IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

139 გვერდი V « < 132 133 134 135 136 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Feb 21 2020, 12:50 PM
პოსტი #2661


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ბერი ეფრემ ფილოთეველი


„ჩემი ცხოვრება ბერ იოსებ ისიხასტთან“


(გაგრძელება)


იესოს ლოცვა


"ერიდან გამოსულს, რამდენიმე დღის შემდეგ მამა არსენმა მითხრა:

- კელიაში შემომიარე ყმაწვილო, ლოცვას შეგასწავლი.

მაშინ ჯერ არ ვფლობდი გონიერ ლოცვას, მაგრამ მისი კელია ორივეს რომ ვერ დაგვიტევდა ეს ვიცოდი.

- მე იატაკზე ვიდგები, შენ - საწოლის ფიცარზე, გონება გულში ჩავკეტოთ და ვთქვათ: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“

- ვნახოთ რა გამოვა. გასაგებია?

- მესმის

- იცოდე, ყურადღებით! წარმოთქვი გონებით და არა ბაგეებით. ორივენი ფეხზე ვიდგებით და არ ჩაგეძინოს.

- რა დამაძინებს!

ჩავთვალე რომ უკვე ყველაფერს მივხვდი, გონიერ ლოცვას ჩავწვდი და ვცადე მელოცა. ცოტა ხნის შემდეგ მამა არსენი მეკითხება:

- თუ გრძნობ, ან ამჩნევ რამეს? ღვთის მადლი იგრძენი?

- ვერა, მამაო

- დაიკარგე აქედან შე საქონელო! ჩემი გული განათდა, ხარობს. შენ კი ამდენ ხანს რას აკეთებდი, რატომ ვერაფერი იგრძენი ჩლუნგი თუ არ ხარ?

- მეც არ ვიცი, რას ვაკეთებდი.

- შენს კელიაში დაბრუნდი და გააგრძელე.

დავბრუნდი ჩემთან და დავიწყე: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“ ჩვენს შორის თხელი კედელია. ის მიკაკუნებს: „ჩუმად, ხელს ნუ მიშლი, მხოლოდ გონებით!“
არაფერი გამომდის: ფიქრები დახტიან, გონება ბუქსაობს, მეყვინთება. პატარა კელიაში სიარული შეუძლებელია, ჩამეძინება - წავიქცევი და ვიტკენ რამეს. დავიწყე ჩურჩული: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ მამა არსენს სიცოცხლის ბოლომდე (ის 97 წლის ასაკში გარდაიცვალა) ახალშობილივით მახვალი სმენა ჰქონდა. ჩურჩული გაიგონა და მიკაკუნებს. მივხვდი მეძახდა და შევედი.

- რატომ საუბრობ?

ღმერთო რა მეშველება!

- მაპატიეთ მამაო.

დავბრუნდი და ლოცვა განვაგრძე, მაგრამ ტვინი არ მუშაობს, მეძინება, გადავედი ჩურჩულზე, მაგრამ ესმის და მიკაკუნებს.

- გონებით-მეთქი!

რას ვიზამდი, შევედი და ჩემი გასაჭირი ავუხსენი. მან მანუგეშა:

- კარგი, იჩურჩულე. არაფერია, გაიზრდები! ჩვენ ათ-თორმეტ საათს ვლოცულობთ, მაგრამ შენ კვიცი ხარ - არ შეგკაზმავთ - ილოცე რვა საათი. როცა უნაგირს დაგადგამთ მაშინ შემოგვიერთდები."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2020, 12:32 PM
პოსტი #2662


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"თავიდან სხვა სიძნელეც იყო, არ შემეძლო ქრისტეს სახელის წარმოთქმა. გონება ბუქსაობს, შინაგანი მეტყველება ვერ ავამოძრავე. სიტყვა „უფალოსაც“ - კი ვერ ვამბობ. რა ხდება? ბერმა ამიხსნა:

- კოკორო, გული არ გაიტეხო. დაჟინებით ილოცე. ეგ ნაჭურჭია, თუ დააკაკუნებ - გატყდება და ... მაშინ! აი, მაშინ!.. მიწაში ჩაგდებულ თესლს ჰგავს - სუსტი ღივი დედამიწის გამხმარ ზედაპირსაც არღვევს - ჰოპ! - და იზრდება. როდესაც მტრის ჯარი უკან დაიხევს, შენ გადადიხარ შეტევაზე, არღვევ ფრონტის ხაზს და გიხარია, იპყრობ სიმაღლეებს. შენ ყოველივეს გამოსცდი, იგრძნობ სიხარულს, მადა მოგემატება. ასე იქნება!

მისი სიტყვები მართლაც საქმედ გადაიქცა. მისი ლოცვებით ვქმნიდით ჩვენს ლოცვებს. სამი, ოთხი, ხუთი საათის მანძილზე გონიერი ლოცვა - თავმოდრეკილნი სულიერ გულში მყოფი გონებით, ღვთაებრივი სუნთქვით. ზოგჯერ თავს წამოვწევდი ჰაერის ჩასასუნთქად, მაგრამ რაღაც მეწეოდა კვლავ შიგნით, უკანვე! გაუგო რა - გემო, ეს სული მთხოვდა:“ სხვას ნურაფერს ეძებ, აქაა საუნჯე. დააკაკუნე!“ ჭეშმარიტად, ეს იყო საუნჯე!"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2020, 12:12 PM
პოსტი #2663


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"საძმოსთვის შემომატებული ახალი წევრებისგან ბერი იოსები ითხოვდა დუმილში და იესოს ლოცვაში თვითიძულებას.

- შვილო, იესოს ლოცვა! მსურს მოვისმონი, როგორ წარმოთქვამ მას.

მან, ბრძენმა იცოდა, რომ დამწყები ამით საიმედო საძირკველს შეუქმნიდა საკუთარ მომავალს. ამას გამუდმებით გვახსენებდა და აკონტროლებდა - დუმილს და ლოცვას. ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ვინც თავი აიძულა, მან შეიმეცნა საღმრთო განგებულება და რომ ეს მარტო ბერის თეორია არ იყო. ამიტომაც გვეუბნებოდა:

- მე მოგიმზადებთ სადილს, მოგემსახურებით. სხვას არაფერს გთხოვთ: ოღონდ იყავით მდუმარებაში, სინანულში, თავი აიძულეთ რომ ილოცოთ დღე და ღამე, ცრემლიანი ლოცვით."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2020, 11:51 AM
პოსტი #2664


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ჩვენი სამონასტრო ცხოვრების დასაწყისში ბერმა გვითხრა: „ ერიდან გამოსულებს თან მოგვყვება მხუთრი, ბოლი: გონება დაკავებულია ძველი ცხოვრებით. ჩვენი არსება სავსეა წარმოსახვებით, ვნებებით, შთაბეჭდილებებით, აზრებით. იქიდან მოვათრიეთ ტონობით სიამაყე. ეს ყოველივე აქაც შესაბამისი აზრებით გვავსებს. არაფერი არ გამოგვივა, ლოცვაში წარმატების მიზნით თუ შევეცდებით მათ მოშორებას. რატომ? იმიტომ რომ სულიერად სუსტნი ვართ, მგზენებარე ოცნებებში კი ძლიერნი.

რადგან გონებაში ლოცვას ვერ ვატევთ და ვერ ვაჩერებთ ეკლესიის მამების, ასკეტის წმინდანების გამოცდილებით და რჩევით, ბაგეებით ლოცვას უნდა შევეჩვიოთ, რათა სიტყვების ჟღერამ გონება ოცნებას მოსწყვიტოს. თანდათანობით ლოცვა გონებას დაატკბობს, მოსწყვეტს საერო საკვებისგან, ფუსფუსისგან. შემდეგ ჩაკეტავს შიგნით, საკუთარ არსებაში შეუწყვეტელი ლოცვით. ამიტომ, მოვეშვათ ფუჭ ლაპარაკს და მთელი დრო ლოცვას მივუძღვნათ. გონება სულ ჩვენს მიერ მიტოვებულ ერს მისტირის, თუ შეუწყვეტელი ლოცვის საძირკველს არ ჩავუყრით ჩვენს ცხოვრებას - სულიერი წარმატებები არ გვექნება.“

მისი ნათქვამის ჭეშმარიტებას ცხოვრება ადასტურებს, მაგრამ თუ მაინც გაუჩნდება ვინმეს ეჭვი და კამათის სურვილი, ის წააწყდება გამოცდილების მძლავრ კლდეს და მიხვდება, რომ თვითონ ჯერ არ განუცდია ნამდვილი მონაზვნური ცხოვრება.

ბერი იოსები გვარიგებდა: „ძილის შემდეგ, თვალის გახელისთანავე დაიწყე იესოს ლოცვა. არ მისცე გონებას ფუსფუსის უფლება. თუ თავის იძულებით ამას შესძლებ, უფალიც შეგეწევა და ეს წმინდა ჩვევად გექცევა: გაახელ თვალს - იესოს ლოცვა - და ასე - მთელი დღე ლოცვა პირველ ადგილზე. ამგვარად, შრომობ ლოცვის წარმოთქმის თანხლებით. ასე იკურთხება და დალოცვილი ხდება შრომა, ბაგეები, ენა, გული, ლოცვის დრო და ადგილი, იმ ადამიანისა, ვინც უფლის სახელს წარმოთქვამს. სამომავლოდ კი ამგვარი ლოცვით, ანუ ღვთაებრივი ძალით შეიარაღებული კაცი უნაკლო და მოუწყვლადი ხდება. ბოროტი ვეღარ ნახულობს მასში სუსტ ადგილს კბილის გასაკრავად, რადგან მათ განდევნის და ფერფლავს იესოს ლოცვა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2020, 11:23 AM
პოსტი #2665


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"ჩვენც ამ დარიგებით ვცხოვრობდით. უდაბნოა. ირგვლივ არავინაა. თვალის გახელისთანავე - ჩქარა, ჩქარა! იესოს ლოცვა! ვასრულებთ მორჩილებას, დავალებებს, მივათრევთ ტვირთს - შეუჩერებლად ვლოცულობდით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“

სარგებელიც დიდი იყო. სულს ეფინება სიხარული, გვერევა გრძნობები, გული ჩვილდება - იმდენი ცრემლია, ვერ გადმოგცემთ. ხმით ლოცვისას ხშირად ისეთი მადლი გვეძლეოდა, რომ აშკარად გვაგრძნობინებდა ღვთაებრივ სიყვარულს, გონება აღტაცებაში მოდიოდა და რაღაც საოცარი ფორმით მარტო კი არ ლოცულობდა, არამედ თან ჭვრეტდა კიდეც უფალს და უხილავ სამყაროს.

ამასვე განვიცდიდი მეც ღამით ეკლესიაში მიმავალი.აღმართში ასვლა რომ გამეადვილებინა ბერს ზურგიდან ხელს ვაშველებდი. იგი წყალმანკით იყო დაავადებული და მთის ციცაბოებზე სიარული უმძიმდა. ხშირად მქონია შეგრძნება: ასვლაში კი ვეხმარები, მაგრამ ამავ დროს მის გვერდით არ ვარ! ეს რათქმაუნდა მისი ლოცვით ხდებოდა; ვგრძნობდი, ჩემი გონება სხვაგან იყო, თითქოს მოვათვალიერებდი მთის ფერდობს და კვლავ თავს ვუბრუნდებოდი. აღმოვაჩენდი, რომ ბერის და მამა არსენის გვერდით ვარ და კვლავ გონებრივად გავსხლტებოდი.

მოგვიანებით ამის გაანალიზებისას დავასკვენი: „ხედავ როგორია სულიერი ცხოვრება! რა დიდებულია მონაზვნობა, როგორ გარდაქმნის ადამიანს! გონება მსუბუქი და სულიერი ხდება, ადვილად გადალახავს სირთულეებს და მიდის იმ ზღვართან, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია!“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 26 2020, 12:44 PM
პოსტი #2666


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„რაც არ უნდა გვეკეთებინა, ბერი მოგვიწოდებდა: „შვილებო ხმამაღლა ილოცეთ!“ ეს ნიშნავდა იესოს ლოცვის ხმამაღლა, თვინიერად, თავშეკავებით წარმოთქმას. გვერდით მყოფი რომ არ შეგვეწუხებინა, არ გვეხმაურა და მეორე ძმასაც შესძლებოდა ლოცვა, ჩურჩულით ვლოცულობდით. ოღონდ მას არასდროს ვწყვეტდით.

ხმამაღალი ლოცვის გამო ხიბლსა და ამპარტავნებას გვაბრალებდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ მლოცველებად არ მოგვქონდა თავი. სხვების დასანახად და საქებრად ხომ არ ვიქცეოდით ასე. უბრალოდ, ეს ჩვენთვის დიდი სარგებლის მომცემი ლოცვის მეთოდი და ღვაწლის ხერხი იყო.

ჯერ ერთი ქრისტეს სახელის ხსენებით იკურთხება ჰაერი და წკავწკავებენ ეშმაკები. მეორეც, ამგვარად მლოცველთან სხვები სალაყბოდ აღარ მივლენ - ჩვენთვის არ სცალიაო. მესამეც, წყდება საკუთარი გონებისმიერი უაზრო საუბარი. გონებამ თუნდაც გაქცევა სცადოს, ლოცვის სიტყვების ჟღერადობა მოაბრუნებს. მეოთხეც - თავად მოლაყბე ან ოცნებაში გართული ძმა მლოცველის შემხედვარე გონზე მოვა: „ის ლოცულობს, მე კი დროს ვკარგავო.“

ასეთია ნაყოფი იესოს ხმით ლოცვისა, თუ კი მას წარმოვთქვამთ მშვიდად, ხმადაბლა, რათა სხვას სიმშვიდე არ დავურღვიოთ. უფლის სახელი ფუტკრის ზუზუნივით უნდა ისმოდეს. მათი ფრენა, ზუზუნი არაა ფუჭი, არამედ ტკბილი და სასარგებლო ნაყოფის მომცემია. ასე ვართ ჩვენც - სულიერი ფუტკრები - ხმით ლოცვისას სულისთვის სასარგებლო თაფლი გვიგროვდება“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2020, 01:02 PM
პოსტი #2667


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„სამომავლოდ, იესოს ბაგეებისმიერი ლოცვა შინაგან ლოცვად გარდაიქმნება. გონებას შიგნით მიმავალი გზა ეხსნება, რის შედეგადაც ადამიანი ძალდატანების გარეშე ლოცულობს. გაღვიძებისთანავე მასში თავისთავად ჩაირთვება იესოს ლოცვა! დასაწყისში ლოცვას მცირედი მცდელობა უნდა მიახმაროთ, ხოლო, როცა ამ გზაზე დაწინაურდება, როცა ბაგეებისმიერი ლოცვის ბულდოზერი გულის მიმართულებით გზას გაკვალავს, მაშინ შინაგანი ლოცვა საკუთარი გონების ავტომობილით ლაღად გაუყვება გზას. გონება თავისუფლად წარმოთქვამს ლოცვას. ხოლო თუ ადამიანი წარმატებით მიიწევს, რაც დიდი ისიხასტი მამების ხვედრია, მაშინ მის გულში გზა კი არა პროსპექტი გაიხსნება.

როცა გულის ერთადერთი საზრუნავი იესოს ლოცვის აღსრულებაა, იწყება დიდი დღესასწაული. იქ გამართულ ვაჭრობას უზარმაზარი მოგება მოაქვს. თავიდან წვრილმანებით მოვაჭრე ადამიანი სულიერი შენაძენებით მდიდრდება. დასაწყისში სწორედ ამიტომაა საჭირო ხმით ლოცვა.

უკვე ვთქვი, რომ სხვათა ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდით და ჩვენი გზით მივიწევდით. მდუმარება რომ არ დაგვეცვა და იესოს ლოცვის ხმამაღალი წარმოთქმისთვის თავი არ გვეიძულებინა, მაშინ გონება აქეთ-იქით წანწალიდან ათასგვარ ნაგავს მოგვიტანდა. ეს დიდი ბერი რომ ვერ გვეპოვა, მაშინ ხომ ჩვეულებრივი მსახურებით დავკმაყოფილდებოდით.

ერთხელ ერთმა ეშმაკეულმა შემოგვიარა. ის აყვირდა: „გადააგდე ეგ სკვნილი და წადი საღამოს მსახურებაზე“. ანუ თვით ეშმაკი გამოტყდა თუ რა დიდი ძალა აქვს უფალთან ჩვენს საუბარს. ამიტომაც, ისიხასტური ცხოვრება, ანუ მეტანიის თანხლებით სკვნილზე იესოს ლოცვა აღემატება ფსალმუნთა გალობას. საეკლესიო ტროპარები კარგია, მაგრამ იესოს ლოცვას ვერ შეედრება (ამაში რათქმაუნდა საღმრთო ლიტურგია, ანუ წირვა-ლოცვა არ იგულისხმება). ამიტომ ვიძინებდით ადრე და მზის ჩასვლისას ვდგებოდით, რათა მთელი ღამე იესოს ლოცვისთვის მიგვეძღვნა.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2020, 12:58 PM
პოსტი #2668


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„მარტოობის გამო, ხმამაღლა განუწყვეტლივ, შეუნელებლად ვლოცულობდი. ყელი რომ ამტკივდა დავიჩივლე:

- ლოცვისგან პირი და ენა მტკივა, ყელი გამისივდა. ჩასუნთქვა მიჭირს. გული მტკივა. ყელში თითქოს ჭრილობა მაქვს, მალე წყლულად იქცევა.

- დიდი ამბავი! არაფერი მოგივა, მოითმინე! ლოცვა არ შეწყვიტო, უფალს ელაპარაკე. ეს ტკივილი სულიერ სიტკბოებას მოგიტანს. თუ არ გეტკინა, ლოცვის ნაყოფს ვერ იგემებ. ეგ ლოცვა შეგეწევა და გიხსნის, განუგეშებს, გასწავლის. ის კურთხევად გექცევა. ეხვეწე, შესძახე! ჭკუა და გონება გარეგანზე კი არა, შინაგანზე დააყრდენი. განამტკიცე. არა სიტყვები და თეორიები, ქადაგებები და ზრუნვა - ფაცაფუცი, არამედ სიფხიზლე, ლოცვა, სიმდაბლე და მორჩილება. ამაშია წმინდა მამათა ანდერძის, რჩევა-დარიგების და ცხოვრების წესის არსი. დააგროვე გამოცდილება, თორემ პრაქტიკის გარეშე თეორიაზე როგორ ისაუბრებ?

- მაგრამ სუნთქვისას გული მტკივა.

- მას არაფერი დაემართება!

როცა ვცდილობდი ლოცვაში ჩავფლულიყავ და ყველა აზრი და წარმოსახვა მომეშორებინა, მაშინ მოდიოდა საცდური. გულისთქმა მაშინებდა: „გასკდები ასეთი დაძაბულობისგან.“ მე ვპასუხობდი: „მართლაც რომ გავსკდე, რომ დავიშალო, მაინც შევეჭიდები. ვიბრძოლებ.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 29 2020, 11:32 AM
პოსტი #2669


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"იესოს ლოცვაში რათქმაუნდა ჩვენი მოძღვარი ლიდერობდა და ჩვენც მთელი დღე ამასვე გვახსენებდა: „ილოცეთ! „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“ ის თქვენ გადაგარჩენთ, დაგეხმარებათ, მოგამწიფებთ, აგავსებთ ყველაფრით რაც გაკლიათ. ის თქვენთვის ყველაფერი გახდება. უიმისოდ კარგ საძირკველს ვერ ჩაყრით.“

დიდი ბერის მასწავლებლობა იმაში მდგომარეობდა რომ გვაგულიანებდა, გვიბიძგებდა, გვარიგებდა, გვახსენებდა და თვალს ადევნებდა, რომ ლოცვის მეშვეობით ღმერთი გვხსომებოდა: გონივრული ლოცვა და ისიხასტური მეთოდებით გვებრძოლა ბოროტთან. გონიერი ლოცვის ამ პრაქტიკულ მეთოდს ჩვენს მოვალეობათა შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

მთელი მისი სიცოცხლე ლოცვისთვის თავის იძულება იყო და ჩვენც გვირჩევდა შესაძლებლობის მიხედვით იძულებას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გულსა და გონებაში ღრმად გაიდგას ფესვი უფლის ხსოვნამ, ვინაიდან იგია ყოველგვარ სულიერ წყობათა ქვაკუთხედი.

ბერი მირჩევდა: მორჩილი თუ გეყოლება, ლოცვის მეტი არაფერი ასწავლო. ეს ლოცვა უბოძებს მას ღვთისადმი სწრაფვას და მოწიწებას, ყურადღებას, აღსარებას, მორჩილებას.“ ამას გვაძლევს იესოს ლოცვა.

ბერი იოსების სწავლება იმაში მდგომარეობდა, რომ იესოს სახელით ჩაგვესუნთქა და ამოგვესუნთქა. საათობით ვმჯდარიყავით ფხიზლად, გონება გულში ჩაგვეყვანა და გვესუნთქა ლოცვით: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ ნეტავ ახლაც თუ არსებობენ ადამიანები (ალბათ თითებზე ჩამოსათვლელნი იქნებიან), ვინც თვითონაც შრომობს ამგვარად და სხვასაც ასწავლის ამ ღმრთივგანბრძნობილ მხსნელ მეცნიერებას, რომელიც მლოცველის სულს კურნავს, მართლაც რომგანაახლებს და თავიდან ქმნის. ადამიანის, მითუმეტეს მონაზვნის სული ავადაა, თუ მან იცის ამ მეცნიერების შესახებ, მაგრამ არ იყენებს."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2020, 01:08 PM
პოსტი #2670


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ისეც ხდებოდა რომ ლოცვის დროს გონება არავითარ დაბრკოლებას არ ხვდებოდა. წარმოუდგენელი, მიუწვდომელი სიჩქარით მიფრინავდა აღმა და ეხებოდა იმას, რაც ნივთიერ ბუნებას აღემატება. ზოგჯერ კი ლოცვა ჭერსაც კი ვერ გასცდებოდა. საგონებელში ჩავარდნილმა ბერ იოსებს მივმართე:

- ზოგჯერ ლოცვა არ გამომდის, გონება სენაკის სახურავს ვერ სცდება. საიდან მოდის ეს დაბრკოლება?

- უხილავად მყოფი ეშმაკები გიქმნიან დაბრკოლებებს რომ იზარმაცო საღმრთო განგებულების აღსრულებაში, იმ მეცნიერებაში, რომელსაც ღმერთი გასწავლის გამოცდილების შესაძენად. დააკვირდი შვილო მეზღვაურის ქცევას. ზურგის ქარის დროს მხნედ მიცურავს აფრებგაშლილი. როცა ქარი ჩადგება - ნიჩბებს მიუჯდება, წვალობს, ხვითქი ჩამოსდის, მაგრამ წინ მიიწევს. ჩვენც ასევე ვართ. როცა მადლი მოდის - იესოს ლოცვა თავისთავად გამოგვდის, ხოლო, საღმრთო განგებულების მადლი რომ მიგვატოვებს, ნიჩბებს უნდა მივუჯდეთ, ღვაწლია საჭირო. ჩვენი ნება უნდა გამოვავლინოთ.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2020, 12:47 PM
პოსტი #2671


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ბერი ძალზე მკაცრი იყო. სურდა მორჩილები ღირსეულ მონაზვნებად აღეზარდა, ამიტომაც მეუბნებოდა: „საქმე ის კი არ არის ერიდან გამოსული სადმე აღიკვეცო, ანაფორა ჩაიცვა, სქემა შეიმოსო და თავი ბერი გეგონოს. არა, ასე არაა საქმე. მონაზონი ის იქნება ვინც გავა ერიდან, მოძღვარს იპოვის, დარჩება, მისი ერთგული იქნება და ლოცვას შეიგრძნობს. თუ მან ლოცვა ვერ იგრძნო, გულში ვერ შეუშვა, შეუწყვეტელი ლოცვის მადლი თუ ვერ შეიძინა, ის არ არის მონაზონი. თუ შეუწყვეტლად არ ლოცულობს, ან თუ არ ცდილობს მაინც ამ მდგომარეობასთან მიახლოებას, თავი მონაზონი ნუ ეგონება. გარეგნულად კი, მაგრამ შინაგანად ვერ ჩამოყალიბდა.

კაცი ორმხრივია: გარეგანი და შინაგანი, სხეული და სული. იმოსება როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ასევე - შიშვლდება გარეგნულად და შინაგანად. იკვებება ნივთიერი და სულიერი საკვებით. შინაგანად უნდა შეიცვალოს, თორემ გარეგნულს რა ფასი აქვს! მხოლოდ გარედან გარეცხილი ჭიქა შიგნით უსუფთაო იქნება. შიგნიდან გარეცხილი კი გარედანაც სუფთაა. განიბანე შინაგანად, მოიწესრიგე ზრახვები, გულისთქმები, მაშინ შეამჩნევ რომ შენი გარეგნული ქცევებიც გამოსწორდება.“ მისი სიტყვები განგვამტკიცებდა ლოცვით გმირობაში.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 3 2020, 12:40 PM
პოსტი #2672


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„აგრეთვე გვეუბნებოდა: „როცა ადამიანი ბეჯითად ლოცულობს და წარემატება ხმით წარმოთმულ იესოს ლოცვაში, მისი გონება ნელ-ნელა თავს ანებებს ყოველმხრივ ფარფატს და დაბნეულობას, ანუ წარმოთქმული ლოცვის სიტკბოებას შეიგრძნობს. თვითონ გონებაც ეუფლება იესო ქრისტეს სახელს. რამდენადაც მცირდება გონების დაბნეულობა, იმ ზომით ეუფლება მას ლოცვა. ხოლო, როცა გონება მთლიანად შეითვისებს ლოცვას, მაშინ იღება გული და ემზადება მასში ჩამოყვანილი ლოცვის მისაღებად.

წლების შემდეგ, ყოველმხრივი თვითიძულების და ასკეზური გმირობების შედეგად გული იღებს შეუწყვეტელი ლოცვის უნარს. ამ დროს წარმოიშვება გულის განსაკუთრებული მდგომარეობა: ის მეუფებს ლოცვაზე და მბრძანებლობს ვნებებზე. ქრისტე მეფობს - რა თავისი ღვთაებრივი სახელის მეშვეობით, გულში გააბატონებს ღვთის მმართველობას დაქვემდებარებულ სიმშვიდესა და მორჩილებას“.

წმინდა მამათა და ჩვენი ბერდიდის წესების თანახმად, საძმოს მთავარი საზრუნავი იყო ლოცვა. შეუწყვეტელი გონიერი ლოცვა მორჩილების ერთ-ერთი სახე იყო: წინარიგში მებრძოლი მახვილი, ფარი, საძირკველი, სამომავლო სარგებლის საწინდარი. იმიტომ რომ ეს შრომა მომავალში კეთილი ნაყოფით გაგვაძლიერებდა. იესოს ლოცვა ჩვენთვის პირველხარისხოვანი ქველმოქმედება და არსებობის მიზანი იყო.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2020, 12:19 PM
პოსტი #2673


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„მოძღვარმა ერთ ძმას უთხრა:

- ილოცე შვილო, შენი ლოცვა არ მესმის.

- მამაო, ამდენწლიანი მონაზვნური ცხოვრების შემდეგ ხმით ლოცვისა მრცხვენია.

- გრცხვენია? მაშ შენი აზრით ეს სულიერი აღმასვლის საფეხურებიდან უკან დაშვებას ნიშნავს? ხმით ლოცვა დამწყებთა ხვედრი გგონია და საკუთარ თავს წარმატებულად თვლი? გრცხვენოდეს! ეგ სიამაყე და ამპარტავნებაა! სირცხვილი ისაა, როცა ხმით არ ვლოცულობთ, გონება წაღმა-უკუღმა დაჰქრის და უქმი მეტყველებისგან პირი გვიშრება! ესაა სირცხვილი უფლისა და ადამიანის წინაშე."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2020, 12:25 PM
პოსტი #2674


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"უწყვეტი ლოცვით მოღვაწე ერთი ძმის გულსა და გონებას სურდა შეეტყო მიწიერი არსებების ბუნებისა და სამოთხისეული ნეტარების შესახებ. და თუმცა სულიწმინდის მადლი მისთვის უცხო განცდა არ ყოფილა, ის ამჯერად განსაკუთრებული ფორმით დაჯილდოვდა.

ხანგრძლივად ხმამაღალი ლოცვის შედეგად დაეუფლა აღტაცება, მალევე გაუქრა ხორციელი შეგრძნებები, მიხვდა, რომ ესმის ენა, რომლითაც შექმნილი ადიდებს შემოქმედს. მისმა ხორციელმა და სულიერმა თვალმა ყოველივე განსხვავებულად დაინახა, მაგრამ ვერ შესძლო მცირედით მაინც გადმოეცა.

თქვა, რომ რაც ნახა და გაიგონა, იყო უცნაური, ზებუნებრივი. ფრინველთა გალობა, სურნელოვანი, გაფურჩქნილი ყვავილები და ხეები, მზე, კაშკაშა დღე, ყველაფერი უფალს ადიდებდა. ძმა თითქოს სამოთხეს ხედავდა. ეს იყო აღმოჩენა იმ საიდუმლოსი, ჩვენგან საგულდაგულოდ რომ არის დაფარული.

ჩვენ ხომ ხორციელი თვალით სულიერ სინამდვილეს ვერ ვამჩნევთ. „ყოველი სული აქებდით უფალსა.“ (ფსალმ. 150). ყოველგვარი ცხოველური და მცენარეული უფლის დიდებასა და მშვენიერებაზე ღაღადებდა. გაოგნებულმა ძმამ ლაპარაკი ვერ შესძლო. ამჯერად არა ცოდვების, არამედ შემოქმედის სიდიადის გამო ცრემლი ღვარად მოსდიოდა.

როგორ გაუძლო გულმა ამ გამოცხადებას?! სამოთხის ჭვრეტა ადამისთვისაც ხომ უფლის განჭვრეტის საშუალება იყო. ადამის სულიც ზეიმობდა და ხალისობდა უფლის მადიდებელ ქმნილებათა ხმებით და მზერით.

მსგავსი რამ შეემთხვა კუძულ ეგინას მონასტერშიწმინდა ნექტარიუს პენტაპოლისელსაც. ძმებმა ფსალმუნის სიტყვების: „ყოველი სული აქებდით უფალსა“ განმარტება სთხოვეს. მან უპასუხა: „მადროვეთ და აგიხსნით.“ ერთ ღამეს, როდესაც ეზოში ფხიზლობდნენ და ლოცულობდნენ, წმინდანი სალოცავად მოშორებით განმარტოვდა. მოულოდნელად მონაზვნებმა მათთვის გაუგებარი ზებუნებრივი ფორმით მოისმინეს, შეიგრძნეს, აღიქვეს ყოველი ქმნილების ერთობლივი, ურთიერთშეწყობილი ხმებით სუნთქვა, რითაც ისინი შემოქმედს ადიდებდნენ და ამგვარად ჩასწვდნენ ფსალმუნის სიტყვებს."



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2020, 12:15 PM
პოსტი #2675


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

ჩვენი ფხიზლობითი საქმობა

„ჩვენთვის დღის მთავარი საქმიანობა იყო ფხიზლობა. ყველა დანარჩენი ამ ღამეული ლოცვის ხელშეწყობას ემსახურებდა. უდაბნოს განაწესის თანახმად, მზის ჩასვლისთანავე ვიღვიძებდით. თითო ჭიქა ყავა გვაფხიზლებდა და ლოცვაში გვეხმარებოდა - ეს თვით ბერმა დააწესა. ისეთი ძმებიც გვყავდა ყავას, რომ ვერ სვამდნენ.

სუსტებს მოსამაგრებლად ცოტაოდენი საკვების ნებართვა ჰქონდათ. ბერი იოსების წინ მეტანიას ვაკეთებდით და უსიტყვოდ ვნაწილდებოდით კელიებში. იქ ბერის დადგენილი წესით და მეთოდით შევუდგებოდით ლოცვით ფხიზლობას: წარმოთქვამდით სამწმინდაოს ლოცვას, ვჯდებოდით დაბალ სკამზე და გლოვას ვეძლეოდით: სიკვდილის ხსოვნა, უფლის ჯვარცმის გახსენება - თავში სხვა ფიქრი არ უნდა გაგვევლო და საერთოდ, გაღვიძებისთანავე სიკვდილის სხოვნა უნდა აგვყოლოდა.

ბერი გვარიგებდა: ახლად გამოღვიძებული ჭკუა-გონება სუფთაა და დასვენებულია. სწორედ შესაფერისი დროა მაშინვე მივაწოდოთ პირველი სულიერი საკვები - ქრისტეს სახელი. ჩამოჯექი სკამზე დაფიქრდი, გაიხსენე, რომ არსებობს სიკვდილი. ამის შემდეგ შეუდექი ლოცვას „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“ ამ ნეტარი მამის სიცოცხლე სხვა არაფერი იყო, გარდა იმისა, რომ საკუთარი ნებით და გულის წადილით თავი შეუწყვეტელი ლოცვისთვის წაექეზებინა და ჩვენც ამასვე გვასწავლიდა.

ვისხედით სენაკებში. სიბნელეში ჩაძირულნი: სკვნილი და მეტანია, მეტანია და სკვნილი - არაფერი მეტი. ვიყავი გამოკეტილი ორი-სამი, ხშირად ხუთი საათიც კი, გონიერ ლოცვაში ჩაფლული. როგორც კი გონება დაიბინდებოდა და ძილი მომერეოდა გავდიოდი ეზოში. ბერი გვირჩევდა, გონიერი ლოცვით დაღლილები გადავსულიყავით კითხვაზე. გვეფიქრა სულიერ საკითხებზე. ჩვენი ცოდვები მოგვგონებოდა და კვლავ გონიერ ლოცვას დავბრუნებოდით.

ასეთ რჩევა-დარიგებას მაძლევდა: „თუ მე ლოცვაში ნუგეშს ვერ ვპოულობ, სულის მოსახსენებელ ტროპარებს ვგალობ. ერთს, მეორეს და .... ავტირდები. სიკვდილი და სხვა ამგვარი რამეები მახსენდება. და შენც, ჩემო შვილო, როცა ვერ ლოცულობ, როცა ის ვერ ამოხეთქავს შენს არსებაში მძლავრად და თავისთავად, ამ დროს სასარგებლოა ტირილი. შეეცადე იტირო. მაგრამ, თუ ვერც ცრემლმა გიშველა - ჭკუა-გონება უფლის ჯვარცმისკენ მიმართე. არც ამან გიშველა? - შენი ცოდვები გაიხსენე და თუ მაინც არაფერი გამოგივიდა, ფარ-ხმალს ნუ დაყრი, გაიხსენე შენი უძლურებები. გამოიძიე თუ რაში ავლენ სისუსტეს და მომდევნო დღეს შეებრძოლე მათ, იღვაწე მათზე გამარჯვებისთვის“. მართლაც ამომწურავი დაარიგებაა, არა ზერელე - არამედ სიღრმისეული, არსებითი. პირდაპირ მიზანში რომ ხვდება.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 7 2020, 01:09 PM
პოსტი #2676


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ზამთარში სიცივისგან ძვლები მტეხდა. არ იყო არც ნავთი, არც სპირტი. [გათოშილი კუდურების შესაზელად (მთარგმნელის შენიშვნა)]. სიცვისგან ფხიზელი ლოცვა უნდა გამომეტაცებინა. აი ეს იყო ჭეშმარიტად ფხიზლობა: ლოცვა მეტანიის თანხლებით რვა-ათი საათი, ნაგვემ-ნატანჯი, შეწუხებული სხეულით და მოზეიმე სულით. სად იყო მაშინ დღევანდელი კომფორტი!

ჩასაწერი თუ გქონდა რამე, ჭრაქის სანათურს ვიყენებდით. ყველა სენაკის შუაში T-ს მსგავსი საყრდენი იდგა. ლოცვის დროს შეგვეძლო ხელებით მას დავყრდნობოდით, თუ ძილი მოგვერეოდა, წელში ვიმართებოდით და სკვნილზე ვლოცულობდით, ძილის დროს კი ზედ ბალიშს ვდებდით და ვიძინებდით. ზაფხულობით ლოცვას სენაკებში ვიწყებდით. იქ ვლოცულობდით რამდენი ხანიც გვსურდა, გვიან ღამით კი ეზოში შეიძლებოდა გაგვეგრძელებინა. იქაც ყველას ჩვენი ადგილი გვქონდა მიჩენილი. ფხიზლობით ლოცვა რვა საათს გრძელდებოდა, მერე შეიძლებოდა ძილი.

თითოეული ჩვენგანი ცდილობდა სენაკში სკვნილის და განათების გარეშე დიდი დრო გონიერ ლოცვაში გაგვეტარებინა. ერთი,ორი, ოთხი საათიც კი. ეს დამოკიდებული იყო სხეულის გამძლეობასა და სულის სიმტკიცეზე. მე ყველაზე სუსტი და ასაკით უმცროსი ვიყავი. სხვებზე ადრე გავდიოდი ეზოში, ქვაზე ჩამომჯდარი სკვნილით ვლოცულობდი. ჩვენი წინამძღვარი შვიდ-რვა საათიანი გონიერი ლოცვის შემდეგ იწყებდა სკვნილზე ლოცვას მეტანიებით.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 8 2020, 01:48 PM
პოსტი #2677


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ბერი მუდამ სულიერი სიფხიზლის მდგომარეობისკენ მოგვიწოდებდა. არ შეიძლებოდა ლოცვაში დაუდევრობა. ვერ წაუძინებდი. ეს არასდროს მომხდარა. მას ფოლადის ნებისყოფა ჰქონდა და ჩვენც ფოლადივით გამოგვაწრთო. ბერების საძმოში მე ყველა მჯობდა - სულიერადაც და სხეულითაც სუსტი ვიყავი.

საძმოს განაწესით ლოცვითი ფხიზლობა მთელი ღამე არ წყდებოდა,შეღავათით ვერავინ ისარგებლებდა. ვთქვათ განსაცდელის ან სხვა მიზეზით გამოძინება ვერ მოასწრო - მაინც მთელი ღამე უნდა მდგარიყო ფხიზელ ლოცვაზე. „დაღლილი ვარ, მძიმე ტვირთი ვზიდე, ცოტას დავისვენებ“ - ჩივილი და წესის შეცვლა არ შეიძლებოდა. ძილი გებრძვის, დაიღალე მასთან ბრძოლით? ბერისგან ლმობიერებისა და შეწყალების იმედი არ უნდა გვქონოდა.

მოწესრიგებული განაწესის გამო გამორიცხული იყო დღის სხვა და სხვა მონაკვეთებში დასვენება და წამოდგომა. თუ ვინმეს ასეთი რეჟიმი არ მოსწონდა, ის ადგილს იცვლიდა - სხვებთან მიდიოდა თავისი ნებით, ან ბერი აგდებდა. აქ გმირობის ტოლფასი შრომა და ბერის განაწესის უსიტყვოდ შესრულება მოგვეთხოვებოდა.“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2020, 01:35 PM
პოსტი #2678


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„პერიოდულად მღვდელმსახური გვეწვეოდა და ექვსსაათიანი განმარტოებული ლოცვის შემდეგ შუაღამის ლიტურგია იწყებოდა. შემდეგ ცოტა ხნით ვიძინებდით, მაგრამ მალევე ვიღვიძებდით, ჯერ ისევ ბნელოდა. მთელ ღამეს თითოეული ჩვენგანი მარტოობაში ატარებდა - მხოლოდ ლიტურგიაზე და ტრაპეზზე ვიკრიბებოდით - ეს ძალიან მოგვწონდა.

ღამეულ მღვიძარებაზე ძლიერ ვიღლებოდი. დღიური სამუშაოსთვის ძალის მოსაკრებად ცოტაოდენი ძილი მჭირდებოდა. დღისით უნდა მომეზიდა შეშა, წყალი, ეს მძიმე სამუშაო იყო. იმ დღეებში როცა ორჯერ ვსადილობდით, მზის ამოსვლამდე ვდგებოდი. სამუშაოდ მიმავალი მამებისთვის ვამზადებდი სადილს. მაგიდებს ვწმენდდი, ჭურჭელს ვაწესრიგებდი და ისევ სადილს ვამზადებდი. მამები ხელსაქმობდნენ, სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროს მე რეზერვში ვიყავი. ტკბილად მახსენდება ის დრო! ბავშვებივით მიამიტები და მიმნდობები მთელი დღეს სამუშაოს თანხლებით ვლოცულობდით.

სენაკში გამოკეტილს გამომეღვიძებოდა, წამოვჯდებოდი: დაღლილი ვარ, გამოძინება და დასვენება ვერ მოვასწარი. „ნეტავ დაღამდა? თუ ისევ დღეა? რომელი საათია? დღეს რა რიცხვია? ნეტავ შეიძლებოდეს ნახევარი საათით წაძინება! მთელი ღამე, ათი საათი მღვიძარებას როგორ გავუძლო?“ ვგრძნობ მოსაღამოვდა, „ამ ტანჯვა-წამების გაძლება არ გინდა? ლიტურგიის მერე ცოტა ხნით კი დაგვაძინებენ, მაგრამ გათენდება და - მუშაობა, მუშაობა... ეს ჭლექისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა!“ მაგრამ დიდი ბერისადმი ჩვენი მორჩილება აბსოლუტური იყო, განუწყვეტელი შრომა, დატუქსვა, სასტიკი საყვედურები. მოსვენება არ მქონდა: ვშრომობ და მაინც საყვედურით ტყავს მაძრობენ. ხმასაც ვერ ამოიღებ. საუბარი სასტიკად არის აკრძალული. მამა არსენთან იშვიათი განმარტოებისას ცოტა შვებას ვგრძნობდი.

დიდი მამა გვმოძღვრიდა რომ ბერი არ ჰქვია, ვინც ღამეებს არ გატეხს ფხიზელი ლოცვისთვის და ვერ მოიპოვებს იესოს ლოცვას. ბერის ბეჯითი მღვიძარება უნდა ღაღადებდეს: „უძილ ვიქმენ და ვიყავ, ვითარცა სირი მხოლოი სართულსა ზედა (ფსალ. 101.6)“ ანუ ჩიტივით უნდა უგალობდეს ღმერთს. ვერ მოიპოვე მღვიძარება და ლოცვა? - არსებითად არ ხარ მონაზონი, ჯერ ვერ აღორძინებულხარ. ბერული ცხოვრების გამორჩეული მადლი ვერ შეგიცვნია. ბერობა დაგიჩემებია, მის სულს კი ვერ ჩასწვდომიხარ!

როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ შეგნებული ფხიზლობითი ლოცვით ბერმა შეიძლება მოიპოვოს თვალნი ქერუბიმთანი - სიფხიზლის იმგვარი უნარი, რომ შორიდანვე შეამჩნიოს მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცბიერ ეშმაკთა მიერ დაგებული მახეები, ერთობ ოსტატურად რომ ეხერხებათ მოღვაწე ბერისთვის ფეხის დადება. აგრეთვე, აკონტროლოს საკუთარ ნებათა უმცირესი მოძრაობა და სასწრაფოდ მიიღოს თავდაცვის ზომები.

ამ ჩვენი დროის ფილოსოფოსმა კარგად უწყოდა, თუ რას ნიშნავს იფხიზლო უფლისთვის. ღამეს ისინიც ტეხენ, ვინც დისკოთეკებზე ან ქუჩებში სეირნობენ ან თევზის დასაჭერად ფხიზლობენ. ხოლო რას ნიშნავს „ფხიზლობდე უფალში და „უფლის გამო გატეხო ღამე?“ ეს ნიშნავს, რომ მლოცველი ადამიანისგან გასული გონება ზეცის გავლით, ჩვენი გონებისა და შემეცნების მიღმა - თვით ზეცის მიღმა - ღვთის ტახტზე დიდებაში მყოფ უფლის სიტყვას ჭვრეტდეს და მას ესაუბრებოდეს. მაშინ, სიხარულით აძგერებული გულიც შესძახებს: „ბედნიერი და ნეტარია ვისი გონებაც ღმერთშია!“ წმინდა მამებიც ადასტურებენ:„ბერი, რომელმაც იცის როგორ აღასრულოს მღვიძარება, ანუ ფლობს ფხიზლობით ლოცვას, ადამიანად კი არა, ღვთის ანგელოზად ჩათვალე.“ ეს არის ჭეშმარიტება ბერის არსის შესახებ.

ჩემი დიდი მამა გვწინამძღრობდა ფხიზლობაში, საუცხოო ფხიზლობაში: იმგვარში - გონებას რომ სწმენდს და უფალს დაანახებს. მესამე ცამდე რომ ასტყორცნის და თვალსაჩინოდ განაცდევინებს ზეციური ცხოვრების თანმხლები სულიერების გამოუთქმელ იდუმალებას. ლოცვითი ფხიზლობით ჩვენმა სულმა დააგემოვნა უფლის სასუფეველი - ზეციური იერუსალიმი, ზეციური ყოფა. და ვნატრობდით: „როდის დავტოვებთ სოფელს და გავხდებით მარად მისი თანაზიარნი?“ ღამეული ფხიზლობისას ღვთის წყალობა და მადლი რომ გვეწვეოდა, ჩვენს მრავალფეროვან ციურ ხილვებს დიდი ბერის სამსჯავროზე წარვადგენდით, რათა ხიბლი ჭეშმარიტებისგან განგვესხვავებინა. ამით ჩვენს სულებში ფერისცვალება ხდებოდა. დღის მორჩილებისას სული მხნედ იყო და სიხარულისგან ფრინავდა.

ბერი გვეუბნებოდა, რომ შემოდგომა განსაკუთრებულად ხელს უწყობს და ეხმარება ლოცვისადმი გონების თვითიძულებას. არც ცივა, არც ცხელა, მოღვაწე ჰარმონიულ გარემოშია. მართლაც, ფხიზლობისას, თუ უფლის კურთხევაც შეგვეწოდა, დიდი ბერის უფლისკენ სწრაფვის თუ ფრენის მცირედთანაზიარნი ვხდებოდით. თუმცა, ვით შევძლებდით საათობით გულში გონებაგამოკეტილი ამ ადამიანის ლოცვის სიმაღლის, სიღრმისა თუ სივრცის შეცნობას? ალბათ მცირედითაც ვერა!

ვიტანჯებით და ვზიანდებით ლოცვისა და ჭვრეტის უცოდინრობით. თავს არ ვიწუხებთ შევიგნოთ მონაზვნური ცხოვრების დიდი მნიშვნელობა. წმინდა მამები თავისი ცხოვრების წესით მისაბაძ მაგალითად რომ გვიძღვნიან. ფხიზლობის წესის და ხარისხიანი დაკვირვებული მონაზვნური ცხოვრების გარეშე, ბერი ვერ მიიღებს ღმერთის გამორჩეულ, მაღალ წყალობას. აქ არ ვგულისხმობ ფხიზლობას ამ სიტყვის ვიწრო - პირდაპირი გაგებით. არა! მე ვგულისხმობ სულიერ სიფხიზლეს, რომ განაგებდე ფხიზელ ლოცვას და მას წარმართავდე ღვთისკენ. თუ ბერი დიდ შრომას ჩადებს ასეთი სიფხიზლის შესაძენად, მას მადლიც არ მოაკლდება. ლოცვითი ფხიზლობა დიდი შრომაა; ბრძოლაა ძილთან, ეშმაკებთან, რომლებიც თავს არ ზოგავენ შენი აშენებულის დასანგრევად. აღგიძრავენ ვნებებს, განსაკუთრებით კი გონების განბნევას. ბერი აგრძელებს შრომას, დიდ მეტანიებს, ცდლობს გონება დაიცვას შემოსეული აზრებისგან და წარმართოს უმაღლეს გონთან შესახვედრად. გონება უნდა დაუკავშირდეს ღმერთს და ამ შეხების საშუალებით, რაც შეიძლება აღმატებულ ხარისხში იგი მისმა სულმაც შეიცნოს.

ბერი იოსები მოგვითხრობდა ფხიზლობით საქმობაზე, რომ ის ადამიანს ამდიდრებს - სულიერი მოგება მოაქვს. მუდამ ფხიზლად ამყოფებს რათა შეუწყვეტელი გონიერი ლოცვა შესძლოს. განა შეიძლებოდა რომ ამ დარიგების შემდეგ დაგვზარებოდა ფხიზელი ლოცვა? ამ უდაბნოში სულიერი სიმდიდრის შესაძენად მოვედით, დროის გასატარებლად ხომ არა?! ჩვენც ვემორჩილებოდით მოძღვარს, რადგან გვწამდა რომ ის ფლობს და იცავს ამ წესებს. ვცდილობდით იმგვარი ღვაწლის შეძენას, რომ გაღვიძებისთანავე ზოზინით კი არა ხალისით აგვეღო სკვნილი, დაგვეწყო კურთხეული ლოცვა, ღვთაებრივის მისწავდმად შრომას შევდგომოდით. ეს ყოველივე გვეკეთებინა მორჩილებით და გულუბრყვილოდ. ვიცოდით ადამიანს მარად თან ახლავს უფლის მადლი, რომლიც მზადაა დაიმკვიდროს მასში და გარდაქმნას შინაგანად. გვწამდა რომ მისი მოფენა აზრსა და სიცოცხლეს შესძენდა ჩვენს ლოცვას.

წინამძღვრის მიზანი, ტაქტიკა, შეუწყვეტელი რჩევა-დარიგება, იძულება, ის იყო, რომ უწყვეტად წარმოგვეთქვა იესოს ლოცვა და მამაცურად შეგვესრულებინა ფხიზლობითი საქმიანობა. ყურადღებით, თვალმოუხუჭვად ფხიზლად გვაკვირდებოდა. ჩვენში ძალიან ღრმად ჩანერგა ის გაგება რომ ლოცვა და ფხიზლობა შეიძლება შეიძინო მხოლოდ მღვიძარების ღვაწლით. გამუდმებით მეკითხებოდა:

- ყმაწვილო, როგორ არის ლოცვის და მღვიძარების საქმე?

მე ვპასუხობდი

- ხან ასე, ხან ისე.

შეუწყვეტელი ლოცვის გარდა, გვასწვალიდა რომ მღვიძარებას უცრემლოდ არ ჩაევლო. ცრემლი ჩვენი განუყრელი მეგობარი ყოფილიყო. უნდა იტიროთ საკუთარ ცოდვებზე და სხვა ადამიანებისთვისაც. ისეთი მდგომარეობა უნდა მოიპოვოთ, რომ ღვთის სიყვარულის გამო ტიროდეთ.“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 10 2020, 12:19 PM
პოსტი #2679


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

"გვეუბნებოდა, რომ მღვიძარების გარეშე წარმატება არ მოვიდოდა, ბერული ცხოვრების საძირკველს ვერ ჩავყრიდით და ამას გვიდასტურებდა მისი ნაცნობი ბერებისა და დიდი წმინდა მამების ისტორიებით. გვირჩევდა მღვიძარების დროს სულიერი საზრდოს მისაღებად ცოტაოდენი წაგვეკითხა - ეს გონებას გაგინათებთ და ლოცვაში შეგეწევათო. მაგალითად; ორი თავი წმინდა წერილიდან; მერე კი „კიბის აღმწერელი“, აბბა დოროთე, „ევერგეთინი“, ღირსი მაკარი დიდი, წმინდანთა ცხოვრება. განსაკუთრებით - აბბა ისააკ ასური.

აბბა ისააკზე ამბობდა: ფხიზლობისა და გონიერი ლოცვის შესახებ ყველა მეუდაბნოე წმინდა მამათასწავლებანი რომ დაკარგულიყო, მხოლოდ გადარჩენილიყო ამ მამის ღვაწლმოსილი სიტყვები, ადამიანს ესეც ეყოფოდა მდუმარების და ლოცვის სრულყოფილად შესასწავლადო. მათი ქმნილებებით სრულყოფილად ვიგებთ რას ნიშნავს ღვაწლში ცხოვრება. როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯები და მივაღწიოთ სრულყოფას.

მე, საძმოს თვინიერ, მორჩილ, მაგრამ ყველაზე უსარგებლო, გამოუსადეგარ წევრს, ურყევად მჯეროდა რომ ეს დიდი ბერი არ ცდებოდა. მისი სიტყვა ღვთის სიტყვა იყო. მე მქონდა მტკიცებულებები და დამადასტურებელი მოწმობები, რომ იგი ლოცვის, თვინიერების, უბიწო ცხოვრების წყალობით, რამდენადაც კი ადამიანისთვის შესაძლებელია, შეუმცდარი იყო გამოცდილებით მიღებულ ცოდნაში.

მან ყველაფერი გამოსცადა, ყველა სიძნელე გადალახა. მისი გზა წმინდათა იმ ნაკვალევს მიუყვებოდა, რომელზეც მანამდე ათასობით მოღვაწეს უვლია. ჩვენი ბერი მათ ყოველ ნაბიჯს და გზის დასასრულის შედეგს იცნობდა. მისი ნდობა არა თუ შეიძლებოდა, აუცილებელიც იყო.

ასეთი დამოკიდებულებით, მშვიდად და გულისყურით მივუყვებოდი მის გზას. ვიცავდი განრიგს. დადგენილ საათზე უნდა დავწოწოლილყავი, დადგენილ საათზე უნდა ავმდგარიყავი. მაღვიძარას ხმაზე ღვთის წყალობით ზამბარიდან გატყორცნილივით წამოვიჭრებოდი.

ხელმოკლე ცხოვრების, შრომის, დარდის და ავადმყოფობისგან ხშირად საშინლად მტკიოდა მკერდი და ფილტვები. ის ახლაც ხშირად მაწუხებს, მაგრამ მაშინ ტკივილი ბევრად ძლიერი იყო. მაღვიძარას ხმაზე თვალგახელილის პირველი შეგრძნება ჯოჯოხეთური ტკივილი იყო. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლით და ბერის ლოცვით ვუძლებდი ცდუნებას - არ ვჩერდებოდი საწოლში.

ლიტურგიის დასაწყისი ლოცვების კითხვისას, მკერდში მოწოლილ ტკივილს ხშირად წაურთმევია კითხვის უნარი. მაშინ გონზე მოსასვლელად ჩამოვჯდებოდი - ხოლმე, რათა გონება მომეკრიბა და ხმა დამბრუნებოდა.

ამ წესრიგის წამომწყები ბერი უკან დახევის ნებას არ გვრთავდა, თუმცა ამის სურვილი უკვე აღარც ჩვენ გვქონდა, იმიტომ რომ შეძლო ჩვენშიც ჩაენერგა და წარმატებით დაემყნო ეს განაწესი."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 11 2020, 12:16 PM
პოსტი #2680


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



(გაგრძელება)

„ფხიზლობითი ლოცვის დაწყებამდე მისთვის ყავის მომზადება მევალებოდა. ეს გაღვიძებისთანავე უნდა გამეკეთებინა, თან გავრბოდი, თან ფიჩხს ვაგროვებდი. პატარა კონას ორ ქვას შუა ვდებდი, ცეცხლს ვუკიდებდი და ზედ კონსერვის ქილას შემოვდგამდი. ხის სახელური ჰქონდა მიჭედებული. არც ჭიქა, არც ტოლჩა - კოსერვის ქილიდანვე სვამდა ყავას. თანაც არასდროს ვრეცხავდით. ერთხელ გავრეცხე, შეამჩნია და მითხრა:

- არასდროს გარეცხო!

- როგორც მაკურთხებთ.

მომზადების პროცესში - გულისთქმებზე და საქმეებზეც კი არ მქონდა საუბრის უფლება. მე კი არა, ჩემი ანგელოზიც რომ გამოსცხადებოდა, ლაპარაკი არ სურდა. ერთხელ, პირველად რომ გამატანეს მასთან წერილი, გავუწოდე და ვთქვი:

- მამაო, თქვენთან წერილია.

მან ბაგეებზე თითის მიტანით მანიშნა:

- ჩუმად! სიტყვა არ დასძრა. გასწი აქედან.

ასე იმიტომ მომექცა, რომ ფხიზლობისთვის ვემზადებოდით. მოგვიანებით ასე ამიხსნა:

- თუ ავლაპარაკდებით, გონების ნაღებს დავკარგავთ, რომელიც ღმერთისთვის მსხვერპლად უნდა შეგვეწირა, ამიტომ მას ამაოდ ნუ დავხარჯავთ. ახლად გაღვიძებულზე გონება მშვიდია, წყნარია, სუფთაა - მივმართოთ იგი ღმერთისკენ. მხოლოდ მას შემდეგ, როცა საუკეთესოს უფალს მივუძღვნით, ვილაპარაკოთ რაზეც მოვისურვებთ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

139 გვერდი V « < 132 133 134 135 136 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2020 - 08:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი