თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ "კარიბჭემ" იმედი დაუბრუნა

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Dec 9 2009, 03:50 PM

"რომ ვიცოდე, ვინ მომტაცა შვილი, მასაც კი ვაპატიებ"

მაგიდაზე ჟურნალ "კარიბჭის" ორი წლის წინანდელი და გასული თვის ნომრები აწყვია. ამ ჟურნალებს სამუდამოდ დაუკავშირდა გიული ვერულაშვილის ცხოვრება.

16 წლის წინ მისი შვილი, 11 წლის დავით ხასია უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამაოდ ეძებდნენ მშობლები ქალაქში, მერე მთელ საქართველოში. ოთხი წლის შემდეგ დათო დაღუპულად აღიარეს და დედას შესაბამისი ცნობაც გადასცეს. ერთ დღეს კი სასწაული მოხდა: ქალბატონ გიულის "კარიბჭის" ახალი ნომერი მიუტანეს. ალალბედზე გადაფურცლა და გაქვავდა: ჟურნალის ფურცლიდან დაკარგული შვილის ფოტომ შემოანათა. მისი პატარა, იმავე პერანგით, რომლითაც უკანასკნელად გაუშვა სკოლაში, ათონის მთაზე, ბერი პაისის გვერდით იდგა მოწყენილი სახით. აკი უგრძნობდა გული, რომ შვილი ცოცხალი ჰყავდა...

საქმე ხელახლა აღიძრა. თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს, შვილთან ჯერ ვერ დააკავშირეს... სამაგიეროდ, ჟურნალ "კარიბჭეში" ახლა უკვე 2009 წლის 30 აპრილი-14 მაისის ნომერში ისევ უნებურად აღმოჩნდა ერთი იმედი, თითქოს სწორედ მისთვის დაიბეჭდა ბერი პაისის ცხოვრების რამდენიმე ამბავი. ქალბატონი გიული ვერულაშვილი ხმამაღლა მიკითხავს: "12 წლის უპატრონო ბიჭი მიიყვანა კელიაში და მას დაემორჩილა. ეკითხებოდა: აბა, ჩემო ბიჭო, მითხარი, ეს საქმე გავაკეთოთ? და ისე იქცეოდა, როგორც ეტყოდა. საბოლოოდ, ბიჭი მოძლიერდა, ინიციატივის გამოჩენა ისწავლა და ეს დიდად წაადგა მას".

- მართლა რამხელა ბედნიერებაა, რომ ჩემი შვილი ასეთ ადამიანთან მოხვდა, - ამბობს ქალბატონი გიული, - ფოტოს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილია. როგორც მითხრეს, პროკურატურა ეცადა ინფორმაციის საბერძნეთიდან მოპოვებას. ვერაფერი გაიგეს. ისღა მითხრეს, რომ ვიღაც ქალს დაურეკავს საბერძნეთიდან, - ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვი ჩემი მეგობრის ოჯახის მესამე შვილიაო. მაინტერესებს, თუ მართლა ასეა, რატომ თვითონ ოჯახი არ გვიკავშირდება? გავგზავნეთ შეკითხვა: თუ ბავშვს აქვს საბერძნეთში გატარებული წარსული, გადმოგვეცით დაწვრილებით-თქო. არ გვპასუხობენ. რატომ იქცევიან ასე? მით უმეტეს, რომ ჩვენი ეჭვის გაქარწყლება იოლია - ჩაგვიტარონ გენეტიკური ანალიზი... დიდი მადლობა გამომძიებელ დურმიშხან ყუფარაძეს - ბევრი რამ გააკეთა საქმის გასახსნელად. მასაც სჯერა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. ის ბიჭი კი, ბერ პაისთან რომ არის ფოტოზე, ახლა არიზონის შტატში ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიაში მსახურობს ბერი სტეფანისის სახელით. ბავშვობისას ნიკალაუს დიმიტრიუს გეორქან ოღლი რქმევია. გეორქან ოღლი ქართველის შვილს ნიშნავს. ეტყობა, მაინც დაუტოვეს წარმომავლობის ნიშნად ქართველის შვილობა. ახლა ამერიკის საელჩო ჩაერთო საქმეში... ყველაფერი თავიდან უნდა გამოიძიონ.

პატრიარქთან მისვლა ვერ მოვახერხე, მამა მიქაელ ბოტკოველმა მიმიღო... დამამშვიდა, ეტყობა, ბავშვს ეწადა ბერობაო. შენთან რომ დარჩენილიყო, იქნებ არც ეფიქრა ბერობაზე, ეტყობა, მაგ გზით ეწერა ბერად შედგომაო...

გავიგე, ამბა-ალავერდელი მეუფე არიზონის შტატში მიდიოდა და დავუკავშირდი... დედა იოანა მესაუბრა. ვტიროდი, ვთხოვდი დახმარებას. გულთან ახლოს მიიტანა ეს ამბავი, მაგრამ მანაც ვერაფერი გამიგო. ახლა ჟურნალისტების იმედი მომეცა. იქნებ გამაგონონ ჩემი შვილის ხმა... ფოტოებიც კი ცოტა დამრჩა - მაშინდელმა მილიციამ წაიღო... ჩემს შვილს როგორ ვერ ვიცნობ! მამა პაისი ღვთისნიერი ადამიანი იყო, შეიფარა ჩემი შვილი. ეტყობა, მაშინვე გადაუღო სურათი - იქნებ ვინმემ მოაგნოსო...

- იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, როგორ მოხდა ყველაფერი...

- 1993 წლის 15 მარტს სკოლაში წავიყვანე. ერთი გაკვეთილი ჩატარებიათ და გამოუშვიათ - სანიტარიული დღეაო. ბავშვებმა მითხრეს, მარტო წავიდა თბილისის ზღვისკენო. მთელი ზღვა შევამოწმეთ, დამხრჩვალი არ იყოს-მეთქი.

ახლაღა გავიგე, ხუთნი წასულან ზღვაზე, ტრამვაით შემოუვლიათ იქაურობა. მერე ისინი ჩამომხტარან, დათო კი გაჰყოლია ტრამვაის. სად გაჰყვა, არ ვიცი. ნეტა, როგორ გადაიტანა ოჯახის მოშორება... ძალიან ვუყვარდი. უჩემოდ ვერ ჩერდებოდა.

- მარტო ქართული ენა ეცოდინებოდა...

- არა, რუსულიც იცოდა, გერმანულზეც დამყავდა, მაგრამ ბერძნული სიტყვა არ იცოდა... ნეტა როგორ აგებინებდა რამეს უცხო ხალხს... საშინელება გადავიტანეთ. მამაჩემს დათოს ნატვრაში ამოხდა სული... მე სულ ვტიროდი. მელანდებოდა, რომ მეძახდა, - დედა, დედაო... მერე მითხრეს, ბავშვებს იტაცებენ და ორგანოებს აცლიანო. ამაზე სულ გავგიჟდი. დარდით ერთ ღამეში გავჭაღარავდი. გადავწყვიტე, მონასტერში წავალ, ვილოცებ, რომ ჩემი დათო კარგად იყოს-მეთქი. მამაჩემი გადაირია, 5 წლის ბავშვს ვიღას უტოვებო... ჩემი უმცროსი შვილი გოგა ძალიან ცუდად იყო. ძმის დაკარგვის შემდეგ ისე დარდობდა, სიცილს გადაეჩვია. სკოლაში რომ მივიყვანე, ოთხი წელი კართან ვიდექი. ვერ ვტოვებდი. ერთ დღეს მასწავლებელი გამოვიდა ტირილით და მომახარა, - შენმა შვილმა გაიღიმაო.

რომ ვიცოდე, ვინ მომტაცა შვილი, მასაც კი ვაპატიებ, ოღონდ ჩემს დათოსთან დაკავშირება მეღირსოს. ერთადერთ ფოტოზე ვართ მე და ჩემი მეუღლე დათოსთან ერთად. იქნებ გამოაქვეყნოთ. თქვენი გაზეთი ბევრს უყვარს, უცხოეთშიც იგზავნება. იქნებ ნახოს და გავახსენდე... გაიგოს, რომ 16 წელია ერთი დღითაც არ შემიწყვეტია მისი ძებნა...

ამ საოცარ ამბავში ჟურნალ "კარიბჭეს" თავისი ადგილი აქვს. ამიტომაც გადავწყვიტეთ მის რედაქტორთან დაკავშირება.

თამარ მამაცაშვილი, ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი:

- ორი წლის წინ ჩვენს ჟურნალში დაიბეჭდა კახაბერ კენკიშვილის მიერ მომზადებული მასალა ბერ პაისიზე, რომლისთვისაც ილუსტრაციები მოვიძიეთ ინტერნეტში. ერთ ფოტოზე ბერი პაისი ბიჭთან ერთად იყო გადაღებული. "კარიბჭის" ამ ნომრის გამოსვლის შემდეგ დაგვიკავშირდა გამომძიებელი. როგორც აგვიხსნა, "კარიბჭის" მკითხველი იყო ქალბატონი, რომელიც წლების წინ დაკარგულ ვაჟს ეძებდა და მოულოდნელად ფოტოზე საკუთარი შვილი ამოიცნო. მაშინ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გვთხოვეს, მეტი არაფერი დაგვებეჭდა ამ ფაქტის შესახებ. ყველაფერი უფლის ნებით ხდება. "კარიბჭეში" ხშირად გავმხდარვართ პატარ-პატარა სასწაულების მომსწრე, ეს ნამდვილად გვაძლიერებს და გვახარებს... ესეც პატარა სასწაულივით იყო, როცა დედამ დაკარგული შვილი ფოტოზე იცნო...


ლელა ჯიყაშვილი

-----------------------------------------------------------------------------------



ამ სტატიას წავაწყდი ინტერნეტში და ძალიან დამაინტრიგა. თუ ვინმე ცხოვრობთ ამერიკაში, არიზონაში იქნებ დაეხმაროთ ამ ქალბატონს შვილის პოვნაში და დაუკავშირდეთ ამ ყმაწვილს, რომელიც ამჯერად არიზონის შტატში ბერძნულ ორთოდოქსულ ეკლესიაში მსახურობს ბერი სტეფანისის სახელით. მართლაც უდიდესი სასწაულია ასეთი თანამედროვე წმინდანის გვერდით როგორ აგმოჩნდა 11 წლის ქართველი ყმაწვილი.

თუ რაიმე ინფორმაცია გაკვთ ამ საკითხის შესახებ იქნებ გამომეხმაუროთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 9 2009, 04:34 PM

ამ ბავშვის ამბავი "კარიბჭის" იმ ნომრის გამოქვეყნებისთანავე გავიგე და მას მერე მაინტერესებს, როგორ განვითარდა მოვლენები.

ძალიან გამიხარდა, რომ ბავშვის დღევანდელი ადგილსამყოფელი ცნობილია. იქნებ იპოვონ მშობლებმა. იმედია ამ ამბის დასასრულსაც შევიტყობთ "კარიბჭიდან" smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2009, 04:44 PM

მართლაც საოცარი ამბავია.
იქნებ ვინმემ შეძლოს დახმარება.

პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 22 2010, 04:32 AM

გამარჯობათ.., არის რამე ახალი მამა სტეფანეზე, თუ კიდევ ეძებენ?

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 17 2010, 03:43 PM

მე ჯერ არაფერი ახალი არ გამიგია :-(

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 9 2011, 02:07 PM

რაიმე ახალი ხომ არ გაგიგიათ???

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 9 2011, 04:35 PM

კი, ახლა რომ იყვნენ ათონელი ბერები ჩამოსული, მათ შეხვდა ამ ბიჭის მამა და თავისი ვარაუდებიც გაუზიარა. ბერებმა ამ ადამიანის შესახებ არაფერი იციან, თუმცა მშობლები დააიმედეს, რომ აუცილებლად მოიძიებდნენ, გაარკვევდნენ, რამდენად შეესაბამება ამ ბიჭისა და ათონზე მცხოვრები ადამიანის ვინაობა და შეატყობინებენ.

იხილეთ გაზეთი ''საპატრიარქოს უწყებანი'', 2 ნომრის წინ იყო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)