IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ჩემი მოხსენება, ქრისტიანობა და ინტერნეტ სივრცე
ავგუსტინე
პოსტი Mar 31 2009, 11:01 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც კავკასიურ სახლში ითქვა, დანარჩენის დაწერა დამეზარა და დინამიურ რეჟიმში ჩავწერე.

ტექსტი წარმოადგენს მისი დედნის (რომელიც დაიკარგა) შავ ვერსიას და იმედს ვიტოვებ რომ მცირე ორთოგრაფიულ შეცდომებს მაპატიებთ.






საზოგადოებაში სადაც სეკულარიზმი დაბალი ნიშნულითაა წარმოდგენილი, ხშირად გაიგონებთ კითხვას, - ხომ არ ემუქრება ადამიანების განებივრებით ცნობილი ტექნიკური სიახლე, ტრადიციულ, შეჩვეულ, ბევრჯერ ნაცად თუ გამოცდილ ხერხს გადაშენებით. კითხვა ცხადია საფუძვლიანი იქნებოდა, რომ არ განიცდიდეს იმ მძაფრი ემოციური ფონის გავლენას, რომელიც უფრთხის ხოლმე ყოველგვარ ახალს, არაპრაგმატული და არაპრაქტიკული, უფრო მეტად კი საკრალიზებული რუტინის გავლენით. რა ქვია ამ ემოციურ ფონს, ასეთი შიშის შექმნა რომ შეუძლია, ვრცელი ანალიზი სჭირდება, რომელზეც დღეს არ შევჩერდებით, რამდენადაც თემატიკა, რაზე სასაუბროდაც აქ მოვედი, სცილდება ემოციური ფონის განსაზღვრებებსა თუ ბუნდოვან წინააღმდეგობებს და ინაცვლებს იმ რეალობაში, რომელიც მართლაც ეფუძნება გარკვეულ, ობიექტურობასთან მიახლოვებულ გამოცდილებას.

კაცობრიობის ინტელექტუალური ევოლუციის გზაზე, არაერთხელ აღძრულა შიში იმისადმი, რაც სხარტია, რაც საშუალებას იძლევა წინამდებარე რეალობის შეცვლის ხარჯზე, დააკმაყოფილოს და გაადვილოს გარკვეული ადამიანური სარგებელი, გნებავთ დავარქვათ მას ჩვენში გავრცელებული კარგი შესატყვისი - სიკეთე.


ინტერნეტის გამოგონებამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო გლობალიზაციისა და ე.წ “დიდი სოფლის”განხორციელების დაჩქარებას, რომელშიც ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის, არამედ შექმნა გარკვეული ადამიანური რეფლექსიის საინტერესოდ აღქმის შესაძლებლობა.

გამოცდილებაში, რომელიც ვირტუალურ სამყაროსთან მაკავშირებს, უდიდესი როლი აქვს იმას, რასაც კვალი დავარქვი – ეს არის შენი აზრების, ფიქრებისა თუ კონკრეტული ემოციური მდგომარეობის შესანახი კარადა, რომელსაც წლების მერეც ისევე დაათვალიერებ, როგორც მაგალითად საოჯახო ალბომს, ან ძველ ჰერბარიუმს.

სანამ გადავიდოდეთ იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ამ მეტად საინტერესო კარადის დალაგება, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე და ამ საზოგადოებაში ვფიქრობ უფუნქციო განმარტება:

ვისაც ინტერნეტთან შეხება ქონია, ძირითად შემთხვევაში წააწყდება ორი ფორმის ინტერნეტ მომსახურებას:

პირველი მათგანი გარკვეული თემისადმი მიძღვნილ ტექსტურას წარმოადგენს. თუ მაგალითად მჭირდება ინფორმაცია იოანე დამასკელზე, ვხსნი საიტს, რომელიც ეხება ეკლესიას, ვეძებ თეოლოგიურ უჯრას და ამ უჯრეში ძველი ბიბლიოთეკის მსგავსად სასურველ მოცემულობას. ვპოულობ და ვკითხულობ.

ეს არის დაახლოებით იგივე, რაც სუპერკომფორტული ბიბლიოთეკა, სადაც თაროებზე რახარუხისა და დისკომფორტის შემქმნელი მოქმედებების ფუნქციას, ჩემი საჩვენებელი თითი ასრულებს მაუსზე დაწკაპუნებით. ინტერნეტ მომსახურების ეს სახე, საშუალებას იძლევა ადვილად მივწვდე და წავიკითხო ტექსტი.

მეორე სახის ინტერნეტ განაკვეთი, ძალიან განსხვავდება პირველისგან, როგორც მოქმედებათა კომპლექსით, ასევე საშუალებებით. ეს არის ფორუმი, სადაც ურთიერთობა გაქვს რა ინფორმაციასთან, შეგიძლია ასევე მისი გაცემაც. ყოველივეს აღქმის საუკეთესო საშუალება, ფორუმის რეალურ მნიშვნელობასთან გვაბრუნებს. ფორუმი ეს არის ვირტუალური მიმოცვლის ადგილი, სადაც ადამიანები კონკრეტული მოდერატორის მოდერაციის ქვეშ, ახორციელებენ შინაარსობრივ გაცვლა-გამოცვლას.

აღსანიშნავია ამ ფორმის ზოგიერთი ფსიქოლოგიური ასპექტი; მაგალითად როცა ადამიანი იმყოფება გარკვეულ საზოგადოებაში, სადაც მას უწევს საკუთარი თავის წარდგენა დანარჩენი ადამიანებისადმი, თავს იჩენს უამრავი შიდა ფსქიოლოგიურ პროცესი თუ ბარიერი, რომელიც სიტუაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფინიციისთვის არსებითია.

ცნობილია, რომ დაბალი აქტივობის ადამიანები ხშირად განიცდიან მასზე უფრო მაღალი ტემპერამენტის მქონე პიროვნების გავლენას საუბარსა თუ ყოფით ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ აზრთა მოკრებასა და მათ კომპლექსურ გამოხატვას, არამედ ქმნის იმ უარყოფით მდგომარეობასა თუ განწყობას, უხერხულობას რომ ვეძახით. ეს შიდა პროცესი კი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, ძაბავს ადამიანის ტონუსს, რაც თავის მხრივ მოქმედებს აკადემიურ ლექსიკაზეც... ასევე გარკვეული აზრის პრეზენტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია დანარჩენი ადამიანების თვალები, ღიმილი, ან ის მიმიკა, რომელიც მიგანიშნებს მათ კეთილგანწყობაზე.... ეს სოციო-ფსიქოლოგიური ასპექტები ხშირად ხდებიან ობიექტური აზრის დაჩრდილვის მიზეზნი და ვინც ვერ მოახერხა საკუთარი თავის პოლემიკისთვის გამოწვრთნა, შესაძლოა სრული ჭეშმარიტების გადმოცემისასაც კი, დაიბნეს და დაიჩრდილოს... ცხადია ამ უარყოფით პროცესში გვაიმედებს აზრი, რომ ადამიანთა შემართება და თავდაცვის ინსტიქტური მექანიზმი გადასწონის სიტუაციურ დამარცხებებს, მაგრამ ამ იმედს ხშირად მხოლოდ ნეტარებანის ერთ-ერთ მუხლთან შეუძლია ალერსი.

ფორუმზეც ცხადია არსებობს გარკვეული ბარიერები თუ კომპლექსები, სადაც დაახლოებით იგივეს შეიძლება წავაწყდეთ, რაც ზევით ითქვა, მაგრამ შედარებით ნაკლებად, რამდენადაც, როგორც ამბობენ შენს კაბინეტში, თავს უფრო თამამად გრძნობ, ფორუმზე პოსტვისას ადამიანი ახერხებს ფიქრს, აზრთა თანმიმდევრულ დალაგებას, რომელიც ცდილობს იყოს გამაგრებული არგუმენტით, დაეფუძნოს გამოცდილებას. რაც მთავარია მას აქვს სიკეთე – არ დაიკარგოს, არ გაჰყვეს ჰაერს, არ აედევნოს წარსულს – არამედ შეინახოს...

სწორედ ეს შენახვა მაფიქსირებს მე გარკვეულ დროსა და ადგილას, გარკვეულ ვითარებაში დაწერილი აზროვნებით, ეს არის კომფორტული საშუალება დააკვირდე ერთი თვის წინანდელ, ან სულაც 6 წლის წინანდელ აზროვნებას, გაჰყვე შენი ცხოვრების ცვალებადობის გზას, რომელიც ამ სამყაროსთან აქტიურ კონტაქტში განვლე... სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვას “განვითარება” რამდენადაც სავსებით შესაძლებელია ცვლილებას ამ სიტყვის ანტონიმური მნიშვნელობაც ქონდეს... მე მახსენდება ერთ-ერთი მამის რჩევა, ჩაგვეწერა პატარა დღიურში ჩვენი ფიქრები, მაშინ როცა თავს გამოკვეთილად კარგად ან ცუდად ვიგრძნობდით... თუმცა მთლად იგივესთან არ გვაქვს საქმე, რამდენადაც ფურცელთან ხშირად შეიძლება იყო ყალბი, ან ვერ მაოხერხო საკუთარი ფიქრების სწორი ჩაწერა... ფურცელი ვერასოდეს გიპასუხებს, აი ფორუმი კი ცოცხალი ურთიერთობის სახეა.... ის არა მხოლოდ გამოსახულებაა, არამედ ტელესიუჟეტიც....

მიმოცვლის ამ ფორმაში ადამიანები ახორციელებენ არასტანდარტულ ქმედებებსაც... მოდი ამის ფართო განხილვას აღარ მოვყვები და პირდაპირ შევეხები ჩვენი რეალობის ინტერნეტ ფორუმების რელიგიურ ნაწილს, შემდეგ ცხადია აუცილებლად ვისაუბრებ საიტებზეც.

რელიგიური ფორუმი, იმთავითვე დამაბნეველი რეალობაა – ვინც აქტიურ შეხებაშია ვირტუალური სასაუბროს ამ ფორმასთან, ხშირად ნახავს რომელიმე იუზერის მხრიდან წამოჭრილ აბსურდს: “რელიგიაზე საუბარი მოითხოვს დიდ განათლებას”, “ეს საკითხი ფორუმზე არ უნდა ირჩეოდეს” და ა.შ, კონკრეტული გამონათქვამები გარკვეული რეალობის წინაშე გვაყენებენ, ერთის მხრივ ქმნიან სურათს, რომ რელიგია არის საშიში რეალობა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული პირის, განსაკუთრებული ნერწყვისა თუ სუნთქვის ადამიანების პრეროგატივაა და მეორეს მხრივ მიანიშნებენ ადამიანთა ფართო წრეებისთვის ტაბუდადებული თემების არსებობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ წინააღმდეგობის გაწევა იოლი ხდება, როდესაც ადამიანი გესაუბრება ახლებური, მოდური “ფრაზეოლოგიზმით” მისი არაცნობიერიდან, ცნობიერში რომ არასდროს გადასულა და არც ტვინის გავლით ხვდება პირის აპარატზე... მაგრამ გაცილებით რთულია ედავო, გარკვეული ინფორმაციით თავგამოტენილ ადამიანს, რომელიც ახერხებს დემაგოგიას... ცხადია ასეთი აზრის კონსტრუქციის ჩამოშლა ფორუმზე უფრო ადვილია ვიდრე რეალობაში, რამდენადაც ფაქტი ჩვენი სანაქებო კარადის წყალობით, ჯიუტია ხოლმე... მაგრამ მაინც იკრებს გარშემო გარკვეულ თანამოაზრეებს, რომლებიც აქტიურ დემაგოგიაში შემოსასვლის წინ საკუთარი უუნარობით შთავეხსენებულნი, მხოლოდ რეპლიკებით იფარგლებიან ხოლმე... მაგალითად “მარხვაზე რომ არ ვიყო, აგჭრიდი ჩემი დედა ვატირე” და ა.შ ასეა თუ ისე, რელიგიური ფორუმების დაბადების შემდეგ, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაილახა, რაც ცალსახად დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს, როგორადაც არ უნდა განვითარდეს ის შემდგომში, ერთი საქმე უკვე გადაილახა – დაირღვა მუნჯი კულტურა, სადაც ღმერთი მხოლოდ ეკლესიის საკურთხეველში იმყოფება და რომ მხოლოდ იქ და არსად სხვაგან, შეიძლება ამაზე საუბარი. აღსანიშნავია ამ მხრივ მართლმადიდებლური ფორუმის წვლილი, რომელზეც პირველად გამოჩნდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, იუზერის ჯგუფში შემოსილნი.... აღმოჩნდა რომ არც სატანის მანქანის გამოყენებაზე ვიტყვით უარს, თუ ეს დაამარცხებს სატანას... მე ვარ ამ ფორუმის ერთ-ერთი ძველი იუზერი და შემიძლია თანმიმდევრობით განვავრცო ამაზე საუბარი, მაგრამ სანამ საკურთხეველზე დავიწყებდე ლაპარაკს, საჭიროა მიმოვიხილო რა ხდება “ამა ეზოს” მიღმა, ანუ იქ სადაც მართლმადიდებლობა არსებითად ვერ არის დომინანტი როლით წარმოდგენილი.

“ამა ეზოს” მიღმიერ გორაკთაგან გამოვყოფდი, ქართული ფორუმის ძალას, ფორუმ.გე-ს, რომელიც იუზერთა სიუხვით გამოირჩევა და აზრის მხრივ საკმაოდ ჭრელია... უამრავ ვინმეს შეხვდებით იქ, მაგრამ მიუხედავად ამისა რჩება პლურალიზმის განვითარების ერთ-ერთ ვირტუალურ ფორმად, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლები ჩავარდნებით.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ამ ფორუმზე არ არსებობდა რელიგიური განყოფილება და გამომდინარე მისი უზარმაზარი რეიტინგისა, რელიგიურ თემებს შეხვდებოდით ყველგან სადაც მათი ადგილი არ იყო... მოუწესრიგებელი გახლდათ გარემო, რამდენადაც მოდერატორები არ ფლობდნენ შესაბამისი შეხების საჭირო დონეს რელიგიურ განათლებასთან, ხშირად შეხვდებოდით გინებას, შეურაცხყოფას, რომელიც უყურადღებოდ რჩებოდა და მრავალ იუზერს აწყვეტდა ნერვებს... მათ შორის მეც...

შემდეგ, გარდამოიხილა რა ზეცით ღმერთმა, რამდენიმე ადამიანში გააღვიძა აუცილებელი სურვილი, გახნილიყო რელიგიის განყოფილება...

რელიგიის განყოფილების სეკულარილი ფორმის წარმოქმნამ, მრავალი იუზერის უკმაყოფილება გამოიწვია... არ ვიცი ამ პროტესტს რა დავარქვა, ძალიან რთულია ისაუბრო ჩვენი რელობისგან განსხვავებულ რეალობაში შობილი ტერმინოლოგიისგან, მაგრამ ეს ალბათ იყო კონკურენციის შიში – რამდენადაც დღეს მორწმუნისთვის, როგორც არასდროს საშიშია რაციონალური აზრი – არა მხოლოდ გარეთ, არამედ საკუთარ თავში... სამწუხაროდ ამ წინააღმდეგობის თუნდაც საკუთარ მიკროკოსმოსში გადაჭრის ერთადერთი ფორმა, ფიქრის შეწყვეტაა და არა ძიება... რამდენადაც კომფორტულია, როდესაც შენ მაგიერ სხვები ფიქრობენ. სწორედ ამ შინაგანმა, ეგზისტენციალისტურმა შიშმა, გააჩინა უდიდესი დაპირისპირება რაციონალისტებსა და მორწმუნეებს შორის, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მე მომსწრე გავხდი ხელჩართული ბრძოლის, რომელიც გრძელდებოდა არა ერთი და ორი დღე, არამედ თვეები... ათასგვარი გინება, შეურაცხყოფა და შავი ცინიზმი, რომელმაც აბსოლუტურად ამოაბრუნა ყველანაირი საღი დიალოგის შესაძლებლობა და განყოფილებას მისცა გეზი “შავი ყუთისკენ”. აქ შეხვდებოდით ყველაფერ იმას, რასაც რეალობაში შეგიძლიათ შეხვდეთ... ხშირად დიალოგი სცილდებოდა თეოლოგიის საზღვრებს და ინაცვლებდა ბრალდებებში, ცილისწამებებში... რაც მთავარია ამის შეჩერება, მოვლენის მასიური ხასიათის გამო მოდერატორს არ შეეძლო.

მაგრამ მოხდა გაურკვეველი და მოულოდნელი რამ, ქაოსმა ნელ-ნელა, ბერძნული მითის მსგავსად წესრიგის სახე მიიღო, ამ ბუნდოვან სიჭრელეში, ნაბიჯ-ნაბიჯ იკვეთებოდა რაციოს გავლენა და სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნიდა აზრს, რომ რეალობა მხოლოდ ისეთია როგორადაც მას განსაზღვარავენ, ან ისეთი როგორიც გვინდა იყოს.

როგორც გითხარით, მსვლელობას უცნაური სახე იმდენად ქონდა, რამდენადაც ეს ხდებოდა არა სხვადასხვა, არამედ ერთი და იმავე ადამიანების პოსტინგში, მე აქამდე ვიცოდი რომ ჭეშმარიტება იბადება კამათში, მაგრამ ამ ყოველივეს შემდეგ დავრწმუნდი ინტერნეტ სივრცის ერთ უპირატესობაში – აქ არა მხოლოდ კამათში შეიძლება იშვას აზრი, რომელსაც წინადადების ფორმის გარდა, კიდევ რაღაცის დატევა შეუძლია, არამედ ჩხუბშიც, პარადოქსია, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანები, სრულიად სხვადასხვა ადგილიდან, ნელ-ნელა აღმოჩდნენ რეალობის წინაშე, რომ მათ რაღაცას მიაგნეს, რომ მათი ურთიერთმტრობა და ბანაკური დაყოფა არ ყოფილა მხოლოდ რიგითი დაპირისპირება, რომელსაც ვინ-ვინ და ჩვენ მაინც ვიცნობთ.

მე მინახავს არაერთი მეტამორფოზა საკუთარ თავში, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მაგრამ ეს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ერთის მხრივ კვლავაც ათეისტურ-აგნოსტიკური ბანაკი და მეორეს მხრივ მორწმუნე მასა, რომელმაც ბოლომდე იჩხუბა, უცბად გადაიქცა იმაზე მეტი მსგავსების მქონედ ვიდრე აქამდე წარმოედგინათ... მე მივიჩნევ რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მძაფრი შეგრძნება იმისა, რომ სხვა ადამიანი რაღაცით ჰგავს მას... იდენტობის პოვნის სიამოვნებას არაფერი შეედრება, არ ვიცი ამას რა ქვე მოტივაციები და მიზეზები აქვს, ან რატომ არის ეს ასეთი სასიხარულო, მაგრამ ფაქტია რომ არის.

მე ვეცადე დავკვირვებოდი როგორ ხორციელდებოდა ესოდენ პანეკუმენური დიალოგი, ან რა აძლევდა მას ბიძგსა და ძალას ეარსება ჩვენი დროის ნაკლებრეიტინგულ კუნჭულში, რომელსაც თეოლოგიურ-ფილოსოფიური დისკუსია ქვია.

გამოიკვეთა რამდენიმე გარე და შიდა პროცესი, ანუ გარემოებათა და პიროვნების შიგნით არსებულ პრობლემატიკათა. პირველი გარე მოტივაციიდან მომდინარეობდა – სოციალური სტატუსისა თუ “სახელის შენახვის” მიზნით, ადამიანთა ის ნაწილი რომელიც არ ფიქრობდა ყველასავით, უფრო სწორედ უბრალოდ ფიქრობდა, პროტესტს გამოხატავდა მათ წინაშე, ვის წინაშეც ამის თქმა ცხოვრებაში გაუჭირდებოდა, ზემოთ ნახსენებ მიზეზთა ან კიდევ სხვათა გამო. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ პროტესტს არ ქონია მშვიდობიანი სახე, ისევე როგორც “მოპასუხე მხარე” არ ახვედრებდა მათ ღიმილიან სახეს. “მკრეხელოს” “გამყიდველოს” “უჯიშოსა” და სხვათა გვერდით ნელ-ნელა დაიბადა გაცილებით გამაღიზიანებელი მიმართვები “ბნელო” “ჩამორჩენილო” “მონავ” და ა.შ

ცხადია ცხარე დაპირისპირება ადამიანს ესკალაციაში ითრევს და შემდეგ ეს არათუ უსიამოვნო აღარ არის, არამედ თან ახლავს გარკვეული გრავიტაციული მუხტიც, რომელიც დამოკიდებულების განსაზღვრულ ფორმას აკვიატებად აქცევს...

ათეისტების მხარემ მიმართა ხერხს, გაეკრიტიკებინა და მითოსის სახე მიეცა ბიბლიისთვის, ანუ მოეხდინა ბიბლიური ტექსტის ისეთი ინტერპრეტაცია, რომელშიც ის აბსურდული გამოჩნდებოდა, რაც როგორც ალბათ ხვდებით, ალლელუიას გალობით ნამდვილად არ დამთავრებულა... კრიტიკას ვულგარული ხასიათი ქონდა, ისევე როგორც პასუხს, მაგრამ კითხვა-პასუხის სიხშირემ ისინი ისე გადააგდო ფილოსოფიურ დისკუსიაში, რომ ვერც კი გაიგეს.

იხსნებოდა პროვოკაციული ხასიათის თემები, მაგალითად “სატანა როგორც თავისუფლების შემეცნების სიმბოლო”, რამაც ჩემი დაკვირვებით საბოლოოდ მოახერხა ვულგარიზმიდან ამოსვლა, რამდენადაც დაიწყო ის, რისიც ყველას ძალიან გვეშინია, ცნებების განმარტება – განმარტება იმ სიტყვებისა, რომელსაც ვიყენებთ – მაგრამ საკუთარ აზრს ვუქვემდებარებთ, ანუ ვცლით ნამდვილი შინაარსისგან და ვანიჭებთ სასურველს...

მაშ ასე, კითხვა რომელმაც ბანაკებს იმედი გაუჩინა დისკუსიის გადარჩენისა; – რა არის თავისუფლება? მე მახსენდება ერთი მორწმუნის პოზიცია, რომელმაც თქვა: “მე თქვენ მიერ დახატული სატანა უფრო მესიმპატიურება, ვიდრე ღმერთი” და მართლაც, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ, სადღაც, ცაში, ღრუბლებს მიღმა ცხოვრობს წვერებიანი ბაბუა, რომელმაც პენსიაში გასვლის წინ ბაღი გააშენა და შენი პირველი წინაპრები შერეკა, შემდეგ კი ჭიანი ვაშლის ჭამის გამო უკან გამოყარა და მათი მოდგმა ორმოც წელი აბოდიალა უდაბნოში, ხანდახან კი რუსულის მასწავლებელივით რაღაცებს კარნახობდა, ასე ორიათასი წლის უკან კი შვილიც კი გამოგზავნა არდადაგებზე, რომელმაც ბუნტის ატეხვა მოინდომა და სიკვდილის წინ მეთევზე მომხრეთა წრე დაარსა, რომელიც სხვათაშორის დღემდე არსებობს და თუ მათ არ დავუჯერებთ, ჭიანი ვაშლების ბაღში ვერ მოხვდებით – ძნელია არ მოგეჩვენოს სატანა პრომეთედ! და როცა სატანაც კი ტკბილი ხდება გიწევს კითხვის ხელმეორედ გამეორება – მართლაც რა არის ეს ოხერი თავისუფლება?

ეს თითქოს ისე ჟღერდა, როგორც ამ ბოლო დროს ქალაქის ქუჩებში გამოჩენილი პლაკატები, კითხვით “რატომ?” არ ვიცი მის უკან რა შინაარსი იმალება, რა პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ პოზიციას ინახავს, მაგრამ მე როგორც ქრისტიანი, ვფიქრობ რომ ეს არის გადამწყვეტი კითხვა ტრანსცენდენტულ რეალობასთან ურთიერთობაში... როცა სვამ კითხვას, მაგალითად “რატომ იქცევა ეკლესია ასე?”, ან “რატომ უნდა ვემთხვიო ხატებს?” ცხადია ეძებ საჭირო “იმიტომს” მაგრამ ეს “იმიტომ” კიდევ ახალ რატომს შობს, და განუწყვეტელი “რატომ” და “იმიტომ” საბოლოოდ არანაირ საბოლოო “იმიტომს” არ მაძლევს, ეს უფრო სურვილთა ციკლს გავს, რომლიდანაც ამოსვლა შეუძლებელია, რაც არ უნდა დიდი რამ მისცე ეგოს, მას ყოველთვის ექნება განცდა იმისა, რომ რაღაც აკლია... ვიდრე მთავარ კმაყოფილებამდე ვიდრე მთავარ იმიტომდე smile.gif

და სწორედ ამ მთავარი “იმიტომი”-ს კითხვა დაისვა, რომელიც ფუნდამენტში ჩაძვრა და დაუწყო ძიება რაღაც ბევრად უფრო დიდს და იმავდროულად პატარას, დასაწყისს და იმავდროულად დასასრულს. მარტივად რომ ვთქვა, დისკუსიამ გეზი აიღო სიმართლისკენ, მომართა რა სწორი კითხვები ზღვაში გასასვლელად, უფრო სწორედ ჩასაყვინთად, ფსკერზე დამარხული განძის საპოვნელად.

ცხადია ყველა იუზერს თავისი განძი ელოდება ამ ფსკერზე, მაგრამ შეთანხმება რომ ის მართლაც ფსკერზე ძევს უკვე არის პროგრესი.

დიახ, რა არის თავისუფლება? ამ კითხვამ შვა მთავარი პასუხი “ის რაც მე ისე დამაკმაყოფილებს და გამათავისუფლებს, რომ ჩემს დამონებასა და უკმაყოფილებას ვერაფერი შეძლებს”

ადამიანთა დაახლოვებაში ამას მართალია პირდაპირი გავლენა არ ქონია, მაგრამ აი არაპირდაპირმა კი მთავარი როლი შეასრულა: მოგეხსენებათ რაოდენ დიდია ადამიანური ტკივილის მნიშვნელობა იქ, სადაც თანაგრძნობა არ იციან, რაოდენ დიდია ამ ტკივილის გაცნობიერების გზა, ეგზისტენციალისტები რომ გადაგდებულობას, ჩვენ კი უმწეობას ვეძახით. ყველას არ უხარია, მაგრამ ყველას ხომ სტკივა?!

ტკივილი ყველაზე უფრო გავრცელებული ურთიერთობის საშუალებაა, რომელიც აახლოვებს ადამიანებს. რა იქნებოდა ჩვენთვის სნეული, უმწეო ან ავადმყოფი, თავად რომ არ გვქონდეს იგივეს გამოცდილება?

ფილოსოფიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აღმოაჩინოს დაფარული ტკივილი – რომელიც მანამდე ჩვეული რეალობა გეგონა, დაგანახოს რომ თავისუფლება გაქვს გარეგნულად, შინაგანად კი რაღაც გაკლია... ამ ნაკლოვანების აღმოფხვრისკენ ძიებამ, პირველად აჩუქა მორწმუნისგან ათეისტს ღიმილი, ისევე როგორც პირიქით. მოკლედ რომ ვთქვა, ცივი ომი დასრულდა მას შემდეგ – რაც ფორუმელებს ბუდე აეშალათ... ათეისტები აგნოსტიციზმისკენ გაბრუნდნენ, მორწმუნეები კი მიხვდნენ რომ მისტიკა ვერ იარსებებს ლოგიკის გარეშე. აი, მამა აკაკი შემედავება და მეტყვის, ღმერთს არ აქვს ლოგიკაო, მართლაც, ღმერთს რომ გარკვეული ლოგიკა გააჩნდეს, კერპი იქნებოდა, მაგრამ ის რომ მას ლოგიკა არ უნდა გააჩნდეს ხომ არის ლოგიკური?

იბადება კითხვა, როგორი დამოკიდებულების უნდა იყოს ქრისტიანი კონკრეტულ ურთიერთობებში. საზოგადოდ, როცა საქმე გვაქვს რელიგიურ ადამიანთან, ანუ იმ ადამიანთან, რომელიც აღიარებს გარკვეული სიწმინდეს, ძნელდება ხოლმე მისი გამოხატვის თავისუფლებისთვის სახელის შერჩევა, რამდენადაც ვაწყდებით უხერხულობას, ყურში რომ ჩაგვჩურჩულებს, “ვისი მოქცევა გინდა?” პროზელიტიზმად მონათლული ქრისტიანული მისია, ჩვენთან რომ გადაბირებას ეძახიან, გვინდა თუ არ გვინდა თავსმოხვევის ერთ-ერთი ფორმად შეიძლება გადაიქცეს მაშინ, როცა მისიონერი უარს იტყვის კათედრიდან ჩამოსვლაზე. ასეთი მისიები ინტერნეტში კრახით სრულდება ხოლმე, რამდენადაც გაწაფული ყური მაშინვე გრძნობს იმ ხელოვნურობას, რომელსაც მისიონერი უსიყვარულოდ, საკმაოდ მოუქნელად და ვიქნები ცოტა შავრაზმელი და ღვთის გარეშე აწარმოებს. შესაძლოა ასეთმა, ძალით მისიონერმა, რომელსაც არაფერი უხარია და რეალურად სიხარულს კი არა ადგილის ტკეპვნას ქადაგებს, ცხოვრებაში ვიღაცის მოქცევა მართლაც შეძლოს, სხვა საქმეა რაზე მოაქცევს ის კონკრეტულ ადამიანს და იქნება თუ არა ის, ქრისტიანობა, მაგრამ ასმაგად გაუჭირდება მას ინტერნეტ სივრცეში მანევრირება, რამდენადაც აქ ხალხი გაცილებით მეტად უკვირდება აზრს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში... შესაძლოა მან გარკვეული დროის მანძილზე, ვიღაცის ყურადღება მიიპყროს, მაგრამ მიუახლოვდება თუ არა საძირკველს, ყველაფერი თავზე ეფშხვნება.

კრახი განპირობებულია იმ სოციუმის ვინაობით, რომელშიც მას უწვს მოღვაწეობა, ერთის მხრივ ობივატელი, რომელსაც რელიგია არ აინტერესებს და მეორეს მხრივ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რელიგიით და ადვილად არავის მისცემენ საშუალებას საკუთარი აზრი თავს მოახვიოს ისე, რომ ჭეშმარიტებისა კი არა, სუბიექტივიზმის იყოს. ასეთ შემთხვევაში ქრისტიან ადამიანს, აქვს ერთი გზა – დაუბრუნდეს ქრისტიანობის ნამდვილ შინაარსს, ამოქექოს ის სკივრი რომელსაც იჩემებს და კარგად დააკვირდეს მართლაც რა ინახება მასში.

როგორც ხედავთ ინტერნეტში მოღვაწეობას, სჭირდება ცირკულაცია გარედან-შიგნით და შიგნიდან-გარეთ, რომელიც ისედაც საჭიროა, მაგრამ სამწუხაროდ გზის გაადვილების მიზნით უგულვებელყოფილი... ამ ცირკულაციას ქრისტიანული ეთიკა ქვია...

ეთიკა კი საჭირო ხდება მაშინ, როცა ასპარეზზე გამოდის “სხვა” შენებრ ადამიანი, შენებრ ინტელექტის მქონე, შენებრ პატივსაცემი და შენებრ ღირსეული, ეთიკა არავის სჭირდება ზურგის ხეხვის, აბანოში. სწორედ ამ შენიანობის შეგრძნებაში იქცევა ქრისტიანული მისია ჯანსაღ, გულწრფელ და გამოცდილებაზე დაყრდნობილ გაცვლად, რომელიც ზემოქმედებას კი არ მოახდენს მისიის ობიექტზე, არამედ შეძლებს დაანახოს მას, რომ ორივე საერთო მდგომარეობაში იმყოფებით, რომ ორივეს გჭირდებათ რაღაც ისეთი, რაღაც იმდაგვარი, რომელიც სინამდვილეში ამდენ ხანს თქვენ შიგნით ინახებოდა.

გასაოცარი პროცესია, როცა ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომაში, აღმოაჩენენ იმაზე დიდს, ვიდრე თავად არიან. სწორედ ამ თანასწორობის პრინციპის საშუალებით და არაფრით სხვით, შეიძლება ჩვენი მოქმედებების წარმართვა... უცნაური და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მაშინ ხდება ცხადი, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვს და არა მაშინ, როცა პიროვნება, განათლების ნაკლებობით, უფლებას მოგცემს განახორციელო მასზე ყველა ის ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელსაც სამწუხაროდ ახორციელებენ ხოლმე.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სამისიონერო მოღვაწეობას ეწევა მხოლოდ რამდენიმე საიტი, ისიც საერო ადამიანთა მიერ შექმნილი, ეს არის ორთოდოქს.გე, თავისი უზარმაზარი ტექსტური მოცულობით, რომელიც დაარსდა ერთი ქალბატონის სრული ენთუზიაზმით. მიუხედავად მასში არსებული ზოგიერთი მეტად შავრაზმული და სამწუხაროდ სულელური სტატიისა, რაც გასაკვირი არ არის, რამდენადაც საიტი სარგებლობს საეკლესიო პრესიდანაც, ქართულ სივრცეში პირველი საიტი გახლავთ, რომელზეც შეგიძლიათ იხილოთ ძველი და ახალი აღთქმის ელექტრონული ვერსია (მთაწმინდელისა და ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანებით)

საიტის შემქმნელი თავად არის ფორუმელი და ფურმზე საღვთისმეტყველო მოთხოვნილების ზრდას, ღვთისმეტყველების განყოფილების შექმნით უპასუხა... სხვათაშორის ამ ქალბატონის მოღვაწეობა, რომელიც ელექტრონულ ფორმატში გვთავაზობდა სხვადასხვა, საეკლესიო, თუნდაც ჩემი აზრით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეუფერებელ სტატიებს, გახდა წყარო ფორუმზე განვითარებული არაერთი დიალოგისა. რაც ყველაზე საკვირველია, განხილვა იწყებოდა ათეისტების თაოსნობით, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ისინი გარკვეული ინტენსივობით ეცნობოდნენ ლიტერატურას იმაზე, რასაც მანამ არაცნობიერად ეწინააღმდეგებოდნენ. ასეთი საიტები ხელს უწყობენ დისკუსიის განვითარებას, რამდენადაც ძალიან ადვილია ელექტრონული ფორმატიდან მონიშნო მაგალითად სახარებისეული ციტატა, ვიდრე დაიდო კომპიუტერთან წიგნი და აკრიფო... ეს მოუხერხებელი რამ არის და არც არავინ გაიმეტებდა საკუთარ თავს, რომ არა ენთუზიაზმი, რომელმაც ფურცლებს ვორდის ფაილის ფორმატი მისცა.

სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობის აქვს, ქრისტიანულმა საზოგადოებამ იზრუნოს ლიტერატურის კომპიუტერში შეყვანაზე, კომპიუტერიზაციის ამ მძლავრ პროცესში, ჩვენ გვაქვს გამოწვევა ვუპასუხოთ მას საკადრისად. სულ მალე კონტაქტის ეს საშუალება დაჩრდილავს ტელევიზორსა და ბეჭდურ პრესას, სწორედ ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება მალე, იმ ადამიანებმა რომლებსაც სურთ რაღაც შეცვალონ ამ ქვეყანაში, მოახერხონ მისი ათვისება. გამოცდილებამ ანახა, რომ საიტის შექმნის რეიტინგზე მოქმედებს მისი შექმნის მიზანი, დრო და შინაარსი, აქ უკვე მარკეტინგი იწყება და არც ეს არის ასეთი უხეში რამ, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ რაღაც მოწესრიგდეს რელიგიურ სიბრტყეში, უნდა იფიქრონ არა იზოლაციაზე, არამედ მაქსიმალურ გახსნილობაზე, გახსნილობისა და შენი აზრის გაზიარების ერთ-ერთი ფორმა კი არის ინტერნეტი, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ერთმანეთს ვესტუმროთ შინ, საკუთარი სავარძლით, საკუთარი მაგიდითა და რაც მთავარია საკუთარი აზრებით.

მე არ მინდა ჩემი სიტყვები ჭკუის სწავლებად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ერთ ადამიანს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით 15-მდე ადამიანის პასიური რელიგიური ცხოვრება გახადოს აქტიური, წარმოიდგინეთ რა შეუძლი ამ ერთ ადამიანზე ბევრად უფრო განათლებულ პიროვნებას?

ინტერნეტი აჩქარებს ადამიანთა ევოლუციას, აძლევს რა მას ტექსტთან ურთიერთობის საშუალებას, რაციოს გაძლიერება კი დღეს, ცოცხალი ქრისტიანული ეკლესიის ინტერესშია, ამ ძალით და იმ ცირკულაციით რომელშიც საკუთარი თავის შეცვლაც ისეთივე აუცილებელია, როგორც სხვისი, შესაძლებელია შეიცვალოს მომავალი.

თუ ცალი თვალით შეიჭყიტავთ თინეიჯერთა ფორუმის “ენიგმაში” რომელიც მათ რელიგიურ განყოფილებას უწოდეს, ნახავთ რომ ახალგაზრდობის დიდ ნაწილში არსებობს უდიდესი პროტესტი და იმავდროულად უდიდესი გაუნათლებლობა, რამდენადმე არასერიოზული თემატიკის გასერიოზულება და პირიქით, სერიოზულის პროფანაცია, ჩვენი ახალგაზრდობის მთავარი პრობლემა ნახევარცოდნაა, სადაც აზრის ჩამოყალიბება ინტერესისა და სურვილის მიხედვით ხდება, სამწუხაროდ უნდა ითქვას რომ აზროვნების დონე დაბალია, სწორედ ამ უკიდურესობიდან ადვილად შესაძლებელია მეორეში გადახტომა. ამ ფორუმზე დაკვირვებამ ჩამაფიქრა და მიმახვედრა, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა, მსოფლმხედველობის, როგორც მოცულობის არ არსებობაა. ჩვენი ცოდნა ბაგრატის ტაძარს გავს, გუმბათი არ ადგას და მოჩვენებით კანკელს უკმევს.



--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 31 2009, 11:18 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კარგია, დამაფიქრებელია.. ალაგ ალაგ არ გეთანხმები, მაგრამ მთლიანობაში კარგია smile.gif

ციტატა
ჩვენი ცოდნა ბაგრატის ტაძარს გავს, გუმბათი არ ადგას და მოჩვენებით კანკელს უკმევს.

სწორედაც რომ მოხერხებული შედარებაა biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Apr 1 2009, 12:39 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



church.ge-ზე რომ ლაპარაკობდი, შესაბამისი ფოტოს გაშვება დაგავიწყდა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ავგუსტინე
პოსტი Apr 1 2009, 12:46 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 436
რეგისტრ.: 14-March 09
წევრი № 6,642



ციტატა
church.ge-ზე რომ ლაპარაკობდი, შესაბამისი ფოტოს გაშვება დაგავიწყდა


მომიკვდეს თავი biggrin.gif



--------------------
http://jvarosnebi.com/

Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 1 2009, 03:56 AM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნაწილი გითქვამს, ნაწილი შესასწორებელია, ნაწილი ჩასაწერი ან ამოსაწერი, მთავარია რომ ლენტი გაჭერი smile.gif
წარმატებები;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Apr 4 2009, 10:27 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



საინტერესო და აქტუალური თემაა wub.gif
იქნებ კიდევ განვავრცოთ
იქნება კიდევ საშუალება თუ ამოწურულია ამ ეტაპისთვის smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th September 2024 - 02:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience