თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ უშვილობის ტვირთი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:40 PM

"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2022, 05:44 PM

"დღევანდელი სტატისტიკით, ყოველი 100 წყვილიდან 15 უშვილოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 12:35 PM

"ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით, მედეა უშვილობის მკუნალადაც გვევლინება. ეგეოსი "დიად კოლხეთის დედოფალს"აუწყებს თავისი ჩამოსვლის მიზანს: "თებეს ტაძარში" ის ჩამოვიდა, რათა "შვილთა ყოლის" პოვოს "სახსარი", რადგან "უძეობა" სჭირს "რაღაც განგებით". მედეა მას აიმედებს: "შენ ჯერ არ იცი, რა ბედს ეწიე, რომ მოხველ ჩემთან: ვიცი წამალი უძეობისა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 66/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:05 PM

"აქ, ჩვენს მეზობლად, ქალკიდიკში, ერთი ქალი მხურვალედ მევედრებოდა, რათა მელოცა, რომ შვილი შეძენოდა. რასაც ახლა თქვენ გწერთ, იგივე მივწერე მასაც [ აქ. "წადი ეკლესიაში და სთხოვე ღვთისმშობელს, რომ იზრუნოს შენს ქალიშვილზე"]. სულ ხუთი-ექვსი დღის წინ მისგან წერილი მივიღე, სადაც სასიხარულო ამბავს მაუწყებს: "მამაო, ვაჟი შემეძინა".

იგივე მოხდა თესალონიკშიც. ერთ წყვილს წლების მანძილზე შვილი არ უჩნდებოდა. ერთ თვის წინ ჩემთან სახლში ქმარი მოვიდა გახარებული და მითხრა, რომ მისი ცოლი ორი თვის ფეხმძიმეა.

აურაცხელია ღვთისმშობლის სასწაულები, როცა მას მხურვალედ ვევედრებით ჩვენი სულიერი ტკივილის გამო, რადგან მანაც უწყის თავისი მშობლების წუხილი უშვილობის გამო".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2022, 08:27 PM

"ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო თ.

გეამბორები მამობრივი სიყვარულით და გისურვებ, რომ ღვთისმშობლის საფარველი გფარავდეთ შენც, პ.-საც და გ.-საც.

წავიკითხე თუ არა შენი წერილი, დაუყოვნებლივ გწერ.

სულაც არ აზროვნებ კარგად. თავად შენ ხარ შენი მწუხარების მიზეზი. თავად შენ იწვევ პრობლემებს საკუთარ თავთან. ნაცვლად იმისა, რომ თავი ინუგეშო, სიმშვიდე და მყუდროება გქონდეს, თავად შენ უკარგავ საკუთარ თავს ამ ყველაფერს.

შეცვალე, შვილო, ეს გზა. უთხარი საკუთარ თავს: "თ., ნუთუ შენ პატრიარქ აბრაამზე უკეთესი ხარ?" ცხადია, რა. მიუხედავად ამისა, ღმერთმა მას მხოლოდ ერთი შვილი უბოძა - ისააკი. ასევე, ისააკსაც ერთი შვილი უბოძა - იაკობი (მეორე ხომ დასაბმელი იყო). როგორც ღმერთს ნებავს, რაც ღმერთს ნებავს და რამდენიც ღმერთს ნებავს.

ყველაფერი ღმერთს მიანდე, შვილო, და ნახავ, რომ მყისვე დამშვიდდები, მაშინვე გაიხარებ და დაისვენებ.

თუ ღმერთს ნებავს, რომ ერთი შვილი მომცეს, იყავნ ნება მისი. თუ ნებავს ორი ან უფრო მეტი, იყავნ ნება მისი. "ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ". "იყავნ სახელი უფლისაი კურთხეულ...". "აწ უკუე არ რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 06:59 PM

"18 სექტემბერი კეთილმორწმუნე მთავრების - პეტრეს და თებრონია მურომელების ხსენების დღეა. თარიღი გარდამავალია. ის ყოველთვის კვირა დღეა, 19 სექტემბრამდე.

ერთხელ ანა მოესეევა გაემგზავრა თავისი ბავშვობის ქალაქ მურმოში. მას ახლდა მეგობარი ელენა.

ანამ მას უჩვენა უძველესი ტაძრები. უამბო მურომელი სასწაულთმოქმედების, განსაკუთრებით წმ. პეტრესა და თებრონიას შესახებ. ანამ გაიგო თავისი მეგობრის - ელენას სანუკვარი ოცნება: - ის ქმართან ერთად დიდი ხანია ოცნებობდა ბავშვზე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ელენამ დიდხანს ილოცა ქრისტიანული ოჯახის მფარველთა წმ. ნაწილებთან. შემდგომ მეგობრები დაბრუნდნენ მოსკოვში, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც.

ეს მოხდა 2007 წლის თებერვალში, ნოემბერში კი ელენას ეყოლა ბავშვი ვეროჩკა. აი, ასე უპასუხეს ელენას მხურვალე ლოცვას წმ პეტრემ და თებრონიამ.

როგორც კი ვეროჩკა ცოტა წამოიზარდა, მშობლემბა ის წაიყვანეს მურომში, სადაც თაყვანი სცეს საოცარ სასწაულმოქმედებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2022, 09:12 PM

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ისტორია შეემთხვეოდა ჩვენს ოჯახს.

ჩემმა შვილმა დიმიტრიმ შეირთო კარგი გოგო. თავიდანვე მათი ურთიერთობა საუკეთესოდ აეწყო: მათ ჰქონდათ კარგი სამსახური და შემოსავალი, საერთო ინტერესები, ორივეს უყვარდა აქტიური დასვენება ბუნებაში და ზღვაზე... ყველაფერი მიდიოდა ჩვეულებრივი, საერთო ცხოვრების შესაბამისად.

მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ გოგო ვერ ფეხმძიმდებოდა. გამოსავალი ერთი იყო - მიემართა თანამედროვე მედიცინისთვის, გამოევლინათ მიზეზი, ემკურნალათ, გაეთვალისწინებინათ რეკომენდაციები და დაეჯერებინათ, რომ შედეგი დადგებოდა.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ არ ჰქონდათ არავითარი პათოლოგია, არც შეუთავსებლობა და არც მკურნალობა ესაჭიროებოდათ. მედიკოსებმა მხოლოდ ვიტამინები დაუნიშნეს.

ასე გავიდა მთელი 7 წელი.

მე უკვე დავკარგე იმედი, რომ ყველაზე სანუკვარი რამ - შვილიშვილები მეღირსებოდა. მაგრამ გამოსავალი სულ სხვა მხრიდან გამოჩნდა.

2020 წლის ზაფხულში ჩემმა მორწმუნე თანამშრომელმა იურიმ შემომთავაზა ვერხოტურეში გამგზავრება, სადაც შევძლებდი წმიდა ნაწილების მოლოცვას და უფლისადმი მხურვალე ლოცვას.

მე სიხარულით დავთანხმდი და მადლობა ჩემს ხელმძღვანელს, რომ გაგვიშვეს რამოდენიმე ერთად.

იური ბევრჯერ იყო იქ ნაყოფი და ეს იყო ძალიან სასიხარულო, რომ იქაურობაში კარგად ერკვეოდა.

ჯერ სვიატო-ნიკოლაევსკის მამათა მონასტერი მოვილოცეთ და თაყვანი ვეცით წმ. სვიმეონ ვერხოტურსკის წმ. ნაწილებს. დავესწარით მის პარაკლისს. დიდი სიხარული და სიმსუბუქე დაგვეუფლა, რომლის დროსაც კეთილსურნელება ვიგრძენით - მადლისგან!

შემდგომ სვიატო-პოკროვსკის დედათა მონასტერში გავემგზავრეთ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთქმოქმედ ხატს ვემთხვიეთ. მონასტერში ხალხი, ფაქტიურად, არც იყო, მონაზონმა სერაფიმამ კი სიამოვნებით დაგვიწყო მოყოლა ხატის უამრავი სასწაულის შესახებ. სწორედ მაშინ გამიელვა აზრმა: - "შეუძლია დედას ღვთისას დახმარება ბავშვის დაბადებაში?"

პასუხი კი იყო მტკიცე: - "რა თქმა უნდა, შეუძლია! თქვენი შვილები ჩამოვიდნენ მასთან სალოცავად", - მიპასუხა მონაზონმა. მე კი გავიფიქრე: - "როგორ დავარწმუნო ისინი, ეკლესიურიც კი არ არიან. რა გავაკეთო?" და მტკიცედ გადავწყვიტე: - თავად ვილოცებ! მივედი სასწაულთმოქმედ ხატთან, მუხლებზე დავემხე და მხურვალედ ვთხოვე ყოვლადწმიდას, ბავშვის დაბადებაში დახმარებოდა ჩემებს.

4 თვის შემდგომ მოხდა ნამდვილი სასწაული: გავიგეთ, რომ ჩემი შვილები ბავშვს ელოდებიან!

2021 წელს გვეყოლა ჯანმრთელი და ლამაზი გოგონა ალისა.

იმ დროიდან ყოველთვის, როცა შევდივარ ტაძარში ჯერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს ვემთხვევი, ვუნთებ სანთEლს და მადლობას ვწირავ იმ სიხარულისთვის, რომელიც მან მოიტანა ჩვენს ოჯახში. თავად კი ახლაც გაოცებული ვარ - ნუთუ ეს საოცარი ისტორია ჩვენს ოჯახში მოხდა?.."

/ეკატერინა პეჩალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 10:04 PM

"ტანიას და მის ქმარს 10 წელი არ ჰყავდათ შვილი. მთელი ოჯახი ლოცულობდა, დადიოდნენ ბავშვთა სახლში ქველმოქმედებით.

2013 წლის თებერვალში სპონტანურად გაემგზავრნენ ბრაილოვსკის მონასტერში, შემდგომ კი სოფელ კიროვკაში, სადაც ბრძანდება მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი. მოძღვარმა წაიკითხა ყოვლადწმიდას დაუჯდომელი და თქვა: - "მე მეჩქარება, ჩემი მეუღლე მესამედ მშობიარობს".

ამ დღეს ფოფოდიამ ბიჭი გააჩინა, შემდეგი წლის ტატიანას ხსენებაზე კი - მეუღლეებს გოგონა ეყოლათ. დედამ - ტატიანამ - გოგონას დაშა უწოდა, როგორც ოცნებობდა კიდეც მრავალი წელი. ასევე ამბობენ, რომ ლიტანიობისას ამ ხატის თაყვანისცემის შემდგომ სხვა ქალმაც, ერთი წლის შემდგომ შვა გოგონა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 07:00 PM

"ერთ თურქს შვილი არ უჩნდებოდა. მამა არსენმა [კაბადოკიელი] მის ცოლს ლოცვა მისცა, რომელიც ქალმა ჯუზდანით ყელზე ჩამოიკიდა და ატარებდა. შვილი გაუჩნდათ. კაცმა სამადლობელოდ საჩუქრებით დატვირთული ორი ჯორი მამა არსენს მოუყვანა. მან საჩუქარი არ მიიღო და მკაცრად უთხრა:

- ნუთუ, შენს სოფელში არ არიან ღარიბები, რომ ეს ყველაფერი აქ მოათრიე მხოლოდ იმისთვის, რომ გითხრა, "აფერუმ"? მე საჩუქრები არ მჭირდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2022, 06:09 PM

"შვილთასხმა პროდუქტია. თუ შვილი არ ეყოლა ჯვარდაწერილ წყვილს, ერთმანეთს უნდა დაშორდნენ?! შვილი, უბრალოდ, ჯილდოა: თუ გეყოლება, კარგია, თუ არ გეყოლება, არ ესაა ცუდი, იმიტომ რომ ჯვრისწერის მიზანი ერთმანეთის ცხონებაა"

/მამა გურამ ოთხოზორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 02:24 PM

"როცა მე 35 წლის ვიყავი, მინდოდა გამეჩინა მეორე შვილი. არასდროს მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მეგონა, რომ მალე დავფეხმძიმდებოდი, მაგრამ გავიდა წელი და ნანატრი ფეხმძიმობა არ დგებოდა. გავესინჯეთ მეც და ქმარიც, გვითხრეს, რომ ასაკი აღარ იყო შესაფერისი.

2012 წელს ჩვენ გავფრინდით თურქეთში, ქალაქ დემრეში; მივედით ტაძარში, სადაც სიცოცხლეში მსახურობდა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. იქ ვილოცეთ და ვთხოვეთ წმიდანს, გამოეგზავნა ჩვენთვის პატარა. მე აღთქმა დავდე, რომ თუ ბიჭი მეყოლებოდა, მას ნიკოლოზს დავარქმევდი.

არ გასულა დიდი დრო და ფეხმძიმედ დავრჩი. ამ დროს უკვე 38 წილს ვიყავი. ორსულობისას რატომღაც დამავიწყდა ჩემი აღთქმა.

როცა პატარა ჯერ კიდევ მუცელში მყავდა, გადავწყვიტე მისთვის სულ სხვა სახელი დამერქმია. და აი, ბავშვი დაიბადა - 19 დეკემბერს - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს! თავად ექიმმა მირჩია, ბავშვისთვის ნიკოლოზი დამერქმია! მაშინ კი გამახსენდა ჩემი აღთქმა და ახლა მეზრდება პატარა ნიკოლოზი".

/მხევალი ღვთისა ქსენია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:10 PM

"ნეტარი ქსენია ხშირად ეხმარება ჩემს ოჯახს და პირადად მე. მის ლოცვასა და მეოხებას ღვთის წინაშე ჩვენ ვგრძნობთ გამუდმებით.

ნეტარი ქსენია, ფაქტიურად, ჩვენი ოჯახური წმინდანია და მისი ხსენების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ.

ვაჟის დაბადების შემდგომ მე დიდი ხანი არ მყავდა შვილი, მაგრამ ძალიან მინდოდა. მე ყოველთვის ვოცნებობდი დიდ ოჯახზე.

და აი, მე აღვასრულე მომლოცველობა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მივედი ჩემს საყვარელ ნეტარ ქსენიასთან, სმოლენსკის სასაფლაოზე, პეტერბურგში, ვილოცე, რომ წმინდანს ეჩუქებინა ჩემთვის შვილი და რადგან ვაჟი უკვე მყავდა, რა თქმა უნდა, მინდოდა ქალიშვილი. თუმცა მეორე ვაჟის დაბადაბაც ძალიან გამიხარდებოდა. შევპირდი, რომ თუკი გოგონა მეყოლებოდა ქსენიას დავარქმევდი. ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ორი ბავშვი ვითხოვე. ალბათ ეს წარსული უნაყოფო 9 წლის გამოძახილი იყო. საბოლოო ჯამში ჩვენ გვეყოლა არა მხოლოდ ქსენია, არამედ სოფიაც, რასაც არავინ ელოდა. ფეხმძიმობისას ჯერ არ ვიცოდი, რომ ტყუპებს ველოდებოდი და კიდევ ერთხელ გავემგზავრე პეტერბურგში, რომ წმ. ქსენიასთვის მადლობა გადამეხადა. სანამ ფეხმძიმედ დავრჩებოდი მეგობარს მივწერე - ძალიან მინდა გოგონა, უკეთესი იქნება ერთბაშად ორი მეთქი. მაგრამ ასეთი ბედნიერების მოლოდინი არ მქონდა, მით უფრო, რომ ტყუპები არც ჩემ გვარში იყვნენ და არც მეუღლის ნათესაობაში. უფალი, ჭეშმარიტად, კითხულობს ჩვენს გულისხმებს - გინდოდა ბევრი ბავშვი? - აჰა შენ ბევრი და ერთბაშად. ქმარმა შემდგომ მითხრა - შენ ხომ წმ. ქსენიას სთხოვე - აი, შედეგიც, ქსენია გვეხმარება რადიკალურადო.

მალე ჩემი ტყუპები 5 წლის ხდებიან - ლამაზები, ჭკვიანები, კეთილები, ჩემი დამხმარეები. მათი დაბადების ისტორია უკვე იციან, რადგან ჩვენ ყოველ დღე ვლოცულობთ ღვთისა და წმ. ქსენიას მიმართ მადლიერების სიტყვებით".

/მხევალი ღვთისა ეკატერინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:54 PM

"ღვთისმშობლის კიკოსის ხატი შეეწევა მორწმუნეებს შვილთა ჩასახვასა და უნაყოფობის განკურნებაშიც. როცა თანამედროვე მედიცინა უძლურია, იმედგაცრუებული ადამიანები რწმენით მიმართავენ ღვთის დედას. ღვთისმშობლის სახე არის უსაზღვრო დედობრივი სიყვარულისა და ბავშვთან ჰარმონიის სიმბოლო. სწორედ მას მიმართავენ ხშირად ქალები უნაყოფიბისაგან დასახსნელად. შვილის ჩასახვისთვის სწორი ლოცვაა საჭირო, მლოცველის სული და აზრები უზაკველი უნდა იყოს, თავისუფალი ცოდვიანი ჩვეულებებისა და ვნებებისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2023, 08:02 PM

"ერთი ადანელი მსხვილი მეწარმის, კოზმა სიმეონიდისის ცოლი უნაყოფობით იტანჯებოდა. მან ჰაჯი-ეფენდს ცოლის ერთი კაბა გაუგზავნა, რათა მამა არსენს [კაბადოკიელი] ელოცა. მან ილოცა და კაბა უკან გაუგზავნა. ქალმა კაბა ჩაიცვა და ცხრა თვის შემდეგ ბავშვი შეეძინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2023, 07:50 PM

"ქორწინებიდან რვა წელმა განვლო. ამაოდ ელოდნენ გიორგი კ. და მისი მეუღლე არხონდულა ბავშვს. მათი სული ღრმა განუკურნელ სევდას მოეცვა. რა სევდისმომგვრელი ჩანს ცხოვრება, როცა ქალი დედა ვერ ხდება, ბავშვები არ ჰყავს. მწუხარების ჟამს ქმარი ყოველთვის ამხნევებდა ცოლს, ძალას ჰმატებდა. "-მოითმინე, - ეუბნებოდა, - ეს ღვთის ნებაა. ცრემლითა და განცდებით ვერაფერს შეცვლი. ქორწინების მიზანი ხომ მხოლოდ ბავშვების ყოლა არაა. ეს უპირველეს ყოვლისა გზაა სულიერი პოგრესისკენ, ზრდისკენ, ეს მარადისობაში ღმერთთან შეერთებაა".

ქალბატონი არხონდულა განუწყვეტლივ ლოცულობდა. მთელ სულიერ ძალებს ლოცვას ახმარდა. სიყრმიდან აწავლიდა მისი საყვარელი დედა ლოცვას და ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძლიერი ადამიანები ლოცულობენ და ლოცვა ადამიანს მოთმინებით აჯილდოვებს და იმის ცოდნით რომ ურთულეს ცხოვრებისეულ ბრძოლაში ელოდოს.

ბავშვობიდანვე იარებოდა მშობლებთან ერთად წმინდა იოანეს [როსი] ნაწილთა თაყვანისცემისათვის. ახლაც ხშირად მიმართავს წმინდანს: "დიდებულო წმინდანო იოანე, გთხოვ და გევედრები, მიშუამდგომლე ღვთის წინაშე, რათა ღირს-ვიქმნე დედობისა. ვერც ადამიანები და ვერც მეცნიერები აი უკვე რვა წელიწადია, იმედს ვერ მაძლევენ. გულმტკივნეულად ვცხოვრობთ, ბავშვის სიცილ-კისკისის გარეშე. მაგრამ მე, წმინდაო იოანე, ზეციდან შეწევნას დაველოდები. დე უფალმა ბავშვი მომანიჭოს. დე ჩემი გული და სახლი სიხარულითა და ბედნიერებით აღივსოს. უფალზე დავდებ ჩემს სასოებას."

დადგა 1979 წლის ზამთარი. თვალცრემლიანი, მუხლმოდრეკილი ღრმავდება იგი ლოცვაში. მაგრამ არაფერი გამოდის. სული აფორიაქებული აქვს. ქვითინი, ყვირილი სურს. კანკელს შეჰყურებს და წმინდა იოანეს ხატს მიმართავს: "- ასეთი რა ჩავიდინე, წმინდაო იოანე, რომ შენ მომიძულე? უფალი რად არ მიგზავნის სიხარულს, წმინდაო იოანე, მითხარი, გძულვარ მე?"

შუაღამემ გადაიარა. ვიღაც უცნობი ამოდის სახლის კიბეზე. ცოლ-ქმარმა გაიღვიძა. " - ნურაფერს იტყვი, - ამბობს მეუღლე, - შესაძლოა ვიღაცაა სამსახურიდან. დრო აერია და კანტორის გასაღებისთვის მოვიდა. ხდება ხოლმე. ხმა არ გასცე და წავა". უცნობი კიბეზე ამოვიდა, კარზე დააკაკუნა და თავისით გაიღო. სიბნელეში სინათლე გამოკრთა და წმინდა იოანეს სახე აღიბეჭდა: "- არხონდულა, რომელი ლოცვა აღავლინე ამ ღამით? წმინდანებს არასდროს არავინ სძულთ. ჯერჯერობით ღვთის ნება არ არის, რომ დედა გახდე. კიდევ ორმა წელიწადმა უნდა განვლოს, რომ ამ სიხარულმა მოგინახულოს". სინათლე გაქრა, აღარაფერი ისმოდა.

ღვთის შეწევნით ორი წლის შემდეგ ოჯახს სიხარული ეწვია - პირველი, მეორე, მესამე ბავშვი. სახლში ბავშვების ჟღურტული ისმოდა, სიხარულით რომ ავსებდა მშობლების გულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2023, 08:13 PM

"თქვენ ბავშვები არ გყავთ და ძალიან გსურთ მათი ყოლა. თქვენი ეს სურვილი ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, ყველაფერი ხდება; მხოლოდ მშობლების სასიკეთოდ არ არიან ბავშვები, არამედ დიდი მწუხარებისთვისაც. უფლის ნებას მივენდოთ, რადგან მან უკეთ იცის ჩვენი საჭიროებანი იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ; თუ სასიკეთოა, ექიმების ჩარევის გარეშეც გეყოლებათ შვილები. მოდით, ასე ვილოცოთ: უფალო, შენ უწყი, რაც ჩვენ გვჭირდება, სანამდეც შეგთხოვთ, გვაკურთხე შენი მადლით, რაც სასიკეთო იქნება ჩვენთვის. ამინ".

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:36 PM

"ქალების სურვილს ძალიან კარგად ვიცნობ: ჰყავდეს შვილი. მისი მწუხარებაა, როდესაც შვილი არ ჰყავს. ჩემი სურვილია, რომ უფალმა თქვენი გულის წადილი შეასრულოს; უფლის ნებას მივენდოთ და მის მოწყალებას დაველოდოთ"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2023, 09:10 PM

"წმინდა აპოსტოლოსი საბერძნეთში, პელიონის მთაზე, სოფელ აგიოს ლავრენტიოსში (წმინდა ლავრენტი) დაიბადა. 19 წლის 1686 (ან 1689) წელს კონსტანტინოპოლში მოწამებრივად აღესრულა. პელიონზე არის მისი სახელობის ტაძარი. ვოლოსში კი მისი სახელობის ეკვდერია. 2007 წელს ეპისკოპოსმა დამასკინოსმა მოჰყვა წმინდანის მიერ მოხდენილი სასწაული. ვოლოსში ჩრდილოეთ საბერძნეთიდან მასწავლებელი ცოლ-ქმარი ჩამოვიდა. მანამდე ქალი რამდენჯერმე დაფეხმძიმდა, მაგრამ მეშვიდე თვემდე რომ მიაღწევდა, მუცელი სწყდებოდა. მაშინ ერთმა ღვთისმოშიშმა კოლეგამ ურჩია, აღთქმა დაედოთ და ბავშვი წმიდნა აპოსტოლოსისთვის მიეძღვნათ, ბავშვი წმინდანის ტაძარში მოენათლათ და მოწამის სახელი მიეცათ, თან დაჰპირდა ნათლია მე ვიქნებიო. ისინი დათანხმდნენ. შეეძინათ პატარა აპოსტოლოსი, და თავის სეხნია წმინდანის ტაძარში მონათლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2023, 07:12 PM

"...უფალმა დალოცა მათი კავშირი და ვაჟი აჩუქა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 08:24 PM

"ღირსმა მამამ [ანთიმოზ ბრმა] საბერძნეთის მრავალი ადგილი მოინახულა, კრეტაზე წმინდა ანტონი დიდის (დაახლოებით, 1770 წელი) სახელობის სავანე დააარსა, ბრმა ქალი წმინდა ჯვრის გამოსახვით განკურნა, სხვა დროს - უნაყოფო ქალი განამრთელა და მრავალი სული დაუბრუნა უფალს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:33 PM

"ისმაიტელთა დედოფალი უშვილო იყო. მან ღირს მამას [სვიმეონ მესვეტე, უფროსი] წერილი გაუგზავნა. ევედრებოდა, მისთვის ელოცა, რადგან სწამდა, რომ ღმერთი შეისმენდა წმინდანის ლოცვას და ქალს შვილი შეეძინებოდა.

ასეც მოხდა: დედოფალმა ვაჟი გააჩინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2023, 09:14 PM

"2004 წლის მაისში ჩვენი მოძღვრის, ტროიცე-სერგიევის ლავრის მღვდელ-მონაზონ ვარლაამის კურთხევით გავემგზავრეთ პოკროვსკის მონასტერში, რათა მოგველოცა ნეტარი მატრონას წმიდა ნაწილები. ჩვენს შვილებს - იულიას და ალექსეის დიდხანს არ ჰყავდათ შვილები (10 წელი იყო გასული მათი დაქორწინებიდან). რამდენი მწუხარება და ლოცვა იყო გავლილი, რამდენი ცრემლი დაღვრილი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდანების ხატების წინაშე.

და აი, 2005 წლის 30 აპრილს ჩვენ შეგვეძინა გოგონა, რომელსაც კატენკა ვუწოდეთ, წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს პატივის ნიშნად. ჩვენ გვწამს, რომ ეს მოხდა დედა მატრონას ლოცვებითა და უფლის მოწყალებით, 2004 წლის ივნისში იულიამ და ალექსეიმ ასევე მოილოცეს სინას მთაზე წმ. ეკატერინეს წმიდა ნაწილები.

ჩვენ ყველანი ვმადლობთ ნეტარ დედა მატრონას ჩვენ ცოდვილთა მეოხებისთვის და გვჯერა, რომ სწორედ ის დაგვეხმარა.

აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიამ ბავშვის დაბადების დღედ 2 მაისი დაგვისახელა - წმიდა მატრონას ხსენების დღე.

დიდება უფალს, წმიდათა შორის საკვირველს!"

/ნინა და ანატოლი, სანქტ-პეტერბურგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2023, 09:10 PM

"ჩემთვის ღირსი სერაფიმე საროველი -ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წმინდანია. მის სასწაულებრივ შეწევნას მე ვგრძნობ ჩემს თავზე ყოველ ჯერზე, როცა მას ლოცვით მივმართავ.

ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა შვილი. თითქოს ოჯახური ცხოვრებაც დაძაბული იყო.

2012 წელს ჩვენ მოვილოცეთ დივეევო; გვახლდა ჩემი სიდედრიც, რომელმაც მაშინ არაეკლესიური ადამიანი იყო.

და აი, ჩვენ მოვილოცეთ ყველა წმიდა ადგილი, ჩავედით ყველა წმიდა წყაროში, ვემთხვიეთ წმიდა სერაფიმეს წმიდა ნაწილებს და მოხდა სასწაული: გავიდა ერთი თვე და ჩემი ცოლი ფეხმძიმედ დარჩა. ახლა ჩვენ გვყავს გოგონა ნასტინკა - ჯანმრთელი ბავშვი.

მე ვაგრძელებ დივეევოში მომლოცველობას ჯერ-ჯერობით მარტო, მომლოცველობით ჯგუფებთან ერთად ავტობუსით, რადგან ცოლს ჯერ ჩვილის გამო არ შეუძლია. მაგრამ როცა ნასტინკა გაიზრდება, ჩვენ აუცილებლად მოვილოცავთ დივეევოს მთელი ოჯახით.

აი, ასეთია ჩვენი ღირსი მამა სერაფიმ საროველი - უდიდესი სასწაულთმოქმედი.

ღმერთმა ყველას უშველოს!"

/მონა ღვთისა ვლადიმერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 07:01 PM

"გვიამბობს ერთი მომლოცველთაგანი: "მე და ჩემი ცოლი დავქორწინდით 1989 წელს და წლების მანძილზე შვილი არ გვყავდა. მრავალ ექიმთან ვიყავით, მაგრამ უშედეგოდ.

1993 წლის გაზაფხულზე მამა პაისთან [ათონელი] მივედით. ბევრი ადამიანი ელოდებოდა. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, მხარზე ხელი დამარტყა და მიზეზი მკითხა: ვუამბე ჩემი პრობლემა, მან კი მიპასუხა: "მოითმინე შვილო ჩემო, შენი ცოლი გააჩენს შვილს". სული დამიმშვიდდა და ისე წამოვედი, მეგონა ვფრინავდი. მამა პისის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩემი ცოლი დაფეხმძიმდა და ახლა გვყავს სტელა, დიმიტრა და ვასილი-პაისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:30 PM

"მაქსიმე აღმსარებელი განკურნების მადლს სიყვარულის თანამდევად მიიჩნევდა. ამგვარ მადლს ატარებდა მამა პაისი [ათონელი]. კურნავდა სნეულებს: სიმსივნით, ლეიკემიით, გულით დაავადებულებს, უსინათლოებს, უნაყოფო ქალებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 03:17 PM

"ქალბატონი ანასტანისია დ.: "ბავშვი არ მიჩნდებოდა, დედობა კი ძალიან მინდოდა. მამა პაისისა [ათონელი] და მისი ლოცვების შესახებ გაგებული მქონდა. 1989 წლის გაზაფხულზე სუროტიში იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში მივედი. მას, როგორც ყოველთვის, ბევრი ხალხი ელოდებოდა. მამა პაისმა თქვა, რომ ცალ-ცალკე აღარ მიიღებდა ადამიანებს, მხოლოდ ლოცვა-კურთხევას მისცემდა. ძალიან მინდოდა მისი ნახვა და მასთან საუბარი. ერთ მონაზონს ვთხოვე ცოტა ხნით შევეშვი მამა პაისთან, დიდხანს არ შევაწუხებ მეთქი. მონაზონმა შემიყვანა მასთან. დამინახა თუ არა მამა პაისმა, მითხრა: "დატოვე წერილი შენი თხოვნით და ვილოცებ შენთვის. გეყოლება ბავშვი. ორი-სამი თვის შემდეგ დავფეხმძიმდი და გამიჩნდა შვილი - არსენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 09:20 PM

"ერთ კაცს შვილები არ ჰყავს, მაგრამ, როდესაც ის სახლიდან გამოდიოდა, მეზობელი სახლებიდან ბავშვები გამოცვივდნენ და უდიდესი სიყვარულით გარს შემოერტყნენ. სამსახურში წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ხედავთ?! ღმერთმა ამ ადამიანს არ მისცა საკუთარი შვილები, მაგრამ მისცა კურთხევა და მეზობლის ბავშვებს ის საკუთარი მამასავით უყვართ, ის კი მათ თავისებურად - სულიერად ეხმარება. ღვთის სამართალი ხომ უფსკრულია!

სხვა შემთხვევაში ღმერთი მეუღლეებს შვილს იმისთვის არ აძლევს, რომ მათ ობოლი იშვილონ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 07:54 PM

"არიან ისეთი ცოლ-ქმრული წყვილები, რომელთაც სურთ, რომ სასწრაფოდ ყავდეთ შვილი, მაშინათვე, როგორც კი დაქორწინდებიან. მაგრამ, თუკი ბავშვის გაჩენა ყოვნდება, ეს უდიდესი შეშფოთებისა და მღელვარების მიზეზი ხდება. შვილს როგორ გააჩენ, როდესაც თავად ისინი მღელვარებითა და სულიერი შფოთით არიან აღსავსენი?! ისინი მაშინ შეძლებენ შვილის ყოლას, როდესაც ამ შფოთსა და სულიერ მღელვარებას განდევნიან და საკუთარ ცხოვრებას სწორ სულიერ კალაპოტში წარმართავენ.

ზოგჯერ ღმერთი განგებ აყოვნებს და რომელიმე ცოლ-ქმრულ წყვილს შვილს ქორწინებისთანავე არ აძლევს. აბა უყურეთ: განა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლებს წმიდა იოაკიმესა და ნას და წმიდა ზაქარიასა და ელისაბედს შვილები სიბერეში არ მისცა?! რათა ამით კაცთა მოდგმის ცხონების უდიდესი საქმე აღესრულებინა.

მეუღლეები ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, რომ თავიანთ ცხოვრებაში ღვთის ნების მიღება შეძლონ. ღმერთი არ ტოვებს ამ ადამიანს, ვინც საკუთარ თავს სრული მინდობით გადასცემს მის ხელს. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, მაგრამ რამდენ რამეს აკეთებს ჩვენთვის ღმერთი! რაოდენი სიყვარულითა და სიუხვით გვანიჭებს იგი ყველაფერს! განა არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთება ღმერთს არ შეუძლია?! ერთ ცოლ-ქმარს ხუთი შვილი ჰყავდა, მაგრამ შვილებმა ოჯახები შექმნეს და მშობლების სახლი დატოვეს, დედა და მამა მარტონი დარჩნენ. მაშინ მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთი შვილი ჰყოლოდათ, რომ ის სიბერეში მათ გვერდით ყოფილიყო. ქალი უკვე იმ ასაკში იყო, როდესაც დაორსულება შეუძლებელია და ადამიანური თვალსაზრისით მათ სურვილს აღსრულება არ ეწერა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად მეუღლეებს ღვთის უდიდესი იმედი ჰქონდათ. და მართლაც შეეძინათ ვაჟი, რომელიც მათი სიბერის ნუგეშინისცემელი გახდა. მათ ისიც ფეხზე დააყენეს და საზოგადოებაში გამოიყვანეს.

ბავშვების შობა მხოლოდ ადამიანზე როდია დამოკიდებული. ამას ღმერთი განაგებს. როდესაც დაინახავს, რომ ცოლ-ქმარმა, რომელსაც ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, უდიდესი სიმდაბლე მოიპოვა, არა მარტო შვილს მისცემს ამ ადამიანებს, არამედ, მრავალშვილიანობითაც დააჯილდოებს მათ. მაგრამ, თუკი იგი ცოლ-ქმარში გულციობასა და ეგოიზმს ხედავს, მათ სურვილს არ აღასრულებს, რადგანაც თუკი შეიბრალებს და შვილებს მისცემს, ისინი მათაც იმავე გულცივობასა და ეგოიზმს ჩაუნერგავენ. მეუღლეებმა სრულად უნდა მიანდონ ღმერთს საკუთარი თავი. მათ უნდა თქვან: "ღმერთო ჩემო, შენ ჩვენს სასიკეთოდ ზრუნავ, "იყავნ ნება შენი". მათ ვედრებას მხოლოდ ამ შემთხვევაში აღასრულებს ღმერთი. ღვთის ნება ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდება, როდესაც ვამბობთ: "იყავნ ნება შენი". და სრული მინდობით საკუთარ თავს ღვთის ხელს გადავცემთ. მაგარმ, თუმცა ჩვენ ვამბობთ: "იყავნ ნება შენი", ამავდოულად ჩვენს საკუთარ ნებაზე ვდგავართ. აბა ასეთ ვითარებაში რის გაკეთებას შეძლებს ღმერთი ჩვენთვის?!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2024, 04:15 PM

"ამ სასწაულმა ოდესღაც მთელი საბერძნეთი შეძრა. უნდა ითქვას რომ, მაშინ ყველაზე ძლიერი ათეისტებიც კი ერთხმად აღიარებდნენ უფლის სასწაულს და მის უდიდეს ძალას.

ერთი ღარიბი და უქონელი ქალბატონი ეკლესიაში მივიდა. იმ დღეს წმინდა იაკობის დღესასწაულს აღნიშნავდა ქრისტიანული სამყარო. ქალი მოკრძალებით მიეახლა წმინდანის ხატს, ხელიდან ქორწინების ბეჭედი წაიძრო და ხატის წინ დადო:

- მე ერთი უღარიბესი ქალი ვარ, ამ ქვეყნად არაფერი გამაჩნია უკეთესი შენ რომ გეკადრებოდეს დიდო წმინდანო. ერთი სათხოვარი მაქვს შენთან, მინდა, შვილი შემეძინოს. უკვე წლებია ვცდილობ დაფეხმძიმებას, მაგრამ ამაოდ. არადა ჩემი ყველა დიდი ოცნება დედობა გახლავთ. ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე კვირაში ქალი დაფეხმძიმდა. გახარებული, ისევ წავიდა ეკლესიაში წმინდა იაკობისთვის მადლობის სათქმელად.

ექიმები, რომლებმაც ქალს უშვილობის დიაგნოზი დაუსვეს, უბრალოდ ხელებს სწევდნენ მაღლა.

- ეს არის დაუჯერებელი. ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია, ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. შენ ისეთი სერიოზული პრობლემა გაქვს საშვილოსნოზე, უბრალოდ შეუძლებელია შვილი გააჩინო.

ერთმა, ისიც კი უთხრა: "ნუ ხარობ ნაადრევად, შენ შვილს ვერასოდეს გააჩენ".

თუმცა, სულ მალე მოუწია, ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოეხადა და ეღიარებინა რომ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. და აი, მოაღწია მშობიარობის დრომაც.

ქალმა უჯანმრთელესი ბიჭუნა გააჩინა, თუმცა უცნაური იყო, რომ ბიჭს მარჯვენა ხელი, ვერ გააშლევინა ექიმმა.

- ალბათ, დეფექტი აქვს ექიმო, - თქვა მედდამ.

- იქნებ მართალიც ხარ, თუმცა ჩვენ უნდა ვეცადოთ მისი მუჭის გაშლას.

მასაჟების, სხვადასხვა სამედიცინო ჩარევის შემდეგ ახალშობილმა ხელი გაშალა და ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ, გამოჩნდა საქორწინო ბეჭედი, რომელსაც, ასე გულდაგულ მალავდა პატარა. ეს იყო დედამისის ბეჭედი, წმინდა იაკობს რომ შესწირა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2024, 07:50 PM

"მშობლებისთვის ღმერთს მისი თავი [მამა პართენ აფციაური] სასწაულებრივად უჩუქნია: უშვილობით შეწუხებულ მამამისს, ალექსის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ღვთისთვის აღუთქვამს, - ოღონდ შვილის ღირსი გამხადე და და ისევ შენ შემოგწირავო"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)