IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მართლმადიდებლობა და ბაბტისტური რელიგია, მთავარი განსხვებები მართმადიდებლებსა და ბაბტისტებს შორის
tamarioni
პოსტი Jan 30 2007, 04:23 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 968



მამაო დამლოცე
გავიცანი არაქართველი ადამიანი. იგი ბაბტისტია. როგორც განმიმარტა, მათ სწამთ რომ თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს შენს უფლად და მხსნელად, მაშინ აუცილებლად მოხვდები სამოთხეში. ძალიან გთხოვთ, მითხრათ რამდენად მისაღებია ეს მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის და იქნებ მესაუბროთ მთავარ განსხვავებებზე ბაბტისტებსა და მართლმადიდებლებს შორის.
გმადლობთ მამაო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 21 2007, 07:26 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ფორუმის მასშტაბით შეუძლებელია ამ თემზე მეტნაკლები სისრულით საუბარი, მხოლოდ ძალიან ზოგადად შევეხოთ.

ბაპტიზმი ჩაისახა XVII საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიაში, თუმცა სახელწოდება ამ საზოგადოებამ მიიღო მოგვიანებით. პირველი ბაპტისტები იყვნენ ძირითადად ინგლისელები, ყოფილი კალვინისტები. რამოდენიმე წლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ინგლისში და დააარსეს იქ ბაპტისტური საზოგადოება. ინგლისშივე ეწოდა მათ სახელად "ბაპტისტები" ("მომნათვლელები", ბერძნულიდან თარგმანში). ამიტომ ამ კონფესიის სამშობლოდ აღიარებულია ინგლისი. დღეისათვის ბაპტისტები წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან პროტესტანტულ კონფესიას. მათი უდიდესი ნაწილი ცხოვრობს შეერთებულ შტატებში.

ბაპტიზმი წარმოიშვა ლუთერანობის და კალვინიზმის ნიადაგზე და მისთვის დამახასიათებელია რეფორმატორული მიდგომა სარწმუნოებრივი საკითხებისადმი. მათი სარწმუნოებრივი სწავლებაის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს ბიბლია. ისინი უარყოფენ გარდმოცემას, მამათა განმარტებებს. ამიტომ ბაპტისტისათვის პირადი სარწმუნოებრივი ცდა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეკლესიის სწავლება. მაგრამ ასეთ მიდგომას შესაძლოა მოყვება ქაოსი სარწმუნოებრივ ერთობაში, რომლის თავიდან ასარიდებლად ყალიბდება კონკრეტული სისტემატიზირებული საღმრთისმეტყველო სწავლება. ასე რომ, წმიდა წერილის ერთადერთ ავტორიტეტად აღიარება არის მცდელობა ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების და სწავლების უარყოფისა. როგორც წმიდა იოანე ღმრთისმეტყველი ბრძანებს ყველაფერი ვერ დაიწერებოდა წმიდა წერილში (ინ.21,25). მოციქულები წლების მანძილზე ქადაგებდნენ ერებში, მაგრამ დაწერილი სახით ძალიან ცოტა რამ შემოგვრჩა – ეს არის საქმე მოციქულთა და მათი ეპისტოლენი. ამასთან ერთად წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: "ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა" (2თეს. 2,15). ზეპირმა გარდმოცემამ გამოვლინება პოვა ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ სწავლებაში, მის ტრადიციაში. ბაპტისტების მიერ ეს ყველაფერი უარყოფილია.

ბაპტიზმის აუცილებელ პრინციპად ითვლება ნათლობის მიღება სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ; ისინი არ ნათლავენ ჩვილებს. სხვაგვარად უყურებს ამას მართლმადიდებლობა. წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს, რომ ერთი კაცის – ადამის შეცოდებით სიკვდილი შემოვიდა ყოველ ჩვენგანში (რომ.5,12). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამის დაცემით, დაეცა და დაკნინდა ზოგადად ადამიანის ბუნება, თითოეული ჩვენგანის ბუნება. მისი აღდგენის აუცილებელი პირობაა მეორედშობა, ანუ ნათლობა (ინ. 3,5). ამრიგად ნათლობის მოკლება ჩვილისათვის ნიშნავს სასუფეველში დამკიდრების შესაძლებლობის მოკლებას. წმიდა წერილში არის მაგალითები იმისა, როგორ ნათლავდნენ მოციქულები მთელს ოჯახებს. ოჯახი, ბუნებრივია გულისხმობს ბავშვებსაც. აღვნოშნოთ ისიც, რომ ბაპტისტისათვის ნათლობა არ არის მეორედშობა, განახლება, არამედ მხოლოდ მოწმობა იმისა, რომ ადამიანი იშვა სულისაგან წმიდისა, ეკუთვნის ქრისტეს, ემორჩილება მას, ხდება წევრი ბაპტისტური ეკლესიისა

ბაპტიზმისათვის უცხოა საიდუმლოს მცნება. ნათლობა, პურის განტეხა (ზიარება), ქორწინება და მღვდლად ხელდასხმა არ წარმოადგენენ მათთვის საიდუმლოს. სახარებებში ვკითხულობთ: "და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი _ ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული" (ლკ. 22,19-20). ჩვენთვის ის, რასაც ვეზიარებით არის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი. ბაპტისტები კი ყურადღებას ამახვლებენ სიტყვებზე " ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა", უარყოფენ პურის და ღვინის სახით ხორცისა და სისხლის მიღებას. მათთვის პურის განტეხა არის მხოლოდ მოგონება უფლისა, მისი ღვაწლისა, ჯვრისა, ხოლო პური და ღვინო მხოლოდ ხილული ნიშნები ქრისტეს ხორცისა და სისხლისა.

ბაპტისტები ამტკიცებენ, რომ ცხოვნებისათვის საკმარისია მხოლოდ ირწმუნო ქრისტე. მათი აზრით რწმენა არის მხოლოდ ღმრთაებრივი მადლის მოქმედება და თუ ირწმუნე, ე.ი. უკვე მიგიღია ცხოვნება. საქმე, მართალია არ არის სრულიად უარყოფილი, მაგრამ ცხოვნება არ არის დამოკიდებული საქმეზე. მაგრამ უფალი ბრძანებს, რომ როცა მოვა განსჯად სოფლისა, მოკითხავს ადამიანებს საქმეებს, ანუ საქმეში გამოხატულ რწმენას. (მთ.25,31–46). წმიდა მოციქული იაკობიც გვასწავლის, რომ სარწმუნოება მხოლოდ მაშინ არის მაცხოვნებელი, როცა საქმეებში გამოიხატება და მაგალიათად მოჰყავს მამათმთავარი აბრაამი (იაკ.2.20-24); ბოლოს კი დასძენს: "რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ.2.26). კეთილი საქმეებით ღმრთის მსახურებაზე მიუთითებს პავლე მოციქულიც (1ტიმ.2,10). საქმე თავისთავად ვერ აცხოვნებს ადამიანს, მაგრამ მის გარეშე სარწმუნოება მხოლოდ აბსტრაქტულია, ოცნებისეული. საქმე ფასობს იმდენად, რამდენადაც არის სარწმუნოების გამოვლინება.


მკვეთრად განსხვავდება მართლმადიდებლურისაგან ბაპტისების სწავლება ეკლესიაზე. ბაპტისტებისათვის ეკლესია არის მხოლოდ სულიერი, უხილავი და შეუცნობელი ერთობა მორწმუნეთა, რომელიც არ არის კავშირში მიწიერ ერთობასთან. ბაპტისტისათვის ეკლესია არ არის შუამავალი ღმერთთან, რადგან მათი აზრით თითოეული ბაპტისტი წმიდა წერილის მიერ განისწავლება თვით ქრისტესაგან, განიწმიდება სულიწმიდით. თუმცა რაღაც მიწიერი ორგანიზაციული სახე ბაპტისტურ ეკლესიას მაინც აქვს – ამის გარეშე ისინი ვერც იარსებებდნენ, როგორც კონკრეტული სწავლების მიმდევართა ერთობა. როცა არ არის საიდუმლო, განსხვავებულია სამღვდელო მსახურებაც. ბაპტისტებისათვის მღვდელი არის მხოლოდ კრებულის ხელმძღვანელი და მქადაგებელი; ბაპტისტი მღვდელი არ არის მოციქულებრივი ხელდასხმის მემკვიდრე. ბაპტიზმში უარყოფილია ეკლესიის მოწყობის იერარქიული პრინციპი.

ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტიზმში აქცენტი კეთდება პიროვნული, აბსტრაქტული სარწმუნოებით ხსნის გარანტირებულობაზე. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა კი ცხოვნების აუცილებელ პირობად აღიარებს ადამიანის სწრაფვას ღმრთისაკენ, გამოხატულს ჯვრისმტვირთელობაში, ცოდვებთან და ბილწ ვნებებთან ბრძოლაში, შეერთებულს საეკლესიო სიდუმლოებებში მონაწილეობასთან.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 03:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი