IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმიდა იუსტინე მარტვილი, ფილოსოფოსი
†სერგი†
პოსტი Jun 14 2014, 02:53 PM
პოსტი #1


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



გამარჯობა ჩემო კარგებო. ძალიან მომენატრეთ. უბრალოდ ჩემი რამდენიმე პირადი პრობლემის გამო ვერ ვახერხებ აქტიურად თქვენთან ყოფნას. მაპატიეთ და გპირდებით მალე გამოვაცოცხლებთ ამ თემას.

დღეს არის ხსენება წმიდა იუსტინე მარტვილისა ყველას გილოცავთ და შეგეწიოთ მისი ლოცვა....

ცხოვრება: წმიდა იუსტინე მარტვილი

II ს-ის ბერძენ ღვთისმეტყველთა შორის ერთ-ერთი უსაჩინოესია იუსტინე მარტვილი. რომელიც დაიბადა პალესტინაში, სიქემში, ამჟამად ფლავია ნეაპოლისში, წარმართულ ოჯახში; იუსტინე თავად მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ ეძიებდა იგი ჭეშმარიტებას სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებში და როგორ ეზიარა შემდეგში ქრისტიანულ მოძღვრებას; ასე გვაუწყებს იგი: “მეც, რომელსაც მსგავსადვე მსურდა შევხვედროდი ვინმე ფილოსოფოსს, თავდაპირველად (“კატა არხას”) მივებარე ერთ სტოიკოსს და დავყავი მასთან საკმაო ხანი. მაგრამ რადგანაც ღვთის შესახებ მისგან არაფერი შემმატებია (არც თვით იცოდა რაიმე და არც საჭიროდ თვლიდა ამგვარ სწავლებას), დავტოვე იგი და სხვას მივაშურე, რომელსაც პერიპატეტიკოსად[1] უხმობდნენ, და რომელიც გამჭრიახი ჩანდა (“დრიმიუს”, პგ. VI. შვ. 477).

პირველ დღეებში დამახანა მან, შემდეგ კი მოითხოვა ფასზე შევთანხმებულიყავით, რათა უსარგებლოდ არ ჩავლილიყო ჩვენი ურთიერთობა; ამის გამო ისიც დავტოვე, რადგანაც ფილოსოფოსად აღარ ჩავთვალე. ჩემი სული კვლავ მოწყურებული იყო გაეგო, თუ რა არის არსი და ღირსება ფილოსოფიისა (“ტო იდიონ კაი ტო ექსაირეტინ ტეს ფილოსოფიას”), ამიტომაც მივედი უმეტესად სახელოვან პითაგორელთან, კაცთან, რომელიც დიდად იქადდა თავისი სიბრძნით. როდესაც გავესაუბრე მას და სურვილი გამიჩნდა გავმხდარიყავი მისი მსმენელი (“აკროატეს”) და თანამყოფი (“სჳნუსიასტეს”), ასე მომიგო: “რამდენად ხარ დაუფლებული მუსიკას, ასტრონომიას და გეომეტრიას? ან იქნებ ფიქრობ, რომ შეძლებ რაიმე გაიგო მათ შესახებ, რომლებიც ნეტარებას შეერთნენ (“ტონ ეის ევდაიმონიან”), თუკი ამ საგანს არ შეისწავლი უპირველესად, რომლებიც სულს გრძნობებისაგან განაშორებენ და გონისეულთა შეცნობის უნარს შეუმზადებენ მას (სიტყვ. “გონისეულთათვის ვარგისად შეამზადებენ მას”), რომ იხილოს სულმა თვითმშვენიერი და თვითკეთილი. ამის შემდეგ ფრიად აქო მან ეს საგნები და მათი აუცილებლობა ცხადყო, შემდეგ კი, როდესაც ვაღიარე, რომ არაფერი ვიცოდი მათ შესახებ, უკან გამომიშვა... როდესაც საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, გადავწყვიტე პლატონელებსაც შევხვედროდი, რამეთუ ფრიად სახელოვანნი იყვნენ. ერთ გონიერ კაცთან, პლატონელთა შორის გამოჩენილთან, რომელიც ახლახანს დასახლდა ჩვენს ქალაქში, საკმაო ხანს ვიწვრთნებოდი, წარვემატებოდი კიდეც და ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტს ვიძენდი. დიდად სათნო-მიჩნდა უსხეულოთა შემეცნება (“ჰე ტონ ასომატონ ნოესის”) და იდეათა ჭვრეტამ ააფრთოვანა ჩემი გონება (“ჰე თეორია ტონ იდეონ ანეპტერუ მოი ტენ ფრონესინ”), ისე რომ, ცოტა ხანში ბრძენად დავსახე ჩემი თავი და ვიმედოვნებდი, რომ ამგვარი სისულელით (“ბლაკეია”) მყის ვიხილავდი ღმერთს, რადგანაც სწორედ ესაა მიზანი პლატონური ფილოსოფიისა” (“ტუტო გარ ტო ტელოს ტეს პლატონიკეს ფილოსოფიას”) (იხ. პგ. VI, სვ. 478).

ამგვარი გზის გავლის შემდეგ, ერთხელ წმ. იუსტინე განმარტოებულ ადგილას, ზღვის მახლობლად წააწყდება ვიღაც მოხუცს, რომელიც დაარწმუნებს მას, რომ ჭეშმარიტების შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველთა სიტყვები გვაუწყებენ. სწორედ მაშინ გაიგებს იუსტინე პირველად, რომ ყოფილან ფილოსოფოსებზე გაცილებით ადრე “ნეტარი და მართალი კაცები, ღვთისმოყვარენი და საღვთო სულით ამეტყველებულნი, რომლებმაც წინასწარ გვაუწყეს ყოველივე ის, რაც ამჟამად ხდება; მათ უწოდებენ “წინასწარმეტყველთ”. მხოლოდ მათ უწყოდნენ ჭეშმარიტება; არათუ განდიდებას შეეპყრო ისინი, არამედ მხოლოდ ის გამოთქვეს, რაც ესმათ და იხილეს, რადგანაც სულიწმიდით იყვნენ სავსენი. მათი ნაწერები დღესაც არსებობს და მკითხველს დიდ სარგებელს ანიჭებს როგორც დასაბამთა შესახებ, ასევე აღსასრულთა შესახებაც (“კაი პერი არხონ კაი პერი ტელუს”). მათი ცოდნა და რწმენა ხამს ფილოსოფოსისათვის. არგუმენტებით როდი შეუთხზავთ მათ სიტყვები, არამედ ზეაღემატებიან ისინი ყოველგვარ მტკიცებას და ღირსმორწმუნედ ეწამებიან ჭეშმარიტებას. ყოველივე, რაც მოხდა და ხდება, გვაიძულებს, რომ დავეთანხმოთ მათ მიერ ნათქვამს. ...მათ ადიდეს ღმერთი, შემოქმედი და მამა ყოველივესი, და მისი ძე ქრისტე გვიქადაგეს... ილოცე, რომ შენც უწინარეს ყოვლისა გაგეხსნას კარი ნათლისა, რაც ყველას მიერ სახილველი და შესაცნობი როდია, არამედ მხოლოდ მათთვის, რომლებსაც თვით ღმერთი და ქრისტე მისი მიმადლებს გონიერებას” (VI. შვ. 492).

წმ. იუსტინე დასძენს: “ესა და კიდევ მრავალი მაუწყა მან, რისი თქმაც ამჟამად უადგილოა, შემდეგ კი წავიდა და დამიბარა, რომ გამომეძია მისი ნათქვამი. აღარასოდეს მინახავს იგი” (“კაი უკეტი აუტონ ეიდონ”).

ასე გაქრისტიანდა იუსტინე. როგორც თვით გვაუწყებს, “მყის აღენთო ცეცხლი ჩემს სულში, მომიცვა ტრფიალებამ (“ეროს”) წინასწარმეტყველთა და, აგრეთვე, იმ კაცთა მიმართ, რომლებიც ქრისტეს მოყვარენი არიან. ჩემს თავში ავწონ-დავწონე (“დიალოგიძომენოს”) მისი სიტყვები და მხოლოდ ეს ვპოვე უცთომელ და სულისმარგებელ (“სჳმფოროს”) ფილოსოფიად. ასე და ამგვარად ვარ ფილოსოფოსი. მსურს, რომ ყველა ის, ვინც ჩემებრ აღეგზნება, არ განუდგეს მაცხოვრის სიტყვებს” (VI. შვ. 492).

სწორედ ჭეშმარიტების წვდომის სურვილმა, აგრეთვე მარტვილთა სულიერმა გაუტეხელობამ, ჭეშმარიტებისათვის მათმა თავდადებამ უწინამძრვრა იუსტინეს ქრისტიანობისაკენ. იუსტინე გვაუწყებს: “როდესაც ვიხარებდი პლატონურ სწავლათა მიერ, მესმა ცილისწამებანი ქრისტიანთა შესახებ და ვიხილე ისინი უშიშარნი სიკვდილისა და ყოველივე სხვა სატანჯველთა წინაშე. მაშინ ვიფიქრე, რომ შეუძლებელი ჩანდა ბოროტებასა და განცხრომაში ეცხოვრათ მათ. შვებისმოყვარეთაგან ანდა აღვირახსნილთაგან... ვინ ყოფილა ისეთი, ვინც შეგებებია სიკვდილს (სიტყვ. “მისალმებია სიკვდილს” – “თანატონ ასპაძესთაი”), რაც გამოაკლებდა მათ განცხრომათაგან” (სვ. 464).

ამ გზით წმ. იუსტინემ არა მხოლოდ ქრისტიანული რწმენა შეიცნო, არამედ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე ბოროტი ძალების ბუნებაც საცნაურყო: “როდესაც შევიცან ბოროტ დემონთა მიერ ქრისტიანთა საღვთო მოძღვრებაზე გარსმოხვეული უკეთურება, რათა გზას აეცდინათ სხვა ადამიანები... დავცინოდი მათ ცრუმეტყველებას და მრავალთა აზრებს. ვაღიარებ, რომ ვლოცულობდი და ძალუმად ვიღწვოდი, რომ ქრისტიანი ვყოფილიყავი”. ქრისტიანად გახდომის შემდეგ, რაც ალბათ, ქალაქ ეფესოში მოხდა[2], იუსტინემ მიზნად დაისახა ქრისტიანობის დაცვა და ფილოსოფოსის მანტიით მოსილი მოგზაურობას შეუდგა. იუსტინე რომში მივიდა ანტონინუს პიუსის ჟამს (138-161) და იქ თავისი სკოლა დააარსა. მისი მოწაფე იყო აპოლოგისტი ტატიანე. აქვე შეხვდა იუსტინე მოწინააღმდეგე ფილოსოფოსს ცინიკოს კრესცენს.

ჩვენამდე მოღწეულია იუსტინეს მოწამეობრივი აღსასრულის ამსახველი სანდო აქტები. წმ. იუსტინე ეწამა 165 წ.

წმ. იუსტინე ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, როგორც აურაცხელი საღვთისმეტყველო შრომის ავტორი. სამწუხაროდ, მათგან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ სამმა, რომელთაგან ორი წარმოადგენს ქრისტიანული სარწმუნოების “აპოლოგიას”, მესამე კი დიალოგური ფორმისაა და ასეთ სათაურს ატარებს: “სიტყვისგება იუდეველი ტრიფონისადმი”. რაც შეეხება ქვემოთ წარმოდგენილ თხზულებას: “სიტყვა ელინთა მიმართ”, იგი მკვლევართა ნაწილის მიერ, სტილური ასპექტით, იუსტინეს შრომად არ არის მიჩნეული, თუმცა საეკლესიო ტრადიცია და უადრესი გამოცემები (მათ შორის ჟ. მინის გამოცემაც, საიდანაც ვთარგმნეთ იგი (იხ. პგ. VI) ამ ძეგლს უყოყმანოდ განუკუთვნებენ წმ. იუსტინეს.

შემორჩენილი შრომები ქრისტიანობის დიდი აპოლოგეტისა უმნიშვნელოვანესი წყაროა მეორე საუკუნის საეკლესიო ღვთისმეტყველების შესასწავლად. აღნიშნული შრომები ყურადღებას იქცევს მრავალი ასპექტით. შევეხებით ზოგიერთ მათგანს.



1. ღვთის შესახებ წმ. იუსტინეს მოძღვრება[3]:

წმ. იუსტინე ღმერთს, უპირველესად, დაუსაბამოდ აღიარებს და “გამოუთქმელად” (“არრეტოს”) სახელდებს მას:

“ყოველთა მამას, უშობელს სახელდება არა აქვს; თუკი რაიმე სახელი ეწოდება მას, მაშინ სახელის მდებელი მასზე უხუცესი (“პრესბჳტეროს”) უნდა იყოს. “მამა”, “ღმერთი”, “შემოქმედი”, “უფალი”, “მეუფე”, ეს ყველაფერი სახელები როდია, არამედ ქველმოქმედებათა და საქმეთა შესაბამისი წოდებანი (“პროსრესეის”). მხოლოდ მისი ძე არის ჭეშმარიტად წოდებული ძედ, სიტყვა უწინარესი ქმნილებათა, თანამყოფი და შობილი. რაჟამს დასაბამში მის მიერ ყოველივე შექმნა და განამშვენა მან. “ქრისტეა” იგი, რადგანაც იცხო მან (“ხრისტოს” – “ცხებული”; “ხრიძო” - “ცხება”; ე.ჭ.) და მის მიერ ყოველივე შეამკო ღმერთმა. იგივე სახელი შეიცავს, აგრეთვე, შეუცნობ შინაარსს (“ონომა კაი აუტო პერიეხონ აგნოსტონ სემასია”). მსგავსადვე, წოდება “ღმერთი” სახელი არ არის, არამედ გამოუთქმელი საქმის შესახებ ადამიანის ბუნებაში აღმოცენებული (სიტყვ. “შთანერგილი” – “ემფჳტოს”) აზრი, ხოლო “იესუ” არის სახელი და აღმნიშვნელი კაცისა და მაცხოვრისა” (სვ. 453).

იუსტინეს სწავლებით უმჯობესი სახელი, რომელიც შეიძლება ეწოდოს მას, არის “მამა”, რადგანაც “შემოქმედი”, ამავე დროს, არის ყოველივეს მამა.

წმ. იუსტინეს აზრით, მამა ღმერთი მკვიდრობს თავის უზენაეს წიაღში. მას არ ეთვისება სამყოფელის მიტოვება, მოძრაობა და სხვა.

“როდესაც ღმერთი ამბობს: “ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან” (შესაქ. XVII, 22), ან კიდევ: “ეტყოდა უფალი მოსეს”, ანდა: “გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა” (შესაქ. XI, 5), ან: “და დახშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი” (შესაქ. VII, 16), ნუ იფიქრებთ, თითქოს თავად უშობელი ღმერთი ჩამოდის ანდა ადის რაიმე ადგილიდან. გამოუთქმელი მამა და ყოველთა უფალი არც საითმე მიიწევს, არც მიდის, არ იძინებს, არც დგება, არამედ თავის სამკვიდრებელში, სადაც იმყოფება, ჰგიეს, მახვილად ხედავს და მახვილად ისმენს. არათუ თვალთა და ყურთა მიერ, არამედ ენით უთქმელი ძალით; ყოველივეს ხედავს, ყოველივეს შეიცნობს და ვერავინ ჩვენთაგან ვერ დაემალება მას; არცთუ იძრვის იგი, რომელსაც ვერ დაიტევს ადგილი, ვერც მთელი სამყარო, რომელიც იყო სამყაროს ქმნამდე. ხოლო ამგვარი ვინმე როგორ მიუგებს სიტყვას ვინმეს ანდა როგორ იხილავს მას ვინმე, ან კიდევ როგორ გამოჩნდება იგი დედამიწის უმნიშვნელო ნაწილში, მაშინ როცა სინას მთაზე მისგან მოვლინებულის სიდიადეც კი ვერ იხილა ერმა და ვერც მოსემ შეძლო შესულიყო მის მიერ აგებულ კარავში, ვიდრე არ აღივსო იგი საღვთო სიდიადით” (სვ. 771-773).

ასევე, სხვაგან, “გამოსვლათა” III თავის განმარტების ჟამს, იუსტინე შენიშნავს: “ვერავინ იკადრებს იმის თქმას, თუნდაც გონებაშეზღუდული იყოს იგი, რომ ყოვლიერების შემოქმედმა და მამამ დატოვა ცის ზემოთ ყოველივე (“ტა ჰჳპერ ურანონ ჰაპანდა”, სვ. 612) და მიწის მცირე ნაწილში გამოჩნდა”.

მაგრამ თუკი ღმერთი ტრანსცენდენტურია და აღემატება ყოველ არსებას, აუცილებელია ღმერთსა და კაცს შორის უფსკრულზე ხიდის გადება და ადამიანის ღმერთამდე აზიდვა. ამას აღასრულებს სიტყვა ღვთისა. ლოგოსი, რომელიც შუამავალია, შუამდგომელია შემოქმედსა და შექმნილს შორის. ღმერთი, მამა სამყაროსი, სწორედ მის მიერ უერთდება სამყაროს, მის მიერ ვლინდება იგი. ამგვარად, სიტყვა ღვთისა არის გზა მამისაკენ, მოძღვარი და წინამძღვარი კაცთა. ეს სიტყვა მამის წიაღში მკვიდრობს დაუსაბამოდ და დაუსაბამოდ იშვება მისგან, რომ შექმნას სამყარო. თავის “სიტყვისგებაში” იუსტინე ლოგოსის შობას სახეობრივად ასე წარმოგვიდგენს:

“უწინარეს ყოველთა ქმნილებათა ღმერთმა შვა თავისი თავიდან დასაბამიერი, გონიერი ძალა, რომელიც სული წმიდის მიერ “უფლის დიდებად” იწოდება, ან კიდევ “ძედ”, ან “სიბრძნედ”, ან “ანგელოზად”, ან “ღმერთად”, “უფლად”, ან “სიტყვად”, რომელმაც თავის თავს “მხედართმთავრადაც” სახელდო, როდესაც კაცის სახით ეჩვენა ისუ ნავეს; ფლობს ის ყველა ამ სახელს, რამეთუ მსახურებს მამისეულ ნებას და მამისეული ჯერჩინებით იშვება იგი[4], არა იმგვარად, როგორც ვხედავთ ჩვენგან ქმნილ სიტყვას, რომელსაც წარმოთქმის ჟამს “ვშობთ”... არამედ მსგავსად ცეცხლისა, რომლისაგანაც ალი იქმნება; აალებისას ცეცხლი შემცირებას არ განიცდის და როგორც იგი რჩება უცვლელი, ასევე უცვლელი რჩება მისგან წარმოქმნილი ალი, რომელიც თუმცა ცხადჩენილია, მისი სათავე მაინც არ მცირდება. მემოწმება მე “სიბრძნის” სიტყვა, რომ ეს არის თვით ღმერთი, შობილი ყოველთა მამისაგან, “სიტყვა”, “სიბრძნე”, “ძალი” და “დიდება” მშობელისა, რომელიც ამბობს სოლომონის მიერ: “...უფალმა შემქნა მე დასაბამად გზათა მისთა საქმეთა მისთათვის” (სიბრძნე” VIII, 21).

საგულისხმოა, რომ იუსტინეს სწავლებით ყოველი ადამიანი თავის გონებაში ფლობს ლოგოსის “თესლს” (“ტო სპერმა”), ე.ი. არა მხოლოდ “ძველი აღთქმის” წინასწარმეტყველნი, არამედ წარმართი ფილოსოფოსებიც შეიცავდნენ ლოგოსის “თესლს”. იუსტინე ასახელებს ჰერაკლიტეს, სოკრატეს და სტოელ ფილოსოფოსს მუსონიუსს, რომლებიც, მისი მითითებით, ცხოვრობდნენ ღვთის სიტყვის, ლოგოსის განწესებათა მიხედვით და ეს მოაზროვნეები არსებითად წინა ქრისტიანები იყვნენ:

“გვისწავლია, რომ ქრისტე არის პირმშო (“პროტოტიკოს”) ღვთისა და როგორც უკვე აღვნიშნე, “სიტყვაც” არის ის, რომელსაც კაცთა მთელი მოდგმა ეზიარება. ისინი, ვინც ამ სიტყვის მიხედვით ცხოვრობენ, ქრისტიანები არიან, თუმცა უღმერთოებად რაცხენ მათ როგორც სოკრატეს, ჰერაკლიტეს და მათ მსგავსებს ელინთა შორის, აბრაამს, ანანიას, აზარიას, მისაელს, ელიასა და მრავალ სხვას ბარბაროსთა შორის, რომელთა საქმეთა და სახელთა აღრიცხვა დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ გვერდს ვუვლით” (აპოლოგია 1,46).

იუსტინე, ამ აზრით, ანტიკურ ფილოსოფიაში ქრისტიანულ მარცვალს ჭვრეტს, მაგრამ ეს მარცვალი საცნაურია, საწვდომია სწორედ მაცხოვნებელი ჭეშმარიტების შუქზე და არა თავისთავად, არა საკუთრივ ანტიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით:

“არათუ უცხოა პლატონის სწავლება ქრისტესგან, არამედ მთლად მსგავსი არ არის, ისევე როგორც სხვათა სწავლებანი, - სტოიკოსთა, პოეტთა, მწერალთა. თითოეული მათგანი ნაწილობრივ ჭვრეტდა მას, რაც ეთვისება საღვთო და სპერმატულ სიტყვას,[5] შემდეგ კი გამოთქვამდა შესაფერისად (სიტყვ. “კარგად”)... და რაც სხვა დანარჩენთან ერთად კარგად თქვეს მათ, ჩვენ გვეკუთვნის, ქრისტიანებს, რადგანაც ღმერთთან (მამაღმერთთან, - ე.ჭ.) ერთად თაყვანს ვცემთ და გვიყვარს უშობელი და გამოუთქმელი ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენს გამო კაცი გახდა და შეაძლებინა ბუნდოვნად განჭვრეტა არსთა; ხოლო სხვა არის რაიმეს თესლი და, ძალისამებრ, ბოძებული მსგავსება და სხვა არის (თესლი), რომლის მადლითაც მასვე ვეზიარებით და ვემსგავსებით” (აპოლოგია 2,13).

ცოტა ზემოთ წმ. იუსტინე შენიშნავს:

“რაც კი ფილოსოფოსებმა და კანონმდებლებმა კარგად თქვეს და აღმოაჩინეს, ყოველივე ეს სიტყვის ნაწილობრივი შეცნობითა და განჭვრეტით იქმნა; ხოლო რადგანაც მათ სრულიად ვერ შეიცნეს ყოველივე ის, რაც სიტყვისაა, რომელიც არის ქრისტე, ამიტომ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც კი წარმოთქვეს. ისინი, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ კაცთა შორის და რომლებმაც სცადს გონების ძალით (“ლოგო პეირათენტეს”, 460) განეჭვრიტათ და გაეცხადებინათ საგნები (“ტა პრაგმატა”), როგორც უღვთონი და უსარგებლონი სამსჯავროზე წარადგინეს. ამ მხრივ ყველაზე უფრო მეტად მგზნებარე კაცს, სოკრატეს იმგვარი ბრალი დასდეს, როგორსაც ჩვენ გვდებენ, რადგანაც სოკრატეზე თქვეს, რომ მან ახალი ღმერთები (“დაიმონია”), შემოიტანა, ხოლო ქალაქის მიერ ღმერთებად პატივდებულნი უარყო (სიტყვ. “არ ჩათვალა”). მან უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს... და გონებრივი ძიების გზით (“დია ლოგუ ძეტესოს”, სვ. 461) შეუცნობელი ღვთის შეცნობისაკენ (“პროს თეუ აგნოსტუ... ეპიგნოსინ”) წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: “ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო”. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა. ქრისტე, რომელიც ნაწილობრივ (“აპო მერუს”) შეიცნო სოკრატემ (ხოლო ქრისტე იყო და არის სიტყვა, ყველაფერში მყოფი, რომელმაც წინასწარმეტყველთა პირით წინდაწინ გვაუწყა სამომავლოდ აღსრულებადი, შემდეგ კი თვითვე თანამლმობელი გვექმნა და გვასწავლა ეს ყოველივე), არა მხოლოდ ფილოსოფოსთა და მესიტყვეთათვის (“ფილოლოგია”) გახდა სარწმუნო, არამედ ხელოსნებისათვისაც და ყოვლად უმეცართათვის, რომლებმაც უგულებელყვეს დიდება, შიში, სიკვდილი, რადგანაც (ქრისტე) არის ძალი გამოუთქმელი მამისა (“დჳნამის ესტი ტუ არრეტუ პატროს”) და არა ჭურჭელი კაცობრივი სიტყვისა” (სვ. 461).

ამგვარად იუსტინე მარტვილი გვასწავლის, რომ წარმართულ ფილოსოფიაშიც არის ჭეშმარიტების რამ მარცვალი. აქვე თავს იჩენს ცნობილი აზრი, რომ ანტიკური ლიტერატურა შეიცავს ნასესხობებს “ძველი აღთქმიდან” (შდრ. აპოლოგია 1,44).

იუსტინეს დასკვნა ის არის, რომ მაცხოვნებელი ჭეშმარიტება მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია, რადგანაც მაცხოვარი, რომელიც მათ გამოუჩნდა, თავად არის სრული ჭეშმარიტება, სრული ნათელი.



2. წმ. იუსტინეს მარიოლოგია

წმ. იუსტინე პირველი ავტორია, რომელიც პავლე მოციქულისეულ პარალელს იესო ქრისტესა და ადამს შორის უმატებს ყოვლადწმინდა მარიამისა და ევას შეპირისპირებას:

“როდესაც “ძედ” ვამბობთ (ქრისტეს), იმას ვგულისხმობთ, რომ უწინარეს ყოველი შესაქმისა გამოვიდა იგი მამისაგან მისი ძალითა და ნებით (იგივე არის “სიბრძნე”, “დღე”, “აღმოსავლეთი”, “მახვილი”, “ქვა”, “კვერთხი”, “იაკობი”, “ისრაელი” და კიდევ სხვა სახელები, რასაც კი უწოდებენ მას წინასწარმეტყველური სიტყვები). ქალწულისაგან განკაცდა იგი, რომ იმავე გზით დაეწყო მას, რა გზითაც გველისმიერ ურჩებას მიეცა დასაბამი, რადგანაც უხრწნელი ქალწული იყო ევა, რომელმაც მუცლად-იღო სიტყვა გველისა და ურჩება და სიკვდილი შვა, ხოლო ქალწულმა მარიამმა რწმენა და მადლი შეიწყნარა, რაჟამს ახარებდა მას Gგაბრიელ ანგელოზი: “სული უფლისა,[6] მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ” (ლ. 1,35): და რადგანაც მისგან შობილი სიწმიდე არის ძე ღვთისა, ამიტომ, ასე მიუგო მან ანგელოზს: “მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა” (ლ. 1,38). მარიამისაგან იშვა იგი, რომლის შესახებაც, როგორც გაგიცხადეთ, გვაუწყებდა წერილი. მის მიერ განაქარვებს ღმერთი გველს, მის მსგავს ანგელოზებსა და ადამიანებს, ხოლო მათ, რომლებმაც მოინანიეს ცოდვები და ერწმუნენ ქრისტეს, სიკვდილისაგან გამოხსნას ანიჭებს იგი” (სვ. 712; “სიტყვისგება”, თავი 100).




3. წმ. იუსტინეს ანგელოლოგია და დემონოლოგია

იუსტინე, ასევე, ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი ავტორია, რომელიც ანგელოზთა თაყვანისცემის შესახებ გვაუწყებს:

“...ამიტომაც უღმერთოებს გვიწოდებენ; ვაღიარებთ, რომ მართლაც უღმერთონი ვართ ამგვარ ცრუ ღმერთთა მიმართ, მაგრამ არა – უჭეშმარიტესისადმი, სიმართლის, სიწმიდისა და ყველა სათნოების მამისადმი, ბოროტისაგან შეუზავებელი ღვთისადმი. ვეთაყვანებით და თაყვანსვცემთ მას და მისგან გამოსულ ძეს, რომელმაც გვასწავლა ეს ყოველივე, აგრეთვე, მის თანმხლებ და მისდამი მიმსგავსებულ კეთილ ანგელოზთა მხედრობას და წინასწარმეტყველურ სულს (“პნევმა ტო პროფეტიკონ”); სიტყვითა და ჭეშმარიტებით პატივს მივაგებთ მათ: ყველას, ვისაც სურს სწავლა, რაც თვით ვისწავლეთ, უშურველად გადავცემთ” (აპოლ. 1,6; VI სვ. 336-337).

ანგელოზები, იუსტინეს თქმით, ზეციდან ზრუნავენ კაცთათვის: “ღმერთმა, რომელმაც შექმნა მთელი კოსმოსი და დედამიწაზე კაცს დაუმორჩილა ყოველივე, ხოლო ზეციური განწესებანი (“ტა ურანია სტოიხეია”) ნაყოფთა აღმოცენებისა და ჟამთა ცვლისათვის შეამკო და ისინიც კაცთათვის შექმნა, მანვე განარჩია ამგვარი საღვთო რჯულდება, რომლის ძალითაც ადამიანთა და, საერთოდ, ცისქვეშეთის გამგებლობა მათთვის განწესებულ ანგელოზებს უბოძა” (აპოლ. 11,5; VI. შვ. 452).

საგულისხმოა, რომ წმ. იუსტინე ანგელოზებს, მათი სულიერების მიუხედავად, გარკვეული რამ სხეულის მქონედ წარმოგვიდგენს: “ისინი, რომლებიც ანგელოზები იყვნენ ჭეშმარიტად, ზეცაშიც იღებენ საზრდელს, თუმცა არა იმგვარსავე, როგორსაც ჩვენ, ადამიანები. მანანას შესახებ, რომლითაც თქვენი (იუსტინე მიმართავს ებრაელ ტრიფონს, ე.ჭ.) მამები გამოიკვებნენ უდაბნოში, წერილი ამბობს, რომ მათ “ანგელოზთა პური ჭამეს”. მე კი ვიტყოდი, რომ როდესაც სიტყვა ამბობს: “ჭამეს”, იმგვარად ამბობს ამას, როგორც ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა ცეცხლის შესახებ, რომ იგი ყოველივეს “ჭამს”, თუმცა ამით იმას როდი ვგულისხმობთ, რომ კბილებით და ყბების ღეჭვით ჭამენ ისინი (ანგელოზები). ასე რომ, აქაც არაფერი იქნება გაუგებარი, თუკი მცირედ მაინც განვისწავლებით სახისმეტყველებაში (“ტროპოლოგია”) (VI. შვ. 605, სიტყვისგება, 57).

შეხედულება ანგელოზთა სხეულებრიობის შესახებ საფუძველია ანგელოზთა დაცემის იუსტინესეული განმარტებისა. მისი უწყებით, ანგელოზებმა სცოდეს მაშინ, როდესაც მათ ქალებთან ხორციელი კავშირი დაამყარეს: “ანგელოზებმა დაარღვიეს ეს (საღვთო) რჯულდება, დამდაბლდნენ ქალებთან თანაზიარობამდე და შვეს შვილები, რომლებიც არიან ე.წ. დემონები”.[7] ხსენებული დემონები, იუსტინეს აზრით, მარადიულ ცეცხლში დაისჯებიან ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს. იგი გვაუწყებს:

ჩვენს შორის ბოროტ დემონთა პირველსათავედ გველი ითვლება, იგივე სატანა და ეშმაკი (“დიაბოლოს”)... რომელსაც მოელის ცეცხლში შთანთქმა მის ლეგიონთა და თანმხლებ კაცებთან ერთად. მათი დაუსრულებელი და საუკუნო სასჯელის შესახებ წინდაწინ გვაუწყა ქრისტემ. ხოლო ამგვარი რამ ახლავე იმიტომ არ იქმნება, რომ აყოვნებს ღმერთი კაცთა გამო, რადგანაც წინდაწინ უწყის, რომ ზოგიერთები უნდა ცხონდნენ სინანულის გზით, ხოლო ზოგიერთები ჯერ კიდევ უნდა იშვნენ” (I აპოლ. 28).

ასე რომ, მეორედ მოსვლამდე დემონებს კვლავ ძალუძთ აცთუნონ ადამიანები. ქრისტეს განკაცების შემდეგ ისინი უფრო მეტად გულმოდგინეობენ, რომ დააბრკოლონ ადამიანის ღვთისკენ მიქცევა (იხ. აპოლოგია 1,26, 54, 57, 62). მათი იარაღია ერეტიკული სწავლებანი. მწვალებლები ქადაგებენ არა მამასა და ძეს, არამედ სხვა ღმერთს. დემონებმა ანუ ეშმაკებმა დააბრმავეს ებრაელები და აღძრეს ისინი ლოგოსის, იესუ ქრისტეს ჯვარზე საცმელად, მაგრამ რადგანაც უწყიან, რომ მაცხოვარმა მოწაფეები მიავლინა წარმართებთან მათ მოსაქცევად, მთელი ძალით წინ აღუდგებიან ჭეშმარიტების გავრცელებას, თუმცა სახელი იესუ ქრისტესი თრგუნავს და იმორჩილებს მათ (იხ. “სიტყვისგება”, 30).




4. დასაბამიერი ცოდვა და განღმრთობა

წმ. იუსტინეს სწავლებით, ყოველ ადამიანურ არსებას ძალუძს განღმრთობა. ამგვარი მადლი მათ მოენიჭათ შესაქმის დასაბამში, მაგრამ პირველმშობელთა შეცოდების გამო სიკვდილი გაჩნდა. ქრისტეს განკაცებამ დაგვისახა გზა ღმერთყოფისაკენ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა “სიტყვისგების” 124-ე თავი.

“და რადგანაც ვიხილე, რომ შეკრთნენ ისინი, როდესაც ვთქვი: “ჩვენ ღვთის შვილები ვართ”, დავასწარი მათ შეკითხვას და დავძინე: “ისმინეთ, კაცნო, რას ამბობს სულიწმიდა ამ ხალხის შესახებ: “ძენი მაღლისანი არიან ისინი” და მათ კრებულში წარმოდგება თვით ქრისტე, რომ განსაჯოს მან კაცთა ყოველი ტომი... როგორც გსურთ, ისე განმარტეთ ფსალმუნი.[8] ასედაც ცხადია, რომ ადამიანები ღირსჩენილნი იყვნენ ღმერთებად გახდომისა[9] (“...ჰოტი თეოი კატექსიონტაი გენესთაი”, სვ. 765), რომ ყველას ძალუძდა და პატივდებული იყო მაღლის შვილობისა, მაგრამ განისჯებიან და დაისჯებიან ისინი, მსგავსად ადამისა და ევასი, თავიანთი თავის გამო (სიტყვ. “მიხედვით”)” (სვ. 765; “სიტყვისგება” 124).



5. ნათლისღება და ზიარება

წმ. იუსტინეს მიერ აღწერილი ნათლობა და ევქარისტია, რაც პირველი აპოლოგიის ბოლო ნაწილში გვხვდება, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ნათლისღების შესახებ იგი გვაუწყებს:

“განგიმარტავთ, თუ რა სახით განვუკუთვნებთ ჩვენს თავს ღმერთს, რომლებიც განვახლდით ქრისტეს მიერ, რადგანაც ამგვარი განმარტების გარეშე უკეთურებაში ჩავვარდებით. რომლებიც ირწმუნებენ და დაიჯერებენ, რომ ჩვენეული სიტყვები და სწავლებანი ჭეშმარიტია, იმასაც აღგვითქვამენ, რომ ძალუძთ ამგვარად ცხოვრება, შემდეგ კი განისწავლებიან ლოცვაში და მარხულნი ვედრებასაც აღავლენენ ღვთისადმი, რომ მიეტევოთ ადრინდელი შეცოდებანი; მათთან ერთად ვილოცავთ და ვიმარხავთ ჩვენც. ამის შემდეგ მოგყვავს ისინი, სადაც წყალია. აქ ახლად იშვებიან ისინი იმგვარივე ახალშობით, როგორითაც ახლად ვიშვით თვით ჩვენ: სახელითა ყოველთა მამისა და მეუფისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სულისა წმიდისა განბანვას აღასრულებენ წყალში, რადგანაც თვით ქრისტემ თქვა: “უკეთუ ახლად არ იშვებით, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში” (შდრ. იოანე 3,5). ხოლო ის, რომ შეუძლებელი არის ერთგზის შობილთათვის მშობელთა მუცელში შესვლა, ცხადია ყველასთვის. როგორც ადრე დავწერეთ, ესაია წინასწარმეტყველის მიერ არის თქმული, თუ რა სახით დააღწევენ თავს შეცოდებებს ცოდვილნი და მონანულნი. ამგვარად ითქვა: “განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქუენდა, ისწავეთ კეთილისა ქმნა. უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი და მოვედით და შევიტყუნეთ, - იტყჳს უფალი, - და უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქუენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამას” (ეს. 1, 16-20). ამის შესახებ მოციქულთაგან გვისწავლია ამგვარი სიტყვა: უმეცარნი ვარ ჩვენი პირველი შობისა, რადგანაც იძულებით ვიშვით თხევადი თესლისაგან, როდესაც ურთიერთშეეზავა ჩვენი მშობლები და დავიბადეთ ცუდი ჩვევებისა და უკეთური სწრაფვების წიაღში. ამიტომ იძულებისა და უმეცრების შვილნი რომ არ ვიყოთ, არამედ ნებისა და ცოდნისა (“პროაირესეოს კაი ეპისტემეს”, სვ. 421) და რომ მოგვეტევოს ჩვენი ადრეული შეცოდებანი, წყალში მყოფ ახლადშობის მოსურნეზე, რომელმაც მოინანია ადრეული შეცოდებანი, მოუხმობენ ყოველთა მამისა და მეუფე ღვთის სახელს. მხოლოდ ამას წარმოთქვამენ ისინი, როდესაც განსაბანი მიჰყავთ ემბაზთან (რადგანაც ვერავინ იტყვის გამოუთქმელი ღვთის სახელს, ხოლო თუ ვინმე კადნიერად იფიქრებს, რომ ეს შესაძლებელია, დამღუპველი სიშლეგით იქნება განცოფებული). განბანვას ეწოდება “განათლება” (“ფოტისმო”), რადგანაც ვინც ყოველივე ზემოთქმულში განისწავლება, გონება გაუნათლდება მას. მოსანათლი პირი განიბანება, აგრეთვე, სახელითა იესუ ქრისტესითა, ჯვარცმულისა პონტოელისა პილატეს ჟამს და სახელითა სულიწმიდისა, რომელმაც წინასწარმეტყველთა მიერ გვიქადაგა იესუს შესახებ ყოველივე” (სვ. 421; “სიტყვისგება”, 1,61).

ამგვარია ნათლისღების იუსტინესეული აღწერილობა. რაც შეეხება ევქარისტიას, მის შესახებ ხსენებულ აპოლოგიაში ორგზის გვაქვს უწყება. პირველი უწყება ეხება ახალმონათლულთა ლიტურგიას, ხოლო მეორე საკვირაო მსახურების აღწერას შეიცავს. ამ დღეს, კვირას ლიტურგია იწყება კანონიკურ სახარებათა საკითხავით (სახარებები იუსტინეს მიერ წოდებულია, როგორც “მოციქულთა ჩანაწერები”, სიტყვ. “მოსახსენებელები”) ანდა წინასწარემტყველთა წიგნებით. საკითხავს მოსდევს ქადაგება, რის შემდეგაც მრევლი ლოცვას აღავლენს ქრისტიანთათვის და მთელი კაცობრიობისათვის. ლოცვის დასასრულს მრევლის ყველა წევრი ურთიერთშორის აღასრულებს “მშვიდობის ამბორს”. ამის შემდეგ მოძღვართან მიაქვთ პური, ღვინო და წყალი. მოძღვარი მათზე აღავლენს წმიდამყოფელ ლოცვას. დიაკონები საუფლო ძღვენს განუყოფენ მრევლის წევრებს და უგზავნიან მათ, რომლებიც ვერ დაესწრნენ ჟამისწირვას. იუსტინე გარკვევით ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი პური და ჩვეულებრივი სასმელი, არამედ ხორცი და სისხლი იესუ ქრისტესი. ამას ადასტურებს სახარება. იუსტინეს მოაქვს თავად მაცხოვრის სიტყვები და ცხადყოფს, რომ ევქარისტიული პური და ღვინო იკურთხება და წმიდა-იქმნება იმგვარი ლოცვით, რომელიც შეიცავს მაცხოვრის ზემოაღნიშნულ სიტყვებს. საყურადღებოა, რომ ჟამისწირვის პირველ აღწერილობაში, რომელიც უშუალოდ მოსდევს ნათლობას, წმ. იუსტინე არ ახსენებს საკითხავს საღვთო წერილიდან და მოძღვრის ქადაგებას. როგორც ჩანს, მათი გამოტოვება იმით უნდა აიხსნას, რომ ევქარისტიას წინ უ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 19 2014, 09:07 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



†სერგი†
გაიხარე მეგობარა, როცა მოოიცლი შემოგვიარე და არ დაგვივიწყო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 12:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი