თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ სვანეთის სისწმინდეები

პოსტის ავტორი: nikusha89 თარიღი: May 29 2012, 06:37 PM

მინდა ორიოდე სიტყვით დავწერო, თუ როგორ აღფრთოვანებული დავრჩი სვანეთის სისმინდეთა შესახებ, რომ მოვიძიე ინფორმაცია ანუ ბევრი რომ არ გავაგრდზელო ერთ ერთი უმდიდრესი საცავი ყოფილა სვანეთი ოდითგანვე საქართველოს განძეულის და მადლობა ღმერთს რომ გვაქვს ამის ნახვის შესაძლებლობა .მადლობა საპატრიარქოს და სამების ახალგაზრდულ ცენტრს ამ გვერდისთვის http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/362648907131045

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 30 2012, 10:56 PM

nikusha89
ძალიან საინტერესოა სვანური ხატწერის სკოლა, ხშირად ადარებენ ძველ კოპტურს, ეთიოპიურს, თავისი ფორმებით, დიდი თვალებით და ა.შ მართლა დიდი განძია

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jun 24 2012, 11:11 PM

კარგად ვერ მივხვდი ყოველ პარასკევს მიდიან ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2012, 01:22 PM

სვანური კოშკები

დგანან და ნისლში ჩაფიქრებულან,
დაუფენიათ მუქი ლანდები,
მაღალ მთის მკერდზე დაკიდებულან,
ვით გაცვეთილი მუზარადები.

ათასი წლის წინ ისრით დახვრეტილ
ძვლებს შეწყვეტია ჯაჭვი დაშლილი,
ჩამოქცეულა ძველი თაღები,
ცეცხლში ჩამწვარა, როგორც ნახშირი.

წამომართულან კოშკნი ახალნი,
მჭექარ "ლილეოს" ბანით რეკავენ,
შემდგარან ქიმზე, როგორც მაყარნი,
და სვანურ ცერულს ერთად ცეკვავენ.

უშბაც გუგუნებს, მთათა ფეხულში,
ქვევით უსმენენ ქვანი დუმილით,
მთვარე კი გდია გიჟმაჟ ენგურში
და ტალღებს მიაქვს სვანურ ქუდივით...

/ოთარ მამფორია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2015, 10:36 AM

"მეუფე ილარიონი ამბობს ხოლმე, სვანეთი ერთი დიდი მონასტერიაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:09 PM

"სვანები "ღმერთა მაარას" (ღვთის კაცს) ეძახდნენ [არქიმანდრიტ თეოფანეს (კორძაია)]"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 12:53 PM

"საინტერესოა სვანური ხუროთმოძღვრება. ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს გვერდს კოშკები უმშვენებს. პირველ სართულს მაჩუბი ჰქვია. მას საცხოვრებლად იყენებდნენ. მეორე სართული სამეურნეოდ ჰქონდათ განკუთვნილი. კოშკი კი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. უშგულში გვხვდება სხვა ტიპის სახლებიც - სვანირები. აქ თავდაცვითი ფუნქცია კოშკს კი არა, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულს აკისრია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:14 PM

"წმინდა გიორგის ძველი ეკლესია საკმაოდ დიდი ყოფილა, ფრესკებით მოხატული, მაგრამ მეტად დაზიანებული, ორსართულიანი და სვანეთში ყველაზე მაღალი. გადმოცემით, მეორე სართული ნივთების შესანახს წარმოადგენდა, სადაც არავის უშვებდნენ. მაგრამ უჩვეულოა სპეციალურად ორსართულიანი ეკლესიის აღმართვა, რომლის ერთი სართული ნივთების შესანახად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. სვანეთში მთელი თემის განძეულობის სალაროდ უმეტესწილად კოშკებს იყენებდნენ. შესაძლოა, თავის დროზე ეკლესიის ნაწილი გამოყოფილი იყო წირვისათვის გამიზნული ნივთების შესანახად, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ, როგორც წარწერებშია მოხსენებული, იქ მონასტერი ყოფილა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:55 AM

"სახლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი, რომლის წინაც კაცები ლოცულობდნენ"

"სვანეთის შესახებ ცნობებს სტრაბონისა და პლინიუსის შრომებში ვხვდებით, რომლებიც სვანებს ყველაზე ძლიერ და მებრძოლ ტომად იხსენიებენ. დიოსკურიის მახლობელ მთიანეთში მცხოვრებ ამ ტომს შეეძლო შეეკრიბა 200000-კაციანი ლაშქარი. მიუხედავად ამისა, მისი ისტორიული წარსულის ზოგიერთი პერიოდი დღემდე უცნობია. სტრაბონის გადმოცემით, სვანეთი იმ დროისთვის პირველყოფილი თემური წყობილების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა - გააჩნდა სატომო საბჭო, ჰყავდა ბელადი და სხვა."

/"კარიბჭე" N17, 2009, გვ. 31, 33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:38 AM

"გარშემო მთები ბაბუაწვერასავით გადათეთრებულა... თითქოს ზამთარი და ზაფხული ერთდროულად დამდგარა."

"მაცხოვრის ეკლესიის ერთ მხარეს საერო შინაარსის სცენები და საგმირო ეპიზოდებია გამოსახული. ასევე გამოსახულია სვანების საყვარელი წმინდანები: წმინდა გიორგი და წმინდა დემეტრე, წმინდა კვირიკე, წმინდა დედანი - ეკატერინე, ბარბარე, მარინე, ივლიტა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:36 AM

"1935 წლიდან მოქმედი ტაძარი არ ყოფილა სვანეთში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:38 AM

"ეკლესიების სიმრავლე, მათი აგებულება გვარწმუნებს, რომ სვანები ძველთაგანვე ქრისტიანები ყოფილან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:59 PM

"ხალდე მთლიანად დაცლილია... სოფელი განსაკუთრებით აღნიშნავს ტაძრის დღესასწაულს კვირიკობას. დაახლოებით XII საუკუნეში ქუთაისიდან მოაბრძანა ტაძარში გვარად შალიანმა წმინდა კვირიკეს ხატი. თურმე ერთ ოჯახს გასათიბი ჰქონდა გეგუთის მინდვრები. ოჯახის უფროსს უთქვამს, ვინც ამას გამითიბავს, დიდ საჩუქარს ვუბოძებო. ქუთაისში მყოფ სვან შალიანს სცოდნია, რომ იმ კაცის ოჯახში ინახებოდა წმინდა კვირიკეს ხატი და უთქვამს, - თუ ხატს მომცემ, გაგითიბავო. ასეც მოქცეულა და ხატიც მიუღია.
მერე კალაში მოუბრძანებია. მთელი თემი შეყრილა ხატის დასაბრძანებლად. გაუხედნავ მოზვრებს მიაბეს მორი, ზედ წმინდა ხატი მიამაგრეს და გადაწყვიტეს, სადაც მოზვრები შეჩერდებოდნენ, იქ დაებრძანებინათ ხატი. ორი კვირა ეძებდა თემი მოზვრებს და იმ ადგილას წააწყდნენ, სადაც დღეს ტაძარია აგებული. ამიტომაც ააგეს იმ მაღალ ადგილას წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია. მოსახლეობა ძირითადად ტაძარს ციკნებსა და თხებს სწირავს. დიდგზაგამოვლილი ხატი თურმე ტიროდა. დასამშვიდებლად ხალხს რა აღარ შეუწირავს მისთვის. ბოლოს ციკანი მიუყვანიათ და სახეზე ღიმილი გადაჰფენია ხატს. მას შემდეგ ციკანს სწირავენ წმინდა კვირიკეს ტაძარს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:57 PM

"ხმაურით ეშვებიან ჩქერალები უფსკრულიდან უფსკრულამდე. მთების იქით მთებია, მთების იქით - მთები და სულ ბოლოში - სოფელი უშგული.

ეს არის სვანეთი - მდუმარე, ზარდამცემი, კეთილი სვანეთი...

ჰოი, რა მაღალი ხარ, ჩემო სვანეთო!

მე მიჭირს, შენს შვილს, შენთან ამოსვლა.

შენ კი არ გიჭირდა?

შენ ლუკმაპურს გამადლიდა მწირი მიწა და ამიტომ საშოვარზე მიდიოდი ბარად.

შენ, ქვეყნიერებას მოწყვეტილმა პატარა კუთხემ, შემოგვინახე ქართული წესი, ზნე და სიმღერა, ხატი და ჯვარი, წიგნი და ფრესკა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:24 PM

"სვანეთში სისხლი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე დედამიწის რომელიმე სხვა კუთხეში. იქნებ ამიტომაც სისხლით იწერებოდა სვანეთის ზეპირი მატიანე."

"ეჰ, კურთხეულო! დაღუპული - დაღუპულია. იყვნენ და აღარ არიან. ეს კი ვიცი, რომ სვანთა კრებაზე ხუთი რეჩგიანი ყოფილა, სვანთა კრება კი თამარ დედოფლის ჟამს შედგა. მეცამეტე საუკუნეში სვანეთის კრებას ლალვერში ბებე, ნიქო და რეჩაგ რეჩგიანებიც შეეგებნენ. ეს ისტორიული ძეგლებიდანაც ვიცოდი. ისკარსა და ლადრერში ყოფილა მათი სამკვიდრო.

დღეს მტვერს შერევია ის საგვარეულო კოშკები. ამ კრებას ლახამულაში რეჩგიანებთან ერთად სხვა ჩვენი წინაპრებიც შეჰგებებიან: სარგის, მიქაელ და ჯავახ ცხვიმიანები. ჯიჯი ცხვიმიანი და მისი ცოლი ლელა რომ გამოჩენილან, ეპისკოპოსი თურმე შეკრთა და ხელიდან წმინდა წიგნი გაუვარდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 08:10 PM

"სამწუხაროდ, დღესდღეობით, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხერხდება სვანეთის სოფლის სალოცავებში დაცული სიწმინდეების აღწერა. უკანასკნელ პერიოდში დეკანოზმა ავთანდილ გიორგობიანმა შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დაასკვნა, რომ საქართველოს ეკლესია-მონასტრების სიწმინდეების დაცვას ხელმძღვანელობდნენ პირები, რომლებსაც, მისი აზრით, ფუსტელები ეწოდებოდათ. ფუსტი სვანურად უფალს ნიშნავს.

ფუსტელების მიერ ხდებოდა საშიშ ადგილას არსებული სიწმინდეების გადამალვა შედარებით უსაფრთხო გარემოში. დეკანოზ ავთანდილ გიორგობიანის აზრით, ფუსტელები, მორწმუნე, ვაჟკაცი, მებრძოლი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც ტანისამოსის შიგნით ატარებდნენ დიდ ჯვრებს და მათ მხოლოდ ეკლესიის სიწმინდეების დაცვა ევალათ.

დეკანოზ ავთანდილ გიორგობიანის თვალსაზრისი ფუსტელთა შესახებ, მართალია, საინტერესოა, მაგრამ იგი ვარაუდის ფარგლებს ვერ სციდლება. წერილობითი ისტორიული წყაროები მათ შესახებ არავითარ ცნობებს არ იძლევა"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.41/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2020, 07:47 PM

"ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს, თუნდაც უმოგზაურია ზემო სვანეთში, დამეთანმხება, რომ მსგავსი რამის ნახვა სხვაგან შეუძლებელია. მადლიანია ზემო სვანეთის თითოეული ალაგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:53 PM

"ნარჩვი სვანური ყველის უნიკალური სახეობაა. მისმა საგემოვნო თვისებებმა, შენახვისა და დავარგების საუკუნეებგამოვლილმა ტრადიციამ საერთაშორისო ექსპერტებიც გააოცა... ნარჩვიც, როგორც არაერთი ქართული ყველის უნიკალური სახეობა, ქართული ყველის მეციხოვნემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გადაარჩინა. მან წლების წინ შეიტყო ზემო სვანეთის მკვიდრ ირა ანსიანისგან, რომ ლახამულაში, ანსიანების ფერმაში უნიკალური ნარჩვი ჯერ კიდევ ცოცხლობდა. ახლახან ნარჩვი არამატერიალური კულტურის ძეგლადაც გამოცხადდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 08:18 PM

"ნარჩვის [სვანური ყველი] სვანურ კოშკს მოგვაგონებს. ეს არამატერიალური კულტურის საგანძური, თავის ყუთიანად, საინტერესო და უნიკალურია, ამ ყუთში ვარგდება, ამ ყუთში ბერდება და ამ ყუთში იძენს საგემოვნო თვისებებს ყველი".

"ნარჩვისგან მზადდება უგემრიელესი სვანური ჭვიშტარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 05:45 PM

"სვანეთში გამორჩეულია ფეტვრაალი, ფეტვიანი ხაჭაპური - ახალ ყველს დაფქული ფეტვი ემატება და გულსართს გემოსთან ერთად ფერსაც უცვლის.

სვანეთში ყველიან-მწვანე ხახვიან ხაჭაპურსაც აცხობენ. სვანური ქართოფლარი ოსურ ხაბიზგინას შეგვიძლია შევადაროთ - მისი გულსართი ერთმანეთში აზელილი მოხარშული კარტოფილი და ყველია.

სვანეთში ყველაზე პოპულარული და "მეფური" კუბდარია. მისი გული დაკეპილი ხორცისა და ტყის ქონდრის, სვანური სუნელების ნაზავია, ის დიდხანს იზილება და თავსდება ცომში. კუბდარის ერთ-ერთი ვარიანტი მთის კალმახიანი გულსართია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:05 PM

"ლუკნე სვანური ხაჭაპურია, ყველს შეაზელენ სიმინდის ფქვილს, დებენ აფუებულ ცომში. სვანური ხაჭაპურის ერთ-ერთ ვარიანტში ყველის გულსართს ზემოდან ეყრება დაფქული ფეტვი და კანაფის თესლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 10:02 PM

სვანეთი

ლამარია აზიდულა მთებით,
და არწივის ემსგავსება მართვეს...
თუ სვანეთი სამშობლოსთვის კვდები,
ძალას აძლევ სხვა დანარჩენ ქართველს.

და ადიშის ოთხთავიდან ვისმენ,
რომ დრო კვდება ლამარიას კართან.
კვირიკეში მზე ამოდის მყისვე,
ენგურისწყალს კავკასიონს ატანს...

იქ ლომები იზრდებიან დღემდე,
სხვანაირი სიმშვიდე აქვს არწივს.
ერის განძი მივეცით და ვენდეთ,
რაღამ უნდა შეგვაშინოს აწი...

თეთნულდივით სპეტაკია ღამეც,
და თუ გიჭირს ლამარიას უხმე.
იქ უნახავთ ღმერთი წმინდა მამებს,
თუ ღირსი ხარ, გეძახიან მუხბეს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:02 PM

"სვანეთში მიცვალებულის სახელზე აკეთებდნენ ე.წ. კამარას, რისთვისაც ზრდადასრულებული, ტანმაღალი ხის წვერს მიწამდე მოხრიდნენ და დაამაგრებდნენ, ხოლო ზედ სხვადახვა შესაწირავს დაჰკიდებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 09:08 PM

"ივანე ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ სვანეთში წარმართული საწესჩვეულებო კულტი ქართულ ენაზე სრულდებოდა და არა სვანურ ენაზე. ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანებიც ქართულად წარმოსთქვამდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2022, 11:54 AM

"ეპისკოპოსმა გაბრიელმა [ქიქოძე] ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866 და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შედეგად სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:39 PM

"XI-XII სს. მნიშვნელოვანი წინსვლა ჩანს ქართული კედლის მხატვრობაში. შემორჩენილია დავით აღმაშნებლის მხატვრის ე.წ. "მეფის მხატვრის თევდორეს" მიერ მოხატული სვანეთის ტაძრების: იფრარის "თარნგზელი" (1096 წ.), კვირიკესა და ივლიტეს ეკლესია (ლაგურკა) კალაში (1111-1112 წწ.), წმ. გიორგის - ნაკიფარში (1130 წ.) კედლები".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:51 PM

"სვანეთი საქართველოს ერთადერთი ეთნოგრაფიული მხარეა, სადაც ეკლესიის გარეთა კედლებზე ფრესკები გვხვდება. ამასთანავე, გარე კედლებზე შესრულებული ზოგიერთი ფრესკა საეკლესიო-სასულიერო მოვლენასთან როდია დაკავშირებული. მაგალითად, ლაშთხვერისა და ჩაჟაშის ეკლესიების გარე ფრესკებზე მოსე ხონელის "ამირანდარეჯანიანის" რამდენიმე სიუჟეტია გამოსახული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 168/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 09:59 PM

"შესანიშნავია გეოგრაფიულ გარემოსთან შეხამებული თავდაცვითი კოშკები. ამ მხრივ სვანური კოშკები დღესაც იქცევს უცხოელ მკვლევართა და ტურისტთა დიდ ყურადღებას. სვანურ კოშკს გარდა თავდაცვითი ფუნქციისა, სხვა მნიშვნელოვანი ამოცანაც ეკისრებოდა. როგორც მ. გეგეშიძემ გაარკვია და შემდეგ სტიქიურმა მოვლენებმაც დაადასტურა. კოშკებს ზვავსაწინააღმდეგო ფუნქციაც ჰქონდა. კოშკის მდებარეობა, ანუ სივრცითი ორიენტაცია განპირობებული იყო ზვავსაშიში ადგილით, რომლის მიმართ კოშკი აუცილებლად უნდა იდგეს კუთხით და არა გვერდითი მხრით. სქელკედლიანი ქვის ნაგებობა სწორედ კუთხით კვეთდა დატაკებულ ზვავს და დამანგრეველ ძალას ანელებდა. ჩვენი აზრით, ანალოგიური ფუნქციის იყო შიდა ქართლის მთაში გავრცელებული ე.წ. ზურგიანი კოშკი, რომელსაც უკანა მთისაკენ მოქცეული მხარე ნალისებური ჰქონდა. ოვალური ზურგი. ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაში, თოვლის დიდი მასას აისხლეტდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 358/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 04:18 PM

"სვანეთის მთავრები დადეშქელიანები თავიანთ კარ-მიდამოში იფარავდნენ და ზრდიდნენ ობლებს (ქვეშევრდომებს) და მათთან დაახოლებული გლეხის შვილებს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 424/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 06:28 PM

"პოეტი ქალის ბორენას სახელი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას შემოუნახა ღვთისმშობლის პატარა ხატმა, რომელიც დაცულია სვანეთში, სოფ. ნესგუნში (მესტიის რაიონი, ლენჯერის სასოფლო საბჭო). ხატის ვერცხლის ზურგზე წარწერილია ლექსი, - ღვთისმშობლის საგალობელი, - ადგილზე ნახეს და შეისწავლეს პროფ. ა. ხახანაშვილმა, პ. კარბელაშვილმა, აკად. ე. თაყაიშვილმა და პ. ინგოროყვამ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 08:11 PM

"ლახუშდიდან ოდნავ მოშორებით, მთაზე, შუაგულ ტყეში თანღილ თარანგზელის (მთის მთავარანგელოზის) პატარა ეკლესიაა. ეს მთა წმინდა ადგილად ითვლებოდა და აქ სვანი ხეს არ ჭრიდა. წმინდანებიდან მხატვარმა მხოლოდ წმინდა გიორგი წარმოაჩინა საკურთხევლის აფსიდის გვერდით, თუმცა ეკლესია მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს სვანეთში წმინდა გიორგისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)