IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მეზვერისა და ფარისევლის ლოცვა, როგორ უნდა ვმადლობდეთ უფალს??
კანონისტი
პოსტი Feb 2 2007, 03:22 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დამლოცეთ მამაო

მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკის განვლის შემდეგ ასეთი კითხვა გამიჩნდა:

მორწმუნე ადამიანი, რომელიც ცდილობს ეკლესიურად იცხოვროს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავს უფლის აურაცხელ გულმოწყალებას მასზე, ხედავს როგორ იფარავს ცოდვისაგან, როგორ გაუმრავლებს ხოლმე მადლს და როგორ იწირავს ძალიან მცირედსაც კი ვითარცა დიდს. ასეთ დროს ცხადია რომ იმ ერთ კეთროვანს სამარიტელს უნდა მივემსგავსოთ, რომელიც მობრუნდა (სხვა 9-გან განსხვავებით) და მადლობა შესწირა უფალს.

აი, სწორედ ეს მომენტი მაინტერესებს. როგორ შევწიროთ მადლობა უფალს იმისათვის, რომ გვიფარავს მძიმე ცოდვათაგან და გვწყალობს, ან მოგვმადლა უნარი და ძალა რაღაცის კეთებისა, ისე, რომ ფარისევლის ლოცვას არ მიემსგავსოს ჩვენი ლოცვა??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 22 2007, 01:03 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ღმრთის მიმართ მადლიერება – ქრისტეანის სულის მუდმივი მდგომარეობაა. მაგრამ რისთვის და როგორ ვმადლობთ ღმერთს?

უპირველესად მადლიერება გვმართებს ღმრთისადმი იმისათვის, რაც მოგვანიჭა თავის განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით – ცოდვისა ტირანიისაგან განთავისუფლების, სასუფევლის დამკვიდრების შესაძლებლობისათვის. ეკლესიის მსახურება გამსჭვალულია ამ მადლიერების გრძნობით.

ვმადლობთ ღმერთს იმისთვისაც, რასაც პირადად ჩვენთვის იქმს: მოგვიწოდა სარწმუნოებრივი ცხოვრებისაკენ, მადლისმიერი შემწეობით შეგვაჩვია მართლმადიდებელ ეკლესიას და შეგვაყვარა იგი; გაგვაგონა სახარების სიტყვები და გაგვაცნო მამათა მეკვიდრეობა; ვმადლობთ "საჩინოთა და უჩინოთა ქველისმოქმედებათა ჩვენდა მომართ ქმნულთა" (სიტყვები წირვის საიდუმლო ლოცვიდან) – უამრავი განსაცდელისაგან გვიფარავს უფალი ისე, რომ ჩვენ არც კი ვამჩნევთ საშიშროებას; ვმადლობთ იმ სასწაულებრი შეწევნისათვის, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოიპოვება.

მადლიერება არის სიტყვითი (ლოცვის სახით) და საქმითი. რაც არ უნდა ვთქვათ ლოცვაში, თუ საქმე არ მოწმობს ღმრთისადმი მადლიერებას, ფუჭია ლოცვა. საქმეში კი უპირველესად იგულისხმება ისეთი ცხოვრება, რომელიც ცხადყოფს, რომ პირადად ჩვენთვის ამაოდ არ მომხდარა უფლის ჯვარცმა, რომ ჩვენც ვტვირთულობთ მის ტკბილ უღელს, რომ ვცდილობთ მისი მცნებებისაებრ ცხოვრებას. მადლიერების გამოხატულებაა, როცა ვცდილობთ შევითვისოთ, "შევირგოთ" ის, რაც გოლგოთის მსხვერპლის ფასად მოგვემადლა.

მოდით, გავიხსენოთ, როგორ აღწერს უფალი ფარისევლის ლოცვას. "ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა" (ლკ. 18,11-12).

ფარისევლის ლოცვაში არ არის ჭეშმარიტი მადლიერება. ის არ ამბობს: "გმადლობ უფალო, რომ დამიფარე მტაცებლობის, სიცრუის, მრუშობის ბოროტი სულების თავდასხმისაგან; გმადლობ, რამეთუ მასწავლე მსახურება შენი და მეხმარები შენი მცნებებით ცხოვრებაში; გმადლობ შენ, რამეთუ მწყალობ ცოდვებით შენს განმარისხებელს". არაფერი მსგავსი არ ამოდის ფარისევლის გულიდან. ის აბობს: "გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე". მაგრამ ვინ დააყენა ის სხვების მსაჯულად? ვინ უთხრა, რომ მისი სიმართლე ცოდვილთა უკეთურობის ფონზე კონტრასტულობით განისაზღვრება? ხომ იცის მან, რომ ადამინი არა კაცობრივი, არამედ ღმრთაებრივი სიმართლით განისჯება. ვინ უთხრა, რომ სხვების განკითხვა – მადლიერებაა, მაშინ, როცა სჯულის მცოდნე ფარისეველმა იცის, რომ მსაჯული და განმკითხველი მხოლოდ ღმერთია? "ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ..." მაგრამ ხომ იცის ფარისეველმა, რომ სჯულის სრულად აღსრულება ვერ ძალუძს ადამიანს! არ იხსენებს ფარისეველი იმას, რაც არ აღასრულა, არამე იქადის იმით, რაც გარეგნულად შესძლო. და, მთავარი: მარხვა და შეწირვა სათნოებათა მოპოვების საშუალებაა და არა სათნოება. მაშ რისთვის მადლობს ფარისეველი ღმერთს? "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი", ამბობს წმიდა მეფე დავითი. ფარისეველი მის შთამომავლად რაცხავს თავს, იცის მისი ეს სიტყვები, მაგრამ არ ხელმძღვანელობს მათით ღმერთთან ურთიერთობაში. მეტიც, ის ამადლის ღმერთს: "ვიმარხავ", "შევწირავ".

ღმრთისადმი მადლიერების გამოხატულებაა სულის შემუსრვილება. მადლიერებაა, როცა ღმრთის წყალობას იყენებ სულიერ კიბეზე კიდევ ერთი საფეხურზე ასასვლელად, და არ ხარ უბრალოდ მომხმარებელი მისი ქველისმოქმედებისა, ანუ არ მარხავ მიწაში მის ტალანტს. თუ გვექნება სწორი სულიერი მდგომარეობა, სათანადო სიტყვები თავისთავად იშვებიან გულში. მთავარი კი მაინც ქმედითი მადლიერებაა.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი