IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> პატრიარქის ეპისტოლეები
A.V.M
პოსტი Jan 8 2013, 02:18 PM
პოსტი #41


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის

2013-01-07

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! „ამიერიდან უცხონი კი აღარა ხართ, არამედ წმიდანთა თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი“ (ეფეს.2;19). ათასწლოვანი მოლოდინი კაცთა მოდგმის ხსნისა დასრულდა. აღსრულდა მრვალ თაობათა ნატვრა, _ იშვა იესო. ოცი საუკუნის წინ აღმობრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გონება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც. თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს. უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე? ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, _ არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს: ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს, _ ბრძოლა არსებობისათვის. ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს. ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა. ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა. აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, _ იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?! როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება? პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით. ,,ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!” _ ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღმრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა. ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხულობდნენ: `რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?~ (ფს. 8:4). ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება. ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა. პავლე მოციქული ამბობს: `როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11). ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემომქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას. ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა. რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერსსამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის. თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება. გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა. ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა. დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -`ბედნიერი ერი~ _ ნათლად დაგვანახა. ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა. უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია. ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის. სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და `მეს~ პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია. ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს. რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ. ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს. შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ. დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში. ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან. ყოველი ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, _ ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია. საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ. ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, _ ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული. სრული თავისუფლებით მომქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შედეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს. შორეული ქვეყნებიდან ახლადშობილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68). `ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!~ ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო... ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ! თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შობა ქრისტესი. თბილისი, 2013 წელი.

http://www.patriarchate.ge/?action=news_sh...ode=news&id=732


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 5 2013, 11:33 PM
პოსტი #42


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქრისტე აღდგა! პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (აუდიო ჩანაწერის თანხლებით)
05/05/2013
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი


ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალდე დღესასწაულს.

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს სააღდგმო ეპისტოლეს.




“მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს,” მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული:

ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე, სხვანი თავისუფალი ნებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან.

როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ადამიანს, შეიცნოს ღმერთი. ამაზეა ნათქვამი ,,სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ.” (მათე 13,14). ისინი უქმ-ყოფენ თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს და მარადიული ტანჯვისთვის წირავენ სულს.

ღვთის მსგავსება ნებისმიერ პიროვნებაში განაპირობებს სრულყოფილებისაკენ მის სწრაფვას. სრულქმნა კი არის ყოველი ქრისტიანის მოწოდებაც და ვალდებულებაც.

იესო ქრისტე არის მაგალითიც ჭეშმარიტი ადამიანისა და, აქედან გამომდინარე, დადასტურება იმისა, თუ რა საოცარი შესაძლებლობებისაა ჩვენი შინაგანი სამყარო.

მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა.

უნდა ითქვას ისიც, რომ, მართალია, იესო ქრისტე ყველა დროის უდიდესი მაგალითია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეედრება, მაგრამ ცალკეულ ეპოქას თავისი ავტორიტეტები, თავისი გამორჩეული პიროვნებები მაინც სჭირდება, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის თავდადებით ხალხს განამტკიცებენ და სწორი გზის მაჩვენებელნი არიან.

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულნი და მოწამენი, ღმეთშემოსილნი და ღირსნი მამანი და დედანი, ჩვენი დიდებული მეფენი და დედოფალნი, სასულიერო პირნი, თავადაზნაურთა და დაბალი ფენის წარმომადგენელნი საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდნენ საზოგადოებას.
ათეისტურ პერიოდში ისინი შეცვალა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და სამხედრო პირების (განსაკუთრებით სამამულო ომის დროს) მაშინდელმა რჩეულმა ნაწილმა (რომ აღარაფერი ვთქვათ ბელადებზე), რომელიც ქვეყნის ერთგვარ ზნეობრივ სახეს ქმნიდა.

ჩვენს დროში კი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ესეც მოისპო და, შეიძლება ითქვას, უღირსთა ზეობის დრო დადგა.

ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გვსურს, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და სათანადო ორიენტირები თავიდანვე განვსაზღვროთ.
საერთოდ, პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად სარწმუნოებაც განაპირობებს.

როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სირთულეები ჩნდება, აქტიურდება პიროვნებების როლი და მათი ჯანსაღი, მტკიცე პოზიცია დიდ როლს ასრულებს მდგომარეობის გამოსწორებაში.

პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ, ქრისტიანებსაც, გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან; ამასთან, ვემსგავსებით სახარებისეულ მართას, რომელიც ცდილობს, მაცხოვარს მიწიერი საქმეებით აამოს და ,,ზრუნავს მრავალთათვის.” უფალი კი გვეუბნება, _ ,,აქა ერთი არს სახმარ.” ანუ, უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის. ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.
წმინდა წერლიდან ვიცით, რომ პირველქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, _ სიკვდილი, სიკვდილს კი, _ ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეუფების ტყვეობაში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრება.

ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხილული სამყაროს ხვედრი. სიკვდილი ორგვარია _ ხორციელი და სულიერი. ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სხეულის გაყრას უკვდავ სულთან. ამას ვერავინ გადაურჩება. სულიერი სიკვდილი კი დგება გარდაცვალების შემდეგ, თუ სული ამქვეყნად არ იყო დაკავშირებული ღვთაებრივ მადლთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა. მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა. შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან; ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია; ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობის და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას. გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე.

შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდედ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით, ითხოვდა მძიმე ხვედრს, _ თავდაღმა ჯვარცმას, _ ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად.
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, _ მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.

,,უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი”(იგავ.14,27), _ ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას და ღმერთთან მყოფობის დასაწყისს.
ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.

ასეთი ადამიანი მოყვასს აღიქვამს როგორც საკუთარ თავს და საკუთარ თავს კი ჩრდილში აყენებს. იგი კეთილგანწყობილია ახლობელთა და შორებელთა, ნაცნობთა და უცნობთა, მდიდართა და ღარიბთა, მოკეთეთა და მოძულეთა მიმართ. ღირსეულნი და სათნონი, რა თქმა უნდა, მათი თვისებების გამო უყვარს, ცოდვილნი კი იმიტომ, რომ არასწორი ქცევით თვითონვე სჯიან საკუთარ თავს და სულს ჯოჯოხეთისთვის იმეტებენ. ამიტომაც შესაბრალისნი არიან და ლოცვით შეწევნას საჭიროებენ.

თავისი ქცევის მიუხედავად ყოველი ადამიანი ხილული სამყაროს გვირგვინია. ამიტომაც, გაიღო ასეთი მსხვერპლი მაცხოვარმა, _ განკაცდა, რათა ჩვენთვის ღვთის შვილობის მადლი მოენიჭებინა და ახალ ადამიანად, ცოდვებისაგან თავისუფალ პიროვნებად ყოფნის საშუალება მოეცა.
უფლის ამქვეყნიური ცხოვრებაც ნათელი დადასტურებაა ადამიანისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულისა: როგორ წყალობს იგი უძლურებს, დავრდომილებს, დამცირებულებს, როგორია მისი დამოკიდებულება ბავშვებთან, მოწაფეებთან, ახლობლებთან მიმართებაში, ასევე ავაზაკის, ზოგადად ცოდვილების და მტრების მიმართ; ყოველივე ამით მან ადამიანის მნიშვნელობა და ღირსება წარმოაჩინა.

,,რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თვისისა? (მათე,16,26), _ ბრძანებს უფალი.ჩვენ კი, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვაქვს და არც არასწორ ცხოვრებას ვცვლით. თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება სწორ მიდგომას საჭიროებს. რა თქმა უნდა, სხეულის სიმრთელე ყველასთვის სასურველია, თუმცა დიდი შეცდომაა, როცა დიდ დროს ვუთმობთ მასზე ზრუნვას და საერთოდ არ ვფიქრობთ სულიერ სიჯანსაღეზე. თითქოს ჩვენი უკვდავი სული, ჩვენი მარადიული არსებობისათვის განმსაზღვრელი არ იყოს.

ბევრმა ისიც არ იცის, რომ ხშირად ავადმყოფობა ცოდვისგან მომდინარეობს და როგორც კი ადამიანი იწყებს სწორ სულიერ ცხოვრებას, _ მოძღვრის წინაშე ამბობს გულწრფელ აღსარებას, ეზიარება და ცოდვათაგან თავისუფლდება, _ ძალიან მძიმე სნეულებისაგანაც კი იკურნება. ამასთან, ამ წმინდა საიდუმლოს ხშირად მიღებით ფიზიკურ გამოჯანმრთელობასთან ერთად, მისი აზროვნება და შინაგანი სამყაროც იწმინდება და განახლებას განიცდის.
ამიტომაც ეწოდება აღსარებასა და ზიარებას საკურნებელი სულისა და ხორცისა.

საერთოდ, აღსარებისა და ზიარების გარეშე ადამიანის სულიერი გადარჩენა შეუძლებელია. ვინც ამ მადლისაგან დღემდე გაუცხოებულია, ყველას, _ ბავშვს, ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს, _ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, აუცილებლად მიიღოთ ეს უდიდესი სიწმინდე და ცხოვრების წესად აქციოთ ლოცვა და თქვენს სულზე ზრუნვა, რათა საკუთარი თავიც იხსნათ მარადიული ხრწნილებისაგან და შთამომავლობასაც თქვენი ცოდვები სიმძიმედ არ დაუტოვოთ (ცოდვა დაუსჯელი არ რჩება, ღვთის წინაშე კი ყველა მხოლოდ თავის დანაშაულზე აგებს პასუხს).

უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა, – აბორტი. მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება. ბოროტმოქმედის სიკვილით დასჯა მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. (მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის).

აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც. დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება.

აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც; მითუმეტეს, ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.

მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც.

ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს.

გაუგებარია ისიც, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველამ იხილა ფილმი ,,ჩუმი ძახილი,” როგორღა დგამს ამ ნაბიჯს მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი-გინეკოლოგი?

ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი – ნერვიულ გამოვლინებებს. ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება.

ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ. როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს.

დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული). მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად. მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა.

განწყობის თეორია კარგად უნდა შევისწავლოთ და დავნერგოთ ჩვენს ცხოვრებაში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმშენებლობისათვის.
განწყობა უნდა შეიქმნას, მაგალითად, სოფლის აღორძინებისათვის, ასევე საზღვრისპირა და მთის რეგიონების განაშენიანებისათვის. რა თქმა უნდა, სათანადო ინვესტიციების მოძიებაც აუცილებელია, მაგრამ მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

განწყობა უნდა შეიქმნას განათლების სისტემის აღორძინებისათვის, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისთვის, ღრმა აზროვნების დანერგვისათვის, მეცნიერების წინსვლისათვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ჯარის განმტკიცებისათვის, ქვეყნის ინტერესებისა და ეროვნული იდეოლოგიის დაცვისათვის.…………

ამ სოფლად ჩვენთვის მოცემულ სივრცესა და დროში უნდა მოვასწროთ ზეცად ამყვანაბელ კიბეზე აღსვლა. როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ღირსეული ქრისტიანენი და დავიწყეთ თუ არა ზესვლა?

ეს ძნელი არ არის.

მატერიალური აზროვნების მქონე პიროვნება ბედნიერებას მხოლოდ მომხვეჭელობაში ჰპოვებს, ჭეშმარიტი მორწმუნე კი, _ მოწყალების გაცემაში. გამიწიერებული ადამიანი საკუთარი თავის და თავისი შესასძლებლობების მოიმედეა, სულიერი კი, _ მხოლოდ ღმერთის. მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი – ქველის საქმეებით სიმდიდრეს.

არაეკლესიური ცნობიერების მქონე სხვებზე მბრძანებლობს, მორწმუნე კი _ თავის ვნებებზე. ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, _ ქართველნო, აფხაზნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო რწმენით მივეახლოთ ჩვენი უფლის ბრწყინვალე აღდგომის მაცოცხლებელ მადლს და შევიმოსოთ სიმართლის საჭურველი, რათა ,,ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით~ (რომ.6. 20,8).

მაშინ გავემიჯნებით საყოველთაოდ გაბატონებულ ეგოცენტრიზმს, _ თავისმოყვარეობას, _ და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მთავარი მტერი სწორედ ეგოიზმია, სხვისთვის სიყვარულით აღსრულებული მსახურება კი – ჩვენი გადამრჩენელი. აღმოვაჩენთ, რომ ღმერთის სიყვარული განუყოფელია მოყვასის სიყვარულისგან და ერთი მეორეს განაპირობებს.

და თუ ყოველივე ამას ჩვენს ცხოვრებაში რწმენით აღვასრულებთ, შევიმოსავთ ქრისტეს და ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. `დაითესება ჩვენი სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი …… დაითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, დაეთესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში” (Iკორ.15,42-44).

მაშ, “ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, არამედ როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს!” (რომ. 6, 12).
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!”

http://www.orthodoxtheology.ge/%E1%83%A5%E...%25e1%2583%25a1


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 11 2013, 04:36 PM
პოსტი #43


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლა ვიდეო ვერსიასაც შემოგთავაზებთ , რომელსაც არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი კითხულობს :



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 7 2014, 04:45 PM
პოსტი #44


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს
07/01/2014
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი
გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ს საშობაო ეპისტოლეს.




”ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, – მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!


,,ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი” (ლუკა 2,10-11).

2014-ედ ეუწყება ახლა მსოფლიოს ეს საოცარი ამბავი და ეფინება უფლის უსხეულო ძალთა საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2,14). ანგელოზთა დასი, მწყემსები, მოგვები და, მათთან ერთად, ჩვენც მადლიერებითა და მოკრძალებით კვლავ წარმოვთქვამთ ღმერთთან შერიგების, მშვიდობისა და ბედნიერების მომტან ამ დიდებულ სიტყვებს.

რამდენი ხანი ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა? რამდენი საუკუნე გაილია ამ ჟამზე ნატვრით? რამდენი წმინდა და ღვთისსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის?

ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განვლო, აბრაამიდან დავითამდე – 14-მა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდეც – 14-მა, ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე, – კიდევ თოთხმეტმა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, – სასძლო უფლისა.

ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.

ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით.

პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.

ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.

ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.

თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.

ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, – სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო.
დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.

არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული ,,თავისუფლებას” შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

ფსევდო-ლიბერალური ,,არჩევანის თავისუფლება” ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.
ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა – მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა – მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ.10;23).

ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.

ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.

ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.

დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია.

ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას.

კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.

საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.

საერთოდ, ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი – ,,მცირე ეკლესია.”
ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს ,,მცირე ეკლესიად,” მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.

შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: ,,ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, … ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.

გულში გქონდეს ეს სიტყვები, … ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს” (II რჯ., 6, 3-9).

ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მთ., 19,19).

ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).

ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.

როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს.

თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. “ჰუმანისტები” მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.

მიზანი ამართლებს საშუალებას, – ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.

მაგალითად, ფაშისტებს ქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?

განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?
ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ” (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე ‘უფალმა მომცა, უფალმა წაიღო”(იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.

მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთისსათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.
ამასთან, ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.

მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა.

რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.

მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.

ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ.

ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში “მე”-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).

ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მომქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს.

სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ.

* * *
ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, – მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან, სხვადასხვა ქმნილებისათვის ყოფის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია: ზოგისათვის – რამდენიმე საათი, ზოგისთვის – რამდენიმე დღე, სხვისთვის – წლები, საუკუნეები ან საერთოდაც ათასწლეულები.

სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა. აი, როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს: ,,შენა ხარ დროის შემომქმედი; არ არსებობს დრო შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგი.”

სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები ,,წმინდა დროდ” მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.

პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა “ცხოვრების ხის” ნაყოფს, – ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ. ამიტომაც ადამიანი გაორდა, გაორდა მისი ამქვეყნიური დროც: ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრების იმ ნაწილს, რაზეც ბიბლიაში წერია: ,,ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს” (ეკლ. 1,2).

დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამპარტავნების სულით გაიღო, ხოლო აბელმა – გულწრფელი, უშურველი სიყვარულით.

კაენის შური შუღლში გადაიზარდა, აბელის მოკვლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა; ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედთან შეხვედრის შიში. (ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ.)

აბელს კი, მართალია, ამქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზა სეითმა და მისმა მოდგმამ გააგრძელეს.

რას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლიტურგიკული დროით ცხოვრება?

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთისოფელში აწმყო, ფაქტიურად, არ არსებობს; ის, რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა. იქ წარსული და მომავალი არ არსებობს.
და თუ გვსურს, სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ (წმ.იოანე დამასკელი).

ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება. ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, – შეუქცევადობას და სწორხაზოვნობას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორადობით, წრიული მდინარებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული.

ჩვენ აქ მუდმივად ვხდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქისა, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების და წმინდანების ცხოვრებისა, საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიისა.

ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს: კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს, – ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი, ზოგადად, ანგელოზთა დღეა, სამშაბათი – წმ. იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი – ჯვრის, ხუთშაბათი – წმ. ნიკოლოზის, პარასკევი – ჯვარცმის, შაბათი კი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების.

წლის ციკლის ფორმირებაც, პირველ რიგში, აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან, არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას, და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა და საერთოდ, სამყაროს აღქმას: ვერ მოვიპოვებდით საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრისს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებთ…

ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემომქმედნი გავხდეთ და არა მოწინააღმდეგენი. თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფთადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას ამკვიდრებ.

თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსნად და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვასს, ჰმადლობ ღმერთს არსობის პურისთვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ.

თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, – კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.

,,ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.” ბრძანებს მოციქული (გალ.6,2). ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: ,,იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?

ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონესათვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.

მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.

ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: ,,როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას.”

ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა.

მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთის მადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.

ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს “მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, … რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა”. ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ.4, 4-7).

მაშ, გიხაროდეთ, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდნო, უდინინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო …, ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა; გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო: ,,დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი” (ლუკა 2,11).

თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შეხვდით მას და იმედითა და სიყვარულით მიეგებეთ!

მარადის თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა 2013-2014 წელი”

http://www.orthodoxtheology.ge/shoba2014/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 13 2014, 12:36 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როგორ იწერება პატრიარქის ეპისტოლე?

- პატრიარქის ეპისტოლე როცა იწერება, შემდეგი პროცესი ახლავს ამას: რათქმაუნდა, სიახლეს არ ვამბობ, ზოგადად პატრიარქი არის უაღრესად განათლებული პიროვნება, და რაც მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.

მიუხედავად თავისი უდიდესი საღვთისმეტყველო ცოდნისა, პატრიარქი ეპისტოლეს დაწერის წინა პერიოდში ხვდება ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, საერო და სასულიერო პირებს, ექსპერტებს სხვადასხვა დარგში, ესაუბრება მათ, არჩევს საკითხებს, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რა არის აქტუალური.

ყველა ეპოქაში ეკლესიის მწყემსმთავრები, პატრიარქები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების, მიმართავდნენ მრევლს და ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ გამოწვევებს, თუ რა იყო აქტუალური იმ დროს.

პატრიარქი ესაუბრება ყველას, სასულიერო და საერო პირებს, ექსპერტებს, მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ისტორიკოსებს და ყოველთვის არჩევს თემებს.

შესაძლებელია პატრიარქმა თხოვოს რომელიმე პიროვნებას, ექიმს, ექსპერტს, რომ მან დაამუშაოს ესა თუ ის კონკრეტული საკითხი, შემდგომ ეს ყველაფერი იკრიბება პატრიარქთან, იგი კითხულობს მას, შეაქვს შენიშვნები, საეკლესიო სწავლების შესაბამისად, ასწორებს ამ ყველაფერს, ამის შემდგომ უკვე იწერება ის ეპისტოლე, რომელსაც ბოლოს კითხულობს ისევ პატრიარქი და კითხულობს არაერთხელ და შემდგომ ის ამ ეპისტოლეთი მიმართავს საზოგადოებას.

/პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 20 2014, 02:03 PM
პოსტი #46


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



09:49 / 20-04-2014
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II

,,წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვივნეს,

სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს" (ფს. 84,10).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო და დედანო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, სასულიერო და საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

აღდგომის მადლითა და სიხარულით აღვსილი ვადიდებთ უფალს და თქვენ ყოველთა გულითადად გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღსრულდა!

აღსრულდა ის, რაც განჩინებული იყო უწინარეს საუკუნეთა!

,,ვნებითა მით შენითა, ქრისტე, ვნებათაგან განვთავისუფლდით და აღდგომითა შენითა ხრწნილებისაგან ვიხსენით, უფალო, დიდება შენდა!"

49 დღე ემზადებოდნენ მორწმუნენი ამ ზეიმის შესახვედრად.

შვიდი კვირის განმავლობაში ყველანი ვცდილობდით სულიერი კიბით ზესვლას, რათა ძალისამებრ ჩვენისა მომზადებულნი ვზიარებოდით პასექის სიხარულს, რომლის სადიდებელად ენა ამაოდ დაშვრება, რადგან ადამიანური

მეტყველება უძლურია, გადმოსცეს ღვთის სიყვარულის ის საოცარი გამოვლინება, რისი მომსწრე და მხილველიც კაცთა მოდგმა 1981 წლის წინ გახდა.

აღდგომა, ეს არის ნეტარ მარადისობასთან ზიარების, წარუვალი სიკეთისა და სიხარულის მაუწყებელი დღე.

,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?

სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?" (I კორ, 15,55).

ქრისტე აღდგა! გიხაროდეთ!

გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.

ბედნიერება, ეს არის ის ცნება, ის მდგომარეობა, რომელსაც ესწრაფვის ყველა ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნისა და ერის წარმომადგენელია იგი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას ესა თუ ის პიროვნება სხვადასხვანაირად აღიქვამს. მთავარი განსხვავება კი ის არის, რომ ზოგნი ამას ღმერთთან სიახლოვეში ხედავენ, ზოგნი კი, მის გარეშე მოიაზრებენ.

ამ გაორებას სათავე სამოთხეში დაედო.

ღმერთთან ერთობის პერიოდში ადამი და ევა აქ უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ, როდესაც მათ, საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განდიდების მიზნით, უფლის დარიგება უგულებელყვეს, ქვენა მიდრეკილებებს გაუხსნეს კარი და თვითონაც და მათი შთამომავლობაც გაორდა:

კაენის სულის მქონეთ ღმერთს ზურგი აქციეს და დაემონნენ ეგოისტურ ზრახვებს, ამბიციას, ხორციელ და გრძნობად მოთხოვნილებებს: ისინი ცდილობენ აქ, ამ წუთისოფელში, მიიღონ შესაძლო პატივი, სიმდიდრე, სიამოვნება... იმქვეყნიური ცხოვრებისა კი ან არ სწამთ, ან ამ თემაზე საკუთარი წარმოდგენა აქვთ და ყველაფერს სათავისოდ განსჯიან.

აბელ-სეითის გზით მავალნი კი ბედნიერებას მხოლოდ უფლის წიაღს უკავშირებენ.

მათთვის მიწიერი ცხოვრება, ეს არის სამოთხიდან განდევნილთა ადგილი, ის დრო და სივრცე, სადაც ადამიანმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს თავისი ხვედრი და შეამზადოს თავისი მარადიული მომავალი.

ასეთი პიროვნებებისათვის ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: ,,შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი" (მრ. 12, 30-31).

პირველი მცნება გულისხმობს ღვთისადმი ისეთ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ჩვენში.

- როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ამ განწყობით?

- შემოქმედზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავისი და არაფრის სიყვარული და ამასთან, ყოველივე ჩვენს თავზე მოწევნული, - სიხარული თუ განსაცდელი, - უნდა მივიღოთ მადლიერებით.

- განა თუნდაც

მშობლების ან შვილებისადმი გამორჩეული სიყვარული სწორი არ არის?

- ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია და, ბუნებრივია, ახლობლებისადმი დიდი სითბოსა და მზრუნველობის გამოჩენა არა თუ კარგია, ჩვენი ვალდებულებაა. ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენც, ჩვენს მშობლებსა და მათ წინაპართ, ისევე როგორც ჩვენს შვილებს და მათ შთამომავლებს, სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.

ამიტომაც, როცა, თუნდაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საჭიროა ჩვენთვის.

- მაგალითად, შვილის გარდაცვალებაც?

- რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ტკივილია და ბოლომდე ღვთის განგებულებას ვერავინ ჩაწვდება. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ვხედავ იმ აზრს, რომ უფალს ადამიანი თუნდაც ახალგაზრდა, გაყავს ამ ქვეყნიდან მისი ცხონებისათვის საუკეთესო პერიოდში. და, ბუნებრივია, იგი ცათა შინაც შესაფერის ადგილს დაიმკვიდრებს; ხოლო ის ტკივილი, რაც მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს მიეყენებათ, კიდევ ერთხელ დააფიქრებთ მათ სიცოცხლის საზრისზე, მთავარ ღირებულებებზე, ცხოვრების წესზე, ზესთასოფელზე. . .. ყოველივე ეს კი იწვევს ფერისცვალებასა და უკეთესობისაკენ მათ შეცვლას. ანუ, ფაქტობრივად, ეს ახალგაზრდები მიზეზნი ხდებიან თავისი ახლობლების სულიერი გადარჩენისაც, რაც უდიდესი მადლია იმ ქვეყნად წასულთათვისაც და აქ მყოფთათვისაც;

ხოლო თუ ამ ხალხს ასეთმა განსაცდელმაც ვერ უშველა, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათს გულებში უფლის ადგილი არც არასოდეს იქნება.

- და რაკი ადამიანი გამუდმებით სცოდავს, მითუმეტეს ჩვენს დროში, განსაცდელებით ამიტომ ვართ სავსენი?

- ეს, მართლაც ასეა. დემონი ყოველნაირად ცდილობს თითოეული ადამიანის სული მიიზიდოს და მიიტაცოს. სთესავს მასში ეჭვსა და ურწმუნოებას, ყველაფრისადმი ზერელე დამოკიდებულებას, ბინდავს გონებას ათასგვარი სიამოვნებით და თვალსაწიერს მხოლოდ წუთისოფლით უფარგლავს, რათა იგი გონს არ მოეგოს და ხელიდან არ დაუსხლტეს.

ასე იყო ყოველთვის, ასეა დღესაც, თუმცა თანამედროვე ჩვენი ყოფა უფრო დამძიმდა და დასნეულდა, რადგან მასიურად ხდება წახალისება ცოდვის პროპაგანდისა. ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო. ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ.

თანამედროვე ფსევდო-ლიბერალიზმს კი სურს, მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად ,,ბოჭავს" ადამიანს და ,,თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა

მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც, ფაქტობრივად, ისინი ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს სთავაზობენ საზოგადოებას და სრული სულიერი გადაგვარებისაკენ უბიძგებენ. აჩვენებენ სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს და თან ,,გართობის" მიზნით სხვადასხვა ,,შოუსა" და გადაცემებში ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, რათა, მათი თქმით, ხალხი ,,განკურნონ ნევროზისა და ფობიებისაგან."

ეს მეთოდიკა ისეთი ფორმით ინერგება, რომ ზოგჯერ თვით ამ ,,სპექტაკლების" მონაწილეთაც არ ესმით, სინამდვილეში რას ემსახურებიან და რატომ აქვთ ასეთი დაკვეთები. ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას, სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ, რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ:

,,ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება. მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ(მთ.18,6, 18,7) _ ბრძანებს უფალი.

ბუნებრივია, ადამიანის ისედაც სუსტ ბუნებას უჭირს გაუძლოს ბოროტის ამდენ მახეს. ამიტომაც, სახეზე გვაქვს საყოველთაო დაცემა და ამ ფონზე არც მართლმადიდებლები არიან განსხვავებულ მდგომარეობაში. მათ შორისაც გახშირდა სიცრუე და ღალატი, ეგოისტური მიდგომები, უარის თქმა ოჯახურ ვალდებულებებზე, გულგრილობა. ყოველივე ეს კი სულიერ სამყაროში იწვევს სერიოზულ რღვევებს, რასაც ზოგიერთი გრძნობს, მაგრამ არ რეაგირებს, ზოგიერთი კი ვერც აცნობიერებს და აგრძელებს ცოდვასთან კავშირს.

მაგრამ თუ უფალს ეს ადამიანი უყვარს და არა ჰყავს მიტოვებული, მასზე ღვთისაგან დაეშვება განსაცდელი (ან განსაცდელები), რათა იგი გამოფხიზლდეს და დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე.

ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება გაცნობიერება დანაშაულისა და მისი გამოსყიდვა.

მე პირადად არაერთი ადამიანი მინახავს გულწრფელი აღსარებითა და ზიარებით მძიმე სენისაგან განკურნებულნი, ასევე რთული და, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობიდან თავდახსნილნი; ეს ხომ დასჯა არ არის! იგი უფსკრულიდან ჩვენი ამოყვანაა, ჭუჭყისაგან ჩვენი განთავისუფლებაა.

ამიტომაც განსაცდელი მადლიერებით უნდა მივიღოთ.

ამასთან, ჩვენს თავში უნდა გავაძლიეროთ მებრძოლი სული, არ შევეგუოთ დაცემას, რამდენჯერაც არ უნდა შეგვემთხვას იგი, და ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ძალა ვნებათა დასათრგუნად, ასადგომად და გზის გასაგრძელებლად.

,,სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი," (მთ. 11,12.). ანუ სასუფეველი ცათა საკუთარ თავთან ჭიდილით, _ ცოდვათა დაძლევით მოიპოვება და ვინც ამ ომში გაიმარჯვებს, ის დაიმკვიდრებს მას.

ვიმეორებ, ეს დაპირისპირება დღეს განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს. ბოროტი თავგამოდებით იბრძვის და ჩვენც თავგამოდებით გვმართებს დავიცვათ ჩვენი მეობა, ჩვენი სული, ჩვენი ღირებულებები.

მაცხოვარი ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავისიანებსა და რჩეულებს უწოდებს და ასე მოიხსენებს: ,,ვიცნი ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ" (ინ. 10,14).

როგორი დიდი წყალობაა, უფალს მიაჩნდე თავისიანად!

მე მინდა, მივმართო ჩვენს ხალხს, რომელმაც ბოლო პერიოდში მრავალი განსაცდელი გადაიტანა, _ არ შედრკეთ! ეს ტკივილი, ეს მწუხარება სწორედაც ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ამიტომაც გვწვრთვნის შეცოდებათა გამო.

- მართალია, სხვათა მსგავსად ჩვენც რთულ დროში გვიწევს ცხოვრება და ეს გავლენას ახდენს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მრავალი ტაძარი აიგო, ეკლესიები სავსეა ხალხით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. სხვაგან ასეთი პროცესები არ არის, თუმცა ისინი ჩვენზე უკეთ არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, რომ გამოცდის და განსაცდელების პერიოდი ასეთი ხანგრძლივი და მძიმე აღმოჩნდა?

- ჯერ ერთი, ვისაც ბევრი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს ხალხთან მიმართებაში სწორედ ეს ვითარებაა. ამასთან, მართალია, საზოგადოებაში დიდი დადებითი ძვრები მოხდა, მაგრამ მთავარი ნაკლოვანებები ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული.

თითოეულმა ჩვენგანმა (ამჯერად ვგულისხმობ მხოლოდ მორწმუნეთ, მათ შორის სასულიერო პირებსაც) ჩავიხედოთ სულში და პირუთვნელად შევაფასოთ ჩვენი განწყობები და დამოკიდებულებები.

ვფიქრობ, ცოტანი არიან ისეთნი, რომელთა გულის ტახტზე უფალია დაბრძანებული. უმეტესი ნაწილი კი ძირითადად, სიტყვით და ნაწილობრივ კი, საქმითაც ღვთის მადიდებელია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის მინდობილი ღმერთს.

ეს ჰგავს იმ პიროვნების მდგომარეობას, რომელმაც ცურვა არ იცის, ზღვის სანაპიროზე მხოლოდ ფეხს ისველებს და ზღვაში ცურვის სიყვარულზე კი საუბრობს.

რა თქმა უნდა, ათეისტური აზროვნებისაგან ხალხი მალევე ვერ განთავისუფლდება და ზემოთქმული ამის შედეგიც არის, მაგრამ უკვე დადგა დრო, მთავარი სულიერი ორიენტირების გასწორებისა; ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, მთელი ჩვენი ძალისხმევა, ჩვენი ვედრება ამაო იქნება, რადგან არასწორად აღვლენილი ლოცვა ჰაერში განიბნევა და შედეგს ვერ გამოიღებს.

ჩვენი ცხოვრება, ჩვენი საქმიანობა, აზრი და ფიქრიც კი, შესაძლებლობისამებრ, ღმერთით უნდა იყოს განმსჭვალული და სწორებას მუდამ მასზე უნდა ვახდენდეთ. ასეთი დამოკიდებულება სასიცოცხლოდ აუცილებელი არის თითოეული ჩვენგანისთვის.

მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, თავი დავიცვათ ცოდვისაგან და მივუახლოვდებით იმ მდგომარეობას, რაც დაცემამდე იყო შემოქმედსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის, - შევცურავთ უფლის სიყვარულის ოკეანეში და აღვივსებით მისი მადლითა და წყალობით.

ვინ არის მოყვასი და რატომ არის მისი სიყვარული ჩვენი გადარჩენისათვის, ასევე, აუცილებელი პირობა?

- მოყვასია ყველა, ვინც კი ცხოვრების გზაზე გხვდება. დაწყებული შენი ოჯახის წევრებიდან, ახლობლებიდან და მეგობრებიდან და დამთავრებული უცნობი, მაგრამ შენთან შეხებაში მყოფი პიროვნებებით; რა თქმა უნდა, ამათ რიცხვში შედიან ის ადამიანებიც, რომელთაც ჩვენ მტრებს ვუწოდებთ.

ახლობლებისა და ჩვენი მოყვარული ადამიანების სიყვარული რომ აუცილებელია, გასაგებია. ეს გრძნობა იმდენად ბუნებრივად მკვიდრობს ჩვენში, რომ აქ მოვალეობაზეც კი ლაპარაკი არ არის, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა.

ჩვენი ხალხის ხასიათის წარმოსაჩენად ორ მომენტს გავიხსენებ: თუკი ქვეყანამ გაუძლო ბოლო ოცი წლის დუხჭირ ცხოვრებას, ეს სწორედ მეგობრების, მეზობლების, ნათესავების ერთსულოვნებით მოხდა. უბრალო ადამიანები, თვითონაც არას- მქონენი, მასზე გაჭირვებულთ უშურველად უნაწილებდნენ თავის ლუკმას, რაც ბუნებრივად, დაუყვედრებლად ხდებოდა.

ეს ხომ გმირობის ტოლფასია!

თქვენ იცით, მე ყოველთვის მოვუწოდებდი და მოვუწოდებ უცხოეთში წასულ ქართველებს, დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ ეძიონ საშუალებები დასაქმებისა, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების, თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.

ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა.

- ჩვენს ურთიერთობებში დიდი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც ცოდვას ვეხებით და წყენა და გულისტკენა ჩნდება. როგორ მოვიქცეთ?

- ცოდვის პირველი უცილობელი წამალი სინანულია.

თუ შენ ხარ დამნაშავე, ბუნებრივია, ბოდიში უნდა მოიხადო, აღიარო დანაშაული, მიხვიდე მასთან, ვისაც გული ატკინე და სთხოვო პატიება. ეს შენი ვალდებულებაა. თუმცა ადამიანებს ზოგჯერ უჭირთ ამ ნაბიჯის გადადგმა და პატივმოყვარეობის დაძლევა, რაც ფრიად სამწუხაროა.

- როგორ ვიგრძნოთ, გულით ვაპატიეთ, თუ არა სხვას დანაშაული?

- პატიება ნიშნავს არა მარტო იმას, რომ სამაგიეროს არ მიაგებ მას, არამედ იმასაც, რომ დაფარავ და არ განაცხადებ შენი შემცოდის ცოდვას. უფრო მაღალი საფეხური კი გულისხმობს იმ მდგომარეობას, როდესაც ამ ადამიანს შენ სიკეთით უპასუხებ.

- შეიძლება ნაკლებად შემცოდეს შეუნდო, მითუმეტეს, თუ იგი შენდობას ითხოვს, მაგრამ როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად გვექცევიან?

- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.

საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემეთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ

ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ ,,მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.

განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.

ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია!

გავიხსენოთ მამა გაბრიელი (ურგებაძე), _ აღმსარებელი და სალოსი.

მოგეხსენებათ, სალოსობის ინსტიტუტი, ძველი დროიდანვე იყო ცნობილი მართლმადიდებლობაში, მაგრამ ამ გზით მავალნი ძალიან ცოტანი იყვნენ;

ისინი ყველას დასანახად ისე იქცევიან, რომ თავის არარაობას გაუსვან ხაზი და სხვათა თვალში დამცირდნენ. ანუ სალოსები მარტო კი არ ითმენდნენ შეურაცხყოფას, არამედ საზოგადოებაში ხელს უწყობდნენ მათზე უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რათა ყველასაგან ფარული, დიდი ღვაწლი ლოცვისა ეტვირთათ არა მარტო ცალკეული პიროვნებისა და ერისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

ასე იცხოვრა მამა გაბრიელმაც, – დაიმდაბლა თავი და ამიტომაც ამაღლდა.

არანაკლები მადლმოსილება აქვთ ბეთანიელ ბერებსაც, - არქიმანდრიტებს: გიორგი მხეიძესა და გიორგი-იოანეს(მაისურაძეს) და XX ს-ში გაბრწყინვებულ სხვა წმინდანებს (აღარაფერს ვამბობთ წინა საუკუნეებში მოღვაწე სხვა წმინდანებზე).

* გამოდის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის მტერი არ არსებობს?

- მტერი არსებობს და მისი სახელი არის ბოროტი სული, ეშმაკი, რომელიც თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს ცალკეულ პიროვნებებს, განსაკუთრებით ურწმუნოთ. აი, ვინ უნდა გვძულდეს და მოვიძაგოთ. მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანები კი, - გვიყვარდეს და გვებრალებოდეს, როგორც სნეულნი და ვეცადოთ, ვუმკურნალოთ მათს წყლულებს.

არსებობს ასეთი მოკლე ლოცვა:

ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, _ ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა.

მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლობა ხშირად მწარეა, თუმცა მისი მიღება აუცილებელია ჩვენი გამოჯანმრთელებისთვის. ასეა ცხოვრებაშიც, სიყვარული არ ნიშნავს ყოველივეს პატიებას, დაუსჯელობას. უფალიც ხომ გვწვრთნის დანაშაულთა გამო! ამიტომაც, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.

შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.

შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.

შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.

პიროვნების სწორად ჩამოყალიბება დამოკიდებულია ოჯახში აღზრდაზე. ეს გარემო, სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ.. . . ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ.

ეს არის გაუცნობიერებელი მტრობა შვილების მიმართ!

ასეთი დამოკიდებულების შედეგად ახალგაზრდა უსუსური ხდება, არა აქვს შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენს სიმხდალეს, მუდმივად ეძებს საყრდენს და სხვაზეა დამოკიდებული, დაქვეითებული აქვს აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთან, არის ამბიციური და ,,მე"-ზე ორიენტირებული.

ეს ყველაფერი სხვადასხვა ეკონომიური შესაძლებლობის მქონე ფენაში სხვადასხვა სახით ვლინდება, თუმცა დიდ ნაწილში ერთი საერთო მდგომარეობა შეიმჩნევა, _ არსებულით დაკმაყოფილება, უინიაციტივობა და მიშვებულობა.

ხშირია შემთხვევები, როცა მათ ბევრი რამ აკლიათ, მაგრამ ეზარებათ ვითარების გამოსწორებისათვის ზრუნვა. შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფნიც, ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რადგან არა აქვთ ძიების სურვილი. ეს მოსწავლეები და სტუდენტები ამთავრებენ რა სასწავლებელს, ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს.

ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად; ამასთან, თუ ერთხელ არ გაუმართლა მცდელობამ, უიმედობა იპყრობს, დეპრესიული ხდება და იწყებს ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. ამიტომაც გამრავლდა ნარკომანია, ლოთობა, ქურდობა, მკვლელობა, აღვირახსნილობა...; ეს ყველაფერი არასწორი აღზრდის შედეგია.

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ.

ამასთან, პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვარს და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.

ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც დაიცვას და სხვაც, ამასთან, გაარჩიოს, სად არის შავი და სად _ თეთრი, რა არის კარგი და რა _ ცუდი პირადად მისთვის, მისი ოჯახისათვის, ახლობლებისა და ქვეყნისათვის, რომ თავის შინაგან სამყაროში იგრძნოს სილაღე, თავისუფლება, სიძლიერე და სიყვარულით აღვსილი ამ თვისებების სხვათათვის გამზიარებელი იყოს სიცოცხლის ბოლომდე.

ამ მიზნის მისაღწევად დედ-მამამ პირადი მაგალითი უნდა უჩვენონ და, ამავე დროს, ურთიერთპატივისცემითა და შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ.

ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებლი როლის შესრულება ოჯახში და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა).

სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას; უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხზე.

ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება და ვერ გააკეთებენ სწორ არჩევანს.

ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ. თუ ეს განხორციელდა, მაშინ მშობლებს შეუძლიათ ჩათვალონ თავისი ვალი შვილებისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებულად.

დაახლოებით ასეთია მორწმუნის დამოკიდებულება ბედნიერებისადმი.

ყოველივე ზემოთქმული კი ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმ გზებით სიარული, რომელიც ნამდვილ ბედნიერებასა და სიყვარულს გვაზიარებს და რწმენით, ჭეშმარიტებით, სიწმინდით, სიკეთითა და სიხარულით აღგვავსებს.

ამ მადლს არცერთი ეპოქა არ მოიცავდა სრულად, მაგრამ არც ისეთი დრო ყოფილა ოდესმე, რომ სრულად განძარცვლი ყოფილიყო იგი ამ წყალობათაგან.

დღესაც, ტექნიკის განვითარებისა და მისი ბატონობის პერიოდში, ამბიციურობის, ცრუ ჰუმანიზმის, ნელ-თბილი რწმენისა და ბოროტთან საიდუმლო გარიგების ხანაში, კვლავ გვესმის აღდგომილი მაცხოვრის იმედისმომცემი და განმამტკიცებელი ხმა:

,,მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28,20)!

მაშ, ვისი მეშინოდეს, ან ვისგან შევძრწუნდე?

მართალია, ბოროტი ძალა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ მასზე განუზომლად ძლიერი და დაუსაბამოა ღმერთი, რომელიც მუდამ ჩვენთან არის და დღესაც

სააღდგომო ტრაპეზზე გვიხმობს: ქართველებს, ოსებს, რუსებს, აფხაზებს, ბერძნებს, იეზიდებს, უდიებს, ასირიელებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უკრაინელებს, . . . როგორც მესამე, ისე მეთერთმეტე ჟამის ქრისტიანებს.

მაშ, რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა; რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა ამას უფლისასა... და ყოველთავე მიიღეთ სიმდიდრე სიტკბოებისა..., რამეთუ აღსდგა ქრისტე და დაირღვა ჯოჯოხეთი; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს, აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკუდართაგანიც არს საფლავსა შინა, აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

ილია II

აღდგომა ქრისტესი 2014,

20 აპრილი.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101344-pa...l#ixzz2zQ4XEvH1


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 7 2015, 11:30 PM
პოსტი #47


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე
23:55 06-01-2015
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!

,,მოხედნა ღმერთმა და ყო ხსნა "სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა ერისა თვისისა" (ლკ.I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ.I,14).


დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.
ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.
წმიდა ქალწულმა მარიამმა, "ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თვისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;
ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მეს"-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.
დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად".
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:

1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან.

2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწეყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება.

3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია.
საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის.

4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა.
რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების…... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: ,,მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული.

5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4).
სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით,… ვალებით ...… გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა, მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია.
ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.
დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.
ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული ,,ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.
წმინდა ილია მართალი წერს:
,,ქართველებისთვის ,,დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, -,,დედა-ქალაქს," – მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - ,,დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, ,,დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, - ,,დედა-აზრს," გუთნის განმგებელი მამაკაცს კი - ,,გუთნის-დედას".
რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა! "
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.
ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება.
აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ.
ყველამ, _ ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, _ სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: ემმანუელ, – ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთს ებარებოდეთ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი


თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი.

http://www.interpressnews.ge/ge/dghis-them...o-epistole.html


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 3 2021, 09:48 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,599
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი მაცხოვრის ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ“. (მთ. 6. 33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ."

/2004 წლის საშობაო ეპისტოლე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი