IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> დიდი მარხვა - მესამე კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ
afxazi
პოსტი Mar 2 2010, 07:38 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აბა თქვენ იცით, იაქტიურეთ. სამწუხაროდ მე ვერ ვიცლი, რომ მასალები მოვიძიო დიდმარხვასთან დაკავშირებით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 2 2010, 09:58 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



IPB-ს სურათი

თაყვანისცემა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა
(სვინაქსარის ადაპტირებული ტექსტი)
დიდი მარხვის მესამე კვირაკეს, წმ. ორმეოცის შუაში, ვდღესასწაულობთ თაყვანისცემას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.
მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში მაცხოვრის მსგავსად ჩვენც ჯვარცმასა და ტანჯვას ვტვირთულობთ და მოვაკვდინებთ ხორცთა ჩვენთა, ვინაიდან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა, სხეულთა დაჭკნობისა და მოკვდინებისა.
ამ ღვაწლში წინ მიგვიძღვის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი ქრისტესი, რომელიც მხიარულ-გვყოფს გულითა, და გვამხნევებს სასოებითა, გვახსენებს ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ნუგეშინისგვცემს.
ხოლო უკეთუ ღმერთი ჩვენთვის ჯვარს ეცვა, რაოდენ გვმართებს ჩვენც, რომ მისთვის ასევე ვჰყოთ? სნეულებანი უსჯულოებათა ჩვენთანი განსდევნა და შეგვიმსუბუქა, და მარადის შეგვეწევა ძლიერი ღმერთის ჯვრის ძალით.
როგორც მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი, ჯვარსა ზედა ჩვენთვის ამაღლდა და დაბადებულთა თვისთაგან შეურაცხჰყოფის სიმწარე თავს იდვა, ასევე ჩვენთვისაც ჯერ არს, რომ მასთან ერთად ვევნოთ და მისთანავე ვიდიდოთ. და თუ ჩვენ ისევე ვერ ვევნებით საქმით, მწუხარე მაინც ვიყოთ გულითა, რადგან ჩვენი სარბიელი ამა სოფლის გაჭირვება და მწუხარებაა.
როცა შევკრავთ ხოლმე ნამუშევრის მძიმე ტვირთს და მივდივართ სიმძიმით შეურვებულნი, სადაც კი ვნახავთ კარგი ფოთლოვანი ტყის ჩრდილს, იქ დავისვენებთ ხოლმე და კვლავ განვაგრძობთ გზას გამხნევებულნი. ასევე, რადგან ჟამი მარხვისა არს ჟამი მწუხარებისა და ღვაწლისა, წმიდა მამათა მიერ დაწესდა თაყვანისცემა ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვარისა, რომელიც მოგვანიჭებს შვებას, სიხარულს, მხნეობას, შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს და უმეტესი ღვაწლისაკენ მიგვიზიდავს.
აქვთ ერთი ჩვეულება ქვეყნიერთა მეფეთა - როდესაც სძლევენ ბრძოლაში მტერს და სურთ სახლში დაბრუნება, წინ წაიმძღვარებენ ხოლმე გამარჯვების ნიშნად თავისი მეფობის სკიპტრას - და ასე ბრუნდებიან დიდი სიხარულით. მასთან მყოფნიც ყველანი ერთხმად ხარობენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა.
აგრეთვე უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ინება, რათა უძლეველსა და შეუპოვარსა სიკვდილსა ჯვარისა მიერ სძლიოს და არცხვინოს, და იქმნეს დიდებულ. გაიმარჯვა კიდეც აღდგომითა თვისითა და წარმოუგზავნა სკიპტრა - თავისი სამეფო ნიშანი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რითაც მოგვანიჭა გამოუთქმელი სიხარული და ნუგეში. აღგვავსო მრავლითა კეთილითა, და განგვამტკიცა, რათა მზად ვიყოთ მეუფის მისაღებად და ბრწყინვალე ქება მივაგოთ მას გამარჯვებისთვის.
წმიდა ორმეოცის შვიდეულთა ეს წმიდა მარხვა მწუხარებისა, გლოვისა და ტირილისა, ხორცთათვის მწარე წყაროს მსგავსია, მაგრამ როგორც მოსემ თავის დროზე საღმრთო მადლით ჩააგდო ძელი და დაატკბო წყალი, ეგრეთვე ჩვენც განგვარიდა და გვიხსნა ღმერთმა გონების მეწამულ ზღვაში ფარაონისაგან პატიოსანი ჯვრის ცხოველსმყოფელი ძელით, რომელიც დაგვიტკბობს ჩვენ მარხვის ორმეოცის დღეთა სიმწარეს და ნუგეშინისგვცემს უდაბნოში მყოფთა მსგავსად, მანამ, სანამ უფალი არ მიგვიყვანს ზეციურ იერუსალიმში.
ხოლო ჯვარი ეს ძელისა, ცხოველსმყოფელად გადმოითარგმნება და არის ცხოვრების ხე, რომელიც დანერგულ იყო სამოთხეში ედემს შუა, ამიტომ ღმერთშემოსილმა მამებმა ძელი ჯვარისა წმიდა ორმეოცს შუა დანერგეს, და აწ, ამ ხის ნაყოფის გემოს იხილავს, აღარ მოკვდება, არამედ საუკუნო ცხოვრება ექნება. მისითა ძლიერებითა, ქრისტე ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ბოროტისა განსაცდელისაგან და ღირს გვყვენ თაყვანისცემად საღმრთოთა ვნებათა შენთა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, რათა სავალი ორმეოცთა წმიდათა დღეთა გზა-შუენიერად განვლოთ და შეწყნარებულ ვიქმნეთ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ.

წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი
სიტყვა დიდმარხვის მესამე კვირიაკეს

წმინდა ეკლესიამ დიდმარხვის შუალედში მარხვის შესამსუბუქებლად უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსვენება დააწესა. ვინც ჭეშმარიტად მარხულობს, იგი უეჭველად უნდა განიცდიდეს ხორცთა წუხილს, მასთან სულის შეუპოვარ ბრძოლას და ამ ყველაფრის გარდა, – მანქანებას ეშმაკისას, რომელიც ჩვენს სულზე მოქმედებს გულისთქმათა გზით, რომელთაც დიდი სევდა მოაქვთ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრებაში არასრულყოფილნი და განუმტკიცებელნი არიან. სწორედ ამგვარნი მმარხველნი, დე, ანუგეშოს თაყვანისცემისათვის, გულითადი ჭვრეტისა და ამბორებისათვის, ამჟამად გამოსვენებულმა ცხოველსმყოფელმა ჯვარმა უფლისა, დე, აღამსუბუქოს ღვაწლი მათი; დე, ნუ მოაკლდებიან მისგან ნუგეშინისცემას არაჭეშმარიტად მმარხველიც და საერთოდ – უმარხველნიც; დე, ემთხვიოს მასზედ მაცხოვარს; დე, ჯვრიდან ასწავლოს ღვთიურმა ვნებულმა ქრისტიანის მნიშვნელოვანი მოვალეობა – მარხვა და ცოდვისმოყვარულ ხორცთა ჩვენთა მოკვდინება. იმდენად, რამდენადაც ჯვარი თავისთავად სიყვარულზე სასაუბროდ განგვაწყობს, ამჟამად ჩვენც ვიტყვით რასმე ჯვარზე განცხადებული ღვთის ჩვენდამი სიყვარულის დიდებულებაზე, რათა ქრისტიანთა გაციებულ გულებში ღვთისა და ქრისტიანის შესაფერისი ცხოვრებისადმი სიყვარული აღვანთოთ. მართლაცდა, შემოქმედი ღმერთის მიერ თავისი ქმნილებისადმი – ადამიანისადმი სიყვარულის რაგვარი უფსკრული გამოიხატა ჯვარზე. შემოქმედმან ცისა და ქვეყანისამან, – ყოველთა ხილულთა და არახილულთა, მან, რომელმან დაჰკიდნა ცასა ზედა მზე, მთოვარე და ურიცხვნი ვარსკვლავნი; მან, რომელმან განჰფინა ჰაერი საარსებოდ (განსასვენებელად) ყოველთა სულდგმულთა, რომელმან მიმოჰღვარა მდინარენი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა; ვინაც დაჰფარა მიწა ყოველი მწვანვილითა და კვლავაც განამრავლებს, აღმოაცენებს და ჰკვებავს ყოველსა ცოცხალსა ქმნილებასა, მხოლოდშობილმან ძემან ღვთისამან ნებითა თვისითა თავს-იდვა, განკაცებულიყო სიცოცხლიდან სიკვდილად ადამიანისა დაცემულისა ცხონებისათვის; იგი ყველაფერზედ უფრო მტანჯველ სიკვდილს დაითმენს მისთვის ჯვარზე, და თანაც სიკვდილს – ყველაზე უფრო საკიცხველს, რათა მისი ვნებები მართლმსაჯული ზეციური მამის მიერ შერაცხულიყო, ვითარცა საკუთარი ვნებები ყოველი დროისა და ადგილის კაცობრიობისა; რათა ამ გზით, მისდამი რწმენითა და სიყვარულით შესაკუთრებული კაცობრიობა დაიხსნას ჯოჯოხეთის წარმოუდგენელ სატანჯველთაგან და მეორე სიკვდილისაგან. ადამიანიც, ხედავს რა დაუბინდავი თვალითა გულისათა დიდებული, ყოვლადძლიერი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულს ცოდვილი ადამიანისადმი, შეუძლებელია ღვთის უკიდეგანო სიყვარულის შეგრძნებით არ ატირდეს; – და ისიც ღვრის სიყვარულისა და მადლიერების ცრემლებს, არმქონე სხვა რაიმე შესაწირისა, გარდა ცრემლებისა მისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ცრემლები ჩვენი სიყვარულისა. მაგრამ ღვთის ამგვარ სიყვარულს რით პასუხობს უმეტესობა? უგრძნობელობით, მზადყოფნით კვალაც ჯვარს აცვას თავის სულში ძე ღვთისა ყველა შესაძლო მანკიერებებით, თავისი ცოდვილი ხორცის გაძლიერებული მაამებლობით ისე, რომ მრავალმა ჩვენგანმა თითქოს დაივიწყა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ჯვარზე გადატანილი ვნებები, უმეტესობა ცხოვრობს არა ზეცისათვის და არცა სულისათვის, არამედ მიწისა და საკუთარი სხეულისათვის, და ძალითი-ძალად, ეკლესიის განწესებისაებრ, თანხმდება, სხეულს რამდენიმე დღით უარი უთხრას ზედმეტი ჭამა-სმისაგან. მაშ, ჩვენ ყველა საშუალებით გავურბივართ ჩვენსავ ცხონებას; ევნო ჩვენთვის მაცხოვარი ჯვარზე, ჩვენ კი არც გვსურს ამ ვნებებზე რაიმე ვიცოდეთ; ჩვენი ხსნისათვის მცნებად მოგვცა, თითოეულმა ავიღოთ საკუთარი ჯვარი და თანაწარვყვეთ მას ზეციური დიდებისაკენ, ჩვენ კი ამის გაგონებაც არ გვსურს; მიგვითითა, როგორც წამალზე, თვისთა ხორცთა მოკვდინებაზე ვნებებითა და გულისთქმებითურთ, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ, ვნებები დავიკმაყოფილოთ, გულისთქმანი ავისრულოთ. და რა? დასასრულიც მსგავსივე იქნება. და შთავინთქმებით მარადიული ცეცხლით, და გეჰენიის ალში წვეთსაც არავინ მოგვცემს ენის გასაგრილებლად, იმის გამო რომ აქ გვქონდა მრავალგვარი გასაგრილებლები, ათასგვარი სიამოვნებანი ცოდვილი ხორცისთვის. ნუ იქნებინ, უფალო! ვიჩქაროთ ჯვრისაკენ, ვიდრეღა ჯვარცმული ჯერაც გვიწყაროებს თვისთა წყალობათა. ამინ.

http://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkh...kvira/kvira.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 3 2010, 05:01 PM
პოსტი #3


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842




IPB-ს სურათი

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემა იწყება და სახარების საკითხავშიც ვისმენთ (მკ. 8,34-9,1): „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვაღად სულისა თვსისა?“.

ამ კვირადღიდან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვისას იხსნება ქრისტეს მიერ შეწირული მსხვერპლის საზრისი - იმ მსხვერპლისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ზეციური სასუფევლის საფარველს მიღმა, ესე იგი, წმიდათა-წმიდამი შესასვლელ კარს უღებს (იხ. მესამე კვირა - ებრაელთა 4,14-5,6; მეოთხე კვირა - ებრაელთა 6,13-20; მეხუთე კვირა - ებრაელთა 9,11-14), მაშინ როცა მარკოზის სახარებაში მოცემულია ქრისტეს ნებაყოფლობით ვნებათა უწყება: „ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი“. ასევე მკვდრეთით აღდგომაც ცხადდება მეხუთე კვირას: „მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,32-45).

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/shmemani/didmarkhva5-2.htm

წმიდა იოანე ოქროპირი
რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?


ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე: „და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა. მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება. რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი. ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი. „მე ვარ მწყემსი კეთილი“ (იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული. „რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე“ (1 კორ. 5, 7). ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა - სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა. ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა - ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება. ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც „ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა“ (ეს. 53, 7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს. რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო. ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული.

ჯვრის თაყვანისცემისათვის

- მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა...
- დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა! (ლუკა 23,42-43)

მოვიხსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯვარისაი და ვაქოთ ჯვარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტე, რაითა გვირგვინოსან იქმნენ გონებანი ჩვენნი მოხსენებითა მით ჯუარისათა. არათუ სიტყვითა ჩვენითა ჯვარი იქების, არამედ მოხსენებითა მით ჯუარისაითა გონებანნი ჩვენნი გვირგვინოსან იქმნებიან.

ძმანო, დღეს ჯვარი აღემართა და სოფელი განწმიდნა, სიკვდილი უკუნიქცა. ჯვარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯვარი აღემართა და სიკვდილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰხსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების...

ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი სამოთხედ. ამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაი, დღეს შევიდა მპარავი, რომელმან ჯვარსა ზედა მოიპარა ცხორებაი. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაი, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკვდავებაი. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თვით უფალი იტყვის, ვითარმედ სასუფეველი ცათაი მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას...

იხილეღა მართალ სასჯელი ესე ღმრთისაი, რაითა შენცა იტყოდი წინასწარმეტყველისა მის თანა: „მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს სასჯელი შენი“, ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისათა ავაზაკი შევალს სამოთხედ; ერთი შეცოდებაი ადამს გამოხდის სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისაითა ავაზაკი შევალს სამოთხედ და ერთი სიტყვაი სარწმუნოებისაი ავაზაკსა დაამკვიდრებს.

ძმაო, ეკრძალე პირსა შენსა, რაითა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-ჟამისა იგი შრომილი შენი წარსწყმიდო. მოიხსენე სიტყვაი უფლისაი, ვითარმედ სიტყვითა შენითა დაისაჯო და სიტყვითა შენითა განჰმართლდე.

ჰოი, საკვირველი! აბრაჰამსცა არა ესმა ესე ხმაი აღთქმისაი სამოთხისათვის, არამედ სარწმუნოებით აღუთქვამს სასუფეველსა. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა. ამას გულს-მოდგინედ დახედე, მსმენელო, და ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოიძიე და ახალსა ჰკითხე გულს-მოდგინედ. არავი უსწრო ავაზაკსა მას შესვლად სასუფეველსა, არცა ესმა ხმითა აღთქუმაი და მიცემად სამოთხისა არცა აბრაჰამს, არცა მოსეს, არცა წინასწარმეტყველთაგანსა ვის, არცა მოციქულთა, არამედ ყოველსა წინა ავაზაკსა მას ესმა.

ამენ გეტყვი: დღეს ჩემთანა ხარ სამოთხესა. წოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგვალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა. და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკვიდრო სამოთხეი.

მოსესცა მისცა ღმერთმან სჯული აღთქმისაი, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარეს ავაზაკისა სამოთხეი უწინარეის ამათ წინასწარმეტყველთა და რჩეულთა?

იტყვის წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ; ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგეოდენსა მლევანსა შეურაცხებასა იხილა ღმერთი; ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამო მეტყველი, ჰრწმენა ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებაი ღმრთეებისა ბუნებისაი; ჰრწმენა ღმერთი ესაიასცა, რამეთუ იხილა დიდებასა ღმრთეებისასა; ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარეი საყდართა დიდებისა თვისისათა. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინასწარმეტყველთა, რამეთუ იხილეს თვითოეულად დიდებასა შინა თვისსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაი კაცთაი; ჰრწმენა ღმერთი მოსესცა, რამეთუ ეტყოდა ცეცხლით გამო და არმეურით ნესტვითა, საყვირითა და ქუხილითა, რომელი შემძლებელ იყო ურწმუნოთაცა განძლიერებად.

ხოლო ამასცა ვიტყვი და არათუ წინასწარმეტყველთა შეურაცხ-ვყოფ, არამედ, რომელმან მოიპოვა მსწრაფლ სამოთხეი, ვაქებ, რამეთუ ხედვიდა უფალსა და მხსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღვრებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული; იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად; იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა; ხედავს დასჯასა შინა და მეუფედ ხადის მას; მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს.

- შჯული არა გისწავიეს, რომელი-ეგე უშჯულოებასა შინა იქცეოდე, წინასწარმეტყველნი არა აღმოგეკითხნეს. აწ ვინაი საღმრთოთა სიტყუათა იტყვი, რომელი ესე მარადის მახვილსა ესევდი? აწ ვისგან ისწავე ქრისტეისთვის ენითა ცნობაი? ჰურიანი ჯუარს-აცუმენ, რომელთა შჯული იციან, და შენ რომელი შჯულსა ყოვლადვე უმეცარ ხარ, ვინაი ღმერთად ჰქადაგებ და შჯულსა მას შინა თაყუანის-სცემ ჯუარ-ცმულსა მას? რომელმან საკვირველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა? ვთქუათ ამას ზედაცა, თუ ვინაი იტყვის ავაზაკი ესე: „ვინაი იტყვი ჰოი, ავაზაკო, ანუ ვინ გასწავა თქუმად, მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა?“

იტყვის ავაზაკი: - მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ! ვხედავ, მზის თუალი შეშინებული დაბნელდა: ვხედავ ქუეყანასა დანლაღებულსა და მკუდართა აღდგინებასა. ვხედავ, რამეთუ ქრისტეის მკვლვლნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისასითა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა...

ჯუარმან განდევნა ეშმაკი; ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაი, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაი. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-ცმულისა დიდებაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

უდაბნოს მრავალთავი
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/oqropiri/jvari.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 4 2010, 07:57 PM
პოსტი #4


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
ჯვარსა და ჯვარცმულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა

ვითარ შეუძლოს ადამიანურმა ენამ შესხმად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრისა?

ღვთივდიდებული მოციქული პავლე ევედრება ზეციურ მამას ეფესელთა გულებში სარწმუნოებით დაამკვიდროს ქრისტე, რათა მათ, სიყვარულით განმტკიცებულებმა და დაფუძნებულებმა, შესძლონ, წმინდანებთან ერთად ჩასწვდნენ თუ, „რაჲ იგი არს ქრისტეს სიყვარულის სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე“ (ეფესელთა მიმართ 3.16-19), ანუ პავლეს სურს ეფესელებმა შეიცნონ ქრისტეს ჯვრიანი გმირობის (ჯვარცმის), თვითონ ჯვრის საიდუმლოება, რომელიც ადამიანისადმი ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა. საიდუმლოება უფლის ჯვრისა - საიდუმლოებაა ქვეყნიერების ხსნისა. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმ. გრიგოლ ნოსელი: ვის ძალუძს საკმარისად განმარტოს ჯვრის საიდუმლოება, რომელიც მაცხოვრის ვნების იარაღად იქცა? მართლაცდა, რამდენი სხვა საშუალება იყო, რომლითაც შეეძლო ჩვენთვის ვნებულიყო! მიუხედავად ამისა ყველა ამათგან მხოლოდ ეს ერთი ამოირჩია, როგორც თვითვე თქვა საკუთარ თავზე: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ... (ლუკა 9.22). მიაქციე ყურადღება აქ როგორ ამბობს: არა უბრალოდ ზოგადად წინასწარმეტყველებს თავის ვნებებზე, როგორც ამას სხვა იქმოდა, არამედ რომელიღაც იდუმალი აუცილებლობით აღნიშნავს და თითქოს უკანონებს კიდეც თავის თავს მხოლოდ ამგვარ სიკვდილს: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ მიცემად ხელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად (ლუკა 24.7).

ჩაჰხვდი ამ სიტყვის მნიშვნელობას „ჯერ-არს“ და შენ დაინახავ, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც არ უშვებს სხვაგვარ სიკვდილს, გარდა ჯვრისა. რა არის ამის მიზეზი? ერთსა მხოლოსა, სამოთხის სანახებში ზეაღტაცებულ პავლეს ძალუძს ამის განმარტება, რომელსაც ესმა გამოუთქმელი სიტყვანი... ძალუძს ჯვრის საიდუმლოების განმარტება, როგორც ნაწილობრივ ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშიც გააკეთა: რაჲთა... შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა (ეფესელთა მიმართ 3.18-19). თვითნებურად როდი ჭვრეტს, და გამოსახავს აქ ჯვრის ნიშს მოციქულის ღვთაებრივი მზერა, არამედ უკვე ესეც გვიჩვენებს, რომ უმეცრების წყვდიადისგან საკვირველად განწმედილი მისი მზერა თვით არსს განსჭვრეტს. რამეთუ მოხაზულობაში, რომელიც საშუალწერტილიდან გამომავალი ოთხი ურთიერთსაწინააღმდეგო ძელისაგან შესდგება, იგი ხედავს იმის ყოვლისმომცველ ძალმოსილებასა და საკვირველ განგებულებას, რომელმაც კეთილინება თავი თვისი ჯვარში გამოეცხადებინა ამ სოფლისთვის. ამიტომაცაა, რომ მოციქული ამ გამოსახულების თითოეულ ნაწილს განსაკუთრებულ სახელს განუკუთვნებს, სახელდობრ: მას, რომელიც საშუალწერტილიდან ქვევით ეშვება სიღრმედ სახელსდებს, ზევით მიმავალს - სიმაღლედ, გვერდითებს კი - სივრცედ და სიგრძედ. ამით კი, როგორც მე მეჩვენება, ცხადად სურს გამოხატოს, რომ რაც კი არსებობს სამყაროში, ზეცაში, ქვესკნელში, თუ ქვეყანასა ზედა მისი ერთი კუთხიდან მეორემდე, - ყველაფერი ეს ღვთიური ნების მიერ ცხოვრობს და მყოფობს - ჯვარსახოვნების ქვეშ,

შენი სულის წარმოსახვაშიც შეგიძლია ღვთიურის განჭვრეტა: აღიხილე ზეცად და გონებით ჩავედ ქვესკნელში, აზრით გადაწვდი დედამიწას ერთი კუთხიდან მეორემდე, იფიქრე იმ ძლევამოსილ საშუალწერტილზეც, რომელიც ყოველივე ამას შეჰკრებს და ერთად თავს უყრის და მაშინ შენს სულში თავისთავად გამოისახება ჯვრის ნიში, რომელიც განეფინება ზევიდან ქვევით და დედამიწის ერთი კუთხიდან მეორემდის. ამგვარი გამოსახულება წარმოუდგებოდა დიდებულ დავითსაც, როცა თავის თავზე ამბობდა: ვიდრე-მე ვიდე სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვიდრე-მე ვივლტოდი? აღთუ-ვხდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ; აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად, და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე (ფს. 138.7-10). ხედავ თუ არა, დავითი აქ როგორ გამოხატავს ჯვრის ნიშს? „შენ, - მიმართავს იგი ღმერთს, - ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ და ყოველივე გიპყრიეს. შენ ზევით ხარ და შენ ქვევით ხარ, ხელი შენი მარჯვენით და ხელი შენი მარცხენით“. იმავე მიზეზით იტყვის ღვთიური მოციქულიც, რომ იმხანად როდესაც ყველა აღივსება სარწმუნოებით და მეცნიერებით, მყოფი „უზეშთაეს ყოვლისავე სახელისა“ მოწოდებულ-იქნება და „სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი. და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი (ეფესელთა მიმართ 1.21; ფილიპელთა მიმართ 2.10).

სწორედ ამ მიზეზთა გამო თქვა უფალმა, არა უბრალოდ: ძე კაცისაჲ ჯერ-არს მოკვდეს, არამედ „ჯერ-არს ჯუარ-ცუმად“. ანუ იმისთვის, რომ ღვთისმეტყველთა შორის ყველაზე უფრო მჭვრეტელურად ეჩვენებინა, რომ ჯვრის ნიშშია იმისი ყოვლადძლიერი ძალა დამარხული, რომელმაც მასზედ განუტევა სული და კეთილინება, რათა ჯვარი გამხდარიყო ყოველივე ყოველსა შინა! (Святитель Григорий Нисский, 116, 598-599).

უძველესი წინასწარმეტყველებანი ცხოველსმყოფელ ჯვარსა და მასზედ ჯვარცმულზე ჯერ კიდევ სამოთხეში იქნა წარმოთქმული: ხე ცხოვრებისა წინასახე იყო პატიოსანი ჯვრისა, რაზედაც წმ. იოანე დამასკელი იტყვის: ღვთისგან სამოთხეში დანერგული ხე ცხოვრებისა წინასწარმაუწყებელი იყო პატიოსანი ჯვრისა. რამეთუ რამდენადაც სიკვდილი ხისაგან გემოსხილვით შემოვიდა, ამდენად მართებდა რომ ხისაგანვე მოგვნიჭებოდა ცხოვნება და აღდგომა (Преподоჲный Иоанн Дамаскин. Точное изложение православной Веры. СПჲ. 1894. Кн. 4.21.II, с. 213). წმ. გრიგოლ ნაზიანზელიც სამოთხის შუაგულში დანერგულ ცხოვრებისა და ცნობადის ხეებს ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახეებად მიიჩნევს და დაადგინა რა საბაოთმა ადამი სამოთხის მცველად და უბრძანა რა მისი მოვლა, ამით, სულიერად თუ გავიაზრებთ, ღვთაებრივი აზრების განჭვრეტაზე აკურთხა იგი... თვითონ პირველი ადამიანის სახელიც „ადამ“, რომელიც ღმერთმა უწოდა მას, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით შესდგება ოთხი ბერძნული სიტყვის ანაგრამებისაგან: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ანუ ეს ღვთისმიერი სახელდება თავის თავში შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რაც უფალმა ხმამაღლაც წარმოთქვა ორჯერ სამოთხეში; ადამის ცოდვით დაცემამდე და ცოდვით დაცემის შემდეგ, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ადამი და ევა აღორძინებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ და დაეპყრათ ქვეყნის ოთხივე კუთხე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. იმავ დროს ეს წინასწარმეტყველებაა იმის შესახებაც, რომ ქრისტე იესუ, მეორე ადამად წოდებული, მოევლინებოდა ამ ქვეყანას, სწორედ ჯვარზე გამოგვიხსნიდა წყევისაგან სიკვდილისა და როგორც წმ. ათანასე დიდი ამბობს „ჯერ-უჩნდა განერთხო ხელნი თვისნი, რათა ერთი ხელით მიეზიდა ძველი ხალხი, ხოლო მეორით - წარმართნი და ორივესთვის ერთად მოეყარა თავი“. მეორეს მხრივ კი, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით, ჯვრის ერთი ფრთა განასახიერებს სამღვდელო, აარონულ საწყისს, ხოლო მეორე - სამეფო საწყისს, რანიც განამტკიცებენ ქრისტეს ჯვრის ძალას დედამიწაზე... და ამგვარად ვნებულ მაცხოვარს (ჯვარზე ამაღლებულს) უნდა მიეფინა სახარების ნათელი, ღვთის სიტყვა, დედამიწის ოთხივ კუთხის მკვიდრთათვის. წინასწარმეტყველება მაცხოვრის ჯვარზე და მის ჯვრიან გმირობაზე არაერთია წმ. წერილში: იაკობ მამამთავარი გადაჯვარედინებული ხელებით ლოცავს იოსების ორ ვაჟს, რითაც აშკარად გამოსახავს ჯვრის ნიშს, იგივე მოიმოქმედა მოსე წინასწარმეტყველმაც, - კვერთხი დასახა რა ჯვარის სახედ ზღვას და იხსნა ისრაელი, ხოლო ფარაონი ეტლებითა და მხედრებითურთ ზღვაში დაანთქა (ეგვიპტიდან აღთქმის მიწებისკენ თავის ერითურთ მომავალი მოსე ქრისტეს განასახიერებს); ჯვარის სახედ განრთხმული ხელები მოსესივე ამარცხებს და გააქცევს ამალეკს; მერარას მწარე წყლები დატკბება მასში შთაგდებული ძელით, მოსე კვერთხით ჯვარის გამომსახველი განაპობს კლდეს და წყაროს ადინებს; სპილენძის გველი, ძელზედ ამაღლებული, კურნებას ანიჭებს მისდამი სარწმუნოებით მაცქირალთ, ვინც მანამდის გველის შხამით მოიწყვლნენ... ჰოჲ, ნეტავი მიიღონ ჯვრისთაყვანისმცემელთა წილი ქრისტეში, რომელიც მასზედ გაეკრა!

„ვის არ აუჩუყდება გული, სახლში ასე დაგლახაკებულად დაბრუნებული მწირის შემხედვარეს! ის იყო ჩვენთან; პირველი ღამის სათევად პირუტყვის სადგომი მივუჩინეთ, მერმე ეგვიპტეში კერპთაყვანისმცემელ ხალხთან გავისტუმრეთ. ჩვენთან მას არა ჰქონდა ადგილი სადა თავი მიედრიკა, თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს (იოვანე 1.11). მაშინვე მოჰკიდეს მძიმე ჯვარი და გზას გაუყენეს: და ეკიდა თვით ჯუარი თვისი, და განვიდა ადგილსა მას თხემისასა (იოვანე 19.17), რომელსა „უტვირთავნ ყოველნივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისისაითა (ებრაელთა მიმართ 1.3). მიაქვს ჯვარი ჭეშმარიტ ისააკს - ძელი, რომელზედაც მსხვერპლად შეიწირება. მძიმეა ჯვარი! ჯვრის სიმძიმის ქვეშ ეცემა გზაზედ ძლიერი ბრძოლასა შინა, რომელმან „ყო სიმტკიცე მკლავითა თვისითა“ (ლუკა 1.51). მრავალნი სტიროდნენ, ქრისტე კი ეტყოდა „ნუ სტირთ ჩემ ზედა“ (ლუკა 23.28): ჯვარი ესე მხართა ჩემთა ზედა ძალაუფლებაა, გასაღები, რომლითაც უნდა განვაღო კლიტენი ჯოჯოხეთისანი და გამოვიხსნა მუნითგან პყრობილი მას შინა ადამი „ნუ სტირთ“. „ისახარს კეთილისა გულმან უთქუა. განსვენებული შორის ნაწილებთა. და იხილა განსვენება, რამეთუ კეთილ. და ქუეყანა, რამეთუ პოხილ; მისცნა ბეჭნი თვისნი საქმედ და იქმნა კაც მუშაკ“ (შესაქმისაჲ 49.14-15). „გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა“ (ფს. 103.23). მოაქვს მღვდელთმთავარს საყდარი თვისი, რათა ჯვრითგამო განრთხმული ხელებით აკურთხოს ყოველი კიდენი სოფლისანი. გამოვალს ესავი მინდვრად მშვილდ-ისრით, რათა „მოუნადიროს ნადირი“ (შესაქმისაჲ 27.3) მამას და მოუტანოს. გამოვალს ქრისტე მაცხოვარი, აღიღებს ჯვარს ნაცვლად მშვილდისა, რათა „მოინადიროს ნადირი“, რათა ყველა მიიზიდოს თავისკენ. „და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (იოვანე 12.32). გამოვალს მოსე აზრისმიერი, იღებს კვერთხს, ჯვარსა თვისსა, განართხამს ხელებს, განაპობს ვნებათა, მეწამულ ზღვას, გადავყავართ სიკვდილიდან სიცოცხლეში და ეშმას, როგორც ფარაონს დაანთქამს ჯოჯოხეთის უფსკრულში (Святитель Димитрий Ростовский, 103.907).

ხედავ, ჩემო კეთილო, რითაც ეშმაკმა იმძლავრა, მითვე იქნა დამარცხებულ; ხისა მიერ სძლია ადამს და ქრისტემ, მეორე ადამმა, ძელისა მიერ მოიპოვა მას ზედა გამარჯვება. იმ ხემ ჩვენ ჯოჯოხეთში შთაგვთხია, ამან კი ჯოჯოხეთსა შინა მყოფნი აღმოიყვანა. იმ ხემ შეიფარა შიშველი ტყვექმნილი, ამან კი განშიშვლებული მაღალსა ადგილსა გამოაჩინა გამარჯვებულად. სიკვდილი იგი მთელს მოდგმას მისწვდა, ამან კი აღადგინა ქრისტეს უწინარეს მყოფნიც. ვინ აუწყოს ძალი უფლისა? მკვდართაგან უკვდავნი შევიქენით - ამგვარია ზემოქმედებანი ჯვარისანი.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი მისთვის დამახასიათებელი მჭევრმეტყველებით გვიხატავს მეორე ადამის მიერ პირველი ადამის გამოხსნას: ყოველივე, რაც კი ძელზე ჯვარისა აღესრულა, ჩვენი უძლურების წამლობა იყო, რაც ძველ ადამს იქ აბრუნებდა, საიდანაც განვარდა და მიჰყავდა ცხოვრების ხესთან, რომლის მიმართაც გაგვაუცხოვა ცნობადის ხიდან უდროო და არაკეთილგონიერმა გემოსხილვამან. ამისთვისცა ძელი ძელისა წილ და ხელი ხელისა წილ, ხელნი უშიშრად განრთხმულნი, - ხელისათვის თავშეუკავებლად გაწვდილისა, ხელნი დამსჭვალულნი - ხელისათვის ადამის სამოთხით გამომხდელისა. რომლისათვისცა ამაღლება ჯვარსა ზედა - დაცემისათვის, ნაღველი - გემოსხილვისა გამო, გვირგვინი ეკლისა - ცუდისა მეუფებისათვის, სიკვდილი - სიკვდილისა წილ, წყვდიადი - დაფლვისათვის და მიწად მიქცევა სინათლისათვის (Cвятитель Григорий ჲогослов, 113.282).

ჰოჲ, სიღრმე და სიმდიდრე ღვთიური სახიერებისა, ჩვენ ცოდვილთა და უმეცართათვის „წყვდიადი (რომ) გარემოდებულ-არს მისა“, ხოლო წმინდანთა და მართალთათვის „შეიმოსა უფალმან ნათელი, ვითარცა სამოსელი“.

ვეცადოთ ჩვენცა, ქრისტესმიერნო, რათა არა ვიდოდეთ ბნელსა ამის სოფლისასა, არამედ წინაძღვანებითა ჯვარისათა შევუდგეთ „ნათელსა ჭეშმარიტსა, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოვანე 1.9).

„ვაჲ, უფალო ჩემო! შენ ჯვარსა ზედა - მე კი სკორეთა ამსოფლიურთა სიტკბოებათა...

უფალო ჩემო! უფალო ჩემო! მომეც მე გულის-ხმა ძალისა და აზრისა ჯვარისა შენისა, მიმზიდე მისთანა განგებულებითა შენითა, ამინ“ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).

ჯვარი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქვენ ყოველთა ზედა, ამინ!

„ქადაგებანი და თარგმანებანი“, 2001 წ.
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/j...jvartsmulze.htm



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 7 2010, 10:21 PM
პოსტი #5


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დიდმარხვის მესამე კვირა - ჯვართაყვანისცემისა
სახარება მარკოზისაგან (8, 34-38 - 9, 1)

„34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. 35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. 36. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? 37. ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა? 38. რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა. თ.9. 1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.“

I. ამჟამინდელი სახარების საკითხავში მოცემული გვაქვს სწავლება ჯვარის ტვირთვაზე და საკუთარი თავის უარყოფაზე, თავგანწირვაზე, - იმ ღვაწლთა შესახებ, რომელთა აღსრულებაც აუცილებელია ცხოვნების მისაღწევად. ყურადღებით შევჩერდეთ ამ საკითხავზე და შევეცადოთ შევითვისოთ მასში მოცემული სწავლება.

„და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მუხლი 34).

მაცხოვრის სიტყვებში სამი პირობაა მოცემული, აუცილებელნი იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს უფლისა იყოს, და არა - საკუთარი თავისა. პირველ ყოვლისა, საჭიროა თავის უარყოფა; მეორედ - საკუთარი ჯვარის აღება, და ბოლოს - ქრისტეს შედგომა. აი, ესაა ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი კიბე: სხვა არ არსებობს, და არც შეიძლება არსებობდეს! და აი, უმთავრესი საფეხურნიც ამ კიბისა. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაჲ, უვარ-ყავნ თავი თვისი“. საკუთარი თავის უარყოფა არის აუცილებელი პირობა ყველა დიდსა და მნიშვნელოვან საქმეში. საკუთარი თავის უარყოფით იწყება ჩვენი ცხონების საქმე, ანუ, რაც იგივეა, ქრისტესადმი შედგომა. რაში უნდა მდგომარეობდეს თავის უარყოფა და სადამდე უნდა განივრცობოდეს? - იგი მდგომარეობს მთელი ხორციელი გონების და მთელი, მეორედ ჯერეთ არშობილი ნების უარყოფაში, და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, თუ განსაზღვრულ დროს, არამედ ყველგან და ყოველთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე. ამასთანავე, ეს სრული და სამარადჟამო უარყოფა საკუთარი თავისა ქრისტიანში უნდა განივრცოს საკუთარი თავის მოძულებაში, როგორც ეს პირდაპირ და ცხადად წერია სახარებაში: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი თვისი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კვლადა სულიცა თვისი, ვერ ხელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა“ (ლუკა 14,26). როგორი აშკარაც მკაცრიც არ უნდა იყოს ეს მოთხოვნა, მაინც იგი იმდენადვე ბუნებრივია, რამდენადაც აუცილებელი ჩვენს აწინდელ მდგომარეობაში. რამეთუ ცოდვილში, როგორნიც ჩვენ ყველანი ვართ, ბევრი რამე როდია ისეთი, რისი სიყვარულიც შესაძლებელი იქნებოდა, და სამაგიეროდ, უაღრესად ბევრი რამაა ისეთი, რის გამოც ჯერ-არს მოვიძულებდეთ საკუთარ თავს.

მაგრამ როგორ მოვიძულოთ თავი, როცა თითეულ ჩვენგანს ბუნებითვე უყვარს საკუთარი თავი? - ამის ქმნა შესაძლებელია საკუთარი თავის შეცნობით. შენ რომ დაინახო, მხრებზე ჭუჭყიანი, დაფლეთილი, მყრალი ფლასები მმოსიაო, უმალვე მოიშორებ მას თავიდან და აღარასოდეს მობრუნდები მის ასაღებად, რათა მით შეიმოსო. ჰოდა, საკუთარ თავზე დაკვირვებით ისიც შეიცანი, რომ შენი აწინდელი გრძნობისმიერი ცხოვრება სწორედ ამგვარი ბინძური და მყრალი ფლასებია, და მაშინ უსათუოდ მოიძულებ საკუთარ მგრძნობიარობას და უარყოფ თავს!

საკუთარი თავის უარყოფის გარეშე შეუძლებელია ერთი სწორი ნაბიჯის გადადგმაც კი ქრისტესადმი შედგომაში. რამეთუ, აბა, შენ თვითონ განსაჯე: როგორ გადაწყვეტდი საკუთარი თავის მიტოვებას და უფლისადმი შედგომას, თუკი არ მოიძულებდი შენს გზას, თუკი არ დარწმუნდებოდი, რომ თავად შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის წინამძღვარი იყო?! ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: თუკი არ უარყოფდი თავს? სხვებს მაშინ შეუდგებიან, როცა არ მიენდობიან საკუთარ თავს; ხოლო საკუთარ თავს მაშინ არ მიენდობიან, როცა საკუთარ ნაკლოვანებებში, საკუთარ სიცუდეში დარწმუნდებიან.

მეორე მოთხოვნა და მეორე საფეხური ზეცისკენ მიმავალ კიბეზე არის: „და აღიღენ ჯვარი თვისი!“ ჯვარი - სიკვდილით დასჯის იარაღი იყო; იგი საჭირო იყო მაშინ, როცა არსებობდა მძიმე ბოროტმოქმედი, ღირსი სიკვდილით დასჯისა. მაგრამ აწ ვინ არის ეს ბოროტმოქმედი? - თვით ჩვენ: ჩვენი ხორციელი კაცი, ჩვენი დანაშაულებრივი თავის-მოყვარება, მთელი ჩვენი ძველი არსება, დაცემული და უვარგისი. მაგრამ რითი უნდა მოვაკვდინოთ ჩვენი მტერი, ანუ ჩვენი ხორცი და სისხლი, ჩვენი თავისმოყვარება და ჩვენი ვნებები, ჩვენი სხეულის თნება და ამპარტავნება? ამისთვის საჭიროა გარეგანი, მტკიცე, მძლავრი თვითმოკვდინება; ამიტომაც გვაქვს ნაბრძანები უარვყოთ საკუთარი თავი და ავიღოთ, აღვირჩიოთ და გავითავისოთ ყოველივე ის, რაც მოაკვდინებს ჩვენს არსებაში ჩვენს თავისმოყვარებას და ბოროტი ნებელობას, ჩვენს გრძნობიერობას და ვნებებს. ამიტომაც ჯვარი არის ჩვენთვის სიღარიბე და ნაკლებობა; ასევე ჯვარია - უპატიო-ყოფა ჩვენი და ცილის-დაწამება ჩვენთვის: ჯვარივეა - სნეულებანი და უძლურებანი; ჯვარივეა - ცოდი ქორწინება და ცუდი მეზობლობა, უშვილობა და სიღარიბეში მყოფი წვრილშვილიანობა; ჯვარია - ნათესავთა და მეგობართა დაკარგვა; ჯვარია ჩვენთვის - ყველა სხვა უბედური შემთხვევაც. სწორედ ეს ჯვარი უნდა ავიღოთ, - ეს ერთობლიობა წყინებათა, სიმწარეთა, მოკლებათა, განსაცდელთა, საცთურთა, უბედურებათა უნდა ვიტვირთოთ, ანუ აღვირჩიოთ ჩვენს ხვედრად და გავითავისოთ, თუკი გვსურს მართლაც ჭეშმარიტნი მიმდევარნი ვიყოთ უფალ იესო ქრისტესი.

კვალად, ისიც შევნიშნოთ, რომ მაცხოვარი სწორედ თავისი ჯვარის აღებას უბრძანებს ყველას, ვისაც მისდა შედგომა სურს. რას ნიშნავს ეს - თავისი? თავისია ის, რომელიც საკუთრივ ამ ადამიანს ეკუთვნის, ანუ ზეგარდამო სწორედ მისთვისაა დადგინებული. ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ბოროტი ნებელობა თვითრჯულია ყოველივეში, თვით იმ ჯვარის არჩევაშიც, რომელზეც თავადვე უნდა ეცვას ჯვარს. და ხშირად მას არ სურს იმ ჯვარის აღება, რომელიც ღმერთისაგან აქვს განჩინებული, არამედ სურს ჰქონდეს თვითნაკეთი ჯვარი, იმგვარი სახისა, როგორიც თავად ეპრიანება, და არამც და არამც სხვაგვარი, შემდგარი თავის მიერ არჩეულ მწუხარებათაგან და უბედურებათაგან, და არა სხვა ურვათა და მოკლებათაგან. მთავარი საშიშროება აქ ის არის, რომ ამგვარი მიშვებით საკუთარი ნებისა ადგილს აძლევენ საკუთარ თვითნებობას, როცა პირველ ყოველისა სწორედ იგი უნდა იქნეს უარყოფილი და ჯვარზე მოკვდინებული. ამიტომაც ვისაც უფლისადმი შედგომა გადაუწყვეტია და ამისთვის - ჯვარის ტვირთვაც, მან სწორედ თავისი ჯვარი უნდა იპოვოს, და არამც და არამც არ უნდა აიღოს სხვისი ჯვარი, ის, რომელიც მას არ ეკუთვნის, რათა მისი სიმძიმილის ქვეშ არ დაეცეს თავისი თვითნებობის გამო.

მესამე მოთხოვნა და მესამე საფეხური ზეცისაკენ აღმავალ კიბეზე არის ქრისტესადმი შედგომა, მის კვალად სვლა: „აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე!“.

შემომიდეგინო - რამეთუ ჩვენი ცხოვრება განუწყვეტელი გზაა, განუწყვეტელი მსვლელობაა ამ გზაზე: მასზე შეიძლება გაჩერდე შენი საქმიანობით, მაგრამ შეუძლებელია საგანთა მდინარების შეჩერება, საკუთარი ძალებისა და სიცოცხლის განვითარებისა თუ დაქვეითების, დაცემის შეჩერება. ყოველივე ეს შეუჩერებლივ მიედინება. და მით უფრო, სულიერი ცხოვრება, ქრისტიანული ყოფა - არის განუწყვეტელი გზა, მუდმივი მსვლელობა საღმრთო მცნებების ნათელში, როცა ყოველი შეჩერება უსათიუოდ იწვევს უკან ჩამორჩენას. ამიტომაც უბრძანებს მაცხოვარი თავის მიმდევარს ჯვრის აღებას და შეუჩერებლივ სვლას მის კვალად. ანუ, რა უნდა მოიმოქმედოს ქრისტიანმა? უპირველესად ყოვლისა, მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ საიდან, როგორი წყვდიადიდან და წარსაწყმედელიდან იქნა აღმოყვანილი საღმრთო მადლით, - და საით, რომელი ნათელისაკენ, რომელი სიწმიდისა და სრულყოფილებისაკენ უნდა ისწრაფვოდეს; ხოლო ეხსომება რა ეს, განუწყვეტლივ მიიწევდეს წინ სარწმუნოების ვიწრო გზაზე მიმავალი, სათნოებიდან - სათნოებაზე გადადიოდეს, თვითმოკვდინების ერთი გამოცდილებიდან - მეორეზე, ისე, რომ არ მკაყოფილდებოდეს არანაირი გარეგანი კეთილშესახედაობით თავისი საქციელისა, არამედ განზრახვათა ჭეშმარიტი სიწმიდისა და უზაკველობისაკენ ისწრაფდეს, ქმედებათა სრულყოფილი ღვთის-სათნოობისაკენ, სრული მოკვდინებისაკენ საკუთარ თავში ცოდვისა და თავისმოყვარეობისა.

უაღრესად მნიშვნელოვანია ამასთან ის, რომ ავიღებთ რა ჩვენს ჯვარს, სწორედ ჩვენს მაცხოვარს - უფალ იესო ქრისტეს შევუდგეთ, და არას სხვას ვისმე.

ჯვარის აღების შემდგომ რწმენისა და სათნოების გზას უნდა დავადგეთ, და განუწყვეტლივ ამ გზით ვიდოდეთ, შედგომილნი ჩვენი მაცხოვრის კვალს, უნდა ვიხელმძღვანელოთ მისი მაგალითით და მისი ბრძანებებით; ვიდოდეთ უკან-მოუხედავად ჩვენი უწინდელი ცოდვიანი ჩვეულებისაკენ ისე, რომ არც განზე ვაცეცებდეთ თვალებს და მარადის თავმდაბლობით, მორჩილებითა და ლოცვით მოვიზღუდავდეთ თავს.

„რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი. რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“ (მუხლები 35-37).

სიტყვა „სული“ საღმრთო წერილში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. პირველ ყოვლისა ამ სიტყვის ქვეშ იგულისხმება ადამიანის სხეულებრივი სიცოცხლე (მათე 2,20), ადამიანისა, რომლის სხეულსაც სული განაცხოველებს. კვალად, სიტყვა „სული“ ზოგჯერ აღნიშნავს დასაბამს (I თეს. 5,23; ებრ. 4,12; I კორ. 2,14), სიცოცხლისა, რომელიც აღემატება ხორციელ, სხულისმიერ სიცოცხლეს, უხეშს, დაკავებულს ადმაინის ოდენ მდაბალი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით, მაგრამ რომელიც სულიერ სიცოცხლეზე დაბლა დგას; ეს არის განსჯისმიერი სიცოცხლე, აგებული ცხოვრებისეული კეთილგონიერების საწყისებზე. და ბოლოს სიტყვა „სულის“ ქვეშ საღმრთო წერილში იგულისხმება პიროვნული სულიც მისი უმაღლესი ძალებითურთ - გონიერებითა და თავისუფალი ნებით და მისი აღმატებული სულიერი ცხოვრებით (I კორ. 6,20). ყველა ამ მნიშვნელობით გაგებული სული შეიძლება დაღუპოს, წარწყმიდოს ადამიანმა, როცა იგი ეცდება უზნეო საშუალებებით შეინარჩუნოს იგი, და შეუძლია გადაირჩინოს, როცა გასწირავს მას ამაღლებულ მიზნებისათვის.

„რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაჲ, წარიწყმიფოს იგი“... ამაოდ ცდილობს ადამიანი გაუფრთხილდეს თავის სულს, შეინარჩუნოს იგი როგორც სნეულებრივი სიცოცხლე, როცა მის შენარჩუნებას თავისი ცხოვრების უმაღლეს მიზნად ისახავს და ყოველივეს ამ მიზნის მისაღწევად გაიღებს მსხვერპლად; და როცა ამგვარად უფრთხილდება თავის სულს, თავის სიცოცხლეს, იგი დაღუპავს თავის სიცოცხლესაც და თავის სულსაც, რომლის გადარჩენადაც - რომლის ცხოვნებისათვისაც მას მონიჭებული აქვს კიდეც სიცოცხლე... რაც უფრო მეტად ანებივრებს და დაჰფუფუნებს ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო მალე და უფრო ადვილად ეწვევა მის განაზებულ სხეულს უძლურება, სენი და მით უფრო ადვილად გახდება იგი სნეულებისა და სიკვდილის მსხვერპლი... როცა ადამიანი უარს ამბობს თავისი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღოს უმაღლესი მიზნებისათვის, ღმერთის განდიდებისათვის, მოყვასთა კეთილდღეობისათვის, ქრისტესათვის და სახარებისათვის, - მაშინ იგი, ხშირად სულ არაფრისათვის იღუპავს თავს, ყველაზე კნინი და სამარცხვინო მიზნებისათვის გასწირავს თავის სიცოცხლეს. და მისი ცხოვრებაც იღუპება, - იმ მხრივაც, რომ უნაყოფოდ წარედინება, უსახელოდ, ყოველგვარი სარგებლობის გარეშე, საზიანოდაც სულისათვის, რომელიც ან უნდა ცხოვნდეს, ან უნდა საუკუნოდ წარწყმდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო მისი ქვეყნიური ცხოვრება - წმინდა თუ მანკიერი. და ამიტომ ასეთი ადამიანი, ცდილობს რა გაუფრთხილდეს თავის სულს, გადაირჩინოს თავი, პირიქით, ჰკარგავს მას, იღუპავს თავს, - იღუპავს სიცოცხლესაც და უკვდავ სულსაც...

ამაოდ ცდილობს ასეთი ადამიანი თავისი სულის (სამშვინველის) დაცვას როგორც მშვინვიერი, სამშვინველისმიერი ცხოვრების დასაბამისა; ამაოდ აყენებს იგი მშვენიერ ცხოვრებას ყველაზე მაღლა და ყოველივეს მსხვერპლად გაიღებს მისთვის... უფრთხილდება რა თავის სულს, გაგებულს ამ მნიშვნელობით (ანუ როგორც სამშვინველს), და არ დაუშვებს რა თავის მშვინვიერ ცხოვრებაში სულიერი, მადლმოსილი ცხოვრების ნაკადის შემოსვლას, არ იქმს რა თავისი ცხოვრების მანძილზე არაფერს ღმერთის სადიდებლად და მოყვასის ჭეშმარიტი კეთილდღეობისათვის, - ადამიანი ადვილად კარგავს კიდეც თავის სულს, გაგებულს როგორც მშვინვიერი ცხოვრების წყებას, და ღუპავს კიდეც თავის უკვდავ სულს. მშვინვიერი კაცის ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი, მისი მტრის - მოწინააღმდეგის ერთი მოხერხებული ინტრიგა, ბედის ერთი სასტიკი დარტყმა, და ყოველივე მას მტვრად ექცევა, მთელი ცხოვრების შრომის ნაყოფი წყალში ჩაეყრება, მოესპობა, სიმდიდრეც განეხრწნება (იაკობი 5,2). ასე წარწყმდება მთელი მშვინვიერი ცხოვრება - ყველა მისი შვებითა და სიამ-ტკბილობით, - იღუპება მათ მიერვე, ვინც მხოლოდ მისთვის დაშვრება, მხოლოდ მას უფრთხილდება სჯულის შესაბამისად. და ამგვარად იღუპება არამხოლოდ მშვინვიერი სიცოცხლე, არამედ უკვდავი სულიც საუკუნოდ წარწყმდება იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც ცდილობენ გაუფრთხილდნენ თავიანთ სულს როგორც მხოლოდ მშვინვიერ, სამშვინველისმიერ ცხოვრებას. ისინი კეთილ საქმეთა მოუღვაწებლად გადადიან მარადიულობაში უჯერო ცხოვრების დასრულების შემდეგ, რომელსაც არ განუმზადებია ისინი საუკუნო ცხოვრებისათვის, - და ამიტომ საუკუნოდ იღუპებიან, წარწყმდებიან.

სულს დაკარგავს, წარწყმეს, და დაღუპავს თავის სიცოცლესაც და თავის სულსაც ის ადამიანი, ვინც ეცდება გაუფრთხილდეს სულს მისი გონებისა და ნების უმაღლესი ძალებით. ისე, რომ განავითარებს, წარმართავს და გაავარჯიშებს მას ჭეშმარიტების ძიებასა და ზნეობრივი მოვალეობის აღსრულებაში ოდენ საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, გონების დამოუკიდებლობის დასაცავად ჭეშმარიტების და თავისუფლების ძიებისას ზნეობრივ საქმიანობაში; იგი ეცდება დაიცვას სული ვითომცდა დამახინჯებისგან და ძალადობისგან ქრისტეს საღმრთო მოძღვრებისა და სჯულის მხრიდან, და ამიტომ დაკარგავს სულს, წარწყმედს მას, რადგან შეცთომილებისა და ცოდვის უფსკრულში შთააგდებს მას. სწორედ ამ შეცთომილებებისა და ცოდვების მსხვერპლი გახდება ის ადამიანი, ვინც თავის უმაღლეს სულიერ ცხოვრებას საკუთარი შეხედულებისამებრ მოაწყობს ისე, რომ არ განიცდის ქრისტიანობის ზეგავლენას... არა! „რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი“, - ანუ წარწყმედს იგი თავის სიცოცხლესაც და უკვდავ სულსაც...

და პირიქით, - „და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ქრისტესათვის და სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი“ (მარკოზი 8,35). როცა ადამიანი თავის ხელმწიფებას, მაღალ მდგომარეობას ღმერთის განსადიდებლად და მოყვასთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გასაკეთილშობილებლად იყენებს, გაუცხოებული ყოველგვარ ცოდვიან ძალაუფლების მოყვარებასა თუ პატივმოყვარეობას და განმსჭვალული სულიერი სიგლახაკით; როცა იგი მთელ თავის ქონებასა და საუნჯეთ ქველმოქმედების საქმეებისათვის მოიხმარს და გულით არ მიეკრობა ქვეყნიურ სიმდიდრეს, რომ მოდინდება და აღავსებს მას (ფსალმ. 61,11); როცა ისე ჭამს და სვამს, რომ სხვებსაც უნაწილებს თავის საზდროს და წმიდა, უზაკველ ტკბობათ სადიდებლად ღმრთისა და გასაკეთილშობილებლად მოყვასთა; როცა იგი ჰკარგავს თავის სულს, ღუპავს თავის ოდენ მშვინვიერ ცხოვრებას, გარდააქცევს რა მას სულიერი, მადლმოსილი მუხტის ძალით სრულიერ ცხოვრებად. მაგრამ ამავე დროს იგი უფრთხილდება და გადაარჩენს კიდეც თავის სულს. იგი უმაღლეს აზრს, უმაღლეს განწმენდას შესძენს ყოველივე იმას, რაც აშკარად მხოლოდ სამშვინველისმიერ ცხოვრებას შეადგენს: და ის, რაც პირველი შეხედვით მშვინვიერად მოჩანს, სინამდვილეში სულიერია, განსულიერებული იმით, რაც ღმერთის სადიდებლად, მოყვასის საცხოვნებლად აღესრულება. ასეთ ადამიანში სულიც, სამშვინველიც და სხეულიც ყოვლად სრულყოფილი ხდება (I თეს. 5,23). ასეთი ადამიანი იხსნის სამშვინველს, რადგან აშკარად მშვინვიერ ცხოვრებას, განსჯილს განხრწნისათვის, საუკუნო არსებობას შესძენს; ღმერთის სადიდებლად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღსრულებული საქმეები არ კვდებიან, მარადის არსებობენ... ასეთი ადამიანი იხსნის და იცხოვნებს სულსაც, განამდიდრებს რა მას ღმერთისადმი და მოყვასისადემი სიყვარულის საქმეებით, მოწყალებისა და ქველმოქმედების საქმეებით. თავის სიცოცხლეს იხსნის იგი, რადგან საცხოვნებლად გამოიყენებს მას; თავის მშვინვიერ ცხოვრებას იხსნის იგი მისი სიკეთეებითურთ, გარდააქცევს რა მას მადლმოსილ, სულიერ ცხოვრებად, - გამოიყენებს რა მის სიკეთეთ ღმერთისა და მოყვასისადმი მსახურებისათვის; იხსნის თავის უკვდავ სულსაც და საუკუნო ნეტარებასაც დაუმკვიდრებს ის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის უარყოფითა და ჯვრის აღებითა და ტარებით ღმერთს მოყვასთ შესწირავს მას მსხვერპლად, ვინც განაგდებს თავისაგან ვნებებს, სულს განიწმენდს ყოელგვარი ცოდვისა და მანკიერებისაგან და შექმნის მას შემძლედ სულიერ საუნჯეთა მისაღებად, დასაუნჯებლად, ანუ კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის.

ამიტომ თვით განსაჯეთ: რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუკი იგი მთელს მსოფლიოს შეიძენს, სულს კი დაიზიანებს, წარიწყმედს? რა სარგებლობა ექნება ადამიანს იმისაგან, თუკი მრავალ ქვეყნიურ საუნჯეთ დაეუფლება, ამა სოფლის შვება-სიამეებით დასტკბება, თავის სულს კი ამით უგრძნობელად და უნარდაკარგულად აქცევს საუკუნო ნეტარი ცხოვრებისათვის? რა სარგებლობა ექნება ადამიანს, თუკი მისი სული ამის გამო უარყოფილი იქნება ღმერთისაგან, განგდებული ცათა სასუფევლისაგან და შთაგდებული ჯოჯოხეთში? განა მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გამოსყიდვა რაიმეთი? „შენ არ ძალგიძს სულის მაგიერ სხვა სული გასცე!“ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. - „ფული რომ დაკარგო, შეგეძლება სხვაც იშოვო და გასცე, ხოლო სულს თუ დაკარგავ, ვერ შეძლებ სხვა სულის მოპოვებას და გაცემას. მთელს სამყაროსაც რომ ფლობდე, მთელი ქვეყნიერების მეფეც რომ იყო, მაინც ვერ შესძლებ მთელი ამ სამყაროსა და ქვეყნიერების საფასურად შენი წარწყმედილი სულის გამოსყიდვას, ცხოვნებას“. ამიტომაც „რომელსა უნდეს სულისა თვისისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი“.

„რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა“ (მუხლი 38).

უფალი ქვეყნად მონის ხატით მოვიდა, სიღარიბეში ცხოვრობდა და ჯვარზე ევნო. მრავალ ადამიანს მოეჩვენებოდა ჯვარცმული უფლის რწმენა დამამცირებლად, ხოლო მისი სწავლების მიხედვით ცხოვრების მოწყობა - სამარცხვინოდ. მაგრამ ვინც სირცხვილად მიიჩნევს თავისთვის ამგვარი უფლების აღიარებას მისი დამდაბლების გამო, რაც მან ნებაყოფლობით მიიღო; ვისაც შერცხვება მისი სწავლების მიღებისა იმის შიშით, რომ ვიღაცისათვის დასაცინი გახდება, ანდა რაღაც ქვეყნიურ გამორჩენასა თუ სიკეთეთ მოაკლდება, ის ამით აშკარად წარმოაჩენს, რომ სრულიად ვერ გაუგია იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული უდიდესი საქმე კაცთა მოდგმის გამოსყიდვისა და ხსნისა, და სრულიად ვერ შეუმეცნებია მისი ღვთაებრივი სწავლების სული. ამიტომ კაცის ძემაც, ანუ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც არცხვინოს ასეთი ადამიანი - ანუ თავისი დიდებული და საშინელი მეორედ მოსვლის დღეს ქრისტე მას უღირსად აღიარებს თავისი ზეციური მამის სამეუფოში. მაშ, დაე, ყოველ ჩვენგანს შიში დაეცეს უფალ იესო ქრისტეს ამ მრისხანე სიტყვების მოსმენისას! დაე, ყოველნი შიშით აღივსნენ იმ საშინელი დღისა და ჟამის წინაშე, როცა ქრისტე მოვალს განსჯად ცხოველთა და მკვდართა და თვითოეულისათვის დამსახურებული საზღაურის მისაგებად საქმეთა მისთაებრ! მაშინ იგი საუკუნო ნეტარებით დააჯილდოვებს სასუფეველში ერთთ ქრისტეს რწმენის გულწრფელი და მტკიცე აღიარებისათვის, ქრისტიანული ცხოვრებისათვის, კეთილი სიტყვებისა და საქმეებისათვის, ვითარცა თავის ერთგულ მიმდევრებს; ხოლო მეორეთ - ეშმაკთან და მის ბოროტ დემონებთან ერთად დასჯის ჯოჯოხეთის საშინელი და საუკუნო სატანჯველებით ურწმუნოებისათვის და მართლმადიდებელი, ქრისტიანული სარწმუნოებიდან განდრეკისათვის, მწვალებლობებში შთავარდნისათვის, არაქრისტიანული ცხოვრებისათვის, ქრისტიანულ მოვალეობათა გულგრილი აღსრულებისათვის, მანკიერი, ცოდვიანი ცხოვრებისათვის და ბოროტი საქმეებისათვის.

„და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა“ (თ.9. მუხლი 1).


რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები? ქრისტეს ეკლესია, ანუ მის მორწმუნეთა ერთობლიობა ძალზე მცირე იყო იესო ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრების ჟამს და ჯერ არ განმტკიცებულიყო მის საღმრთო მოძღვრებაში. მაგრამ მისი მკვდრეთით აღდგომისა და მოციქულებზე სულიწმიდის ნიჭთა გადმოღვრის შემდეგ ქრისტეს მოწაფეთა და მიმდევართა კრებული გაიზარდა და განმტკიცდა მის მოძღვრებაში, ანუ ღმერთის სასუფეველი „ძალით მომავალი“ გახდა, განძლიერდა; აი, სწორედ ამ მადლმოსილ დრომდე მართლაც იცოცხლა იესო ქრისტეს ბევრმა მოწაფემ.

წმიდა მახარებელ მათეს უფლის ეს გამოთქმა ასე აქვს გადმოცემული: „ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თვისითა“ (16,28).

წმიდა იოანე ოქროპირი და ნეტარი თეოფილაქტე ამ აღთქმის აღსრულებას უახლოესი სახით მიაკუთვნებენ უფლის ფერისცვალებას თაბორის მთაზე, და სიტყვებში: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“ - გულისხმობენ მოციქულებს - პეტრეს, იოანეს და იაკობს - უფლის ფერისცვალების თვითმხილველ მოწმეებს. არსებობს სხვაგვარი შეხედულებაც, კერძოდ კი ის, რომ უფალმა იესო ქრისტემ აქ თავის მეორედ მოსვლაზე მიუთითა მოწაფეებს, რომლის ხილვის ღირსიც საიდუმლო გამოცხადებაში წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი გახდა თავის სიცოცხლეშივე, და რომ სწორედ მას გულისხმობდა უფალი იესო ქრისტე, როცა ამბობდა: „არიან ვინმე არა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ მომავალი ძალითა“.

II. ამრიგად, ჩვენ განვმარტეთ დღეს წაკითხული სახარების სწავლება საკუთარი თავის უარყოფისა და ჯვრის აღების, ტარების შესახებ. მაინც, რა იქცევს ამ სახარებისეულ საკითხავში ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას? რა არის მასში ყველაზე მეტად სამოძღვრებო და შემაგონებელი?

ა) უპირველეს ყოვლისა, ამ სახარებიდან ჩანს, რომ სამოთხისაკენ მიმავალი გზა მწუხარებებითაა აღსავსე, ძნელად სავალი, ვიწრო გზაა, და სხვა გზა მისკენ არ არსებობს (მუხლი 35). და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რამეთუ ჩვენ ამჟამად, ჩვენს ქვეყნიურ ცხოვრებაში, განდევნისა და ტანჯვის ქვეყანაში ვართ, და უკლებლივ ყველანი ღირსად და სამართლიანად ვართ დასჯილნი შრომითა და სნეულებებით, მწუხარებებითა და ურვით, სიმწარითა და უბედურებებით მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში, სიკვდილამდე. სწორედ ამიტომ დავითმენთ ყველანი ამ უბედურებებს. მაგრამ ადამიანთაგან ყველანი როდი მოიპოვებენ საუკუნო ნეტარებას. მაშ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა ამ მწუხარებამ და უბედურებამ სამოთხეში, ცათა სასუფეველში მიგვიყვანოს? ამისთვის აუცილებელია ყველა ეს განსაცდელი ცხოველი რწმენითა და გულწრფელი სინანულით მივიღოთ; საჭიროა მათი გადატანა მოთმინებით, უდრტვინველად, ღმერთის სახელისათვის, რათ ამ სათნოებებით ვსძლიოთ ეშმაკს, რომელიც სამოთხისაკენ მიმავალ გზას გვიღობავს. მაგრამ როგორ მივაღწიოთ მწუხარებათა და განსაცდელთა ამგვარ უდრტვინველ, მოთმინედ გადატანას? ამისთვის საჭიროა, ყოველთვის ვუმეორებდეთ საკუთარ თავს, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი ქვეყნიური ცხოვრება სამოთხე კი არ არის, არამედ სამოთხიდან გაძევებულობაა; საჭიროა უარვყოთ ის შეცთომილება, რომლითაც ადამიანები ცდილობენ ეს გაძევების მხარე კვლავ ვითომცდა სამოთხედ გადააქციონ და სიტკბოებით ცხოვრობდნენ მასში; საჭიროა, ხშირ-ხშირად შევახსენებდეთ საკუთარ თავს მაცხოვრის სიტყვებს: „ამენ, ამენ გეტყვით თქვენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდით თქვენ (ქვეყნიურ ცხოვრებაში), ხოლო სოფელსა უხაროდის“ (16,20), და კიდევ: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინიან, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იქვე, მუხლი 33). როცა ეს გამუდმებით გვექნება გონებასა და გულში, მაშინ მხნეობისა და მოთმინების სულიც გაცხადდება ჩვენში; და ჩვენთვის შეუდარებლად უფრო ადვილი იქნება ყველა მწუხარებისა და დაუწყობლობის გადატანა, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ქვეყნიურ ცხოვრებაში, და ამ უბედურებებში ჩვენ შეურყეველნი დავრჩებით ვითარცა საღი კლდე ქარიშხალში, და შევიგნებთ, რომ ჩვენი ჭეშმარიტი ბედნიერება ამქვეყნად კი არა, ცათა შინაა. ხოლო როცა გულისხმა-ვჰყოფთ და გავითავისებთ ამას, მაშინ არათუ სულმოკლენი არ ვიქნებით უბედურებებში, არამედ ზოგჯერ ისეთ სიხარულს, შვებასა და ნუგეშს ვჰპოვებთ მათს შორის, როგორთა წარმოდგენაც კი არ ძალუძთ ხორციელ და ცოდვიან ადამიანებს.

ბ) კვალად, დღევანდელი სახარება გვასწავლის, რომ ჩვენი სული ყველაზე ძვირფასი საუნჯეა ჩვენთვის მთელს სამყაროში და ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ მისი ხსნისათვის, მისი ცხოვნებისათვის უნდა ვზრუნავდეთ (მუხლი 36). დიახ, უდიდესი, უაღმატებულესი ღირსება აქვს ადამიანის სულს! ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმთა შემდგომ ჩვენი სული ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა ღმერთისა ყველა სხვა ქმნილებათა შორის; თავისი ბუნებით იგი არის ღმერთის ხატი, მისი მსგავსება, მაგრამ ღმერთი - უსასრულო მშვენიერებაა, „რომლითაც ბოლომდე დატკბობა და რომლის სრულყოფილად განდიდება დასაბამითგან არ ძალუძთ წმიდა ანგელოზებს, - ამბობს წმიდა მღვდელმთავარი ტიხონი. ამიტომ, რაზომ მშვენიერი და კეთილსახიერი უნდა იყოს ადამიანის სულიც, რომელიც საღმრთო სიმშვენიერისაგან სესხულობს სხივებს! მაგრამ ესეც ყოველივე როდია! ადამიანის სული იმიტომაც არის ზეაღმატებული და დიდებული, რომ იგი არის ტაძარი, სამკვიდრებელი ყოვლადწმიდა სულისა. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს თქვენ შორის?“ (I კორ. 3,16). რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და საპატიო - ვიყოთ სულიწმიდის სამკვიდრებელი? განა ჩვენ დიდ პატივს არ მივაგებთ ქვეყნიური მეფის საცხოვრებელს? მაშ, ვითარი პატივისცემის ღირსი უნდა იყოს ღმერთის - სულიწმიდის სამკვიდრებელი?!.. გარდა ამისა, ადამიანის სულის მაღალი ღირსება იქიდანაც ცხადდება, რომ ღმერთის ძე, იმისათვის, რომ საუკუნო დაღუპვისაგან ეხსნა ჩვენი სული, რასაც ის ცოდვებისათვის ეწია, თავად გარდამოხდა ცათაგან, განკაცდა, იშვა და ცხოვრობდა სიგლახაკეში, შრომობდა, ოფლს ღვრიდა, ცხოვრებისეულლ სიმძიმეთ ებრძოდა, დევნული, შეურაცხყოფილი, გვემული, ჯვარცმული იქნა და მოკვდა უსასტიკესი ტანჯვა-წამებით. ამგვარად, - ღმერთკაცის უწმიდესი სისხლით იქნა გამოსყიდული სამარადისო წარწყმედისაგან ჩვენი უკვდავი სული! ყოველივე ამის შემდგომ რა მაღალია მისი ღირსება! და ბოლოს, ღრმად დავუკვირდეთ ჩვენი სულის უნარს და შესაძლებლობებს: რა შესანიშნავი ნიჭებითაა აღჭურვილი! აი, მისი გონიერება - რა მაღალი უნარია ეს! შემეცნებათა რაოდენი სიმრავლე შეუძლია მას შეიძინოს! რაოდენ დიდი უნარია მისი თავისუფლება! რისი მიღწევა აღარ ძალუძს მას ამ თავისი უნარით - თავისუფალი ნებელობით!

<div align="center">


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 7 2010, 11:03 PM
პოსტი #6


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ასეთი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი ჩვენი სული შეიმეცნებს თავის დანიშნულებას - იყოს წმიდა და ნეტარი სამკვიდრებელი სულიწმიდისა; შეიცნობს ყველა თავის მოვალეობას; მტკიცედ დაუდგება ამა ქვეყნისა და ჯოჯოხეთის ყველა საცთურს, დასძლევს ყველა დაბრკოლებას, როგორი მძიმეც და გადაულახავიც არ უნდა მოჩანდნენ ისინი და აღასრულებს ისეთ საქმეებს, რომელნიც საყოველთო შექებას და განკვირვებას იწვევს, იმსახურებს. და თუკი ჩვენს სულს ასეთი მაღალი ღირსება აქვს, მაშინ განა მთელს ჩვენს მზრუნველობას, ძალისხმევასა და გულმოდგინებას იმას არ უნდა მოვახმარდეთ, რომ საუკუნოდ შევინარჩუნოთ, ვიხსნათ იგი, ვიცხონოთ?! და განა ყოვლად უგუნურად არ იქცევიან ის ადამიანები, რომლებიც სულზე უფრო მეტად სხეულისათვის დაშვრებიან, როცა სულის სიკეთეთ ქვეყნიურ საგნებზე განჰყიდიან, ყოველთვის გახრწნადებსა და კნინებზე?!

გ) და ბოლოს, ღრმად დამმოძღვრებელია ჩვენთვის უფლის სიტყვები მასზედ, რომ ის ადამიანები, რომელთაც სირცხვილად მიაჩნიათ თავიანთთვის უფალ იესო ქრისტეს და მისი ღვთაებრივი მოძღვრების აღიარება ამქვეყნად, უარყოფილნი იქნებიან მის მიერ მომავალ, საუკუნო ცხოვრებაში (მუხილ 38). თითქოსდა, არანაირი აუცილებლობა არ იყო ამის შეგონება ჩვენთვის უფლის მიერ: უფალი დიდებულია და ზეაღმატებულია ყოველთა ადამიანთა ზედა; მისი სწავლება ყველასათვის განმანათლებელია, კეთილისმყოფელი და მაცხოვნებელია. და განა ყოველივე ამის შემდეგ შესაძლებელია ვინმეს სირცხვილად მიაჩნდეს თვით უფლისა და მისი სიტყვების აღიარება?! განა, პირიქით, ყველანი დიდებას არ უნდა აღუვლენდნენ მას და თავს არ უნდა იქებდნენ მისით და მისი სიტყვებით?! მაგრამ უფალი არაფერს ბრძანებდა ტყუილ-უბრალოდ! და მართლაც, ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, - და მათი რიცხვი დიდია, - რომელნიც სირცხვილად მიიჩნევდნენ და მიიჩენევენ თავისთვის ქრისტეს და მისი სიტყვების აღიარებას. და რაც ყველაზე ცუდია, ასეთი ადამიანები ჩვენს თანამედროვე „ქრისტიანთა“ შორისაც გვხვდებიან, და თვით „მართლმადიდებელთა“ შორისაც, რამეთუ მათ მართლმადიდებლობა მხოლოდ გარეგნულად მიუღიათ როგორც საუკუნოვანი ქრისტიანული ცხოვრების მემკვიდრეობა, როგორც ყველას მის აღიარებულ-განმართლებული ჭეშმარიტება. და რა მრავალნი არიან ისინი - ეს ძენი წარსაწყმედელისა! ერთთ, თავმომწონეთ თავიანთი კაცობრივი სიბრძნით - „სიბრძნის მოყვარეობითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაისა, წესთა მათებრ ამის სოფლისაითა და არა ქრისტეს მიერ“ (კოლას. 2,8), - სირცხვილად მიაჩნიათ აღიარება ქრისტესი, როგორც, მათი ცრუ შეხედულებით, გონებრივი მოძრაობის, გონებრივი წარმატებებისა და კაცობრიობის ცხოვრების ყოველმხრივი განვითარებისა და აყვავების მტრისა, და ეს მაშინ, როდესაც, სინამდვილეში ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება (იოანე 14,6). მათ სირცხვილად უჩნთ თავისთვის ქრისტე, და ამიტომ არც არასდროს ფიქრობენ მასზე და არც ლაპარაკობენ მასზე: მხოლოდღა მაშინ არღვევენ თავიანთ მდუმარებას, როცა შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ქრისტეს მგმობთა, მის სიტყვათა და საქმეთა უარმყოფელთა მკრეხელურ დაცინვაში. სხვანი პირდაპირ ვერ ბედავენ ქრისტესა და მისი საღმრთო სწავლების აბუჩად აგდებას, მაგრამ თავიანთი სულმოკლეობისა და ყოველივე წმიდისადმი გულგრილობის გამო სირცხვილად მიაჩნიათ თავიანთთვის ქრისტე და მისი სწავლება მისი მტრების მხრიდან განკითხვის შიშით, და რცხვენიათ არათუ თუნდაც ერთი სიტყვისა და საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა ქრისტეს მტრებისადმი, არამედ მზერითაც და სახის გამომეტყველებითაც კი თავიანთი აღშფოთების გამოხატვისაც მკრეხელობისადმი. რა უზნეო, დანაშაულებრივი სირცხვილია! რა სწრაფად და პირდაპირ მიჰყავს მას ადამიანები გარდაქცეულების უფსკრულისაკენ, წარწყმედის წყვდიადისაკენ! სწორედ ამგვარ ადამიანებს, ვისაც აწინდელ საუკუნეში მიაჩნია სირცხვილად ქრისტეს აღიარება, არცხვენს და უარყოფს ქრისტე მომავალ საუკუნეში, როცა მოვალს მეორედ მამის დიდებით განსჯად ყოველთა - ცხოველთა და მკვდართა.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „საკვირაო სახარებათა განმარტება“, თბილისი, 2001 წ.

http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/...anistsemis1.htm

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
სიტყვა მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/didmarkhva3.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/didmarkhva32.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/didmarkhva33.htm
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gabriel/didmarkhva34.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
liziko-liziko
პოსტი Mar 14 2010, 10:43 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 291
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,339



ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია, აღდგომა, girl_angel.gifძალიან მიყვარს ბავშობიდან, და დიდი მარხვაც მიყვარს unsure.gif ki.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 08:16 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი