IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ანჩისხატი, სიწმინდეები გვიხმობენ
torne
პოსტი Jun 18 2009, 03:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 6-November 08
წევრი № 5,901



[b]''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''[/b]
ბერი გაბრიელი

ყველამ დავუნთოთ სანთელი დატყვევებულ სიწმინდეებს


მუზეუმის წინ,დატყვევებული სიწმინდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან
(ანჩისხატობიდან)
მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა,ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის
კეთილდღეობისთვის პარაკლისი,გალობანი.აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა
გაბრიელის საბერო სამოსი.(ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე
ცეკავშირის წინ)

IPB-ს სურათი

მაცხოვრის ხელითუქმნელი
ანჩის პირი ღვთის ხატის ისტორია

ანჩიდგან მოსვენებული პირი ღვთის ხატი არის უდიდესი სიწმიდე მთელის ქრისტიანობისა. თავგადასავალი ამა ხატისა მეტად შესანიშნავია და სასიამოვნო მოსასმენი ყოველი ქრისტიანისათვის.

იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების დროს, როდესაც მის მიერ ქმნილნი სასწაულნი ელვასავით ეფინებოდნენ მთელს დასავლეთ აზიას, საქართველოს მოსამზღვარე ქ. ედესიის მთავარი ავგაროზი მძიმე ავადმყოფი იყო; ყველა გამოჩენილმა მკურნალებმა ხელი აიღეს მის მორჩენაზედ. მაშინ ავგაროზმა დაწერა წერილი და მოსამსახურეს გაატანა იესო ქრისტესთან, სწერდა თავის უკურნებელს სნეულებასა და ეხვეწებოდა: - მოდი, მომარჩინე ამ სნეულებისაგან და ყოველსავე შენს ნებას ავასრულებო; გავიგე, რომ ურიები გემტერებიან, გდევნიან და გირჩევ, ჩემთან მოხვიდე, ჩემს სამეფოში უფრო მოსვენებით გაცხოვრებო.

იესო ქრისტემ მოსწერა ლოცვა-კურთხევის წერილი, მოსვლა ვერ შემიძლიან, რადგან ჩემი დიდი საქმე ჯერ არ შემისრულებიაო. მოსამსახურისაგან გაიგო ავგაროზმა, რომ იესო ქრისტეს მეტად ემტერებოდნენ ურიები და მოკვლას ემუქრებოდნენ. სნეული ავგაროზი რაღაც დიადს სიამოვნებასა გრძნობდა, როცა იესო ქრისტეზე ფიქრობდა და ლაპარაკობდა, სნეულება მაშინ ჩვეულებრივ თითქოს არ აწუხებდა. ამიტომ გაგზავნა თავის საკუთარი ხელოვანი მხატვარი იერუსალიმში, რათა იესო ქრისტე დაეხატა და მოეტანა მისი სახე; ბევრს ეცადა მხატვარი, მაგრამ იესო ქრისტეს სახე ვერ გამოსახა ტილოზედ. მაშინ იესო ქრისტემ გამოართვა ტილო მხატვარსა, მიიფარა პირზედ და სასწაულებრივ გამოისახა-გამოიტვიფრა ტილოზედ მისი სახე. გახარებული მხატვარი გამოეჩქარა ავგაროზისაკენ მოციქულ თადეოზთან ერთად. გზად გამოიარეს ქალაქ იერაპოლში, რომლის განაპირად ღამე გაათიეს მეჭურჭლესთან; იმ ღამეს პირი ღვთის ხატი თიხის გამომწვარ კეცებ შუა ჩაასვენეს სიფრთხილისა გამო; შუაღამისას გამოჩნდა ციდგან ჩამოშვებული ცეცხლის სვეტი ზედ ხატზედ. მივიდა ქალაქის გამგებელი თავის მხლებლებით გასაგებად, თუ რას ნიშნავდა ცეცხლის სვეტი; როცა უამბეს სიწმიდე პირი ღვთის ხატისა, ამოასვენეს იგი კეცებიდგან და ნახეს, რომ იესო ქრისტეს სახე ზემო კეცზედ გადასახულიყო. ქალაქის გამგებელმა იგი კეცი თავისთვინ წაასვენა, ხოლო ნამდვილი პირი ღვთის ხატი გაატანა ავგაროზთან (შემდეგ VI საუკუნეში კეცის ხელითუქმნელი პირი ღვთის ხატი ესვენა ერთბუნებიანთა მწვალებელთა (ნესტორიანნი) საყდარში. წმ. მამა ანტონ ათორმეტთაგანმა ნახა იგი ხატი და შეშურდა, რომ ამისთანა დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში იყო. როცა წმ. იოანე ზედაძნელი თავისი მოწაფეებით გამოემართა საქართველოსაკენ, წმ. ანტონმა იდუმალ წამოიღო კეცი და მოასვენა საქართველოში).

ედესიის ქალაქის მახლობლად, გზაზედ ერთი კუტი მთხოვარა ჭაბუკი თხოულობდა; თადეოზმა შეახო ხატი მთხოვარა კუტსა და მაშინვე განიკურნა, წამოდგა ფეხზედ და გახარებული გაეშურა დედასთან. ეს სასწაული ელვასავით მოეფინა ედესიის ქალაქსა. დაიბარა ავგაროზმა და ჰკითხა, - ვინ მოგარჩინა დაკუტებულიო? ჭაბუკმა უამბო თავისი სასწაულებრივი განკურნება. ავგაროზმა მაშინვე მიაგება სასწაულთმოქმედს ხატსა თავისი კარის მოხელენი და თვითვე სიხარულით ელოდებოდა სასურველი ხატის თაყვანისცემასა ექვსი წლის განმავლობაში ლოგინში მდებარე ავადმყოფი. აგერ, მოასვენეს ხატი. მომაკვდავი ავგაროზი სიხარულისაგან აღტაცებული სასოებით ემთხვია პირი ღვთის ხატსა და მეყვსეულად განიკურნა, ადგა ლოგინიდგან გახარებული, დაემხო პირქვე ხატის წინ და ცრემლით ჰმადლობდა ღმერთსა ესრეთის მოწყალებისათვის. მთელი ედესია ქალაქის მცხოვრებნი გაკვირვებულნი ადიდებდნენ ღმერთსა. ამის შემდეგ ავგაროზმა ირწმუნა მოძღვრება ქრისტესი და მოინათლა თადეოზისაგან კერასა წყაროში თავის ცოლ-შვილით "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". თადეოზმა იწყო ქადაგება და მთელი ედესიის სამთავრო მოაქრისტიანა. ავგაროზმა პირი ღვთის ხატი - ტილო დააკრა ფიცარზედ და ქალაქის კარების თავზედ დაასვენა დიდის პატივით, რათა ქალაქში შემსვლელ-გამომსვლელთ ყველას თაყვანი ეცა და ედიდებინა ღმერთი. აქ ესვენა ორასი წელიწადი.

ავგაროზის მემკვიდრემ დაუწყო ჟლეტა ქრისტიანებსა; ამიტომ პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ დაკრძალეს აგურებით ქალაქის კედელში და ამოაშენეს ედესიის ეპისკოპოსის რჩევით და წინ დიდი სანთლის კელაპტარი დაუნთეს. თითქმის ოთხასი წელიწადი დარჩა ხატი ასე დაფარული. არის გარდმოცემა, მითომ წმ. ნინო, რიფსიმე, გაიანე და სხ. მოსულიყვნენ ედესიაში პირი ღვთის ხატის თაყვანის საცემლად.

539 წ. სპარსეთის მეფე ხოსრო მოუხდა ედესიის ქალაქსა და ამ გაჭირვების დროს ედესიის ეპისკოპოზმა ნახა სიზმრად ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო პირი ღვთის ხატი. მაშინ დიდის ლოცვა-ვედრებით გამოანგრიეს კედელი და გადმოასვენეს სასწაულთ მომქმედი ხატი. ამ დროს სპარსელების ბანაკში საშინელი არევ-დარევა მოხდა, აიყარნენ და გაუდგნენ თავის გზასა.

ამის შემდეგ არ გასულა ასი წელიწადი, რომ ედესია მიდამოებით არაბებმა დაიპყრეს, მაგრამ ბერძნებმა განდევნეს ერთ დროს არაბები და პირი ღვთის ხატი დიდის ლიტანიობით ედესიიდგან გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და დაასვენეს წმიდა სოფიოს ტაძარში.

VIII-IX საუკ. საბერძნეთის ზოგიერთი იმპერატორი ღვთის მოძულენი იყვნენ. ლეონ ისავროელმა და კოსტანტინე კოპრონიმომ, საბერძნეთის იმპერატორებმა, აღძრეს საშინელი დევნულება წმიდა ხატთა თაყვანისცემისა. დადიოდნენ იმპერატორის მოხელენი და სჩხრეკდნენ საყდრებსა და სახლებსა და, სადაც კი მოახელებდნენ ხატსა, ამტვრევდნენ, ჰხეჩავდნენ, სწვავდნენ ცეცხლში, ჰსცარცვა-ვდნენ სამკაულსა. ამიტომ ყველა ჰმალავდა წმიდა ხატებსა მიუდგომელ ადგილს, ზოგი ზღვაში აგდებდა ხატებსა ღვთის ინაბარად. აი, ამ დროს პირი ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოზო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში.

სოფელი ანჩა მდებარეობს შავშეთსა და ლიგანის ხევს შუა ჭოროხის მარჯვენა ნაპირზედ, ქ. ტრაპიზონის მახლობლად. აქ, ქრისტიანობის პირველ დროშივე, მოციქულებმა პეტრემ და მისმა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა, დააარსეს მრავალი ეკკლესიანი.

ანჩაში ქართველი ერი ყოველ წლობით იყრიდა თავს სადღესასწაულოდ, მეფეებიდგან დაწყობილი უკანასკნელ გლეხ კაცამდე. 1194 წ. თამარ დედოფალმა რომ რუს-გიორგი განდევნა სამეფოდამ და ზედ თურქები დაამარცხა, რაც კი რამ ძვირფასი ქვა და მარგალიტი დარჩა დავლად, ყველაფერი შესწირა სხვადა-სხვა ეკკლესიებსა ხატების შესამკობლად. ამ დროსვე მოახსენა ანჩის ეპისკოპოსმა იოანემ (რკნაელმა) პირი ღვთის ხატის სამკაულის დაძველება; თამარმა უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანა ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასო მთავრულით წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის დაბლა არშიაზედ: "ქ. ბრძანებითა და ნივთის ბოძებითა ღვთივ გვირგვინოსანის დიდისა დედოფალთ-დედოფლისა თამარისათა, მე, იოანე ანჩელმან რკნაელმან ხელვჰყავ საშინელისა ამის ხატის პატივითა მოჭედად. მფარველ-მცველ არს მეფობისა მათისა აქა და საუკუნესა. მოჭედა ხელითა ბექასითა, ქრისტე, შეიწყალე".

ამის შემდეგ, რაკი საბერძნეთი დაიპყრეს ოსმალოებმა და მოესივნენ საქართველოს, ყველა საეკკლესიო სიწმინდენი ნელ-ნელა გადმოიტანეს ქართლისაკენ. ხატი ესვენა ახალციხეში, გორში და სოფ. ჭალაში, ამილახვრის იოთამის სახლში. აქ ყოფნის დროს სახსოვრად დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთის-მოყვარე გივი ამილახვრისა: "ჵ სახიერო და სამნათელო სამებაო და ერთარსებაო, მამაო ძისაგან განუშორებელო, და ძეო მამისათანა სწორო და სულო წმინდაო ორთავე შორის ცხოვრებაო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა წამის-ყოფით მაარსებელო და შემოქმედო, - ჩვენ მსასოებელმან და სურვილით თქვენდა მონდობილმან ძემან იოთამ ამილახორისამან, თვით ამილახორმან გივმან და თანა მეცხედრემან ჩვენმან ქართველთა მეფის შაჰნავაზის ასულმან თამარ და ძემან ჩვენმან ანდუყაფარ და დემეტრემ - ოდეს ვიხილეთ ანჩისხატი ჟამთა ვითარებისაგან ქართლში ჩამოსვენებული, მოჰხდა საქმე, რომ ბევრს ხანს ჩვენს სახლში ესვენა და მისის საფარველითა და შემწეობითა მრავალს ძნელს ავადყოფასა და განსაცდელს განვერენით და ვითაც კარები არა ჰქონდა, ვიწადინეთ და კარები მოვაჭედინეთ და გავაკეთეთ, რათა შემწე გვეყოს ორთავე შინა ცხოვრებათა ძით და ასულით ჩვენით. იყოს მადლი და ცვა-ფარვა თქვენი ჩვენზედა. გაკეთდა კარები ესე მეფობასა მეფეთ-მეფისა გიორგისასა, ინდიკტიონსა მეფობისა მეშვიდესა, ქორონიკონსა ტოდ (=1686 წ.) ამისი სარქარი ლოლაძე ბერაუკა, ღმერთმან შეუნდნეს." კარები ხატისა დაძველებული ყოფილა, ჩამოცვივნული და გივს ამილახვარს განუახლებია და ჩამოუკიდნია ხატის კუბოზედ ისე, როგორც დღეს არის. პირი ღვთის ხატს თან მოჰყვა სამცხედამ მღვდელი პეტრე, მესხიევთა წინაპარი.

თუმცა თვით ხატის სამკაულიც დაძველე ბული იყო, მაგრამ ამილახვარი მოერიდა მისს განახლებასა. გავიდა სულ ოცი წელიწადი და ხატის განახლება თავს იდვა კათალიკოზ-პატრიარქმა დომენტი III, მეფის ლევანის ძემ. რასაც ხატის კუბოს დაბლა პირზედ წარწერაც მოწმობს.

თემურლენგის შემდეგ ოსმალებმა დაიპყრეს მთელი მცირე აზია, 1453 წ. კონსტანტინეპოლი აიღეს და მით დაიმორჩილეს დიდი საბერძნეთის სამეფო.

ამის შემდეგ ოსმალებმა თავისი ჯარი ორ ნაწილად გაყვეს: ერთი მიუსიეს დასავლეთის მხარეს, მეორე - აღმოსავლეთისკენ, ე.ი. საქართველოსკენ; აქ დახვდათ ისეთი შეუპოვარი მოწინააღმდეგენი, რომ 1453 წ. შემდეგ ტრაპიზონის მახლობლად, ანჩაში, ისევ ქართველი ეპისკოპოზი იჯდა ორმოც-და-ათი წელიწადი მეტი, და სამცხის ათაბაგნი მბრძანებლობდნენ ასორმოცდა-ათი წელიწადი მეტი. ამ ხნის განმავლობაში ათაბაგებმა ოსმალებს შეალიეს თავისი ძალ-ღონე, მტერი წინ მიიწევდა ნელ-ნელა და ანგრევდა და ანადგურებდა ქართველების ქალაქ-სოფლებსა, წმ. ტაძრებსა. მეტი რაღა ღონე ჰქონდა ერთ მუჭა ქართველობას, ვინც გადარჩა ცოცხალი, რომ ქართლისაკენ არ წამოსულიყო? სამღვდელოება მიიწევდა ნელ-ნელა ახალციხისაკენ და იმერეთისაკენ და თან მიჰქონდა ხატი და ჯვარი, საეკკლესიო სამკაულნი და წიგნები.

აი, ამ დროს გადმოასვენეს ანჩიდამ ახალციხეში პირი ღვთის ხატიც სხვა საეკკლესიო სამკაულებთან ერთად. დომენტიმ გორელ ვაჭარს, ამირჯანა ივანგულაშვილს მოატაინა სამცხედამ ათი ხატი - ანჩისა, ნათლის მცემლისა, იოანე მახარებლისა, მთავარანგელოზისა და ექვსი სხვა წვრილი - ორი ათას მარჩილად, ანუ ასოც თუმნათ 1660 წელს. ესე ხატები გორიდან ჯერ ს. ჭალაში ჩაასვენა იოთამ ამილახვარმან თავის სახლში, მეფე როსტომის სიკვდილამდე; დაძველებული კარები პირი ღვთისა განაახლა იოთამის ძემ გივმა ამილახვარმა. აქედგან დომენტიმ დიდის ლიტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. აქ დომენტიმ მშვენიერს კუბოში დაასვენა იმ ადგილს, სადაც დღეს ასვენია; მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.


--------------------
ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
torne
პოსტი Aug 30 2009, 03:24 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 6-November 08
წევრი № 5,901



IPB-ს სურათი
28 აგვისტოს თბილისში შემობრძანდა ანჩისხატის მაცხოვრის ხელითუქმნელი სალიტანიო ხატი,რომელიც არის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული დედნის ასლი.მან მოილოცა იერუსალიმი,ქალაქი ედესა,ტაო-კლარჯეთი,ქვემო ჭალა...ეს არის ის გზა,რომელიც საუკუნეების წინ გაიარა დედანმა!დღეს სალიტანიო ანჩისხატი დაბრძანებულია მუზეუმის წინ,სადაც მიმდინარეობს ლოცვები,რომ მუზეუმში მყოფი ხატები დაუბრუნდეს ეკლესიას!

2004 წელს შეიმქნა ამ ხატის სალიტანიო ასლი,რომელიც დაბრძანდებოდა სხვადასხვა ეპარქიებში,ტაძრებში საქადაგო მოწოდებით 'სიწმინდეები გვიხმობენ''!გუშინ 29 აგვისტოს იყო ანჩისხატობა ამ ხატის დღეასაწაული!სალიტანიო ხატმა ზუსტად ის გზა განვლო,რომელიც თავის დროზე დედანმა!ანუ იერუალიმში,სადაც მაცხოვარმა სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე,შემდეგ ედესაში-ედესის მთავარს გაუგზავნა მაცხოვარმა ტილოზე გადასული მისი სახე..შემდეგ კონსტანტინეპოლში...კონსტანტინეპოლიდან შემობრზანდა ტაო-კლარჯეთში სოფელ ანჩაში...ამის შემდეგ ქვემო ჭალაში გივი ამილახვრის სასახლეში იყო დაბრძანებული!ბოლოს კი დომენტი კათალიკოსმა დააბრძანა ანჩისხატის ტაძარში,რომელსაც მანამდე ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო!

2004 წლამდე მუზეუმში ლოცულობდა მრევლი ამ სიწმინდეების წინაშე,მაგრამ 2004 წელს მუზეუმმა კანონით აკრძალა ლოცვა და მამაოებთან ერთად მრევლი გარეთ გამოყარა!ამის შემდეგ მრევლმა მუზეუმის წინ გააგრზელა ლოცვა და ყოველ ოთხშაბათს და კვირას ლოცულობდა!პატრიარქი როგორც ბრძანებს ამ სიწმინდეების წინაშე მუდმივი ლოცვა უნდა მიმდინარეობდეს!პატრიარქმა 1996 წელს მოითხოვა,რომ ანჩისხატის ხელითუქმენლი ხატი დაბრუნდებოდა ეკლესიას!დღესაც რა თქმა უნდა ითხოვს,მაგრამ ბოროტი ძალები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ანჩისხატის ხატი არ დაუბრუნდეს თავის სახელდებულ ტაძარს!წლების განვმავლობაში მრევლის გაჩერებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ!სახელმწიფომ თავისი მომხრეები სასულიერო პირებში პოვა,მაგრამ ეს საქმე უამრავი მეუფის,სასულიერო პირის და პატრიარქი ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა!ცხვრის ქურქში გახვეული მგლები გამალებით ცდილობდნენ და ცდილობენ ხალხმა სიმართლე არ შეიტყოს!სახატის პროექტი შექმნილია,რომელიც უზრუნველყოფს ამ ხატის დაცვა თავის სახელდებულ ტაძარში!მაგრამ ამ ხატს პირველიგში ლოცვა და ეკლესიური პატივის აღდგენა ჭირდება!პირიქით უფალი აქეთ გვიცავს და გვეხმარება!ჩვენ კი უპატიოთ გვყავს დატყვევებული!რაც არაფრით არ განსხვავდება ხატმებრძოლობისაგან!

1996 წლიდან პატრიარქი სახელმწიფოსგან ანჩისხატის ხელითუქმნელ ხატს მოითხოვს, რაც მორწმუნეთა დიდი ხნის სურვილი იყო

მის აღმატებულებას,
საქართველოს პრეზიდენტს,
ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად აუცილებელია დღეს ჩვენს ხალხში რწმენის, სულიერებისა და ზნეობის ამაღლება, სწორედ ამ საწყისებზე უნდა გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა.

ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომელსაც წარსულში განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, არის ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში დაცული "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი" მაცხოვრისა თავისი კარედით.

ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. ჩვენთან შემოდის მორწმუნეთა მრავალი თხოვნა, სადაც ისინი გამოთქვამენ დიდ სურვილს მისი ტაძარში გადასვენების თაობაზე.

გთხოვთ, თუ შესაძლებელია, გასცეთ ბრძანება "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის" საპატრიარქოსთვის გადმოცემის შესახებ. იგი, წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმიდეებთან ერთად, სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ ხატის მადლმა.
უღრმესი პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



როგორ შეაჩვენებს
მართლმადიდებელი ეკლესია ხატმებრძოლებს

ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელი აღწერს წმიდათა მამათა კონსტანტინეპოლეს შეკრებულთა, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისათჳს, რომელ-ესე წარიკითხვის სოფია წმიდას პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა

ესე არიან კურთხევანი მამათანი და მათგან ჩუენ ზედა, შვილთა მათთა და მობაძვათა მართლმადიდებლობისა მათისათა, მიიწევიან. ეგრეთვე წყევანი ურჩთა და განდგომილთა და უგულებელსმყოფელთა მცნებათა ღმრთისათა შეეტყუებიან. ამისთჳსცა ყოველნი მორწმუნენი ესრეთ ვიტყჳთ უწესოთა მათთჳს და უკეთურთა:

რომელნი-იგი სიტყჳთ შეიწყნარებენ განგებულებასა მას ქრისტეს განჴორციელებისასა, ხოლო ხატებით გამოსახვად მისა და თაყუანისცემად არა თავს-იდებენ და ამისთჳს სიტყჳთ იჩემებენ ღმრთისმსახურებასა და საქმით უარ-ჰყოფენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი სიტყუასა მას გარეშემო უწერელობისასა ბოროტად იწამებენ და ამისთჳს წინააღმდგომ არიან დამაყენებელ გამოხატვად ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რომელი ჩუენთჳს განჴორციელდა და ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა იქმნა თჳნიერ ცოდვისა, რომელნიცა უკუე წმიდასა ხატსა მისსა გმობენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი გამოსახვასა ყოვლისა ცხორებისასა არა შეიწყნარებენ, ვითარ-იგი იხილვა ქუეყანასა ზედა უფალი ჩუენი იესუ ქრისტE და იქცეოდა კაცთა შორის, ვითარ განკურნნა ყოველნი სენნი და ვნებანი კაცთანი, ვითარ-იგი ჯუარსა ეცუა, დაეფლა და აღდგა და ამაღლდა ზეცას და მოევლინა სული წმიდაჲ წმიდათა მოციქულთა ზედა, აწ უკუე რომელნი განმაცხოველებელთა ამათ სოფლისათა საქმეთა ქრისტესთა გამოხატვად და თაყუანისცემად არა თავს-იდვეს, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი ჰგიან წვალებასა ზედა ხატთა ბრძოლისასა, უფროჲსღა განდგომილებასა ქრისტეს ბრძოლისასა და არცა წინასწარმეტყუელთა სწავლასა, არც მოციქულთა ქადაგებასა, არცა წმიდათა მამათა მოძღურებასა შეიწყნარებენ მოქცევად საცთურისა მისგან, არცა ერთობასა მას ეკლესიისასა შეუდგებიან, არამედ ესრე წარმდებებით იუცემიან თავნი თჳსნი ნაწილსა ჰურიათა და წარმართთასა, რამეთუ ვითარცა იგინი ჰგმობენ უფალსა, ეგრეთვე ესენი წმიდასა ხატსა მისსა შეურაცხ-ჰყოფენ, რომელნიცა უკუე მოუქცეველად ეგნენ საცთურისა მისგან და დაიყვნენ ყურნი ყოვლისაგან სულიერისა მოძღურებისა და ბოროტისა მას წვალებასა შინა დაადგრენ, შეჩუენებულმცა არიან.

ლეონ ისავრი და კოსტანტინე სკორიანი, ლეონ სომეხი და ყოველნი მტერნი წმიდათა ხატთანი შეჩუენებულმცა არიან. ანასტასი და კოსტანტინე და ნიკიტა, რომელთა წვალებით დაიპყრეს საყდარი კოსტანტინეპოლისაჲ და წინამძღუარ წვალებისა იქმნნეს და წარწყმედისა, შეჩუენებულმცა არიან.

წმიდამან სამებამან სამნივე იგი მოსპნა ეკლესიისაგან: თეოდოტე, ანტონი და იოვანე მწვალებელნი და პავლე ისავრი და თეოდორე, რომელსა ერქუა პასტი, და სტეფანე მოლიტი და თეოდორე მექრთილე და ლალოდი ბილწი და მათ თანა ყოველნი მოყუასნი მათნი და წვალებისა თანა-შემწენი შეჩუენებულმცა არიან.

ყოველნივემცა მწვალებელნი შეჩუენებულმც არიან.

კრებაჲ იგი, რომელ აღიძრა წმიდათა ხატთა ზედა და განგმო თაყუანისცემაჲ ხატთაჲ, შეჩუენებულ იყავნ.

რომელნი მოიღებენ სიტყუათა წერილთასა, რომელ თქუეს კერპთათჳს წმიდათა ხატთა ზედა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და წმიდათა მისთასა, შეჩუენებულმცა არიან და წყეულ.

რომელნი ეზიარებიან ნეფსით და მეცნიერებით შეურაცხისმყოფელთა და მეგობართა წმიდათა ხატთასა, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი იტყჳან, თუ ღმრთად ჰყვანან ქრისტეანთა ხატნი, შეჩუენებულ არიან. ღმრთად აღვიარებთ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ხოლო წმიდასა ხატსა მისსა პატივ-ვსცემთ და თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა ხატსა ქრისტესსა და სახესა მისისა მის ჩუენ თანა ქცევისასა.

რომელნი იტყჳან, თუ სხუამან ვინმე გჳჴსნნა ჩუენ კერპთმსახურებისაგან, თჳნიერ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ამას საქმესა სხუასა ვის მიაჩემებენ, შეჩუენებულმცა არიან.

რომელნი იტყჳან, თუ კათოლიკე ეკლესიამან კერპნი შეიწყნარნა, ესევითარნი-იგი შეურაცხისმყოფელნი არიან ქრისტეანთა სარწმუნოებისანი, რამეთუ წმიდათა ხატთათჳს იტყჳან გმობასა, კრულნი არიან და შეჩუენებულნი.

ლოცვა ყავთ გლახაკისა ეფთჳმესთჳს წმიდანო ღმრთისანო, ამენ


--------------------
ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
torne
პოსტი Aug 30 2009, 06:15 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 6-November 08
წევრი № 5,901



IPB-ს სურათი
ანჩისხატი საქართველოში შემოაბრძანეს

სტამბოლიდან ანჩის გავლით სალიტანიო ხატი გუშინ საქართველოში შემობრძანდა. ბორჯომში მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით, მომლოცველებს ადგილობრივი მრევლი შეხვდა.

ქვემო ჭალიდან დაიწყება საზეიმო სვლა ლოცვით თბილისისკენ, რომელიც 28 აგვისტოს დასრულდება. მარიამობას მუხრანისა და მცხეთის გავლით სალიტანიო ანჩისხატი დედაქალაქში შემობრძანდება. მოლოცვის შემდეგ ხატს მის დედანთან, ხელოვნების მუზეუმის წინ დააბრძანებენ, სადაც აღევლინება პარაკლისი.

სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ლოცვა-კურთხევით, 5 წელი დაბრძანდება სრულიად საქართველოს დასალოცად.

ანჩისხატი - მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, კაცობრიობისათვის უდიდეს სიწმინდესა და მადლს წარმოადგენს. განსაკუთრებით იგი ძვირფასია ქართველი ერისა და ჩვენი ეკლესიისთვის, რადგან საუკუნეების მანძილზე ანჩისხატი თავისი მადლით იცავდა და იფარავდა სრულიად საქართველოს.

ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატია, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს.

16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.

„ექსპრესნიუსი"


--------------------
ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
torne
პოსტი Sep 2 2009, 02:04 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 6-November 08
წევრი № 5,901



,,დღეს მორწმუნე მრევლი ,ღვთის მადლითა და შეწევნით ანჩისხატის ასლს დააბრძანებს სხვადასხვა ქალაქებსა და ტაძრებში,სადაც ქადაგებენ ქრისტეს სიტყვას და აღასრულებენ საღმრთო საქმეს,რითაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საეკლესიო საქმიანობაში.იოანე ოქროპირი ბრძანებს,რომ როგორც წყლის წვეთი,დროთა განმავლობაში ალბობს და ხვრეტს ქვას,ასევე არის ღვთის სიტყვაც,როდესაც ადამიანი ისმენს მას,როგორც ღვთის მსახურთა ბაგიდან,ასევე მორწმუნე მრევლის ბაგიდან,რაც არ უნდა გაქვავებული იყოს მისი გული,არ შეიძლება,რომ არ მოექცეს და დროდადრო ისიც ამ გაზას არ დაადგეს''


მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)


,,ჩვენი თაყვანისცემა ხელითუქმნელი ანჩისხატის მიმართ დამტკიცდება იმით,რომ ამ სალიტანიო ასლის,რომელიც მორწმუნე მრევლის მიერ შემკულია დიდი სიყვარულით და დაბრძანდება საქართველოს დასალოცად,როგორ პატივსაც მივაგებთ,-ღმერთი მოგვანიჭებს ისეთივე ძალას,როგორც თვით იმ მთავარი საკვირველმოქმედი ანჩისხატიდან.უფალმა,რომ შეისმინოს ჩვენი თხოვნა,საჭიროა ერმა გააძლიეროს ლოცვა''


მიტროპოლიტი სერაფიმე(ჯოჯუა)


''საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში დაბრძანდება მაცხოვრის ხელითუქმენელი ანჩისხატის ასლი,რომელიც კიდევ ერთხელ შეგვაგონებს და გვაფხიზლებს,რომ ჩვენ ღმრთით გადარჩენილი ერი ვართ და მასვე უნდა შევევედროთ,რათა ჩვენზედ მოსული მტებისგან განგვათავისუფლოს,რაოდენ ძლიერნიც არ უნდა იყვნენ ისინი,ანჩისხატისა და სიწმინდეებისადმი ჩვენი ცოდვა მუხლთმოდრეკით მოვინანიოთ ,გამოვიღვიძოთ და გვრწამდეს,რომ უფალი ამ მდგომარეობაშიც შეგვეწევა ,როგორც დავით მეფსალმუნე ისრაელის მტრებზედ ბრძანებს:,,ისინი ეტლებითა და ისინი ჰუნებითა,ხოლო ჩვენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩვენისათა აღვსდექით და აღვემართენით''


დეკანოზი არჩილ (მინდიაშვილი)


--------------------
ანჩისხატო დაიცევ და დაიფარე საქართველო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2017, 02:14 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"VI საუკუნის დამდეგისთვის აშენდა ანჩისხატის ტაძარი. ეს სახელწოდება ტაძარმა XVII საუკუნეში მიიღო, რადგან აქ სამხრეთ საქართველოდან, ანჩიდან გადმოასვენეს ხატი. მანამდე მას "ზარის ეკლესია" ერქვა.

არაბთა ბატონობის პერიოდში ანჩისხატი იყო საქართველოში ერთადერთი ტაძარი, სადაც ღვთისმსახურებს ეძლეოდათ ზარების დარეკვის უფლება."


"ანჩისხატის ტაძარში 30-იან წლებში ათეიზმის მუზეუმი იყო გახსნილი, ლურჯ მონასტერში - სამედიცინო მუზეუმი. ეს ტაძრები ამ სახეცვლილებამ გადაარჩინა განადგურებას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2020, 09:49 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანჩისხატის ტაძარი თბილისის ზედაშეა და ერთი ხნის არიან"


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2020, 06:54 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხატი, შვილო, ლოცვით ცოცხლდება!

ანჩისხატი კი დაპატიმრებულია!"

/დეკ. რევაზ ტომარაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2020, 09:07 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 36,942
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რას გვეტყვით, მამაო, "ანჩისხატის" ტაძარზე?

- ეს ტაძარი თბილისთან ერთად აშენდა! მეფე დაჩიმ თბილისის შენება ამ ტაძრით დაიწყო. მისი კედლები ორი არშინის ტოლია. ასეთი სისქე არცერთ ტაძარს არა აქვს! ეს არის სწორედ სარწმუნოებრივი მომენტი. ჩვენი წინაპრები ოპტიმისტები იყვნენ!"

/დეკ. რევაზ ტომარაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2020 - 04:49 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი