IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. კლიმენტი რომაელი, მისი ნაშრომები
afxazi
პოსტი Jan 11 2010, 11:11 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



წმ. კლიმენტი რომაელი

პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ



ღვთის ეკლესია, რომელიც მკვიდრობს რომში, ღვთის ეკლესიას კორინთოში მკვიდრს, მოწოდებულთ, განწმენდილთ ღვთის ნებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ! მადლი თქვენ და მშვიდობა ყოვლისმპყრობელი ღვთისა. იესო ქრისტეს მიერ გამრავლდეს!

თავი I

მოულოდნელი და ერთიმეორის მიდევნებით ჩვენთან მომხდარი უბედურებებისა და შემთხვევების გამო, ვფიქრობთ, დაგვიანებით მივაქციეთ ყურადღება, საყვარელნო, თქვენ შორის გამოსაძიებელ საქმეებს და იმ ბილწსა და უწმინდურ ამბოხს, უცხოსა და შეუფერებელს ღვთის რჩეულთათვის, რაც რამდენიმე უგულისყურო და თავხედმა პირმა ჩამოაგდო და იმგვარ სიშლეგეში გადაიზარდა, რომ ღირსეული, სახელგანთქმული და ყოველი ადამიანისათვის სანუკვარი თქვენი სახელი დიდად შეურაცხყო.
რადგან ვის უცხოვრია თქვენთან თუნდაც მცირე ხნით ისე, რომ არ გამოეცადოს თქვენი ყოვლადსათნო და მტკიცე რწმენა? ვინ არ განცვიფრებულა ქრისტეში თქვენი გონიერი და კრძალული კეთილმორწმუნეობით? არ უღიარებია თქვენი სტუმართმოყვარეობის სულგრძელი ჩვეულება? ვის არ ნეტარუყვია სრული და მყარი ცოდნა?
რადგან ყველაფერს პირუთვნელად იქმოდით და ღვთის დადგენილებათა მიხედვით იქცეოდით. ემორჩილებოდით თქვენს წინამძღოლებს და ჯეროვან პატივს მიაგებდით თქვენს ხუცესებს. ახალგაზრდებს შთააგონებდით, რომ ზომიერად და ღირსებით მოქცეულიყვნენ, ქალებს არიგებდით, რომ ყველაფერი ეკეთებინათ უმწიკვლო, პატიოსანი და სუფთა სინდისით, ჯეროვნად ჰყვარებოდათ თავიანთი ქმრები, ასწავლიდით, რომ მორჩილების კანონი ეტვირთათ, ღირსეულად განეგოთ საოჯახო საქმეები და მოქცეულიყვნენ ფრიადი გონიერებით.


თავი II


ყველანი სიმდაბლით იქცეოდით, არავინ ამაყობდით, უფრო ემორჩილებოდით, ვიდრე იმორჩილებდით. სიხარულით გასცემდით, ვიდრე იღებდით (შდრ. საქმე მოციქ. 20,35). სჯერდებოდით ქრისტეს საგზალს და გულმოდგინეთ ფიქრობდით მის სიტყვებზე, ინახავდით გულის სიღრმეში და მისი ვნებანი თქვენს თვალწინ იყო.
ამრიგად, ყველას გვებოძა ხანგრძლივი, სასიხარულო მშვიდობა და განუძღომელი წადიერება კეთილმოქმედებისა; სულიწმინდის სავსე გადმოღვრა აღსრულდა ყველაზე (რომ. 5,5).
წმინდა ზრახვით აღსავსენი კეთილი გულმოდგინებით, ღვთისმოსავი გულდაჯერებით იწვდიდით თქვენს ხელებს ყოვლისმპყრობელი ღვთის მიმართ, ევედრებოდით მას მოწყალება გამოეჩინა თუ უნებურად რამ შეგეცოდათ. დღე და ღამ ღვაწლში იყავით მთელი საძმოსთვის (I პეტრ. 2,17; 5,9), რომ გადარჩენილიყო მის რჩეულთა რიცხვი გულმოწყალებისა და შეგნების თანხმობაში. გულწრფელნი და სპეტაკნი იყავით, ურთიერთისადმი ძვირუხსენებელნი. ყოველგვარი ამბოხი და განხეთქილება გძაგდათ თქვენ. ახლობელთა შეცდომებზე გლოვობდით, მათ ნაკლოვანებებს საკუთრად რაცხდით. უშურველნი იყავით ყოველგვარ კეთილქმედებაში, “მზადმყოფნი ყოველი კეთილი საქმისათვის” (II ტიმ. 2,11; ტიტე 3,1; II კორ. 9,8; კოლას. 1,10; II ტიმ. 3,17; ტიტე 1,16).
ყოვლადსათნო და სათაყვანო მოღვაწეობით შემკობილნი ყველაფერს მისი შიშით აღასრულებდით; უფლის ბრძანებები და რჯულიერი მოთხოვნები თქვენი გულის ფიცარზე იყო დაწერილი (იგავთა 7,3; 22,20).


თავი III

ყოველი დიდება და სიფართოვე მოცემულ იქნა თქვენთვის და აღსრულდა დაწერილი: “ჭამდა და სვამდა, გაფართოვდა და გასუქდა და წიხლი ჰკრა მან, შეყვარებულმა” (II რჯული 32,15).
ამისგანაა შური და ღვარძლი, კამათი და შფოთი, დევნა და ამბოხი, ბრძოლა და ტყვეობა. ასე აღდგნენ უპატიონი პატივდებულებზე (ესაია 3,5), სამარცხვინონი – სახელგანთქმულებზე, უგუნურები – გონიერებზე, ახალგაზრდები – მოხუცებულებზე. ამის გამო შორს განდგა სამართლიანობა და მშვიდობა (ესაია 59,14). თითოეულმა დატოვა ღვთის შიში და მის რწმენაში დაჩლუნგდა. არც მისგან მცნებულ ბრძანებათა თანახმად იქცევა (ლევიტ. 18,3; 20,23), არც მოქალაქეობს ქრისტესთვის ღირსად, არამედ თითოეული დადის თავისი ბოროტი გულის სურვილებით. და შეითვისეს მათ უსამართლო და უღმრთო შური, რომლისაგანაც “სიკვდილი შემოვიდა ქვეყნად” (სიბრძნე 2,24; რომ. 5,12).

თავი IV

რადგან ასეა დაწერილი: “და იყო დღეთა შემდგომ მიუტანა კაენმა ღმერთს მსხვერპლი მიწის ნაყოფთაგან და აბელმა მიართვა, მანაც თავისი პირველმოგებული ცხვრებისაგან და მათ ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმა აბელზე და მის ძღვენზე, ხოლო კაენზე და მის მსხვერპლზე არ მოიხილა. და ძალიან დამწუხრდა კაენი და მოიქუფრა მისი სახე. და უთხრა ღმერთმა კაენს: რატომ დამწუხრდი და რატომ მოიქუფრა შენი სახე? თუ სწორად შემოწირე, სწორად კი არ გაყავი, არ შესცოდე? დამშვიდდი! შენს მიმართ არის მოქცევა მისი და შენ იბატონებ მასზე. და უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: გავიდეთ დაბლობზე! და იმ დროს მოხდა, როცა ისინი ველად იმყოფებოდნენ, რომ აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა ის” (შესაქმე 4, 3-8).
ნახეთ ძმებო, შურმა და ღვარძლმა ძმათმკვლელობა აღასრულა. შურის გამო ივლტოდა ჩვენი მამა იაკობი თავისი ძმის, ესავის პირისაგან (დაბ. 27,41). შურმა სიკვდილამდე დევნულებაში ამყოფა იოსები და მონობამდე მიიყვანა იგი (დაბ. 37). შურმა აიძულა მოსეს გაქცევა, ეგვიპტის მეფის, ფარაონის პირისაგან, როდესაც თვისტომისაგან მოესმა მას: “ ვინ დაგადგინა შენ ჩვენს მსაჯულად ან მოსამართლედ? ნუთუ გსურს შენ, რომ მომკლა მე, როგორც გუშინ ეგვიპტელი მოკალი?” (გამოსვლათა 2,14). შურის გამო აარონი და მარიამი ბანაკს გარეთ ათევდნენ ღამეს (რიცხვთა 12, 14-15). შურმა დათანი და აბირონი ცოცხლად ჩაიყვანა ჯოჯოხეთში, რადგან აუჯანყდნენ ღვთის მსახურ მოსეს (რიცხვთა 16 თ.). შურის გამო დავითს მტრად გაუხდნენ არა მხოლოდ უცხოტომელნი, არამედ იგი ისრაელის მეფის, საულისაგანაც დევნილ იქნა (I მეფეთა 18,29).

თავი V

ხოლო იმისათვის, რომ თავი დავანებოთ ძველ მაგალითებს, გადავიდეთ უახლოეს მოღვაწეებზე. თვით ჩვენი თაობიდან ავიღოთ ღირსეული ნიმუშები. შურისა და ღვარძლის გამო იდევნებოდნენ უმართლესი ბურჯები (ეკლესიისა), რომლებმაც სიკვდილამდე იღვაწეს. თვალი მივაპყროთ კეთილ მოციქულებს: პეტრეს, რომელმაც უსამართლო შურის გამო არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ტანჯვა დაითმინა და სწამა რა, მიაღწია დიდების შესაფერის ადგილს. შურისა და უთანხმოების გამო მოთმინების საზღაური მიიღო პავლემ. შვიდგზის თავს იდვა მან ბორკილები; დევნეს იგი, ქვით ჩაქოლეს და მაინც ქადაგებდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და თავისი რწმენის შესაფერისი სახელიც გაითქვა. მთელ ქვეყანას ასწავლა მან სიმართლე და დასავლეთის საზღვრამდეც მივიდა, სწამა მან მთავართა წინაშე. ასე გარდაიცვალა ამ სოფლიდან და როგორც მოთმინების დიადი სახე, წმინდა ადგილს მიეახლა.

თავი VI

ასეთ კაცებს რომლებიც წმინდად მოქალაქეობდნენ, შეუერთდა რჩეულთა დიდი სიმრავლე, როლებმაც შურის გამო ბევრი შეურაცხყოფა და ტანჯვა გადაიტანეს და უბრწყინვალესი ნიმუშები გახდნენ ჩვენთვის. შურით იდევნებოდნენ ქალები: დანაიდები და დირკები. საშინელი და უწმინდური შეურაცხყოფა განიცადეს მათ. მტკიცედ განვლეს რა რწმენის სარბიელი და ხორციელად უღონოებმა ღირსეული საზღაური მოიპოვეს.
შურმა გაჰყარა ცოლები ქმრებს და გადაასხვაფერა ჩვენი მამის, ადამის მიერ ნათქვამი: “აი ეს, ახლა არის ძვალი ჩემი ძვლებისაგან და ხორცი ჩემი ხორცისაგან” (დაბ. 2,23).
შურმა და განხეთქილებამ დააქცია დიდი ქალაქები და ძირფესვიანად აღმოფხვრა დიდი ტომები.

თავი VII

ყოველივე ამას, საყვარელნო, არა მარტო იმისთვის გწერთ, რომ თქვენ დაგარიგოთ, არამედ საკუთარ თავსაც ვახსენებთ. რადგან იმავე არენაზე ვართ და იგივე ბრძოლა მოგველის ჩვენც.
ამიტომაც, დავტოვოთ ამაო და ფუჭი საზრუნავები და მივიდეთ ჩვენი გადმოცემის სახელოვან და ღირსეულ კანონთან. ვნახოთ რა არის კეთილი, სასიამოვნო და მოსაწონი ჩვენი შემქმნელის წინაშე. დავაკვირდეთ ქრისტეს სისხლს და შევიგნოთ, როგორ ძვირფასია (I პეტრე 1,19) გი მისი მამისათვის, რადგან ჩვენი ხსნისათვის დაიღვარა და მთელ ქვეყანას სინანულის მადლი მოუტანა. მიმოვიაროთ ყველა თაობა და გავიგებთ, რომ თაობიდან თაობაში სინანულის საშუალება მისცა მეუფემ მისკენ მოქცევის მსურველებს (სიბრძნე 12,1). ნოემ იქადაგა სინანული და ყურადმღებელნი გადარჩნენ. იონამ ნინეველებს განადგურება უქადაგა, მაგრამ მათ, მოინანიეს რა ცოდვები, გული მოულბეს ღმერთს და მავედრებლებმა მიიღეს ხსნა, თუმცა უცხონი იყვნენ ღვთისა.

თავი VIII

ღვთის მადლის მსახურნი სულიწმინდის მიერ სინანულის შესახებ ლაპარაკობენ და თავად ყოველთა მეუფემაც სინანულის შესახებ თქვა ფიცით: “რადგან მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, მნებავს არა იმდენად ცოდვილის სიკვდილი, როგორც სინანული” (ეზეკ. 18,23; 31,11) დასძენს კეთილშეგონებასაც: “შეინანეთ, ისრაელის სახლო, თქვენი ურჯულოებისაგან. უთხარით ჩემი ხალხის ძეებს: მიწიდან ცამდე რომ გაწვდეს თქვენი ცოდვები, მეწამულზე უფრო წითელი და ძაძაზე მეტად შავიც რომ იყოს და მთელი გულით რომ მოიქცეთ ჩემსკენ და თქვათ: მამაო! შევისმენ თქვენგან, როგორც წმინდა ხალხისგან” (შდრ. Eზეკ. 18,30; ფს. 102,11; იერემია 3.19.22; ისაია 1,18). და სხვა ადგილას ასე ამბობს: “განიბანეთ და წმინდა გახდით, განიშორეთ ბოროტებანი თქვენი სულებიდან ჩემს თვალთა წინაშე, დასცხერით თქვენი სიბოროტისგან, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით ჩაგრული, უსაჯეთ ობოლს და გაამართლეთ ქვრივი. და მოდით და განვსაჯოთ, ამბობს უფალი: და თუ იქნება თქვენი ცოდვები, როგორც მეწამული, თოვლივით გავათეთრებ, ხოლო თუ წითელი იქნება, მატყლივით გავათეთრებ და თუ ინებებთ და მომისმენთ მე, შეჭამთ მიწის სიკეთეს, ხოლო თუ არ ინებებთ და არც ჩემსას მოისმენთ, მახვილი გაგანადგურებს თქვენ, რადგან უფლის პირმა თქვა ეს” (ესაია 1, 16-20)
ამრიგად, მას სურს, სინანულს აზიაროს მისი მოყვარულნი და დაამტკიცა ეს მისი ყოვლისმპყრობელური ნებით.

თავი IX

ამიტომ დავემორჩილოთ მის დიდადშესაშვენ და განთქმულ ნებას, ვევედროთ მის წყალობასა და თანაგრძნობას, დავეგოთ და მივიქცეთ მისი გულმოწყალებისაკენ. მივატოვოთ ფუჭი გარჯა, უთანხმოება და შური, რომელიც სიკვდილისაკენ მიგვიძღვის.
შევხედოთ მათ, რომლებიც სრულყოფილად ემსახურნენ მის დიდადშესაფერის სახელს (შდრ. II პეტრე 1,17). ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი. იგი გარდაიცვალა და არ უნახავს სიკვდილი (შდრ. დაბ. 5,24)
ნოე მორწმუნე აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ლიტურგიით (მოღვაწეობით) ქვეყნიერებას განახლება უქადაგა და მის მიერ იხსნა მეუფემ ის ცხოველები, რომლებიც თანახმიერად შევიდნენ კიდობანში (დაბ. 6, 8-9, 17; II პეტრე 2,5)

თავი X

აბრაამი, მეგობრად სახელდებული, მორწმუნე აღმოჩნდა, როდესაც იგი მორჩილი გაუხდა ღვთის სიტყვებს. მორჩილების გამო გამოვიდა ის თავისი ქვეყნიდან, თავისი ნათესაობიდან და თავისი მამის სახლიდან, რომ მცირე ქვეყნის, უძლური ნათესაობის და პატარა სახლის დატოვებით ღვთის აღთქმათა მემკვიდრე გამხდარიყო. ვინაიდან ასე ეუბნება ღმერთი: “გამოდი შენი ქვეყნიდან, შენი ნათესაობიდან და შენი მამის სახლიდან მიწისაკენ, რომელსაც გიჩვენებ შენ და გაქცევ შენ დიდ ხალხად და გაკურთხებ შენ და განვადიდებ შენს სახელს და იქნები კურთხეული და ვაკურთხებ შენს მაკურთხეველს და დავწყევლი შენს დამაწყევართ და შენში იკურთხება მიწის ყოველი ტომი” (შესაქმე 12, 1-4). და კვლავ, როდესაც განეშორა ის ლოტისაგან, უთხრა მას ღმერთმა: “აღიხილე შენი თვალებით და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც ახლა შენ ხარ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და ზღვისკენ, რომ მთელ მიწას, რომელსაც შენ ხედავ, შენ მოგცემ მას და შენს თესლს უკუნისამდე. და გავხდი შენს თესლს, როგორც მიწის ქვიშას. თუ ძალუძს ვინმეს მიწის ქვიშის აღრიცხვა, შენი თესლიც აღირიცხება” (შესაქმე 13, 14-16). და კვლავ ამბობს: “გამოიყვანა ღმერთმა აბრაამი და უთხრა მას: “აიხედე ცაში და აღრიცხე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი აღრიცხვა, ასევე იქნება შენი თესლი” (შესაქმე 15, 5-6).
რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო მიეცა მას შვილი მოხუცებულობაში და მან მორჩილების გამო მიუყვანა ის ღმერთს ერთ-ერთ მთაზე, რომელიც უჩვენეს მას (შესაქმე 22, 1-18).

თავი XI

სტუმართმოყვარეობისა და კეთილმორწმუნეობის გამო გადარჩა ლოტი სოდომიდან, როდესაც მთელი შემოგარენი დაისაჯა ცეცხლით და წუმწუბით (შესაქმე თ19; II პეტრე 2, 6-7). რითაც ცხადყო მეუფემ, რომ არ ტოვებს მისდამი მსასოებლებს, ხოლო სხვად მიდრეკილთ სასჯელსა და ტანჯვაში აგდებს. რადგან მასთან ერთად გამოსული მისი ცოლი, რომელიც სხვას განიზრახავდა და არ იყო მასთან თანხმობაში, მარილის სვეტად არის ქცეული დღევანდელ დღემდე ნიშნად იმისა, რომ შეიცნოს ყველამ: მერყევნი და ღვთის ძალის შესახებ დაეჭვებულნი სასჯელად და სანიშნედ ხდებიან ყოველი თაობისათვის.

თავი XII

რწმენისა და სტუმართმოყვარეობის გამო გადარჩა მეძავი რააბი (ისუ ნავე თ. 2), რადგან, როდესაც მზვერავები წარავლინა ისუ ნავეს ძემ იერიქოში, იმ ქვეყნის მეფემ გაიგო, რომ მათი მხარის დასაზვერად იყვნენ მოსულები და გაგზავნა კაცები მათ შესაპყრობად, რომ შეპყრობის შემდეგ მოეკვდინებინათ. მაგრამ სტუმართმოყვარე რააბმა ისტუმრა ისინი და დამალა სელის ლერწმის ქვეშ, სხვენში. წარუდგნენ მეფის წარგზავნილები და უთხრეს: “შენთან შემოვიდნენ ჩვენი მიწის მზვერავნი, გამოიყვანე ისინი, რადგან მეფე ბრძანებს ასე”; ხოლო მან მიუგო: “შემოვიდნენ ჩემთან კაცები, რომლებსაც ეძებთ, მაგრამ მალევე წავიდნენ და მიდიან ამ გზით”, - და საპირისპიროდ უჩვენა მათ. და უთხრა კაცებს: “ვცანი რა, რომ უფალი ღმერთი გაძლევთ თქვენ ამ მიწას, რადგან თქვენდამი შიში და ძრწოლა ჩამოვარდა მის მცხოვრებლებზე, ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება და თქვენ მიიღებთ მას, მიხსენით მე და ჩემი სახლი”. Dდა უთხრეს რააბს: “იქნება ისე, როგორც გვითხარი ჩვენ. როცა გაიგებ, რომ მოვედით, შეკრიბე ყველა შენიანი შენს ჭერქვეშ და გადარჩებიან, რადგან სახლის გარეთ დარჩენილები ამოწყდებიან”. და შეუთანხმდნენ მას, მოეცა ნიშანი: გადმოეფინა მისი სახლიდან მეწამული რამ. ამით წინდაწინ ცხადყვეს, რომ უფლის სისხლით იქნებოდა გამოსყიდვა ყველასი, ვისაც სწამს და სასოებს ღმერთს”.
ნახეთ საყვარელნო, არა მხოლოდ რწმენა, არამედ წინასწარმეტყველებაც იყო ამ ქალში.

თავი XIII

ამრიგად, დავმდაბლდეთ, ძმებო, განვაგდოთ ყოველგვარი ზვაობა, ქედმაღლობა, უგნურება, რისხვა და აღვასრულოთ წერილი: რადგან ასე ამბობს სულიწმინდა “ნუ იქადის ბრძენი თავისი სიბრძნით, ნურც ძლიერი თავისი ძალით, ნურც მდიდარი თავისი სიმდიდრით, არამედ ვინც იქადის, უფლის მიერ იქადოს, რომ მოიძიოს ის და აღასრულოს მსჯავრი და სამართლიანობა (იერემია 9, 22-23; I მეფეთა 2,10; I კორ. 1,31; II კორ. 10,17).
განსაკუთრებით გვახსოვდეს უფალ იესოს სიტყვები, რაც მან წარმოთქვა, ასწავლიდა რა მორჩილებასა და სულგრძელობას. რადგან ასე თქვა: “შეიწყალეთ, რომ შეგიწყალონ; მიუტევეთ, რომ თქვენც მოგეტევოთ; როგორც მოექცევით, ისე მოგექცევიან თქვენ; როგორც გასცემთ, იმგვარად მოგეცემათ თქვენ; როგორც განსჯით ისე განისჯებით; როგორც კეთილს-უყოფთ, ისე კეთილს-გიყოფენ თქვენ; რა საზომითაც გაზომავთ, იმითვე გაიზომება თქვენთვის” (მათე 5,7; 6, 12-14; მარკოზი 11,25; მათე 7, 1-2,12; ლუკა 6, 37-38, 31; მარკ. 4,24).
ამ მცნებითა და ამ დარიგებებით განვიმტკიცოთ ჩვენი თავი, რომ სიმდაბლით წარვემართოთ სიწმინდის ღირსი სიტყვების მორჩილებაში. რადგან წმინდა სიტყვები ამბობს: “ვის მივხედავ, თუ არა მშვიდს, მყუდროსა და ჩემი სიტყვების მოშიშს” (ისაია 66,2).

თავი XIV

ამრიგად, კაცნო ძმანო, მართებულია და ღირსეული, მორჩილნი გავხდეთ უფრორე ღვთისა, ვიდრე შევუდგეთ მათ, რომლებიც მოთავენი არიან ქედმაღლობასა და მძულვარე შურის მშფოთვარებაში, რადგან არცთუ უმნიშვნელო ვნებას, უფრო მეტად კი დიდ ხიფათს დავიტეხთ თავზე, თუ თავგამეტებით მივეცემით იმ კაცთა ნება-სურვილებს, რომლებიც გვაქეზებენ განხეთქილებისა და ამბოხისკენ, სურთ რა, რომ განგვაშორონ კეთილ მდგომარეობას. სიკეთით ურთიერთშევეტკბოთ, მსგავსად ჩვენი შემოქმედის კეთილმოწყალებისა და სიტკბოებისა. რადგან დაწერილია: “კეთილნი დამკვიდრდებიან მიწაზე, უბოროტონიც დარჩებიან მასზე, ხოლო ურჯულონი აღიხოცებიან მისგან” (იგავთა 2, 21-22; ფს. 36,9). და კვლავ ამბობს: “ვიხილე უღმრთო ამაღლებული და აზიდული, როგორც ნაძვები ლიბანისა და ჩავუარე და აჰა, არ იყო. ვეძებე მისი ადგილი და ვერ ვიპოვე. დაიცავი უბოროტობა და იხილე სიწრფელე, რადგან აქვს მშვიდობიან კაცს დანატოვარი (შთამომავლობა).

თავი XV

ამრიგად, შევუერთდეთ მათ, რომლებიც კეთილმორწმუნეობით იცავენ მშვიდობას და არა მათ, რომლებსაც თვალთმაქცურად უნდათ მშვიდობა, რადგან სადღაც ამბობს: “ეს ხალხი ბაგეებით პატივს მცემს მე, ხოლო მათი გულები შორს არის გამდგარი ჩემგან” (ისაია 29,13; მათე 15,8). და კიდევ: “მათი პირით აკურთხებენ, ხოლო გულით წყევლიან” (ფს. 61,5). Dდა კვლავ ამბობს: “შეიყვარეს იგი მათი პირით, ხოლო მათი ენით ეცრუვნენ მას, გული მათი კი არ იყო წრფელი მასთან, არც სარწმუნო იქმნენ მის აღთქმაში” (ფს. 77, 36-37). Aმის გამო “უტყვი გახდება მზაკვარი ბაგეები, ურჯულოების მეტყველნი მართლის წინააღმდეგ” (ფს. 30,19) და კვლავ: “წარწყმიდოს უფალმა ყველა მზაკვარი ბაგე და ენა დიდმეტყველი, თქვენ რა: განვადიდოთ ჩვენი ენა, ჩვენი ბაგენი ჩვენთან არის და ვინ არის უფალი? გლახაკთა უბადრუკობისაგან და ღარიბთა გოდებისაგან ახლა აღდგებით, ამბობს უფალი: დავამკვიდრებ მათ ხსნაში და გავცხადდები მასში” (ფს. 11, 4-6).

თავი XVI

რადგან ქრისტე მდაბალთათვის არის და არა მათთვის, რომლებიც დიდგულობენ მის სამწყსოზე. ღვთის სიდიადის კვერთხი, უფალი იესო ქრისტე არ მოსულა ქედმაღლური მედიდურობით, არც ამპარტავნობით, თუმცა კი შემძლე იყო, არამედ – სიმდაბლით, როგორც წმინდა სულმა თქვა მის შესახებ, ამბობს რა: “უფალო ვინ ერწმუნა ჩვენს ნათქვამს და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? ვამცნეთ მის წინაშე, როგორც ბავშვი, როგორც მწყურვალე მიწაში ფესვი. არა აქვს მას სახე, არც დიდება. და ვიხილე ის და არ ჰქონდა სახე, არც მშვენება, არამედ მისი სახე უპატიო იყო, მოკლებული ადამიანთა სახეს; ადამიანი წყლულებასა და ტკივილში იყო და იცოდა დათმენა უძლურებისა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა, რადგან უკუმიიქცა მისი პირი, უპატიო-იქმნა და არ შეირაცხა. იგი იტვირთებს ჩვენს ცოდვებს და ჩვენს გამო ეწამება; ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ის იყო ტანჯვაში, წყლულებასა და შეურაცხყოფაში. ხოლო იგი მოიწყლა ჩვენი ცოდვების გამო და უძლურება იტვირთა ჩვენი უსჯულოებებისათვის. ჩვენი მშვიდობის სწავლა მასზეა, მისი წყლულით ჩვენ განვიკურნეთ. ყველა ცთომილი ვიყავით, როგორც ცხვრები. ადამიანი შეცდა თავის გზაზე და უფალმა გასცა იგი ჩვენი ცოდვებისათვის და ის შეურაცხყოფათა გამო არ ხსნის პირს. როგორც ცხვარი დასაკლავად მიყვანილ იქნა და როგორც უხმო კრავი მპარსველის წინაშე, იმგვარად არ აღებს თავის პირს. სიმდაბლით აღიღოცა მისი მსჯავრი. და მის შთამომავლობას ვინ მიუთხრობს? ღრადგან აღებულია მიწისაგან მისი ცხოვრება. ჩემი ხალხის უსჯულოებების მიზეზით მიდის სასიკვდილოდ. და მივცემ უკეთურთ მისი საფლავის წილ და მდიდრებს მისი სიკვდილის წილ, რადგან ურჯულოება არ ჩაუდენია, არც მზაკვრობა არ ნახულა მის პირში და უფალს ნებავს, რომ განწმიდოს ის წყლულებისგან. თუ მისცემთ (მსხვერპლს) ცოდვებისთვის, თქვენი სული იხილავს დღეგრძელ თესლს. და უფალს ნებავს, რომ მისი სული განარიდოს ტანჯვისაგან, და უჩვენოს მას სინათლე და შეუქმნას გულისხმა, რომ განამართლოს მართალი, რომელიც კეთილად ემონება მრავალთ. და მათ ცოდვებს ის იტვირთებს. ამის გამო ის მრავალთ იმემკვიდრებს და განყოფს ძლიერთა ნადავლს, რომელთა გამო მიცემულ იქნა მისი სული სასიკვდილოდ და უსჯულოთა შორის შეირაცხა. და მან მრავალთა ცოდვები იტვირთა და მათი ცოდვების გამო მიეცა (ისაია 53, 1-12; მსაჯულთა 8, 32-33). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე მატლი ვარ და არა ადამიანი, საყვედრელ ადამიანთა და არარაობა ხალხისა. ყოველი ჩემი მნახველი დამცინის მე; იმეტყველეს ბაგეებით, აქნიეს თავი: “უფალს სასოებდა, იხსნას ის, გადაარჩინოს, რადგან ნებავს იგი” (ფს. 21, 7-9; მარკ. 15,29; მათე 27,43).
ნახეთ საყვარელნო, რა ნიმუშია მოცემული ჩვენთვის. რადგან თუ უფალმა ასე დაიმდაბლა თავი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მის მიერ მოვედით მისი მადლის უღელქვეშ?

თავი XVII

მივბაძოთ მათაც, რომლებიც თხისა და ცხვრის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს მოსვლას. ხოლო ვამბობთ ელიასა და ელისეს, კიდევ იეზეკიელს, წინასწარმეტყველთ, რომლებმაც სწამეს იგი.
დიდად იწამა აბრაამა და ღვთის მეგობრად იწოდა და ჭვრეტს რა იგი ღვთის დიდებას, ამბობს: “ხოლო იობი იყო მართალი და უბიწო, ჭეშმარიტი, ღვთისმსახური, განშორებული ყოველგვარი ბოროტისაგან” (იობი 1,1), მაგრამ იგი საკუთარ თავს ადანაშაულებს და ამბობს: “არავინ არის ჭუჭყისაგან წმინდა, თუნდაც რომ ერთი დღე იყოს მისი სიცოცხლე” (იობი 14, 4-5). მოსე “მთელ მის სახლში სარწმუნოდ” (რიცხვ. 12, 7; ებრ. 3, 2-5) იწოდა და მისი, როგორც მსახურის მიერ სჯიდა ღმერთი ეგვიპტეს მათი დატანჯვით და გაწვალებით, მაგრამ იგი აგრერიგად განდიდებული არ ცუდმედიდობდა, არამედ ასე თქვა მაშინ, როცა მაყვლიდან წინასწარუწყება მიეცა: “ვინ ვარ მე, მე რომ მგზავნი? ხოლო მე ხმაწვრილი და ენამძიმე ვარ” (გამოსვლათა 3,11; 4,10). და კვლავ ამბობს: “ხოლო მე ორთქლი ვარ ქოთნიდან” (ციტატის წყარო უცნობია. შესაძლოა კლიმენტი სარგებლობდა მოსეს ცხოვრების აპოკრიფით).



თავი XVIII

რა უნდა ვთქვა დასტურმიცემულ დავითზე? მისდამი თქვა ღმერთმა: “ვპოვე კაცი ჩემი გულისებრ, იესეს დავითი, საუკუნო წყალობით ვცხე მას” (მსაჯ. 13,22; ფს. 88,21; I მეფეთა 13,14). მაგრამ თავად ის ასე ამბობს ღვთის მიმართ: “მიწყალე მე, ღმერთო, შენი დიდი წყალობით და შენი მრავალი მოწყალებით აღხოცე ჩემი უსჯულოება. უმეტესად განმბანე მე ჩემი უსჯულოებისაგან და ჩემი ცოდვებისაგან განმწმინდე მე. რადგან ვიცი მე ჩემი უსჯულოება და ჩემი ცოდვა ჩემს წინაშეა მუდამ. მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება შენს წინაშე ჩავიდინე, რომ განმართლდე შენს სიტყვებში და გაიმარჯვო შენს მსჯავრში. რადგან აჰა, უსჯულოებაში ჩავისახე და ცოდვებში მშვა მე ჩემმა დედამ. რადგან, აჰა, ჭეშმარიტება შეიყვარე, უხილავნი და დაფარულნი შენი სიბრძნისა გამიცხადე მე. მასხურე მე უსუპი და გავიწმინდები, გამბანე მე და თოვლზე უფრო გავთეთრდები. მასმენინე მე სიხარული და მხიარეულება. გაიხარებენ დამდაბლებული ძვლები. მიიბრუნე შენი სახე ჩემი ცოდვებისაგან და ყოველი ჩემი უსჯულოება წაშალე. წმინდა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს შიგნით. ნუ განმაგდებ მე შენი სახისაგან და შენს წმიდა სულს ნუ წაიღებ ჩემგან. მომეცი მე შენი მხსნელობის სიხარული და წინამძღვრული სულით განმამტკიცე მე. ვასწავლი უსჯულოებს შენს გზებს და უღმრთონი მოიქცევიან შენსკენ. მიხსენი მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა. გაიხარებს ჩემი ენა შენი სამართლიანობით. უფალო, გახსენი ჩემი პირი და ჩემი ბაგეები აღმოთქვამენ შენს ქებას. რადგან, რომ გენება მსხვერპლი, მოგცემდი, მაგრამ ყოვლადდასაწველს არ ითნევ. მსხვერპლი ღვთისადმი არის სული შემუსვრილი; გულს შემუსრვილს და დამდაბლებულს ღმერთი არ შეურაცხყოფს” (ფს. 50, 3-19).

თავი XIX

ამრიგად, სიმდაბლემ და მორჩილმა უდრტვინველობამ აგრერიგად დასტურმიცემული ამდენი და ამგვარი ადამიანისა უკეთესნი გაგვხადა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, აგრეთვე ჩვენზე უწინარესი თაობები, რომლებმაც კი შეიწყნარეს მისი სიტყვები შიშითა და ჭეშმარიტებით.
ამიტომ ვეზიარეთ რა მრავალ დიდსა და დიდებულ საქმეს, მივუბრუნდეთ თავდაპირველად ჩვენს წინაშე დასახულ მშვიდობის მიზანს. ავიხედოთ მამისა და მთელი სამყაროს შემოქმედისკენ, შევენაწევროთ მის დიდადმშვენიერ და აღმატებულ მშვიდობის საჩუქრებს, მის კეთილმოქმედებებს. შევხედოთ მას გონებით და სულის თვალებით. განვჭვრიტოთ მისი სულგრძელი ნება. გულისხმავყოთ, როგორ ურისხველად ჰგიეს მთელი თავისი შესაქმისადმი.

თავი XX

ცანი, მისი განგებით შეძრულნი, მშვიდად ემორჩილებიან მას. დღეც და ღამეც მის მიერ დაწესებულ სვლას ასრულებენ და არაფრით აფერხებენ ერთმანეთს. მზე, მთვარე და ვარსკვლავთა გუნდები მისი განწესების შესაბამისად თანხმობით, ყოველგვარი გადახვევის გარეშე, შემოწერენ მათთვის განჩინებულ საზღვრებს. მისი ნებით ნაყოფის გამომღებელი მიწა თავთავის დროს აღმოუცენებს მრავალგვარ საზრდოს ადამიანებს, ცხოველებს და მასზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. არ უპირისპირდება, არც ცვლის რაიმეს მის მიერ დადგენილთაგან. უსაზღვრო ზღვის მოცულობა შექმნიდანვე თავის საცავებში შეყენებული, არ გადადის მის გარემომცველ ჯებირებს, არამედ, როგორც დაუწესა მას უფალმა, ისე მოქმედებს, რადგან უთხრა: “აქამდე მოაღწევ და შენში დაიმსხვრევა შენი ტალღები” (იობი 38,11).
ადამიანთაგან გადაულახავი ოკეანე და მის მიღმა ქვეყნები (ერთ-ერთი მკვლევარის შენიშვნით აქ არის გამოძახილი ლეგენდარული ატლანტიდის შესახებ) მეუფის ამავე განწესებით განეგებიან. გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის დროები მშვიდობიანად ენაცვლებიან ერთმანეთს. ქართა სადგომები თავთავის დროს დაუბრკოლებლად ასრულებენ თავის მსახურებას. დაუშრობელი წყაროები, შვებისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილნი, დაუკლებლად აწვდიან ადამიანებს სიცოცხლის კერტებს. ცხოველთაგან ყველაზე მცირენი კი ურთიერთ თანაარსებობას თანხმობით და მშვიდობით ასრულებენ.
ყველაფერ ამას დიდმა შემოქმედმა და ყოველთა მეუფემ მშვიდობით და თანხმობით ყოფნა დაუწესა, კეთილმოქმედია რა ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი ჩვენდამი, რომლებიც ვეშურებით მის მოწყალებებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, დიდება მისდა და დიდებულება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Jan 11 2010, 12:17 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



წმ. კლიმენტი რომაელის სახელთან დაკავშირებული ეპისტოლე


წმ. კლიმენტი რომაელი

მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ



თავი I

ძმანო! უფალ იესო ქრისტეზე უნდა იფიქროთ ისე, როგორც ცოცხალთა და მკვდართა ღმერთსა და მსაჯულზე. არც საკუთარი სულის ცხონებაზე უნდა იფიქროთ ცოტა, რამეთუ მცირედის ფიქრი ამის თაობაზე არც ისე დიდი მისაგებლის საწინდარია. თუკი უფლის შესახებ ვისმენთ, ისე როგორც რაღაც უმნიშვნელოზე, ვცოდავთ. არც ის ვუწყით, თუ საიდან მოვედით, ვინ ვართ, რა ღირსებაში აღგვდაგინა უფალმა და რამდენი რამ დაითმინა ჩვენი გულისთვის. რა საზღაური უნდა მივაგოთ ან რა უნდა იყოს იმის საფასური, რაც უფალმა გვიბოძა. რაა ის უპირატესი სიწმინდე, რითაც ასე ვართ დავალებული უფლისაგან? მან ხომ თვალნი აგვიხილა, ნათელი დაგვანახა, როგორც მამამ შვილები ისე ჩაგვიკრა გულში, სიკვდილის პირას მყოფნი გადაგვარჩინა. ვითარ აღვავლენთ უფლის დიდებას, ან რა საფასურს გავიღებთ იმის წილ, რაიც გვიბოძა ჩვენ, გონებადაბნელებულთ, ხის, ქვის, ოქროს, ვერცხლისა თუ სპილენძის ბომონთა თაყვანისმცემელთ. ჩვენ, რომელთა განვლილი ცხოვრება სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სიკვდილი. წყვდიადით გარემოცულთ და მზერა დალიბრულთ, უფლის ნებით აგვეხილა თვალნი და გარემომცველი ბურუსიც გაიფანტა. უფალი წუხდა ჩვენთვის, სათნო-გვეყო და გვაცხოვნა, რამეთუ ხედავდა, რომ გზააბნეულთა და დასაღუპად განწირულთათვის გზა ხსნისა არსაით ჩანდა, თავად უფალი მოგვევლინა გზად ხსნისა, მოგვეახლა არაარსთა და აღმოგვიყვანა ცხოველი ცხოვრებიდან ცხოვრებაში.

თავი II

ეკლესია ადრე უნაყოფო წარმართთა გაქრისტიანებით განაყოფიერდა

“გიხაროდეს, უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია; იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით შობილო; ვინაიდან მიტოვებულს უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე ქმრიანს”. ეს სიტყვები: “გიხაროდეს უნაყოფოვ, რომელსაც არ გიშობია”, ჩვენ გვეხება, რადგან ჩვენი ეკლესია უნაყოფო იყო, ვიდრე მას შვილებით დაასაჩუქრებდნენ. ხოლო სიტყვები “იმძლავრე და იღაღადე, შობის სალმობით შობილთ” მიანიშნებს, რომ უფლისადმი ლოცვებს აღვავლენთ ისე უბრალოდ, როგორც მშობიარე. ხოლო სიტყვები “ვინაიდან მიტოვებულს უფრო მეტი შვილები ჰყავს, ვიდრე ქმრიანს” ნათქვამია ჩვენზე, რადგან ჩვენი ერი, როგორც ჩანს, ღმერთს განუდგა. შემდგომ როდესაც ღმერთი ვირწმუნეთ, განვმრავლდით იმაზე მეტად, ვინც უფალს არასოდეს მიუტოვებია (ე.ი. იუდეველნი). შემდეგ წერილი ამბობს: “არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა”, რაც ნიშნავს: უფალმა უნდა გამოიხსნას დაცემულნი, რამეთუ განმაცვიფრებელი სიდიადე იმაშია, განამტკიცო არა ის, რაც ისედაც მყარია, არამედ ის, რაც შერყეულია. ასევე უფალმა იესო ქრისტემ ინება ხსნა დაცემულთა, ბევრსაც შემოგვიდგა და გვაცხოვნა დასაღუპად განწირულნი.

თავი III

აღვიარებდეთ უფალს, აღვასრულებდეთ მცნებებს, მთელი გულით თაყვანისვცემდეთ უფალს


სათნო-გვეყო უფალი და, უწინარესად იმით, რომ ჩვენ ცოცხლები, მკვდარ ღმერთებს აღარ ვსწირავთ მსხვერპლს და აღარც თაყვანს ვცემთ, არამედ შევიცანით უფლის მიერ მამა ჭეშმარიტებისა. ამრიგად, განა რაში უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი დამოკიდებულება თუ არა იმაში, რომ არ უარვყოთ ის – შემმეცნებელი ჩვენი. იგი ხომ თავადაც ბრძანებს: “ვინც აღმიარებს მე კაცთა წინაშე, მას აღვიარებ მეც ჩემი მამის წინაშე” (მათე 10,32). ასეთი ჯილდო გვიბოძა იმის აღიარებისთვის, ვინაც გვაცხოვნა. მაინც რით აღვიარებთ უფალს? – უფლის სიტყვის აღსრულებით, მცნებათა დაურღვევლობით, თაყვანისცემის აღვლენით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ გულით და გონებით. ესაია წინასწარმეტყველთან ხომ თქვა უფალმა: “…პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან”. (ეს. 29,13)

თავი IV

ვინ ირწმუნა უფალი ჭეშმარიტად


ამგვარად, ნუ დავკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ უფალი ვუწოდოთ მას, ეს როდი გვაცხოვნებს, რამეთუ უფალი ამბობს: “არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო! უფალო! და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ჰყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა! (მათე 7,21)” ამიტომ ძმანო, დაე აღვიარებდეთ უფალს საქმეებით, ურთიერთსიყვარულით, მოვიძაგოთ სიძვა, განვაგდოთ ძვირისმეტყველება და შური, აღვივსოთ მოთმინებით, სათნოებით, სიკეთით. ამგვარი საქმეებით უნდა აღვიაროთ უფალი და არა საწინააღმდეგო ქმედებებით, გულწრფელად უნდა შევიტკბოთ გული ერთმანეთზე და გვძულდეს ვერცხლისმოყვარეობა. არ უნდა გვეშინოდეს ადამიანების, არამედ უნდა გვქონდეს შიში ღვთისა. თუკი ვიუსჯულოებთ უფალი იტყვის: “თუკი ჩემი სახელით შეიკრიბებით და ჩემს მცნებებს არ აღასრულებთ, არ გიცნობთ და გეტყვით: განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი”. (მათე 7,23)

თავი V

მოვიძაგოთ ეს სოფელი და მეორე ცხოვრების სიკეთეებს ველტვოდეთ


ძმანო, ამა სოფლის უარმყოფელნი უფლის ნებას აღვასრულებთ და ამიტომ ნურც ამქვეყნიდან გასვლის შიში გვექნება. უფალი ამბობს: “იყავით ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა” (მათე 10,16). პეტრე მოციქული კი ამის პასუხად ამბობს: “თუ მგლები კრავებს დაგლეჯენ? “უფალი იესო პასუხობს: ცხვრებს მგლების შიში სიკვდილის შემდეგ აღარ უნდა ჰქონდეთ (პეტრეს და უფალ იესო ქრისტეს ამგვარ საუბარზე არაფერია ნათქვამი წმინდა წერილში). არც თქვენ უნდა გეშინოდეთ თქვენი მკვლელების, მათ ხომ მეტი არაფერი შეუძლიათ გააკეთონ და უმწეონი არიან. გეშინოდეთ მისი, ვისაც ჩვენი სიკვდილის შემდეგ ხელმწიფება აქვს ჩვენივე სულსა და სხეულზე და ცეცხლოვან გეენიას განუმზადებს მათ. იცოდეთ ძმანო: რომ ამქვეყნად ჩვენი უძლური სხეულის ხეტიალი ძალზე ხანმოკლეა, ხოლო იესო ქრისტეს აღთქმა ყოვლისმომცველი და განმაცვიფრებელი, სახელდობრ: სიმშვიდე მომავალი სასუფევლისა და საუკუნო ცხოვრებისა. რით შეიძლება დავიმკვიდროთ ეს სიმშვიდე თუ არა ღვთისმოსავი და ღვთივსათნო ცხოვრებით, ამქვეყნიურ სიკეთეთა უარყოფით და მოძაგებით. თუკი ეს არ გვსურს, მაშინ სწორ გზას ავცდენილვართ.

თავი VI


უფალი ამბობს: “ვერვის ხელეწიფების ორთა უფალთა მონებად”. (მათე 6,24; ლუკა 16,13). თუკი ვემსახურებით უფალს და მამონასაც ვემონებით, ეს ჩვენთვის ძალზე საშიშია. “რამეთუ რა სარგებელს ეყოს კაცსა, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?”. წუთისოფელი და საუკუნო მარადიული სასუფეველი ერთმანეთის მტერია. წუთისოფელი გვიბიძგებს მრუშობის, ვერცხლისმოყვარეობის, სიცრუის და გარყვნილებისკენ, რაც სასუფევლისათვის მიუღებელია. შესაბამისად, შეუძლებელია ორივეს ერთდროულად დავუმეგობრდეთ: ან ეს საუკუნო სოფელი უნდა დავუტევოთ, ანდა მარადიულს შევეთვისოთ. დავფიქრდეთ, რა უფრო უმჯობესია: მოვიძულოთ ამქვეყნიური სიკეთენი, რომლებიც წარმავალია და ხრწნადი, თუ მიველტვოდეთ უმშვენიერეს და უხრწნელ სიკეთეებს. რამეთუ უფლის ნების აღმსრულებელნი სიმშვიდეს მოვიხვეჭთ, ხოლო მცნებათა უარმყოფელთ საუუნო სასჯელი გველის. ეზეკია წინასწარმეტყველთან წმინდა წერილში უფალი ამბობს: “ვერც ნოე, ვერც იობი და ვერც დანიელი ვერ გადაარჩენდნენ თავიანთ შვილებს, ტყვეობაში მყოფთ, (შდრ. ეზეკ. 14, 14-20). და თუ ეს უფლის წინაშე მართალი ადამიანები უძლურნი არიან თავიანთი სიმართლით იხსნან შვილები, ჩვენ როგორ შეიძლება გვქონდეს უფლის სასუფეველში შესვლის იმედი, თუკი ნათლისღების სიწმინდესა და უმანკოებას შევბღალავთ. ანდა როგორ გვიშუამდგომლებს ვინმე უფლის წინაშე, როდესაც ჩვენს ღვთისმოსავ და მართალ საქმეებს ვერსად აღმოაჩენს?

თავი VII

ამგვარად ძმანო, ვიღვაწოთ, რამეთუ ცხოვრება ბრძოლაა. და თუმცა ფუჭ საგმირო საქმეთა ჩადენას ბევრი მიელტვის, ყველა როდი ხდება გვირგვინმოსილი, არამედ მხოლოდ დიდად ღვაწლმოსილნი. დაე, ჩვენც ვიღწვოდეთ ისე, რომ შევიქმნათ ყველასაგან გვირგვინმოსილნი. სწორი გზით ვიდოდეთ – ეს უხრწნელი გმირობაა. დაე, ერთად ვიდოდეთ ამ გზით და ვიღვაწოთ ისე, რომ ღირს-ვიქმნეთ გვირგვინისა. თუკი ყველა გვირგვინის ღირსი ვერ შევიქმნებით, ბოლოსდაბოლოს გვირგვინს ხომ მაინც მივუახლოვდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ისიც კი, ვინც ფუჭ საგმირო საქმეებში გაწაფულია, საკმარისია წაიფორხილოს, რომ კინწისკვრით გამოაგდონ ასპარეზიდან. როგორ გგონიათ, რა დაემართება იმას, ვინც ვერ გაუძლებს უხრწნელ დიდებას – გმირობას? ხოლო მათ შესახებ, რომელთაც ვერ შეინარჩუნეს ბეჭედი (იგულისხმება ნათლისღება) ნათქვამია: “მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისათვის (ეს. 16,24).

თავი VIII

ამგვარად, შევინანოთ ვიდრე დედამიწაზე დავაბიჯებთ, რამეთუ თიხა ვართ ოსტატის ხელში. როდესაც მექოთნე ჭურჭელს ამზადებს, უნაკლო ფორმის მიღებამდე გლუვი ზედაპირი ხშირად უმრუდდება და შეუძლია დაშალოს და ისევ თავიდან მოზილოს იგი, მაგრამ თუკი იჩქარებს ქოთნის ღუმელში გამოსაწვავად შედგმას, ისე, რომ საბოლოოდ ფორმა არ მიუცია, მერე ვეღარაფერს უშველის. ასევე გვემართება ჩვენც. ვიდრე ამა სოფელში ვიმყოფებით მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩადენილი ხორციელი ბოროტებანი, რათა გვაცხოვნოს უფალმა, ვიდრე კიდევ დაგვრჩენია დრო სინანულისათვის. რადგან ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასულთ დრო აღარ დაგვრჩება აღარც სააღსარებოდ და აღარც სინანულისათვის. ამრიგად, ძმანო, მხოლოდ მაშინ მივიღებთ საუკუნო ცხონებას, როდესაც უფლის ნებას აღვასრულებთ, სხეულის უმანკოებას დავიცავთ და უფლის მცნებებს დავიმარხავთ, რამეთუ უფალი სახარებაში იტყვის: “მცირედში სანდო დიდშიც სანდოა და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა”, (ლუკა 16, 10_11) რაც ნიშნავს: დაიცავით სხეული უბიწოდ და ბეჭედი შეურყვნელად, რათა მიიღოთ საუკუნო ცხოვნება.

თავი IX

ნურავინ იტყვის, რომ სხეული არც განისჯება და არც აღსდგება. იცოდეთ: რომ ცხონდით და აგეხილათ თვალნი მხოლოდ სხეულში. ამიტომ სხეული უნდა დაიცვათ, როგორც ტაძარი ღვთისა. რამეთუ ვითარცა სხეულში მყოფთ მოგიწოდათ უფალმა იესო ქრისტემ ასევე ხორცში მყოფნი წარსდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე. როგორც უფალ იესო ქრისტეს, მაცხოვრის, ღვთაებრივმა სულმა ხორცნი შეისხნა და განკაცდა, ჩვენც ასევე უფლის სხეულში მივიღებთ ჯილდოს. გვიყვარდეს ერთმანეთი, რათა ერთად დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ვიდრე განკურნების დრო კიდევ გვაქვს, მივენდოთ მკურნალ უფალს და მივაგოთ მისაგებელიც. რა არის ეს უფლის წინაშე მისაგებელი? წრფელი გულისშემუსრვილება. უფალმა ხომ ისედაც უწყის ყოველივე და ხედავს ჩვენს გულებს. აღვავლინოთ ქება უფლის წინაშე მხოლოდ ბაგეებით კი არა, მთელი გულით, რათა შეგვიწყალოს უფალმა, როგორც შვილები. რამეთუ თქვა უფალმა: “რომელმან ჰყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა, იგი არს ძმა ჩემი” (მათ 12,50)

თავი X

ამიტომ, ძმანო აღვასრულოთ ნება მამისა, ცხოვრების მომცემელისა, მიველტვოდეთ სათნოებას, დავთრგუნოთ მანკიერებანი, ცოდვათა წინამორბედნი, აღმოვფხვრათ ბიწიერი გულისთქმანი, რათა ბოროტებას არ დავემონოთ. თუკი ვეცდებით სიკეთე ვქმნათ ეს სიმშვიდეს მოგვგვრის. ამიტომ არის, რომ სიმშვიდე ვერ დაისადგურებს იქ, სადაც ადამიანური შიში ბოგინობს და ადამიანები ამქვეყნიურ განცხრომას ამჯობინებენ სამომავლო აღთქმას. მათ არ უწყიან თუ როგორ იტანჯებიან ამქვეყნიურ სიამეთა ტყვეობაში მყოფნი და რაოდენ ტკბილია მომავალი აღთქმა. ასატანი იქნებოდა, რომ ასე მხოლოდ ერთეულები იქცეოდნენ. ისინი ხომ გამუდმებით ჩააგონებენ თავიანთ უკეთურ სწავლებას შეურყვნელ სულებს და როდი უწყიან, რომ ორგზის განისჯებიან თავადაც და მათი მიმდევრებიც.

თავი XI

ამგვარად, დავეგოთ უფალს შემუსრვილი გულით, რათა განმვმართლდეთ. თუკი ურწმუნეობის გამო არ ვემსახურებით უფალს არ ვიქნებით ბედნიერნი, რამეთუ სიტყვა წინასწარმეტყველთა ამბობს: “უბედურნი არიან ორგულნი, მერყევნი გულით, რომლებიც ამბობენ: ჩვენი მამების დროიდან მოყოლებული გვესმოდა ეს ყოველივე, დღე და ღამე მოლოდინში ვართ, მაგრამ მსგავსიც ვერაფერი ვნახეთ”. უგუნურნო, შეადარეთ თქვენი თავები ხეს, მაგალითად ვაზს: ჯერ უნდა გაისხლას, შემდეგ ამოიყრის ყლორტებს, დაიმტევნება და ბოლოს, ყურძნის ნაყოფით დაიხუნძლება. ასევე დაითმინა ჩემმა ერმა მწუხარება და წუხილი და შემდეგ მადლი მოიხვეჭა. ამრიგად ძმანო, ნუ დაეჭვდებით, სასოება გვქონდეს, რომ მოგვეცემა მისაგებელი. რამეთუ სარწმუნეობა იგი, რომელმაც აღგვითქვა ყველას მისაგებელი საქმეთაებრ მათდა. თუკი ჩვენი საქმეებით განვმართლდებით უფლის წინაშე, მოვიხვეჭთ ცათა სასუფეველს, იმ გამოუთქმელ მადლს მივემთხვევით “რომელი თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა”.

თავი XII

ამრიგად, დაე დღენიადაგ ღვთის სასუფევლის მოლოდინში ვიყოთ სიყვარულსა და სიმართლეში, რამეთუ არ ვუწყით დღე ღვთისჩენისა. თავად უფალმა, როდესაც ჰკითხეს თუ როდის მოვა მისი მეუფება, უპასუხა: როდესაც ორნი გახდებიან ერთნი, გარეგანი იქნება ისე, როგორც შინაგანი. მდედრი და მამრი ორივე ერთნი იქნებიან, არ იქნება აღარც მდედრი და აღარც მამრი. ორ ადამიანს შორის ერთსულოვნებაა, როდესაც მართალნი არიან ერთმანეთის წინაშე, როცა ორ სხეულს თვალთმაქცობის გარეშე ერთი სულისკვეთება განმსჭვალავს. სიტყვები: გარეგანი, როგორც შინაგანი ნიშნავს შემდეგს: შინაგანში იგულისხმება სული, ხოლო გარეგანში – სხეული. სხეული ჩანს, ასევე უნდა განცხადდეს შენი სულიც კეთილ საქმეებში. ხოლო სიტყვები – მამრი, ხოლო მამრი მდედრი გახდება ეს...*


ძველი ბერძნულიდან თარგმნა მაია ინდუაშვილმა

________________
* ასე მთავრდება ჩვენამდე მოღწეული ეპისტოლეს ალექსანდრიული ხელნაწერის ტექსტი. ბოლო თავის დაუსრულებელი ფრაზა შეიძლება შევავსოთ კლიმენტი ალექსანდრიელის (სტრომ III. ჩოლ 9) განმარტებით, სადაც მამრი შეესატყვისება მრისხანებას, მძვინვარებას, ხოლო მდედრი გულისხმობს წადილს, ნდომას, რომლებიც უნდა აღიკვეთოს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი