IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მირჩიეთ როგორ მოვიქცე
natia natia
პოსტი May 17 2007, 03:10 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 16-May 07
წევრი № 1,925



გამარჯობათ 2 წელია ვეძებ ისეთსაიტს სადაც შევძლებდი როგორმ მეპოვა იმ კითხვებზე პასუხი რაც მაცუხებდა და ხვტის წყალობით აგმოვაცინეტ ღმერთმა გაგაძლიეროტ
ვარ უკვე 2 წელია საზღვარგარეთ ,საქართველოში შეძლებისდაგვარად ვცხოვრობდი ეკლესიურად,დავდიოდი წირვებზე ვიცავდი მარხვას და ნაზიარებიც ვარ ,იქ არაფერი არ მქონდა მარა ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი და ისე მშვიდათ ვიყავი ვერ გადმოგცემთ,და ყველაპერი კარგად მიდიოდა ჩემ ჩხოვრებში
წამოვედი აქ და დავიკარგე ანუ ჩემ თავს ვერ ვპოულობ რაგაცა მაკლია შIნაგანად და ძალიან მიჩირს აქე ვერც ვლოცულობ ,ვერც მარხვებს ვიცავ გული არ მიმდის ვგრძნობ რომ აცდენილი ვარ უფლის გზას,ეკლესია არის აქ მარა არაა ქართველი მოძღვარი და ვერც მივდივარ იქამდე არადა ცუდათ ვარ რა ვქნა როგორ მოვიქცე მირჩიეთ რა რამე გთხოვთ ,საქართველოშიც ვერ ვნახე ისეტი სულიერი მამა რომლიც მართლა მაჩვენებდა ჭეშმარიტებას და განკიტხვაში ვარდებოდი მარა მაინც ჩმეიტ რაც მესმოდა ისე ვაკეტებდი ეხლა კიდე სულმარტო ვარ და მინდა ისევ უფალტან ახლოს ვიყო და რაგაცა მიშლის ხელს ვგრძნობ სიტყვა გამიგრძელდა მაპატიეტ და იქნებ დამეხმაროთ
პატივისცემით ,ნათია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jun 10 2007, 11:47 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ერთ პასუხში შეუძლებელია მოიცვა სულიერი ცხოვრების მრავალი მხარე. თან როცა უცნობია ადრესატის ცხოვრება, თვისებები, თავისებურები, მისი გარემო. მაგრამ თქვენი კითხვიდან ჩანს, რომ გაქვთ სატკივარი და ვეცდები, რამდენადაც გამომივა შეგეწიოთ ორიოდე სიტყვით.

ჭეშმარიტი ბედნიერება ზეციური ნეტარების გამოვლინებაა. მას ვერ მოიპოვებ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, ვერც გარემო მოგცემს, ვერც ოჯახი, ვერც პატივი, ფული თუ დიდება. ის ღმრთის მადლის მოქმედებაა ადმიანის გულში. და, როცა რაღაც გვაწუხებს, გვტკივა, ეს ნიშანია იმისა, რომ მოგვაკლდა ღმრთის მადლი. კარგია, რომ ამას განიცდით, –– ე.ი. უფალი გწყალობთ და მოგიწოდებთ, რომ არ გახდეთ კაცობრიობის კიდევ ერთი წუთისოფელს დამონებული უსახური წევრი, არამედ იყოთ პიროვნება.

მკურნალობა დიაგნოზით იწყება. მის სისწორეზე დიდად არის დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა. ადამიანებს გვაქვს ერთი საერთო დიაგნოზი – მემკვიდრეობით მიღებული დაცემულობა ბუნებისა, მიდრეკილება ცოდვისაკენ, უჯერო ტკბობისაკენ. თუ რამეს ვებრძვით, პირველ ყოვლისა საკუთარ თავს უნდა ვებრძოლოთ. ჩვენს გულშია სასუფლისა თუ ჯოჯოხეთის წინაპირობა; მისი მდგომარეობის მიხედვით დაიშვება ღმრთისაგან განსაცდელი თუ სიკეთე.

უპირველესი მიზეზი ჩვენი სულიერი განრღვეულობისა ჩვენსავე გულში უნდა ვეძიოთ. მართალია, მოქმედებს გარემოც, მაგრამ უპირველესად ყველაფერი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. როცა გვეკარგება სულის ძლიერება, გვინდა კეთილი ვაკეთოთ, მაგრამ არ გვაქვს ამისთვის ზნეობრივი ძალები, ამის მიზეზი ცოდვათა შეუნანებლობაში და ვნებებთან და ბოროტ ჩვეულებებთან უბრძოლველობაში უნდა ვეძიოთ. ცოდვა არ არის მხოლოდ საქციელი. ყოველი გარეგნულად ან გულში ჩადენილი ცოდვა განდევნის საღმრთო მადლს, გვაქცევს ბოროტის მიმღებად, ავითარებს ჩვენი ბუნების ვნებულობას. ცოდვა თრგუნავს კეთილზნეობრივ ძალებს ადამიანში, აკნინებს მის ნებისყოფას. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი გულმოდგინება აღსარებაში და მისი სიხშირე და . ეს კი მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი. სინდისი შესაძლოა არ გვამხელდეს რაღაც დიდ, უმძიმეს ცოდვაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს ცოდვათა ტვირთის სიმსუბუქეს. ერთი დიდი ლოდი გვაწევს, თუ იმავე წონის ქვიშა, – ტვირთია მაინც, რომლითაც ზეაღმართვა არ შეგვიძლია. ასე, რომ პირველი, რაც შემიძლია გირჩიოთ, არის დაფიქრება იმაზე, რა არ მოეწონება ჩვენში უფალს, რის გამო ვერ დაიმკვიდრებს ჩვენს გულში. მიმოიხილეთ გულის სიღრმეები თვითკრიტიკულად, თავის დაუნდობლად. კეთილს ჩვენში ღმერთიც ხედავს. ჩვენი საქმეა – ცუდი არაფერი გამოგვეპაროს. ყველაზე დიდი ცოდვა კი – წუთისოფლის საზრუნავებსა და წარმავალ სიამეებში დახურდავებული ცხოვრებაა. ის ცხოვრება, რომლისთვისაც ქრისტე ეცვა ჯვარს. ეს ცხოვრება არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ადამიანური ბუნების განმრთელებისა და ამაზე უზრუნველობა არის ყველაზე დიდი ცოდვა.

საკუთარი თავი რომ დაინახო, სარკეში უნდა ჩაიხედო. სულისათვის ეს სარკე არის წმიდა წერილი და მამათა სიტყვები. ის, როგორებსაც ჩვენსავე თვალში ვხედავთ საკუთარ თავს, არის მხოლოდ ბუნდოვანი, საკუთარი შეგრძნებებით მიღებული წარმოდგენა. ადამიანს სულიერი ცენტრი არის გული. ეს გული ყველაზე მეტად არის დაზიანებული ადამისეული ცოდვით. არადა სანამ ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას დავიწყებდეთ, სწორედ საკუთარი გულის შეფასებებით ვხელმძღვანელობთ. თვითშეფასებაშიც გულს ვენდობით და ცოდვასაც ნაკლებად ვხედავთ. მხოლოდ ზოგჯერ გვამხელს სინდისი, მაგრამ მისი ხმაც მალევე ჩუმდება. ცხადია, ამ მდგომარეობაში მხოლოდ უფლის და მისი წმიდანების სიტყვებს ძალუძს ჩვენი გამოყვანა–გამოფხიზლება. ამიტომ გირჩევდით სახარების და მამათა დარიგებების კითხვას. ბევრი არა, მაგრამ ცოტ–ცოტა ყოველდღე წაიკითხეთ. ჩვენ ვართ იმ წუთისოფელში, რომელმაც ჯვარსაცვა ქრისტე, რომელიც გაურბის მის მცნებებს. ეს გარემო მოქმედებს ჩვენზე, მიუხედავად შინაგანი პროტესტისა, ხშირად გვინერგავს თავის იდელალებს და ღირებულებებს. წიგნი კი გვაძლევს საშუალებას ვიურთიერთობოთ წმიდანებთან, მაცხოვართან. ეს არის სუფთა ჰაერი სულისათვის, რომლის გარეშე გავიგუდებით, სულიერად მოვკვდებით. ადამიანი ეჩვევა გარემოს სიმყრალეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარემო გახდა უკეთესი. იყნოსეთ სიწმიდის სურნელება.

სულიერი ძალების დაცვა–არგაფანტვაში დიდი მნიშვნელობა აქვს შემომავალი და გამავალი ინფორმაციის კონტროლს. ძალიან ვიტვირთებით იმითი, რაც სულაც არ არის ჩვენთვის საჭირო. მეტიც, უმეტესი ნაწილი გარემოდან შემოსული ინფორმაციისა პროვოცირებს ჩვენში ცოდვას ან ავითარებს ცოდვის შეწყნარების უნარს. ვიბილწებით თვალით, ყურით. ზოგჯერ გაგონილ–ნანახში ცოდვა თითქოს არ არის, მხოლოდ ფაქტია. მაგრამ ვკითხოთ თავს: მჭირდება მე ამის ცოდნა, როგორ შემიძლია ამაზე რეაგირება ან ამ ცოდნის გამოყენება. ცნობისმოყვარეობა გვართმევს ისედაც მწირ სულიერ ძალებს; და მერე არა გვაქვს უნარი ლოცვისა, კითხვისა. ამას ემატება ისიც, რომ ყველაფერი რასაც ჩვენ ვამბობთ, ყოველთვის როდია მისაღები და დასაშვები ცხოვნების მეძიებელი ადამიანისათვის. რამდენი განკითხვა, ამაო სიტყვა ამოდის ჩვენგან. ყოველი სიტყვა კი ჩვენი სულიერი ძალის ნაწილია. და ვიცლებით ასე ამაო და მავნე საუბრებში.

ადამიანის ძალისხმევა არის მხოლოდ მომზადება გულისა. ნამდვილი სულიერი ცხოვრება, წარუვალი სიხარული და მშვიდობა – სულიწიმის მოქმდებაა ჩვენში. ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ იგი ლოცვით. ლოცვა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანისა იურთიერთობოს სულიერ სამყაროსთან – წმიდანებთან, ღმრთისმშობელთან, ღმერთთან. ლოცვით გამოითხოვება ის, რაც ვერ მიიღწევა ვერანაირი მონდომებითა და ძალისხმევით. ლოცვა არის სულიერი ცხოვრების საზომიც და განმაპირობებელიც. მეტიც, – ლოცვა ჩვენი უაღმატებულესი ქმედებაა. მაგრამ ამასთან ერთად ლოცვა არის უსასტიკესი ბრძოლა. ბრძოლა გულისათვის. შემთხვევითი როდია, რომ დიდ დაცემას ხშირად უძღვის წინ ლოცვის მოშლა. ასე იმზადებს ეშმაკი ადგილს ადამიანის გულში. თქვენ კი ეცადეთ ილოცოთ ყურადღებით. არ დაელოდოთ რაღაც აღმაფრენას ან სითბოს გულში, ან სურვილს ლოცვისა. დააძალეთ საკუთარ თავს, ეცადეთ ლოცვის სიტყვებში ჩაკეტოთ ყურადღება. რა გრძნობაც არ უნდა იშვას გულში, ნუ მიხედავთ მას. როცა ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენი მფარველი ანგელოზები დუმან. ბოროტი კი, ხშირად ერთის შეხედვით კეთილი აზრებით და შეგრძნებებით ცდილოს მოწყვიტოს ჩვენი ყურადღება უფლისადმი ვედრებას. არ უყუროთ გვერდიდან საკუთარ თავს ლოცვისას, არ იფიქროთ იმაზე, როგორ დგახარ, როგორ ევედრებით, როგორი შესახედავი ხართ, როგორ განიცდით ლოცვის სიტყებს. ჩვენი საკეთებელი არის ყურადღების ლოცვის სიტყვათა საზღვრებში მოქცევა. გარდა ამისა, გონება რომ არ გადავარდეს ხეტიალში და უმიზნო ფიქრებში, ეცადეთ მუდმივ ლოცვას გულში. შეგიძლიათ იმეოროთ: "უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი". ან, თუ ძალიან გვეფანტება გონება, თუნდაც "უფალო შეგვიწყალენ".

ლოცვის წარმატებულობის საწინდარი არის სიმდაბლე. სიმდაბლე კი ჭირთათმენით და თვითუარყოფით მოიხვეჭება. ეცადეთ არ შეეპასუხოთ იმათ, ვისგანაც რამე გეწყინებათ. უმალვე მოუხმეთ გულში ღმერთს: "უფალო იესუ ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ". ვიცი, რომ ძნელია. მრავალჯერ ვერ მოითმენთ, დაეცემით, მაგრამ მთავარია ძალისხმევის მიმართულება იყოს სწორის. შეიძლება სწრაფი ნაბიჭებით ვერ მივიწევდეთ, მაგრამ მიზანი მაინც სწორი უნდა გვქონდეს და გეზი უცვალებელი. მოთმინების მაგალითი ხომ თვით მაცხოვარმა მოგვცა. როცა დასათმენი თითქოს არაფერი გვაქვს, თვით მოუჭიროთ საკუთარ თავს, შევზღუდოთ იმაში, რაც არ არის აუცილებელი. დაუთმოთ დრო სხვაზე ზრუნვას, მოწყალებას, მოყვასის მსახურებას. ვაკეთოთ ეს არა სიამოვნებისათვის, არამედ იმიტომ, რომ ასე გვასწავლის მაცხოვარი, ეს გზა გვაჩვენა თვითონაც. რწმენა უნდა იყოს განცხადებული საქმეებში, თორემ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

უნდა ვეცადოთ მარხვით განვამტკიცოთ ჩვენი რწმენა. მარხვა – დაცვას, შენახვას ნიშნავს. მარხვის პერიოდში ვიწვრთნებით იმასთან ბრძოლაში, რაც რყვნის, აკნინებს სულს. სულიერი მარხვის წარმატებულობისათვის აუცილებელია ხორციელი მარხვა – საკვებში თავშეკავება და ზომირება. უფალი პირდაპირ გვეუბნება, რომ მარხვის და ლოცვის გარეშე არ გადის ეშმაკი ადამიანისაგან.

ადამიანი ცვალებადია. ხან მოგვეწონება რაღაც, მოვინდომებთ, დავშვრებით. ხან კიდევ აგვიცრუვდება, გაცივდება გული, ჩამოვუშვებთ ხელებს და სულიერ განრღვეულობაში ვვარდებით. ამიტომ აუცილებელია გარკვეული რეჟიმი ცხოვრებისა. რათქაუნდა, ყველფერს ყოველთვის ვერ მოიაზრებ, ვერ დაგეგმავ. მაგრამ თუნდაც ზოგადი, მინიმალური რეჟიმი მაინც გვჭირდება. უნდა მოვიფიქროთ რა როდის გამოგვივა, და შემდეგ კეთება არ უნდა იყოს დამოკიდებბული ჩვენი განწყობის ცვალებადობაზე. დავგეგმოთ დღე ისე, რომ მასში იყოს თუნდაც რამოდენიმე წუთი ლოცვისა და კითხვისათვის და ეს დრო სხვა არაფერს ეთმობოდეს.

სამშობლო არის ის ადგილი, რომელიც გვიკურთხა ღმერთმა სამკვიდრებელად. ვერ წარემატება ადამიანი მის გარეთ, თუ სალოცავად და სამოღვაწეოდ არ არის გასული. გასაგებიცაა, რომ იქ ვერ იქნებით ისე, როგორც აქ იყავით. გარემოც მოქმედებს. თითოეული ჩვენგანის ცოდვა აბინძურებს სულიერ გარემოს. ცოდვის შემწნარებელი ადამიანი უხილავად აფრქვევს სულიერ სიბილწეს. საზოგადოება, რომელიც გაურბის ქრისტეს, ვერ ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც ხელს შეგვიწყობს სულის გადარჩენაში. ამ მხრივ ჩვენთან ჯერ კიდევ არის სხვა ქვეყენბზე უკეთესი მდბომარეობა. თუმცა აქაც არ ისვენებს ეშმაკი და დღითიდღე უარესდება სულიერი გარემო. არ მიკვირს, რომ უცხოეთში მოხვედრილს, გაგიჭირდათ ეკლესიაში მისვლა. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთ გარემოში იყო ხორცით და გაემიჯნო სულით. თუმცა ეს მაინც შესაძლებელია, როცა არის ძალისხმევა.

შეუძლებელია გადარჩენა ეკლესიის გარეშე. მესმის, რომ ქართველს გიჭირთ უცხო ეროვნების მოძღვართან ურთიერთობა. მაგრამ ჯერ შეაჩვით თავი წირვა–ლოცვეზე დგომას და ლოცვას. შემდეგ შეძლებთ მოძღვართან ურთიერთობასაც. ქრისტეანობა ზეეროვნულია; პატივცემთ ეროვნულობას, გვიყვარს სამშობლო, მაგრამ ცხოვნებაში გადამწყვეტი არის ეკლესიურობა.

ახლა ამით დაგემშვიდობებით, თორემ ისედაც ბევრი დავწერე. არა მხოლოდ გირჩევთ, არამედ გთხოვთ მოინდომოთ ეკლესიის წიაღში დამკვიდრება. ყოვლადწმიდა დედა ღმრთისმშობელი იყოს თქვენი შემწე და წინამძღოლი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი