IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ეპისტოლე დიოგნეტესადმი
afxazi
პოსტი Jan 17 2010, 03:21 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თხზულება, რომლის თარგმანსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, ქრისტიანული ლიტერატურის ერთერთი უადრესი ძეგლია. იგი მიმართულია ვინმე დიოგნეტესადმი, რომელსაც სურს ჭეშმარიტება გაიგოს ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ. ავტორი ეპისტოლისა უცნობია, თუმცა თვით ძეგლიდან ცხადი ხდება, რომ საქმე გვაქვს მოციქულთა უშუალო მოწაფის შრომასთან. თხზულების ბოლო ნაწილში ავტორი ასე მიმართავს დიოგნეტეს: “არა ვქადაგებ რაიმე უცხოს, არც უგუნურად ვეძიებ რასმე, არამედ რადგანაც მოწაფე ვიქმენ მოციქულთა, ვარ მოძღვარი ხალხთა. რაც გადმომეცა, გადავცემ იმათ, რომლებიც ღირსეულად დაემოწაფნენ ჭეშმარიტებას”. მკვლევარები ნ. ბონევიჩი და რ. კონოლი მიიჩნევდნენ, რომ ეპისტოლის ავტორი არის ძველი ქართულ მწერლობაში კარგად ცნობილი წმ. იპოლიტე რომაელი, რაც თხზულებას III ს-ში შექმნილ ძეგლად წარმოაჩენს. პ. ანდრისენის აზრით, ავტორი უნდა იყოს ქრისტიანული აპოლოგეტიკის პირველი წარმომადგენელი კოდრატე (II ს-ის I ნახევარი), რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის IV ს-ის ცნობილი საეკლესიო ისტორიკოსი ევსები კესარიელი (იხ. მისი “საეკლესიო ისტორია”, 4, 3, 1-2). პ. ანდრისენი ფიქრობს, რომ ხსენებული ეპისტოლე გულისხობს სწორედ კოდრატეს მიერ დაწერილ “აპოლოგიას”, რომელიც დაკარგულად ითვლება. ყურადღებას იქცევს ის, რომ კოდრატე ტრადიციულად მოციქულთა მოწაფედ არის მიჩნეული. მოგვაქვს ევსების სიტყვები: “ტრაიანეს შემდეგ აილიოს ჰადრიანემ მიიღო ხელისუფლება. სწორედ მისდამი წარმოთქვა სიტყვა კოდრატემ (ბერძნ. “კოდრატოს”; ლათ. “კვადრატუს”), რომელმაც შეთხზა აპოლოგია ჩვენეული ღვთისმსახურებისა (აპოლოგიონ სვინტაქსას ჰიუპერ ტეს კათ’ჰემას თეოსებეიას”), რადგანაც ზოგმა უკეთურმა ადამიანმა ქრისტიანთა (სიტყვ. “ჩვენიანების”) ვნება განიზრახა. ეს შრომა დღესაც გავრცელებულია მრავალ ძმათა შორის და ჩვენთანაც. შრომაში განიჭვრიტება ამ კაცის (ე.ი. ავტორის) გონებისა და მოციქულებრივი მართლმკვეთელობის (“ორთოტომია”) აშკარა ნიშნები. თვითვე ასაჩინოებს თავის სიძველეს (“არხაიოტეს”), როდესაც ამგვარი სიტყვებით გვაუწყებს იგი: “ჩვენი მაცხოვრის საქმენი ყოველთვის იყო, რადგანაც ჭეშმარიტი იყო. ისინი, რომლებიც განკურნა მან და რომლებიც აღადგინა მკვდრეთით, არა მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც განიკურნენ და აღდგნენ, არამედ მარადის თანამყოფნი არიან, და არა მხოლოდ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს, არამედ მისი გარდაცვალების შემდეგაც დიდხანს იყვნენ ისინი, ისე რომ თვით ჩვენს დრომდეც მოაღწია ზოგმა მათგანმა” (ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორი, IV, III, 1-2). მართალია ევსების მიერ ციტირებული ეპისტოლის ტექსტში არ გვხვდება, მაგრამ რადგანაც ის ერთადერთი ხელნაწერი, რომელმაც “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” შემოგვინახა, შუა ნაწილში ნაკლულია, შესაძლოა, ზემოციტირებული სიტყვები სწორედ ამ ნაწილში ყოფილიყო (იხ. ი. კვასტენი, მიახლება ეკლესიის მამებთან, ტ. I, პარიზი 1955, გვ. 282). ძეგლის ატრიბუციის თაობაზე არის სხვა მოსაზრებაც: ჰ.ი მარუს მტკიცებით, ავტორი კლიმენტი ალექსანდრიელია (II-III სს.); ძველად, ბარატერიუსი ეპისტოლის ავტორად კლიმენტი რომაელს (I-II სს.) მიიჩნევდა (იხ. პგ. 11, სვ. 1165). საგულისხმოა გალანდის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ავტორი იყოს მოციქულთა მოწაფე აპოლონი, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდის “საქმე მოციქულთა” (XVIII, 24-28): “ჰურიაი ვინმე, აპოლოი (ძველი რედაქციით “აპელეი”) სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუისთვის და იცოდა ნათლისცემაი ხოლო იოვანესი. ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის; ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესადრე უთხრეს მას გზაი უფლისაი; და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაი მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მიერ” (პგ. 11, სვ. 1165). ჰ. ლიცმანის აზრით, დიოგნეტე, რომლისადმიც მიმართულია ეპისტოლე, შესაძლებელია ყოფილიყო მარკუს ავრელიუსის მასწავლებელი (ი. კვასტენი, დასახ. შრომა).
თხზულება, როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილია ერთადერთ ხელნაწერში, XIII-XIV ს-ისა, რომელიც რამდენჯერმე გამოიცა. სამწუხაროდ, თვით ხელნაწერი დღეისათვის უკვე მიუწვდომელია, რადგანაც იგი 1870 წ-ს დაიწვა ბიბლიოთეკასთან ერთად. საყურადღებოა, რომ ამ ხელნაწერში “ეპისტოლე დიოგნეტესადმი” შეტანილი იყო წმ. იუსტინე მარტვილის (II ს.) შრომათა შორის.
რამდენადაც ხსენებული ეპისტოლე ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია აპოსტოლურ-აპოლოგეტური პერიოდის ქრისტიანული მწერლობისა, იგი, ვფიქრობთ, ქართველი მკითხველის ჯეროვან ყურადღებასაც მიიქცევს, რაც თავისთავად იქნება გამართლება ამ ძეგლის ახალ ქართულად თარგმნისა. თარგმანი შესრულებულია ჟ. მინის გამოცემის მიხედვით (იხ. პატროლოგია გრეკა-პგ, გამოსცა ჟ. მინმა, ტ. 2, სვ. 1168-1185).


ედიშერ ჭელიძე



ეპისტოლე დიოგნეტესადმი


ვხედავ, რომ მეტად მოსურნე ხარ, რჩეულო დიოგნეტე, შეისწავლო ქრისტიანთა ღვთისმსახურება. გულმოდგინედ ეძიებ, რომ მთელი სისრულით გაიგო მათ შესახებ ყოველივე, თუ რომელ ღმერთს ერწმუნენ ისინი, ანდა როგორ მსახურებენ მას, რამეთუ ქრისტიანები ამ სამყაროს განეკრძალვიან, ხოლო სიკვდილს არარად რაცხენ. არც ელინთა ცრუ ღმერთებს თვლიან ისინი ღმერთებად, არც იუდეველთა ღვთისმოშიშებას (ბერძნ. “დეისიდამონია”. ხსენებული ბერძნული სიტყვა, ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც “შიში ღვთისა”, ხოლო უარყოფითი აზრით, “ცრურწმენა” (“დეიდო”, - მეშინია; “დაიმონიონ” _ ღვთიურობა). რამდენადაც ბერძნული სიტყვა “დაიმონ”, რომელიც ანტიკურ პერიოდში “ღმერთს” ნიშნავდა, ქრიტიანულ ხანაში “დემონის”, “ცრუ ღმერთის”, “ეშმაკის” აღმნიშვნელად გარდაიქმნა, ამდენად მოტანილი კომპოზიტიც მსგავსი შინაარსით იტვირთება. ძვ. ქართული მთარგმნელები მას, ჩვეულებრივ თარგმნიან, როგორც “მრჩობლეშმაკეული” (როგორც ჩანს კომპოზიტის პირველი წევრი “დეისი” გაუიგივეს სიტყვას “დვიოისი”, რაც “ორის” აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მიცემითი ბრუნვაა მრ. რ-ისა)) იწყნარებენ. გინდა გაიგო იმ წრფელი სიყვარულის (“ფილოსტორგია”. ხსენებული სიტყვა ჩვეულებრივ, განიმარტება როგორც ფაქიზი, სათუთი, საყვარელი, რაც მშობლიურობის განცდას შეიცავს) შესახებ, მათ შორის რომ სუფევს. იმასაც ეძიებ, თუ რა არის ეს ახალი ტომი ანდა ახალი წესი ცხოვრებისა, რომელიც ადრე არ იყო და ამჟამად გაჩნდა.


ვიწყნარებ შენს ამ სურვილს და ვითხოვ ღვთისაგან, რომელიც გვანიჭებს ყველას მეტყველებას და სმენის უნარს, მოგვმადლოს ორივეს, - მე ნიჭი იმგვარად თქმისა, რომ უმეტესად გარგოს ჩემს მსმენელს, ხოლო შენ იმგვარი გულისყური, რომ ცუდად არ დაშვრეს ჩემი ენა.

დროა, განიწმინდო თავი ყველა იმ აზრისგან, წინდაწინ რომ დაუპყრია შენი გონება: უკუაგდე მცდარი ჩვეულება და იქმენ ახალი კაცი, როგორც ეს იყო დასაბამიდან, რომ ამ გზით გახდე (როგორც თვითვე აღიარებ) მსმენელი ახალი სიტყვისა. ჯერ კი იხილე (არა მხოლოდ თვალით, არამედ გონებითაც), თუ რა არის არსება და გვარი მათი, რომლებსაც თქვენ ღმერთებად თვლით და სახელდებთ ასე. განა ქვა არ არის ზოგი მათგანი, მსგავსი იმ ქვისა, ფეხს რომ ვაბიჯებთ, სხვა კი განა სპილენძი არ არის, არაფრით უმჯობესი იმ სპილენძისა, რისგანაც ჩვენთვის გამოსადეგ ჭურჭლებს ვამზადებთ? ასევე, ზოგი მათგანი ხეა, თანაც უკვე დამპალი, ზოგი ვერცხლია, რასაც სჭირდება ვინმე მცველი, რომ არავინ მოიპაროს. ზოგი რკინაა, ჟანგისაგან შეჭმული, ზოგიც თიხაა, არაფრით უკეთესი იმ თიხისა, რისგანაც უმეტესად შეურაცხი საჭიროების ჭურჭელს ამზადებენ.

ნუთუ ყოველივე ეს ხრწნადი ნივთისაგან არ არის ქმნილი? ნუთუ რკინისა და ცეცხლისაგან არ გამოჭედეს ისინი? ნუთუ ქვისმთლელმა არ გამოაქანდაკა ერთი მათგანი, მეორე კი – სპილენძის ოსტატმა, მესამე – ვერცხლისმჭედელმა, ხოლო მეოთხე – მექოთნემ? ნუთუ ყოველი ნივთი, რომელიც ხელოსანმა ამგვარად გამოკვეთა, სხვა სახით არ იყო შექმნილი? ნუთუ იმავე ნივთისაგან დამზადებულ ჭურჭლებს ხსენებული ხელოსნები ღმერთთა მსგავსად ვერ გარდაქმნიან? ნუთუ არ ძალუძს ადამიანის ხელს, კვლავ ჭურჭლად აქციოს თქვენი სათაყვანო კერპი? განა არ არის ისინი ყრუ, ბრმა, უსულო ან უგრძნობელი, უძრავი თუ ყოვლითურთ ლპობადი და ხრწნადი? მათ თქვენ ღმერთებად უხმობთ, მათვე ემონებით და ეთაყვანებით, ემსგავსებით კიდეც სავსებით. ქრისტიანებიც იმიტომ გძაგთ, რომ ღმერთებად არ რაცხენ მათ, თუმცა თქვენ, რომლებიც ამგვარ კერპებს ღმერთებს უწოდებთ, ქრისტიანებზე მეტად შეურაცხყოფთ მათ, მეტად დასცინით და აბუჩად იგდებთ, რადგანაც ქვისა და თიხის კერპი დაუცველად გაქვთ და ისე სცემთ თაყვანს, ხოლო ვერცხლისას და ოქროსას ღამით ჩაკეტავთ, დღისით კი მცველებს დაუსვამთ წინ, რომ არავინ მოიპაროს. თუ ეს კერპები რაიმეს გრძნობენ, თქვენეული მსხვერპლშეწირვა სატანჯველია მათთვის, ხოლო თუ უგრძნობელნი არიან ისინი, მაშინ მართლაც რომ შეურაცხყოფთ მათ, როდესაც სისხლითა და ცმელით აღასრულებთ თქვენს მსახურებას. განა ვინმე თქვენგანი გაუძლებს ამას, განა აიტანს ვინმე ამგვარ მოპყრობას? ადამიანთაგან არავინ იქნება, ნებით რომ იტვირთოს მსგავსი სასჯელი, რადგანაც გრძნობა აქვს მას და გონება, ხოლო ქვა იტვირთებს, რადგანაც ვერაფერს გრძნობს იგი.

ამგვარად, თქვენვე ამხილებთ, რომ უგრძნობელნი არიან თქვენი კერპები, ქრისტიანები კი ამგვარ ღმერთებს არა ჰმონებენ; ამის შესახებ კვლავაც შემეძლო ბევრი მეთქვა, მაგრამ მათთვის, რომლებიც ზემოთქმულს არ იკმარებენ, კიდევ მეტის თქმა ფუჭი იქნება.

ვფიქრობ, უფრო მეტად ის გსურს გაიგო, რატომ არ არის ქრისტიანული ღვთისმსახურება ისეთივე, როგორიც იუდაური: თუმცა ზემოთქმულ მეკერპეობას უარყოფენ, თუმცა ერთ ღმერთსა სცემენ თაყვანს და თვლიან, რომ ყოველთა უფალს გულისხმობენ, მაინც ისინიც მეკერპეთა მსგავსად აღასრულებენ ღვთისადმი მსახურებას და ცთომილებაში ვარდებიან. თუკი უგრძნობელთა და ყრუთა მიმართ ელინური მსხვერპლშეწირვა უგუნურების მაგალითია, იუდეველთა თაყვანება სისულელე უფროა, ვიდრე ღვთისმსახურება, რადგანაც იმგვარად მიაქვთ შესაწირავი, თითქოს ღმერთს ეჭირებოდეს. ვინც შექმნა ცა და მიწა და ყოველივე მათ შორის, ვინც გვანიჭებს ყოველივეს, რასაც ვითხოვთ, ცხადია, მას არაფერი ეჭირვება იმდაგვარი, რასაც თავად უბოძებს მათვე, რომლებიც თვლიან, რომ თვით უძღვნიან!

იუდეველნიც ფიქრობენ, რომ სისხლით, ცმელით და ყოვლადდასაწველთა მიერ აღსრულდება მსხვერპლშეწირვა და რომ ამგვარი ძღვენი თაყვანისცემაა უფლისა; ამიტომაც, ვგონებ, არაფრით განირჩევიან მათგან, რომლებიც ყრუ კერპთა მიმართ აღავლენენ მსგავს პატივდებას; თუკი, ერთი მხრივ, კერპებს სწირავენ, რომლებსაც არ ძალუძთ ამგვარ პატივთან ზიარება, მეორე მხრივ, მას უძღვნიან, ვისაც არაფერი არ ეჭირვება.

იუდეველთა სიფრთხილე საჭმელთა გამო, აგრეთვე შაბათისადმი მათი რწმენა, წინადაცვეთის ნიშნით ქადილი, მარხვისა და ახალმთავრის შესახებ მათეული წარმოსახვანი სასაცილოა მხოლოდ და სათქმელად არ ღირს. როგორ არ არის ურჯულოება, ქმნილებათა შორის, რაც კი ადამიანებს შეუქმნა ღმერთმა, რომ ერგო მათგან, ერთნი მიიღო, ვითარცა კეთილად ქმნილნი, სხვა კი უარყო, როგორც ზედმეტი და უსარგებლო? როგორ არ არის უღვთოება ფიქრი იმისა, რომ კრძალავს ღმერთი კეთილის ქმნას შაბათისათვის? როგორ არ არის დაცინვის ღირსი, ვინც სხეულის დაკლებულ ნაწილს რჩეულობის ნიშნად მიიჩნევს (იგულისხმება წინადაცვეთა, რასაც ებრაელები გამორჩეულობის ნიშნად თვლიდნენ), ისე თითქოს ამგვარნი პირნი გამორჩევით უყვარდეს უფალს? ნუთუ ვინმე ღვთისმსახურებად ჩათვლის (თუ არა უმალ უგუნურების სახედ) მათ მცდელობას, რომ ვარსკვლავებსა და მთვარეზე თვალის დევნებით თვეთა და დღეთა შესახებ დაკვირვებანი აწარმოონ, შემდეგ კი ღვთის განგებანი და ჟამთა ცვლანი სურვილისამებრ განაწესონ დღესასწაულებად და გლოვის დღეებად.

ვფიქრობ საკმაოდ გაუწყე იმის შესახებ, რომ მართებულად უარყოფენ ქრისტიანები როგორც საერთოდ ყოველგვარ ფუჭ საქმესა და ცთომილებას, ასევე იუდეველთა ცნობისმოყვარეობასა და ამპარტავნებას. თვით ქრისტიანთა ღვთისმსახურების საიდუმლო კი კაცთაგან არ ისწავლება; ნურც შენ მოელი.

ქრისტიანები არც საცხოვრებელი ადგილით, არც მეტყველებით, არც ჩვეულებებით არ განირჩევიან სხვათაგან. ისინი არც სადმე კერძო ქალაქებში სახლობენ, არც სხვა ენაზე მეტყველებენ, არც რაღაც უჩვეულო ცხოვრების წესს მისდევენ, თუმცა მათი მოძღვრება ცნობისმოყვარე კაცთა გონებისა და გულმოდგინების ნაყოფად როდია! არცთუ ადამიანურ სწავლებებს იმარხავენ ისინი ზოგთა მსგავსად.

ქრისტიანები ელინთა ქალაქებშიც მკვიდრობენ და ბარბაროსთა შორისაც, შესაბამისად თითოეულის წილხვედრისა. ადგილობრივ ჩვეულებებსაც იცავენ ისინი ტანსაცმლით, ყოფით, მთელი დანარჩენი ცხოვრებით, თუმცა, ამასთან ერთად, მოქალაქეობის საკვირველ და ჭეშმარიტად უჩვეულო წესსაც ავლენენ: თითქოს საკუთარ მამულებში მკვიდრობენ, მაგრამ მკვიდრობენ, როგორც უცხონი. მოქალაქეთა მსგავსად ერთვებიან ყოველ საქმეში, მაგრამ დაითმენენ ყოველივეს, როგორც სტუმარნი. ყოველგვარი უბედურება მამულია მათი და ყოველი მამული – უბედურება. იქორწინებენ, როგორც სხვები, შვილებსაც შობენ, თუმცა შობილთ უპატრონოდ როდი ტოვებენ. ტრაპეზს ზიარად დააგებენ, მაგრამ არათუ-სარეცელსაც. ხორციელნი არიან, თუმცა ხორცის მიხედვით არ ცხოვრობენ. მიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცასა შინა მოქალაქეობენ. არ ეურჩებიან დადგენილ კანონებს, მაგრამ მათივე ცხოვრების წესით იმარჯვებენ კანონებზე. უყვართ ყველანი და ყველასგან იდევნებიან; შეურაცხყოფენ მათ, სჯიან და კლავენ, ისინი კი ცხოველდებიან; გლახაკნი არიან და მრავალს განამდიდრებენ. ყველაფერი აკლიათ და უხვად აქვთ ყოველივე; უპატიო-ყოფენ მათ და უპატიობათა წიაღ იდიდებიან; ბრალს დებენ მათ და ისინი მართლდებიან; აძაგებენ, ისინი კი აკურთხებენ; შეურაცხყოფენ, ისინი კი პატივს მიაგებენ; კეთილს იქმან და ისჯებიან, როგორც ბოროტნი, დასჯილნი კი იხარებენ, ვით ცხოველქმნილნი. უცხოტომელთა მსგავსად ებრძვიან მათ იუდეველნი, ელინები კი დევნიან, თუმცა მიზეზად მტრობისა მოძულენი ვერსა ამბობენ.

მარტივად რომ ვთქვათ, რაც არის სული სხეულში, ქრისტიანებიც იგივე არიან ამ სამყაროში და როგორც სული განეფინება სხეულის ნაწილთა შორის, ასევე ქრისტიანებიც – ქვეყნიერების ქალაქებში. სული თუმცა ხორცში მკვიდრობს, არ არის ხორცისაგან, ქრისტიანებიც თუმცა ამქვეყნად სახლობენ, ამქვეყნისანი არ არიან. უხილავია სული, ხილულ სხეულში შეკრძალული; ქრისტიანებიც თუმცა ამქვეყნად იმყოფებიან, უხილავად ჰგიეს მათმიერი ღვთისმსახურება, სძაგს სული ხორცს და ებრძვის მას, თუმცა ვერაფერს აკლებს, რადგანაც სული სიამეთაგან განაკრძალებს თავს. ქრისტიანებიც სძაგს ქვეყნიერებას, მაგრამ ვნებას ვერ მოაწევს მათზე, რადგანაც ისინიც განუდგებიან სიამეებს. უყვარს სულს მისი მოძულე სხეული და სხეულის ნაწილები. ქრისტიანებსაც უყვართ მათი მოძულეები; დახშულია სული სხეულში, მაგრამ სწორედ სული შეამტკიცებს იმავე სხეულს; ქრისტიანებიც პყრობილნი არიან ამ სამყაროში, როგორც ციხეში, მაგრამ სწორედ მათ უპყრიათ ეს სამყარო. უკვდავი სული მოკვდავ კარავში მკვიდრობს; ქრისტიანებიც მოკვდავთა შორის სახლობენ, მაგრამ ცათა შინა უკვდავებას მოელიან. საჭმელ-სასმელს მოკლებული სული აღორძინდება, ქრისტიანებიც, რომლებიც დღემუდამ იგვემებიან, მეტად და მეტად მრავლდებიან. ასეთი ხვედრი განიწესა მათთვის უფალმა, რისგან განდგომაც არ ეგების.
როგორც უკვე ვთქვი, არათუ ამქვეყნიური რამ მოძღვრება გადაეცათ მათ, არათუ იმას იღვწიან ისინი, რომ კვდომადი აზრები დაიმარხონ, არათუ კაცობრივ საიდუმლოთა განგებულებას ერწმუნებიან; თავად ყოვლისმპყრობელმა, ყოვლის შემოქმედმა და უხილავმა ღმერთმა, თავად მან, ცათაგან დააფუძნა კაცთა შორის ჭეშმარიტება – წმიდა და გონებით აღუქმელი სიტყვა; მათ გულებში დაამტკიცა მან იგი. არა ისე, როგორც შეიძლება იფიქროს ზოგმა, თითქოს კაცთათვის მოავლინა მან ვინმე მსახური, ან ანგელოზი ან არქონტი ანთუ ერთერთი გამგებელი ქვეყნიერებისა ანდა თუნდაც ვინმე ისეთი, ვისაც ერწმუნა ცათა შინა განმგებლობა, არამედ ის მოავლინა, ვინც თავად არის ყოველივეს შემოქმედი და დამბადებელი, რომლის მიერაც ცანი შექმნა მან, რომლის მიერაც ზღვა მოაქცია თავის საზღვრებში; ის მოავლინა, ვისი საიდუმლონიც საიმედოდ დამარხულია ყველა სტიქიონში, ვისი ძალითაც იცავს მზე საზომს დღეთა ხანგრძლივობისა, ვინც უბრძანა მთვარეს ღამით ამოსვლა, ვისაც ჰმორჩილებენ ვარსკვლავნი, მთვარის სრბოლას მიდევნებულნი, ვინც განაწესებს, განსაზღვრავს და განაგებს ყოველივეს: ცას და ცის წიაღს, მიწას და იმას, რაც მიწაშია, ზღვას და ზღვის სიღრმეს, ცეცხლს, ჰაერს, უფსკრულს, - ყოველივეს მაღალთა შინა, სიღრმეებში და მათ შორისაც.

ეს მოავლინა მან კაცთა შორის, თუმცა არა იმიტომ (შეიძლება ასეც იფიქრონ) თითქოს მძლავრებას ანდა ვინმესთვის შიშისა თუ ძრწოლის მოგვრას განიზრახავდა, არამედ – მხოლოდ მოწყალებისა და სიმდაბლის გამო. მან, თვით მეუფემ, მოავლინა ძე თვისი, როგორც მეუფე: მოავლინა, როგორც ღმერთი, როგორც კაცი კაცთა შორის; მოავლინა როგორც მხსნელი; გვარწმუნებს მისგან მოვლენილი, არათუ გვმძლავრობს, რადგანაც მძლავრება უცხოა ღვთისათვის; მოგვივლინა თავისი ძე, რომ გვიწოდოს მან, არათუ გვდევნოს; მოგვივლინა, რომ გვიყვაროს, არათუ გვსაჯოს; ხოლო მოავლენს მას მსაჯულად და ვინ იქნება, რომ იტვირთოს მისი ამგვარი მოვლინება?... (აქ ტექსი აკლია. მომდევნო ნაწილიდან ჩანს, რომ ავტორი ქადაგებს მარტვილთათვის).


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
agmsarebeli
პოსტი Jan 20 2010, 07:06 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ჩემი საყვარელი აპოლოგეტური ეპისტოლეა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 03:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი