატერიალური ფასეულობა, მხოლოდ რამდენიმე ძველი წიგნი. როდესაც ფარასიოტებმა გაიგეს, რომ მამა არსენიმ განისვენა, ისინი გახდნენ უნუგეშონი, თუმცა კი მან მოამზადა ისინი ამისთვის. ბევრი მათგანი შეიკრიბა და მოაწყეს საზეიმო დაკრძალვა, რომელშიც მრავალი ადგილობრივი მაცხოვრებელიც მონაწილეობდა.
მამა არსენი დაკრძალეს კორფუს სასაფლაოზე, იმ ადგილას, სადაც მღვდლებს კრძალავდნენ. მისმა სულიერმა შვილებმა დადგეს საფლავზე მარმარილოს ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია მისი სახელი.
მამა არსენი გარდაიცვალა 1924 წლის 10 ნოემბერს (ახალი სტილით) ოთხმოცდასამი წლის ასაკში.
ღირსი მამა არსენი, “აღმოსავლეთის ვარსკვლავი” დაეშვა ზეციდან უკვე საბერძნეთში და დაუტოვა მას თავისი წმიდა ნაწილები.
იმისათვის, რომ შეიძლებოდეს წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდა მამა არსენი, ჩემს მოვალეობად ვთვლი აღვწერო მისი გარეგნობა.
მამა არსენი სიმაღლით 180 სანტიმეტრი იყო, ძლიერი, მაგრამ გამხდარი დიდი ღვაწლისგან. მისი ხელები იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდობაში ოთხი კაციც ვერ ერეოდა. ახალგაზრდობაში მას ჰქონდა ძალიან ხშირი და საკმაოდ ღია ფერის თმა, გრძელი და ხშირი წვერი, ბუჩქივით გამოწეული წარბები და ღია შუბლი. თვალები ჰქონდა ცისფერი და დიდი, ხოლო სახე მოგრძო, ლოყები ჩავარდნილი და წვერით დაფარული. თვალების ქვეშ წამოწეული იყო მწიფე კომშის ფერი გაშუქებული ყვრიმალები, როგორც მომითხრობდნენ. ბავშვობიდანვე იგი თავის ასაკზე უფროსს ჰგავდა, ამიტომ მოწიფულ ასაკში ყველა მოხუცად მიიჩნევდა.
***
დრამიდან თესალონიკში დამკვიდრებული ფარასიოტები მოგვითხრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა ორი შეიხი (მაჰმადიანთა ტომების ბელადები და ჯადოქრები) მამა არსენისთან ჰაჯი-ბეხტაშიდან . მამა არსენიმ მიიღო ისინი და ყავაც კი მოუმზადა, მაგრამ თურქებმა სულელური და უაზრო შეკითხვების დასმა დაუწყეს, რომლებიც მხოლოდ თავის ტკივილს იწვევდა. მათგან გასათავისუფლებლად მამა არსენიმ თქვა: “მეტი აღარ შემიძლია თქვენი მოსმენა, რადგანაც თავი მტკივა”. თურქები ვერ მიხვდნენ მინიშნებას და ერთ-ერთმა მათგანმა შესთავაზა: “მამა ეფენდი, ჩვენ გაგიკეთებთ შენ ამულეტს და, თუ მას ატარებ, მაშინ თავის ტკივილი ცხოვრების ბოლომდე არ შეგაწუხებს”. მამა არსენიმ მკაცრად უპასუხა: “მე უფრო დიდი ძალა მაქვს, ვიდრე თქვენ, და ქრისტეს ძალით შემიძლია გავაკეთო ისე, რომ ვერ წამოდგეთ იმ ადგილიდან, სადაც სხედხართ”. მან მიატოვა ისინი და თავის სენაკში წავიდა. შეიხებმა ყავის სმა დაასრულეს და წასვლა მოუნდათ, მაგრამ ვეღარაფრით შეძლეს ადგილიდან დაძვრა. გრძნობდნენ, თითქოს უხილავი თოკები აკავებდათ. ისინი იძულებულნი გახდნენ, გასათავისუფლებლად მამა არსენისთვის დაეძახათ. მამა არსენი მაშინვე მოვიდა, მაგრამ არ დალაპარაკებია მათ, უბრალოდ ანიშნა, წასულიყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ თავიანთი ადგილებიდან წამოდგომა.
შეიხები მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და მამა არსენის პატიება სთხოვეს. წასვლისას კი უთხრეს მას: “მამა ეფენდი, გვაპატიე, შენი ძალა დიდია, რადგან მას იღებ შენი დიდი რწმენისაგან, ხოლო ჩვენ სატანის დახმარებით ვმოქმედებთ”.
***
ენჯარაპიდის ვაჟიშვილი, პანაგიოტისი, ოცი წლის ასაკში ჭკუიდან შეიშალა შეყვარებული გოგონას გამო. შეშლილობა აგრესიული ფორმით ვლინდებოდა და ბიჭის შეკვრა შეუძლებელი ხდებოდა. მისმა ძმამ სხვების დახმარებით ბოლოს და ბოლოს მოახერხა ამის გაკეთება, სანამ ყმაწვილს ეძინა და იგი ჰაჯიეფენდისთან წაიყვანა. როგორც კი მამა არსენიმ გააღო სენაკის კარი, რათა ენახა, თუ ვინ აკაკუნებდა და რა უნდოდა, შეშლილი მაშინვე მივარდა მას დასარტყმელად, მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვით იყო შეკრული. მაშინ ჰაჯიეფენდიმ თქვა: “უფალო იესო ქრისტე!” და დაუმატა: “მიწაზე, სატანა”. შეშლილი მაშინვე დავარდა და მოიკრუნჩხა. მაშინ მამა არსენიმ აიღო სახარება, იგი უბედურს წაუკითხა და ის მაშინვე განიკურნა. შემდგომში მან ცოლიც კი მოიყვანა (ამის შესახებ ყვებოდნენ ფარასიოტები დრამის რაიონიდან).
ოსია კარამურატიდუმ გათხოვების შემდეგ მყვირალა ფერის მოსასხამის ტარება დაიწყო. მამა არსენიმ მას არა ერთხელ უსაყვედურა ამის გამო. ეუბნებოდა, რომ უნდა ჩაეცვა თავმდაბლურად, ისე, როგორც ყველა ფარასელი ქალი იცვამდა.
ერთხელ, როდესაც მამა არსენიმ დაინახა, რომ ქალმა ისევ მოისხა თავისი მოსასხამი, უთხრა მას მთელი სიმკაცრით: “ევროპული სატკივარი ფარასაში არ მჭირდება. თუ არ გამოსწორდები, იცოდე, რომ ყველა ბავშვი, რომელიც გეყოლება, ნათლობის შემდეგ მაშინვე გაფრინდება როგორც ანგელოზი და შენ არცერთისაგან არ გექნება სიხარული”. სამწუხაროდ, ქალი არ მოიქცა ისე, როგორც უთხრეს, სანამ არ დაკარგა ორი “ანგელოზი”. მაშინ მან გადააგდო მოსასხამი და მივიდა მამა არსენისთან ბოდიშის მოსახდელად, რომელმაც მიუტევა და უთხრა: “ახლა წადი და გფარავდეს ღმერთი. შენი პირველი შვილი იქნება ბიჭი და ჩვენ დავარქმევთ მას არსენის, მეორე იქნება გოგო და დავარქმევთ ირინეს”. მართლაც ასე მოხდა.
***
ერთხელ სამმა თურქმა ჰაჯიეფენდის გაქურდვა გადაწყვიტა. მათ გაეგოთ, რომ მამა არსენის უამრავი ადამიანი მიმართავს დახმარებისათვის და ფიქრობდნენ, რომ ბევრი ფული ექნებოდა. სინამდვილეში მამა არსენი ფულს არც კი შეხებია არასოდეს. ქურდები მივიდნენ ერთ-ერთ ოთხშაბათს იმის გამო, რომ იგი სენაკში დახვედროდათ, რადგან იცოდნენ, რომ ოთხშაბათსა და პარასკევს ის დაყუდებული იყო თავის სენაკში. ორი ქურდი გარეთ დარჩა, ხოლო მესამე ფანჯრიდან გადაძვრა, გააღო სენაკის კარი და შიგნით შევიდა. იმ დროს მამა არსენი ღამის ლოცვებს კითხულობდა. როდესაც მან ხმაური გაიგო, კარისაკენ გაიხედა, მაშინ, როდესაც ქურდმა სენაკში ერთი ფეხი შემოდგა.
მამა არსენის მზერამ ქურდი ძლიერი ელექტროდენის მსგავსად იმ ადგილს მიაჭედა, სადაც იდგა. ამგვარად, ხანჯლითა და წელზე პატრონტაშით შეიარაღებული თურქი ერთ ადგილზე გაშეშდა. მას ერთი ფეხი კელიაში ჰქონდა, ხოლო მეორე – ზღურბლზე. ამის შემდეგ მამა არსენიმ სრულიად მშვიდად განაგრძო ლოცვა.
გარეთ დარჩენილი ორი ქურდი შეშფოთდა, რომ მესამე არ დაბრუნდა, თუმცა განთიადი უკვე ახლოვდებოდა. ამის გამო ისინიც შევიდნენ შენობაში. როდესაც მათ დაინახეს თავისი თანამზრახველი პატარა შემოსასვლელში უმოძრაოდ გაშეშებული, რომელსაც ერთი ფეხი სენაკში ჰქონდა, ხოლო მეორე – გარეთ, თავზარი დაეცათ. ქურდებმა მამა არსენის ხვეწნა-მუდარა დაუწყეს, რომ მიეტევებინა და უხილავი ბორკილებისაგან გაეთავისუფლებინა მათი მეგობარი.
მამა არსენიმ ლოცვის შეუწყვეტლად მისცა მათ წასვლის ნიშანი. მძარცველი მაშინვე გათავისუფლდა და ყველანი წავიდნენ. თურქები ხალხს მოუთხრობდნენ მომხდარის შესახებ და ამბობდნენ: “ამან, ამან, არ წახვიდეთ ჰაჯიეფენდის გასაქურდად!” (ეს გვაცნობეს ფარასიოტებმა თესალონიკიდან).
***
ამალია ელევთერიადუმ (ის, რომელიც ამჟამად იეღოველია) გვიამბო, რომ ჰაჯიფენდი საბერძნეთში გადასახლების წინ ამბობდა, რომ იქ მხოლოდ ორმოცი დღე იცხოვრებს. როდესაც ეს რომელიღაც ფარასიოტმა მოისმინა, უთხრა მას: “ვინ ხარ შენ, რომ ამის შესახებ იცოდე? ღმერთი ხარ?” მაშინ ჰაჯიეფენდიმ უპასუხა: “მე ღმრთის ერთგული მონა ვარ და ამიტომაც ვიცი”.
***
როგორც მე ადრე აღვნიშნე, უკვე 1970 წლიდან, როდესაც მამა არსენიმ გამოცხადება დაიწყო, იგი განუწყვეტლივ ახდენდა სასწაულებს. ამჟამადაც მრავალი ადამიანი იკურნება სხვადასხვა დაავადებისაგან, როდესაც მის სახელს მოუწოდებენ რწმენითა და მოწიწებით. მე არ ვახსენებ ამ სასწაულებს, სანამ თავად განკურნებულნი არ მოგვიხთრობენ მათ შესახებ წმინდანისადმი მადლიერების ნიშნად და უფლის სადიდებლად.
უფლის მადლი – ეს არ არის წყალსატევი, რომელიც მას შემდეგ შრება, რაც მისგან წყალი გამოედინება, – არამედ უშრეტი წყაროა. და მამა არსენის, ვფიქრობ, უფრო დიდი დახმარება შეუძლია ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ცხოვრობდა მიწაზე, რადგან ამჟამად იგი ზეციურ მამასთან იმყოფება და როგორც მის შვილს, ადრე მოპოვებული კადნიერებით, შეუძლია უხვად მოიპოვოს მადლი მრავალტანჯული ადამიანების მოსანახულებლად და დასახმარებლად, ზუსტად იმ მკურნალობისათვის, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მამა არსენის მიერ ღვთის სიყვარულით აღსრულებულმა უწინდელმა დიდმა ღვაწლმა, უდიდეს სიყვარულთან და სიმდაბლესთან ერთად აგრეთვე შესაძლებლობა მისცა მას იმ ღრმა სულიერი განვითარებისა, რომელიც ამჟამად ნებას აძლევს ანგელოზის მსგავსად იფრინოს და უხაროდეს, რომ იგი ეხმარება მრავალ ტანჯულ ადამიანს და კიდევ უფრო მეტად ადიდებს უფლის სახელს. ამჟამად მამა არსენი ფეხით არ დადის და მას არ ესაჭიროება ქოშინით მიაღწიოს ავადმყოფებამდე იმისათვის, რომ წაუკითხოს საჭირო ლოცვა და განკურნოს ისინი. მსუბუქად, როგორც ანგელოზი, დაფრინავს იგი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორეში და შეუძლია ყოველ მორწმუნეს დაეხმაროს, რომელიც მის სახელს მოწიწებით მოუწოდებს.
მამა არსენი ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მოწმობდა თავისი მართლმადიდებლური ცხოვრებით.
ღვთისადმი მგზნებარე სიყვარულის გამო იგი საკუთარ სხეულს ღვაწლით მოაკვდინებდა და გარდაქმნიდა სულებს ღვთის მადლის დახმარებით. ცოტა სიტყვა და ბევრი სასწაული.
მას ღრმად სწამდა და კურნავდა მრავალ მორწმუნესა თუ ურწმუნოს.
მან განიცადა ბევრი რამ და ფარავდა ბევრს. მტკიცე გარეგნულ გარსში ის ფარავდა თავის ტკბილ სულიერ ნაყოფს.
საკუთარი თავისადმი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ თავისი სულიერი შვილების მეტად მოყვარული, იგი ამორჩილებდა მათ არა კანონს, არამედ მათივე საკუთარი სულიერი მოშურნეობით – კანონის სულს.
როგორც უფლის დესპანი იგი მიწის ზემოთ დააბიჯებს და, როგორც საიდუმლოთა თანააღმსრულებელი, ის ბრწყინავს ქვეყნის ზემოთ.
უფალმა განადიდა მამა არსენი, რადგან იგი თავისი წმინდა ცხოვრებით განუწყვეტლივ განადიდებდა უფლის სახელს, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
როგორც ადრე აღვნიშნე, ღირსი მამა არსენის სასწაულები, რომლებსაც იგი ქრისტეს მადლით აღასრულებდა, უთვალავია. ფარასიოტებთან ყოველი შეხვედრის დროს ჩანაწერებისათვის მჭირდებოდა ახალი წიგნაკი, რომ ჩამეწერა ყველა მონათხრობი. ამის გამო შემოვიფარგლე მხოლოდ უფრო მნიშვნელოვანი ამბებით, თუმცა, როდესაც დავინახე, რომ მამა არსენის ცხოვრებაში მომხდარი სამი ან ოთხი მოვლენა არსებითად განსხვავდება დანარჩენებისაგან, რომელთა შესახებაც ადრე ვწერდი, მე გონივრულად ჩავთვალე, ვახსენო ისინიც დამატებითი მასალის სახით იმდენად, რამდენადაც ეს შემთხვევები დაგვეხმარებიან იმ მძიმე დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
***
ერთხელ ფარასელი ქალი სასოწარკვეთაში ჩავარდა ქმრის სიკვდილის შემდეგ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი იცხოვრა. ამის გამო მას აღარ შეეძლო არც სოფლის და არც ხალხის დანახვა. ქალმა გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება და ველური მცენარეებით იკვებებოდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ თავს რაღაც დონით ქმრის სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევდა. სამი წლის შემდეგ მძიმე განსაცდელისაგან ქალი იმდენად შეიცვალა, რომ ვერ იცნობდი. იგი მამა არსენისთან მივიდა და უთხრა: “ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, შენ ქვეყნიერებას ყირამალა ატრიალებ. შეგიძლია თუ არა, დამიბრუნო ჩემი ვასილაკისი? თუ ეს შენთვის რთულია?” მამა არსენიმ მიუგო: “შვილო ჩემო, ამ მწუხარებაში შენ ბევრი გადაიტანე, თუ გინდა, მოგცემ კურთხევას ხელმეორედ გათხოვებაზე”. ქალმა უპასუხა: “არა, მე მინდა ვნახო მხოლოდ ჩემი ვასილაკისი. ნუთუ შენ არ გეწყინება, თუ მე თავს მოვიკლავ?” მამა არსენი მეტად დამწუხრდა და ევედრებოდა მას: “არ ქნა ეს შვილო, შენი სული არ მისცე ეშმაკებს”. მაგრამ ქალი საშინელ მდგომარეობაში იყო და თავისას გაიძახოდა. მაშინ მამა არსენიმ დააწყნარა იგი და უბრძანა იმ გამოქვაბულში დაბრუნება, სადაც ცხოვრობდა, რადგან იქ ვასილაკისი გამოეცხადებოდა იმისათვის, რომ შეძლებოდა მისი ნახვა და შერიგება. ხოლო თავად მამა არსენი განუწყვეტლივ ლოცულობდა მწუხარე თანაგრძნობით.
როგორც კი ქალი გამოქვაბულში მივიდა, ჩვენებაში ვასილაკისი მოევლინა და უთხრა: “ა, ბოროტმოქმედო, შენც აქ მოხვედი? მაგრამ მე ვიცი შენ ვინ გამოგგზავნა, – ჰაჯიეფენდიმ, რომელსაც დიდი კადნიერება აქვს უფლის წინაშე”. მონანიების შემდეგ ცოლმა მუდარა დაუწყო, რომ მიეტევებინა და, როდესაც მიუტევა ცოლს, ვასილაკისი ისევ გაქრა, ხოლო ქალი დამშვიდებული დაბრუნდა სოფელში, სადაც მას შემდეგ სიმდაბლითა და სინანულით ცხოვრობდა. მართალია სატანამ ითამაშა როლი იმაში, რომ მასაც ჰქონდა ბრალი ქმრის სიკვდილში, და ბოროტმა სულმა მიიყვანა სასოწარკვეთამდე და თვითმკვლელობისკენ უბიძგებდა, მაგრამ უფალმა თავისი ერთგული მონის, არსენის საშუალებით არ დაუშვა მისი სულის წარწყმედა.
***
ერთ-ერთი მაჰმადიანის ცოლმა, რომელიც ფარასაში ცხოვრობდა, მონათვლა მოისურვა და ამის შესახებ უთხრა იმ ქალის დედას, აგათიას, რომელმაც ეს ამბავი გადმომცა. აგათიამ ამის შესახებ მამა არსენის შეატყობინა, რომელმაც დაავალა ფარულად მიეყვანა მასთან ქალი, რათა დაემოძღვრა სარწმუნოებაში და უბრძანა თვითონ ყოფილიყო მისი ნათლია. კათაკმევლად დადგენის შემდეგ თურქი მოინათლა – სახელით ელევთერია. თურქმა ქალმა დაიწყო ცხოვრება, როგორც ფარულმა ქრისტიანმა. მან მხოლოდ სამჯერ მიიღო წმინდა ზიარება და ყოველ ჯერზე ფარულად მოქმედებდა.
ნათლობის შემდეგ ელევთერიამ თავი მოიავადმყოფა, და, ამგვარად, არ შებღალა წმინდა ნათლისღება თავის თურქ მეუღლესთან.
რადგანაც ელევთერიასთვის ძნელი იყო ურწმუნოთა გარემოცვაში ცხოვრება, მოწყალე უფალმა მალე გაათავისუფლა იგი და წაიყვანა: ის მოულოდნელად, რამდენიმე დღით ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფს სურდა ზიარება, მაგრამ მისთვის რთული იყო ჰაჯიეფენდისთან მისვლა. მამა არსენისთვის კიდევ უფრო რთული იყო მის სახლში მისვლა და მისი ზიარება, როგორც ფარული ქრისტიანისა, მაგრამ მან არ დატოვა იგი უზიარებლად. მან ძალიან პატარა ვაშლი აიღო, გაუკეთა მომცრო ნახვრეტი, ჩადო შიგ წმიდა ნაწილი და დალუქა. შემდეგ მამა არსენიმ სთხოვა ნათლიას, წასულიყო ავადმყოფთან და გადაეცა მისთვის ვაშლი, რათა მას შესძლებოდა ზიარება. ნათლიამ მოწიწებითა და სიხარულით აიღო ვაშლი და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული გაემართა ელევთერიასთან. ელევთერია ზეშთაგონებით მიხვდა რა ხდებოდა და სახის შეცვლილი გამომეტყველებით თქვა: “ქრისტე, სულო ჩემო”, – არადა მას არასოდეს მოუვიდოდა აზრად, რომ ნათლია წმიდა ნაწილის მოტანას შეძლებდა. უკანასკნელმა ამოიღო ვაშლი და მისცა ნათლულს. ამგვარად, კურთხეული სული ეზიარა. ზიარების შემდეგ ელევთერიამ თავისი სული ქრისტეს გადასცა, აღელვებული ნათლია კი გაიქცა მამა არსენისთან და უთხრა: “ჰაჯიეფენდი, შემიწყალე, ელევთერია გარდაიცვალა, ახლა რა მოხდება? მას თურქები განბანენ?” “ნუ დარდობ” – უპასუხა მან, მაგრამ ქალი თავისას იმეორებდა: “რა მოხდება, ჰაჯიეფენდი?” მამა არსენიმ მიუგო: “დაივიწყე ეს”. მაგრამ ნათლია მეტად შეწუხებული იყო, რადგან მაჰმადიანები მიცვალებულთა განბანას მონათვლის მნიშვნელობას ანიჭებენ და სჯერათ, რომ ადამიანს ცხოვრებაში ჩადენილი ყველა ცოდვა მიეტევება. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი ცდომილებაა!
რაკი ნათლია მამა არსენის არ ასვენებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი იძულებული გახდა ეთქვა მისთვის: “მისმინე, ნუთუ ფიქრობ, რომ მე ვაპირებ ნება დავრთო, განბანონ ის, ვინც მოვნათლე?” ის განუწყვეტლივ ლოცულობდა ელევთერიასათვის და აი, რა მოხდა! რამდენჯერაც არ სცადეს თურქებმა მისულიყვნენ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის განსაბანად, მათ ხელის განძრევაც კი ვერ შეძლეს. ამიტომ იგი განუბანავი დაკრძალეს თურქულ სასაფლაოზე.
ჰაჯიეფენდიმ ცალკე შეასრულა მისთვის პანაშვიდი და განაგრძობდა ლოცვას. ამის შემდეგ კიდევ მოხდა ერთი რამ.
ელევთერიამ ყოველ ღამით დაიწყო თავის სახლში გამოცხადება, ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა, ჭურჭელს ფანტავდა და ამბობდა: “რატომ მაწვალებთ მე ამ ჯოჯოხეთში, თქვენს სასაფლაოზე? მალე წამიყვანეთ აქედან და გამიშვით სახლში, ქრისტიანულ სასაფლაოზე”.
ეს გრძელდებოდა ყოველ დღე. თურქულ ოჯახს გაუჭირდა ამის ატანა და გაემართნენ მამა არსენისთან: “ჰაჯიეფენდი, შეგვიწყალე, ჩვენ საშინლად ვიტანჯებით გარდაცვლილი ქალისაგან. გვიშველე! შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შეუძლია რამის გაკეთება. იგი ყოველ ღამით გვაწვალებს, სახლს ყირამალა ატრიალებს და იმეორებს, რომ იგი თქვენს სასაფლაოზე დაკრძალონ, როგორც ჩანს მას უყვარდა თქვენი სარწმუნოება”. მამა არსენიმ მიუგო ქმარს: “მე რას მეკითხები? მე ბერძენი ვარ და შენ თურქი. მოიქეცი ისე, როგორც გინდა”. მან უპასუხა: “არა, ჰაჯიეფენდი, მე არ მინდა ვიმოქმედო შენი კურთხევის გარეშე”. მაშინ მამა არსენიმ უთხრა: “ჩვენ თქვენთვის გავაკეთებთ გამონაკლისს. თქვენ ამოთხრით მას და მოასვენებთ, ხოლო ჩვენ დავკრძალავთ ჩვენი სასაფლაოს კუთხეში”. მართლაც ამგვარად მოიქცნენ.
ამის შემდეგ გახარებული ელევთერია გამოცხადდა თურქების სახლში და ყველას სიკეთე უსურვა: “იცხოვრეთ ათასი წელი! მე ახლა სამოთხეში ვარ, ნათელში, ვნეტარებ უფლის ნიჭებით”.
დაე, მოწყალე უფალმა მშვიდობა მისცეს ყველა იმ ერთგულთა სულებს, ვინც მოწიწებით შემოინახა ეკლესიის წმინდა მამათა გარდამოცემა და აგრეთვე წმინდად დაიცვა თავის მეხსიერებაში ცხოვრება და ღვაწლი წმინდა მამა არსენისა კაბადოკიაში და გადასცა ეს თავის შთამომავლობას. ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს, რომლებმაც შეგვატყობინეს სხვადასხვა ამბავი და დაგვეხმარნენ მისი ცხოვრების დაწერაში, დაე წმინდა მამა არსენიმ უხვად მიმადლოს თავისი კურთხევა. ამინ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Feb 20 2007, 07:49 PM
პოსტი #3


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მადლობა. ღმერთმა შეგიწიროს ეს შრომა. მომწონს, რომ ჩვენი სულისათვის ასეთ სათნო საქმეს აკეთებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Feb 28 2007, 01:43 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



lado s
მეტი არაფერს დაწერ? sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Feb 28 2007, 09:48 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



რა დავწერო? შეკვეთებს მივიღებ, შესაძლებლობის ფარგლებში. რაღაცეები მინდოდა, მაგრამ სტიმული დავკარგე. დროის ხარჯვას გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 28 2007, 09:52 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გთავაზობთ ფრაგმენტებს ბოლო დროის ერთ-ერთი დიდი წმინდანის ცხოვრებიდან


მამა პაისის კანონიზაცია გამომრჩა? sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Feb 28 2007, 10:35 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(მნათე @ Feb 28 2007, 09:52 PM) *

მამა პაისის კანონიზაცია გამომრჩა? sad.gif


ტექსტი წაიკითხე? მანდ წერია წმინდა არსენი კაბადოკიელის ცხოვრება, რომლის ავტორია ბერი პაისი. ეხლა გაიგე???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Mar 1 2007, 01:25 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



lado s
ციტატა
დროის ხარჯვას გამართლება ხომ უნდა ჰქონდეს.

დარწმუნებული ვარ ყველა მადლიერია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 1 2007, 10:20 PM
პოსტი #9


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



სტიმული არ დაკარგო! შენს ნაწერს ბევრი ისეთიც წაიკითხავს, ეკლესიური რომ არ არის და სულიერ საზრდოს ჰპოვებს. იტვირთე ეს ღვაწლი.ასეთი რამეები წერე. მე ვეძებდი ხაჯი–გიორგიზე, რამე ხომ არა გაქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 2 2007, 12:04 PM
პოსტი #10


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



მამა პაისი
IPB-ს სურათი
...........................................................
ადამიანი ძიებაშია
როგორღაც ისე მოხდა, რომ ზამთარში, ჩემს სენაკში ჩვიდმეტი სრულიად განსხვავებული ადამიანი მოვიდა. სტუდენტიდან დაწყებული - თეატრის რეჟისორით დამთავრებული. ეს ადამიანები ცრემლის ღვრით მეკითხებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ღვთისმეტყველების სწავლას! ერის მდგომარეობა სრული უგუნურებაა! ყველა რაღაცას ეძებს და უმრავლესობამ არც იცის - თუ რას. ერთნი ჭეშმარიტებას გართობის ცენტრებში ეძებენ, მეორენი კი ცდილობენ ქრისტე შეშლილი მუსიკის მოსმენით იპოვონ...
- და მართლაც, წმიდაო მამაო, როგორ ძიებაში არიან ადამიანები! თქვენთან ამდენი ხალხი მოდის და რიგში საათობით დგანან, რომ თქვენ შეგხვდნენ.
- ესეც დღევანდელობის ერთ-ერთი ნიშანია - ადამიანები შემწეობას ეძებენ (თვით) ჩემისთანა უღირსთან. მე საკუთარ თავში ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ და მიკვირს: რას ხედავენ ასეთს, რომ თავპირისმტვრევით მოიჩქარიან ჩემსკენ? ბოლოს და ბოლოს, ვინა ვარ მე: გოგრა საზამთროს კურკით. ჩვენს დროში კი გოგრას საზამთროს მაგიერ ჭამენ, რადგან მისი კურკები საზამთროსას ჰგავს. ადამიანები ჩემთან სამყაროს მეორე კიდიდან მოდიან და ისიც კი არ იციან, აქ დავხვდები თუ არა. ჩემთვის კი როგორია: ერთის მხრივ, მე საკუთარი თავის მრცხვენია, მეორე მხრივ კი - ადამიანები ტკივილით იტანჯებიან. სადამდე დავედით. როგორ დაეცა ერი! წინასწარმეტყველი ესაია ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ადამიანები იპოვიან ვინმეს ერთი შესამოსელის მქონეს და ეტყვიან: „გაგვიხდი მთავრად შენს ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო“. შეგვიწყალე, უფალო!
წმიდა არსენი კაბადოკიელი ოცდამეშვიდე ფსალმუნს კითხულობდა მათთვის, ვინც „ზღვასა შინა იჭირვიან“. მე კი როდესაც მას ვკითხულობ, ვამბობ: „ღმერთო ჩემო, ახლა ხომ ხმელეთის - ანუ მთელი სამყარო - ზღვაზე უფრო საშიშად იქცა, ადამიანები სულიერად ინთქმებიან ამ სამყაროში“. როდესაც ჩემთან ცხოვრებადამსხვერული ადამიანები მოდიან, მე მათ 93-ე და 36-ე ფსალმუნებს ვუკითხავ: „ღმერთი შურის ძიებათა, ღმერთი შურის ძიებათა განცხადნა, ამაღლდი, რომელი შჯი ქვეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა... ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს... და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა“... ეს წმიდა სიტყვები მეტად ანუგეშებენ სულს. ამ უბედურ ადამიანებს მხოლოდ ერთხელ რომ მიეპყროთ მზერა ცისთვის, მაშინ ბევრი რამ შეიცვლებოდა. მაგრამ დღეს ადამიანები ღმერთზე არ ფიქრობენ, ამიტომ სულიერი დახმარების მცდელობა მათთვის გამოძახილს ვერ პოულობს და მათთან ურთიერთგაგების მდგომარეობის დამყარება ვერ ხერხდება.
მე გამუდმებით ვთხოვ ღმერთს, გამოუჩინოს ქვეყნიერებას კეთილზნეობრივი ადამიანები, ქრისტიანები, რათა ისინი შეეწიონ დანარჩენებს. დაე, უფალმა ასეთ ქრისტიანებს მრავალი წლის სიცოცხლე მიჰმადლოს. ვიცოცხლოთ იმისათვის, რომ ღმერთმა განანათლოს სამყარო და მოგვევლინონ სხვა ადამიანები. არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან - სამყაროს რომ ანგრევენ, არამედ ახლები, წმინდები, ვევედროთ ღმერთს, რომ მან გამოაჩინოს ახალი მაკაბელები. ახალგაზრდებს შეიძლება გამოცდილება არ ჰყოფნით, სამაგიეროდ მათში არ არის სიცრუე და ცბიერება.
მოდით ვევედროთ ღმერთს, რომ მან განანათლოს არა მარტო ისინი, ვინც დღეს ეკლესიას ეკუთვნის, არამედ ისინიც, ვინც ხელისუფლებაში არიან, რათა მათ ღვთის შიში ჰქონდეთ და შეეძლოთ, თქვან რაიმე - სულთა განმანათლებელი. უმაღლეს ხელისუფლებას ძალუძს მხოლოდ ერთი განმანათლებლური სიტყვით შეცვალოს საქმის ვითარება მთელ ქვეყანაზე. ხოლო ერთი განუსჯელი სიტყვით - მთელი სახელმწიფოს დამხობა შეძლოს. კეთილი გადაწყვეტილება კეთილად მოაქცევს ქვეყანას, ხოლო ცუდი გადაწყვეტილება - კატასტროფაა მისთვის. ადამიანების უბედურება მათ მატერიალურ გასაჭირში კი არ არის მარტო, არა მხოლოდ იმაში, რომ უქონელნი და ღატაკნი არიან. მათი სულიერი სიდუხჭირე უფრო საშიშია. ლოცვა დიდად საჭიროა იმისთვისაც, რომ ქრისტემ ადამიანებს ცოტაოდენი შუქი მოჰფინოს. ქრისტე თითქოს ხელთ იღებს პატარა სახრახნისს, სადღაც მეტად მოჭერაა საჭირო, სადღაც - მოშვება და წესრიგია! როდესაც ღმერთი გააბრწყინებს ზოგიერთ რჩეულ ადამიანს, მაშინ თვით ბოროტების ფასი თანდათან ეცემა და მასზე მოთხოვნილება აღარ არის. რადგან ბოროტება ღმერთს კი არ ანადგურებს, არა! ის ანადგურებს საკუთარ თავს. მოვა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. მე ვხედავ, რომ მრავალ მათგანს, ვისაც რაღაც მაღალი მდგომარეობა უკავია, ესმის, თუ რა ხდება, მათ სტკივათ და ებრძვიან ბოროტებას. ყოველივე ეს უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 2 2007, 08:30 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(ninca @ Mar 1 2007, 10:20 PM) *

სტიმული არ დაკარგო! შენს ნაწერს ბევრი ისეთიც წაიკითხავს, ეკლესიური რომ არ არის და სულიერ საზრდოს ჰპოვებს. იტვირთე ეს ღვაწლი.ასეთი რამეები წერე. მე ვეძებდი ხაჯი–გიორგიზე, რამე ხომ არა გაქვს?


ხაჯი-გიორგიზე რუსულად არ შემხვედრია, ბერძნულად აქვს ერთ ადამიანს და ალბათ მალე თარგმნის და გამოიცემა.
ისე ერთი რამეა საინტერესო (ნახევრად ხუმრობით), რისი შანსია მეთი: ამ საიტზე არაეკლესიური კაცი შემოვიდეს და აქედან გაეკლესიურებული გავიდეს, თუ ეკლესიური შემოვიდეს და თავგზააბნეული წავიდეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 2 2007, 09:31 PM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
რისი შანსია მეთი: ამ საიტზე არაეკლესიური კაცი შემოვიდეს და აქედან გაეკლესიურებული გავიდეს, თუ ეკლესიური შემოვიდეს და თავგზააბნეული წავიდეს?

ძალიან საინტერესო კითხვაა smile.gif
ისე ერთი რამე გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. მამა პაისს მოჰყავს ასეთი შედარება: ზოგი ადამიანი ფუტკარს ჰგავს და ზოგი ბუზსო. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ფუტკარი, ნაგავსაყრელში რომ შეუშვა, ყვავილს მოძებნის და იმაზე დაჯდებაო; და ბუზი - პირიქით: ყვავილების ბაღში რომ შეუშვა, სადმე უწმუნდურებას იპოვის და იმის გარშემო იტრიალებსო. ასე რომ, მთავარი მაინც თვითონ ადამიანია. ვისაც უნდა, ბევრი სასარგებლოს მიღება შეუძლია ფორუმიდან, ვინც პირიქითაა განწყობილი - მხოლოდ უარყოფითს წაიღებს.

QUOTE
მე ვეძებდი ხაჯი–გიორგიზე, რამე ხომ არა გაქვს?

მე მაქვს ჰაჯი-გიორგიზე ქართულად. ოღონდ წიგნში. ვეცდები ავკრიფო და გაგაცნოთ smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Mar 3 2007, 11:24 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(მარიამი @ Mar 2 2007, 09:31 PM) *

ძალიან საინტერესო კითხვაა smile.gif
ისე ერთი რამე გამახსენდა ამასთან დაკავშირებით. მამა პაისს მოჰყავს ასეთი შედარება: ზოგი ადამიანი ფუტკარს ჰგავს და ზოგი ბუზსო. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ფუტკარი, ნაგავსაყრელში რომ შეუშვა, ყვავილს მოძებნის და იმაზე დაჯდებაო; და ბუზი - პირიქით: ყვავილების ბაღში რომ შეუშვა, სადმე უწმუნდურებას იპოვის და იმის გარშემო იტრიალებსო. ასე რომ, მთავარი მაინც თვითონ ადამიანია. ვისაც უნდა, ბევრი სასარგებლოს მიღება შეუძლია ფორუმიდან, ვინც პირიქითაა განწყობილი - მხოლოდ უარყოფითს წაიღებს.
მე მაქვს ჰაჯი-გიორგიზე ქართულად. ოღონდ წიგნში. ვეცდები ავკრიფო და გაგაცნოთ smile.gif


სანამ აკრიფავდე, ხომ არ გვეტყვი რა წიგნშია?
რაც შეეხება მამა პაისის სიტყვებს, როგორც მახსოვს ეგ შედარება განკითხვაზე ან ჭორაობაზე იყო ნათქვამი, ანუ ყველა ადამიანში კარგი მხარე უნდა დავინახოთო. ეს ზნეობას ეხებოდა და არა სარწმუნოებას. ვეთანხმები მამაოს, და მე უფრო ბუზს ვგავარ. მაგრამ მე სხვა რამე ვიგულისხმე, რაზეც ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ აქ არ ვთვლი საჭიროდ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წმიდა მამები (ცხადია წმიდა წერილიდან გამომდინარე) ერთხმად გვირჩევენ ვერიდოთ მწვალებლური ნაწერების კითხვას, მწვალებლებთან ურთიერთობას და ა. შ. რომ ჩვენდა შეუცნობლად მათი სულიერი ინფექცია არ გადმოგვედოს. ხოლო ვის რა მიაჩნია მწვალებლობად და სარწმუნოების შერყვნად, ეგ ცალკე საკითხია. და უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამასაც დავამატებ: არის ისეთი ''უწმინდურობები'', გარეგნულად ყვავილებს რომ გვანან და არიან ისეთი ფუტკრებიც, ყნოსვა რომ აქვთ დაქვეითებული და ეს ''უწმინდურობები'' ყვავილები ჰგონიათ. ისე, ცხადია, ვისაც ცხონება მთელი გულით უნდა, ამ საიტზე კი არა, არიოზის წიგნი რომ მიაჩეჩონ მოტყუებით, იქაც იპოვის რამე სასარგებლოს... აბა ეგრე რომ არ იყოს, აქ რა შემომიყვანდა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 4 2007, 09:54 PM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



lado s
ჰაჯი-გიორგის ცხოვრება არის წიგნში "მე-19 საუკუნის ათონელი მამები" - დაახლოებით ასე ჰქვია. მუქი ლურჯი წიგნია, საკმაოდ მრავალფურცლიანი smile.gif
QUOTE
ისე, ცხადია, ვისაც ცხონება მთელი გულით უნდა, ამ საიტზე კი არა, არიოზის წიგნი რომ მიაჩეჩონ მოტყუებით, იქაც იპოვის რამე სასარგებლოს...

ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ერთი ახლობელი მყავს, ადრე ბაპტისტი იყო. სადღაც რაიონში იყო წასული და სადაც ხმა მიუწვდებოდა, ქადაგებდა. უქადაგია ერთი გოგონასთვისაც ქრისტეზე. იმ გოგონას ისე მოსწონებია, რომ მაშინვე ეკლესიაში წასულა smile.gif მერე კი საერთოდ - მონასტერში.
ასე მოაქცია ბაპტისტის ქადაგებამ ადამიანი მართლმადიდებლობაზე smile.gif
პ.ს. დღეს ის ბაპტისტიც მართლმადიდებელია. ვფიქრობ, არც თუ იმ გოგონას ლოცვის გარეშე...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 5 2007, 11:19 PM
პოსტი #15


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მღვდელმონაზონი ანტონი მთაწმინდელი
ბერი ჰაჯი-გიორგი (+1886)

(მცირეოდენი შემოკლებით)

მამა გიორგი, ზედმეტ სახელად „ჰაჯი-გიორგი“, დაიბადა 1809 წელს, თურქეთში, კაპადოკიის მიტროპოლიაში, სოფელ ქერმილში. მისი მშობლები, იორდანე და მარიამი, შეძლებულნი იყვნენ. ნათლისღებით ახალშობილს გაბრიელი უწოდეს. ყრმობის ასაკს რომ მიაღწია, მშობლებმა სკოლაში მიაბარეს, მაგრამ მას სწავლა უჭირდა და ოთხი წლის მანძილზე არა თუ კითხვა ვერ ისწავლა, ანბანიც ძლივს დაიმახსოვრა. ამის გამო სკოლაში მასწავლებელი და სახლში მშობლები სჯიდნენ. სკოლაში სიარულის და სახლში მისვლის ეშინოდა და სოფლის იქით გარბოდა, სადაც თითქმის მთელ თვეს და უფრო მეტ ხანს ატარებდა მღვიმეებში, რომლებიც მრავლად არის იმ მხარეში ჯერ კიდევ წარმართობის დროიდან, იქ იმალებოდა, ვიდრე რომელიმე ოჯახის წევრი იპოვიდა. ნათესავი მონაზვნისგან, რომელთანაც მიდოდა ხოლმე მონასტერში, შეიტეო, რომ არსებობენ წმიდა ადამიანები, განდეგილი მამები, ისინი დაუცხრომელად მარხულობენ და ლოცულობენ. მასაც შეუხდა სურვილი: შეფარებოდა მღვიმეს, ემარხულა და ელოცა ღმერთის მიმართ, ხშირად და ხანგრძლივად იწყო იქ განმარტოება, მრავალ მეტანიას აღასრულებდა, სამი და ოთხი დღე უზმოდ იყო; ხოლო როდესაც დაუძლურდებოდა, ბოსტნეულსა და ველურ ნაყოფებს იხმევდა ტყეში, პურს კი თვეობით თვალითაც ვერ ნახულობდა. იმას კი მუდმივად განიცდიდა, სწავლა რომ არ შეეძლო. მშობლები, როდესაც დამწუხრებულს ნახავდნენ, ეუბნებოდნენ: „გაბრიელ, წადი ტაძარში, ევედრე ღმრთისმშობელ დედას და ის შეგეწევა!“
მათი სოფლის ეკლესიაში არის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. გაბრიელი 3 დღის მარხვისა და 1000 მეტანიის აღსრულების შემდეგ, ეკლესიაში წავიდა. ოჯახის წევრებს რომ არ შეენიშნათ, ღამეული დრო აირჩია. ტაძრის კარის წინ მუხლი მოიყარა და ცრემლით შეევედრა ღმრთისმშობელ დედას: „შემეწიე დედაო ღმრთისა, სწავლაში!“ უეცრად რკინის კარი გაიღო: გამოჩნდა კეთილსახოვანი დედაკაცი, ხელი მოკიდა, მაცხოვრის ხატთან მიიყვანა და წარმოთქვა: „ძეო ჩემო, შეეწიე ყრმა გაბრიელს სწავლაში“. ამ სიტყვებით აკურთხა იგი და ხელი გაუწოდა სამთხვევად. „შენ ამიერიდან შეძლებ სწავლას!“ - უთხრა და ჩრდილოეთის კარით საკურთხეველში შევიდა. დიდხანს რომ აღარ გამოჩნდა, გაბრიელიც შევიდა საკურთხეველში, მაგრამ იქ აღარავინ დახვდა. ტაძრის გარშემოც შემოიარა, მაგრამ დედაკაცი ვერსად ნახა. ღმრთისმსახურების დრო რომ დადგა, მნათე მოვიდა, კარი გახსნა და გაბრიელი რომ დაინახა, გაოცებულმა ჰკითხა: „როგორ შეხვედი?“ გაბრიელმა ყოველივე მოუთხრო. მნათე მონათხრობის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო, წიგნი მიაწოდა და უთხრა: „აჰა, წაიკითხე, ვნახოთ თუ შეძლებ წაკითხვას მისი სიტყვისაებრ?“ გაბრიელმა კარგად და მკაფიოდ წაიკითხა, მაშინ მნათემ უთხრა: „ეს თვით ღმრთისმშობელი დედა იყო და არა ლიტონი დედაკაცი!“
ამის შემდეგ ოჯახის წევრები მას პატივისცემით ეპყრობოდნენ და მასაც უშიშრად მიჰყავდა თავისი მეგობრები მღვიმეებში. იქ მათ „მონასტერი“ მოაწევეს და გაბრიელი იღუმენად აირჩიეს. მაშინ იგი 14 წლის იყო და მალე თანასოფლელებთან ერთად კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.
გზაზე, ერთ წყნარ და განმარტოებულ ადგილას გაიფიქრა, რომ ამ ტყეში ალბათ განდეგილები ცხოვრობენ! მიატოვა თანამგზავრები და მათ საძებნელად წავიდა. სამწუხაროდ ვერავინ იპოვა და გზაც დაებნა ტყეში. გაბრიელს შეეშინდა და შეწევნისთვის თავის თანამემამულეს, დიდმოწამე გიორგის მოუწოდა. უეცრად, შორს, თეთრ ცხენზე მჯდარი მხედარი გამოჩნდა. გაბრიელს რომ მოუახლოვდა, უთხრა: „გზა აგებნა?“ - „დიახ, ამებნა“ - უპასუხა გაბრიელმა. მხედარს არაჩვეულებრივი სამხედრო შესამოსელი ემოსა და გაბრიელი ვერ ბედავდა მასთან კადნიერად საუბარს. „გამომყევი“ - უთხრა მან და გზაზე გაიყვანა, სადაც თავისი თანამგზავრები დაინახა და წამოეწია. კონსტანტინოპოლში ჩასვლისას გაბრიელმა უპირველესად თავისი ბიძა მოინახულა, რომელსაც ერთერთი მაღალი თანამდებობა ჰქონდა სულთან მაჰმუდ II-ის კარზე (1803-39). იგი სურსათით ამარაგებდა თურქეთის ჯარს. შურიანმა სომხებმა დაასმინეს იგი. ცილისწამებამ მიზანს მიაღწია და ის კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს. სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა მაჰმადიანობა მიეღო. ამის შემდეგ კვლავ მოიპოვა სულთნის ნდობა და პატივი. მისი ერთერთი უახლოესი პირი შეიქნა და ხშირად იყო ხოლმე სასახლეში.
გაბრიელს დიდი სურვილი ჰქონდა ბიძა ამ უფსკრულიდან ამოეყვანა და ღმერთიც შეეწია. და არა მარტო ბიძა, არამედ ერთი მღვდელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მაჰმადიანობა ჰქონდათ მიღებული, დაუბრუნა ქრისტეს სარწმუნოებას. ყოველი მათგანი ფარული ქრისტიანი გახდა, მაგრამ რამდენიმე ხანს კიდევ მსახურობდნენ ძველ თანამდებობებზე.
გაბრიელი მთელი წელი ცხოვრობდა სულთნის სასახლეში ბიძასთან ერთად. სულთანმა შენიშნა ის და მის შესახებ ბიძას გამოკითხა. შემდეგ სულთანი მაჰმუდი პირადად ესაუბრა მას და ძალიან შეიყვარა. სასახლეში გაბრიელს არ იზიდავდა მდიდრული ცხოვრება: მისი დღიური საზრდელი იყო ერთი პეშვი მოხარშული ქერი. სულთანმა უწყოდა ეს და აგრეთვე ისიც, რომ დღეში 500 მეტანიას აღასრულებდა. იგი თავის დაახლოებულ პირებს ეუბნებოდა: „ვინ ასწავლა ესოდენ ახალგაზრდა კაცს ასეთი ლოცვა და მარხვა?“
ამ სულთანზე, რომელიც ფრიად წყალობდა ქრისტიანებს, ამბობდნენ, რომ ფარული ქრისტიანი იყო. მამა ჰაჯი-გიორგი ესრეთ იგონებს მას: „სულთანი მაჰმუდი ქრისტიანი იყო! ქრისტინობის წინაშე მისი უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ მის გამეფამდე შეუძლებელი იყო ძველი ტაძრის აღდგენაც და ახლის აშენებაც. მან 2000-მდე ფირმანი გასცა ახალი ტაძრების ასაშენებლად. 1821 წელს, ბალუკლიაში პატარა ტაძრის დანგრევის შემდეგ, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წყაროზე იყო აგებული, ძველი, ულამაზესი ტაძრის ადგილზე, სულთანმა მაჰმუდმა პატრიარქ კონსტანტინე I-ის შუამდგომლობით, ქრისტიანებს ტაძრის განახლების ნება დართო. ტაძარი სახსრების უქონლობის გამო მცირე მოცულობის ააგეს, თუმცა მის ასაგებად ცნობილმა ქველმოქმედმა, რუსმა გრაფინიამ - ანა ორლოვა-ჩესმინსკაიამ საკმაო თანხა შეწირა. სულთანმა მაჰმუდმა ბრძანებაც კი გასცა გაეუქმებინათ იქვე მდებარე მაჰმადიანური სასაფლაო და საფლავის ქვები ტაძრის ასაგებად გადასცა. აგრეთვე შეწირა ორი დიდი ხატი: წმ. იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართ დიდი კრძალვა ჰქონდა და ნათლისმცემლის მამისა - წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასი, აგრეთვე ვერცხლის ქორკანდელი. ამის გარდა გამოიჩინა დიდი ქველმოქმედება იერუსალიმის საპატრიარქოს მიმართ. მას მდიდარი ებრაელების 36000 ოქროს ლირა ემართა. სულთანმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მოითხოვა ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი. განხილვისას აღმოჩნდა, რომ უამრავი პროცენტი იყო გადახდილი. დოკუმენტები გაანადგურა და მკაცრად უბრძანა ებრაელებს, ეს ვალი აღარ ეხსენებინათ.
გაგრძელება მალე იქნება


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 5 2007, 11:32 PM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გაგრძელება

(ბერ პართენის ჩანაწერებიდან). რუსეთთან ომის შემდეგ სულთანი მაჰმუდი კეთილად განეწყო ქრისტიანების მიმართ და ფრიად წყალობდა მათ: გაათავისუფლა მრავალი ტყვე ქრისტიანი, კონსტანტინოპოლში საკუთარი სახსრებით ააგო ბალუკლიის ტაძარი. დიდხანს საუბრობდა ხოლმე პატრიარქთან. ქრისტიანები მას თავიანთ მამად მიიჩნევდნენ, ხოლო თურქებს სძულდათ, მოღალატეს და ქრისტიანს უწოდებდნენ და ჩვენ გვეუბნებოდნენ: „მოესწარით თქვენს მეფეს, სულთანი თქვენი ქრისტიანია!“ მან მრავალი თურქული ჩვეულება შეცვალა. როგორც ამბობენ, მისი სიკვდილი ნაძალადევი იყო: წინა საღამოს სრულიად ჯანმრთელი იყო, ხომალდითაც იმგზავრა, ხოლო დილით განაცხადეს, რომ მოკვდა. შეიცნო რა ამ სოფლის ამაო დიდება და პატივი და რომ მასთან ბრძოლა ძნელია, გაბრიელი დედა ღმრთისას ევედრებოდა ეჩვენებინა მისთვის ცხონების გზა. ერთხელ, საპარტიარქო ტაძარში წირვაზე მყოფი გაბრიელი ცრემლით ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკური ხატის წინაშე, რომელიც პატრიარქის კათედრის სიახლოვეს მდებარეობს. წირვის დასრულების შემდეგ ის ლოცვისთვის დარჩა ტაძარში, სურდა პასუხი მიეღო ღმერთისგან. დედა ღმრთისმშობელმა, როგორც შემდეგ ბერი მოგვითხრობდა, შეისმინა მისი ვედრება: მას მოეჩვენა, რომ იგი ხატიდან გადმოვიდა თეთრად შემოსილი და ჰკითხა: „რა გინდა?“ - „ცხონება მსურს!“ - უპასუხა გაბრიელმა. დედა ღმრთისმშობელმა უთხრა: „ტაძრიდან რომ გახვალ, წადი ნავსადგურში, იქ მონაზონს ნახავ და მასთან ერთად გაემგზავრე ათონზე!“ ამის თქმის შემდეგ, ის კვლავ ხატზე დაბრუნდა.
გაბრიელმა ნავსადგურისკენ ისწრაფა და მართლაც დაინახა ხმელხმელი, ჭაღარა და გრძელწვერა ბერი. ეს იყო წმ. გრიგოლის მონასტრის იღუმენი მამა გრიგოლი. გაბრიელი ფეხებში ჩაუვარდა მას და შეევედრა ათონზე წაეყვანა. იღუმენმა უთხრა: „წმ. მამებისა და პატრიარქების განწესების თანახმად ათონზე აკრძალულია უწვერულთა მიღება, ხანდაზმულნიც რომ იყონ. ამგვარად, ამის შესახებ საუბარიც არ ღირს -ათონზე ვერ მოხვდები სრულწლოვანებამდე!“ შეწუხებულმა გაბრიელმა მოუთხრო, როგორ გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომ ბერი ამგვარად მაინც დაერწმუნებინა. ის ჩაფიქრდა, მაგრამ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კვლავ უთხრა: „არა, არ შემიძლია შენი წაყვანა!“
მათი საუბარი ათონზე მიმავალი ხომალდის კაპიტანს ესმოდა. იხილა რა ყმაწვილის ესოდენ დიდი სურვილი ათონზე გამგზავრებულიეო, შეეცოდა და უთხრა: „გემი მალე გაემგზავრება. ადი და დაიმალე, შემდეგ, როდესაც ზღვაში ვიქნებით, გამოეცხადე იღუმენს და ძალაუნებურად უარს ვეღარ გეტყვის!“ გაბრიელი ასეც მოიქცა. გემი მალე გავიდა ზღვაში. გაბრიელმა მოგზაურობისას ვერ გაბედა ბერთან გამოჩენა და მხოლოდ მაშინ დაენახა, როდესაც ათონს უახლოვდებოდნენ. მიუახლოვდა ბერს და ფეხებში ჩაუვარდა. იღუმენი დუმდა. გაბრიელმა აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მხოლოდ ამას იზრახავდა: „დედა ღმრთისმშობელმა წარმგზავნა ათონზე!“
მთაწმინდაზე წმ. გრიგოლის ნავსადგურში გადმოვიდა და მონასტერში შევიდა. ეს მოხდა 1825 წელს. იღუმენს არ სურდა მისი მიღება. გაბრიელმა თავისი წუხილი ზოგიერთ ძმას გაუმხილა. ძმებმა თხოვეს იღუმენს, მიეღო ყმაწვილი და ისიც დათანხმდა. იგი სატრაპეზოში განაწესეს. წმ. გრიგოლის მონასტერში, მისი დამკვიდრებისას, როგორც შემდეგ თვითონ იგონებდა, წმ. ნიკოლოზის დღესასწაულზე უამინდობის გამო თევზი ვერ დაიჭირეს ტრაპეზისთვის. უეცრად რამდენიმე დიდი თევზი გამორიყა ზღვის ტალღებმა მონასტრის ასლოს, ნაპირზე. ძმებმა მოაგროვეს სასწაულებრივად მორთმეული თევზი, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ტრაპეზისთვის. გაბრიელის გამგზავრების შემდეგ, ბიძამისმა მიიღო ქრისტიანობა, უპოვრის სამოსით სმირნაში ჩავიდა, ერთ ტაძარს მიეკედლა, სადაც ფარგალიტისა და მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. 8 წელი სინანულში გაატარა და მშვიდობით აღესრულა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე.
გაბრიელს წმ. გრიგოლის მონასტერში დიდხანს არ უცხოვრია. შეიტყო, რომ კავსოკალივიის სავანეში მისი თანამემამულე, გამოცდილი ბერი, მამა ნეოფიტე კარამანლისი ცხოვრობს და წმ. დიდმოწამე გიორგის სენაკში მოსაგრეობს. გადაწყვიტა მასთან მისულიყო და დამორჩილებოდა.
მამა ნეოფიტემ მიიღო იგი. ბერძენთა აჯანყების გამო მთაწმინდა თურქებით გაივსო, მონაზონთა უმრავლესობამ დატოვა ათონის მთა და სავანეშიც ცოტანი დარჩნენ. მამა ნეოფიტე ხშირად მიდიოდა ღირსი ნიფონტის მღვიმეში. ახლაც სურდა არ დაერღვია პატრიარქთა და წმიდა მამათა განწესების ძირითადი დებულება, რომელიც კრძალავს უწვერული ყმაწვილების მიღებას მონასტერში, და იმის გამოც, რომ გაბრიელის დაცვა სურდა თურქების თავდასხმებისგან, ის ღირსი ნიფონტის მღვიმის სიახლოვეს სხვა მღვიმეში დაასახლა. იქ იგი ყველასგან ფარულად ოთხი წელი იღვწოდა.
როდესაც მშვიდობა დამყარდა, მამა ნეოფიტემ წმ. მოციქულთა სენაკი შეიძინა კერასაში. იქ მათ 3-4 წელი იცხოვრეს, იმ დროს ბერს ჰქონდა ხილვა, რის შედეგადაც გადაწყვიტა თავისთვის და მოწაფეებისთვის სრული მარხვა დაეწესებინა, რაც ნიშნავს - არასოდეს, არანაირი მიზეზით არ ეხმიათ ყველი, კვერცხი, რძე, თევზი, ერბო, ღვინო. ხოლო რაც არასამარხო ებადათ, ბერმა ლავრაში გაგზავნა. შემდეგ მან სხვა, წმ. დიდმოწამე დიმიტრის სენაკი შეიძინა 400 ლევად. აქ მან გაბრიელს სქემა შემოსა გიორგის სახელით. თუმცა სენაკის ომოლოგიაში მამა გიორგი ბერად იყო ჩაწერილი, მაგრამ ვიდრე თვითონ ბერი ცოცხალი იყო, ის ითვლებოდა სენაკის განმგებლად და ხელმძღვანელად.
თავისი ქვეყნის კანონის მიხედვით, მამა გიორგის უფლება არ ჰქონდა ესწავლა ბერძნული და მხოლოდ თურქული იცოდა. მამა ნეოფიტემ ბერძნული ათონზე ისწავლა. ამ მიზეზის გამო, ბერის გარდა მამა გიორგი დიდხანს ვერავის ესაუბრებოდაა. ამიტომ იძულებით სრულ მდუმარებაში იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მამა ნეოფიტე უფლებას არ აძლევდა ტაძარში შესულიყო, მხოლოდ სტოვაში იდგა და იქიდან ისმენდა ღმრთისმსახურებას. კეთილკრძალულ და გულუბრალო მამა გიორგის მტკიცედ სჯეროდა, რომ ბერი ანგელოზებთან ერთად მსახურებს და ამის გამო არ უშვებს ტაძარში. თორმეტი წლის განმავლობაში მამა გიორგი მოძღვრის ბრძანებით, ყოველ დღე ადიოდა ათონის მწვერვალზე, გარდა ზამთრისა, რათა მაცხოვრის ფერისცვალების მცირე ტაძარში კანდელები აენთო ხატების წინაშე.
ერთხელ მამა გიორგი სასტიკმა ხორციელმა ვნებამ შეიპყრო. მან მარხვა დაიწყო, რათა ეს ვნება დაეძლია - 12 დღე და ღამე უზმოდ იყო. მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა. გადაწყვიტა 40 დღე ემარხულა. მაგრამ ესმა ხმა: „ორჯერ ორმოცი დღეც რომ იმარხულო, ბრძოლა არ დაგეხსნება, ვიდრე თავს არ დაიმდაბლებ!“ იმ ჟამად ის ბერების საწინააღმდეგოდ რაღაცას იზრახავდა. მყისვე წავიდა ბერთან, მეტანია აღასრულა და უთხრა: „ძმაო, შემინდე!“ - და როდესაც მან აკურთხა და თავზე ხელით შეეხო, ბრძოლა მყისვე შეწყდა.
ერთხელ ჰაჯი-გიორგი, ეშმაკის მანქანებით, ბერისგან წავიდა, მაშინ ეშმაკები ქებას შეასხამდნენ და ანგელოზთა სახით თითქოს ადიოდნენ ზეცად და კვლავ ეშვებოდნენ ძირს. ჰაჯი-გიორგიმ მათ მოძრაობაში ერთგვარი შფოთი და აჩქარება შენიშნა. ისინი თხოვდნენ თაყვანი ეცა მათთვის და სული წმიდის მადლის მინიჭებას ჰპირდებოდნენ. მაგრამ, როდესაც ჰაჯი-გიორგიმ ლოცვით თავის ბერს მოუწოდა, ყოველივე განქარდა.
სხვა დროს, როდესაც ჰაჯი-გიორგი ჯერ კიდევ ბერთან ცხოვრობდა, ეშმაკი ახალგაზრდა ჭაბუკის სახით გამოეცხადა, რომელიც სახედარზე იჯდა და თავისთან იწვევდა, თან პირდებოდა, რომ თუ ის და მისი მეგობრები მას დაემოწაფებოდნენ, მასთან ერთად კარგად იცხოვრებდნენ. მაგრამ ჰაჯი-გიორგიმ შეიცნო ეშმაკის მანქანება და თავისი თვალით იხილა, ეშმაკი სახედართან ერთად როგორ ამაღლდა ჰაერში და გაქრა.
ერთ ხანს მამა გიორგი მოწამეობის ძლიერმა, მხურვალე და დაუოკებელმა სურვილმა შეიპყრო. სამოცი დღე ფეხზე მდგომი ევედრებოდა ღმერთს, მხოლოდ მცირე ხნით ეყრდნობოდა კვერთხს დასასვენებლად, კვირაში ერთხელ იხმევდა და უდიდესი ღვაწლისთვის განემზადებოდა. სამოცდღიანი ლოცვის დასრულების შემდეგ, დიდ ბერთან, ილარიონ ქართველთან წავიდა რჩევისა და კურთხევის მისაღებად. მამა ილარიონშა უთხრა: „ეკლესიისგან ჯერ კიდევ არ მიმიღია ხელმწიფება რჩევა მივცე მსგავს საკითხებზე!“ მაგრამ ჰაჯი-გიორგი ცრემლით ევედრებოდა გადაჭრით ეთქვა: სათნოა თუ არა მისი გადაწყვეტილება ღმერთისთვის. ბოლოს მამა ილარიონმა უთხრა: თუკი პასუხის მოსმენა გსურს, მაშინ წადი მამა ბენედიქტე ქართველთან. როდესაც მიხვალ მასთან სენაკში, ამა და ამ ადგილას კედელში თოკის ნასკვს დაინახავ. სამჯერ მოქაჩე და ბერი გამოვა, იფიქრებს, რომ მე ვარ. მაშინ ჩაუვარდი მას ფეხებში, აუხსენი შენი მდგომარეობა და რჩევა თხოვე. რასაც გეტყვის ის, იმგვარად მოიქეცი, რამეთუ მის მიერ გამოთქმული სათნოა ღმერთისათვის და შენთვის სარგებლობის მომტანი იქნება!“ ჰაჯი-გიორგიმ ნათქვამი აღასრულა და როდესაც მამა ბენედიქტე გამოვიდა, მიიღო მისგან კურთხევა და მოუთხრო, რომ მოწამეობა სურდა, რისთვისაც 60 დღე ფეხზე მდგომი ლოცულობდა ღმერთის მიმართ. მამა ბენედიქტემ, მიხვდა რა, რომ ის მამა ილარიონმა გამოგზავნა, პასუხის გაცემის ნაცვლად საკუთარი თავის ყვედრება იწყო: „აჰა, შენ, ბენედიქტე, ესოდენი ხანია აქ ცხოვრობ, მაგრამ არა გაქვს მსგავსი ღვაწლი. დამწყებთაც კი შენზე აღმატებული ღვაწლი აქვთ. ოდესმე მღვიძარებდი ესრეთ, რომ ლოცვაზე მდგარიყავ ესოდენი დრო? ოდესმე გიმარხულია ესრეთ, როგორც ეს ღმრთის მონა მარხულობდა?“ ამ სიტყვებით ის საკუთარ თავს კი არ საყვედურობდა, არამედ ჰაჯი-გიორგის განსწავლიდა, რომ მას ამ ღვაწლის მეოხებით ოცნებით არ ეზრახა საკუთარ თავზე. მამა ბენედიქტემ უწყოდა, რომ არც გარდამეტებული მარხვა, არც ხანგრძლივი ლოცვა არ მოიტანს სარგებელს, თუკი მათ არ ერწყმის უდიდესი სიმდაბლე და სიყვარული.
ჰაჯი-გიორგიმ ეს სიტყვები გაკიცხავად მიიღო და ცრემლით ევედრებოდა ბერს რჩევას, თუ როგორ მოქცეულიყო, რამეთუ გამოცდილი ბერის რჩევის გარეშე ვერ კადნიერდებოდა ამგვარი საქმე აღესრულებინა. მამა ბენედიქტემ უპასუხა: „რომც გითხრა, მაინც არ მერწმუნები და დაიწყებ ძიებას, რომ შენი სურვილი აღასრულო. შეგიძლია თავს იდო მოწამეობა, ოღონდ ეს არ იქნება სრული მოწამეობა, მრავალი რამის დათმენა მოგიწევს. ჭეშმარიტი მოწამეობა კი თავისით მოგიხილავს შემდგომში იმ ძმებისგან, რომლებიც შენთან შეიკრიბებიან!“
მამა ბენედიქტეს სიტყვები ზედმიწევნით აღსრულდა; ჰაჯი-გიორგი თურქეთის ერთ ქალაქში გაემგზავრა და უფრო მეტად რომ განფიცხებულიყვნენ მის წინააღმდეგ თურქები, ბიჭუნები შეკრიბა და ქრისტიანობასა და პირჯვრის გამოსახვას ასწავლიდა. ამის გამო თურქები თავს დაესხნენ. დიდხანს და დიდი მიანდომებით სცემდნენ, შემდეგ კი გააძევეს ქალაქიდან. ის შემდეგშიც მრავალგზის, მაგრამ წარუმატებლად ცდილობდა იმდენად განეფიცხებინა თურქები, რომ თავი მოეკვეთათ მისთვის. იძულებული გახდა ნაცემი და მოწყლული დაბრუნებულიყო ათონზე. ამგვარად აღსრულდა მამა ბენედიქტეს სიტყვის პირველი ნაწილი. შემდგომში კი აღსრულდა მეორეც: მან მრავალი რამ დაითმინა ძმათაგან.
გაგრძელება კიდევ იქნება


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 6 2007, 12:03 AM
პოსტი #17


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გაგრძელება - 2

(5 რუსი მომლოცველის ჩანაწერიდან, მათ ჰაჯი-გიორგი 1879 წელს მოინახულეს, როდესაც ბერი წმ. სტეფანეს სენაკში ცოხვრობდა კარეასის სიახლოვეს). „თვითონ მამა გიორგი შემოგვეგება აბრაამისგვარი მამობრივი სიყვარულით. ჩემს სიცოცხლეში პირველად ვნახე ესოდენ მხცოვანი და თავმდაბალი ბერი. მას სრულიად სადა სამოსი, თეთრი რუსული ტილოს კაბა ჰმოსავს, ცოტას საუბრობს, მაგრამ მისი სიტყვები გულში ჩამწვდომია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და იმქვეენიური ცხოვრების შესახებ აღძრავს ფიქრს. ჩვენ, როგორც მწირთ, მოგვართვეს: ჩაი, პური, თაფლი და ბეკმენი - ყურძნის წვენისგან მათ მიერ მომზადებული სასმელი, რომელსაც არც სიმჟავე აქვს და არც მათრობელაა. ბერმა ჩვენი ტრაპეზი გაიზიარა და თან გვარიგებდა, თუ როგორ მოვქცეულიყავით აქ, ათონზე და ერში დაბრუნების შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ბერი გვარწმუნებდა მოძღვრის წინაშე გულახდილად გვეთქვა აღსარება და აქ, ათონზე ვზიარებოდით წმიდა საიდუმლოთ. ზიარების წინ მარხვის დაცვის შესახებ აქ ლაპარაკიც ზედმეტია: აქ მუდამ დიდი მარხვაა. აღსარება რუს მოძღვარს, მღვდელმონაზონ მამა ანტონის ვუთხარით, რომელიც მამა გიორგის მოწაფეა.
მწუხრიდან დაიწეო ღამისთევის ლოცვა, ხოლო დილით, კვირას ვეზიარეთ. ამის შემდეგ ბერმა დაგვარიგა: „უწყოდეთ, შვილნო ჩემნო, რომ ცოდვები, რომლებიც შობიდან აქამდე ჩაგიდენიათ, ღმერთმა შეგინდოთ, ოღონდ მათ აღარ უნდა მიუბრუნდეთ. თუკი ერთი ცოდვით შესცოდებთ, ყოველი ცოდვით შეიბღალებით. თქვენ დაუტევეთ სამშობლო და მოყვასი. თავს იდეთ განსაცდელი გზაში, და ეს ყოველივე სულის გადარჩენისთვის აღასრულეთ. უფალი ხედავს რა თქვენს კეთილ ზრახვას, აღსარების შემდეგ ყოველი ცოდვა შეგინდოთ. აი, ახლა თქვენ ათონის მწვერვალზე ახვალთ. იქ თითოეულმა თქვენგანმა 40-40 მეტანია აღასრულეთ იესოს ლოცვით და იქ დაუტევეთ თქვენი ცუდი ჩვევები: თუკი რომელიმე თქვენგანს თაბაქოს მიმართ ჰქონდა მიდრეკილება, ან უზომოდ იღებდით მათრობელა სასმელს, უფლის სიყვარულისთვის, რომელმაც შენთვის ძმარი და ნაღველი შესვა, წესად დაიდე: ამიერიდან აღარასოდეს მიუბრუნდე მათ. ეს და მრავალი სხვა უმსგავსი თვისება, რომლითაც შეპყრობილი იყავით აქამდე, დაუტევეთ მთაზე და მტკიცედ გადაწყვიტეთ გულში, რომ ამიერიდან ამ ვნებებით აღარასოდეს განარისხებთ ღმერთს. თუკი ამას აღასრულებთ, ღმერთი მუდამ დაადგრება თქვენთან. ხოლო თუკი, როგორც ადამიანი, კვლავ შესცოდებ, დაუყოვნებლივ ისწრაფე მოძღვართან, განიწმინდე სინდისი აღსარებით და ნუ გადადებ აღსარებას, როგორც ზოგიერთები იქმან ამას უგუნურებით. მაგალითად: თუკი სამოსი დაგესვრება, მყისვე გამოიცვლი და გარეცხავ; ხოლო სული ბევრად უფრო ძვირფასია სამოსზე და მას დაუდევრობით მთელი წლით ან კიდევ უფრო დიდხანს განუწმენდელს ტოვებ და არ ზრუნავ შენი სულისთვის, ის კი, არა თუ დაბინძურებულია მხოლოდ, არამედ ყარს ცოდვებით დაწყლულებული!“
კიდევ მრავალ რასმე გვეუბნებოდა ის როგორც წმიდა წერილიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ჩვენ სამი კვირა ვტკბებოდით მისი მადლიანი საუბრებით. ბოლოს კურთხევა გამოვთხოვეთ ბერს შემოგვევლო მთელი ათონის მთა და ვთხოვეთ ბერძნულის მცოდნე მეგზური გამოეყოლებინა ჩვენთვის.
მამა ნეოფიტე კარამანლისის გარდაცვალების შემდეგ, 1860 წელს, მამა ჰაჯი-გიორგი გახდა ბერი და 1873 წლამდე მოსაგრეობდა კერასაში თანამოძმეებთან და მოწაფეებთან ერთად.
მამა გიორგიმ მრავალი მოწაფე შემოიკრიბა - ყოველი უპოვარი, გლახაკი და სნეული გულითად თავშესაფარს ჰპოვებდა ბერთან. ყოველს ჰქონდა მასთან მისვლის უფლება, მისი ღარიბული სენაკის კარი არც დღისით იკეტებოდა და არც ღამით. ყოველი მსურველი უშუალოდ მიდიოდა მასთან და უხსნიდა თავის გასაჭირს, წუხილსა და ზრახვას. სნეულთ ბერი თვითონ უვლიდა. იგი ყოველი შეჭირვებულისათვის მშობელი მამა იყო. თვით თურქები უწოდებდნენ მას „ბიზიმ ბაბა,“ ანუ ჩვენი მამა! ბერი ბევრ ისეთ მეუდაბნოესაც იცნობდა, რომელთა არსებობა სხვებმა არ უწყოდნენ. ის ამარაგებდა მათ ყოველივე აუცილებელით.
თუკი ძმათაგან რომელიმე დასნეულდებოდა, მას წამლებით არ მკურალობდნენ, არამედ ხშირად აზიარებდნენ ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ. თუკი უფრო მეტად დაუძლურდებოდა, მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღასრულებდნენ; როდესაც სიკვდილის მოახლოვება ცხადი ხდებოდა, ხოლო სნეულს სქემა არ ჰქონდა შემოსილი, მაშინ მსწრაფლ შემოსავდნენ და მრჩობლად ამრავლებდნენ მისთვის ლოცვებს. მამა ჰაჯი-გიორგიმ ასზე მეტი მოწაფე დაკრძალა საკუთარი ხელით ათონის სხვადასხვა ადგილებში. უმეტესნი მათ შორის რუსი ყრმები იყვნენ, რომელთაც მკაცრი მოსაგრეობა და ათონის კლიმატი ვერ აიტანეს.
ზოგიერთები არღვევდნენ ბერის მარხვით განწესებას, მაგრამ ასეთნი, თუკი არ აღიარებდნენ და არ სურდათ დაშვებული უძლურების გასწორება, ან თვითონ მიდიოდნენ, ან ბერი ურჩევდა და აკურთხებდა, მოეძებნათ ისეთი ადგილი, სადაც უფრო გაუადვილდებოდათ: „იქ წადით, სადაც ყველაფერს გთავაზობენ, - ამბობდა ბერი, - და წყევას ნუ მოირეწ ჩუმად ჭამით! წმიდა ბასილი დიდის სჯულის კანონში ნათქვაია: „ვინც არღვევს მოძღვრის განწესებას, წყეულიმც იყოს სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც!“
ისინი, ვინც ნაყროვანების ვნების აყოლით და არა უძლურების გამო მიდიოდნენ ბერისგან, სიკვდილის წინ ხვდებოდნენ, რა დაკარგეს ურჩებით და დიდად განიცდიდნენ, რომ დროებითი მცირეოდენი ნუგეშის გამო უდიდესი მადლი დაკარგეს. ესრეთ დაემართა ერთ მონაზონს, მიხეილს: იგი დასნეულდა და დიდხანს არ არღვევდა მარხვას, მაგრამ ერთხელაც ვერ მოითმინა და ყოველგვარი საზრდელის ჭამა დაიწყო და მკურნალობაც მოისურვა. ბერმა არ აკურთხა. ის არ დაემორჩილა, გაემგზავრა სმირნაში და საავადმყოფოში დაწვა, სადაც პირველ რიგში ხორცის ნახარში მისცეს. იქ რამდენიმე თვე იწვა, ავადმყოფობა კი არ ტოვებდა მას, პირიქით, მძალვრობდა და მალე სიკვდილის მოახლოებაც იგრძნო. მომაკვდავ მდგომარეობაში მან შეიცნო თავისი შეცდომა, ტიროდა და საშველად ბერს უხმობდა. მის ტირილს მრავალნი თანაუგრძნობდნენ და კითხულობდნენ, ვის უხმობსო? მათ შეიტყვეს, რომ ის ათონელი მონაზონი იყო და სულიერ მოძღვარს უხმობდა. მისმა სიკვდილის წინა სინანულმა იმდენად იმოქმედა ზოგიერთებზე, რომ დაუტევეს ეს სოფელი და ათონზე გადასახლდნენ. სწორედ მათ მონათხრობს გადმოგცემთ.
სხვა მონაზონი ქრისტეფორე, 5 წლის მანძილზე ზედმიწევნით ემორჩილებოდა ბერს, საკუთარი ნება სრულიად მოკვეთილი ჰქონდა. ბოლოს, ძალების მოკლება იგრძნო, გაკადნიერდა და ბერს ამგვარი თხოვნით მიმართა: „მამაო, განმიტევე!“ ბერმა მიუგო: „ესოდენ მცირედ მემსახურე და განტევებას მთხოვ?“ გულწრფელმა ქრისტეფორემ უპასუხა: „მართალია, ცოტა გემსახურე, მაგრამ 5 წლის მანძილზე უსიტყვოდ გმორჩილებდი: ვიდრე ცოცხალი ხარ, განმიტევე, თორემ როდესაც გარდაიცვლები, შენს გარეშე შესაძლოა ეს ყოველივე დავკარგო.“
ბერმა ილოცა უფლისა მიმართ და უბრძანა მას რამდენიმე დღის შემდეგ მომზადებულიყო. დღეები გადის, ქრისტეფორემ შეახსენა, რომ უკვე ცოტა დრო დარჩა. ღამისთევით ილოცეს, შემდეგ ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულეს მისთვის და წმ. საიდუმლოთ აზიარეს. მისი სულის წასაყვანად ღმერთის ანგელოზები მოვიდნენ. შემოკრებილ ძმებს მას უთხრა: „ჩემს წასაყვანად უკვე მოვიდნენ, შემინდეთ!“ ძმები გამოეთხოვნენ, ბოლოს კი ბერმაც აკურთხა სიტყვებით: „წარვედ უფალთან და ილოცე მის წინაშე ჩვენთვის! - და მან მშვიდობით განუტევა სული. ესრეთ აღესრულა ნეტარი ჭაბუკი ქრისტეფორე.
ჰაჯი-გიორგის ერთერთი მოწაფე საერო ცხოვრებას დაუბრუნდა და მრავალი ცოდვით შეიბღალა, მიუხედავად ამისა მას ხელი დაასხეს დიაკვნად. ამ ხარისხში მან იმრუშა, მაგრამ შეინანა, ბერთან დაბრუნდა და 40 დღე იმგვარ სინანულში გაატარა, რომ წინასწარ ემცნო თავისი აღსასრულის შესახებ. მან ბერს სთხოვა კვლავ მიეღო მოწაფედ. ბერი დაპირდა, რომ მიიღებდა და ის მშვიდობით აღესრულა უფლისა მიმართ.
ბერის სხვა მოწაფე სიკვდილის წინ ღირსი შეიქნა ზეციური ხილვისა: ოთხი ანგელოზი დიაკვნების სახით წარსდგა მის წინაშე და უთხრეს, რომ მის წასაყვანად არიან წარმოგზავნილები. სნეულმა მიუგო, რომ ბერის კურთხევის გარეშე ვერ წაყვება მათ და ეს ყოველივე ბერს მოუთხრო. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამა გიორგი შიშობდა, ბოროტ ძალთა მანქანება ხომ არ იყო ეს ყოველივე, რომელთაც, მოციქულის სიტყვის მიხედვით, შეუძლიათ ნათლის ანგელოზის სახე მიიღონ, უთხრა მოწაფეს: „უთხარი მათ, რომ ჯერ მზად არა ხარ. და ორი დღის შემდეგ მოგაკითხონ.“ ის ასეც მოიქცა. სნეულმა ანგელოზთაგან გამოთხოვილი დრო დაუცხრომელ ლოცვაში გაატარა, ორი დღის შემდეგ კვლავ გამოეცხადნენ მას ზეცის მკვიდრნი, გაყარეს მისი სული ხორცთაგან და აღამაღლეს სამოთხისეულ სანახებში.
ერთხელ მამა ჰაჯი-გიორგის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეხცადა. მარჯვენით მისა ანგელოზთა მხედრობა იდგა, ხოლო მარცხენით - ეშმაკნი იდგნენ თურქ მხედართა სახით. ყოვლადწმიდასთან სამსჯავროზე მცონარე ათონელი ბერები მიჰყავდათ. მან თქვა: „ვერ მოვითმენ, რომ ასეთმა, დაუდევრებმა იცხოვრონ ჩემს მამულში“ . - და უბარნა თურქებს დაეხოცათ ისინი, ხოლო შემდეგ მათ სხეულებს ჰაერში ყრიდნენ.
ზოგჯერ, გამოუცდელნი ეურჩებოდნენ და უხეშად ექცეოდნენ ბერს. მაგრამ ასეთები ძალიან მალე სნეულდებოდნენ ან განსაცდელები ხვდებოდათ. თუ ზოგიერთები ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებდნენ, მათი სიცოცხლე დიდხანს აღარ გრძელდებოდა. ვისაც აღარ სურდა ბერთან დარჩენა ამა თუ იმ მიზეზის გამო, ბერი არ აიძულებდა, მხოლოდ ამას ეუბნებოდა: „თუკი ჩემთან დარჩები და აქ აღესრულები, ცხონდები: სიტყვას ვიძლევი ღმერთის წინაშე; ხოლო თუ წახვალ - პასუხს აღარ ვაგებ!“
მამა ჰაჯი-გიორგის მრავალი მოწაფე სხვადასხვა ადგილებში, მცირე სენაკებში, სრულ უპოვარებაში ცხოვრობდნენ. ხშირად მათ დღიური სარჩოც კი არ ჰქონდათ. ერთხელ დიდ მარხვაში მან ამგვარ 35 უპოვარს სქემა შემოსა და ამისთვის სამოსიც თვითონ მისცა. ბერს უდიდესი რწმ ნა ჰქონდა ღმრთისა, რაც მრავალი განსაცდელისა და საჭიროების მოკლების დათმენის შემდეგ მოიპოვა. ხშირად ვალს იღებდა, მაგრამ მასთან მისულ უპოვართ ყოველთვის ძალისაებრ შეწეოდა.
მის დიდ დამსახურებებს შორის უნდა მოვიხსენოთ ისიც, რომ ქრისტეს სარწმუნოებაზე რამდენიმე თურქი მოაქცია, მათ შორის ერთი აღაც იყო. მოსანათლად გამზადებული აღა მასთან კერასაში მივიდა, მაგრამ უეცრად მრავალი გულისთქმა შეუხდა და ბერის სიტყვებზე, რომ ყველაფერი მზად არის, გადაჭრით თქვა უარი ნათლობაზე. ბერი ფრიად დამწუხრდა და დიდი ძალისხმევაც დასჭირდა მის დასამშვიდებლად. ბოლოს მიაღწია საწადელს, მონათლა აღა და თვითონ იყო მისი მიმრქმელი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 6 2007, 12:23 AM
პოსტი #18


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დასასრული

მონაზონი ისააკი სამღვდელო ხარისხის მიღების შემდეგ მამა ჰაჯი-გიორგისთან 25 წელი ცხოვრობდა მშვიდობით. ის უდიდესი გულმოდგინებით ლოცულობდა და ღამით კითხვისას სრულად შეისწავლა ფსალმუნი. მაგრამ, შემდეგ, მტრის მანქანებით, ბერისგან ფარულად სხვადასხვა ნივთების შეძენა იწეო და თავისი სენაკის ქვეშ ინახავდა, რის გამოც ღმერთის მიშვებით ეშმაკთაგან სასიკვდინედ იქნა მოწყლული. მაშინ ბერმა ნაკურთხი წყალი ჯვრის სახით ასხურა და ისააკი გონს მოეგო, ბერს ფეხებში ჩაუვარდა და ევედრებოდა ეხსნა და წაეღო ყველაფერი, რასაც საიდუმლოდ ინახავდა. ამის შემდეგ ის ღმრთივსათნოდ ცხოვრობდა და აღსასრულის წინ ანგელოზთა გამოცხადების ღირსი შეიქნა.
ერთხელ მამა ჰაჯი-გიორგის წმ. სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი გამოეცხადა და უთხრა: „ოთხშაბათობით და პარასკეობით დედის ძუძუს არ ვწოვდი. ამჟამად რუსეთში არ იცავენ მარხვებს, რის გამოც მრავალი განსაცდელი და უბედურება შეემთხვევათ. რუსებს დიდად შევეწევი, მაგრამ ისინი ურიგოდ ცხოვრობენ.“
მამა ჰაჯი-გიორგი გარეგნულად მუდამ მხნედ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. სახე სავსე და ვარდისეფრი, ხოლო თვალები ოდნავ ამომჯდარი ჰქონდა. ყოველ სამუშაოს საძმოსთან ერთად ასრულებდა: აცხობდა პურს, ამზადებდა საჭმელს, თოხნიდა ბოსტანს. ის ცოცხალი მაგალითი იყო საძმოსათვის. ძალიან ცოტა ეძინა, და თანაც სადაც მოუხერხდებოდა; ხშირად საღამოს მიდიოდა ტაძარში და იქ რჩებოდა დილის მსახურების დასრულებამდე. მას ხშირად საკუთარი სენაკიც კი არ ჰქონდა. მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვების ცხონებისთვის ზრუნავდა და სრულებით არ იღვწოდა საკუთარი კეთილდღეობისათვის. სახეს არასოდეს იბანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის განათებული ჰქონდა. თმას და წვერს არასოდეს ივარცხნიდა. თუკი თმა წვერებში ჩაებურდებოდა, ხელით გამოხსნიდა ხოლმე. ხოლო როდესაც თმა ჩაებურდებოდა. მოიკვეცდა და შემდეგ კვლავ ეზრდებოდა. საკუთარ თეთრეულს თვითონ ირეცხავდა. მისი საზრდელი მწუხარეთა და უპოვართა ნუგეშინისცემა და მტრების დაზავება იყო. მას განსაკუთერებული მეტყველების უნარი ჰქონდა, რაც ფრიად მოქმედებდა სხვებზე.
მამა ჰაჯი-გიორგის საუბრებიდან ჩანს, რომ მას მოსაგრე ცხოვრების საფუძვლდ მორჩილება მიაჩნდა. ყველაზე მეტად მას შენატროდა, ამაში ხედავდა ცხონების გზას, მაგრამ ამასთან ერთად, - ამბობდა იგი, - აუცილებელია ყოველდღიურად დავიტიროთ საკუთარი ცოდვები, რის გარეშეც თავს ვერ დავაღწევთ ეშმაკის ბადეებს.
1870 წელს მამა ჰაჯი-გიორგი ფრიად დამწუხრდა, რადგან მორჩილები იმჟამად იმგვარი სიმკაცრით აღარ ცხოვრობდნენ, როგორც მან იცხოვრა და აღარ აქვთ იმგვარი სრული მორჩილება მოძღვრისა, როგორიც მას ჰქონდა თავისი მოძღვრის მიმართ. ერთხელ გულისთქმა შეუხდა დატოვოს თავისი ადგილ-სამყოფჟლი და გახდეს ქრისტესთვის სულელი. ამ ზრახვებში მისი სული აღტაცებულ იქნა ზეცად ანგელოზის მიერ და იქ მან ზეციური სანახები იხილა. მისმა მეგზურმა ანგელოზმა მრავალი უშვენიერესი პალატი უჩვენა, თითქოს სურდა მათში შესვლა, მაგრამ კარზე დაკაკუნებისას მათ პასუხობდნენ, რომ ეს ამა და ამ წმიდანის განსასვენებელი ადგილია, ამასთან ცნობილ ადამიანებს უსახელებდნენ და შიშით იზრახა: „ნუთუ მე, უბადრუკსა და უპოვარს, შემიძლია ამგვარ სასახლეებში ვიცხოვრო?“ ესრეთ მოვლო მან სამოთხისეული სანახები, რომლებიც განმზადებულია წმიდათათვის, და ერთ ულამაზეს სასახლეს მიუახლოვდა. როდესაც კარი გაიღო, მან თავისი მოწაფეები იხილა და ფრიად განიხარა. იხილა აგრეთვე ადგილები, რომლებიც მისთვის და იმ მოწაფეებისთვის იყო განმზადებული, რომლებიც იმჟამად ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. როდესაც გზა განაგრძო, იხილა ადგილები, რომლებიც ათონის სხვადასხვა მონასტერთა ძმებისთვის არის განმზადებული. ინუგეშა რა ამ ხილვით, მას აღარ მოუსურვებია სალოსობა.
რუსეთ-თურქეთის ომამდე დიდი უთანხმოება წარმოიქმნა რუსებსა და ბერძნებს შორის წმ. დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. რუსმა ბერებმა - სულიერმა მოძღვარმა მამა იერონიმემ და არქიმანდრიტმა მაკარიმ თხოვეს მამა ჰაჯი-გიორგის მისულიყო მათ მონასტერში, ეშუამდგომლა მათ შორის და მშვიდობა დაემყარებინა. ბერი სიყვარულით მივიდა, ორი თვე გაატარა მათთან და გულმოდგინედ ცდილობდა მათ დაზავებას. ბოლოს, წარმატებას რომ ვერ მიაღწია, ხსენებულმა მოძღვრებმა თხოვეს მამა გიორგის ილოცოს, რათა ღმერთმა გამოუცხადოს: სათნოა თუ არა, და არის თუ არა მისი ნება, რომ რუსი და ბერძენი ძმები გაიყარონ? ბერმა მორჩილებით აღასრულა მათი თხოვნა და ძილთა შორის ჰქონდა გამოხცადება: ხედავს, რომ წმ. პანტელეიმონის მონასტრის მთავარი ტაძრის შუაგულში მონასტრის ეკონომოსი დგას, მის წინ დიდი კასრი დგას დამარილებული ზეთისხილით სავსე, რომელთაგან - ერთ ფინჯანს რუსებს აძლევდა, ერთს კი ბერძნებს. როდესაც ბერმა ეს ხილვა რუს მოძღვრებს და სხვა ძმებს მოუთხრო, ყველამ დაასკვნა აქედან, რომ გაყოფაზე არ არის ღმერთის კურთხევა.
ყოველ მსურველს ის მონაზვნად აკურთხებდა და უმეტესწილად სქემას შემოსავდა. საფუძვლად მოჰქონდა ის, რომ ღირს პახომის ანგელოზმა მონაზონთა ერთი სახე უჩვენა. 1870 წლამდე მამა ჰაჯი-გიორგის მოწაფეებად გამონაკლისის გარეშე მხოლოდ ბერძნები ჰყავდა. ამ წელს რუსეთიდან თაყვანისცემისათვის ჩამოვიდა წმ. სერგის უდაბნოს მორჩილი პეტრე გვოზდევი, რომელიც წარმოშობით პეტერგოფის უეზდიდან იყო. იგი რუსიკში შეჩერდა და მოისურვა საცხოვრებლად დარჩენა, მაგრამ ბერებმა რატომღაც არ მიიღეს, არამედ შესთავაზეს შემოევლო მთა და ათონელთა ცხოვრებას გაცნობოდა.
იმჟამად კერასაში სნეული მოლდოველი ბერი, მამა თეოფანე ცხოვრობდა. მას ჰყავდა მოწაფე, მონაზონი ბესარიონი, რომელმაც რუსულიც კარგად იცოდა და ბერძნულიც. ის მრავალ მეუდაბნოე მამას იცნობდა კარგად. ხსენებულ დროს ერთმა მომლოცველმა მამა თეოფანეს გამოსთხოვა მისი თავი მეგზურად და თარჯიმნად. ბერი დათანხმდა, მაგრამ თვითონ თანაშემწის გარეშე დარჩა. სწორედ ამ დროს შეესწრო პეტრე გვოზდევი და დათანხმდა ბერს მსახურებაზე. ერთხელ ბერმა შეიტყო, რომ საფარველის სახელობის სენაკში მცხოვრები რუსი ბერი მაკარი ავად გამხდარიყო და მასთან პეტრე გაგზავნა. მამა მაკარი იწვა. როდესაც ტრაპეზის დრო დადგა, გამოუცდელმა მორჩილმა შენიშნა, რომ სენაკის სიახლოვეს უხვად იყო ხასხასა მწვანე ბალახი. წმინდანთა ცხოვრებაში ამოკითხული ჰქონდა, რომ მეუდაბნოე მამები ბალახით იკვებებოდნენ და მოისურვა წმადა მამას ბალახით გამასპინძლებოდა. იქვე დაკრიფა ბალახი, მოხარშა და ჭამას შეუდგა, თითქოს დიდი მეუდაბნოე ყოფილიყოს. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კოვზის შეჭმა მოასწრო, რომ სრულიად აირია: ფანჯარა კარად მოეჩვენა, ხოლო კარებთან თითქოს საშინელი საფრთხობელა იდგა! შეშინებული ფანჯარას ეცა, მინა ჩაამსხვრია, გაიქცა და ღრმა და ციცაბო უფსკრულში გადაიჩეხა...
ქვევით როგორ მიფრინავდა, თვითონ, რა თქმა უნდა, არ ახსოვს. საკვირველი ის იყო, რომ კლდეების წვერებზე რომ ენარცხებოდა, ვერაფერს გრძნობდა და არა თუ სასიკვდილოდ არ დამტვრეულა, განსაკუთრებულადაც კი არ დაშავებულა, მხოლოდ ფეხები დაუზიანდა და დაკოჭლდა.
რუსმა მონაზონმა მამა პავლემ, რომელიც მაღლა, მთაში ცხოვრობდა, უფსკრულის ფსკერზე ადამიანი შენიშნა და მამა მაკარს აცნობა ამის შესახებ, მან კი არ იცოდა სად წავიდა მისი მოსამასასურე. მაგრამ როდესაც მაგიდაზე ხსენებული შეჭამანდი ნახეს, მაშინ კი მიხვდნენ, თუ ვინ იყო უფსკრულში. ჩავიდნენ ძირს, აიყვანეს პეტრე და შორი, შემოვლითი გზით, კავსოკალივიის გავლით, ჰაჯი-გიორგისთან მიიყვანეს. გამოცდილმა ბერმა დაუყოვნებლივ სამი ჭიქა თბილი ზეთი დაალევინა, რამაც შხამით გამოწვეული წვა დაუამა. მიუხედავად ამისა, სნეული ფრიად დაუძლურდა. ბერმა გადაწყვიტა მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულებინა, მაგრამ უკეთესობა რომ ვერ შეატყო, მამა თეოფანეს ნებართვით, სქემა შემოსა მას პართენის სახელით. აღკვეცის შემდეგ, 30 წლის მონაზონმა გამომჯობინება იწყო, მხოლოდ ფეხები ჰქონდა დაზიანებული. ეს მოხდა 1870 წლის გაზაფხულზე.
მამა პართენი უნებლიედ გახდა მამა ჰაჯი-გიორგის მოწაფე. ის მანამდე ვაჭარი იყო, უამრავი ნაცნობი ჰყავდა, მყისვე ყველას აცნობა თავისი აღკვეცის შესახებ და თავისი მოძღვრის საქმეები და წინასწარმეტყველებანი, რაც მამა გიორგისთვის მრავალი განსაცდელისა და გამოცდის მიზეზი შეიქნა. მასთან უხვი შემოწირულობები იგზავნებოდა და მრავალი რუსი მოდიოდა ბერთან დასარჩენად. მამა პართენი მხურვალედ შუამდგომლობდა მათ ბერის წინაშე, ის კი ყველას იღებდა, ოღონდ ერთი ურღვევი პირობით - უნდა დაეცვათ სრული მარხვა. რუსები ყველაფერზე თანახმა იყვნენ, ოღონდ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. ამგვარად, სამი წლის მანძილზე იქ საკმაოდ დიდი რუსულ-ბერძნულ საძმო შეიკრიბა. 1873 წელს ბერმა განსაჯა: ბერძენთაგან მსურველები დაეტოვებინა კერასაში, ხოლო დანარჩენებთან ერთად სხვა ადგილზე გადასხლდა. თავიდან ისინი წმ. გრიგოლის მონასტრის ფარგლებში, მის სიახლოვეს დასახლდნენ. მათ უჩვენეს ადგილი, სადაც საცხოვრებელი შენობისა და ტაძრის აგება შეეძლოთ. ეს ადგილი არის მაღლა მთაში, სადაც სტეფანე პირველდიაკონის ტაძარია. მადლობის ნიშნად ჰაჯი-გიორგიმ და პართენიმ მონასტრისთვის ააგეს წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ეკლესია.
ახალ ადგილას მათ დიდი კორპუსი ააგეს საძმოსთვის და ძველი პატარა ტაძრის ნაცვლად ააგეს დიდი და ნათელი ტაძარი, რომლის აშენებაშიც პეტერბურგელი ვაჭარი ალექსანდრე სტარიკოვი შეეწიათ. იქ მათ მხოლოდ სამი წელი იცხოვრეს და იძულებულნი შეიქნენ სხვაგან გადასულიყვნენ. რუსიკის მაშინდელმა ბერებმა კარეასის მახლობლად წმ. სტეფანეს სახელობის სენაკი შესთავაზეს. იქ გადასვლის ჟამს მათ 12 რუსი მოწაფე ჰყავდათ. დაუდგრომელი მამა პართენი არც აქ იჯდა უსაქმოდ: საძმო იზრდებოდა, ახალი შენობები და სახელოსნოები აიგო, უკვე შეეძლოთ მომლოცველთა მიღება, მათი და რუსეთში მყოფი ქველმოქმედების ხატებით, ზეთითა და მეუდაბნოე მამათა სხვა ნაკეთობებით მომარაგება. საძმო 50 კაცამდე გაიზარდა. ერთ მოწაფეს, მღვდელმონაზონ ანტონის, რომელმაც თავის ვაჟთან და სხვა 12 მსურველთან ერთად განცალკევება ისურვა, უყიდეს წმ. ნიკოლოზის სახელობის დიდი სენაკი „ბელოზერკა,“ სადაც ბერის კურთხევით გადასხლდნენ.
1883 წელს დაწყებული უსიამოვნების გამო, მამა პართენიმ ეს სენაკიც დატოვა და მთაწმინდაც და კონსტანტინოპოლში გადასხლდა. მასთან ერთად ბერი და რამდენიმე მოწაფეც გაემგზავრა. მათ იქ იჯარით აიღეს წმ. პანტელეიმონისა და მღვდელმოწამე ერმოლაოზის მიტოვებული მონასტერი, სადაც მამა გიორგის აღსასრულამდე ცხოვრობდნენ.
ბერს მთელი წელი ფეხები ტკიოდა და სიარული არ შეეძლო, მაგრამ ექიმებს არ ესინჯებოდა და არც წამლებს სვამდა, არც მარხვითი განწესება დაურღვევია და უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა ნათელ გონებას და მახსოვრობის უნარს. ყოველ მოსულს ანუგეშებდა ძალისაებრ. იმ ქვეყნად გადასვლის სიახლოვე რომ იგრძნო, სიკვდილამდე ორი დღით ადრე ძმებს უთხრა: სიზმარში ჩემს მაღაზიას ვხედავ, რომელიც სავსეა სხვადსხვა ნივთებით, მათ ყველას უსასყიდლოდ ვურიგებ კურთხევით, და რამდენიც უნდა გავცე, მაინც არაფერი აკლდება“. ბოლოს გაცემით დაქანცულმა თქვა უფლისა მიმართ: „როდის დავასრულებ ამის გაცემას?“ უეცრად დაცარიელებული იხილა მაღაზია, სადაც აღარაფერი დარჩა, გარდა მისი კაბისა!
ანდერძად მან დაიბარა, დაკრძალონ ბალუკლიაში, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წყაროს ეკლესიაში, ღვიძლი ძმის, ანასტასის საფლავში, რომელიც კონსტანტინოპოლში მისი ჩამოსვლიდან 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა.
ბერთან აღსასრულამდე ორი წარჩინებული პირი მივიდა და თხოვეს თანხა სკოლისა და სხვა დაწესებულებებისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბერს ბევრი ფული აქვს: მან ზეცისკენ მიუთითა და უთხრა: „ჩემი ბანკი იქ არის, აქ კი ფული არა მაქვს, პირიქით 400 ლირა ვალი მაქვს, რომელთაც მევალეები მთხოვენ!“ უშუალოდ აღსასრულის წინ დაუძლურებული ბერი აზიარეს წმ. საიდუმლოთ. სიკვდილის წინ ყველა იქ მყოფი მოწაფე აკურთხა და გამოემშვიდობა. მამა ჰაჯი-გიორგიმ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. ეს მოხდა 1886 წლის 17 დეკემბერს.
პატრიარქ იოაკიმე IV-ის განკარგულებით მაღალღირსი ბერი საპატრიარქო საყდარში დაასვენეს უდიდესი ზეიმურობით, რაც დაევალა დარაქის ეპისკოპოსს ბესარიონს. ბერის დაკრძალვაში 40-მდე სასულიერო პირი მონაწილეობდა. სამგლოვიარო პროცესიას უამრავი ადამიანი მიაცილებდა, მათ წინ მიუძღოდნენ იმ სკოლებისა და თავშესაფრების აღსაზრდელი გოგონები და ბიჭუნები, რომელთაც ბერი მფარველობდა.
გარდაცვალების შემდეგ ბერი მრავალ ახლობელ ადამიანს ეცხადებოდა. ათონზე კატუნაკიში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სენაკში, მრავალი წლის მანძილზე იღვწოდა მამა ნეოფიტე თავის მოწაფესთან, ეგნატესთან ერთად. მამა ნეოფიტე მამა ჰაჯი-გიორგის მამობილი იყო, რადგანაც ისინი ერთმა სულიერმა მოძღვარმა ნეოფიტე კარამანლისმა აღკვეცა. როდესაც ჰაჯი-გიორგი აღესრულებოდა კონსტანტინოპოლში, ათონზე მყოფმა მამა ნეოფიტემ განსაკუთრებულად იგრძნო ძალების მოუძლურება. წამის ყოფაში საწოლზე მჯდარი ბერი თითქოს თავდავიწეებამ მოიცვა, მაგრამ მსწრაფლადვე მოეგო გონს და თქვა: „კონსტანტინოპოლში ვიყავი, მამა ჰაჯი-გიორგისთან! - რა ჩამოგვიტანე იქიდან? - ჰკითხა მამა ეგნატემ. - აი, წანდილი მოგიტანეთ! - მან რა გითხრა? - განაგრძობდა მამა ეგნატე - მითხრა, სამ დღეში მოვალო შენს წასაყვანად! - თქვა ბერმა და დადუმდა. ჩვენ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციეთ, - თქვა მამა ეგნატემ, - მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მამა ნეოფიტე, რომელიც არ ავადმყოფობდა და მხოლოდ ასაკის გამო იყო დაუძლურებული, მართლაც 3 დღეში, 1886 წლის 20 დეკემბერს აღესრულა მშვიდობით.
მამა ჰაჯი-გიორგი სრულიად უწყინარი იყო. თუკი ვინმე გაანაწყენებდა, ის თვითონ ეძებდა შემთხვევას, რომ მისთვის სიკეთით გადაეხადა. გულწრფელად ცდილობდა ყველასთან მშვიდობით ყოფილიყო: მტრებს არიგებდა, მწუხარეთ ანუგეშებდა და უპოვართ შეეწეოდა.
„XIX საუკუნის ათონის წმიდა მთაზე მოსაგრე მამათა ცხოვრებანი“
თბილისი, 2005 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Mar 6 2007, 10:38 PM
პოსტი #19


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



დიდი მადლობა, მარიამ, რამდენი გიშრომია! უფლის წინაშე კი ერთი წვეთი გარჯისა , მისი სახელით გაწეული, არ იკარგება. შენ მიერ დაწერილი ციტატა მამა პაისისა ადამიანთა შესახებ მეც ძალიან მომწონს და ვცდილობ, კეთილ ზრახვებს მივცე "აეროდრომი" ჩემს გონებაში. ადამიანები უნდა გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც არიან, ნუ ვეცდებით მათ "გადაკეთებას" და ვაფრქვევდეთ ქრისტეს კეთილსურნელებას. ფორუმში შემოსული როგორი დარჩება და წავა ეს მისი პირადი ნებაა. ჩვენ კი სიყვარული არავის დავაკლოთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salomea07
პოსტი Mar 30 2007, 09:53 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 18-December 06
წევრი № 709



გაიხარეთ, ხალხნო! ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებთ და რამდენი მიიღებს ამ საქმეს და რამდენი არა, რამდენს დააინტერესებს და რამდენს არა, ეს არც თუ ისეთი მნიშვნელოვანია. ამით ერთ ადამიანს მაინც თუ დაეხმარე, ესე იგი უკვე დიდი მადლი გაგიკეთებია smile.gif ღმერთი გაგახარებთ! "თუ ერთ ჩემს მცირე ძმათაგანს დაეხმარე, მე დამეხმარე " smile.gif


--------------------
ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია
და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან.
იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:24 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი