IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ნათლისღების შესახებ, ნათლობა წყლით, მირონით, სისხლით და ა.შ.
ზებედე
პოსტი Dec 30 2006, 10:52 PM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



წმინდა იოანე დამასკელი


მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა


თავი ოთხმოცდამეორე
რწმენისა და ნათლისღების შესახებ


ხოლო ვაღიარებთ ერთ ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად და საუკუნო სიცოცხლისათვის, რადგან ნათლისღება უფლის სიკვდილს ცხადყოფს. ამიტომ, ნათლისღების მიერ თანადავეფლვით უფალთან, როგორც ამბობს საღვთო მოციქული (რომ. 6,4).

ამრიგად, როგორც ერთგზის აღსრულდა უფლის სიკვდილი, ასევე ერთგზის გვმართებს ნათლისღება, ხოლო, უფლის სიტყვისებრ, ნათელვიღებთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, რითაც ვსწავლობთ მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარებას. ამიტომ, თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქულთ „შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი“ (და ასე შემდეგ) „კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ რა ქრისტესი (ებრ. 6,4-6). მაგრამ რომლებიც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ „ქრისტეს მიმართ“ და „მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ“ (რომ. 6,3), მაგრამ არათუ იმას ამბობს, რომ ამ სახით უნდა მოხდეს ნათლისღებითი ხმობა1, არამედ იმას, რომ ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება.

ამრიგად, ქრისტეს მიმართ ნათლისღება მისდამი მორწმუნეთა ნათლისღებას ცხადყოფს, მაგრამ შეუძლებელია ქრისტესადმი მორწმუნეობა, თუ არ გვისწავლია მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარება, რადგან ქრისტე არის ცოცხალი ღვთის ძე, რომელსაც სცხო მამამ წმინდა სულით, როგორც ამბობს საღვთო დავითი „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა, ზეთი სიხარულისა, შენს მოწილეებზე მეტად“ (ფს. 44,8), და ესაიაც ამბობს უფლის პირით: „სულიწმინდაა ჩემზე, რომლის გამოისობითაც მცხო მე“ (ესაია 61,1). ხოლო ხმობა უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს, უთხრა რა: „ნათელსცემდით მათ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელის მიმართ“ (მათე 28,19). მართლაც, რადგან უხრწნელებისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა, ჩვენ კი გადავედით მის მაცხოენებელ მცნებას და სიკვდილის ხრწნილებით დავისაჯეთ, ბოროტება რომ უკვდავი არ ყოფილიყო, თავის მონებამდე თანადადაბლდა იგი როგორც კეთილმოწყალე, და გახდა რა ჩვენებრი, საკუთარი ვნებულებით ხრწნილებისგან გამოგვისყიდა ჩვენ და თავისი წმინდა და უბიწო გვერდიდან გვიწყაროა წყარო მიტევებისა, კერძოდ, ერთი მხრივ - წყალი ახალშობისათვის და, ცოდვისგან და ხრწნილებისგან განსაბანად, მეორე მხრივ კი - სისხლი სამარადისო სიცოცხლის მომნიჭებელ სასმელად; ამასთან, მცნებებიც მოგვცა მან, რომ ახალშობა მიგვეღო წყლისა და სულის მიერ, რაჟამს ვედრებისა და ხმობის გზით სული გადმოვიდოდა წყალზე, ხოლო რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს „ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“ განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს. მართლაც, დასაბამიდან „ღვთის სული მიმოიქცეოდა წყლებზე“ (შესაქ. 1,2). საღვთო წერილიც თავიდანვე გვიმოწმებს, რომ განმწმენდია წყალი. ნოეს დროს ღმერთმა წყლის მიერ გადარეცხა ქვეყნიური ცოდვა. რჯულის მიხედვით, წყლის მიერ განიწმინდება ყველა უწმინდური და თვით სამოსლებიც წყლით ირეცხება. ელიამ სულის მადლი წყალთან თანაშეზავებულად გააცხადა, წყლით დაწვა რა ყოვლადდასაწველი (III მეფ. 1,34). და თითქმის ყველაფერი, რჯულის თანახმად, წყლით განიწმინდებოდა (რადგან ხილულნი გონისეულთა სიმბოლოები არიან). ამიტომ ახალშობა სულიერად ხდება, რადგან თუმცა ქმნილებანი ვართ, ძალუძს რწმენას, რომ სულის მიერ ძეობილგვყოს და დასაბამიერი ნეტარებისაკენ აგვიყვანოს.

ამრიგად, ცოდვათა მიტევება ყველას ერთნაირად ეძლევა ნათლისღების მიერ, სულის მადლი კი - რწმენისა და წინასწარი განწმენდის შესაბამისად. ამიტომ, ამჟამად ნათლისღების მიერ საწყისს2 ვიღებთ სულიწმინდისას და ეს კვლავშობა3 ჩვენთვის ხდება მეორე ცხოვრების დასაბამი, ბეჭედი, დამცველობა და განათლება.

გვმართებს, რომ მთელი ძალით საიმედოდ დავიცვათ ჩეენი სიწმინდე ბილწ საქმეთაგან, რომ ძაღლის მსგავსად უკანვე არ მივუბრუნდეთ საკუთარ ამონანთხევს (2 პეტრე 2,22) და კვლავ ცოდვის მონებად არ გავიხადოთ თავი, რადგან „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2,20), ისვვე როგორც საქმეები - რწმენის გარეშე. მართლაც, ჭეშმარიტი რწმენა საქმეთა მიერ გამოიცდება.

ნათელვიღებთ წმინდა სამების მიმართ, რადგან თვით ნათელღებულნი საჭიროებენ წმინდა სამებას თავისი თავის შემყარებისა და მედეგობისთვის. ამასთან, შეუძლებელია, რომ ურთიერთ თანამყოფი არ იყოს სამი ჰიპოსტასი, რადგან განუცალკევებელია წმინდა სამება.

პირველი ნათლისღება წარღვნისა იყო, ცოდვის მოსაკვეთად.

მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი - წყლისა.

მესამე რჯულისმივრი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში.

მეოთხე იოანესი იყო, როგორც მოსამზადებელი4 და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: „მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით“ (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის.

მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ.

ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: „იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ“ (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება.

მეექვსე ესაა - სინანულისა და ცრემლისმიერი, რაც ჭეშმარიტად მძიმეა.

მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენს გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ.

მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ - მტანჯველი დაუსრულებლად.

სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი და პატივი მიაგო რა სხეულს, რადგან ესეც, ესე იგი სხეულიც, ღმერთია განღმრთობით. ამასთან, ძველთაგანვე სჩვევია მტრედს წარღვნის დაცხრომის მახარებლობა, წმინდა მოციქულებზე კი ცეცხლისსახოვნად გადმოდის, რადგან ღმერთი არის იგი, „ხოლო ღმერთი გამანადგურებელი ცეცხლია“ (მე-2 რჯ. 4,24; ებრ. 12,29).

ნათლისღებაში შემოღებულია ზეთი აღმნიშვნელად ცხებისა, რაც ცხებულებად გვხდის ჩვენ და აღგვითქვამს მოწყალებას5 ღვთისას, სულიწმინდისმიერს, რადგან ზეთისხილის რტოც მტრედმა მიუტანა წარღვნისგან გადარჩენილებს.

ნათელიღო იოანემ მეუფის საღვთო თავზე ხელის დადებით და საკუთარი სისხლით.

არ არის საჭირო ნათლისღების გადადება, როდესაც მომსვლელთა რწმენა საქმეთა მიერ არის დამოწმებული, ხოლო ნათლისღებასთან მზაკვრულად მოსული უფრო დაისჯება, ვიდრე ირგებს.









საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე


წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა


ვიტყვით რასმე ამჟამინდელ დღესასწაულზე. ბევრი დღესასწაულებს აღნიშნავენ და მათი სახელწოდებანიც იციან, მაგრამ არ უწყიან რა მიზეზის გამო არიან ისინი დაწესებული. ასე მაგალითად ის, რომ დღევანდელი დღესასწაული ღვთისგანცხადებად იწოდება, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორი ღვთისგანცხადებაა იგი და ერთია თუ ორი, ეს არ იციან. სირცხვილია, ყოველ წელს დღესასწაულობდე და არ იცოდე დაწესების საბაბი.

ამიტომაც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ითქვას, რომ ღვთისგანცხადება ერთი კი არ არის, არამედ ორი: ერთი ამჟამინდელი, რომელიც უკვე აღსრულდა, ხოლო მეორე კი მომავალი, რომელიც დიდებით აღსრულდება ქვეყნიერების დასასრულს. ერთზეც და მეორეზეც დღეს პავლესაგან გესმათ, რომელიც საუბრობს რა ტიტესთან, ამგვრად იტყვის აწინდელზე: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღვრებელად ჩუენდა, რაჲთა უარვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის-თქმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,11-13).1X წინასწარმეტყველმაც ამ უკანასკნელზე თქვა: „მზე დაბენლდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 3,4). რისთვისაა, რომ ღვთის განცახებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელ-იღო? დღე დღევანდელი სწორედ იგია, როდესაც მან ნათელ-იღო და წყლის ბუნება აკურთხა. სწორედ ამიტომაც ამ დღესასწაულზე ყველა წყალს აღმოივსებს თავისთვის და მიაქვს სახლში და ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ამ დღეს წყლები იკურთხევა; და ხდება აშკარა ნიშ-სასწაული: დროთა განმავლობაში ეს წყალი თავის არსებაში არ ფუჭდება, არამედ დღეს აღმოვსებული მთელი წელი, ხშირად კი ორი და სამი წელიც კი გაუხრწნელი და ახალთ-ახალი რჩება და მრავალი ხნის შემდეგაც არაფრით ჩამოუვარდება წყაროდან სულ ახლახანს ამოვსებულ წყალს. რის გამო იწოდება ღვთისგანცხადებად ეს დღე? იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: „თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ“ (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? „მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“ (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან სჩანს, რომ - ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ანთავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. „წყალში განიბანოს, - ნათქვამია წმ. წერილში, - და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება“ (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილნი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.

მაშასადამე იუდაური განბანვა ცოდვებისაგან კი არ ანთავისუფლებდა, არამედ მხოლოდ სხეულებრივი არაწმინდებისაგან. ამგვარი როდია ჩვენი :იგი შეუდარებლად მაღლა დგას, უდიდესი მადლით აღსავსეა, რამეთუ ცოდვისაგან ანთავისუფლებს, განწმენდს სულს და მოსცემს სული წმიდის ნიჭს. იოანესეული ნათლობაც იუდაურზე ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იგი თითქოსდა ხიდი იყო ორ ნათლისღებას შორის, თავით თვისით პირველი უკანასკნელთან რომ მიჰყავდა; ვინაიდან იოანე სხეულებრივი განწმენდით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ მის ნაცვლად შეაგონებდა და ურჩევდა მანკიერებათა დატოვებით სათნოებებს მიახლებოდნენ და ცხონების იმედი კეთილ საქმეთა აღსრულებაში ჰგულვებოდათ და არა წყლით მრავლგვარ განბანვასა და განწმენდაში. იოანეარ ამბოობდა: განრეცხე სამოსელი შენი, განბანე სხეული შენი, და იქნები წმინდა, არამედ რას? „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სისნანულისა“ (მათე 3,8). ამიტომაც იგი იუდაურზე მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იოანესეული ნათლის-ღება არ ანიჭებდა სული წმიდას და არ მოჰქონდა მადლიანი შენდობა: იგი მცნებად უსახავდა შეენანათ, მაგრამ ხელმწიფება არ გააჩნდა ცოდვები მიეტევებინა. სწორედ ამიტომაც იტყოდა იოანე: მე წყლით გნათლავთ... ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი... მოგნათლავთ სული წმიდით და ცეცხლით“ (მათე 3,11). აშკარაა, რომ იგი (იოანე) სულით არ ნათლავდა. რაღას ნიშნავს: „სული წმიდით და ცეცხლით“? მოიგონე დღე იგი, როდესაც მოციქულებს „მოევლინათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თითოეულ მათგანს“ (მოც. საქმე 2,3). ხოლო იოანეს ნათლობა რომ სული წმიდასა და ცოდვათა მიტევებას არ ანიჭებდა, სჩანს შემდეგიდან: პავლე „შეხვდა ზოგიერთ მოწაფეს, და უთხრა მათ: მიიღეთ კია სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? ხოლო მათ უთხრეს: არც გაგვიგია, არის თუ არა სული წმიდა. უთხრა მათ პავლემ: იოანე ნათელ-სცემდა სინანულის ნათლისცემით“, - სინანულისა, მაგრამ არა ცოდვათა მიტევებისა; მაგრამ რიღასთვის ნათელ-სცემდა? „ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესუ ქრისტე. ეს რომ გაიგონეს ნათელ-იღეს უფლის იესუს სახელით. და დაასხა მათ ხელი პავლემ, და გადმოვიდა მათზე სული წმიდა“ (მოც. საქმე 19,1-6). ხედავ, რამდენად არასრულყოფილი იყო იოანესეული ნათლის-ღება? ვინაიდან, თუკი ის არ იქნებოდა არასრუყოფილი, მაშინ პავლე ხელახლა არ მონათლავდა, და ხელებს არ დაასხამდა მათ; აღასრულა რა ერთიცა და მეორეც აჩვენა სამოციქულო ნათლის-ღების უპირატესობა და ის, რომ იოანესეული ნათლის-ღება ბევრად უფრო დაბლა იდგა. მაშ ასე, აქედან ჩვენ შევიტყვეთ განსხვავება ნათლის-ღებათა შორის; ახლა კი აუცილებელია ვთქვათ, რად მოინათლა ქრისტე და რომელი ნათლის-ღებით? არც უწინდელით - იუდაურით, არც გვიანდელით - ჩვენით; რამეთუ არ საჭიროებდა იგი ცოდვათა მიტევებას; როგორაა ეს მისთვის შესაძლებელი, ვისაც არანაირი ცოდვა არ გააჩნდა? „არ შეუცოდავს, - ნათქვამია წმ. წერილში, - არ დასჩენია ზაკვა მის ბაგეს“ (1 პეტრესი 2,22). და კიდევ: „რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვაში?“ (იოანესი 8,46). და ხორცნი მისი უზიარებელი როდი იყო სული წმიდას, რომელიც დასაწყისშივე სული წმიდით იყო წარმოქმნილი? და რაკიღა ხორცნი მისი უზიარებელ იარ იყო სული წმიდას და თვითონაც არ ექვემდებარებოდა ცოდვას, მაშ რიღასთვის მოინათლა? მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ თუ როგორი ნათლისღ-ღებით მოინათლა იგი, რის შემდეგ გასაგები გახდება ისიც. როგორიღა ნათლის-ღებით მოინათლა იგი? - არც იუდაურით, არც ჩვენით, არამედ იოანესი. რისთვის? იმისთვის, რომ თვით ნათლობის ხასიათიდან შეიცნო, რომ იგი ცოდვის მიზეზით არ ინათლებოდა და სული წმიდის ნიჭსაც არ საჭიროებდა; რამეთუ როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, ეს ნათლი-ღება შორს იდგა როგორც ერთისგან, ისე მეორისგან. აქედან ჩანს, რომ იგი იორდანესთან არც ცოდვათა მიტევებისათვის მოდის და არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად. მაგრამ იქ მყოფთაგან ზოგიერთს რომ არ ეფიქრა, სხვებსავით სინანულისთვის მოდისო, მოისმინეთ, იოანემ როგორ გაითვალისწინა ესეც. მაშინ, როცა სხვებს ეუბნებოდა: „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა“, ისმინეთ, რას ეუბნება იგი მაცხოვარს: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხან ჩემთან“ (მათესი 3,8,14); ამ სიტყვებით მან აჩვენა, რომ ქრისტეც იმავე საჭიროებისთვის არ მოდის მასთან, რისთვისაც ხალხი და რომ ნათლის-ღების საჭიროებისაგან იგი იმდენადვე შორს იდგა, რამდენადაც თვით ნათლისმცემელზე შეუდარებლად წმინდა და მაღლა მდგომი იყო. მაშ, რიღასთვის მოინათლა იგი თუკი მან ეს არ მოიმოქმედა არც სინანულისთვის, არც ცოდვათა მისატევებლად, არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად? სხვა ორი მიზეზის გამო, რომელთაგანაც ერთზე მოწაფე ამბობს, ხოლოს მეორეზე კი თვით ეტყვის იოანეს. ამ ნათლის-ღების რომელი მიზეზი გამოთქვა იოანემ? ის, რომ ქრისტე ცნობილი გამხდარიყო ხალხისთვის, როგორადაც პავლეც იტყვის: „იოანე ნათელს-ცემდა სინანულის ნათლის-ცემით... რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი (მოც. საქმე 19,4); ეს იყო ნათლის-ღების შედეგი. თუ იოანე თითოელი მათგანის სახლთან მივიდოდა და კართან დამდგარი შინიდან გარეთ გამოიხმობდა და ქრისტეს ხელჩაჭიდებული იტყოდა: „ესაა ძე ღვთისა“, მაშინ ასეთი მოწმობა საეჭვო იქნებოდა და საქმე ესე ფრიად საძნელო; და თუ სინაგოგაში შეიყვანდა ქრისტეს და იქ დაამოწმებდა, მისი დამოწმება აქაც ეჭვს გამოიწვევდა; მაგრამ როდესაც ხალხთა სიმრავლე იორდანესაკენ მოისწრაფოდა და მის ნაპირებზე იდგა და როცა თვით მაცხოვარიც მოვიდა ნათლის-ღებისთვის და დამოწმება ზეგარდმო ზეციური მამისაგან მიიღო ხმით და სული წმიდის გარდამოსვლით ტრედის სახით, მაშინ მასზე იოანეს მოწმობა უეჭველი გახდა. ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას“, რითაც თაის დამოწმებას უტყაურს ხდის (იოან. 1,31). ისინი ხორციელი ნათესავები იყვნენ: „და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო“, ეტყოდა მარიამს ანგელოსი იოანეს დედაზე (ლუკა 1,36); თუკი დედები იყვნენ ნათესაობაში ერთმანეთთან, ცხადია, - შვილებიც. ამიტომ რამდენადაც ისინი ნათესავები იყვნენ, ისე რომ არ გამოჩენილიყო, თითქოს იოანე ნათესაობის გამო მოწმობს ქრისტეზე, სული წმიდის მადლმა ისე მოაწყო, რომ იოანემ მთელი თავისი წარსული ცხოვრება უდაბნოში გაატარა, ვისმეს რომ არ ეფიქრა, მისი მოწმობა მეგობრობიდან ან რომელიმე მსგავსი მიზეზიდან მომდინარეობსო. იოანემ კი იმგვარად ამცნო მასზე, როგორც ღვთისგან იყო დასწავებული; ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას“. როგორღა იცანი? „ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლისცემად, მითხრა“. რა გითხრა მან? „ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“ (იოანე 1,33). ხომ ხედავ, რომ სული წმიდა მასზე ისე როდი გარდამოვიდა, როგორც პირველი გარდამოსვლისას მასზე, არამედ მის მიერ ქადაგებულზე, თითქოს თითით, ყველას მიუთითა, თავისი მოფენისას. ამა მიზეზის გამო მოვიდა ნათლის-ღებაზე. იყო სზვა მიზეზიც, რაზე თავადაც იტყვის; რომელი სახელდობრ? როდესაც იოანემ უთხრა: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?“ იესუმ ასე მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“ (მათე 3,14-15). ხედავ თვინიერებას მონისა? ხედავ სიმდაბლეს მეუფისა? რაღას ნიშნავს: „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე?“ სიმართლედ იწოდება ყოველი მცნების აღსრულება, როგორც თქმულ-არს: „ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს“ (ლუკა 1,6). იმდენად, რამდენადაც ამ სიმართლეს უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა ასრულებდეს, მაგრამ არავინ დაიცვა იგი, ამიტომაც მოვალს ქრისტე და აღსრულებს ამ სიმართლეს.

კი მაგრამ რა სიმართლეა იმაში, იკითხავს ზოგიერთი, რომ მოინათლო? წინაწარმეტყველისადმი დამორჩილება იყო სიმართლე. ქრისტემ როგორადაც წინადაიცვითა, შესწირა მსხვერპლი, იცავდა შაბათს და მისდევდა იუდაურ დღესასწაულებს, იმგვარადვე მიამატა ესეც, დაემორჩილა ნათლისმცემელ წინასწარმეტყველს. ღვთის ნება იყო, რომ მაშინ ყველა მონათლულიყო, რაზედაც ყური მიუგდე იოანეს: „ჩემმა მამვლინებელმა წყლით ნათლის-ცემად“ (იოანე 1,3); ასევე ქრისტეც: „მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ-იღეს იოანეს ნათლის-ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან“ (ლუკა 7,29-30). მაშასადამე, თუ ღვთისადმი დამორჩილება წარმოადგენს სიმართლეს, ხოლო ღმერთმა კი იოანე წარმოგზავნა, რათა ხალხი მოენათლა, ქრისტემ ყველა სხვა მცნებასთან ერთად ესეც აღასრულა. დავუშვათ, რომ სჯულის მცნებები ორასი დინარია; ეს ვალია, რომელიც ჩვენმა მოდგმამ უნდა გადაიხადოს; მაგრამ ჩვენ ვალი არ გადავიხადეთ და ასეთ დანაშაულში ჩავარდნილები, მოგვიცვა სიკვდილმა. მოვიდა ქრისტე და რა გვნახა სიკვდილით შეპყრობილები, გამოგვიხსნა ვალისაგან, ყველა, ვისაც არ შეგვეძლო გადახდა. ამიტომ მას არ უთქვამს: „ჩვენ გვმართებს ეს და ეს მოვიმოქმედოთ“, არამედ „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“. „მე, მეუფეს მქონებელსა, - ამბობს ის, - ჯერ-მიჩნს გადავიხადო მათთვის, ვინც არმქონეა“. ასეთია მისი ნათლის-ღების მიზეზი, რათა ყველამ ნახოს, რომ მან აღასრულა მთელი სხული; და ეს მიზეზი ისაცაა, რაზედაც ამაზე უწინ ითქვა. ამიტომაც გარდამოვიდა სული სახედ ტრედისა; რამეთუ, სადაც - ღმერთთან შერიგებაა, იქვეა ტრედიც. ასევე ნოეს კიდობანში ტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო - ნიშანი ღვთის კაცთმოყვარებისა და წარღვნის შეწყვეტისა, და ამჯერადაც სახედ ტრედისა, და არა სხეულში, - ეს განსაკუთრებულად უნდა შევნიშნოთ - გარდამოხდა სული წმიდა, ამცნობდა რა ღვთის წყალობას ქვეყნიერებას და ამასთან აჩვენებდა, რომ სულიერი ადამიანი უბოროტო, უბრალო და უმწიკვლო უნდა იყოს, როგორც ქრისტეც იტყვის: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათე 18,3). მაგრამ ის კიდობანი წარღვნის შემდგომ მიწაზე დარჩა, ეს კიდობანი კი მას შემდეგ რაც რისხვა შეწყდა, ცადაა აღყვანებული, და ამჟამადაც ეს უბიწო და უხრწნელი სხეული ჰგიეს მარჯვენით მამისა.

ვახსენე რა უფლის სხეული, მცირეოდენს ამაზეც ვიტყვი, ხოლო მერმე კი საუბარს განვასრულებ. დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი მიეახლება წმ. ტრაპეზს. მაგრამ ბევრი მიეახლება თრთოლვისა და კრძალვის გარეშე, სხვისთვის მუჯლუგუნების რტყმით, მრისხანება მორეული, ყვირილით, წყევით, მოყვასის წყენით, დიდი აღშფოთებით... რითი ხარ, მითხარ მე, ადამიანო აღშფოთებული? რას მოუგვრია მოუსვენრობა? რა თქმა უნდა, აუცილებელი საქმეები მოგიხმობს შენ; ამ წუთში შენ განსაკუთრებულად გრძნობ, რომ საქმეები გაქვს, განსაკუთრებით გახსოვს,რომ მიწაზე ხარ და ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა? მაგრამ განა გაქვავებულ გულს არ სჩვევია იფიქროს, რომ ასეთ რდოს შენ მიწაზე დგახარ და არ ზეიმობ ანგელოსებთან, რომლებთან ერთადაც ძლევის გალობას აღუვლენ ღმერთს? ამადაც გვიწოდა ქრისტემ არწივები, სთქვა რა: „სადაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი“ (მათე 24,28), - რათა ჩვენ ზეცად აღვიწეოდეთ, მაღლა-მაღლა ვფრენდეთ, ამაღლებულნი ჩვენი სულის ფრთებით; ხოლო ჩვენ კი გველებივით ქვე-მძრომობთ მტვერში და მიწასა ვლოშნით. სადილზე მიწვეული, რომც დანაყრდე, მეგობრებზე ადრე მაინც ვერ ბედავ წამოხვიდე, ვიდრე ისინი ტრაპეზს უსხედან; აქ კი, როცა ჯერ ისევ გრძელდება მღვდელმოქმედება, შუა წირვაში ყველაფერს ტოვებ და გარეთ გამოდიხარ? შენდობას იმსახურებს ამგვარი საქციელი? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამას? იუდა, ეზიარა რა უკანასკნელ სერობაზე იმ ბოლო ღამეს, აჩქარებით გამოვიდა, მაშინ როცა დანარჩენები ჯერეც ინახით ისხდნენ. აი, ვის ბაძავენ ისინი, ვინც სამადლობელ ლოცვებამდე გამოდიან (ტაძრიდან)! ის რომ არ გამოსულიყო, მიმცემელი არ შეიქმნებოდა; თანამოწაფენი რომ არ დაეტოვებინა, მაშინ არ დაიღუპებოდა; სამწყსოს რომ არ განშორებოდა, მგელიც არ მოინადირებდა და არ შთანთქავდა; მწყემმ რომ არ განცალკევებოდა, ნადირიც ვერ მოიტაცებდა. ამიტომაც ის (იუდა) იუდეველებთან იყო, ხოლო ესენი (მოციქულები) უფალთან ერთად გამოვიდნენ, მმადლობელნი. ხედავ განა, მსხვერპლშეწირვის შემდეგ თურმე რის მიხედვით აღესრულება უკანასკნელი ლოცვა? წარმოვიდგინოთ ეს, საყვარელნო, ვიფიქროთ ამაზე, შევუშინდეთ ამისთვის მოსალოდნელ განკითხვას. მოვუხდეთ წმიდა მსხვრეპლს უდიდესი კეთილწესიერებით, შესაფერისი კეთილმოკრძალებით, რათა ღვთისაგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა თანა შვენის დიდება და ხელმწიფება მამასა, სული წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მღვდელი თეოდორე გიგნაძე


მოუნათლავი და ეკლესია



„წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16, 15-16). უფლის ამ სიტყვებიდან აშაკარაა, რომ სანამ ზრდასრული ადამიანი მოინათლებოდეს, მან ჯერ უნდა შეისწავლოს სარწმუნოება (მას შემდეგ რაც ექადაგება), შემდეგ რომ ირწმუნოს (რწმენაში გარკვეული ცხოვრების წესი იგულისხმება) და მხოლოდ ამის შემდეგ ნათელ-იღოს.

პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად უნდა ხდებოდეს: სულიწმიდის მიერ აღძრული ღვთის მაძიებელი ადამიანი მოდის ეკლესიაში, სადაც მოძღვარი უხსნის ჭეშმარიტი სარწმუნოების ანბანს. დაეხმარება, რომ მოსანათლავმა შეისწავლოს მართლმადიდებლობა (ანუ რა და როგორ გვწამს ქრისტიანებს, რომ მართლმადიდებლობა არის არა ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტება, და რომ რწმენა გარკვეული ცხოვრების წესს გულისხმობს). ამის შემდეგ ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას.

მოსანათლავმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნათლობით მასში კვდება ძველი ადამიანი და იშვება ახალი; ადამის შვილი ხდება ახალი ადამის - ქრისტეს შვილი; ამ ცოდვილი სამყაროს მკვიდრი ხდება მოქალაქე ქრისტეს სასუფეველისა, ნაწილი ქრისტეს სხეულისა (ანუ ეკლესიისა); მსხმოიარე ვაზის რტო ვაზზე (ანუ ეკლესიაზე) დამყნობილი. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე უდიდესო პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს ადამიანს. ამიტომაც არის, რომ ნათლობის საიდუმლოების პირველ ნაწილში (კათაკმევლად დადგინება), რომელიც შეიძლება ცალკე ჩატარდეს, მოსანათლავი დებს აღთქმას ღვთის წინაშე, რომ განეშორება სატანას და მის ბოროტ საქმეებს (ანუ ცოდვას), შეუდგება ქრისტეს (გახდება მისი მოწაფე), აღიარებს, რომ ქრისტეს სწამს როგორც ჩვენი გამოხსნისათვის განკაცებული ძე ღვთისა, სრული ღმერთი და სრული კაცი; ამბობს „მრწამსს“ (ანუ წარმოაჩენს, რომ აღიარებს მართლმადიდებლობას როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას), აღიარებს რომ უკვე შეუდგა ქრისტეს (ანუ უკვე გახდა მისი მოწაფე) და თაყვანსა სცემს ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ ადამიანი მზადაა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს სასუფეველს, მირონცხებით მიიღოს ნიჭები და ძალები ახალი ცხოვრების დასაწყებად და წმიდა ზიარებით გახდეს ქრისტეს სხეულის ანუ ეკლესიის ნაწილი, ცოცხალი უჯრედი ქრისტეს ცოცხალი ორგანიზმისა.

ხოლო რაც შეეხება პატარა ბავშვის ნათლობას, რომელთაც ასაკის გამო არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება, აღთქმის დადება და თავისი ნების გამოხატვა, ეკლესია ნათლავს მიმრქმელის (ნათლიის) რწმენით და პასუხისმგებლობით. სამწუხაროდ, მიმრქმელნი ხშირად ვერ დგანან თავის სიმაღლეზე - თავად არ არიან ეკლესიურნი, არ ცხოვრობენ ქრისტეს მცნებებით, არ არიან ქრისტეს მოწაფენი, არც კი იცნობენ მართლმადიდებლობას (არადა აღთქმის დადება ხომ მათ უწევთ ბავშვის ნაცვლად); მოკლედ არა სწამთ... უფალი კი ბრძანებს: „რომელთა რწმენეს და ნათელ იღოს“, რითაც აშკარად მიუთითებს რწმენის აუცილებლობაზე. ხოლო თუ ადამიანი ისე აპირებს მიმრქმელად (ნათლიად) დაუდგეს ვინმეს, რომ არ ფიქრობს ქრისტეს მიმდევრობას, ანუ მოწაფეობას, რაც ურწმუნოებას ნი


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 31 2006, 03:15 AM
პოსტი #2


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



სწავლება ძველი აღთქმის წმინდანების, და ახალი აღთქმის - ავაზაკის და სიდონიას ნათლობის შესახებ


რაც შეეხება ძველი აღთქმის მართალთ...
როგორც ცნობილია ყველა მათგანი ნათლობის გარეშე აღესრულა ანუ პირველცოდვით დამძიმებულნი წავიდნენ ამქვეყნიდან, მაგრამ დღეს ისინი ცათა სასუფეველში მკვიდრობენ.
ურყევი რჯულდებაა რომ სასუფეველში ვერ შეაღწევს ვერანაირი სახის ცოდვილი, მით უმეტეს პირველცოდვის მქონე. ამასთან ისიც ურყევია და შეუძრავი, რომ ყველა ჩვენთაგანში პირველცოდვის აღმომფხვრელია მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება.
მაშ, როგორღა მკვიდრობენ ცათა სასუფეველში ძველი აღთქმის მართალნი, პირველცოდვით აღსრულებულნი?
ცხადია და ყოვლად უეჭველია, რომ მათგან პირველცოდვა უკვე აღხოცილია, მაგრამ აღმხოცელი ხომ მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა?
დიახ, ნათლისღებაა ერთადერთი აღმხოცელი პირველცოდვისა.
შესაბამისად, თუ ძველი აღთქმის მართალთ ცათა სასუფევლის მკვიდრად ვრაცხავთ (და ეს უეჭველია) მაშ მათგან აღხოცილი ყოფილა პირველცოდვა, ხოლო რადგან პირვალცოდვის აღმხოცელი მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღებაა, უთუოდ და გარდაუვალად ისინიც ნათელღებულებად უნდა შევრაცხოთ (კვლავ ავღნიშნავთ, რომ ცათა სასუფეველში შესულთათვის მარადიულად ერთი გასაღებია-ნათლისღება. ეს გასაღებიუნდა ეპყრას ხელთ ყოველ ადამიანს, ძველი აღთქმისა იქნება იგი თუ ახალი აღთქმისა, რადგან სასუფევლის ბჭენი სხვა საშუალებით არ გაიხსნება). მაგრამ როგორ შევრაცხოთ ისინი ნათელღებულებად, როდესაც უნათლავად და პირველცოდვით აღესრულნენ?
ცხადია, მათზე მართლმადიდებლური ნათლისღების ხილული სახე არანაირად არ აღსრულებულა, რადგან ამგვარი რამ ყოვლად შეუძლებელი იყო (საუფლო განგებას ხსენებულ მართალთა ხორციელ სიცოცხლეში ეს ნათლობა საერთოდ არ ჰქონდა დაწესებული).
სწორედ ამიტომ შეენდობათ მათ ამქვეყნიური უნათლავობა (ანუ ნათლობის ხილული სახის ვერმიმღებლობა) და ისინი ინათლებიან ჯოჯოხეთში, რაჟამს იქ მაცხოვარი ჩადის, მაგრამ ინათლებიან საკუთარი რწმენით და მაცხოვნებელი სულით და, ცხადია, არანაირად -წყლის პროცედურით, ანუ არანაირად-ნათლობის ხილული წესით, რაც, კვლავ ავღნიშნავთ, შენდობილია მათთვის და შენდობილია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნულიხილული წესის შესრულება,როგორც ვთქვით, ყოვლად შეუძლებელი იყო (ჯოჯოხეთში წყლით ვერ მოინათლებოდნენ).
ამრიგად, როდესაც ძველი აღთქმის მართლებს "უნათლავებს " ვუწოდებთ, ვუწოდებთ მარტოოდენ იმ აზრით, რომ მათზე არ აღსრულებულა ნათლობის ხილული წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ისინი საერთოდ უნათლავები ანუ პირველცოდვით შებორკილები დარჩნენ და სასუფეველშიც ასე უხილავად იმყოფებიან. პირიქით, მათ მიიღეს უფლისმიერი ნათლისღება, მაგრამ-ნათლისღება მხოლოდ სულით და საკუთარი რწმენით, და ეს, როგორც ავღნიშნეთ, შენდობილია მათთვის, რადგან ნათლობის ხილული წესის მათზე აღსრულება ამქვეყნიდანაც და ჯოჯოხეთშიც აბსოლუტურად შეუძლებელი იყო.
იგივე ითქმის კეთილგონიერ ავაზაკთან დაკავშირებითაც, რომელსაც ჯვარზე არანაირი წყლის დასხმა, ცხადია, არ მიუღია მაცხოვრისგან, რადგან შეუძლებელი იყო ეს, მაგრამ იგი ნათელღებული (ანუ, რაც იგივეა, პირველცოდვისგან გათავისუფლებული) გახდა საკუთარი რწმენით და მაცხოვრისეული ცხოველსმყოფელი სულით (სულიწმინდით) , და არა მხოლოდ ნათელღებული გახდა, არამედ - სავსებით ჯოჯოხეთგარიდებულიც და დახშული სამოთხის პირველგამღებიც.
ამასვე ვიტყვით უფლის კვართითურთ დაფლულ სიდონიასთან დაკავშირებით, რომელიც ცხადია, ცხონებაშია და რომლის ცხონებულობას თუმცა ჩვენი ოპონენტებიც აღიარებენ, მაგრამ მაინც ბორგნეულობენ, რადგან "ფრიად სჭირთ". მათი მოსაზრება ამგვარია:სიდონია თურმე აღესრულა სულიწმინდის მოფენამდე. ეს იმას ნიშნავს,რომ მის ძმას ელიოზს, რომელმაც მაცხოვრის კვართი მიიღო მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, უსწრაფესად, სულიწმინდის მოფენამდე ჩამოუბრძანებია იგი მცხეთაში და კვართის შემტკბობელი სიდონიაც ამ დღესასწაულამდე აღსრულებულა, რის გამოც ისიც, როგორც თვლიან ძველი აღთქმის მართლებთან ერთად ცხონებულა როგორც წევრი ძველი აღთქმის ეკლესიისა, რადგან ახალი აღთქმის ანუ ქრისტეს ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება.
აღნიშნული მსჯელობა, ზემოგანხილული არაერთი ბრზნობის მსგავსად, უაღრესი უვიცობის ნაყოფია.
მართალია, მაცხოვნებელი ეკლესია სულიწმინდის მოფენისას ფუძნდება, მაგრამ ძველი აღთქმის მართალთა აღმოყვანება ჯოჯოხეთიდან ამ დღეს კი არ ხდება, არამედ მაცხოვრის ჯვარცმიდან მესამე დღეს, მისი ძლევაშემოსილი აღდგომისას. სწორედ ამ დღეს ხდება ძველი აღთქმის მართალთა ცხონებაში შესვლა და ეს უდიადესი მოვლენა ერთგზისია. ცხადია, არავინ იტყვის, რომ ელიოზმა შაბათსვე ჩამოასვენა კვართი მცხეთაში და სიდონიაც შაბათსვე აღესრულა.
მაშ, რამ აცხოვნა სიდონია, რით მოინათლა იგი?
კვართის შემტკბობი ქალწული აცხოვნა და მონათლა მოწამეობრივმა აღსასრულმა, საკუთარმა რწმენამ და მაცხოვნებელმა სულმა, ხოლო ნათლობის ხილული სახის აღუსრულებლობა შეენდო მას, რადგან ამგვარი რამ ყოფითად, ფიზიკურად ყოვლად შეუძლებელი იყო (ვისგან მოინათლებოდა?)
ედიშერ ჭელიძე.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Dec 31 2006, 04:03 AM
პოსტი #3


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



არქიმანდრიტი ზენონი (თეოდორი)


ეკლესიისა და საიდუმლოებების შესახებ


ქრისტეს ეკლესია - როგორც ყველასათვის ცნობილია - დაფუძნებულია პეტრეს აღსაარებაზე, რომ ეკლესიის თავკიდე (ქვაკუთხედი) არის ქრისტე, რომ მთავარია ქრისტეს - როგორც მაცხოვრის, გამომსყიდველის, როგორც ხორცშესხმული ღმერთის რწმენა.
დოგმატები ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტებებია, ურომლისოდაც შეუძლებელია ეკლესიის სრულფასოვანი ცხოვრება. დრონი შეიძლება იცვალონ, მაგრამ დოგმატები შეუცვლელი რჩება - ესაა საფუძველი, ფუნდამენტი, რომელზედაც ეკლესიის შენობა დგას. ეს იგივეა, რაც პეტრეს აღსაარება, ყველა დოგმატი ხომ სწორედ ცხონების აღმშენებლობით საიდუმლოს, ქრისტეს განკაცების საიდუმლოს აცხადებს. დოგმატები უცვლელი დარჩება, წეს-ჩვეულებანი კი ყოველთვის იცვლებოდა.
რუსი ძველმოწესენი სრულიად გულწრფელად თვლიდნენ, რომ ჩვეულების შეცვლა რწმენის შეცვლაა. შეეჩვივნენ რა ღმრთისმსახურების საკუთარ ფორმებს, ისინი ყველა უცხო ჩვეულებას სხვა რწმენად თვლიდნენ, ამიტომ არა მხოლოდ კათოლიკეებს, ბერძნებსაც კი სხვა სარწმუნოების მიმდევრებსა და ერეტიკოსებს (მწვალებლებს) უწოდებდნენ.
XVII საუკუნეში, მოსკოვში თვლიდნენ, რომ ბერძნებმაც ავნეს მართლმადიდებლობას, იმიტომ, რომ იმ დროინდელ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებანი იყო. ამიტომ, პატრიარქი ნიკონიც განდგომილებაში დაადანაშაულეს.
ეკლესია მყოფობს სოფლად, მაგრამ მას არ ეკუთვნის. მისთვის საშიში არ არის სოციალურ-ისტორიული კატაკლიზმები. ის მუდამ ცოცხალია. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი: ‘’მსგავს არს სასუფეველი ცათაი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი გქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად’’ [მათე, 13, 33]. ეკლესია - ამა სოფლის ცომია, ცხოვნებისაკენ ყველა ადამიანია მოხმობილი, მაგრამ ყველას არ სურს მოწოდებაზე გამოხმაურება.
ეკლესია ძალით არავის იზიდავს. ადამიანი თავისუფლად უნდა მივიდეს ღმერთთან. ეკლესიაში მშვენიერების სისავსეა, ეკლესია ყოველივე ცოცხალს მოიცავს. ეს, თუ ვილაპარაკებთ ეკლესიის არსის, მისი შინაგანი ცხოვრების შესახებ. ხოლო, თუ გარეგანი გამოვლინებების შესახებ ვისაუბრებთ, უეჭველია რომ, საეკლესიო ცხოვრება გარემო ვითარებებზეა დამოკიდებული. ავიღოთ იგივე საეკლესიო ხელოვნება: XVII საუკუნემდე, ხატების გარდა, მაღალი ხელოვნების ვერანაირ სხვა სახეობას თქვენ ვერ იპოვით, რადგან ეკლესია, წარმოადგენდა რა სისავსეს, ადამიანის ყველა სულიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
ეკლესია დიდ შემოქმედებით ძალას ფლობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ-ჯერობით სრულიად ვერ ვლინდება - მაგრამ ეს დროც მოვა. ჯერ კი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ეს დრო მოახლოვდეს.
დღეს ძალზე ბევრი პრობლემაა, ეკლესიაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. მრავალი მათგანის გადაწყვეტა დიდ შრომას, მოთმინებას და დროს მოითხოვს. მაგრამ არის უბრალო საკითხები, რომელთა გადაჭრა ძნელი არაა, თუმცაღა უზრუნველობის, თუ სხვა მიზეზთა გამო, ისინი რჩება და ჩნდება უნუგეშო აზრი, რომ თუკი იოლად აღსასრულებელის გამოსწორება შეუძლებელი, დიდისა და ძნელის - მით უმეტეს.
მე მხედველობაში მაქვს ნათლობის საიდუმლოს შესრულება. ჩვენთან, თითქმის ყველგან, შთაფლვის ნაცვლად, გადასხმით ნათლავენ. არადა რამდენი კამათი იყო ამის გამო, რომაელ-კათოლიკებთან. ბერძნულ (BAPTIZMA) და საეკლესიო - სლავურ (‘’Крещение’’) ენებში სიტყვა ‘’ნათლობა’’ – ‘’შთაფლვა’’-ს ნიშნავს. ჩვენი წინპრები ამბობდნენ: ‘’მოინათლა ხომალდი’’, ე.ი. ჩაიძირა, ჩაიფლო. სახარებაში ქრისტე ამხელს ფარისევლებს, რომ ისინი სტამნებისა და ქვაბების გარეცხვის წესს იცავენ [იხ. მარკოზი; 7, 4], არ ზრუნავენ რა გულის გაწმენდაზე. ‘’რომელთა ესე ნათელვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკვდილისა მისისა ნათელ ვიღეთ’’ (‘’ ყველანი, ვინც მოინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ’’) [რომაელთა 6, 3]. ნათლობა - დამარხვის სახეა და ცხადია, რომ თავით შთაფლვა უფრო შეესაბამება ამ უდიდესი საიდუმლოს არსს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ‘’ნათლობის ემბაზი ჩვენთვის კუბოცაა და დედაც’’. ადამიანი ქრისტესთან კვდება და ქრისტესთან აღდგება ახალი სიცოცხლისათვის.
მაგრამ, რათა ადამიანს ესმოდეს, თუ რას მიეახლება, მას სარწმუნოება ნასწავლი უნდა ჰქონდეს, ესე იგი, ნათლობისათვის თავის სულში უკვე ღმრთის სახეს ატარებდეს. გავიხსენოთ სახარების სიტყვები. ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის. დღეს ბევრ ზრდასრულ ადამიანს სურს მონათვლა. ამასთან დაკავშირებით, სრულიად აუცილებელია, მათთვის ქრისტიანობის სწავლება. ძველ ეკლესიაში, მასში შესვლის მსურველს უკითხავდნენ ლოცვას და კათაკმეველთა რიგში რიცხავდნენ, მისი სახელი შეჰქონდათ საგანგებო სიაში, ის შეჰყავდათ ეკლესიაში - როგორც ძმათა კრებულში, ამაში მონაწილეობას იღებდა მთელი თემი. კათაკმევლობის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე გრძელდებოდა, ადგილობრივი პრაქტიკის მიხედვით - მხოლოდ ამის შემდეგ აღირსებდნენ კათაკმეველებს ნათლობას. ეს მთელი ადგილობრივი ეკლესიის ზეიმი იყო.
ჩვენს დროში, მოსანათლს უხსნიან, რომ ნათლობის საიდუმლო განწმედს პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვისაგან, რომ მას ეძლევა მადლი, ურომლისოდაც ცხონება შეუძლებელია, მაგრამ მთელი თავისი სიდიადით, ეს საიდუმლო ვეღარ აღიქმება, რადგან იგი უკვე დიდი ხანია გამოყოფილია ლიტურგიიდან, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს. ახლადმოქცეული, უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვნად შეიმეცნებს, რომ ღმრთის ხალხის რიგებშია ჩარიცხული და ქრისტეს სხეულის ასო, ახალი ქმნილება ხდება. რადგან ნათლობა მოწყვეტილია ლიტურგიისაგან, ამიტომ მასში მთელი თემი, მთელი ადგილობრივი ეკლესია არ მონაწილეობს და არ არსებობს არანაირი ეკლესიად მიყვანება, როგორც ძმათა კრებულში შესვლა. ნათლობის შემდეგ ადამიანი ხშირ შემთხვევაში თავისთვის ცხოვრობს, როგორც გამოუვა და როგორც მოუხერხდება.
თუ თანამედროვე ადამიანის ცვალებადობას და ქარაფშუტობას გავითვალისწინებთ, სჯობს დრომ გამოსცადოს მისი განზრახვების გულწრფელობა. მან თვითონ უნდა შეამოწმოს თავისი გადაწყვეტილების სიმტკიცე. კათაკმევლობის ვადა კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს. ჩვენს საერთო უბედურებად უნდა განვიხილოთ ის, რაც ჩვენს ტაძრებში ხდება - როცა ყოველგვარი სწავლების გარეშე ნათლავენ, შემდეგ კი ეს ადამიანები ტაძარში მაინც არ მოდიან და თუ მოდიან, სრულიადაც არა იმ განწყობით, როგორიც საჭიროა.
მე მესმის, რომ ყველაფრის უცებ გამოსწორება არ შეიძლება, მაგრამ სიჯანსაღისაკენ მიმართულება უნდა იყოს. ადამიანი ერთბაშად ვერ ‘’ჩაყლაპავს’’ მთელ ქრისტიანობას. ამისათვის წლებია საჭირო. ამიტომ, მონათვლამდე საჭიროა სარწმუნოების ელემენტარული საფუძვლების სწავლება, შემდეგ კი, როცა ადამიანი შეიგნებს, რომ ცხოვრების შეცვლის მისეული გადაწყვეტილება მტკიცეა, მაშინ იგი - ეკლესიის წიაღში ცხოვრებით - თანდათან უფრო მეტს გაიგებს ქრისტიანობაზე.
მაინცადამაინც არ უნდა გვიხაროდეს ის, რომ ახლა ჩვილთა მასიური ნათლობა ხდება. წარსულ ხანებში დაუშვებელი იყო ურწმუნო მშობლების შვილების მონათვლა და თანაც, მათგან ფარულად, როგორც ახლა ეს ზოგჯერ ხდება. ითვლებოდა, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, შემეცნების ასაკს მიაღწევს, ის თვითონ აირჩევს ცხოვრების გზას და მრწამსს.
IV საუკუნემდე მხოლოდ მოზრდილებს ნათლავდნენ, ხოლო თუ ბავშვებს მაინც ნათლავდნენ - მხოლოდ მორწმუნე მშობლების შვილებს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ეპისკოპოსი იყო. ბასილი დიდიც ამ ასაკში მოინათლა. ადრეული ეკლესიის დროს ხშირად ხდებოდა, რომ ქმარი წარმართი იყო, ცოლი - ქრისტიანი და ცნობილი არ იყო, ვინ გახდებოდა ჩვილი. თუკი წარმართი მამა ბავშვის მონათვლის წინააღმდეგი იყო, ჩვილს არ ნათლავდნენ.
ნათლობის შესახებ ძალზე შინაარსიანად საუბრობს დეკანოზი ალექსანდრე შმემანი თავის წიგნში: ‘’წყლითა და სულით ნათლობის საიდუმლო’’; კერძოდ იმაზე, რომ ბავშვების მონათვლის პრაქტიკამ მხოლოდ კონსტანტინეს შემდგომ ეპოქაში მოიკიდა მტკიცედ ფეხი, როცა ქორწინება მთლიანად ეკლესიური გახდა და იყო რწმენა, რომ ნათლისღებით განწმენდილი ჩვილები სარწმუნოებით და კეთილმსახურებით გაიზრდებოდნენ. ახლა კი ხშირად ხდება, რომ ნათლიები თვითონ არ არიან მონათლულნი, ხოლო მშობლები საერთოდ ურწმუნონი არიან.
თავს უფლებას მივცემ მოვიყვანო ციტატა მღვდელმთავარ გრიგოლი ღმრთისმეტყველის წიგნიდან: ‘’ სიტყვა ნათლისღებაზე’’ – ‘’რას იტყვით მათზე, ვინც ჯერ ჩვილია და ვერ გრძნობს ვერც ვნებას და ვერც მადლს? მოვნათლოთ თუ არა ისინი? - აუცილებლად, თუკი საფრთხე დადგება. სხვა მცირეწლოვანებზე კი ასეთ აზრს მოგახსენებთ: დავიცადოთ სამ წლამდე, ან ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, როცა ბავშვები შეძლებენ მოისმინონ რაიმე საიდუმლოებრივი და უპასუხონ, თუმცა მთლად ვერ გაიგებენ, მაგრამ გონებაში ჩაიბეჭდავენ - და მათი სული და სხეული ნათლობის დიდი საიდუმლოთი განვწმიდოთ’’.
ახლა გავრცელებულია აზრი, რომ უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები ტანჯვისათვის არიან განწირულნი. ხორციელის შაბათის სვინაქსარში - როცა ეკლესია ყოველთა წინა საუკუნეთა შესვენებულთა მოხსენიებას აღასრულებს - არის ადგილი, სადაც ასეთ ჩვილებზეა დაწერილი: ისინი არც ნეტარებას განიცდიან, არც იტანჯებიან, არამედ ღმრთის მიერ განსაკუთრებულ ადგილებში არიან დაცულნი. მღვდელმთავარი გრიგოლი ღმრთისმეტყველიც საუბრობს მათზე, ვინც ‘’არა იმდენად ავი ზნის, რამდენადაც უმეცრების გამო ვერ მოინათლნენ’’ და ასკვნის: ‘’უკანასკნელნი - მართალი მსაჯულის მიერ - არც განდიდდებიან, არც დაისჯებიან’’. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ არასწორი შეხედულება არსებობს. სარწმუნოებაში განუსწავლელი ადამიანები, ხშირად ნათლისღებას, როგორც რაღაც მაგიურ ქმედებას უყურებენ, რომელსაც უბედურებისაგან, ავადმყოფობისაგან და სხვათაგან დაცვა ძალუძს. ეს შეურაცხმყოფელია ეკლესიის უდიდესი საიდუმლოსთვის. ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე წინამძღვარი, თავის მრევლში ნათლობის საიდუმლოს სისავსის აღდგენას შეეცდება, და ეს საქმე კერძო ხასიათის იქნება, ის წარუმატებლობისთვისაა განწირული.
აი, მაგალითად, ჩემთან მოდის ნათლობის მსურველი ადამიანი. მე მას ვეუბნები ’’შენი მონათვლა უცბად არ შეიძლება, ჯერ შენ სარწმუნოება უნდა ისწავლო, იარე ტაძარში, გაეცანი სარწმუნოების საწყისებს, გაეცანი ღმრთისმსახურებას, გამოსცადე შენი განზრახვის სიმტკიცე: შეგიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა და სრულიად სხვა ადამიანად გადაქცევა’’. ის თითქოსდა მეთანხმება, შემდეგ კი, შეგნებულად, თუ შემთხვევით - იგივე კითხვით სხვა მღვდელს მიმართავს, ის კი პასუხობს: ‘’რას ამბობ, სასწრაფოდ უნდა მოინათლო, არ უსმინო მას, ის რაღაცას იგონებს’’. ადამიანები ასეთ რჩევებს უფრო ხშირად ემორჩილებიან. ამგვარად, ნათლობის საიდუმლო კარგავს ცხოვრების დიდი მოვლენის მნიშვნელობას, რომლისთვისაც სერიოზული მომზადებაა საჭირო. მხოლოდ სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში შეიძლება მაშინვე მონათვლა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
007tako
პოსტი Feb 7 2012, 07:38 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-January 12
წევრი № 11,999



რა ევალებათ ნათლიებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Feb 7 2012, 08:48 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ციტატა
რა ევალებათ ნათლიებს?


50 ლარი ან მეტი...


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 8 2012, 12:09 AM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ბენედიქტე!
დიდი ხანია გაფრთხილება არ მიგიღია?
თუ რაღაცას ჩხრეკ მაშინ მითხარი და მე გეტყვი უფრო მეტ ფაქტს(შენზე)სადაც 50 ლარზე მეტი გამოურთმევიათ ნათლიებისთვის.
მაგრამ მაგაზე ათჯერ მეტს გეტყვი,როდესაც საერთოდ არ დაინტერესებულა სასულიერო პირი ნათლიის ფულით და არც გამოურთმევია...
ასე რომ,შენ თუ რაღაცას ვერ ხედავ.(ან ხედავ და არ გინდა დაინახო)გაჩერდი...
და მხოლოდ იმაზე ნუ ლაპარაკობ რაც გინდა!


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Feb 12 2012, 05:45 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(007tako @ Feb 7 2012, 07:38 PM) *

რა ევალებათ ნათლიებს?

ნათლია არის ნათლულის მშობელი სულიერი, ევალება მისი სულიერი აღზრდა ,
ანუ უნდა ასწავლოს ქრისტიანობა და იზრუნოს რომ პირობა რომელიც ნათლობისას იდება ნათლიის მიერ რომ შევუდგებით ქრისტეს- ბოლომდე იტვირთოს.
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/2.htm
სინამდვილეში კი თქვენ როდესაც თანხმობას აცხადებთ ნათლიობაზე და ესწრებით საეკლესიო საიდუმლოს, ხდებით სულიერი მამა (ან დედა). თქვენ ბავშვის მაგივრად პასუხობთ მოძღვრის შეკითხვებს („განვეშორები ეშმაკისაგან“, „შევუდგები ქრისტეს“, „განვაგდებ სატანას“), თქვენ სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. იფხიზლეთ ნათლულის სულიერი მდგომარეობის გამო, რომ იგი ქრისტეს ნაცვლად ეშმაკის მიერ დაარსებული სექტის წევრი არ გახდეს.


უპირველესად გაითვალისწინეთ ის, რომ ნათლობა არა მხოლოდ ოჯახების დანათესავებაა, არამედ ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება ღვთისა და ნათლულის წინაშე. ნათლია მუდმივი თანამდევი უნდა იყოს ნათლულისა, რათა ის ქრისტიანულ ცხოვრებას არ ჩამოშორდეს.


არვიცი სწორედ თუ გავიგე კითხვა, კონკრეტულად ნათლობისას ხომ არ გულისხმობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 12 2012, 11:22 PM
პოსტი #8


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



A.V.M
ბენედიქტე კიარა ზებედე-გუჯა ვტაროი biggrin.gif ფორუმის ვირუსი... ტროიანი, დაგვიბრუნდა უძღები შვილი laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 12 2012, 11:53 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

ბენედიქტე კიარა ზებედე-გუჯა ვტაროი biggrin.gif ფორუმის ვირუსი... ტროიანი, დაგვიბრუნდა უძღები შვილი

biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 02:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი