IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე
Atman
პოსტი Sep 24 2009, 02:59 PM
პოსტი #181


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
სახარებაში რომ წერია: მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხველნი,ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი,მაგის ზუსტი ციტირება შეუძლია ვინმეს?მგონი სახარებაშია


ვა რა მაგარი სიტყვებია! smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Sep 24 2009, 06:03 PM
პოსტი #182


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



ციტატა(mr.satadarigo @ Sep 24 2009, 12:29 AM) *

სახარებაში რომ წერია: მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხველნი,ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი,მაგის ზუსტი ციტირება შეუძლია ვინმეს?მგონი სახარებაშია

მათეს სახარება 15,14: "მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან".
ლინკსაც დაგიწერ: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-15.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 24 2009, 06:33 PM
პოსტი #183


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,614
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხველნი

ლუკა 9,60
მათე 8,22


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Sep 24 2009, 08:33 PM
პოსტი #184


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



მარიამი
zaz


გაიხარეთ


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 28 2009, 01:49 AM
პოსტი #185


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ლუკა 9 თავი


57. და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას: მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. 58. ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. 59. ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. 60. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა; ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. 61. ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. 62. ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა.



57. მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე, თან გეახლები, უფალო.

58. და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი.

59. ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი.

60. მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს.

61. ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო.

62. მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 12:11 PM
პოსტი #186


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,039
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



„ვენახის მუშაკები“

„მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა და უკუანანი წინა“
(მათე 19,30)

„რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა“
(მათე 20,27)

„ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“
(მათე 10,10)


1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ.

მათე 20,1-15

მდიდარი ჭაბუკის შეკითხვა

ამ იგავით იწყება წმიდა მათეს სახარების მე-20 თავი. მაგრამ წმიდა მამები გვირჩევენ, დაკვირვებით წავიკითხოთ იგავის წინამავალი ნაწილიც, წმიდა მათეს სახარების მე-19 თავის ბოლო მუხლები (27-30). ამ მუხლებში ჩვენ ვკითხულობთ უფლის განმარტებებს, რომლებსაც იგი გამიზნულად წაუმძღვარებს „ვენახის მუშაკების“ იგავის თხრობას. უფლის ამ განმარტებების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ჩვენ თავად უფალი გვეხმარება, რათა შეუმცდარად და მართებულად ჩავწვდეთ იგავის სათქმელს, მის მიზანდასახულობას, იმას, თუ რას გვასწავლის და რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით ჩვენი უფალი.

მე-19 თავის ხსენებულ ნაწილში ერთი მდიდარი ჭაბუკი შეკითხვას დაუსვამს უფალ იესოს ცათა სასუფეველში დამკვიდრების წინაპირობასთან დაკავშირებით „რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?“ (მათე 19,16). ამ მდიდარ ჭაბუკს გულწრფელად სურდა, საუკუნო ცხოვრება დაემკვიდრებინა. იგი სიყრმიდან მოყოლებული იცავდა ღვთის ყველა მცნებას. მაგრამ მხოლოდ ამით - მცნებათა დაცვით - ადამიანს საუკუნო სიკვდილისაგან შეუძლია დაიხსნას თავი. საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლად კი ჭეშმარიტი სრულყოფის გზაზე შედგომაა საჭირო.

მდიდარმა ჭაბუკმაც ამიტომ მიმართა უფალ იესო ქრისტეს მეორე შეკითხვით: „რაჲღა მაკლს მე?“ - რაღა მაკლია კიდევ საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებლადო. და აი, უფალი ამ ჭაბუკსაც, და ყველა ქრისტიანსაც, სთავაზობს ერთადერთ ჭეშმარიტ გზას სრულყოფისაკენ, რასაც ადამიანისათვის უზენაესი ჯილდო მოაქვს. ეს გზა არის უარის თქმა წარმავალზე, ხრწნადზე, დროებითზე, ამსოფლიურ ამაოებაზე, და მიღება მარადიულისა, უხრწნელისა, ზეციურისა. ეს ქრისტეს გზაა. ამ გზაზე მავალთა ჯილდო კი მდიდარი ჭაბუკისათვის ესოდენ სასურველი საუკუნო ცხოვრებაა, ცათა სასუფევლის სანეტარო დამკვიდრებაა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (19,21), - ასე უპასუხა ჩვენმა უფალმა მდიდარ ჭაბუკს იმ შეკითხვაზე.

ალბათ გახსოვთ, როგორ დამწუხრდა ამის გამო ჭაბუკი, რადგან, როგორც წმიდა მათე მახარებელი შენიშნავს, „იყო იგი მდიდარ ფრიად“; დამწუხრდა, რადგან მას აღარც ძალა ჰყოფნიდა და აღარც გულმოდგინება, იმისათვის, რომ ჭეშმარიტი სრულყოფის ამ გზას შესდგომოდა. და ჭაბუკი გაეცალა უფალ იესოს, რომელმაც იქვე მდგომ თავის მოწაფეებს უთხრა, მდიდარი ძნელად შევა ცათა სასუფეველშიო. გავიხსენოთ უფლისმიერი ეს შეგონება: „მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა... უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა“ (19,23-24).

„ვის-მე ხელ-ეწიფების ცხონებად?“

ამის გამგონე მოწაფეები მეტად განცვიფრდნენ და შეშფოთდნენ კიდეც: თუკი ასეა, მაშინ ვინღა ცხონდებაო? - იკითხეს. მოწაფეთა ამ შეშფოთებას გამოხატავს წმიდა პეტრე მოციქული - „მოციქულთა ბაგენი“, როგორც მას წშიდა იოანე ოქროპირი უწოდებს. იგი უფალს ეკითხება: „აი, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და გამოგყევით, რა გვექნება ჩვენ?“ - ესე იგი, მაშინ ჩვენ რაღა გველისო.

ამ გულწრფელად დასმულ შეკითხვას მოწყალე უფალმა აღთქმის სიტყვებით უპასუხა და თავის მოციქულებს ამცნო, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მათ უდიდესი პატივი ერგებოდათ „ამინ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა“ (19,20). შემდეგ კი უფალმა მოწაფეებს განუმარტა, თუ როგორ, რა გზით შეიძლებოდა რგებოდა ღვთისაგან ესოდენი პატივი ადამიანს: „ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს“ (19,29).

სწორედ ეს აკლდა იმ მდიდარ ჭაბუკს. უფალმა თავის მოწაფეებს ფაქტობრივად იგივე სათქმელი გაუმეორა, როცა ცოტა ხნის წინ საუკუნო ცხოვრების მაძიებელ ამ ჭაბუკს ურჩია: წადი, გაყიდე შენი ქონება, დაურიგე გლახაკებს და მე გამომყევიო. მაგრამ მოწაფეებს უკვე ნათქვამი ჰქონდათ უარი ყოველივეზე: მათ მიატოვეს დედა, მამა, ოჯახი, გახდნენ არასმქონენი და შეუდგნენ, გაჰყვნენ ქრისტეს. წმიდა პეტრე მოციქულიც ხომ ამას ეუბნება უფალ იესოს, აი, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევითო. მაშინ რაღამ შეაშფოთა ისინი, რამ გამოიწვია წმიდა პეტრეს ის შეკითხვა - ჩვენ რაღა გველისო? ან ამ შეკითხვაზე პასუხად რა მიანიშნა ჩვენმა უფალმა თავის მოწაფეებს, კიდევ რა ევალებაო ამ გზაზე შემდგარს იმისათვის, რომ ბოლომდე ღირსეულად გალიოს იგი, მიაღწიოს სანეტარო სამყოფელს და იქ დამკვიდრდეს?

წმიდა მამები უფლის ამ შეგონების პარალელურად კიდევ ერთ უფლისმიერ შეგონებასა და მის განმარტებაზე ამახვილებენ ჩვენს ყურადღებას, რადგან ორივე შეგონება ერთმანეთის მსგავსია თავისი შინაარსითაც და გამიზნულობითაც. მეორე შეგონებით უფალი ბრძანებს: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს. და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. როელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“ (მათე10,37-39).

წმიდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს, რომ ამ შეგონებიდან ჩვენ არ უნდა ამოვიკითხოთ მოწოდება თვითმკვლელობისაკენ. წმიდა მათეს სახარებაში ნათქვამი - „წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“ - ნიშნავს საკუთარი ბოროტი ნების წარწყმედას, მის დათრგუნვას. ჩვენ უნდა უარი ვთქვათ იმ გულისთქმაზე, სურვილზე ან მიდრეკილებაზე, რომელიც ღმერთთან მიახლებისას შეგვაფერხებს- „რომელმან მოიპოოს სული თჳსი“ კი ამგვარ გულისთქმათა აყოლას ნიშნავს, რაც საუკუნო ცხოვრებას, ზეციურ სასუფეველს დაგვაკარგვინებს, მარადიულ წარწყმედას მოგვამკობინებს. სწორედ ასევე, ჩვენ უნდა წარვიწყმიდოთ, უარი ვთქვათ, მივატოვოთ ის სახლი, ადგილ-მამული, დედ-მამა, და-ძმა, ცოლ-შვილი - ყველა და ყოველივე, რაც ურჯულოებისაკენ გვიბიძგებს, დევნილობისა და შეჭირვების ჟამს ღვთის უარყოფისაკენ გვეწევა და ამსოფლიურის მოხვეჭისაკენ მიგვიზიდავს.

სხვა წმიდა მამებიც ამასვე გვაფრთხილებენ, რომ, არამც და არამც, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს, ჩვენი მოწყალე და ტკბილადმხედი უფალი დედ-მამის ან და-ძმის და, საზოგადოდ, მოყვასის ხელაღებით უარყოფას გვასწავლიდეს. იგი მხოლოდ იმას ჩაგვაგონებს, რომ საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად ყველანაირიად უნდა მოვერიდოთ სულის წარმწყმედელ გარემოს, პირობას, სურვილს, იმას, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი სულის წარწყმედას მოინდომებს: „ან რა სარგებელი აქვს კაცს ისეთი მშობლისაგან, თუ სხვათაგან, თუკი ისინი მის სულს ჯოჯოხეთის მკვიდრად აქცევენ?“ - ასე ჩაგვეკითხება წმიდა იოანე ოქროპირი.

ნეტარი თეოფილიაქტე ბულგარელი ამ შეგონების უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის ასეთ მხატვრულ განმარტებას გვთავაზობს: „უფალი თავის ამ აღთქმას ყველას ჰპირდება, ვინც მოწაფეთა მსგავსად გასწევს ღვაწლს ღვთისათვის: მაშინ ხორციელი ნათესავების წილ მას ქრისტესმიერი ნათესავები ეყოლება, ველ-მინდვრების წილ - სამოთხე ექნება, ქვის სახლების წილ - მთიანი იერუსალიმი ებოძება, ხორციელი მამის წილ - ეკლესიის მამები ეყოლება, ხორციელი დედის წილ კი - ეკლესიის დედები, და ეყოლება არა ქორწინებით შეუღლებული ცოლი და ქმარი, არამედ სულიერი სიყვარულითა და მზრუნველობით დაწინდული დები და ძბები“. წმიდა მამა თითოეულ ჩვენგანს მოგვმართავს და გვარიგებს: „შენც შეეცადე, უარი თქვა და გაყიდო შენი ქონება: მრისხანის ქონება - მრისხანებაა, მრუშისა - მრუშობა, გულღვარძლიანისა - ღვარძლი და ა.შ. მაშ, გაყიდე ეს შენი ქონება და მიეცი გლახაკებს, ანუ დემონებს, რომელთაც არავითარი სიკეთე არ გააჩნიათ. შენი ვნებები ვნებათა ბუნაგს დაუბრუნე და შეიძენ საუნჯეს, ანუ ქრისტეს ზეცაში“.

აი, რა აკლდა იმ მდიდარ ჭაბუკს, აი, რაზე მიანიშნა უფალმა თავის მოწაფეებს, აი, რა ევალება ქრისტეს გზაზე შემდგარს, თუკი სურს, რომ სანეტარო, მარადიული სასუფევლის მკვიდრი გახდეს. ამის თაობაზე წმიდა სახარებაში ჩვენი უფალი იესო ქრისტე არაერთგზის გვმოძღვრავს. გალილეის მთის კალთაზე ქადაგებისას იგი ასევე სულის წარსაწყმედელ თუ მაცხოვნებელ გზებზე მიანიშნებს თავის მიმდევრებს და ეუბნება: „ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოებენ მას“ (მათე 7,13-14). ნეტარი თეოფილაქტეს განმარტებით, ეს ვიწრო ბჭე, ანუ კარი, და ძნელად სავალი გზა -- განსაცდელებია, „სურვილთა თმენაა“ და წუთისოფლის ამაოებაზე უარის თქმაა ღვთის სადიდებლად. „ეს გზა იმდენად ვიწროა, - ამბობს წმიდა ბასილი დიდი, - რომ საშიშია ყოველგვარი გადახრა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ძხარეს, როგორც ბეწვის ხიდზე“.

სწორედ ამგვარი სახიფათო გადახრის საშიშროება იგრძნობა წმიდა პეტრეს ზემოხსენებულ შეკითხვაში - ჩვენ რაღა გველისო? განაცხადი იმის შესახებ, რომ მოწაფეებმა ყველა და ყველაფერი მიატოვეს უფალი იესო ქრისტეს გამო, არის ამავე დროს განაცხადი საკუთარ დამსახურებაზე. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა თვითკმაყოფილება, - გვეუბნება წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე და განაგრძობს: „პეტრეს თავადაც კი არ ესმოდა ცხადად, რომ იგი, თავისი შეკითხვით ჯილდოზე, თითქოსდა ანგარიშს ასწორებდა უფალთან: წმიდა პეტრემ თავისი მოძღვრის წინაშე გამოიტანა მოწაფეთა დამსახურებანი და ისიც შეახსენა, რომ მათ უფლისათვის ყველაფერი მიეტოვებინათ“.

როგორც წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი იტყვის, ქონების დატოვების გამო აქამდე სავსებით დამშვიდებულმა მიწაფეებმა იგრძნეს, რომ ჯერ კიდევ სრულიად არ იყვნენ ვნებათაგან თავისუფალნი. ვნებათა ბუნაგში მათ ჯერ კიდევ არ დაებრუნებინათ ყველა თავისი ვნება. ის, ვინც საკუთარ წარმატებას უსვამს ხაზს, ვისაც სხვასთან შედარების სურვილი უჩნდება და სხვისი შეცოდების შემყურეა, იგი საკუთარ უბიწოებას ასაჩინოებს და ამით სულის საზიანოდ იღვწის, ყოყოჩობის, ქედმაღლობისა და ამპარტავნებისკენ იდრიკება.

ყოვლისმხედმა უფალმა, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უწყოდა. მან ჯერ გააძლიერა თავისი მოწაფეები და გამოუცხადა, თუ რა უდიდესი პატივი ერგებოდათ ჯილდოს სახით ქრისტეს გზაზე შემდგართ: მაგრამ სულის ამ გამამხნევებელ აღთქმას ყოვლადსულგრძელმა და ყოველთა შემწე უფალმა კიდევ ერთი ღვთის სადიდებელი შეგონებაც დაურთო, რომელიც ამქვეყნიური ამაოების უარყოფაზე ღაღადებს, გადარჩენის მოსწრაფე ცოდვილს სულის მაცხოვნებელ და წარსაწყმედელ გზებზე მიანიშნებს. ამით ყოვლადშემწყნარებალმა იესომ, ვითარცა მოყვარულმა მამამ, თავის სულიერ შვილებზე იზრუნა და გააფრთხილა ისინი, რათა წმიდა პეტრეს შეკითხვით გაცხადებული, თვითკმაყოფილებით ნასაზრდოები, ამპარტავნების ვნების მომტანი ბოროტი თესლი ჩანასახშივე ჩაეხშო. უფალმა მათ ისიც ასწავლა, რომ ამ შეგონების გულმოდგინედ აღმსრულებელს აღარ გაუჭირდებოდა სულის მაცხოვნებელი ვიწრო ბჭის, ვიწრო კარის შეღება და იმ ძნელად სავალ გზაზე შედგომა, რომელსაც ჭეშმარიტი სრულყოფისაკენ მიჰყავს იგი და უზენაესი ღირსებით მოსავს.

იგავის ადრესატი და მიზანი

ამ შეგონებას - „ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი... “ და ა.შ. (მათე 19,29) - უშუალოდ მოსდევს უფლისმიერი ქარაგმული თქმა: „ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა და უკუანანი წინა“ (მათე 19,30). ეს სახარებისეული ქარაგმა „ვენახის მუშაკების“ იგავის ბოლოსაც თითქმის სრულად მეორდება, ოღონდ მას აქ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ქარაგმული თქმა მიერთვის: „ეგრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათე 20,16).

ამ ქარაგმას და მის განმარტებას ჩვენ ქვევით საგანგებოდ მივუბრუნდებით. ამჯერად კი მხოლოდ ამას შევნიშნავთ: ჩვენი უფალი „ვენახის მუშაკების“ იგავით, მასთან დაკავშირებული შეგონებითა და ქარაგმებით, ერთიანობაში, გვაფრთხილებს, რომ ქრისტეს გზაზე შემდგარს სიფხიზლე მართებს, რათა ვნების წარმომშობ მიჩქმალულ სურვილებს არ დაემონოს და ღვთისაგან შეპირებული საზღაური არ დაკარგოს ცათა სასუფეველში. იგი იმასაც გვასწავლის, რომ საღმრთო მოქალაქეობის გაწევა არასდროს არის გვიან, და რომ ღვთის სადიდებელ ღვაწლში უმთავრესია გულმოდგინება, ხოლო ამ გულმოდგინების საზღაური, იგავში დრაჰკანის სახით რომ მიიღეს ვენახის მუშაკებმა, სინამდვილეში, უფლის წყალობაა.

„ვენახის მუშაკების“ იგავს სახარებაში კონკრეტული ადრესატი ჰყავს - ჩვენი უფალი მას თავისი მოწაფეების საყურადღებოდ ყვება. მანამდე უფალმა თავისი აღთქმა გამოუცხადა მოწაფეებს და აუწყა, რომ მათ, ქრისტეს გზაზე მავალთ, დიდი ჯილდო ერგებოდათ. ამ იგავის თხრობაც სწორედ ამან გამოიწვია, რადგან ამ დიდი ჯილდოს მისაღებად აუცილებელია გარკვეული წინაპირობის დაცვა, კერძოდ, ამსოფლიურ ამაოებაზე, ასევე თვითკმაყოფილებისა და ამპარტავნების ვნებათა მომტან სურვილებზე უარის თქმა ღვთის სადიდებლად. უამისოდ თოთქმის შეუძლებელია შეუფერხებლად მიაღწიო ჭეშმარიტ სრულყოფას. ამიტომ ხსენებული აღთქმის მიცემასთან ერთად, უფალმა თავისი მოწაფეებისათვის იზრუნა და გაფრთხილების ნიშნად უამბო მათ ეს იგავი.

„ვენახის მუშაკების“ იგავის თხრობის უმთავრესი მიზანიც ეს გახლავთ.

ვენახი და „სახლისა უფალი“

თუმცა ამ იგავის მიზანი, მისი სათქმელი, ერთმანეთთან დაკავშირებულ რამდენიმე დარიგებასა თუ შეგონებას აერთიანებს. სანამ თითოეულზე კონკრეტულად შევჩერდებოდეთ, ჯერ ვნახოთ, როგორ განიმარტება ამ იგავში არსებული სახარებისეული ალეგორიები: ვენახი, ვენახის პატრონი, მუშაკები, ჟამები, დრაჰკანი და სხვა.

წშიდა იოანე ოქროპირის თქმით, ვენახი - ღვთის მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმიანობისათვის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აზუსტებს, რომ ვენახის დამუშავება ამ იგავში სათნოებებზე მიანიშნებს, რისი მეოხებითაც ხდება შესაძლებელი საკუთარი სულის სრულყოფა.

იგავის დასაწყისშივე უფალი მიგვითითებს ცათა სასუფევლის მსგავსებაზე სახლის პატრონთან, რომელსაც დასამუშავებელი აქვს ვენახი: „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა“ . ამ იგავის კომენტატორები ყურადღებას მიაქცევენ იმას, რომ ცათა სასუფეველს იგავში არ შეიძლება გამოხატავდეს ერთი პიროვნება - „სახლისა უფალი“. უფალი იესო ცათა სასუფეველს ერთ კონკრეტულ კაცს კი არ ამსგავსებს, არამედ ყოველივე იმას, რაც გადმოცემულია მთლიანად იგავში, რაც ამ სახლის პატრონსა და მის მიერ დაქირავებულ ვენახის მუშაკებს შორის ხდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცათა სასუფევლის ამ მსგავსებაში იგულისხმება და მოინიშნება ცათა სასუფეველისაკენ მიმავალი, საუკუნო ცხოვრების დასამკვიდრებელი გზები, რომლებიც ღვთისაგან გვებოძება და რაზეც უფალი ამ იგავში ამახვილებს ჩვენს ყურადღებას.

მაშინ ვის უნდა გამოხატავდეს ეს სახლის პატრონი იგავში? ეს არის ღმერთი, - ასე განმარტავს ერთი ნაწილი კომენტატორებისა: ან ეკლესია, მეუფე ეკლესიისა - ქრისტე, ამგვარად განმარტავენ ორიგენე და ნეტარი თეოფილაქტე. ნეტარი მამა ამ სახარებისეულ ალეგორიებს რამდენიმე ახსნას უძებნის: ერთის მიხედვით, უფალი ჩვენი იესო ქრისტე (ესე იგი, სახლის პატრონი) განურჩევლად ყველას ქირაობს და ადგენს თავისი ვენახის მუშაკად. ვენახის დამუშავება ამ დროს წმიდა წერილის (ანუ ღვთის სიტყვის) შესწავლა და წმიდა მცნებების აღსრულებაა. მეორე ახსნის მიხედვით კი ვენახის დამუშავებაში იგულისხმება ის ღვაწლი, ის სათნოებანი, რითაც ვენახის მუშაკი საკუთარ სულს სრულყოფს.

ჟამები

უაღრესად საინტერესოა ჟამთა, ანუ საათების ალეგორიული გააზრება ამ იგავში. ისტორიულად ებრაული საათობრივი სისტემა არ ემთხვევა დღევანდელს. განსხვავება მათ შორის 6 საათია. ამიტომ იგავში ნახსენები მესამე ჟამი - ანუ სამი საათი, შეესაბამება დღევანდელ დილის 9 საათს; მეექვსე ჟამი - 12 საათს, მეცხრე - შუადღის 3 საათს, მე-11 ჟამი კი საღამოს 5 საათია.

რომის იმპერიის მიერ დაპყრობილ იუდეაში დღის ბოლო საათი იყო მე-12 საათი, რაც დღევანდელ საღამოს 6 საათს შეესაბამება. ასე რომ, მე-11 ჟამის მუშაკებს (ჩვენი დროით რომ ვთქვათ, საღამოს 5 საათისას) მხოლოდ ერთი საათით მოუხდათ ვენახში მუშაკობა, ხოლო განთიადისას (დილის 6 საათზე დაქირავებულებმა) დილის 6-დან მოკიდებული საღამომდე, მთელი დილა და შუადღე იმუშაკეს.

ნეტარი თეოფილაქტე ჟამთა განმარტების დროსაც ორ სხვადასხვა გააზრებას გვთავაზობს: ერთი ჟამთა ასაკობრივ განაწილებას ეფუძნება, მეორე კი ქრონოლოგიურს. განთიადისას დადგენილი ის მუშაკია, ვინც ბავშვობიდანვე ეწევა საღვთო ღვაწლს ჭეშმარიტი სრულყოფისათვის. მე-3 ჟამისას დაქირავეგული ყმაწვილობიდან მოკიდებული სრულყოფს თავის სულს. მე-6 და მე-9 ჟამისანი ხნოვანებაში, სიჭარმაგეში მიჰყოფენ ხელს ღვთისათვის ამ სათნო საქმეს, ხოლო მე-11 ჟამის მუშაკი მხოლოდ სიბერეში, სიცოცხლის ბოლოჟამს მიმართავს საღმრთო ღვაწლს. ამგვარი ასაკობრივი განმარტება ეკუთვნის ნეტარ იერონიმესა და წმიდა იოანე ოქროპირს.

ჟამთა ქრონოლოგიური განმარტებით კი I ჟამს, ანუ თავდაპირველად, ღმერთმა იხმო ენოქი, ნოე და მათი სხვა თანამედროვენი, მე-3 ჟამს - აბრაამი, მე-6 ჟამს - მოსე, მე-9 ჟამს - წინასწარმეტყველნი, დაბოლოს, მე-11 ჟამს - წარმართნი. ეს უკანასკნელნი (წარმართები) ბოლოჟამის მუშაკები არიან, ანუ იმ ჟამისა, როცა უფალი იესო ქრისტე ხორციელ იქმნა ამქვეყნად.

უქმად მდგომარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკი

სხვადასხვა ჟამის ყველა ეს მუშაკი უქმად მდგომია. უქმად დგომით იგავში გამოიხატება ცხოვრების ის წესი, როდესაც ადამიანი თავისი ნებით არ ისმენს ღვთის სიტყვას, ღვთის მოწოდებას. ცხოვრების ამგვარი წესი უქმია, ფუჭია, უანყოფოა ღვთის თვალში. უქმად მდგომი ასევე არის მოუნანიებელი ცოდვილი, რომელსაც აღარ ძალუძს საღვთო ვენახში შესვლა და იქ მუშაკობა, თუმცა ღმერთი არასოდეს წყვეტს თავის მოწოდებას მისადმი, იგი მუდმივად, ყოველჟამიერად უხმობს ყველას - მათი ასაკისა და დრო-ჟამის განურჩევლად.

„ვენახის მუშაკების“ იგავში უქმად დგომასთან დაკავშირებით იმართება დიალოგი. იგავის მთხრობელი ყველა ჟამის მუშაკებზე შენიშნავს, რომ ისინი უქმად იდგნენ, უსაქმოდ, უმოქმედოდ იყვნენ მანამდე, სანამ ვენახის პატრონმა არ დაიქირავა და თავის ვენახში არ გააგზავნა სამუშაოდ. ამ მუშაკთაგან მხოლოდ მე-11 ჟამის მუშაკებთან გამართავს დიალოგს ვენახის პატრონი და ეკითხება: „რატომ დგახართ მთელი დღე აბე უქმად?“ - ესე იგი, მთელ სიცოცხლეს რატომ ატარებთ უქმადო. მე-11 ჟამის მუშაკები უპასუხებენ: „იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავაო“.

მე-11 ჟამამდე, ანუ ძველი აღთქმის ჟამს, ისრაელიანებს ღმერთმა მოწოდების ნიშნად არაერთხელ გაუგზავნა სხვადასხვა წინასწარმეტყველი თუ ღვთის რჩეული. ბოლოჟამს კი წარმართებს არავინ მოვლინებია, არავის მოუხმია ისინი სამუშაკოდ მანამ, სანამ წმიდა იოანე წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი არ მივიდა მათთან და უფალ იესო ქრისტესთან მისასვლელი გზანი არ განუმზადა. იგი, როგორც წმიდა სახარებაში ვკითხულობთ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა“ ყველას შეახსენებდა წმიდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: „განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი“, უშუალოდ მიუთითებდა ამ გზებზე: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“ , „ყავთ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ“, კეთილი ნაყოფის გამოსაღებად მუშაკობას ქადაგებდა, რათა იორდანეს წყალში ნათელღებულებს სულიწმიდითა და ცეცხლით მიეღოთ ნათელი ქრისტესაგან, ამ ერთადერთი ჭეშმარიტი გზით აშორებოდნენ დაუშრეტელ საუკუნო ცეცხლს (ლუკა 3,3-18).

უნდა ითქვას, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავის განმარტებათა უდიდესი ნაწილი ქრისტესა და ქრისტეს ეკლესიის, ამ ეკლესიის მრევლისათვის განკუთვნილი ღვთიური საზღაურის გარშემო ტრიალებს. მე-11 ჟამის მუშაკობაც, ამ თვალსაზრისით, საგანგებო საღვთისმეტყველო ქრისტიანული მნიშვნელობით იმოსება. ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, სახლის პატრონი, „სახლისა უფალი“, ამ იგავში უფალი იესო ქრისტეა, რომელმაც მამის წიაღი დატოვა, კაცობრივი ხატება მიიღო, მოვიდა ჩვენთან და თავისი ვენახის დასამუშავებლად, ანუ ეკლესიურ სათნოებათათვის, თვითონ დაიქირავა, თავადვე დაადგინა მუშაკები - თავისი მოწაფეები, მოციქულები და მიმდევრები, რათა წმიდა წერილის შესწავლასა და წმიდა მცნებების აღსრულებაში დახმარებოდა მათ ის, ვინც არ შეუდგება ქრისტეს და არ გაჰყვება მას, უქმად მდგომს ემსგავსება, რადგან ყოველი ყოფა და შრომა ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეშე - უქმად ყოფა და უქმად შრომაა!

იგავში ნახსენები „სხუანი მდგომარენი“, რომლებიც მე-11 ჟამს იპოვა ვენახის პატრონმა, სწორედ ეკლესიის გარეთ დარჩენილნი არიან და, მაშასადამე, უქმად მყოფნიც. ეს უქმად მდგომარენი თავის ამ მდგომარეობას გარემოებებს აბრალებენ და ამბობენ, არგვინ დაგვიქირავა და იმიტომაც ვართ უქმადო. როგორც შენიშნავენ, ამგვარი პასუხი შეიძლება იქ გაჟღერებულიყო, სადაც ეს-ესაა მკვიდრდება ქრისტიანობა, ან კიდევ იმის ბაგეთაგან წარმოთქმულიყო, ვისაც მივიწყებული აქვს სულის ცხონების მადლმოსილება. ასეთ შემთხვევაში თითქოს სამართლიანიც არის ამგვარი პასუხი: რა ვქნათ, ჩვენ რა შუაში ვართ, თუკი აქამდე ღმერთი არ ვიცოდით და არც მის მორჩილებაში ვიყავით, ჩვენთვის ეს არავის უსწავლებია და არც ის ვიცოდით, რომ თურმე ეშმაკს ვემსახურებოდითო.

დღესაც ხშირად მოგვესმის მსგავსი ჩივილი იმაზე, რომ ათეისტურმა რეჟიმმა რამდენიმე თაობას დაავიწყებინა ღმერთი, წაართვა რწმენა. დაუკეტა ეკლესიის კარი და ზეცისაკენ ახედვაც კი აუკრძალა: აბა რა გვექნა ან ახლა რა ქნას იმან, ვინც ყოველივე ეს გამოიარაო. დიახ დღესდღეობით ჯერ კიდევ ისმის ამგვარი შეჩივლება ეკლესიის გარეთ დარჩენილთაგან. ამ შეკითხვა-ჩივილიდან საკუთარი თავის მართლება და თვითდამშვიდებაც ამოიკითხება. სინამდვილეში კი ეს არც მათ უქმად დგომას ამართლებს და, მით უფრო, არც მათ დასამშვიდებლად არის გამოსადეგი. მათ არ იციან ან ავიწყდებათ, რომ უფალი, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, „დაუცადებელად ჴმამაღლად“ უხმობს და მოუწოდებს ყველას, ოღონდ ეგ არის, ყველას ერთნაირად არ ესმის მისი ხმა. სწორედ ამაზე ღაღადებს იგავში სხვადასხვა ჟამის მუშაკობა.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს დაგვიდგა ჟამი, „ვენახის მუშაკების“ იგავის ენით რომ ვთქვათ - ბოლოჟამი, როდესაც უფალმა მოგვიხმო თავის საღვთო ვენახში, ანუ ეკლესიაში სამუშაკოდ: ღვთის სიტყვის მოსასმენად და მისაღებად, მცნებათა აღსასრულებლად, სათნოებათა საქმნელად. ის, ვინც ისმენს უფლის ამ მოწოდებას, მე-11 ჟამის მუშაკის საზღაურს იგემებს და იმ ძესაც მიემსგავსება წმიდა სახარების იგავიდან „ორ ძეზე“, ჯერ რომ უარი უთხრა მამას ვენახში წასვლაზე, მაგრამ შემდეგ უსიტყვოდ, თავის მართლების, ჩივილისა და წუწუნის გარეშე სინანულით გაემართა ვენახისაკენ სამუშაკოდ.

„ვენახის მუშაკების“ იგავით უფალი სწორედ ამათ მსგავთ ანუგეშებს, ამხნევებს და თითქოს ამას ეუბნება: დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სინანულისათვის, დრო კი არ არის პირობა ღვთის სასუფევლის შეძენისა და დამკვიდრებისათვის, არამედ შენი მონდომება, სწრაფვა - განშორდე უქმად ყოფნის ცხოვრების წესს, მოინანიო თუნდაც სიბერის ჟამს: და ნუ გეგონება, რომ უკვე გვიანაა, ან ამის გამო (ესე იგი, დაგვიანების გამო) რაიმე შეიძლება მოგაკლდეს ღვთისაგან: პირიქით გულმოდგინებით აღსრულებული სულ მცირე ღვაწლიც კი ისევე მოგაპოვებინებს ზეციურ სასუფეველს (ღვთის ჯილდოს), როგორც განთიადიდან ნამუშაკევი მიიღებს მას.

ასევე ნუგეშის მომგვრელია წმიდა დავით მეფსალმუნის შეგონება: „წყალობაჲ უფლისაჲ საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა, და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხიან აღთქუმაი მისი და მოიჴსენიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მიბი, და სუფევაჲ მისი ყოველთა ზედა ეუფლების“ (ფსალმ. 102,17-19).

წმიდა იოანე ოქროპირი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მე-11 ჟამის მუშაკთა უქმად ყოფნაზე იგავში ვენახის პატრონი აღნიშნავს, თვითონ მუშაკები კი თავს იმართლებენ, არავინ დაგვიქირავაო. ამის პასუხად ვენახის პატრონი, როგორც წმიდა მამა შენიშნავს, კი არ ამხელს უქმად მყოფთ, კი არ დასძრახავს ამის გამო, არამედ სამუშაკოდ მოუწოდებს, საქმეს გაუჩენს, და, რომ არ შეშინდნენ, ტკბილად გაუშვებს საკუთარ ვენახში, თან თავის წყალობასაც შეჰპირდება საზღაურის სახით.

უფლისმიერ ამ საზღაურს იგავში გამოხატავს დრაჰკანი, ოდინდელი ფულის ერთეული რომაელთა ეპოქაში. დრაჰკანი ვერცხლის მონეტა იყო. ნეტარი თეოფილაქტეს თქმით, დრაჰკანი „ვენახის მუშაკების“ იგავში სულიწმიდის მადლია, რომელსაც საღვთო ვენახის ყველა გულმოდგინე მუშაკი მიიღებს. ეს მადლი ღვთის ერთგულ და თავდადებულ მსახურს ღვთის მსგავსს ხდის და პირველქმნილ ბუნებას უბრუნებს და აღუდგენს. ამ მადლის მიღება ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ცოდვა იძლია და სიკვდილი მოიკლა.

„მეათერთმეტე“, „უკუანაჲსკნელი“ ჟამის მუშაკი ყოველ წიგნიერ ქართველ მართლმადიდებელს უეჭველად გაახსენებს წმიდა მოწამე შუშანიკის სიტყვებს იაკობ ხუცესის „წმიდა შუშანიკის წამებიდან“: „უკუეთუ ღირს რაჲმე ვარ უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“. ამ სიტყვებს წმიდა მოწამე თავისი აღსასრულის წინ წარმოთქვამს. ამ გამოთქმაში - „უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“ - არ მოიპოვება სიტყვა „ჟამი“, მაგრამ, როგორც უკვე მრავალგზისაა აღნიშნული, აშკარაა, რომ იგი სახარების ამ იგავით საზრდოობს და ქრისტიანი მოწამის საღვთო ღვაწლს უსვამს ხაზს. თუმცა თვითონ წმიდა შუშანიკი ამავე გამოთქმით უაღრეს თავმდაბლობას ავლენს: „უკუეთუ ღირს ვარო“ - ასე ამბობს, თან იმის რწმენითაც არის აღსავსე, რომ წმიდა სახარების ამ იგავის მუშაკების მსგავსად მიეზღვება ღვთისაგან და თავისი მოკრძალებული ღვაწლით ისიც გაუტოლდება ქრისტეს გზაზე მანამდე შემდგართ.





--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 12:24 PM
პოსტი #187


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,039
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



„სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი“

„ვენახის მუშაკების“ იგავში ერთგვარი გარდატეხა შეაქვს განთიადისას დაქირავებულთა დრტვინვას, რასაც საზღაურის გადახდა იწვევს. მუშაკთა დაქირავება იმ დროის აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჩვეულება იყო. ეს ჩვეულება დღემდე შემორჩა კაცობირობას და სოფლებში დღესაც გამოიყენება ამგვარი სახის გამოცდილება. ძველი აღთქმის წიგნებში დადასტურებულია ქირისკაცთა გასამრჯელოს გადახდის საგანგებო წესი. ეს წესი კეთილსინდისიერებას ავალდებულებდა დამქირავებელს, მას დაქირავებულისათვის გასამრჯელო დაუგვიანებლად, დროულად უნდა გადაეხადა, კერძოდ, მზის ჩასვლამდე. „იობის წიგნში“ კაცის ცხოვრება ქირისკაცის დღეებთან არის მიმსგავსებული, ვინაიდან ადამიანი მარადჟამ იმის იმედით იღვწის და ირჯება, რომ მას პატრონი აუცილებლად გადაუხდის გასამრჯელოს: „კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს, ასე მხვდა წილად, ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა“ (იობი 7,1-2).

ვენახის პატრონიც ასე მოიქცა იგავში. განთიადისას დაქირავებულებს იგი დღეში თითო დრაჰკანად მოურიგდა, ყველა დანარჩენს კი აღუთქვა, რაც გერგებათ, მიიღებთო. მაგრამ საზღაურის გადახდა ვენახის პატრონმა მე-11, ესე იგი, უკანასკნელი ჟამის მუშაკთაგან დაიწყო: „იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე“ - ასე უბრძანა მან თავის მოურავს, „ეზოჲს-მოძღუარს“. როდესაც ამ უკანასკნელებმაც თითო დრაჰკანი მიიღეს, განთიადიდან ნამუშაკევებმა იფიქრეს, რომ ვენახის პატრონი მათ უფრო მეტს განუწესებდა. ეს, მათი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, რადგან, როგორც შემდეგ პატრონს თვითონვე განუცხადეს ყვედრებით, მათ მთელი დღის სიმძიმე და სიცხე იტვირთეს, უკანასკნელი ჟამის მუშაკნი კი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ. სინამდვილეში, ყვედრების ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ვენახის პატრონმა უკანასკნელი ჟამის მუშაკები პირველი ჟამის მუშაკებს გაუთანაბრა: „სწორ ჩუენდა ჰყვენ იგინი“ - აი, რის გამო დრტვინავენ განთიადისას დაქირავებულნი.

პირველი ჟამის მუშაკთა შური

წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, პირველი, ანუ განთიადის ჟამის მუშაკების გარჯა ღმერთმა იმიტომ მოიწონა, რომ ისინი მთელი დღე დაშვრნენ და სწორედ ამ ღვაწლისათვის მიეცათ მათ საზღაურად ის წინასწარ შეპირებული ერთი დრაჰკანი, ანუ ღვთის ჯილდო. მაგრამ თავისი გარჯა ამ მუშაკებმა შურით შეურაცხყვეს. ამ იგავთან დაკავშირებულ მსჯელობაში წმინდა იოანე ოქროპირი საგანგებოდ შენიშნავს, რომ იგავში საძიებელია შურის, ცილობისა და ყვედრების ის ბოროტი ვნებანი, რითაც არიან შეპყრობილნი პირველი ჟამის მუშაკები. ვენახის პატრონმა მათ არაფერი დააკლო და წინასწარ აღთქმული ერთი დრაჰკანით გაუსწორა ანგარიში. მაგრამ ისინი, როგორც წმიდა მამა ბრძანებს: „მწუხარე იყვნეს კეთილსა ზედა სხჳსასა, რომელ-ესე შურისა ბოროტისა საქმე არს“ როგორც ჩანს, სულხან-საბა ორბელიანმა თავის ლექსიკონში სიტყვა „შურის“ სალექსიკონო მნიშვნელობისათვის წმიდა მამის ამ შესანიშნავ ფრთიან განმარტებას მიმართა და გვაუწყა, რომ: „შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა“.

სხვისი სიკეთით დამწუხრებული კაცი მართლაც ბოროტი შურით არის პყრობილი და, ამდენად, ცოდვილიც. სხვისი წარმატებით გამოწვეული ეს სამარცხვინო მწუხარება მას საკუთარს ავიწყებს, თითქოს თვითონ არც არასოდეს ეგემოს წარმატების ნაყოფი. ამაზე ამბობს სენეკა: „სხვის მაცქერალს თავისი აღარ მოსწონს. არავის ძალუძს, შურდეს და თან მადლიერი იყოს“.

სწორედ ეს დაემართათ პირველი ჟამის მუშაკებს. მათ ცოდვას, მათ ბოროტ შურს ვენახის პატრონის პასუხითაც ესმება ხაზი იგავში, როცა იგი ერთ-ერთ მათგანს, როგორც ჩანს, ყველაზე კადნიერს, მიმართავს და შეახსენებს, რომ გაწეული შრომის საზღაურად ერთი დრაჰკანი მათივე თანხმობით, ორმხრივი გარიგებით იყო დათქმული განთიადისას, და მათ თავიანთი კუთვნილი მიიღეს კიდეც. განა ნება არა მაქვს, საკუთარ ქონებას ისე მოვეპყრო, როგორც მსურს? - ამას ეკითხება ვენახის პატრონი უმადურ მუშაკებს და დასძენს: „არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, რამეთუ მე სახიერ ვარ“ - იქნებ შენი თვალი იმიტომ არის უკეთური, რომ მე კითილი ვარო.

მართლაც, თვალი ხშირად იწვევს ხოლმე შურს, თვალი - გაუმაძღარი, ალმაცერი და ავად მაცქერალი. ასე უყურებდა, ალმაცერად, საული დავითს მას შემდეგ, რაც ლაშქრის ჭაბუკმა მეთაურმა ფილისტიმელები დაამარცხა და მთელი იერუსალიმის ქალაქებიდან გამოსული ქალები მხიარული შეძახილებით აღიარებდნენ მის ბრწყინვალე გამარჯვებას. წმიდა დავით წინასწარმეტყველის დიდებული ვაჟი, სოლომონ ბრძენი, გვირჩევს, არასოდეს ვიგემოთ ავთვალი კაცის პური და ნურც მის ნუგბარ საჭმელებს ვინდომებთ, რადგან, როგორც ზირაქი გვაფრთხილებს: „უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს; უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობსდა მისი სუფრა მისთვის მუდამ მწირია“ (14,8-10). სხვაგან ზირაქი ამასაც ამბობს თვალის გაუმაძღრობაზე: „ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც ხედავს“ (31,13). თვალის სიავე კაცის გულიდან იღებს დასაბამს, იგი გულიდან გამომავალი ბოროტი სურვილის ანარეკლია.

დიალოგი ვენახის პატრონსა და პირველი ჟამის მუშაკებს შორის ძლიერ ჰგავს მამასა და უფროს შვილს შორის გამართულ დიალოგს „უძღები შვილის“ იგავიდან. ამაზე პირველი ქრისტიანი მამები მიგვითითებენ. საკუთარ კეთილსინდისიერებაში თვითდარწმუნებული უფროსი შვილიც ასევე აყვედრის თავის მორჩილებასა და სამსახურს მამას, ასევე აღარ ჰყოფნის მას მამისაგან ანდერძით ბოძებული კუთვნილი წილი. ამ უმადურობას უფროსი შვილი საკუთარ ძმასთან გაჯიბრებული გამოავლენს და თან კადნიერად განსჯის მამას იმის გამო, რომ მან, მშობელმა, დიდი სიყვარული და წყალობა გაიღო, მისი აზრით, ცოდვილი და უღირსი უმცროსი შვილისათვის. ყოველივე ამის გამო ივსება შურით ეს უფროსი შვილი, იგიც მწუხარეა „სხჳსა კეთილსა ზედა“ . შური მას გონებას უბნელებს, გულს უცივებს და, მამისადმი კადნიერი, მისი განმკითხველი, უმადური, ხოლო ძმის მიმართ ულმობელი, შეუწყნარებელი და მისი სიხარულის არგამზიარებელი - თავად ხდება ცოდვილი.

უფროსი შვილის მსგავსად, პირველი ჟამის მუშაკებმაც კეთილსინდისიერად, თავაუღებლად იმსახურეს და ხანგრძლივი, დამქანცველი შრომა გასწიეს, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ დიდი საშიშროების წინაშე. ამას, შურის გარდა, სხვა მიზეზიც აქვს. ეს არის ნდობა, უფრო სწორედ - უნდობლობა. პირველი ჟამის მუშაკებს იმთავითვე რომ ღვთისათვის მიუღებელი მიზანი ამოძრავებდათ, ამაზე იგავის მთხრობელის შემდეგი შენიშვნაც მეტყველებს: „და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულად დრაჰკანი დღესა და წარავლინნა იგინი ვენახსა თჳსსა“ (20,1). მაშასადამე, პატრონი ამ მუშაკებს დღეში თითო დრაჰკანად მოურიგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, პირველი ჟამის მუშაკებმა, გარიგება, ვაჭრობა გააჩაღეს დამქირავებელთან. ამისგან განსხვავებით, დანარჩენი ჟამის მუშაკები ყოველგვარი გარიგების გარეშე გაემართნენ სამუშაკოდ, ვინაიდან ისინი მიენდნენ ვენახის პატრონს, მის ამ აღთქმას: „წადით თქვენ ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო“.

ამით იგავში უფალი მიგვანიშნებს იმ მიჩქმალულ უნდობლობაზე, მოჩვენებითობაზე, მხოლოდ სხვათა დასანახავ და საკუთარი თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებელ მუშაკობაზე, რასაც პირველი ჟამის მუშაკები თავიანთი დრტვინვითა და ყვედრებით გამოავლენენ მოგვიანებით, ანგარიშსწორებისას. მათი თავმოყვარეობა ვერ დაკმაყოფილდა, რადგან ვერ აისრულეს გულისწადილი: ბევრი კი არ სურდათ, მხოლოდ ის უნდოდათ, რომ სხვებზე მეტი მოეხვეჭათ, სხვებისთვის გაესწროთ და თავის გვერდით მდგომზე ამაღლებულიყვნენ. ვენახის პატრონმა კი უკან მავალნი გაუთანაბრა მათ, წინ მავალთ.

დიახ, ჭეშმარიტად დამსახურებული და სამართლიანია იგავში წარმოჩენილი ამათნაირთა საზღაური: უპირატესობის მადევართ მეტის სურვილი სურვილად შერჩათ და მხოლოდ ის მიიღეს, რაც დათქმული ჰქონდათ. ვენახის პატრონს მათთვის არაფერი დაუკლია, მათ თვითონ მოიკლეს ღირსეული დაფასება და საზღაური. წმიდა გრიგოლი დიდი გვარიგებს: „ყოველივე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იღუპება, თუკი თავმდაბლობა არ უდგას მას დარაჯად“. ასე დაღუპეს და წყალში ჩაყარეს პირველი ჟამის მუშაკებმა თავიანთი მძიმედ გაწეული მთელი დღის ნამუშაკევი. წმიდა ბასილი დიდის თქმით, მათკენ მიმართული ვენახის პატრონის სიტყვები - „მიიღე შენი და წადი“ - იმას ნიშნავს, რომ უმადურ მუშაკებს მხოლოდ მიწიერი საზღაური შერჩათ, ვინაიდან, როგორც წმიდა გრიგოლი ამბობს: „მომჩივანი, მდრტვინავი და მაყვედრებელი ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს“.

მეთერთმეტე ჟამის მუშაკობის უფლისმიერი შეფასება

იგავში პირველი ჟამის მუშაკთა საპირისპიროდ დგანან უკანასკნელი, მე-11 ჟამის მუშაკები, ვითარცა თავისი წილი მუშაკობის მორჩილად გამწევნი და ღმერთს მინდობილნი. სხვათათვის უღირსი, ნაკლულოვანი მათი გარჯა და სამსახური ღვთისათვის არის მოსაწონი. და ამიტომ მიენიჭებათ მათ ღირსეული საზღაური უფლისაგან, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ელოდნენ. ამგვარი მუშაკნი, ჩანს, ყურად იღებენ ნეტარი ავგუნტინეს შეგონებას: „რას მოგცემს ღმერთი და რას მოიმოქმედებს - ეს მისი მაღალი უფლებაა, შენ კი მაშინ მიდი, როცა გეძახიან“. თავმდაბალთა და მორჩილთა ბუნება არასოდეს ეძიებს საკუთარ საზღაურს, მით უფრო - ზედმეტს, და მუდამ კმაყოფილია მიღებულით, რაოდენ მცირეც უნდა იყოს იგი.

„ვენახის მუშაკების“ იგავში ჩვენი უფალი უნდობლობითა და შურით ნამუშაკევის გამო კიდევ ერთ ფაქტორზე მიგვანიშნებს დაფარულად - ეს არის მოშურნეთა უსიყვარულობა მოყვასისადმი, რაც ქრისტეს უდიადესი მცნების დარღვევის ტოლფასია, იმ მცნებისა, მოყვასისათვის სიყვარულსა და თავგანწირვას რომ გვავალდებულებს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“. უწმიდესი და უნეტარუსი ილია II ამიტომ გვიბრძანებს და გვმოძღვრავს: „სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ძნელი“.

ასე რომ, „ვენახის მუშაკების“ იგავი არის უფლის გაფრთხილება, უპირველესად თავისი მოწაფეების, მოციქულებისა და მიმდევრებისადმი, რათა ისინი პირველი ჟამის მუშაკებივით არ გაამაყდნენ, საკუთარი ღვაწლით არ გაამპარტავდნენ იმით თვითდაჯერებულებმა, რომ უფლის წინაშე სხვებზე მეტ წარმატებას მიაღწიეს, არ დაკარგონ სიყვარული და თანადგომა მოყვასისადმი. გავიხსენოთ, როგორი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა წმიდა მოციქული პეტრე, როდესაც გარიგების, ანგარიშსწორების შემცველი შეკითხვა დაუსვა თავის მოძღვარს, უფალ იესო ქრისტეს: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით, რა გვექნება ჩვენ, რა გველისო? იგავის თხრობაც ხომ სწორედ ამ შეკითხვამ გამოიწვია.

უფალმა ამ იგავით წმიდა პეტრეს თითქოს ეს უთხრა პასუხად: მართალია, პირველად შენ მოგიხმე და მოგიწოდე ჩემს ეკლესიაში, მაგრამ სწორედ ამის გამო გმართებს დიდი სიფრთხილე, რომ პირველი ჟამის მუშაკებივით ამპარტავნებამ არ გძლიოს, საკუთარ ღირსებად არ მიუთვალო თავს ეს ღვთიური ჯილდო და წყალობა ან იმის შიშმა არ შეგიპყროს, წარმატებას მოგიტანს თუ წარუმატებლობას შენი შრომა და ღვაწლი; გიჯობს, ახლავე, დასაწყისშივე ამოიკვეთო ეს სახიფათო გულისთქმანი, რის აყოლამაც შეიძლება შურიც კი აღგიძრას მოძმისადმი, შენ გვერდით მდგომი მუშაკისადმი; ნუ იყოყოჩებ საკუთარი საქმეებით, ნუ გექნება იმედი განსაკუთრებული უფლებისა ღვთის წინაშე და, აქედან გამომდინარე, გადამეტებული დაფასებისაც, არამედ იღვაწე მეათერთმეტე, უკანასკნელი ჟამის მუშაკივით და მიენდე ღმერთს, მის აღთქმასა და სამართალს, აღიარე შენი უღირსება ღვთიური საზღაურის მიღებისათვის; იშრომე შენთვის და ემსახურე ღმერთს, რადგან ღვთის სასუფევლის შესაძენად უკანასკნელ დღეს იმას კი არ შეგეკითხებიან, რამდენი გააკეთე ან რამდენ ხანს იღვაწეო, არამედ იმას, თუ როგორი იყავი, როგორ გააკედე და ვისთვის იღვაწე; და თუ არ ისმენ ჩემს სიტყვას, მაშინ შენ - პირველად რომ მოგიწოდე, იმ პირველი ჟამის მუშაკებივით უკანასკნელად იქცევი და თვალდახელშუა გაგიქრება ის, რასაც შეგპირდი - ჩემი აღთქმა და დაპირებული მარადიული, საუკუნო ცხოვრება ზეცაში.

აი, რას ნიშნავს ის ქარაგმა, რომელსაც უფალი იესო ქრისტე „ვენახის მუშაკების“ იგავს წინაც წაუმძღვარებს და ბოლოშიც დაბეჯითებით გაგვიმეორებს: „მრავალნი იგვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა... ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა“.

აი, როდის შეიძლება პირველი გახდეს უკანასკნელი და უკანასკნელი კი პირველად იქცეს, ანუ წინ მდგომი თავისი ამპარტავნებითა და შურით აღმოჩნდეს უკან, უკან მდგომი კი თავისი თავმდაბლობით, უღირსების განცდითა და მოყვასისადმი სიყვარულით წინ მდგომად იქცეს.

ამ იგავის უმთავრესი სათქმელიცა და მიზანიც ეს არის.

პირველი ჟამის მუშაკთა დრტვინვისა და შურის გამო უაღრესად საგულისხმო განმარტებას ურთავს წმიდა იოანე ოქროპირი. წმიდა მამა შეგვახსენებს, რომ უფლის იგავებში ყოველთვის არ არის მართებული „ყოვლისავე სიტჳსა გამოწულილვაჲ“, ესე იგი, მისი სიტყვასიტყვითი, პირდაპირი მნიშვნელობით წაკითხვა. ამ დროს, დასძენს წმიდა მამა, უნდა ვეძიოთ ის მთავარი აზრი და ამ აზრის გამომხატველი იგავური მინიშნება, რასაც სახარების არაერთი იგავი შეიცავს. „ვენახის მუშაკების“ იგავის შემთხვევაშიც ასეა. პირველი ჟამის მუშაკთა შური, წმიდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ამ იგავში საკუთრივ შურს არ გამოხატავს, და აი, რატომ:

როგორც ითქვა, დრაჰკანი ამ იგავში ცის სასუფევლის საზღაურის მნიშვნელობას იძენს. მაშასადამე, ამ მუშაკებმა დრაჰკანის მიღებით ზეციური სუფევა მიიღეს. მაშინ მათი დრტვინვა სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდება, თუკი დრტვინვისა და ყვედრების მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობას გავითვალისწინებთ განა სასუფეველის მკვიდრთა წმიდა კრებული შეიძლება დრტვინავდეს ან ეურჩებოდეს თავის უზენაეს პატრონს? - გვეკითხება წმიდა მამა და განაგრძობს: მით უფრო არ არიან ისინი მწუხარენი და არ აღივსებიან შურით სასუფევლის ყოველი ახალი მკვიდრის გამო; პირიქით, ზეცაში საყოველთაოა დიდი სიხარული უფლისაგან გაღებული ყოველი საზღაურისა თუ ჯილდოს გამო, რომელსაც ყოვლადმოწყალე ტკბილად გაიღებს თავისი ვენახის ერთგული და გულმოდგინე მუშაკებისათვის. სწორედ აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ იგავში შური გამოხატავდეს საკუთრივ შურს, არამედ იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს იგავურად, რომ უკანასკნელი ჟამის მუშაკთა მცირეჟამიერი, სულ ერთსაათიანი ღვაწლი შესაშური, სასურველი საქმეა. ამ საქმეს შურის საგნად აქცევს არა დროის ხანგრძლივობა, არა თვით შრომა, არამედ გაწეული შრომის რაგვარობა, მუშაკის ის გულმოდგინება, უანგარობა ღა თავმდაბლობა, რაც ამ შრომაშია ჩადებული. აი, რა არის და რა უნდა იყოს შესაშური ადამიანისათვის საღმრთო ღვაწლისას, და რა იქცა შურის საგნად, შესაშურად პირველი ჟამის მუშაკთათვის საზღაურის გადახდისას; აი, რატომ, რა მიზეზით გაუთანაბრდა და შეუთანასწორდა უკანასკნელთა საზღაური პირველებისას.

ამ იგავურ შეგონებას ჩვენი უფალი, რა თქმა უნდა, ყველას გასაგონად ამბობს: ღვთისათვის სათნო გზაზე გვიან (უკანასკნელ ჟამს) შემდგარ მუშაკს საღმრთო ღვაწლის სურვილი არ უნდა გაუნელდეს, არამედ გამხნევდეს და ამით ნუგეშმიცემულმა ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე; ხოლო პირველი ჟამის მუშაკებმა ამპარტავნებისა და შურის ვნებით არ შებღალონ იმთავითვე კეთილმორწმუნეობით განვლილი თავიანთი ცხოვრება და ამით სულიც არ წარიწყმიდონ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 12:47 PM
პოსტი #188


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,039
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



უფლისმიერი მოწოდება

უფლისმიერი საზღაურის იგავურ ალეგორიაში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის განმარტებითი ნაწილი, რომელიც უფლის მიწოდებას ეხება. ვენახის პატრონის მიერ მუშაკთა მოძიება და პოვნა ამ იგავში განიმარტება, როგორც უფლის მოწოდება ყველასადმი და ყოველ ჟამს, განურჩევლად ასაკისა და დრო-ჟამისა, განთიადიდან მოკიდებული ვიდრე უკანასკნელ ჟამამდე!

უფალი თავად მოიძიებს და თავადვე გამოარჩევს ყოველ თავის მუშაკს: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით“ (იოანე 15,16) - ამას ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს წმიდა იოანეს სახარებაში, როდესაც მათ გამოუცხადებს: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაა ჩემი მოქმედი არს... მე ვარ ვენაჴი, და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე ძის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც გოყად არცა ერთი“ (იოანე 15,1,5). სწორედ აქ ნახსენები „ნაყოფი მრავალი“ ერგოთ უკანასკნელი ჟამის მუშაკებს, რადგან მათ მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ელოდნენ.

მზრუნველი უფლის ეს ბრძნული განგებულება ეხება ყველას, ყველა ჟამის მუშაკს - როგორც პირველისას, ასევე მე-3, მე-3, მე-9 და მე-11, უკანასკნელი ჟამის მუშაკებსაც. თუმცა სხვადასხვა ჟამს მოვლინებულ უფლისმიერ მოწოდებას სხვადასხვაგვარად ისმენს ყველა ადამიანი და ყველა ერი: ზოგი ადრე, ზოგი გვიან, სხვანი საერთოდაც არ ისმენენ და უქმად ატარებენ სიცოცხლეს, თავიანთი უბადრუკობის გამო არ შედიან ღვთიურ ვენახში.

მაგრამ ამათ მსგავსთ ჩვენი ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე ამ იგავით აფხიზლებს და ეუბნება, რომ ღმერთი ყველას ელის, იგი მუდამ მზადაა, მიიღოს თავისი ვენახისკენ მომავალი ადრე თუ გვიან მონანიე ცოდვილი! იგავში ამგვარად გამოიხატება ჩვენი უფლის ზრუნვა, სახიერება, დიდი სიყვარული, მისი უსაზღვრო მოთმინება, შემწყნარებლობა. მართლაც - თუკი უკანასკნელი ჟამის მუშაკმა თავისი მცირედი ღვაწლით შეიძლება მიიღოს მთელი დღის საზღაური, მაშინ ალბათ გაჭირდება იმის წარმოდგენა, თუ რაოდენ დიდი, გამოუთქმელი და ტკბილი იქნება პირველი ჟამის ღირსეულ მუშაკთა საზღაური და ჯილდო!

ყველას - თითო დრაჰკანი!

იგავში ასევე საძიებელია დრაჰკანით წარმოდგენილი საზღაურის ნამდვილი მნიშვნელობა, მისი საღვთისმეტყველო გააზრება: მაინც რისი საზღაურია იგი - მხოლოდ გაწეული შრომის საფასური თუ ღვთის წყალობით მონიჭებული ჯილდო? წმიდა მამათა თქმით, თითო დრაჰკანის საზღაურით იგავში გამოიხატება აზრი იმის შესახებ, რომ სულიწმიდის მადლი ერთნაირად ენიჭება ყველა იმას, ვინც გულმოდგინედ, ბეჯითად და თავმდაბლობით გასწევს შრომას. ერთი დრაჰკანი ღვთისაგან წინასწარ შეპირებული, აღთქმისეული საზღაურია. მაგრამ იგი შრომისათვის დახარჯულ დროს კი არ შეესაბამება, არამედ არის საფასური შრომის დროს გულწრფელად, უანგაროდ დახარჯული და გაღებული გულმოდგინებისა, რასაც თავისი ნებით გასცემს ნებისმიერი ჟამის მუშაკი.

ყოველივე ამის იგავურ ხაზგასმას წარმოადგენს უკანასკნელი, მე-11 ჟამის მუშაკობა, რადგან ამ მუშაკებმა, როგორც ითქვა, გარიგება და ვაჭრობა კი არ გამართეს პირველი ჟამის მუშაკებივით, არამედ ნდობითა და მორჩილებით გასწიეს თავიანთი მუშაკობა და სწორედ ამის წილ მიიღეს იმაზე მეტი, ვიდრე ელოდნენ: ერთი საათის მცირეჟამიერი შრომისათვის ისინი დაჯილდოვდნენ მთელი დღის საზღაურით, ანუ ერთი დრაჰკანით.

მაგრამ იგივე ერთი დრაჰკანი პირველი ჟამის მუშაკებმაც მიიღეს, ოღონდ, განსხვავებით უკანასკნელთაგან, ეს ერთი დრაჰკანის საზღაური მათ წინასწარ გამოითხოვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მუშაკებს წინდაწინ ჰქონდათ გათვლილი თავიანთი შრომის საფასური. ამგვარ წინასწარ გათვლას მხოლოდ თვითდაჯერებული ადამიანი ეწევა, იგი თვითონვე ხდება შემფასებელი საკუთარი შრომისა, თავად განაწესებს საზომს საკუთარი გარჯის შესაფასებლად და, მაშასადამე, საკუთარი სამართლით თავადვე მიუწონის თავის თავს კუთვნილ გასამრჯელოს, ჯილდოს.

მოკლედ, ასეთი მუშაკი ჯერ თვითონ იჯილდოვებს თავს და შემდეგ სხვისგანაც ითხოვს ამას. ამგვარი მოლოდინით აღსავსე ადამიანს, რაღა თქმა უნდა, მეტად გააღიზიანებს და უკმაყოფილებას მოჰგვრის ყოველი მცირე გადახვევაც კი იმისაგან, რაც, მისი აზრით, აუცილებლად უნდა ერგოს მას.

ასე დაემართათ პირველი ჟამის მუშაკებს. ამავე მიზეზით უპირისპირდება ერთმანეთს იგავში პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკობა, და, შესაბამისად, ამავე მახასიათებლით ემიჯნება ერთმანეთს საზღაური პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკებისა: პირველნი იღებენ მხოლოდ საზღაურს, თავიანთი შრომის საფასურს და არაფერს ამის მეტს: უკანასკნელნი კი ღვთის წყალობის ღირსნი ხდებიან, მათი ჭეშმარიტი საზღაური - ღვთის წყალობაა.

პირველთა საზღაური, წმიდა ბასილი დიდის თქმით, ამქვეყნიური, მიწიური საფასურია. მათ, საკუთარი საქმეებით გართულებსა და დაიმედებულთ, თუკი ერგებათ რაიმე საზღაური, ის მხოლოდ ამქვეყნად შეიძლება მიეკუთნოთ. თავიანთი ქმედებითა და დამოკიდებულებით, ისინი თვითონვვ გმობენ, უარყოფენ და კარგავენ ერთადერთ ნამდვილ საზღაურს - ღვთისაგან ჯილდოს სახით ბოძებულ მადლს, იმ დიდ წყალობას, ურომლისოდაც ვერავინ მიიღებს ვერც განმართლებას და ვერც საუკუნო ცხოვრებას.

სწორედ უფლის დიდ წყალობაზე მეტყველებს ვენახის ყველა მუშაკის საზღაურის შეთანასწორება და გათანაბრება, ვინაიდან ჩვენი უფალი ღმერთი ყველასათვის განუსაზღვრელი გულუხვობით გაიღებს თავის მოწყალებას: „მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და და ცრუთა“ (მათე 5,45).

„უდიდესი მოწყალება რიგითობას არ დაეძებს“ - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი. დანარჩენი - ჩვენზეა, ღვთის წყალობის მიმღებლებსა და უარმყოფელებზე. ჩვენში მხოლოდ მაშინ დაივანებს ღვთის წყალობა და მადლი, როცა ჩვენი საქმენი ღვთის ნებას დაემორჩილება და ღვთისავე სადიდებლად აღსრულდება, როცა საკუთარ სულს გამოვზრდით სათნოებებით, ღვთისმოსაობით, თავშეკავებით, მოთმინებით, თავმდაბლობით, გულმოწყალებით, სიწმინდით, მარხვით, ლოცვით, სასოებითა და სიყვარულით.

ისიც ღვთის წყალობაა, თუკი შეგვიძლია სიკეთის ქმნა, ვინაიდან ღვთის შეწევნის გარეშე ვერანაირ კეთილ საქმეს ვერ აღვასრულებთ. ვისაც მიაჩნია, რომ თავისი კეთილი საქმისა თუ სხვა სათნოებათა გამო მოიპოვა უფლება, მიეღო ღვთისაგან საზღაური, ვისაც ჰგონია, რომ მან დაიმსახურა ღვთის წინაშე ეს საზღაური და თან თავისი საქმეებისამებრ ითხოვს ამას - იგი დიდ ცდომილებაშია. ასეთი კაცი ამქვეყნადვე კარგავს ღვთის მადლს და იგი ვერასოდეს იგემებს ჭეშმარიტ საზღაურს ზეცაში. მას ისიც ავიწყდება, რომ არათუ საქმე, არამედ ყოველი განზრახვაც კი - იმუშაკო საღმრთო ვენახში, ღვთისაგან მომდინარეობს. ეს სურვილი და განზრახვა გულში თავისთავად არ და ვერც აღიძვრება, რადგან ესეც მხოლოდ ღვთის დიდი წყალობითა და მადლით გვეწვევა ხოლმე. ჩვენ კი, საპასუხოდ, მხოლოდ იმის მოვალენი ვრჩებით, რომ ღვთის ამ ნებას საკუთარი ნება შევაგებოთ, მადლიერებით მივიღოთ იგი და სიხარულით გავემართოთ ვენახისაკენ გულმოდგინე მუშაკობისათვის.

როგორ და როდის შეიძლება ამას მივაღწიოთ? - მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ უფლებებს გვერდზე გადავდებთ, სრულად მივენდობიო უფალ ღმერთს, მის სამართალს, მის აღთქმასა და დაპირებას, როცა განვიცდით, მოვინანიებთ და იმას ვაღიარეხთ, რომ ყოველივე უფლის წყალობაა, რომ დაუმსახურებლად მივიღეთ უფლისაგან ეს წყალობა, თან იმასაც ვირწმუნებთ, რომ ისევ მისი გულმოწყალება თუ გადაგვარჩენს და არა ჩვენი უბადრუკი საქმეები.

ამ სათქმელს იტევს წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ: „მადლით ხართ გამოხსნილნი რწმენის წყალობით, და ეს თქენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღმრთისა: არა საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, კეთილ საქმეთათვის შექმნილნი ქრისტე იესოში, საქმეთათვის, რომელნიც წინასწარ დაგვიწესა ღმრთმა, რათა მათში ვიარებოდეთ“ (2,8-10).

ნეტარი ავგუსტინე მრავლისმეტყველად გვმოძღვრავს ამის გამო: „ერთგულია ღმერთი თავის აღთქმასა და დაპირებაში. მან ჩვენთვის დაიდო ვალი და ჩვენ, ადამიანებს, დაგვპირდა განღმრთობა, მოკვდავთ - უკვდავება, ცოდვილთ - განმართლება, დაცემულთ - აღდგომა, დამცირებულთ - განდიდება, და იგი ამას გვპირდება ჩვენ - უღირსებსა და ურგებ მუშაკებს; მაგრამ დაგვპირდა არა ჩვენი უბადრუკი საქმეების საზღაურად, არამედ თავისი ნებისა და წყალობისაებრ“. ნეტარი მამა გვასწავლის, რომ ჩვენი კეთილი საქმეები ჩვენი ხელიდან კი არ გამოდის, არამედ მხოლოდ ღვთის წყალობითა და მეოხებით აღსრულდება.

ამის წილი საფასური და საზღაური მართლაც ჩვენია, ჩვენთვისაა განკუთვნილი, მაგრამ არა ჩვენგან გამომავალი, არამედ უფალი იესო ქრისტეა კეთილმოწყალებით ბოძებული და მონიჭებული. აი, რას გვიბრძანებს უფალი ღმერთი: „მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო“. განმარტავენ, რომ ეს „დიდზე დიდი ჯილდო“ სინამდვილეში არის უფლება თავად უფალი ღმერთის ჭვრეტისა, მისი ძიებისა და შეცნობისა: „გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი“ (ფსალ. 68,31) - ამას კი წმიდა დავითი მეფსალმუნე გვიგალობებს. დიახ, სწორედ ეს - ღვთის ჭვრეტა და ძიება გახლავთ ჩვენი ჭეშმარიტი საზღაური, რომლის მიღების უფლებაც თვითონ ღმერთმა მოგვცა თავისი დიდი წყალობის სახით.

„წინანი უკუანა და უკუანანი წინა“

„ვენახის მუშაკების“ საკმაოდ ვრცელ განმარტებით ნაწილში განსაკუთრებულად ითხოვს ყურადღებას იგავის წინამავალი შეგონება: „მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკანანი წინა“ (მათე 19,30). ამ შეგონებას უფალი იესო ქრისტე იგავის ბოლოსაც იმეორებს: „ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა“ (მათე 20,16). მსმენელის გულისყურს უფალი სწორედ ამგვარი განმეორებით წარმართავს ამ იგავის მიზნისა და მთავარი სათქმელისაკენ.

ერთხმად შენიშნავენ, რომ ამ შეგონებაში, ამ ოთხიოდე სიტყვაში (თუმცა, ფაქტობრივად, სულ ორ სიტყვაში - „წინანი უკუანა და უკუანანი წინა“) - მეტად ლაკონიურად, ანდაზური ფორმითა და წმიდა წერილისათვის დამახასიადებელი სიღრმით არის გამოთქმული ერთერთი უმნიშვნელოვანესი უფლისმიერი დარიგება. მისი ჯეროვანი ამოკითხვისათვის მსმენელმა აუცილებლად უნდა დაძაბოს გონება და, კიდევ ერთხელ, გულდაგულ წაიკითხოს იგავი.

გულისხმიერ მკითხველს არ გაუჭირდება იმის შემჩნევა, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავსა და ამ შეგონებას შორის არსებობს გარკვეული შეუსაბამობა: ის, რაც ნათქვამია იგავის წინამავალ შეგონებაში, თვით იგავში არ დასტურდება, რადგან შეგონებაში წინანი, ესე იგი, პირველნი, უკანასკნელნი ხდებიან, ხოლო უკანანი, ესე იგი, უკანასკნელნი, პირველებად იქცევიან. იგავში კი, როგორც გახსოვთ, ლაპარაკია პირველი და უკანასკნელი ჟამის მუშაკთა საზღაურის გათანაბრებაზე, იმაზე, რომ უკანასკნელთა საზღაური პირველებისას შეუთანასწორდა. მაშასადამე, იგავში წარმოდგენილი საზღაურის გათანასწორება (ყველას - ერთი დრაჰკანი!) თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება შეგონებაში დაფიქსირებულ პოლარიზებას: პირველი-უკანასკნელი, უკანასკნელი-პირველი.

ამაზე თითქმის ყველა წმიდა მამა და კომენტატორი მიგვითითებს. თუმცა ისიც განიმარტება, რომ ამგვარი შეუსაბამობის შეგრძნება მხოლოდ იმ მკითხველს შეიძლება შერჩეს, ვინც საზღაურის შეთანასწორებას პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამს და არ გაითვალისწინებს ამ სახარებისეული ალეგორიით გამოხატულ უფლისმიერ სათქმელს.

ამ სათქმელს უკვე რამდენჯერმე გაესვა ხაზი, კერძოდ, იმას, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავი არის უფლის გაფრთხილება როგორც პირველი ჟამის მუშაკებისათვის, ასევე უკანასკნელთათვის: პირველებმა იმთავითვე კეთილმორწმუნეობით განვლილი თავიანთი ცხოვრება ამპარტავნებითა და შურით არ უნდა შებღალონ და, რომ იტყვიან, წყალს არ უნდა გააყოლონ საღვთო ღვაწლი, არ დაკარგონ სიყვარული და თანადგომა მოყვასისადმი. ასეთნი მართლაც დგანან იმის საშიშროების წინაშე, რომ პირველნი გახდნენ უკანასკნელნი.

უკანასკნელი ჟამის მუშაკებმაც უფლის გაფრთხილებად უნდა მიიღონ ეს იგავი, რათა მათ, ღვთისათვის სათნო გზაზე გვიან შემდგართ, არ გაუნელდეთ ამ ღვაწლის სურვილი და ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე. ასეთნი - უფრო გვიანდელი, უკანასკნელი ჟამისანი - საღვთო ღვაწლისადმი თავიანთი დაუცხრომელი სწარფვით, გულმოდგინებით, თავდმაბლობითა და მორჩილებით გახდებიან პირველნი.

წმიდა იოანე ოქროპირი ამასთან დაკავშირებით ამგვარ განმარტებასაც დაურთავს: მორწმუნეებს შორისაც ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ თავიდან (ესე იგი, პირველი ჟამიდან) ისინი თავიანთი სათნოებებით ბრწყინავენ, მაგრამ შემდეგ, თავიანთივე გულდაუდებლობით, სიზარმაცითა და დაუდევრობით, თანდათან კარგავენ ამ ბრწყინვალებას და საქმეც უკან მისდით, ბოლოს კი სულაც ვეღარ ერევიან ცოდვას და იღუპებიან. თუმცა მორწმუნეთა შორის მოიპოვებიან ისეთნიც, - განაგრძობს წმიდა მამა, - რომლებიც ჯერ ცოდვაში არიან და შემდეგ ინანიებენ, რითაც იმ პირველებზე უაღრეს და უპირატეს წარმატებას აღწევენ და სულსაც ასე გადაირჩენენ.

წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ამგვარი პოლარიზებული მონაცვლეობა ადამიანმა რწმენაშიც შეიძლება განიცადოს და მოქალაქეობაშიც: „ნანდჳლვე ამას ადგილსა სიტყუაჲ უფლისაჲ ორისათჳსვე იგო: სარწმუნოებისათჳსცა და საქმეთათჳსცა“ - ბრძანებს წმიდა მამა. „სარწმუნოებაში“ იგი ღვთისადმი რწმენასა და სულიერ სათნოებებს გულისხმობს, „საქმეში“ კი გათვალისწინებული აქვს ხორციელი სათნოებები, ასევე ყოველდღიური საერო, ანუ სამოქალაქო ცხოვრებაში გაწეული ღვაწლი.

ძველ ქართულ მოქალაქობას, მოქალაქეობას, მის საღვთისმეტყველო შინაარსს, შესანიშნავად განმარტავს წმიდა გრიგოლ ფერაძე „მამაო ჩუენოს“ ლოცვის ერთ-ერთ განსამარტავ ნაწილში. მოქალაქე, ამ თვალსაზრისით, არის არა ქალაქის მცხოვრები, არამედ: „სამშობლოს ყოველი შეგნებული წევრი“ - იქნება იგი ქალაქლი, სოფლელი, მუშა, გლეხი თუ ინტელიგენტი. ამგვარი მოქალაქე კარგად გრძნობს თავის ერთადერთ ჭეშმარიტ, უდიდებ საკუთრებას - ეს არის ცხოვრება, მიბი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მოქალაქეობა არის უფრო მეტი, ვიდრე საზოგადო მოღვაწეობა, და ამგვარი უბრალო მოქალაქეც უფრო მეტია, ვიდრე საზოგადო მოღვაწე“.

წმიდა გრიგოლ ფერაძე შეგვახსენებს, რომ წმიდათა ცხოვრების ამსახველი თხზულებების სათაურებში მუდამ მონიშნულია „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამ წმიდანებისა, და არა „ცხოვრება და ღვაწლი“ ან მოღვაწეობა. წმიდა მამის აზრით, ამგვარი მოქალაქეობა „მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინადახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებული ადამიანისა; მოქალაქეობა მოითხოვს სხვისი აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანობის ძებნას და დაფასებას. ესაა შინაარსი ამ ჩვენი სიტყვისა. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება, თვისი, საკუთარი თავის დაწვა - სხვისთვის გასანათლებლად... შინაარსი მოქალაქეობისა არის ცხოვრება და - ცხოვრება აწმყოში; იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ამქვეყნად, რომ ადამიანისათვის ეს ცხოვრება და სარგებლობა აწმყოთი ესწავლებინა, ეს ეთქვა მათთვის: ვინც ამ ქვეყნის მოქალაქედ არ ვარგა (მოქალაქედ - იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი მე ვიხმარე), იგი არც იმ ქვეყნის მოქალაქედ გამოდგება“.

როგორც ჩანს, წმიდა იოანე ოქროპირის მიერ ხსენებულ „მოქალაქეობაში“ სწორედ ეს შინაარსი უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გვეუბნება, რომ უფლის შეგონებაში („იყვნენ წინანი უკუანა და უკუანანი წინა“) რწმენასთან ერთად კაცის მოქალაქეობრივი ღვაწლიც უნდა მივიღოთ მხედველობაშიო. მაშასადამე, მოქალაქეობა და საღმრთო (და არა საწუთისოფლო) ღვაწლი ამ შემთხვევაში ერთმანეთს უტოლდება.

ბიბლიის კომენტატორთა მიერ ამ შეგონების კიდევ ერთი საღვთისმეტყველო მნიშვნელობა მოიაზრება, რომელიც იგავში წარმოდგენილი გამების, ანუ საათების შინაარსიდან მომდინარეობს. უკვე ითქვა, რომ ყველა ჟამის მუშაკები, გარდა მე-11-ისა, ძველი აღთქმის ჟამისანი არიან, ხოლო მეათერთმეტისანი - უკანასკნელი ჟამის, ანუ უფალ იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლის ჟამის მუშაკებს წარმოადგენენ იგავში. ღმერთმა თავის ვენახში პირველად ძველი აღთქმის მუშაკებს მოუწოდა, მაგრამ ისინი - პირველნი, საბოლოოდ უკანასკნელებად დარჩნენ. ამის მიზეზი გახდა როგორც მათი გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ უცოდველობასა და უპირატესობაზე, მათი აზრით, ცოდვილ წარმართებთან შედარებით, ასევე მათ მიერ ამ ცოდვილ წარმართთა უარყოფა და შეუწყნარებლობა. ყოველივე ამან განსაკუთრებული სიმძაფრით სწორედ უკანასკნელი ჟამის მუშაკობისას იჩინა თავი, ანუ უფალი იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლის ჟამს. ყველამ, ვინც ამ დროს ჯიუტად ირწმუნა საკუთარი სულიერი უპირატესობა, ის საზარელი დაცემა განიცადა, რაზეც უფლის ეს შეგონება გვაფრთხილებს - „იყვნენ წინანი უკუანა... “ .

ამიტომ ფიქრობენ, რომ „ვენახის მუშაკების“ იგავში უფლის გაფრთხილებასთან ერთად გამოთქმულია წინასწარმეტყველებაც იმ იუდეველთა გაკიცხვასა და უარყოფაზე, რომელთაც პირველებმა მიიღეს აღთქმა ღვთისაგან, მაგრამ მათ დაარღვიეს ეს აღთქმა და ამ მიზეზით დაკარგეს კიდეც ეს თავიანთი პირველობა. იგივე წინასწამეტყველება, რა თქმა უნდა, წამართებზეც გამოითქმება იგავში, იმ წარმართებზე, რომლებიც საკუთარი უპირატესობით თავმომწონე იუდეველებმა უარყვეს, და ისინი: „სარწმუნოებითა ქრისტესითა წინა იქმნენ და პატივი უზეშთაესი მიიღეს“ - დაასკვნის წმიდა იოანე ოქროპირი. სწორედ ამ „უზეშთაესი პატივით“ შეუთანასწორდნენ წარმართები, ანუ უკანასკნელნი, უკუანანი - წინანს, პირველებს, ანუ იუდეველებს, და ისინი მათზე უპირატესნიც კი დარჩნენ უფლის თვალში.

წმიდა იოანე ოქროპირი ამ „უსაკჳრველესად ქმნულ“ პოლარიზებაზე შენიშნავს, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავის იგავში ის წინასწარმეტყველება გაგვიცხადა, რომელიც იუდეველებს სასჯელად დაატყდათ თავს, ქრისტეს ეკლესიის გულმოდგინე მრევლი კი მას ღვთის წყალობის სახით მიიღებს. როგორი მოულოდნელობითაც აღსრულდება ამ იგავში შეთანასწორება უკანასკნელი მუშაკების საზღაურისა პირველთან, ასეთივე მოულოდნელობით აღსრულდებაო წინასწარმეტყველება პირველთა უკანასკნელობაზე და „უკუანათა“ პირველობაზე (უპირატესობაზე), - განგვიმარტავს წმიდა იოანე ოქროპირი.

წმიდა ლუკას სახარებაში, მე-13 თავში, უფალი იესო ქრისტე ქადაგებისას სწორედ ამ წინასწარმეტყველებას გვამცნობს. მეტად საგულისხმოა ის, რომ თავის ამ ქადაგებასაც უფალი ამავე შეგონებით დაასრულებს: „და აჰა ესერა არიან უკუანასკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკუანაჲსკნელ“ (ლუკა 13,30).

როგორც კომენტატორები გვაფრთხილებენ, უფლის ეს შეგონება არ ნიშნავს იმას, რომ პირველნი მუდამ გახდებიან უკანასკნელნი ან უკანასკნელნი ყოველთვის პირველნი იქნებიან. უფალი ამის აუცილებლობაზე ან გარდაუვალობაზე კი არ მიგვითითებს, არამედ მხოლოდ შესაძლებლობაზე, კერძოდ იმაზე, რომ შესაძლებელია - უკანასკნელი თავისი სინანულით გახდეს პირველი, პირველმა კი თავისი ამპარტავნებით დაკარგოს ღვთივმონიჭებული უპირატესობა და უკანასკნელად იქცეს.

ამ შეგონებით უფალი იესო კი არ გვიბრძანებს, კი არ დაგვიდგენს რაიმე კანონს, რომლის შესრულება-დარღვევა გარდაუვალ ხსნას ან დაღუპვას უქადის კაცს, არამედ მხოლოდ გვაფრთხილებს, გვირჩევს, ზრუნავს ჩვენთვის და გვიხსნის იმ წესსა და პრინციპს, რისი მიხედვითაც უნდა მუშაკობდნენ ქრისტეს ვენახის მუშაკები, და რა საზომითაც მიეცემათ მათ ქრისტესაგან საზღაური, უზეშთაესი ჯილდო - უფლის წყალობა! სწორედ ამ გაფრთხილებას იმეორებს წმიდა იოანე მახარებელი და ღვთისმეტყველი თავის მე-2 ეპისტოლეში: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმნენით, არამედ სასყიდელი სავსებით მივიღოთ“ (2 იოანე, 8). აღიარებულია, რომ წმიდა იოანეს ეს სიტყვები „ვენახის მუშაკების“ იგავის სათქმელის გასაღებს წარმოადგენს.

„მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“

როგორც უკვე ითქვა, ახლახან განხილული შეგონება მეორდება და დასკვნის სახითაც მოსდევს „ვენახის მუშაკების“ იგავს. მაგრამ მას მიერთვის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საგულისხმო შეგონება: „ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა, და უკუანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ“ (მათე 20,16).

არსებობს ვარაუდი, რომ ბოლო სიტყვები - „მრავალნი არიან ჩინებულ და ბცირედნი რჩეულ“ - გვიანდელი ჩამატებული უნდა იყოს და იგი მექანიკურად არის გადმოღებული წმიდა მათეს სახარების 22-ე თავიდან, სადაც ვკითხულობთ: „რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი“ (მათე 22,14). ეს შეგონება მოსდევს იგავს „მეფის ძის ქორწილზე“. ამ იგავის მიხედვით, ქორწილში მოწვეულთა შორის არიან ისინი, რომელთაც უდებ-ყვეს, ანუ უარყვეს მეფის მოწვევა და არ ინებეს მისი ძის ქორწილში მისვლა. მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც მეფის ბრძანებით შემოკრიბეს გზებიდან და ქუჩებიდან, და ყველანი, ბოროტნიც და კეთილნიც, ქორწილში იწვიეს. მაშასადამე, ამ იგავშიც არიან პირველად მოწვეულნი, რომელთაც თვითონვე, თავისი ნებით დაკარგეს მოწვევა და ვერ იგემეს ქორწილი; მაგრამ ასევე არიან უკანასკნელად წვეულნი, ქუჩის მკვიდრნი, პატივაყრილნი, და სწორედ მათ ერგოთ ქორწილის მხიარულება და სიტკბო.

ასე რომ, წმიდა სახარების ამ ორ იგავში („მეფის ძის ქორწილი“ და „ვენახის მუშაკები“) უფალ იესოს მსგავსი იგავური სათქმელი აქვს. ამაზე მეტყველებს ის, რომ უფალმა ორივეს ერთი და იმავე შინაარსის შეგონება აახლა.

ზოგიერთი კომენტატორისათვის „ვენახის მუშაკების“ იგავში „ჩინებული“, ანუ მოწვეული, არის ყველა ის, ვინც მოიწვიეს, ვისაც მოუწოდეს, მაგრამ ისინი არ მივიდნენ ვენახში: „რჩეული“ კი ის არის, ვინც მოვიდა, იმუშაკა და, ასე თუ ისე, მიიღო თავისი კუთვნილი საზღაური. აქედან გამომდინარე, ვენახის ყველა მუშაკი რჩეული ყოფილა, ხოლო ჩინებულნი, ანუ მოწვეულნი, ვენახის გარეთ დარჩნენ.

თუმცა ამგვარ ახსნას არ ეთანხმება კომენტატორთა დიდი ნაწილი. მათი თქმით, უფალი ყველას მოუწოდებს და თან მარადის მოუწოდებს სამუშაკოდ თავის ვენახში. იგავში ამაზე მეტყველებს სხვადასხვა ჟამის მუშაკობა. ამ მრავალ წვეულთა, ანუ ჩინებულთა შორის მხოლოდ მცირედნი იპოვებიან, რომელნიც მზად არიან იმისათვის, რომ არა მარტო ისმინონ, არამედ ღირსეულადაც მიიღონ უფლის, მოწოდება. ყველა მუშაკს უფლისაგან საკუთარი ჟამი აქვს განკუთვნილი მუშაკობისათვის. ყოვლადშემწყნარებელი უფალი იმ მიზნით მოუწოდებს მარადის კაცთა მოდგმას, რომ ყველას მიეცეს შესაძლებლობა, მზად-მყოფი შეეგებოს მის მოწვევას.

მაგრამ რას ნიშნავს - იყო მზად უფლის მოწოდების მისაღებად? ეს ნიშნავს უარი თქვა ყველა საკუთარ ბოროტ გულისთქმაზე, თავმდაბლობით დაემორჩილო ღვთის ნებას, არ მიიჩნიო თავი ჯილდოს მიღების ღირსად, არამედ იმუშაკო, და იმუშაკო - ღვთის სადიდებლად! სწორედ ასეთნი და ამათ მსგავსნი დაჯილდოვდებიან ერთადერთი სამართლიანი საზღაურით - ღვთის წყალობითა და შეწევნით მიღებული ზეციური სასუფევლით!

წშიდა იოანე ოქროპირი საგანგებოდ შენიშნავს, რომ მცირედთა რჩეულობა არ ნიშნავს იმას, თითქოს უფალი ერთს გამოარჩევს და მეორეს კი განაგდებს: „ნუ იყოფინ!“ ნურასოდეს იფიქრებთ ამასო, - გვაფრთხილებს წმიდა მამა. რჩეულობა ოდენ უფლის ნებით კი არ მიეკუთვნება მცირედთ, არამედ ისინი საკუთარი ნებით, სათნო ცხოვრების წესით და უფლის წყალობით მოიპოვებენ ღვთის წინაშე თავიანთ რჩეულობას. დიახ, ჭეშმარიტად მხოლოდ მცირედნი არიან რჩეულ!

მაგრამ ყოვლადსახიერი ღა ყოვლადმოწყალე ჩვენი უფალი არც იმათ ივიწყებს, რომლებსაც ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ რჩეულობამდე მისასვლელი ვიწრო და გრძელი გზა. იგი სიყვარულით ეუბნება მათ: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ“ - (იოანე 15,16). წმიდა იოანე ოქროპირის თქმით, ამ სიტყვებით უფალი გაგვიცხადებს თავის მარადიულ სურვილს, რომ უსაზღვრო მოთმინებით ეძიოს ჩვენი სიყვარული!

ამასვე მოწმობს უფლის ამ სიტყვებს მოდევნებული შემდგომი მუხლი, სადაც გაბრწყინებულია იესო ქრისტეს „ყოველთამიმართი“ და „ყოველჟამიერი“ სიყვარულის მცნება: „რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (იოანე 15,17).

„ვენახის მუშაკების“ იგავის განმარტების დასასრულ კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ ჩვენს წმიდა მამას, იოანე ოქროპირს, რომელიც გულისშემძვრელი მზრუნველობით გვანუგეშებს თავის სააღდგომო ქადაგებაში და ამბობს:

„ვინც არის კეთილმოსავი და ღვთის მოყვარული, დაე, დატკბეს ახლა ამ წმიდა და ნათელი დღესასწაულით! ვინც არის კეთილგონიერი მონა, დაე, სიხარულით შევიდეს თავისი უფლის სიხარულში! ვინც გაისარჯა მარხვაში, დაე, მიიღოს მთელი კუთვნილი!

ვინც მოვიდა მესამე ჟამის შემდეგ, მადლობდეს და გაიხაროს! ვინც მოასწრო მოსვლა მხოლოდ მეექვსე ჟამის შემდეგ, დაე, არ შეწუხდეს, რადგან არაფერი დააკლდება; მეცხრე ჟამამდეც რომ დაეყოვნებინა, მაინც შეუდგეს ყოველეგვარი ეჭვის გარეშე. და თუ მხოლოდ მეთერთმეტე ჟამს მოასწრო მოსვლა, თავის დაყოვნებას ასეთიც კი არ უნდა შეუშინდეს, რადგან ჩვენი მოყვარული სახლის მეუფე უხვია; იგი უკანასკნელსაც ისე მიიღებს, როგორც პირველს; მეთერთმეტე ჟამს მოსულსაც ისე დაამშვიდებს, როგორც მშრომელს პირველი ჟამიდან. იგი პირველისთვისაც ირჯება და უკანასკნელისთვისაც იჩენს მოწყალებას; იმასაც აძლევს და ამასაც; კეთილი მუშაკობის გამო ხარობს, მაგრამ კეთილ განზრახვასაც იღებს სიყვარულით; მუშაკობასაც მიაგებს კუთვნილ პატივს და კეთილ განწყობასაც აქებს.

ასე რომ, ყველანი შეხვალთ თქვენი უფლის სიხარულში! პირველებიც და უკანასკნელნიც მიიღებთ ჯილდოს! მდიდარნო და ღარიბნო, იხარეთ ერთმანეთით! მმარხველნო და არამმარხველნო, ყველამ იხარეთ! ტრაპეზი ძალზე უხვია: ყველანი დაპურდებით! ყველანი დატკბებით რწმენის ფუფუნებით! ყველამ ისარგებლოს მადლიანი სიმდიდრით!“

მასალა შეკრიბა და შეადგინა დოდო (მარიამ) ღლონტმა
„იგავნი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“
ტომი 2, თბილისი, 2004 წ.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 1 2009, 01:12 PM
პოსტი #189


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



იგავებზე ცალკე თემა რომ გვქონდეს? აგერ მიდევს წინ ღლონტის წიგნები, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ბევრი განმარტება მინახავს ნეტშიც. მოდი, ცალკე თემა გავაკეთოთ და ყველა მასალა იქ დავდოთ. რას იტყვით?


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 01:17 PM
პოსტი #190


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,039
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 1 2009, 01:12 PM) *

იგავებზე ცალკე თემა რომ გვქონდეს? აგერ მიდევს წინ ღლონტის წიგნები, თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო ბევრი განმარტება მინახავს ნეტშიც. მოდი, ცალკე თემა გავაკეთოთ და ყველა მასალა იქ დავდოთ. რას იტყვით?


მშვენიერიაა, და დაიდოს მარტო იგავები და კომენტარები, ვისაც მოეწონება ადგება და ამობეჭდავს მე "ზა" მივესალმები.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 1 2009, 01:20 PM
პოსტი #191


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



Amuza
ჰოდა, იქვე განვიხილავთ. ასე ჯობს. ახლა ვეძებდი უძღები შვილის იგავის განმარტებას აქ. ვერ ვნახე, მე მაქვს რაღაც მასალები. ჰოდა, ასე რომ შEგვეკრა, გამოვა კარგი რამ. თან კითხვები მაქვს მოწყალე სამარიტელის იგავთან დაკავშირებით და რა ვიცი. აბა, მდოერი მოვიდეს smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Oct 1 2009, 01:32 PM
პოსტი #192


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,039
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 1 2009, 01:20 PM) *

Amuza
ჰოდა, იქვე განვიხილავთ. ასე ჯობს. ახლა ვეძებდი უძღები შვილის იგავის განმარტებას აქ. ვერ ვნახე, მე მაქვს რაღაც მასალები. ჰოდა, ასე რომ შEგვეკრა, გამოვა კარგი რამ. თან კითხვები მაქვს მოწყალე სამარიტელის იგავთან დაკავშირებით და რა ვიცი. აბა, მდოერი მოვიდეს smile.gif


ძალიან კარგი. მშვენიერია.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 06:08 PM
პოსტი #193


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



განმარტებებისათვის ცალკე თემაა საჭირო, აქ მხოლოდ წერილი smile.gif

35. და ჰკითხა ერთმა მათგანმა, სჯულის მოძღვარმა, ცდიდა მას და ეუბნებოდა:

36. მოძღვარო, რომელი მცნებაა უდიდესო სჯულში?

37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)

38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.

39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18)

40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 1 2009, 06:21 PM
პოსტი #194


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
37. ხოლო იესომ უთხრა მას: შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. (2შჯ.6,5)38. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.39. და მეორე - მსგავსი ამისი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. (ლევ.19,18)40. ამ ორ მცნებაზეა მთელი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებული.



აგაშენა ღმერთმა! ამაზე ვილაპარაკოთ უფრო ბევრი და უფრო დაწვრილებით არ ჯობია? სადღაც აქაა მთავარი გასაღები და არა ცოდვების მონანიებაში და ლიტურგიებში და დოგმატიკაში და კანონიკაში და ჯოჯოხეთსა და სამოთხეში და რელიგიაში და ფილოსოფიაში და კიდე ბევრ რამეში...

იჰარე!

ატმანი! a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 1 2009, 06:29 PM
პოსტი #195


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სადღაც აქაა მთავარი გასაღები და არა ცოდვების მონანიებაში და ლიტურგიებში და დოგმატიკაში და კანონიკაში და ჯოჯოხეთსა და სამოთხეში და რელიგიაში და ფილოსოფიაში და კიდე ბევრ რამეში...

ოოო, არც ეგრეა smile.gif
ახლა მოდი აქ ნუ გავაბამთ დისკუსიებს, და თუკი კიდევ რაიმე გექნება სათქმელი გადავიდეთ ღვთისმეტყველების რომელიმე შესაბამის თემაში, სინამდვილეში კი მოყვასის და ღმერთის სიყვარული, სწორედაც რომ გამოიხატება სინანულში, ცოდვებისაგან განწმედაში, ამ განწმედისათვის აუცილებელს საიდუმლოებებში მონაწილეობაში, და სარწმუნოებაში, რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია იმქვეყნიური ცხოვრების რწმენა, ანუ ამათი შეპირისპირება საქმის არცოდნის ნიშანია, ეს ყველაფერი ერთიანი ჯაჭვია და ერთიანადაც უნდა განიხილო smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 1 2009, 06:34 PM
პოსტი #196


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ოოო, არც ეგრეა ახლა მოდი აქ ნუ გავაბამთ დისკუსიებს, და თუკი კიდევ რაიმე გექნება სათქმელი გადავიდეთ ღვთისმეტყველების რომელიმე შესაბამის თემაში, სინამდვილეში კი მოყვასის და ღმერთის სიყვარული, სწორედაც რომ გამოიხატება სინანულში, ცოდვებისაგან განწმედაში, ამ განწმედისათვის აუცილებელს საიდუმლოებებში მონაწილეობაში, და სარწმუნოებაში, რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია იმქვეყნიური ცხოვრების რწმენა, ანუ ამათი შეპირისპირება საქმის არცოდნის ნიშანია, ეს ყველაფერი ერთიანი ჯაჭვია და ერთიანადაც უნდა განიხილო იხარე;კაიროსი!


ეგ ყველაფერი საწყისი ეტაპია... გავიარე ეგ ეტაპი და ცოდვებისგანაც ასე თუ ისე განვიწმინდე a075.gif (ეს ნახევრად ხუმრობით) კამათს არ ვაგრძელებ ჯერჯერობით.

იჰარე!

ატმანი!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 2 2009, 09:01 AM
პოსტი #197


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ცოდვებისგანაც ასე თუ ისე განვიწმინდე (ეს ნახევრად ხუმრობით)

ვააა biggrin.gif აკი, რაც უფრო წმინდა ხდება ადამიანი მით უფრო ცოდვილად ხედავს თავისთავსო? a075.gif ხო, კარგი კამათი მერე თავადვე რომ ინებებ...


ხალხო, მე ყოველთვის ვერ მოვახერხებ და იქნებ ვინმემ დამეხმაროთ, ყოველდღე აქ

http://www.orthodoxy.ge/kalendari.htm
როდესაც დააყენებ სტილს (ახალი) და მიანიშნებ ზუსტად დღეს და თვეს ქვემოთ ასეთი რამ ეწერება
დღე (თიკოს დაბადების დღეა ისე smile.gif )

პარასკევი 2 ოქტომბერი
ძველი სტილით ახალი სტილით

შემდგომი დღესასწაული ჯვრის ამაღლებისა.

მოწამეთა: ტროფიმესი, საბატისა და დორიმედონისა (+276); მოწამისა ზოსიმე მეუდაბნოისა (IV).

ეფეს. 226 დას. IV, 17-25. ლკ. 14 დას. IV, 22-30.

აი პირველ რიცხვს (226 და 14 ) არ მიაქციოთ ყურადღება ეს საღვთისმსახურო წიგნებში (შესაბამისად სამოციქულოში, რომელიც პირველად იკითხება და სახარებაში) მინიშნებული ე.წ. დასაწყისებია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავი და მუხლები, რომლებიც იკითხება ამ დღეს, ისე კი თუკი მთაწმიდელის სახარებას რომელიც ინტერნეტშია ნახავთ

http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/efeselta.htm

ისიც სწორედ მაგ დასაწყისების მიხედვითაა დაწყობილი და ძებნა არ დაგჭირდებათ დიდი, რადგან ცალცალკეა ყველა მონაკვეთი (ან ხანდახან ნაწილია მხოლოდ), ჩვენც აქედან დავაკოპიროთ:

აქ ეფესელთა მიმართ თავი IV და მუხლები 17-25

ხოლო სახარება ლუკასია თავიIV მუხლები 22-30

და იქნებ ყოველდღიურად ამოვიწეროთ ეს ნაწყვეტები? smile.gif დამეხმარეთ, ასე დღის სამოციქულოსაც და სახარებასაც მივადევნებთ თვალს smile.gif

დღის სამოციქულო და სახარება:

პავლე მოციქულისა წიგნი ეფესელთა მიმართ

თავი 4

17. ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, 18. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა, უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა. 19. რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა. 20. ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. 21. უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს, ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა, 22. განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, 23. და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა 24. და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული, სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა.

ლუკას სახარება

თავი 4

22. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი? 23. და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა. 24. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. 25. ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. 26. და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. 27. და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური. 28. და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. 29. და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. 30. ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 2 2009, 09:13 AM
პოსტი #198


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ვააა აკი, რაც უფრო წმინდა ხდება ადამიანი მით უფრო ცოდვილად ხედავს თავისთავსო? ხო, კარგი კამათი მერე თავადვე რომ ინებებ...


ჰოდა წმინდა რომ გავხდი და ცოდვილად ვხედავდი თავს , მაგის გამო ჩავთვალე რომ ხიბლში ვვარდებოდი... ჩემ ცოდვებს რომ ვხედავ ასე კარგად ესე იგი წმინდანი ვართქო, ჰოდა თავი რომ დავიმდაბლო აღარ ვხედავ ცოდვილად ჩემ თავს, ამით უფრო თავმდაბალი ვხდები biggrin.gif
ხოლო რადგანაც თავი თავმდაბალი მგონია, ესე იგი ამაყი და ამპარტავანი ვარ და ცოდვილი, შესაბამისად ვხედავ რომ ცოდვილი ვარ ანუ ვარ წმინდანი! biggrin.gif biggrin.gif

იჰარე!
ატმანი!

პ.ს. მზად ვარ განვაახლო კამათი, მიმითითე შეხვედრის ადგილი, რომელ თემაში დავწერო smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr.satadarigo
პოსტი Oct 2 2009, 12:31 PM
პოსტი #199


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



Atman

ჩემში მაგარ მხიარულებას იწვევს ხოლმე შენი პოსტებიbiggrin.gif

იჰარე


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 2 2009, 12:37 PM
პოსტი #200


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



mr.satadarigo

ხო, ახლა ჩარლის ობრაზში ვარ და... a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2014 - 08:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი