თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 11 2008, 03:15 PM

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც XII ს-ის დასაწყისში გაიმართა უშუალოდ დავით აღმაშენებლის ჩარევით იქნა მოწვეული, ეს ფაქტი ცხადია ბადებს კითხვას, იყო თუ არა ეს ხელისუფლების, რომელსაც ამ შემთხვევაში მეფე დავითი წარმოადგენდა, ჩარევა ეკლესიის საშინაო საქმეებში?

მე არ მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ამ კრებაზე, არამედ ვისაუბროთ ამ კრებაზე, როგორც მოვლენაზე, იყო თუ არა ხელისფლების ჩარევა ეკლესიის საქმეებში და თუ რამხელა მნიშვნელობა ქონდა ამ კრებას საქართველოს ეკლესიის შემდგომი განვითარებისათვის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 11 2008, 03:19 PM

afxazi
სანამ მასალებს მოვძებნიდე, მოკლედ ვიტყვი.

კრების მოწვევა მეფის მიერ, უჩვეულო არ იყო იმ დროინდელი ეკლესიისთვის. არათუ ადგილობრივი, არამედ თვით მსოფლიო კრებებიც კი იმპერატორის ბრძანებით მოიწვეოდა ხოლმე. ამდენად, არა მოწვევის, არამედ შემდგომ საკითხების განხილვის დროს დავით მეფის პოზიციის დაზუსტებაა უფრო საინტერესო.

მოგაგონებთ თამარის დროინდელ კრებას, იქ წმინდა მეფე პირდაპირ მიმართავს კრებას, რომ თქვენ იქნებით საკითხის გადამწყვეტნი, ხოლო მე - აღმასრულებელიო.

საინტერესო თემაა....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 11 2008, 03:53 PM

ჩარევა ცხადია იყო, ეს ისედაც გასაგებია, რადგან მონარქიის პირობებში, ხელისუფლება და ეკლესიის ცხოვრება ითვლება, რომ ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული. მაგრამ ხშირ შემთხვევაში - მხოლოდ ითვლება ასე.

პოსტის ავტორი: bessik თარიღი: May 21 2009, 06:32 PM

რუის-ურბნისის კრებით და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობის დაწესებით დავით აღმაშენებელმა გააკეთა ის, რაც მოგვიანებით პეტრე I-მა რუსეთში ანუ სახელმწიფოს მხრიდან სრული კონტროლის დამყარება ეკლესიაზე, რაც რაღა თქმაუნდა იწვევს ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას და მის დემორალიზაციას. რუსეთი ამან მიიყვანა რევოლუციებამდე, ხოლო საქართველოს ლაშა-გიორგის და რუსუდანის უბადრუკ ხანამდე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 21 2009, 06:42 PM

bessik

ციტატა
რუის-ურბნისის კრებით და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობის დაწესებით დავით აღმაშენებელმა გააკეთა ის, რაც მოგვიანებით პეტრე I-მა რუსეთში ანუ სახელმწიფოს მხრიდან სრული კონტროლის დამყარება ეკლესიაზე, რაც რაღა თქმაუნდა იწვევს ეკლესიის ავტორიტეტის დაცემას და მის დემორალიზაციას. რუსეთი ამან მიიყვანა რევოლუციებამდე, ხოლო საქართველოს ლაშა-გიორგის და რუსუდანის უბადრუკ ხანამდე.

ჩემის აზრით ძალიან შეუსაბამო დასკვნაა, ეს ორი ფაქტი როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. დავითმა ეკლესიის როლი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში უფრო გაზარდა და არანაირად მისი ავტორიტეტი შელახა.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: May 21 2009, 07:11 PM

კანონისტი

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას თუ გადავხედავთ იქ სულ სხვა სიტუაციაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 12:15 PM

"დასასრულ: - რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებანი ჩაურთეს "სჯულისკანონში". მანამდე კი დადგენილებანი გაკრული იყო სვეტიცხოველისა და რუისის ეკლესიის სვეტებზე, რათა მრევლი გასცნობოდა მათ. სხვათა შორის, აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - ძეგლისწერა".

/"თვენი" წიგნი 4, 1 თებერვალი - 10 თებერვალი, გვ.172/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 05:38 PM

"XI-XII სს-თა მიჯნის გამოჩენილი მოღვაწეა არსენ კალიპოსელი, რომელსაც დიდი პატივით იხსნიებს რუის-ურბნისის კრება"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 248/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 02:15 PM

"როცა "სიბოროტისა სულთა მდევნელი დავითიანი სული" წმინდა მეფე დავითისა აღიძრა საქართველოს აღშენებისათვის, პირველ რიგში საკუთარი თავი განიქიქა, დაიმდაბლა ღვთის წინაშე და მერე იწყო ეკლესიის საქმის გამართვა. მაშინ ბევრი სამღვდელო პირი, ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა, უსჯულოებას ასწავლიდა ხალხს.

სხვაა ცოდვა მღვდლისა და სხვა - ერისკაცისა, ორივეს ღვთის რისხვა მოეწევა, თუ არ შეინანეს. დაწყლულებული ერისა და ეკლესიის განსაკურნებლად 1102 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება შედგა. დაწვრილებით შეისწავლეს ყველა საქმე. ყოველი შეცდომა გაასწორეს. ღვთის სათნო წესნი დაამტკიცეს. უღირსნი მღვდელნი განკვეთეს და მათ მაგივრად ჭეშმარიტი მწყემსნი დაადგინეს.

ბოლოს "ძეგლი მშვენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს" და შეჰფიცეს: "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო. არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო". ეკლესიის წევრი იყო და როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილმა, საკუთარი თავის განწმენდით დაიწყო წმინდა დავითმა ეკლესიის განწმენდა.

მართლაც მისაბაძი მაგალითია: ვისაც დღეს "რუის-ურბნისის კრება" და "ეკლესიის განწმენდა" გვინდა, პირველ რიგში საკუთარი სული უნდა განვიწმინდოთ და ეს ავგიასის თავლა ღვთის ტაძრად, ღვთის სულის სამკვიდრებლად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება თქმა იმისა, რომ სიქადული ჩვენი მართლმადიდებლობაა."

/"კარიბჭე" N4, 2007, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2020, 09:19 PM

"დავითმა მოიწვია რუის-უბრნისის კრება, სადაც წმინდა მამათა სწავლების, შვიდი მსოფლიო კრების მიერ დადგენილი წესების მიხედვით აღმოიფხვრა ეკლესიაში არსებული დარღვევები. დავითმა დროზე მოიწვია "დიდთა წყლულებათა" საკურნებელი ეს კრება და დროზე გაასწორა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რისხვა, სწორი ლოცვა დააყენა მიწაზე, ღირსეულ მღვდლებს მისცა საჭე ხომალდისა, რადგან იცოდა, რომ ღირსეულ მოძღვარს მრევლიც ღირსეული ეყოლებოდა და რომ ყველა ერთად სწორ ლოცვას აღავლენდა მიწიდან ზეცისაკენ და წყალობაც ღვთისა არ დაახანებდა".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:29 PM

"[კათალიკოს-პატრიარქი] იოანე IV, საფარელი - (1100-1142 წ.წ.)- რუის-ურბნისის კრების თავმჯდომარე".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:45 PM

"ზუსტი ადგილი კრების მოწვევისა მინიშნებული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ არც რუისსა და არც ურბნისში იგი არ ჩატარებულა. შიდა ქართლის სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტზე (რუისის და ურბნისის საეპისკოპოსთა ახლომდებარე) შეიძლება იყოს ვარაუდი კრების ჩატარების ადგილად, გამორიცხულია მხოლოდ ორი - რუისი და ურბნისი, რადგან "ძეგლისწერაში" გარკვევითაა ნათქვამი, რომ კრება ჩატარდა რუისისა და ურბნისის საეპისკოპოსოების მახლობლად. უნდა ვიფიქროთ, რომ საეკლესიო კრება არ ჩატარებულა სასულიერო დანიშნულების შენობაში. სავარაუდოა, რომ იგი რომელიმე საერო (არ არის გამორიცხული სამეფო) რეზიდენციაში ჩატარდა. ალბათ სადავო არ არის, რომ კრების მოწვევასა და მიმდინარეობას წარმართავდა დავით აღმაშენებელი".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.375/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 07:25 PM

"ეკლესიის ამგვარმა მდგომარეობამ იძულებულ ჰყო მეფე, მოეწვია საქართველოს ეკლესიის კრება, ურბნისს შეიკრიბნენ. თითონ მეფე ხელმძღვანელობდა, სამღვთო წერილში განსწავლილი და დაბრძნობილი. კრებამ გამოიტანა დადგენილებანი, რომელნი შეეფერებოდნენ ეკლესიის სიწმიდეს, განმტკიცებას სამეფო ტახტის.
- ეპისკოპოზნი, არა ღირსებით შესულნი პატივსა მას მღვდელმთავრობისასა, განკვეთილ იქმნენ!
კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ქორეპისკოპოზნი სჯულისა და სამღთო წიგნთა მეცნიერნი გამოირჩეოდნენ.
წესი ხელდასხმათა ეგრეთ აღსრულდებოდეს, ვითარცა კურთხევანთა მამისა გიორგი მთაწმინდელისათა დაწერილ არს...
სიტყვად არ დარჩა კრების ბრძანება, საქმედ აქცია მეფემ ძლიერმა: განკვეთნეს ბევრნი ზეხარისხზედ უღირსად მყოფნი, ერისკაცთა თანა ლიტონთა ზიარებულ ჰყვეს. დიდდიდებულთ ხელთაგან გამოეცალათ უფლება, მათ მახლობელთა თუ ხელქვევითთ განეგოთ საეკლესიო ყმა-მამული, დაკნინდნენ კვლავ წარჩინებულნი. განმტკიცდა ტახტი."

/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ცოდვა სიჭაბუკისა", გვ.456/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 12:56 PM

"1103 წელს დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართულ საზოგადოებას ემუქრებოდა სოდომური ცოდვის გავრცელების საფრთხე. ამ მიზნით ძეგლისწერაში სპეციალური მუხლიც კი შეიტანეს: "განჩინება სოდომური ცოდვისათვის". მასში სამღვდელოების წარმომადგენლები ახსენებდნენ ქართველებს, რომ ასურელები, სპარსელები, რომაელები და სხვები სწორედ ამ ცოდვამ დაღუპა და შემდეგ დასძენს: "ამისთვის ვამცნებთ ყოველსა, დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიოსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა და შუა-კაცთა ყოველსა პატივსა და ყოველსა წესსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისა უფროის-ღა საძაგელისა ბილწებისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.333/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)