თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ "უდაბნოს ანგელოზი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 02:02 PM

ყველაფერი იოანე ნათლისმცემლის შესახებ ამ თემაში...


"ნათლისღების დროს წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მხოლოდ ხელით შეეხო იესოს თავს. წმინდა მამათა განმარტებით, ამ შეხებით თვითონ იოანემაც მიიღო ნათლობა ძე ღმერთისგან. შემდეგ ისინი გამოვიდნენ მდინარის ნაპირზე".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 11:12 PM

"წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს, რომ "სულითა... ელიასითა" ასე უნდა გავიგოთ: ელია წინასწარმეტყველის მსგავსად წმინდა იოანეშიც მოქმედებდა მადლი; როგორც ელია იქნება წინამორბედი უფლის მეორედ მოსვლისა, ასევე წმინდა იოანე იყო წინამორბედი მაცხოვრის პირველად მოსვლისა. "ძალითა ელიასითა" კი ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველ ელიას და ნათლისმცემელ იოანეს მოსვლას ერთი და იგივე ძალა აქვს - ადამიანები ქრისტესთან მიჰყავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2017, 11:54 AM

"სახელი, იოანეც, ზეცამ შეურჩია მომავალ წინასწარმეტყველს"

"ნათლობის მიღების მსურველები იოანეს მდინარე იორდანეში შეჰყავდა, აქ იღებდა მათგან აღსარებას და ღმერთს ევედრებოდა მათი ცოდვების მიტევებას. ამის შემდეგ იგი წარმოთქვამდა: "გნათლავთ მომავალი მესიის სახელით", - გვაუწყებს საეკლესიო გადმოცემა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2017, 10:37 PM

"ბერის სულიერი ცხოვრების პროგრესი და სრულყოფილებისაკენ ლტოლვა თავის უარყოფით, მარხვით და ვნებებთან ბრძოლით იჩენს თავს, სწორედაც იოანეს წელზე შემორტყმული ტყავის ქამარი სხეულის მოკვდინების სიმბოლოდ იქცა, ხოლო სარტყელი სულიერი შრომისთვის მზადყოფნა.
მისი ცხოვრება მიგვანიშნებს, რომ სამოსი და საჭმელი მეორეხარისხოვანია.
წმინდა კლიმენტი რომაელის თქმით, თაფლი, რომელსაც იოანე ჭამდა, მწარე და უამური იყო, ხოლო მხალი, წმინდა ისიდორე პელუროტის განმარტებით, უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები იყო, რითაც, თავისი სულიერი მასწავლებლის მსგავსად, შემდგომ წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი იკვებებოდა".

/არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2017, 03:11 PM

"ჟამთააღმწერლის ცნობით, ოპიზის მონასტერში ინახებოდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ხორხი. გადმოცემით ვიცით, რომ ოპიზის ასაოხრებლად შემოსეულ მონღოლთა ლაშქარს წმ. იოანე ნათლისმცემელმა ქარიშხალი მოუვლინა და ასე იხსნა მონასტერი განადგურებისაგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2017, 01:07 PM

ფსალმუნი 131

17. "მუნ აღმოუცენო რქაი დავითს და განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსა"

- აქ იშვება მარადიული მეუფე და აქ განვუმზადო სანთელი ცხებულსა მისსაო. როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, სანთელში უნდა ვიგულისხმოთ იოანე ნათლისმცემელი, აქ იქნება ანთებული ეს სანთელი, რომელიც გზას განუმზადებს ცხებულს ჩემსა, ანუ განკაცებულ მაცხოვარს - ქრისტესო.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 10:10 AM

ნათლისმცემელი იოანე. უფლის წინამორბედს დიდ პატივს მიაგებდნენ ქართველები. მთაში მას "ბალღების მფარველს" ეძახდნენ. ამიტომაც შვილებს მის სახელს ხშირად არქმევდნენ. წმინდა იონეც დიდად შეეწეოდა ჩვენს წინაპრებს.

ეს ამბავი XIII საუკუნეში მოხდა. თეგუთარს, აბაღა ყაენის მამას, ესმა ოპიზის მონასტრის სიმდიდრე და მისი გაძარცვა მოინდომა. ათასი მხედრით ოპიზისკენ დაიძრა. მაგრამ "არა დაიდუმნა მსჯავრმან ზენამან", წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამო, ვისი სახელობისაცაა მონასტერი და იქ მოღვაწე მტრისგან მოწყვეტილ წმინდა მამათა ლოცვით დაიხსნა წმინდა სავანე. მტერი დადგა იმ მთის ძირას, რომლის თავშიც ოპიზის მონასტერია აშენებული. ამ მთის ძირში, რომელსაც ძეგლს ეძახდნენ, იდგა წმინდა გიორგის ეკლესია. ისეთი ნისლი ჩამოწვა, მტერი წინ ვერ მიიწევდა. მოვარდა წვიმა, სეტყვა, ხორშაკი, მდინარესავით წამოვიდა ნიაღვარი, წაიღო თათარნი ცხენიან-კაციანად. მხოლოდ ერთი ამბის მთხრობელი გადარჩა, რომელიც ეახლა თეგუთარს და უთხრა, - იქ ღვთის სახლია და მისვლას ერიდეო.

წმინდა ალექსი შუშანია რამდენიმე წელი სალოსობდა, მერე კი თავის დედასა და დებს სთხოვა, ერთი შვიდეული ემარხულათ და შევედრებოდნენ მაცხოვარს, განეცხადებინა მათთვის თავისი ნება - ამიერიდან როგორ ეცხოვრა. ბოლო ღამეს წმინდა ალექსიმ იხილა: ერთი საჟენის სიმაღლეზე გამოჩნდა ჰაერზე მდგომარე იოანე ნათლისმცემელი, ისე, როგორც ისრაელში იმოსებოდნენ, ხელში ჯვრიანი კვერთხი ეპყრა და ალექსის უთხრა: "რას წუხხარ?" "არ ვიცი, წმინდაო, რა გზას დავადგე", - მიუგო წმინდა ალექსიმ. იოანემ უთხრა: "შენთვის დაუსაბამო ღმერთს ვთხოვეთ და ბრძანა: "თერთმეტამდე არ იქნება და თერთმეტის შემდეგ ნახავო". მხოლოდ ამ ხილვიდან მეთერთმეტე წელს გამჟღავნდა უფლის ნება, როცა წმინდა ალექსიმ ნებართვა მიიღო მწყემსმთავრისგან და ზედა თეკლათში მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი ააშენა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 11:07 AM

"დარიალისკენ, თერგის ნაპირას ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. აქვეა ნათლისმცემლის კლდეზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ტაძარი. ეს ეკლესია ადრე მოხატული ყოფილა. წინათ აქ მთელი ხევი მოდიოდა. ივანობას ხატობაში "ბერად შეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით შემოსილნი ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:17 PM

"ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 06:02 PM

"იოანე ნათლისცმელის სახე მკაცრია, ასკეტური. იგი უდაბნოს მკვიდრია, ამა სოფლისგან გარიყული. მას წინამორბედს უწოდებენ, რამეთუ იგი წინ უძღვის ქრისტეს გამოჩენას. ყველაფერი, რაც ქრისტეს შეემთხვა, თავდაპირველად წინამორბედს ერგო წილად. იოანეს მშობლებს ხარება ღვთისმშობელზე ადრე ეუწყათ, იგი ქრისტეზე ადრე იშვა და უდაბნოშიც მასზე აზრე წავიდა. ნათლისმცემელი ქრისტეზე ადრე ქადაგებს იმას, რაც შემდეგ მაცხოვარმა იქადაგა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე, 3,2). იოანე ქრისტეზე ადრე მიეცა სიკვდილს, შეურაცხყოფა და საპყრობილეც მაზე უწინ გამოსცადა; ჯოჯოხეთშიც უფრო ადრე ჩავიდა და იქ მყოფთ ქრისტე უქადაგა".


/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:03 AM

"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 10:36 PM

"1204 წლის 13 აპრილს, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, დასავლეთის რაინდებმა ბიზანტიის დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი, აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს. როგორც ლათინთა გადმოცემა მოწმობს, ვალონ დე სარტონმა, რომელიც პიკინიიდან იყო, ერთ-ერთი სასახლის ნანგრევებში იპოვა ფუტლიარი, რომელშიც ვერცხლის მოზრდილ თეფშზე, შუშის ზარხუფის ქვეშ, იდო ადამიანის თავის ქალას სახის ნაწილი ქვედა ყბის გარეშე. მარცხენა წარბის ზემოთ ღრმული მოჩანდა, სავარაუდოდ, ნახანჯლარი. ვალონმა თეფშზე ბერძნული წარწერა ამოიკითხა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილი იყო. ამასთან, წარბთან არსებული ღრმული თანხვდებოდა იმ ფაქტს, რომელსაც ნეტარი იერონიმე აღწერდა. მისი მოწმობით, გაცეცხლებულმა ჰეროდიადამ წმინდანის მოჭრილ თავს ხანჯალი ჩასცა."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:02 AM

"- ტრადიციულად როგორი სახით გამოისახებოდა უფლის წინამორბედი?

- მაგალითად, სინას მთის ხატზე წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოსახულია აქლემის ბეწვის შესამოსლით. აქლემი უდაბნოს ცხოველია. ამაში დევს გარკვეულწილად ამქვეყნიური რეალიზმიც და სიმბოლური დატვირთვაც. აქლემი გახლავთ სანახევროდ წმინდა, სანახევროდ უწმინდური ცხოველი და მისი ბეწვით შემოსილობა მინიშნებაა სწორედ იმაზე, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის უდაბნოს მქადაგებელი, "ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა". წმინდა იოანეს გამოსახულებები გვხვდება სხვადასხვა იკონოგრაფიულ ვარიანტში. მათ შორის გამოსახულია ფრთებით, როგორც უდაბნოს ანგელოზი. საგალობლებში მას უწოდებენ ,,თანამზრახველს ანგელოზთა". ფრთები არის მინიშნება მის არაამქვეყნიურ ბუნებაზეც.

ძალიან ხშირად წმინდა იოანეს ხელთ უპყრია ჯვრით დაბოლოებული კვერთხი, არის ისეთი ხატებიც, სადაც მას ხელთ აქვს ლანგარი, რომელზეც მისი მოკვეთილი თავია დასვენებული. ხატები მოკვეთილთავიანი გამოსახულებებით შედარებით გვიან, დაახლოებით XIII საუკუნიდან ჩნდება, რაც დაკავშირებულია მისი აღსრულების ისტორიასთან. მოკვეთილი თავის გამოსახულებებს ვხვდებით ასევე სცენებში, რომლებშიც არის სალომეა მოკვეთილთავიანი ლანგრით და იქვე, გვერდზე წარმოდგენილია თავის კვეთის სცენაც. ანუ ასეთ გამოსახულებებში ჩნდება ხატისთვის დამახასიათებელი თვისებები. შესაძლებელია უკვე ერთ ხატში გაერთიანდეს, ერთ სიბრტყეზე წარმოდგეს არაერთდროული მოვლენები და ეპიზოდები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:00 AM

"ოჰ, მსწრაფლგამომასწორებელო კაცთმოყვარე სასჯელო!.. ანგელოზს ხმადაბრკოლებული (იგულისხმება ზაქარია) გონს მოჰყავს და კადნიერ ენას ლაგამს სდებს.

დამუნჯებული დაბადებას მოელის ხმისას, ზაქარია - იოანეს, მოხუცი - შვილს, მღვდელმსახური - წინასწარმეტყველს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:33 PM

-

"- რატომ დააწესა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს ეკლესიამ მძიმე მარხვა?

- იოანე ნათლისმცემლის შესახებ თავად უფალი ბრძანებს: "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი უფროის იოანე ნათლისმცემლისა..." მის სახელზე დადგენილია ეს ერთდღიანი მარხვა - მარხვა სინანულისა, რომლის დაცვითაც აქედან, ჩვენი დროიდან ვეხმიანებით და გამოვხატავთ ჩვენს შინაგან პროტესტს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის მიმართ. პროტესტს გამოვხატავთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებითაც - ოთხშაბათის მარხვით ვაღიარებთ, რომ არ ვართ იუდას მსგავსნი, პარასკევის მარხვით კი - რომ არ ვდგავართ იმათ გვერდით, რომლებიც გაიძახოდნენ: "ჯვარს აცვი იგი".

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] არის ხიდი ძველსა და ახალ აღთქმას შორის - კაცობრიობა ძველი აღთქმიდან ახალში გადაჰყავს, სინანული გარეგნულიდან შინაგანში გადააქვს."

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 01:05 PM

"ძალზე ახალგაზრდა იყო მამა ეფრემი (ერისკაცობაში იანაკისი), როცა მამა იოსებ ათონელის (მღვიმელის) ამბავი შეიტყო და მოესურვა ათონის მთაზე ბერად შედგომა. "ხომალდი წმინდა ანას სკიტის ნავმისადგომს მიაგა, სადაც პატიოსანი მამა ღირსი არსენი (მამა იოსების მეგობარი და თანამოსაგრე) გველოდებოდა, - ჰყვება იგი, - "შენ ხომ არა ხარ ვოლოსელი იანაკისი?" - მკითხა მან. "დიახ, მამაო, მაგრამ საიდან მიცნობთ?" "ეს მამა იოსებმა წმინდა ნათლისმცემლისგან შეიტყო - იგი მას გამოეცხადა გუშინ საღამოს და უთხრა: "ჩემს ერთ კრავს გიგზავნი და შენს ბაკში შეიყვანეო", - მითხრა მამა არსენმა. ფიქრები წმინდა იოანე ნათლისმცემლისკენ გამექცა, ჩემს მფარველთან, რომლის დაბადების დღესაც დავიბადე. უდიდესი მადლიერება ვიგრძენი ჩემდამი ზრუნვის გამო".

იმ საღამოს იანაკისმა მღვიმეში გამოკვეთილ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მუხლი მოიდრიკა, რაც ნიშნავდა მორჩილად შედგომას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:19 AM

"თეკლათის დედათა მონასტერშია წმინდა იოანეს ცერა თითის ძვალი, რომელიც დეკანოზ გიორგი ახვლედიანს საბერძნეთში შეუძენია ორას თუმნად. არსებობენ თვითმხილველნი, რომლებიც შესწრებიან თეკლათში დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევას ნათლისღებისას, რომელიც მამა კონსტანტინემ (ქვარაია) შეასრულა. მამა კონსტანტინემ წყალში წმინდა იოანეს ცერი შთაასვენა. ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში წმინდა იოანეს თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იდგა და თითქოს უხილავად აკურთხებდა წყალს."

"მამა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:31 AM

-

"ძალიან ძნელია ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოიძებნოს ისეთი უდიდესი დღესასწაული (თუ არ ჩავთვლით ჯვარცმასა და შემდგომ აღდგომას მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი) თავისი ტრაგიზმით და სულიერი გაცისკროვნებით, როგორიც იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთაა."

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:47 AM

"იოანე ნათლისმცემლის სახელდება "წინამორბედი" მის უდაბნოდან გამოსვლას, ქადაგებას და მაცხოვრამდე ექვსი თვით ადრე შობას გულისხმობს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 04:20 PM

"მოკვეთილი თავის ბაგემ კიდევ ერთხელ ამხილა ჰეროდე ანტიპა: "ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას ფილიპეს ცოლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:54 PM

"უმწიკვლო და უზადო წინასწარმეტყველი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:41 AM

"წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან გამომდინარე მისი სახე ძირითადად არის გამხდარი და ასკეტური, თმა - გაწეწილი".


"წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც "უზეშთაესი წმინდანთა შორის", წელიწადში ყველაზე ხშირად იხსენიება. ჯერ მარტო სამჯერ არის დაწესებული მისი პატიოსანი თავის პოვნის დღე. შევთხოვოთ ამ უდიდეს წმინდანს, როგორც ეს მისი უმთავრესი მისიაა, უფლის წინაშე იყოს შემწე და მფარველი ადამის მოდგმისა და ჩვენი ერისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 11:00 AM

"მამა ისააკი (დიონისელი, +1932) მორჩილობისას მოძღვარმა ზამთარში სასწრაფო საქმეზე კარიესიდან დიონისიატში გაგზავნა. ხუთი საათის სავალი იყო ეს გზა. მიდის მამა ისააკი, თოვლმა ბილიკი დაფარა და აღარ იცის, რა ქნას ახალგაზრდა მორჩილმა. აღაპყრო ხელნი, შეევედრა უფალს და წმინდა იოანე ნათლისმცემელს და მონასტერში მიყვანა სთხოვა. წამისყოფაში მამა ისააკი საღმრთო განგებულებით უფალმა დიონისეს მონასტრის კარებთან გადაიყვანა. მონასტრის დარაჯი კარს კეტავდა, როცა მის წინ მამა ისააკი გაჩნდა, შეეშინდა და ეს შიში უფრო გაუძლიერდა, მამა ისააკის უკან თოვლში ნაკვალევი რომ ვერ დაინახა - როგორ მოხვდი აქ ამ თოვაშიო. მამა ისააკმა სასწაულის გამჟღავნება არ მოისურვა: "მე აქ მორჩილებით მოვედი ღვთის წყალობითა და წმინდანის მეოხებითო" და წმინდა იოანეს ხატზე მიუთითა."



"დიონისეს მონასტერში ყოველდღიურად 50 სეფისკვერს აცხობდნენ და მონასტრის საჭიროების გარდა განდეგილ ბერებს ურიგებდნენ ლიტურგიისთვის. მაგრამ იმ წელიწადს ფქვილი ცოტა ჰქონდათ. თებერვალში მნეებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ მათ თუ ეყოფოდათ ფქვილი ახალ მოსავლამდე. მივიდნენ მამა ისააკთან და უთხრეს, ბოლო ტომარაღა დაგვრჩა და განდეგილებს სეფისკვერებს ვერ მივცემთო. რა ექნა მამა ისააკს, ძმებიც მართლები იყვნენ, მაგრამ განდეგილებისთვის როგორ მოეკლო წმინდა იოანე ნათლისმცემლის კურთხევა. მივიდა წმინდა იოანეს ხატთან, ფერხნი დაუკოცნა და როგორც უფროს ძმას, ბავშვური გულწრფელობით შესთხოვა: "წმინდაო ნათლისმცემელო, მე გავაგრძელებ განდეგილებისთვის სეფისკვერის მიცემას. შენ კი შენი წმინდანობით სასწაული ჰქენი, იმგვარად მოიქეცი, რომ ფქვილი ახალ მოსავლამდე გვეყოს".

სასწაული მოხდა: 22 ივნისამდე ჩვეულებისამებრ აცხობდნენ პურს, ტომარაში კი ფქვილი არ ილეოდა, ნათლისმცემლის შობის დღესასწაულიდან ორი დღის მერე კი მონასტრის ნავსადგურს ხორბლით დატვირთული ხომალდი მოადგა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:07 AM

"ჰეროდე არაერთგზის ამხილა იოანე ნათლისცემელმა, მაგრამ ის ვერ ბედავდა, შეხებოდა მას. როდესაც საბაბი მიეცა, ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის: თავის დაბადების დღეზე გამართული ლხინის დროს ჰეროდიადას ასულის ცეკვით აღატაცებულმა ჰეროდემ ქალს ნახევარი სამეფო აღუთქვა. სალომეამ დედას მიაშურა რჩევისთვის და მისი შეგონებით სანაცვლოდ ითხოვა "თავი იოანე ნათლისმცემლისაი". ჰეროდე დასთანხმდა და აღასრულა ის, რაც გულში ადრიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ხალხის შიშით ვერ ბედავდა. ფიცი კი ჩანაფიქრის აღსრულების სიმტკიცის საბაბად გამოიყენა და უზნეო სათხოვარი აღასრულა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "რა უნდა იყოს იმაზე საზარელი, წყალობის ნაცვლად კაცის მოკვლა ითხოვოო". წარმოიდგინეთ - ნახევარ სამეფოს გთავაზობენ, შენ კი ამის ნაცვლად ადამიანის მოკვლას ითხოვ და ამას წყალობად თვლი!"

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:28 AM

"ათონელმა მამა სერგიმ (ვესნინი) 1843 წელს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, ბალაკლიის ტაძარი მოილოცა. აქ უძველესი დროიდან სასწაულმოქმედი წყარო მოედინებოდა. მამა სერგი ჰყვება: ამ ტაძარში ხშირად მოდიოდა სულთანი მაჰმუდ II, რომელზეც ამბობენ, ფარული ქრისტიანი იყოო. მან 2000 ფირმანი გაიღო ახალი ტაძრების ასაშენებლად. მათ შორის იყო ბალაკლიის ტაძარიც, რომელსაც ფულთან ერთად შესწირა ორი დიდი ხატი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, რომლის მიმართაც კრძალვა ჰქონდა, და ხატი წმინდა ზაქარიასი, წმინდა იოანეს მამისა. თურმე როცა მან წმინდა იოანეს ხატი დაინახა, იკითხა, "სად არის მამამისი, თუ ძეს ასეთ პატივს მიაგებენ, მამაც უნდა იყოს მისი დიდების თანამონაწილე და არა მისგან განშორებულიო". სულთან მაჰმუდის ბრძანებით, კანკელში წმინდა ზაქარიას ხატიც მოათავსეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:45 AM

"[იოანე ნათლისმცემელი] საპყრობილეში ითანგებოდა სიმართლის გამო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 08:57 PM

----

"უფლის ხორციელი ნათესავის [წმ. იოანე ნათლისმცემლის] მთელი ცხოვრება ღვთისადმი მიძღვნილი ერთი ამოსუნთქვა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 08:50 PM

"ზამთარში, როცა სალომეა გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა, ყინული ჩაუტყდა და წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა... გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს; ხოლო თავად ტეტრარქი და მისი ცოლი, გადმოცემით, ცოცხლად შთანთქა მიწამ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2017, 09:56 PM

"დღეს მცირე დიდი პარასკევია, რადგან დღეს მოაკვდინეს დედათა ნაშობთაგან უდიდესი - წმინდა წინასწარმეტყველი და ნათლისმცემელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - იოანე. დიდ პარასკევს ადამიანებმა ღმერთი მოკლეს, როდესაც იგი ჯვარს აცვეს. დღევანდელ წმინდა დღეს კი ადამიანებმა მოკლეს ადამიანებს შორის უაღმატებულესი".

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:04 AM

"მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს, როდესაც იოანე ქადაგებდა, კაცთა, მით უფრო ღვთის რჩეული ერის, შვილების გულები უდაბნოდ იყო ქცეული და მისი ხმა იყო "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", მან თავისი მისია აღასრულა".



"იოანეს ქადაგებით არაერთი ადამიანი სინანულით განიმსჭვალა. მივიდა უფალთან, მისი ქადადგებით შეიცნეს ქრისტე. სწორედ იოანეს მოწაფეები იყვნენ ურჩეულესი უფლის მოციქულთა შორის - ანდრია პირველწოდებული და იოანე ღვთისმეტყველი. ვიდრე მაცხოვარს გაჰყვებოდნენ".



"რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღემატება იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია (აქ იესო თავის თავზე ლაპარაკობს, რადგან მაცხოვარი ასაკითაც და ებრაელთა შორის პატივისცემითაც იოანეზე მცირე იყო. არის მეორე განმარტებაც, რომ იესოს მოწაფეებს იმისთანა წინააღმდეგობები შეხვდათ, რომ უმცირესი მათგანი იოანეზე მეტ ჯილდოს მიიღებს)".



"წმინდა იოანე ნათლისმცემელმა არა მხოლოდ შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს".



"სავარაუდოდ, სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო ანტიპამ იოანე მახერუნის ჯურღმულში, რომლის ნანდგრევები დღესაც შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:38 PM

"როგორც "სახარება" გვაუწყებს, მაცხოვრის კაცთა წინაშე გამოჩენას და ნათლისღებას წინ უძღვოდა იოანეს გამოსვლა უდაბნოდან, მისი განცხადება ხალხის წინაშე. მას მანამდე ადამიანებთან ურთიერთობა არ ჰქონდა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:49 AM

"იოანეს წინამორბედობა სჭირდებოდა არა უფალს, არამედ ადამიანებს, რათა იმით, რომ უკვე წინამორბედი გამოჩნდა, გამზადებულიყვნენ მხსნელთან შესახვედრად".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:40 PM

"ის [წმ. იოანე ნათლისმცემელი] თავისი ცხოვრებით თვალსაჩინო იყო ყველასთვის. ისე, როგორც იოანე ცხოვრობდა, მანამდე არავის უცხოვრია, ყველა ხვდებოდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი კაცი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:30 AM

"ქრისტიანობის დამცირების მიზნით [იულიანე განდგომილმა] წმინდა ელისესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილები (წმინდა იოანეს პატიოსანი თავისა და მარჯვენის გარდა) პირუტყვთა ძვლებში არია, დაწვა და ფერფლი მიმოფანტა. დაწვას გადარჩენილი ნაწილები ქრისტიანებმა გადამალეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:26 PM

"სახარებაში მოხსენიებული მკალი, რომელსაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი თაფლთან ერთად იღებდა, ერთ-ერთი განმარტებით განსაკუთრებული სახეობის კალია იყო, რომელსაც ადგილობრივები საკვებად იყენებდნენ"

/"კარიბჭე" N22, 2006, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2018, 09:49 PM

"მისი [მამა იუსტინეს] სიტყვებით, წმიდა წინამორბედი იყო ყველაზე უბედური ადამიანი მსოფლიოში. იგი ხომ ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დედასთან ერთად უდაბნოში გავიდა, ხოლო როცა დედა გარდაეცვალა, თავად იქვე დარჩა, და ღმერთი მას თავისი ანგელოზებით იფარავდა.

ყველაფერი სუფთა იყო - მოწმენდილი ცაც და ციდან წამოსული წვიმაც, მიწაც და ქვებიც, და არ იცოდა მან ცოდვა, ღმერთის ანგელოზივით ცხოვრობდა სხეულში. და მაშინ მოდის მასთან ხალხი ცოდვების აღიარებით.

ეს ადამიანები ახვავებენ წინამორბედის წინაშე საკუთარ ცოდვებს, რომლებიც ბორცვს ქმნიან, მერე ეს ბორცვი მთასავით იზრდება და არ შეუძლია წინამორბედს ამ ცოდვების გაძლება.

ხომ იცით, როგორიც ცოდვები აქვთ ადამიანებს და როგორ ცოდვებს დაატარებენ გულით. და აი, წინამორბედს ეწყება სასოწარკვეთა: "უფალო, ეს არის ადამიანი, რომელიც შენ შეჰქმენი? ეს არის შენი ხელთქმნილი?"

წინამორბედმა დანთქმა იწყო. ხალხის მასა კი მოდის და მოდის აღსარებისთვის - კიდევ რამდენი ცოდვა უნდა დაახვავონ? და როცა უკვე წინამორბედს გაძლება აღარ შეუძლია, უცებ მას ღმერთი ეუბნება: "აი, ტარიგი ღვთისა, ამ ცოდვილებს შორის ერთადერთი, რომელმაც ყოველთა და ყოვლისა ცოდვები იტვირთა".

და აი, ყველაზე უბედური ადამიანი ყველაზე ბედნიერი ხდება. დიდება შენდა უფალო! ე. ი. შესაძლებელია ამ ცოდვებისგან და, საერთოდ, ყველა ცოდვისგან გამოხსნა".

/"კანდელი" N1, 2018, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 08:30 PM

"...ვინც შეინანებდა და გულით ირწმუნებდა მომავალ მესიას, მდინარე იორდანეში ნათლავდა..."

------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2019, 07:10 PM

------------------------

"იოანე ნათლისმცემელი ჩვენი სინდისია, ხმამაღლა რომ გვამხელს ცოდვის ჩადენის დროს. ჩვენ გვეზიზღება სინდისი, გვსურს მიყუჩდეს და არ გვაწამებდეს, ამიტომ მას ვახშობთ, ვთრგუნავთ და თავის გამართლებას ვეძებთ. ეს იოანეს დილეგში ჩამწყვდევას ჰგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:32 PM

"აღმოსავლეთში ჰქონდათ ჩვეულება, როდესაც მეფე სადმე წასვლას დააპირებდა, მას წინ უძღოდნენ მომსწორებლები, რომელთაც ევალებოდათ მოესწორებინათ ბორცვი ან რიამე უსწორმასწორო ადგილი, რომ მეფეს და მის ამალას გადაადგილებისას ხელი არ შეშლოდათ. ასეთივე მისია უნდა აეღო თავის თავზე იოანე ნათლისმცემელს. მას უნდა მოესწორებინა გზა მაცხოვრის მისაღებად.

"განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი" (ლკ. 3,4). იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში აღიზარდა, თავს იდო სჯულის მთელი სიმკაცრე და მცდელობას არ იშურებდა იმისათვის, რომ ებრაელ ხალხს გაეცნობიერებინა თავიანთი ცოდვები, რადგანაც იცოდა, ცოდვათა დამხსნელი უკვე მოსული იყო. იგი არ ერიდება მათ მხილებას და თუ არ შეინანებენ, არ იქნებიან ღირსნი, იწოდებოდნენ აბრაამის შთამომავლებად.

ხალხში იმდენად დიდი იყო იოანეს ავტორიტეტი, რომ ბევრს იგი მესია ეგონა. "მე ნათელ-გცემთ თქვენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ხამლთა მისთა ტვირთვად: მან ნათელ-გცეს თქვენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა", - განუმარტავდა იგი თანამემამულეთ.

იოანემ ღვთის განგებულებით პირველი შეხედვისთანავე იცნო მაცხოვარი და მისი დანახვით შემკრთალი ეუბნება: "მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებად და შენ ჩემთანა მოხუალა?" (მათე 3,14). უფალი შეძრწუნებულ იოანეს მიუგებს: "აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე".

მას შემდეგ, რაც იოანემ თავისი მისია აღასრულა, როგორც კი წყლიდან ამოვიდა, "აჰა, განეხუნეს მას ცანი და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3,16-17). სწორედ მაშინ მოხდა პირველად ყოვლადწმინდა სამების გაცხადება: მამა - რომლის ხმა ზეციდან მოწმობდა, ძე ღვთისა - რომელმაც ნათელიღო და სულიწმიდა - გარდამომავალი მტრედის სახით."

/მამა დავით რუხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2019, 04:10 PM

"უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას "ნათლისმცემელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 10:01 PM

"წმიდა იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი უნდა იყოს მისი ლოცვის ქვეშ".


"ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმიდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 11:15 AM

"ის იყო ბოლო წინასწარმეტყველი, მსოფლიო მოციქული, ძველი და ახალი აღთქმის ზღვარი, ქვეყნად ახალი სინათლის მაუწყებელი ცისკარი, ახალი აღთქმის პირველი მოწამე, ქრისტესთან მისასვლელი გზის შემამზადებელი, რომელზე თვით ქრისტე იტყვის: "ის იყო ნათელი, რომელიც იწვოდა და ანათებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 09:24 PM

"თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა იოანე ნათლისმცემლის შენანების შესახებ ქადაგებას მოასწავებს. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ზოგიერთ ეკლესიაში ტაძარს ნაკლებად ანათებენ"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 08:47 PM

"თავის კვეთა გვაპატიე, ნათლისმცემელო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2020, 05:59 PM

"ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილი გასწორდება -

ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ასეთი ტრადიცია: მეფის გამგზავრების წინ ამორჩეულ მარშრუტზე იგზავნებოდა მონათა დიდი ჯგუფი, რომელიც გზების მოსწორებაზე ზრუნავდა. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ხსენებულ გზებზე მოიაზრება ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა, რომლის გამართვაზეც ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს.

ასე რომ, ესაიას მიერ წინასწარმეტყველებები "ხმა მღაღადებლისა" ითხოვს ზნეობრივ გამოსწორებას. ამ მიზეზების გამო მახარებელებთან იოანე წინამორბედის ქადაგება "სინანულის ქადაგებად" იწოდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2020, 08:44 PM

"იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათ ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2021, 08:36 PM

"ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა ესეველთა მიმდინარეობა, რომლებიც წყლით განბანვის რიტუალებს, ანუ წყლით ცოდვათ ჩამორეცხვის წესს აღასრულებდნენ (სხვათა შორის, იოანე ნათლისმცემელი მათთან იზრდებოდა), ამდენად, წყალი ძველ აღთქმაშიც განწმენდასთან ასოცირდებოდა".

/დეკ. დავით ქვლივიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:41 PM

"წმ. იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს თანამედროვეა და მას უწოდებენ შუალედურ წინასწარმეტყველს ძველსა და ახალ აღთქმას შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:10 PM

"თავისი სიტყვებით, იოანე ნათლისმცემელი ჰგავდა ესაია წინასწარმეტყველს, მეტად უხეში ჩაცმულობითა და მკაცრი უდაბნოური ცხოვრებით კი - მეორე დიდსა და უძველეს წინასწარმეტყველს ელიას; როგორც დედის მუცლიდან ნაზორეველი, იგი საერთოდ არ იჭრიდა თმას. მისი მკაცრი, მზით გარუჯული და მარხვისაგან დატანჯული სახე, მისი ანთებული თვალები, მთელი მისი გარეგნობა, უნებურად აიძულებდა მნახველს, რომ ყური დაეგო მისთვის: "ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი" - ისეთივე, როგორსაც ატარებდა წინასწარმეტყველი ელია, "წელს ერტყა"- საერთოდ, სარტყელი აღნიშნავს შრომისათვის მზადყოფნას, ხოლო ტყავის სარტყელი - სხეულის მოკვდინებასაც".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 05:34 PM

"ცნობილია, რომ აღმოსავლეთში ფეხსაცმლის ნაცვლად ატარებდნენ სანდალს, ანუ პატარა ხის ან ტყავის დაფას, რომელსაც საბელებით იმაგრებდნენ. სახლში შესვლისას ამ სანდლებს იხდიდნენ, ხოლო გამოსვლისას - ისევ იცვამდნენ. მსახურნი ხსნიდნენ და კრავდნენ საბელებს. ეს ითვლებოდა ყველაზე უკანასკნელი მონის საქმედ. წინასწარმეტყველი იოანე თავისი უფლისა და მაცხოვრის წინაშე თავს ისე უღირსად წარმოიდგენდა, რომ ამ უკანასკნელი მონის მსახურების ღირსადაც კი არ მიიჩნევდა თავს".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 07:29 PM

"ერთნი ამბობდნენ, რომ ჰეროდემ შეირთო ჰეროდია ჯერ კიდევ ფილიპეს სიცოცხლეში და ამის გამო იმხილებოდა, როგორც ურჯულოების მოქმედი, დაქორწინდა რა თავის ცოცხალი ძმის ცოლზე. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფილიპე უკვე მკვდარი იყო, მაგრამ მას დარჩა ქალიშვილი, ამიტომ ჰეროდეს არ მართებდა ძმის ცოლზე დაქორწინება მისი სიკვდილის შემდგომაც, რადგან რჯული ბრძანებდა, ძმას შეერთო ძმის ცოლი იმ შემთხვევაში, თუკი ეს უკანასკნელი უშვილო მოკვდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩა ქალიშვილი, მაშასადამე, ჰეროდეს ქორწინება უკანონო იყო. შეხედე, რა ძლიერია ხორციელი სიყვარულის ვნება! აი, ჰეროდემ, რომელსაც ამხელდა პატივისცემა და შიში ჰქონდა იოანესი, არაფრად ჩააგდო ეს, რათა თავისი ვნება დაეკმაყოფილებინა".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2021, 10:07 PM

"ჰეროდიადამ დაავალა ქალიშვილს, რომ წინასწარმეტყველის დაუყოვნებელი სიკვდილი მოეთხოვა, სინიც კი მისცა, რომლითაც მოკლულის თავი უნდა მოეტანათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2021, 09:21 PM

"სიკერა ("თაფლუჭი") ეწოდებოდა ყველანაირ სასმელს, რომელიც სიმთვრალეს იწვევდა და ყურძნისგან არ იყო დამზადებული. ამ სიტყვებით ანგელოზი მიანიშნებს იმაზე, რომ იოანე იქნებოდა "ნაზორეველი", რომელსაც, რჯულის თანახმად (რიცხვ.6), მთელი ცხოვრების განმავლობაში თავი ყოველგვარი მათრობელა სასმელისგან უნდა შეეკავებინათ".

/თეოლოგი ბორის გლადკოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 05:22 PM

" - და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:

"დედის მუცელში კრთება იოანე, რომელსაც მიემადლა განსაკუთრებული ნიჭი სხვა ადამიანებთან შედარებით, რის გამოც იგი წინასწარმეტყველებზე უმეტესიცაა (მთ. 11.9); ვინაიდან ისინი დაბადების შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, იოანე კი ამგვარი ნიჭის ღირსი დედის მუცელშივე შეიქნა. ნახე, ქალწულმა მოიკითხა ელისაბედი, ანუ დაიწყო მასთან საუბარი. ამრიგად, ქალწულის ხმა - ეს იყო ხმა მასში ხორცშესხმული უფლისა, რომელმაც წინამორბედსაც მისცა მადლი ჯერ კიდევ მუცელში და წინასწარმეტყველი გახადა, ვინაიდან ეს საწინასწარმეტყველო სიტყვები ელისაბედისა მარიამის მიმართ ეკუთვნოდა არა ელისაბედს, არამედ ჩვილს; ხოლო ელისაბედის ბაგეები მან მხოლოდ გამოიყენა, ისევე როგორც მარიამის ბაგეები გამოიყენა ღვთის ძემ, რომელიც მის საშოში სუფევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2021, 08:23 PM

" - რამეთუ გეტვი თქუენ: უფროისი შობილთა შორის დედათაისა იოვანე ნათლის-მცმელისა წინასწარმეტყველი არავინ არის, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროისა მისა არს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:

"შემდეგ თითქოსდა ვიღაცამ თქვა: "თავად შენზეც მეტია, ქრისტე, იოანე?" - ამატებს: "ხოლო მე, მასზე მცირე, ღვთის სასუფეველში მასზე მეტი ვარ; ვინაიდან თუმცა მე მიმიჩნევენ მასზე უმცირესად კეთილშობილებითაც, ასაკითაც, დიდებითაც, თუმცაღა ღვთის სასუფეველში მე მასზე მეტი ვარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:35 PM

"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ვფიქრობ, იოანე ნათლისმცემელის საკმაოდ სწრაფი გარდაცვალება იმისთვის დაიშვა, რომ ადამიანთა განწყობა გადატანილიყო იესო ქრისტეზე, რათა შემდგომ არ დაყოფილიყვნენ აზრებით ერთსა და მეორეს შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2021, 08:36 PM

"უფალმა იოანეს იმიტომ უწოდა ელია, რომ იგი იყო პირველი მოსვლის წინამორბედი, როგორც ელია იქნება მეორე მოსვლის წინამორბედი"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 08:42 PM

"მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 07:33 PM

"რატომ არის იოანე წინამორბედი ყველა წინასწარმეტყველზე დიდი? - იმიტომ, რომ ხელით შეეხო ცხონებას, რომელსაც სხვები მხოლოდ შორიდან ხედავდნენ"

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:56 PM

"სამწუხაროდ, დღიესათვის, იოანე ნათლისმცემლის თავის ნაწილების ნაწილი არამართლმადიდებლურ გარემოში იმყოფება".

-----------------------------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 01:08 PM

"მისი [იოანე წინამორბედისა და უფლის ნათლისმცემელის] ქადაგება ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ არა მრავალსიტყვიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 01:24 PM

"იორდანე ხშირად ივსება და გადმოდის თავისი ნაპირებიდან. მისი წყალი სასიამოვნო გემოს მქონეა; ზაფხულში გამჭვირვალეა, მაგრამ შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე ხდება რუხი, მასში სწრაფი დინების გამო დალექილი თიხის ნიადაგის გამო. წყლის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წყლის ტემპერატურა ძალიან ცივია იმისათვის, რომ შეძლონ მასში ჩასვლა, მაგრამ აქამდე ათასობით მომლოცველი ბანაობს აქ ნათლისღების დღესასწაულზე ან მის წინა დღეს და, თანაც ჯანმრთელობისათვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 09:48 PM

"მართლაც, არც ერთი ქალისგან დაბადებული არ არის იოანე ნათლისმცემელზე დიდი; რადგან სწორედ ის არის ყველა წინასწარმეტყელის სისავსე. რადგან უფლის შესახებ ყველამ წინასწარგანჭვრიტა და მისი მობრძანება ყველამ შორიდან იწინასწარმეტყველა; მაგრამ იოანემ, რომელიც მაცხოვრის შესახებ წინასწარმეტყველებდა, იგი უშუალოდ ყველას თვალწინ წარადგინა, შეჰღაღადა და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რა ტკბილი და მშვენიერია ის ხმა, რომელიც პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რასაც ქადაგებს! დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. ესენი არიან ღვთისაგან კვლავ დაბადებული მოციქულები, რომლებმაც ნუგეშინისმცემელი სულის პირველი ნაყოფი მიიღეს; განკითხვის ღირსნი ქრისტესთან ერთად იქმნენ, ტახტზე ქრისტეს თანამყოფები და ადამიანთა გამომხსნელები გახდნენ. ასევე ნახავ, რომ ისინი (როგორც მოსე) ბოროტი ძალების ზღვას გააპობენ, და ერთგულ სულებს გამოიყვანენ; ნახავ ასევე, რომ ისინი სულიერ ყურძენს ამუშავებენ; ნახავ, რომ ისინი სიძის მეგობრები და სულიერად ქრისტეს მიერ დანიშნულები არიან; რადგან დაწერილია: ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე; ასევე ნახავ, რომ ისინი ადამიანებს სიცოცხლეს აძლევენ; ერთი სიტყვით, შენ აღმოაჩენ, რომ სულს ისინი მრავალი მიმართულებით და მრავალმხრივ ემსახურებიან. აი, ეს ყველაფერს გრძნობდა, ხედავდა და ეს ყველაფერი აწუხებდა იოანე ნათლისმცემელს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 08:13 PM

"გიხაროდენ, იესუისა მაცხოვანებელისა მის გზისა განმამზადებელო და ყოველთა მათ დიდთა წინასწარმეტყუელთა უზეშთაესო, წინამორბედო და ნათლისმცემელო უფლისაო იოანე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 08:44 PM

"მარადიული მზის - იესო ქრისტეს ამობრწყინებას წინ უსწრებდა ცისკრის მნათობი, იოანე ნათლისმცემლის სახით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2022, 08:58 PM

"ტროპარი: წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინა-ნულისა, ჩვენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2022, 04:51 PM

"იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთისთვის ვერცერთი გადაურჩა ღვთის სასჯელს: სალომეა ყინულებს შუა ჩავარდა, როცა მდ. სიკორისზე გადადიოდა ზამთარში. ყელს ზევით ყინულების ზევით იყო, დანარჩენი ტანი წყალში ჰქოდა და მანამ იფართხალა, ასე, სანამ ყინულმა არ წააწყვიტა კისერი. გვამი ვერ იპოვნეს, თავი კი ისევე მიართვეს ჰეროდესა და ჰეროდიადას, როგორც ადრე იოანე ნათლისმცემლის თავი მოართვეს თვით სალომეას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:30 PM

"დამასკოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ომაიდების მეჩეთი. მეჩეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავისუფლებლია იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო. მუსლიმანთა გადმოცემით, აქ ინახება იოანე ნათლისმცემლის თავის ნაწილი. ამბობენ, რომ ხალიფა ვალიდს უნდოდა მოეშალა სამლოცველო, თვითონ შეუდგა სამუშაოს, მაგრამ მოძრაობის უნარი დაკარგა. ამის შემდეგ სიწმინდეს ხელი არ ახლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2023, 07:48 PM

"ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმინდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი - ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 06:19 PM

როგორ მოინათლა ათეისტი წმ. იოანე ნათლისმცემლის მეოხებით

"როცა მე ვიგრძენი, რომ არ შემიძლია ცხოვრება რწმენის, ღმერთის გარეშე, სწორედ მაშინ გამიჩნდა ახალი პრობლემები: ჩემი ქმარი მოუნათლავი, ურწმუნო იყო და ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჩემს ეკლესიურ ცხოვრებას. ერთი ნაცნობის რჩევით მე დავიწყე ლოცვა წმ. იოანე ნათლისმცემლის მიმართ, რათა ის დახმარებოდა მეუღლეს ნათლობაში. მე ვერც კი წარმომედგინა, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რადგან ქმარი ნამდვილი ათეისტი იყო.

რა თქმა უნდა, მსოფლხედვა უცება არ იცლება. მე მეჩვენებოდა, რომ ლოცვას არ მოაქვს შედეგი. ოჯახში უთანხმოება გრძელდებოდა. დავკარგე რა იმედი, მე წავედი ელესიაში, რათა კურთხევა მეთხოვა მღვდლისგან გაყრაზე, მაგრამ მოძღვარმა არ მომცა ასეთი კურთხევა, არამედ მითხრა, დავერჩენილიყავი მსახურებაზე და უფლისთვის მეთხოვა გულისხმისყოფა, თუ როგორ მოვქცეულიყავი. მე მხურვალედ ვილოცე. სახლში მიმავალი სულ ვფიქრობდი: მაშ რაზე მიმითითა უფალმა?

სულ მალე სამსახურიდან დაბრუნდა ქმარი და გამომიცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მონათლულიყო და თან დაამატა - ამას ჩემთვის კი არა, საკუთარი სურვილით აკეთებდა.

განა ეს სასწაული არაა? რა მოხდა ჩემი მეუღლის გულში იცის მხოლოდ ღმერთმა. მთელი ოჯავი ვესწრებოდით უფლის ამაღლების ტაძარში მის ნათლობას.

მხოლოდ უფლის დიდებული წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის იოანეს მეოხებითა და სამღვდელო კურთხევის მადლმოსილი ძალით შემიძლია ავხსნა ეს სასწაული ამბავი".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)