IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ერეკლე II
lingvo
პოსტი Aug 10 2011, 11:21 AM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ერეკლე II (1720 – 1798)

IPB-ს სურათი

"მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა"

IPB-ს სურათი


ერეკლე II დაიბადა თელავში 1720 წლის 7 ნოემბერს. იგი იყო თეიმურაზ II–ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI–ის ასული) შვილი. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უხელმძღვანელა ჯარს. ხალხმა სიყვარულით მას „პატარა კახს“ უწოდა. აღმოსავლეთ საქართველო ირანის მფობელობაში იყო და ერეკლე ნადირ–შაჰმა ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. მძევლად მყოფმა ერეკლემ ნიჭიერი სარდლისაგან ნადირ–შაჰისაგან დიდი გამოცდილება მიიღო.
1632 წლიდან თითქმის ასი წლის მანძილზე ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. 1745 წლის 1 ოქტომბერს კი სვეტიცხოველში თეიმურაზ II ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ. ეს თავისთავად ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო, მით უმეტეს, რომ თეიმურაზი ქართლის მეფედ, ერეკლე კი კახეთის მეფედ დაამტკიცეს. მამა–შვილი ერთად მართავდა ქვეყანას. შაჰმა 1747 წელს ერეკლე კვლავ თავისთან დაიბარა. თათბირზე გადაწყდა, რომ ირანში თეიმურაზი წავიდოდა, რადგან ის გამოცდილი დიპლომატი იყო. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა–ბეგს (იესეს ძეს) ჩააბარა. ამით თეიმურაზი ცდილობდა აერიდებინა კონფლიქტი მათ შორის, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. აბდულა–ბეგმა ქართლის ტახტზე პრეტენზია განაცხადა და ერეკლეს დაუპირისპირდა. ერეკლემ დაამარცხა აბდულა–ბეგი, 1748 წელს თბილისი გაათავისუფლა და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.

იმავე წელს ქართლ-კახეთმა უკანასკნელი ხარკი გადაუხადა ირანს. თეიმურაზ II -სა და ერეკლე II–ის ძალაუფლება სულ უფრო იზრდებოდა. მათ მფარველობა სთხოვეს ერევნის, განჯისა და ნახიჩევანის ხანებმა. მამა–შვილმა ჭარის შემოერთებაც გადაწყვიტა, რადგან ჭარი ქართული ტერიტორია იყო და თანაც მისი დაკავებით დაღესტნელთა შემოსევების ალაგმვა გაცილებით გაიოლდებოდა. შაქი–შარვანის ხანის აჯი–ჩალაბის ღალატის გამო ქართველებმა 1751 წელს მარცხი იწვნიეს. თეიმურაზსა და ერეკლეს კიდევ ახალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ სამხრეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის) მფლობელის აზატ–ხანის სახით, რომელიც ირანის შაჰობაზეც კი აცხადებდა პრეტენზიას. 1751 წელს ყირბულახთან (ერევნის მახლობლად) ერეკლემ 3 ათასი ქართველით 18 ათასიანი მტრის ჯარი დაამარცხა. აზატ–ხანმა ზავი ითხოვა. 1752 წელს განჯასთან ბრძოლაში აჯი–ჩალაბმა ქართველები კვლავ დაამარცხა.

ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. საჭირო იყო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება: გაიგზავნა ელჩობა რუსეთში, დაიქირავეს ჩერქეზთა ჯარი. მართალია, რუსეთმა დახმარებაზე თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 1752 წლის სექტემბერში აჯი–ჩალაბი სასტიკად დამარცხდა. მიღწეული წარმატებების ფონზე გადაუჭრელი რჩებოდა „ლეკიანობის“ პრობლემა. ნურსალ–ბეგის მეთაურობით წარმართული ორი ბრძოლა მჭადიჯვართან და ყვარელთან დაღესტნელთა სასტიკი მარცხით დამთავრდა და ამან კახეთის მოსახლეობას ლეკთა თარეშისაგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, ქართლ–კახეთს ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, რომ მიღწეული შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით, თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა, სადაც მალევე, 1762 წელს გარდაიცვალა. ერეკლემ ქართლ–კახეთი გააერთიანა და მას შემდეგ, რაც ირანის შაჰს ქერიმ–ხან ზენდს მისი მეტოქე აზატ–ხანი დატყვევებული გაუგზავნა, მეფობა დაიმტკიცა. მეფის მტკიცე ხელი, ქსნისა და არაგვის საერისთავოების გაუქმება, ბატონყმური ურთიერთობების რეგლამენტაცია, თავადთა შორის უკმაყოფილებას იწვევდა. მათ გადაწყვიტეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და ტახტზე ვახტანგVI-ის უკანონო შვილის - პაატა ბატონიშვილის დასმა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა და ერეკლემ დარბაზის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელმაც დამნაშავეს სასტიკი განაჩენი გამოუტანა. მკაცრი სასჯელი მაგალითი უნდა ყოფილიყო მეფის მოწინააღმდეგეებისათვის.

ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის და კულტურის განვითარებისათვის, რის შედეგადაც გაჩნდა ფაბრიკები და ქარხნები (შაქრის, მინის, შალის, იარაღის), სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცხლის, თუჯის, რკინის); მანვე განაახლა ზარაფხანა, დააარსა სემინარიები; მეფის ირგვლივ შეიკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეთა დასი, გახშირდა წიგნების ბეჭდვა.

1768 წელს დაიწყო რუსეთ–თურქეთის ომი. ერეკლემ გადაწყვიტა ესარგებლა ამით და თურქეთისგან მიტაცებული მიწები დაებრუნებინა, ამიტომ რუსეთის ჯართან ერთად, რომელსაც გენერალი ტოტლებენი სარდლობდა, ახალციხისკენ დაიძრა, თუმცა 1770 წლის 19 აპრილს ასპინძის ციხესთან ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და ქართლში დაბრუნდა. ერეკლემ მარტომ შეძლო მტრის დამარცხება, მაგრამ იძულებული გახდა თავადაც ქართლში დაბრუნებულიყო. ამის მიზეზი გენერლის საქმიანობა გახლდათ, რომელიც დაუკავშირდა ერეკლეს მოწინააღმდეგე თავადებს, დაიწყო ციხეების დაკავება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ხალხის იძულებით დაფიცება. ერეკლემ აღკვეთა მისი ქმედება, თუმცა საეჭვოა, რომ ტოტლებენის მთელი ეს საქმიანობა მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა ყოფილიყო. უშედეგოდ დამთავრდა 1772 წელს კათოლიკოს ანტონ I–სა და მეფის ძის, ლევან ბატონიშვილის რუსეთში ელჩობაც. რუსეთის ჯარის საქართველოში ყოფნამ არანაირი სარგებელი არ მოუტანა ქვეყანას, თუმცა ერეკლე მიხვდა რეგულარული ჯარის მნიშვნელობას და 1774 წელს გადაწყვეტილება მიიღო მორიგე ჯარის შექმნის შესახებ. მეფის ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ლევან ბატონიშვილი, მაგრამ 1781 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. უფლისწულის გარდაცვალებამ, შექმნილმა მძიმე საგარეო პოლიტიკამ, ერეკლე მიიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საბოლოოდ დაკავშირებოდა რუსეთის იმპერიას. რუსეთი, თავის მხრივ, უაღრესად დაინტერესებული იყო ამ საკითხით, თუმცა რუსეთის დიპლომატიამ საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ხელშეკრულების ინიციატორი ერეკლე იყო. 1783 წლის 24 ივლისს ჩრდილო–კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში მფარველობით ტრაქტატს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა ბაგრატიონთა ტახტის შენარჩუნებას, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობასა და ომიანობის შემთხვევაში მის დახმარებას, მაგრამ რუსეთი არც მაშინ დახმარებია საქართველოს, როცა 1783 წელს ომარ–ხანი შემოესია და არც მაშინ, როცა აღა–მაჰმად–ხანმა კრწანისის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ქართველები და თბილისი გადაწვა. 75 წლის მეფე თავგანწირვით იბრძოდა კრწანისში, შვილიშვილებმა იგი ძლივს გაარიდეს ბრძოლის ველს. მარცხმა მძიმედ იმოქმედა როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. 1789 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში, თავის სასახლეში, იმ ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც დაიბადა. ქართველმა ერმა მისი ცხედარი სვეტიცხოველში დაკრძალა.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 13 2011, 11:31 AM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



კრწანისის ბრძოლა (8-11 სექტემბერი 1795წ.)

IPB-ს სურათი


თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი



მძიმე ისტორიული ბედის გამო, საქართველო ბევრი სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი რგოლის განვითარებას მთლიანად ან ნაწილობრივ მოკლებული იყო. 1795 წლის სექტემბერში სპარსელების შემოსევამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

აღა–მაჰმად– ხანი მრავალწლიანი, დაუნდობელი შინაომების შემდეგ, ირანის ტახტს დაეუფლა, მერე კი მთელს კავკასიაზე მოინდომა ბატონობა. ამაში კი მას ქართლ–კახეთის სამეფო და ზოგიერთი სახანო უშლიდა ხელს.

აღა–მაჰმად– ხანი ხან ეფერებოდა ერეკლეს, ხან დიდი მუქარით უთვლიდა, რომ თავი დაენებებინა რუსეთთან კავშირისათვის და მისი მორჩილი გამხდარიყო. ერეკლე, გარშემო არსებულ საფრთხეთაგან „ყველაზე ნაკლებ ბოროტებად რუსეთს მიიჩნევდა“, თანაც იცოდა აღა–მაჰმად ხანის ცბიერი, დაუნდობელი ბუნება და მისი ზრახვები საქართველოს მიმართ, ამიტომ სპარსელებს არ ენდობოდა და ისევ რუსეთის „ფუჭი“ იმედი ჰქონდა, თუმცა კი უკვე მოხუცი მეფისათვის და მისი სისხლგამოცლილი, დასუსტებული ქვეყნისათვის გადარჩენის სხვა გზაც არ იყო იოლად საპოვნი.

სპარსელებს, ერეკლეს გარდა ყარაბაღის, განჯისა და ერევნის ხანებიც არ ემორჩილებოდნენ. აღა–მაჰმად– ხანმა 1795 წლის ივლისში 70 ათასიანი არმია შეკრიბა და მათ დასასჯელად გამოემართა. განჯის ხანი უმალვე მიემხრო სპარსელებს. აღა–მაჰმად ხანმა ჯარი სამ ნაწილად გაჰყო, ერთი ნაწილი ჩრდილოეთით, ყუბისკენ გაუშვა, მეორე – ერევნის ხანის დასასჯელად გაგზავნა, მესამე ნაწილს, დაახლოებით 20–25 ათას მებრძოლს, თავად უსარდლა და ყარაბაღისკენ დაიძრა.

ერევნის ხანი შეშინდა და მორჩილება აღუთქვა მტერს.

სომეხთა კათალიკოსმა კი იმ დროისათვის დიდი თანხა, 100 ათასი მანეთი მისცა აღა–მაჰმად– ხანს და სთხოვა ერევანი არ დაერბია.

ერეკლემაც შეკრიბა ჯარი და ერევნისაკენ წავიდა, რათა მტრისაგან ერევნის აღებისათვის შეეშალა ხელი და დაეცვა თავისი ქვეყნის სამხრეთის საზღვრები.

იმერეთის მეფე, ერეკლეს შვილიშვილი სოლომონ მეორე, ორითასი მებრძოლით ეახლა ერეკლეს .მათი გაერთიანებული , 5 ათასკაციანი ლაშქარი სამხრეთისაკენ დაიძრა.

დადიანმა, თავისი ჯარით, წყალდიდობის გამო ვერ მოახერხა ქართლში გადმოსვლა და ერეკლეს მიხმარება.
.
აღა–მაჰმად– ხანი ბრძოლით შევიდა ყარაბაღში და მიუვალ, კლდოვან მთაზე აგებულ შუშის ციხეს ალყა შემოარტყა.

ყარაბაღის ხანი–– იბრაჰიმი თავისი ჯარით ციხეში შეიკეტა. რამოდენიმე თვის წინ ყარაბაღისა და ქართველთა გაერთიანებულმა ჯარმა სპარსელთა ჯარის ნაწილები დაამარცხეს, ამიტომ მას სპარსელთა მხრიდან, დანდობის არავითარი იმედი არ ჰქონდა.

ალყა თითქმის ერთი თვე გრძელდებოდა. მერე კი როცა აღა– მაჰმად– ხანი დარწმუნდა, რომ რუსები ქართველებს აღარ მიეხმარებოდნენ (ამაში ის კავკასიაში რუსების სარდალ გუდოვიჩთან ფარული ურთიერთობის შემდეგ დარწმუნდა) შუშის ციხეს ალყა მოხსნა და თბილისისაკენ დაიძრა.

ამ დროს, ქართველი მეფეები ყაზახამდე იყვნენ მისულენი, მათ იბრაჰიმ–ხანმა შეატყობინა სპარსელთა სწრაფი გადაადგილების ამბავი და ქართველებიც სასწრაფოდ თბილისისაკენ წამოვიდნენ. 6 სექტემბერს ქართველთა ჯარი თბილისს მოადგა. თბილისის დაცვის გასაძლიერებლად ძალზე ცოტა დრო რჩებოდა.

აღა–მაჰმად– ხანი განჯაში შეჩერდა და თავის ჯარს განჯისა და შაქის ჯარიც შემოუერთა, მერე კი 35 ათასიანი ლაშქრით, იმ დროისათვის წარმოუდგენელი სიჩქარით, თბილისისაკენ წამოვიდა და 7 სექტემბერს, მდინარე ხრამის ნაპირთან წითელ (გატეხილ) ხიდს მოუახლოვდა.

თვითმხილველები სპარსელთა ჯარის რაოდენობას ზღვის ნაპირზე მოფენილ ქვიშას ადარებდნენ.

წითელ ხიდთან ერეკლეს ორასი მეომარი ჰყავდა დატოვებული. მტრის მეწინავე, მრავალრიცხოვან რაზმებთან თავდაუზოგავი შეტაკების შემდეგ, ორმოცდაათამდე დაღუპული და დაჭრილი მებრძოლი დატოვეს ქართველებმა და უკან დაიხიეს.

სპარსელები ჯერ მდინარე ხრამის პირას დაბანაკდნენ, მოწინავე რაზმები კი თბილისისაკენ წამოვიდნენ და 8 სექტემბერს იაღლუჯას მთის მიდამოებში გამოჩდნენ.

ერეკლეს მიერ გაგზავნილი, დაზვერვაზე წამოსული ქართველთა 12 კაციანი რაზმი სწორედ აქ შეეფეთა მათ. ქართველებმა მიუხედავად მტრის სიმრავლისა უკან არ დაიხიეს და 11 მათგანი გმირულად შეაკვდა მტერს. ცოცხლად გადარჩენილი რაზმის უფროსი გორჯასპი ნათალიშვილი თავისივე მოკლული სპარსელის თურქმანულ ცხენს მოახტა, თბილისისაკენ გამოიქცა და ერეკლეს მტრის მოახლოვების ამბავი აუწყა.

თბილისის მცხოვრებნი შეშფოთდნენ, მათმა ნაწილმა ქალაქიდან გახიზვნა დაიწყო. მთიულეთისაკენ დაიძრა სამეფო ოჯახიც. ქართველებთან ერთად, თავის გადასარჩენად მთიულეთისაკენ გარბოდა ყაზახის, შამშადილუსა და ბორჩალოს მაჰმადიანი მოსახლეობის ნაწილი, სომეხთა დიდი რაოდენობა.

აღა–მაჰმად– ხანი მტკვრის მარჯვენა ნაპირთან, თბილისიდან დაახლოებით 7 კილომეტრის მანძილზე, სოღანლუღის ველის განაპირას, როგორც მაშინ ეძახდნენ – სარვანის მინდორზე დაბანაკდა და ეს ადგილი ძლიერი სანგრებით გაამაგრა. უნდა ვივარაუდოთ,რომ 8 და 9 სექტემბერს აქ მხოლოდ მისი მოწინავე რაზმები იქნებოდა თავმოყრილი. სპარსელთა მთლიანი ჯარი ალბათ აქ მხოლოდ 10 სექტემბერს შეიკრიბებოდა.

შეუძლებელია ზუსტად აღწერო ამ ომის მსვლელობის ყველა დეტალი, მაგრამ ვეცდებით ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით და ბრძოლის ადგილების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზით, ვიმსჯელოთ ბრძოლების მიმდინარეობაზე 9 – 10 და 11 სექტემბერს.

9 სექტემბერს სპარსელთა ჯარის ნაწილები სოღანლუღს მიუახლოვდნენ, მათი მოძრაობა ალბათ უფრო დაზვერვით ხასიათს ატარებდა.

სოღანლუღის ბაღებში ქართველები იყვნენ გამაგრებული, მათ ჯერ ახლოს მიუშვეს მტერი, მერე კი ზარბაზნის და თოფების ცეცხლი დაუშინეს, ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელ მტერს ხმალდახმალაც დაერივნენ, დაედევნენ და თავიანთი ბანაკისაკენ გარეკეს დიდად დაზარალებული მათი რაზმი.

გაქცეულმა სპარსელებმა სამარცხვინო გაქცევის მიზეზად ქართველთა ჯარის სიმრავლე დაასახელეს და ხმა დაყარეს, რომ სოღანლუღის მხრიდან თბილისში შესვლა შეუძლებელი იყო.

მართლაც ძნელი და საშიში იყო თბილისაკენ მიმავალი, ვიწრო საქარავნო გზის გადალახვა. გზა წითელი ხიდიდან, ყურყუთა–სოღანლუღისა და კრწანისის ველის გავლით სეიდაბადში შემოდიოდა და განჯისკართან მოადგებოდა თბილისის ციხის გალავანს. სოღანლუღსა და კრწანისის ველს შორის არსებული ამ გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელიც კლდეებზე გადიოდა და რომლის ერთ მხარესაც თელეთის ქედის (რომელსაც ზოგჯერ შავნაბადას ქედსაც უწოდებენ) კლდოვანი, დაღარული მთა იყო , მეორე მხარეს კი ადიდებული მტკვარი, ძნელად გადასალახ წინაამღდეგობას წარმოადგენდა. ამის გამო აღმოსავლეთიდან წამოსული მტერი ძირითადად კოჯორ–შინდის –ტაბახმელადან უტევდა თბილისს.

ამიტომ, 10 სექტემბრს, თბილისზე თავდასხმა აღა–მაჰმად–ხანმა შინდის–ტაბახმელას მხრიდან გადაწყვიტა, სადაც კუმისის ტბის გვერდის აქცევით, წალასყურ–თელეთის მიდამოდან – თელეთის ქედის გადავლით უნდა მოხვედრილიყვნენ. აქედან პირდაპირ კრწანისის ველზე შეიძლებოდა დაშვება და მერე სეიდაბადის გავლით აბანოთუბანს მიადგებოდნენ. შინდის – ტაბახმელადან თაბორის ქედის გავლით, აქ არსებულ მცველ ციხეს – ყორჩიყალასაც მიადგებოდა მტერი, საიდანაც აბანოთუბანში დაეშვებოდა. სოლოლაკის ქედიდან კი, შახისტახტის წინაამღდეგობის გადალახვის შემდეგ პირდაპირ კალაში შეიძლებოდა შესვლა.

ამბობენ, თელეთ–შინდის –ტაბახმელას გზით თბილისზე მისვლის მოხერხებულობა, სპარსელთა მხარეს მყოფმა, ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა აბომ და მეჯნუნმა მიასწავლეს აღა–მაჰმად– ხანს ,რადგან ისინი ერეკლეზე და მის მოკავშირე ყარაბაღის ხან –– იბრაჰიმზე ყოფილან განაწყენებულნი და ამიტომ მათ წინაამღდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ შაჰს. იმას კი არაფრად მიიჩნევდნენ, რომ ამ ლაშქრობისას, ქართველთა გარდა, საკუთარი ინტერესების გამო ათასობით სომეხსაც სწირავდნენ დასაღუპად. მათ გვერდით იდგა ადრე ქართველთა ერთგული და სანახევროდ თბილისში, ერეკლესთან გაზრდილი განჯის ხანი – ჯავადიც.

ასე რომ, 10 სექტემბერს ქართველებს სწორედ შინდის–ტაბახმელას მიდამოები და აქედან თბილისისაკენ მომავალი გზები უნდა დაეცვათ. ამ დღეს, ერეკლეს ბრძანებით, ქართველებს – ერეკლეს შვილიშვილი, დავით ბატონიშვილი სარდლობდა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო არტილერიაც.

10 სექტემბერს სპარსელთა ჯარმა, მელიქ მეჯნუნის სარდლობით, კუმისის ტბის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება. ტბას გვერდი აუარა და წალასყურ –თელეთის გავლით თელეთის ქედის ფერდობებს აუყვა, ტაბახმელაში ავიდა და შინდის – ტაბახმელას მიდამოებიდან კრწანისის ველისაკენ დააპირა დაშვება. მათი ლაშქარი 4–5 ათასი მებრძოლისაგან შედგებოდა.

კრწანისის ველი ანუ კრწანისის ვაკე, თბილისში, თელეთისა და თაბორის ქედებს შორის არსებულ სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას მოიცავს. მისი ფუძე მტკვრის მარჯვენა ნაპირს მიჰყვება, წვერი კი შინდის – ტაბახმელასკენაა მიმართული და წვერის მიდამო მთიანი და კლდოვანია. ამჟამად ეს ტერიტორია განაშენიანებულია, აქ განლაგებულია „ სამთავრობო“ აგარაკები, ოფთალმოლოგიური ცენტრი, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, აქვეა დ.გულიას მოედანი და სხვ. შინდის – ტაბახმელადან დაშვებული, ასევე სოღანლუღის მხრიდან ვიწრო საქარავნე გზით შემოსული მტრის ლაშქარი ამ ვაკის გავლის გარეშე თბილისისაკენ ვერ წამოვიდოდა. თუ აქამდე მოაღწევდნენ მერე უკვე იოლი იყო თბილისის ციხესთან მისვლა.

ქართველებმა როდესაც მტრის ასეთი გადაადგილება შეამჩნიეს, სოღანლუღის გზის დაცვას თავი დაანებეს და შინდის –ტაბახმელას მიდამოებს მიაშურეს. სოღანლუღთან – იოანე ბატონიშვილი დარჩა მცირე რაზმით.

ქართველთა ჯარს ამ დღეს, როგორც მოგახსენეთ დავით ბატონიშვილი ხელმძღანელობდა, ის არტილერიით შინდის – ტაბახმელას მიდამოებში იყო გამაგრებული.

დავითმა თელეთის ქედის
ჩრდილო ფერდობებიდან კრწანისის ველისაკენ დაშვებულ მტერს ცოტა დააცადა წინსვლა, მერე კი ერთბაშად დააყარა ზარბაზნებისა და თოფების ცეცხლი.

ქვემოთ, კრწანისის ველის ვაკიან ადგილებში, მტერს, თავიანთი რაზმებით ელოდნენ ოთარ ამილახვარი, იოანე მუხრანბატონი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, იმერლები ზურაბ წერეთლის მეთაურობით. მათი რაზმები, სავარაუდოდ 3 ათასი კაცის შემადგენლობით ისე განლაგდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთი შეეცვალათ და გაემაგრებინათ.

ერეკლე, სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა თავის შვილიშვილთან, იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან ერთად. ეს სარეზერვო რაზმი ათასხუთასამდე მეომარს ითვლიდა. მათ შორის იყო ხუთასი იმერელი. ერეკლეს გვერდიდან არ შორდებოდა მისი ერთგული თათრების 200 კაციანი ჯგუფი. მათი მიზანი იყო,რომ თუ კი მტერი მოაღწევდა კრწანისის ველის ვაკე ადგილებამდე, მერე სეიდაბადისაკენ არ გაეშვათ და დაეცვათ თბილისში შემავალი გზა.

თითქმის 4 საათს იგერიებდა დავითის არტილერია შინდის –ტაბახმელას და თაბორის ქედს შორის არსებულ მიდამოებში თელეთის მხრიდან გადმოსულ მტერს და დიდ ზიანს აყენებდა მის მოწინავე რაზმებს, მაგრამ აღა–მაჰმად– ხანი ახალ–ახალ, დასვენებულ მეომრებს უშვებდა წინ. თან ამხნევებდა – ხომ ხედავთ რა ცოტანი არიან ქართველები, მაგათ, მალე წყალში ჩავყრით ყველასო.– თუმცა ისიც დააყოლა – „როგორც ქართველთა ვაჟკაცობა გამეგონა, იმაზედ უკეთესნი ყოფილანო“.

სპარსელთა რაზმების სარეზერვო, დასვენებულმა, გაძლიერებულმა ნაწილებმა,მიუხედავად დიდი დანაკარგისა, შეძლეს ქართული არტილერიის წინაამღდეგობის გადალახვა და თანდათან უახლოვდებოდნენ კრწანისის ველის ქვედა მიდამოს.

ერეკლე არ ჩქარობდა, მაგრამ როცა სპარსელები მის რაზმებს მოუახლოვდნენ
ერეკლემ ქართველთა რაზმებს თავისებური ომახიანობით შეტევაზე გადასვლა უბრძანა.

75 წლის ერეკლე ცხენს შეაფრინდა და თავის მედროშეს შესძახა:
–– „აზატ ხანის დამმარცხებელი ბაირაღი აქ მაიტა“, ბაირაღი აიღო და თავის მეომრებს მიმართა– უკან მომყევითო.

ბაირაღზე ერთ მხარეს წმინდა გიორგი იყო გამოსახული რომელსაც ვეშაპი გაეგმირა შუბით, მეორეზე კი ღვთისმშობელი თავისი ძით.
ამ ბაირაღით შევარდა ერეკლე შუა ბრძოლაში და მომხვდურებს დაერია. მას სოლომონიც მიჰყვა. მეფეთა მიერ გამხნევებული ქართველები ლომებად იქცნენ და მტერს თავგამოდებით შეუტიეს.

„ომის მონაწილე – სოლომონ მეორის ერთგული თანამებრძოლი სიმონ წერეთელი იგონებდა– „გამოღმით ჩვენ ვიდექით მაღლობზედა და გაღმით ყიზილბაშები: ჩვენ ვიყავით ორიათასამდე იმერელი, აქედან ერთი ნაწილიც არტილერიის დასაცავად გააგზავნეს, იქვე ჩვენთან იყო ოყო ორასამდე თათარი და სხვა კანტი კუნტად ქართლ–კახელები. მტერმა რო გვიცოტავა, მოგვმართა, მაგრამ ჩვენ ბრძანება არა გვქონდა და ადგილიდან არ დავძრულვართ. მტერს ჯერ თოფები მივახალეთ მერე ხმლით დავიწყეთ მოგერიება. შვიდჯერ შევაბრუნეთ. იმათ ახალ–ახალი ჯარი ენაცვლებოდათ. ჩვენ კი ჯერ არ გვჭირდებოდა გამონაცვლება. საოცარი გულდამშვიდებით იბრძოდნენ ჩვენი თათრები და ქართლ–კახელები, იმერლები კი ჯიქებივით ხტოდნენ და საფარში აღარ დგებოდნენ,“ ნაადრევად უტევდნენ მტერსო. აქვე აღნიშნავს რაჭველი გოცირიძის გმირობას, რომელიც მარტოდმარტო ეკვეთა სპარსელებს, მას მიჰყვნენ ახალგაზრდა იმერლები, გოცირიძე და მისი თანამებრძოლთა ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ უამრავი მტრის მეომარი გაანადგურეს. „მაშინ ბრძანა მეფე ირაკლიმ – აჩქარდნენ, საქმეს გამიფუჭებენო. მოავლო ბაირაღს ხელი და თვითონ წარუძღვა ერთიანად ჯარს. ახალგაზრდა შვილიშვილი ( იმერეთის მეფე სოლომონ მეორე)ადგილზე დასვა, მაგრამ ჩვენს მეფესაც გულმა აღარ მოუთმინა, მიაშურა ხმალ და ხმალ და ჩვენც მივყევით. ბევრ ომში ვყოფილვარ და ამისთანა ბრძოლა არ მინახავს თუ წინ ბნელი არ გადაგვღობებოდა, შორს გავრეკდით მტრებს. გამარჯვება მაინც, რასაკვირველია ჩვენი იყო.“

ქართველთა ჯარმა იმ დღეს დიდი ზიანი მიაყენა სპარსელებს–– “მტერი წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ“, „ აოტნეს მრავალნი და მრავალი სპარსი მოსრეს მას დღესა შინა“ მტრის ცოცხლად გადარჩენილმა მეომრებმა დღის ბოლოს უკან დაიხიეს, გადავიდნენ მთის გადაღმა –თელეთისაკენ და თავიანთ ბანაკს მიაშურეს.

ამ დღეს ქართველებმა გმირულად დაამარცხეს მტერი.

ერეკლე და სოლომონი გამარჯვებულნი დაბრუნდნენ ქალაქში, ბრძოლის ველზე მორიგე რაზმები დატოვეს.

მტრის დამარცხების ამბის გაგებამ გაახარა და იმედი ჩაუსახა თბილისელებს, მაგრამ ნაადრევი იყო ეს სიხარული.

ამბობენ აღა – მაჰმად –ხანმა პირველი, მისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი მარცხის შემდეგ უკან გაბრუნება გადაწყვიტაო, მაგრამ საქართველოს მტრებმა, სხვადასხვა ჯურის ჯაშუშებმა, ქართველთა ჯარის სიმცირეში დაარწმუნეს და უკან წასვლა გადააფიქრებინესო. მართლაც არსებობს ამ ამბის დამადასტურებელი მონაცემები, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ თავისი ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილით პოზიციურ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ისეთ გამოცდილ სარდალს, როგორიც აღა–მაჰმად– ხანი იყო ბრძოლის გაგრძელება გადაეფიქრებინა. მაგრამ, აშკარად არ მოელოდა ქართველების მხრიდან ასეთ სიმამაცეს – ამავე დროს ქართველთა ჯარის სიმცირითაც დარჩა გაკვირვებული, ალბათ ფიქრობდა, რომ ერეკლეს სარეზერვო ჯარი ეყოლებოდა და იოლად არ დასთმობდა თბილისს.

იმ ღამეს აღა–მაჰმად– ხანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ასაღებად შეტევა უნდა განეხორციელებინა, როგორც შინდისს – ტაბახმელას, ასევე სოღანლუღის მხრიდანაც და თანაც აუცილებელი იყო მთლიანი ძალებით ( რომელთაც უკვე თავი მოიყარეს სარვანის მინდორზე ) ეწარმოებინა ბრძოლა.

11 სექტემბერს, დილის 7 საათიდან დაიწყეს სპარსელებმა თბილისზე შეტევა.

ორი დღის ბრძოლის შემდეგ მათ 32 ათასზე მეტი მებრძოლი მაინც დარჩებოდათ, ასე რომ სპარსელთა ჯარი სულ ცოტა, ექვსჯერ თუ არა ხუთჯერ მაინც მეტი იყო ქართველთა ჯარზე,ზარბაზნებიც საკმაოდ ჰქონდათ. ძალები რაოდენობრივად მეტად უთანასწორო იყო, თუმცა გამოცდილებით და სულიერი განწყობით ქართველები მოწინაადღდეგეზე უფრო მაღლა იდგნენ.

აღა–მაჰმად– ხანმა თავისი ლაშქარი 14 ნაწილად დაყო. ის ითვალისწინებდა რა ერეკლეს ბრძოლაში დიდ გამოცდილებას, „მოიგონა ღონე საკვირველი“–– სპარსელთა ჯარის რაზმებს უკან 6 ათასამდე თავისი ერთგული თურქმენი დაუყენა (ის თავადაც თურქმენული ტომიდან იყო, მან გაითვალისწინა თურქმენთა და სპარსთა ურთიერთსიძულვილი) და მათ უბრძანა–– თუ კი ვინმე უკან დაიხევდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის – „მყისვე მოეკლათ იგი“. მართლაც, სიხარულით შეუსრულებიათ ეს ბრძანება თურქმენებს.

აღა –მაჰმად– ხანი გარდა იმისა, რომ მთელს ჯარს სარდლობდა, თავად ჩაუდგა სათავეში იმ კორპუსს, რომელიც სოღანლუღის მხრიდან უნდა წამოსულიყო თბილისისაკენ. ეს ძნელად გასავლელი გზა მაინც ძირითად სალაშქრო გზად მიიჩნია მან. ჯარის სხვა ნაწილებს მისი ერთგული სარდლები მეთაურობდნენ.

სოღანლუღის ვიწროებიდან შესული და შინდის – ტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა ჯარი კრწანისის ველზე უნდა გაერთიანებულიყო და ძირითადი შეტევაც აქედან დაიწყებოდა, მტრის ჯარის ნაწილი კი სოლოლაკის მხრიდან და თაბორის ქედის ფერდობებიდანაც დაეშვებოდა თბილისისაკენ.

ქართველთა ჯარს 11 სექტემერს თავად ერეკლე სარდლობდა.

ერეკლეს ერთგული გვერდითმყოფნი ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილება ხელჩართულ ომში, მაგრამ ერეკლე ბოლომდე შუაგულ ბრძლაში დარჩა და თავგანწირულობის და გმირობის მაგალითს აძლევდა ახალგაზრდებს.
ქართველთა ჯარის რაოდენობა 6 ათასს არ აღემატებოდა.

თბილისის დაცვის მარჯვენა მხარეს სარდლობდა ერეკლეს შვილიშვილი – დავით ბატონიშვილი. მას უნდა დაეცვა ის ადგილი „სადაც შეეყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი ,“ ასე, რომ წინა დღის მსგავსად, დავითი იცავდა შინდის– ტაბახმელადან და თაბორის ქედის მიდამოებიდან კრწანისისაკენ ჩამომავალ გზას, ამავე დროს სოლოლაკისკენაც არ უნდა გაეშვა მტერი. ის შინდის–ტაბახმელას მიდამოებში, თაბორის ქედის ფერდობებთან გამაგრდა ოთხასი მებრძოლით და 6 ზარბაზნით.

მეწინავე რაზმს, რომელსაც კრწანისის ველზე სოღანლუღიდან შემომავალი, ვიწრო საქარავნე გზა უნდა დაეცვა და ამ მიდამოში პირველი უნდა შეგებებოდა მტერს, ერეკლეს მეორე შვილიშვილი –იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. იოანე პირველი გავიდა ბრძოლის ველზე და სოღანლუღიდან შემომავალი ვიწრო გზისაკენ დაიძრა. ამ რაზმში ერეკლემ „განაწესა მხედრობანი რჩეული“.

დაცვის მარცხენა ფრთა (იგულისხმება დაცვის მარცხენა პოზიციის მარცხენა ფრთა) იოანე მუხრანბატონს ჩააბარეს, ამ რაზმს ,სავარაუდოდ მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ, ორთაჭალის და კრწანისის ველის მიდამოების მიმდებარე ადგილები უნდა დაეცვა.

„განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვისითა ბრძოლად სპარსთა და დაადგინა მხედრობანი თვისნი დასასრულსა სეიდაბადის ბაღთასა“.

ე.ი. ერეკლე გარდა ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობისა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას, რომელიც, სავარაუდოდ იმ ადგილზე გადიოდა სადაც ახლა, თაბორის ქედის მთის ფერდობის ბოლოს – ნადიკვრის ქუჩის აღმართსა და ორთაჭალჰესის შორის მდებარე ტერიტორიაა. ამ ადგილზე მტრის შეკავება თბილისის დამცველთა ბოლო იმედი იყო.

შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ერეკლე, ამ ადგილებში თაბორის ქედის შემაღლებულ ფერდობებზე ავიდა თავისი რაზმით და აქედან აკონტროლებდა ბრძოლის ველს.

თავისი ერთ–ერთი ვაჟის, ვახტანგის ( იგივე ალმასხანის) და ოთარ ამილახვრის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა „რათა რომელსაცა კერძოსა საჭირო იყოს ბრძოლასა შინა მოაშველოს მუნ იგი.“

ათასი იმერელი, ზურაბ წერეთლის მეთაურობით იცავდა თბილისის დაცვის მარცხენა პოზიციის მარჯვენა ფრთას „და სდგეს იგინი მარჯვნივ კერძო მეფისა.“

თავისი შვილიშვილი, იმერეთის მეფე – სოლომონ მეორე, იმერელთა 500 კაციან რაზმთან ერთად – თბილისის გალავანთან ახლოს დააყენა ერეკლემ, რათა საჭიროების შემთხვევაში თაბორის ქედის ფერდობებზე განლაგებულ მეზარბაზნეებს მიხმარებოდნენ.

როგორც ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს, თბილისის დამცველებს 35 ზარბაზანი ჰქონიათ. მათი ნაწილი კრწანისის ველის შემაღლებულ ადგილებზე, ხევის პირას იყო განლაგებული, ნაწილი კი თაბორის ქედის მიდამოებში და ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე. როგორც ავღნიშნეთ, დაცვის მარჯვენა პოზიციაზე დავითს 6 ზარბაზანი ჰქონდა.

ქართველთა მეზარბაზნეები საკმაო რაოდენობით და ამავე დროს გამოცდილნიც იყვნენ, რადგან ერეკლე, არტილერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ხშირად ამბობდა – „ომი ზარბაზნებს დააცადეთო“.

სოღანლუღიდან დაძრული სპარსელების ჯარის ის ნაწილი, რომელიც მარჯვენა ფრთიდან აწარმოებდა შეტევას, თელეთის ქედის ბოლოს, ვიწრო, კლდოვანი გზის მიდამოს მოადგა. ამ რაზმს, როგორც ავღნიშნეთ თავად აღა –მაჰმად– ხანი მეთაურობდა.( ეს ის ადგილია სადაც დღეს რუსთავისა და მარნეულის საავტომობილო გზები იყოფა).

მარჯვნივ ადიდებული მტკვარი იყო, მეორე მხარეს, კლდოვანი მთის ფერდობებზე, სანგარში, ქართველთა მეწინავე რაზმი იყო გამაგრებული. ქართველებმა თოფის ტყვია დაუშინეს მტერს და წინსვლის საშუალება არ მისცეს.

სპარსელებმაც განახორციელეს შეტევა, მაგრამ ქართველებს ფეხი ვერ მოაცვლევინეს. სპარსელებმა რამოდენიმე ზარბაზანი წამოსწიეს წინ და ქართველთა სანგარს ცეცხლი გაუხსნეს.

ქართველები გაერიდნენ ზარბაზნის ცეცხლს, გამოვიდნენ გამაგრებული ადგილიდან და მთების ფერდობებს მაღლა აჰყვნენ. ახლა მეორე სანგრიდან მიიტანეს იერიში მომხდურებზე. თითქმის ერთი საათი იგერიებდნენ მტერს და შეაჩერეს მათი წინსვლა. რამოდენიმე ასეული სპარსელი დაიხოცა ამ ადგილებში.

შეშჰოთდა აღა – მაჰმად– ხანი, მიხვდა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, უკან დახევაც არ იყო მისთვის მისაღები და ომებში გამოცდილმა მებრძოლმა ამ წინაამღდეგობის გადალახვის ახალი, თავისი სიცოცხლისათვის საშიში ხერხი მოიგონა. მან მოულოდნელად თავისი თურქმენული ცხენი მტკვრისკენ შეაბრუნა და მებრძოლებს შესძახა – „ვისაც შაჰი უყვარს და ვაჟკაცია მომყევითო.თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი წყლიდან გამოიტანეთ და მიწაში დამფალითო“.

ცხენს მათრახი გადაუჭირა და მტკვარში შეაგდო. სამი ათასი სპარსელი ცხენოსანი მიჰყვა მას, მაგრამ, ყველამ ვერ შესძლო ადიდებული მდინარის გადალახვა და მოპირდაპირე ნაპირზე გასვლა, სამასამდის სპარსელი დაიხრჩო მტკვარში.

როგორც ვნახეთ, სამხედრო მანევრის შესრულებისას, სამასი მებრძოლი დაუფიქრებლად გასწირა შაჰმა, ეს მისთვის დიდ დანაკლისს არ წარმოადგენდა, მაშინ როცა მცირერიცხოვან ქართველთათვის საკმაოდ დიდი ძალა იყო და სამას მებროლს ხშირად გადაუწყვეტიათ მათ სასარგებლოდ ომის ბედი.

მდინარის მეორე მხარეს, ნავთლუღისაკენ სწორ ადგილებზე გასულმა შაჰმა ცოტა შეისვენა, მერე კი იქედან ქართველთა პოზიციების დათვალიერება დაიწყო და დარწმუნდა, რომ ქართველებს ამ მთიან და ხევებიან ადგილებში მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები ჰყავდათ ჩასაფრებული. ეს მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ აქ მრავალრიცხოვანი ჯარი იქნებოდა თავმოყრილი. შაჰმა მდინარის მარჯვენა ნაპირზე დარჩენილ თავის მხედართმთავარს ანიშნა, რომ მთელი ძალით გადასულიყო შეტევაზე, თავადაც ზემოთ, თბილისისაკენ აუყვა მდინარის მარცხენა ნაპირს.

თელეთის ქედის ფერდობებზე შეფენილმა ქართველებმა ჩათვალეს, რომ სპარსელებს მათი ალყაში მოქცევა უნდოდათ, უკან დაიხიეს და თბილისისაკენ მიმავალი, ვიწრო საქარავნე გზის ადგლებში არსებული ორი სანგარი მიატოვეს.

ამ მანევრით აღა–მაჰმად – ხანმა შესძლო თბილისისაკენ ძნელად სავალი და ქართველთათვის იოლად დასაცავი, დაახლოებით სამი კილომეტრი სიგრძის გზის წინაამღდეგობის გადალახვა, თანაც გაღმიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები და საბოლოოდ დარწმუნდა ქართველთა ჯარის სიმცირეში.

შაჰმა დაინახა, რომ ძნელად გასავლელი გზა განთავისუფლდა, ამიტომ ისევ უკან, კრწანისის მხარეს მოინდომა გადასვლა. ამაში, ორი სარწმუნოებაგამოცვლილი ქართველი მიეხმარა, მათ იკადრეს თავისი ქვეყნის ღალატი და მტერს ორთაჭალაში არსებული ფონი ანახეს. სპარსელთა რაზმებმა ამჯერად უდანაკარგოდ გადალახეს მტკვარი, გადავიდნენ კრწანისისაკენ და ვიწრო გზით შემომავალ თავიანთ რაზმებთან დაიწყეს შეერთება.

ბრძოლა კრწანისის ველზე, მესამე სანგრის მიდამოებში იწყებოდა. მრავალრიცხოვანმა სპარსელებმა თოფის ცეცხლი დააყარეს აქ გამაგრებულ ქართველებს. ქართველებმა უკან დაიხიეს.

მოულოდნელად ერეკლე თაბორის მთის ფერდობიდან დაეშვა თავის რაზმით და სპარსელთა იმ ნაწილებს შეუტია სადაც თავად შაჰი იმყოფებოდა. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმებმაც დაიწყეს გადაადგილება .

არის ვარაუდი, რომ ქართველებმა უკან იმიტომ დაიხიეს და ერეკლეც იმისათვის დაეშვა მთიდან, რომ უნდოდა შუაზე გაეწყვიტა მტრის ჯარი და მისი წინა ნაწილი, რომელსაც შაჰი მეთაურობდა შუაში მოექცია, მაგრამ თბილისის დამცველებს თავიანთი სიმცირის და მტრის სიმრავლის გამო, ყველა, თუნდაც ძალზე გონივრული ჩანაფიქრის განხორციელებაც კი გაუჭირდებოდათ.

მესამე სანგართან მედგრად შეუტიეს მტერს ქართველებმა. ზარბაზნების გრიალი აყრუებდა არემარეს. აღა–მაჰმად– ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა და… ატალახებულ, სისხლიან მიწაზე გაგორდა ქართველთა მოძულე შაჰის სხეული. ფეხზე წამოხტა შეშინებული, მაგრამ გააფთრებული შაჰი და მთელი ძალებით შეტევაზე გადასვლა ბრძანა.

ვინ იცის როგორ წარიმართებოდა ბრძოლის ბედი, რომ ქართველთა ზარბაზნის ტყვია ცხენს კი არა, მის მხედარს მოხვედროდა…. მაგრამ, ესეც ალბათ ქართველთა უიღბლობა იყო.

ამ დროს წვიმაც განახლდა. ბუნება თითქოს დასტიროდა თბილისსა და საქართველოს მომავალს.

სპარსელები თოფის სროლით მიიწევდნენ წინ . „არც ქართველები დარჩნენ ხელცარიელნი იმათზე თუმცა დაღალულ–დაწყვეტილები იყვნენ – მტერს ეგონა ქართველებს შევაშინებთო, გადავსრესთო, მაგრამ მაშინდელ ქართველებს რა შეაშინებდა, ნამეტნავად იმისთანა კაცთან როგორიც მეფე ირაკლი! შემდეგ იმისთანა გამოჩენილი ვაჟკაცი თავად–აზნაურნი გარს ეხვივნენ და რამდენ ომებში გამოცდილნი“.

ერეკლე თბილისის მხარეს დაიძრა, რათა მესამე სანგრის მიდამოში დახვედროდა მტერს და გზა გადაეკეტა. ეს ადგილები დაახლოებით, დღევანდელი ორთაჭალჰესის მიმდებარე, მოპირდაპირე ტერიტორიაზეა.

გაგრძელება იქნება


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 16 2011, 03:30 PM
პოსტი #3


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სანამ უშუალოდ კრწანისის ველზე და სეიდაბადის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების აღწერას გავაგრძელებთ, ვნახოთ რა ხდებოდა მტრის შეტევის მიმართულების მარცხენა, ე.ი . თბილისის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ის ადგილია სადაც 10 სექტემბერსაც მიმდინარეობდა ბრძოლა.

აქ, შინდის –ტაბახმელას მიდამოებში, თელეთის მხრიდან ამოდიოდა მტერი, უნდოდათ კრწანისის ველზე დაშვებულიყვნან და იქედან კი, სოღანლუღიდან შემოსულ ნაწილებთან გაერთიანებული წამოსულიყვნენ თბილისის ციხისაკენ, ნაწილი კი თაბორის ქედის ფერდობებიდან – პირდაპირ აბანოთუბანში აპირებდა დაშვებას, რათა ალყაში მოექციათ თბილისის დამცველები.

როგორც ითქვა, ამ ადგილებს დავით ბატონიშვილი იცავდა 400 მებრძოლით და 6 ზარბაზნით. მცირე და გაუწვრთნელი რაზმები განლაგდა თბილისის განაპირას, სოლოლაკის მიდამოებშიც.

დავითი გმირულად შეებრძოლა მტერს, წინა დღის მსგავსად, ჯერ ახლოს მოუშვა, მერე ზარბაზნის ცეცხლი დაუშინა, ბოლოს ხმლით შუტიეს სპარსელებს და დიდი ზიანი მიაყენეს, რამოდენიმეჯერ გაყარეს უკან, თუმცა ვეღარ გაუძლეს მტრის შემოტევას, რადგან მათ ქართველთა მიერ შემუსრულ რაზმებს, ახალი, დასვენებული ჯარი ცვლიდა და ამ მიდამოს დაცვა 400 კაცით შეუძლებელი იყო.

თითქმის განადგურებულმა, დავითის რაზმმა უკან დაიხია, ზარბაზნები მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, წავკისისწყალის ხევში გადაყარეს. ბოღმისაგან აკანკალებული დავითი წყნეთისკენ წავიდა და იქედან კი მთიულეთს მიაშურა.

ახლა სპარსელებმა შეტევის მარცხენა მიმართულებითაც იოლად დაიწყეს გადაადგილება.
როდესაც, შინდისის მხრიდან ზარბაზნის ხმა გაიგონეს, შეშფოთდნენ ქართველები, შეშფოთდა თბილისის მოსახლეობა. ზარბაზნის გასროლა სასიგნალო ნიშანიც იყო ერეკლესა და დავითს შორის, მაუწყებელი იმისა, რომ უკვე შინდის –ტაბახმელადანაც იწყებოდა მტრის ძლიერი შეტევა და თბილისის დამცველები შეიძლება ალყაში აღმოჩენილიყვნენ.

კრწანისის ველზე მყოფი აღა–მაჰმად– ხანიც მიხვდა, რომ მისი ჯარის ნაწილები, უკვე, შეტევის მარცხენა ფლანგზე, მთებიდან იწყებდნენ გადაადგილებას და ალყას არტყავდნენ ქართველებს. მდგომარეობა დაიძაბა, მეტი გახელებით შეუტიეს ერთმანეთს მოწინაამღდეგეებმა.


ერეკლემ როცა გაიგო, რომ მტერი შინდის –ტაბახმელას გარდა, უკვე თაბორის ქედზედაც შემოდიოდა, თბილისის დამცველი არტილერისტების დასაცავად აბანოების მიდამოში მდგარ იმერელებს, შიკრიკი გაუგზავნა და სოლომონ მეორეს შეუთვალა სასწრაფოდ დახმარებოდნენ არტილერისტებს, მაგრამ შიკრიკს სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს, ამიტომაც სოლომონის რაზმი ადგილიდან არ დაიძრა, რადგან ამის ბრძანება არ მიუღიათ.

ამ დროს წვიმამ გადაიღო, ძლიერი ნისლიც გაიფანტა და მთებიდან მომდგარ სპარსელებს ხელის გულზე გადაეშალათ თბილისის დამცველთა მდებარეობის სურათი. ამან შეტევა გააიოლა.

თაბორის ქედის ძირში, აბანოთუბანთან მდგარი ( სავარაუდოდ იქ, სადაც ახლა ბალნეოლოგიური სამკურნალო დაწესებულებაა) იმერლები დაიბნენ, ისინი ამ ადგილებს არ იცნობდნენ და სპარსელები მთებზე რომ დაინახეს, საიდანაც მათ არ ელოდნენ, მათთვის ეს მოულოდნელი იყო, იფიქრეს განადგურდა კრწანისის ველზე ქართველთა ჯარიო. მერე როცა თავიანთი ერთერთი სარდლის, ივანე აბაშიძის დაღუპვაც შეიტყვეს, მიიჩნიეს, რომ წინაამღდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, უკან დაიხიეს და სოლომონთან ერთად, აბანოსთკარით თბილისში შემოვიდნენ რათა ბრძოლის ველი დაეტოვებინათ.

ცუდ დღეში ჩაცვივდნენ ქართველი მეზარბაზნეები, რომლებსაც თაბორის ქედის ტერასებზე განელაგებინათ ზარბაზნები, მათ დამცველი ჯარი აღარ ჰყავდათ და ზარბაზნების გადატენას ვეღარ ასწრებდნენ. თანაც სწრაფად უახლოვდებოდათ მტერი.

საგულისხმოა, რომ სპარსელები მოწინაამღდეგის არტილერისტებს არ ხოცავდნენ და ისინი სპარსეთში მიჰყავდათ, რათა მათი ხელოვნება, თავიანთი არმიის გასაძლიერებლად გამოეყენებინათ. ქართველ მეზარბაზნეებსაც შესთავაზეს დანებება, მაგრამ, ქართველებმა საოცარი გმირობისა და ქვეყნისათვის თავდადების მაგალითი აჩვენეს.

არტილერისტების უფროსმა, თავადმა გიორგი გურამიშვილმა, მეტსახელად – ქუმელამ ,რომელიც ერეკლეს ნათლული იყო, თავის რაზმელებს მიმართა– „ ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია, მაგრამ – შეგვიძლია უნამუსოდ დავნებდეთ ყიზილბაშებს – აბა რომელი გინდათ, სახელით სიკვდილი მამულისათვის და კარგი მეფისათვის თუ უნამუსოდ სიცოცხლეო?“

ყველამ ერთხმად უპასუხა – „ჩვენ მამა პაპასა უნამუსობა არ უქნიათ და ჩუენც იმათი შვილები ვართ, სიკვდილი გვირჩევნია უნამუსო სიცოცხლესო “.

„წმინდა საიდუმლოს მაგიერი ეს იყოსო „ და ყველა მებრძოლმა სამი თითით მიწა აიღო,ღვთის ხსენებით შეჭამა.ამით შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ საიქიოს სახელოვნად წარდგებოდნენ.

– „ ღმერთო შეგვიწყალეო“ – შესძახეს ერთხმად და გარშემო შემოსეულ მტერს ზარბაზნები დაუშინეს, მერე ხმლები იშიშვლეს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს სპარსელებს.

„ის მაიორი გურამიშვილი კი გმირსავით დადგა და ხმლით სამი ყიზილბაში ჩამოაგდო“, მეოთხესაც შემოჰკრა გამეტებით ხმალი , მაგრამ აქ კი უმტყუნა თავისმა მახვილმა
და ზედ გადაატყდა სასიკვდილოდ განწირულ სპარსელს.

შემოტრიალდა უიარაღოდ დარჩენილი ქუმელა და თავის ზარბაზანს გადაეხვია ამ სიტყვებით:
–„ ღმერთო ! ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებიდან და მე მამულის ჭირის სანაცვლო ვიყო…“

„გამგელებული ყიზილბაშები მისცვივდნენ და ზედ ზარბაზანზე დაკაფეს, ის სიკვდილს შეუშინები, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმსრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი !.“

დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, რომელთა გრიალი მთებიდან გარემოს აყრუებდა.

კრწანისის ველის მიდამოებში, მთის ფერდობებზე განლაგებულ არტილერიასაც არ დაადგა კარგი დღე.

გაგრძელება იქნება


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 20 2011, 11:12 AM
პოსტი #4


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ამ დროს ხელჩართული ომი იყო კრწანისის ველზე.

სოღანლუღიდან შემოსული და შინდის – ტაბახმელადან დაშვებული სპარსელთა რაზმები, თავიანთი გეგმის მიხედვით აქ ერთიანდებოდნენ და სეიდაბადის გავლით ცდილობდნენ თბილისის ციხისკენ წამოსვლას. მათ ზარბაზნები უკვე მთების ფერდობებზე შეეფინათ და აქედან უშენდნენ ცეცხლს ქართველთა პოზიციებს. მრავალრიცხოვანი მტრის შემოტევის შეჩერება დაღლილდაქანცული და რაოდენობრივად შეთხელებული ქართველებისათვის თანდათან ძნელდებოდა. მიუხედავად ქართველთა გააფთრებული ბრძოლისა სპარსელთა ახალახალი, დასვენებული ჯარის ნაწილები, ზურგში ნასროლი თურქმენთა ტყვიის შიშით, უკანმოუხედავად მოიწევდნენ წინ.

ქართველებმა როდესაც თავიანთი ზარბაზნების ხმა ვეღარ გაიგონეს მთებიდან, მიხვდნენ, რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ წარბი არ შეუხრიათ.

„და იბრძოდეს მეწინავენი მხედრობანი მეფისა საკვირვლად.“

იოანე ბატონიშვილი ლომგულ გმირად იყო ქცეული და სიმამაცის სასწაულებრივ მაგალითებს აჩვენებდა.

თავს არ იზოგავდნენ ოთარ ამილახვარი, თამაზ ჯორჯაძე, სვიმონ ჯანდიერი, ივანე მუხრანბატონი ,ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით მაჩაბელი, ივანე აბაშიძე, საქობოს ქევხა –(მამასახლისი) ქიზიყელი სინჯია – მათ ირგვლივ დახოცილთა გორები და სისხლის გუბეები დგებოდა თურმე.

ფიცხელ ომში იყო ჩამბული ერეკლეს ვაჟი ვახტანგ (ალმასხან ) ბატონიშვილი. მისი რაზმი 11 სექტემბერს შემოვიდა თბილისში და მაშინვე ბრძოლის ველს მიაშურა. ამ რაზმში უმამაცესი, რჩეული მეომრები იყვნენ, მათ შორის ––300 არაგველი, ფშავ –ხევსურნი და ქიზიყელნი – რომლებმაც ერთგულების ფიცი დაუდეს ერეკლეს.

მათ შეუერთდა თბილისელ მებრძოლთა რაზმი. მათი წინამძღოლი იყო – მაჩაბელა, „ეროვნებით და სარწმუნოებით ქართველი“, რომლის სახელი და გვარი ცნობილი არ არის. ის „ იყო ერთი წარჩინებული მესაკრავეთაგან მეფისათა, მუსიკოსი და კომედიანტი“, თბილისის სახიობის თეატრის ხელმძღვანელი. მსახიობთა მთელი დასიც გვერდით ახლდა.

მაჩაბელას ხელთ „ ბარბათი, ე.ი . დაირა“ ეპყრა და მხიარული სიმღერით – „შადიანით“ მიუძღოდა თბილისელთა რაზმს.

მრავალრიცხოვანი მტერი თანდათან ავიწროვებდა და უმოწყალოდ ანადგურებდა თბილისის დამცველებს, რომლებიც უკან დახევის მაგივრად, ვაჟკაცურად უტევდნენ მომხვდურთ.

ქართველთა სისხლით ირწყვებოდა გარემო, მაგრამ ბევრად მეტი, მტრის სისხლია აქ დაღვრილი,13 ათასი სპარსელი დაეცა თბილისის მიდამოებში.

შინდის – ტაბახმელადან ჩამომავალი გზების, კრწანისის ველის, მტკვრის მარჯვენა ნაპირებიდან თაბორის ქედის ფერდობებს შორის მოქცეული მიდამოს (სავარაუდოდ,სადაც ახლა ვახტანგ გორგასლის ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა და მისი შემოგარენი, ასევე ორთაჭალის და ხარფუხის მიდამოა) წვიმისგან და სისხლისგან ატალახებული და გაწითლებული მიწა, თბილისის დამცველთა და მტრის გვამებით იყო მოფენილი. დაჭრილ მეომართა კვნესა ისმოდა ყოველი მხრიდან. უპატრონოდ დარჩენილი ცხენების ჭიხვინი იკლებდა არემარეს.

მაჩაბელამ კიდევ უფრო ძლიერად შემოკრა დაირას და გააათკეცა ქართველთა შემართება.

არაგველებმაც, თავდაცვის მაგივრად იქეთ შუტიეს მტერს და თაბორის ქედის „ კლდიერთა გორათა და მთათა ზედა“ მიაშურეს, იქეთ მიიწევდნენ სადაც აღა – მაჰმად – ხანი ეგულებოდათ. უამრავი მებრძოლი დაუხოცეს თვალწინ შაჰს. შეიძლება, მათ მართლაც მისი მოკვლა ჰქონდათ ერეკლესაგან დავალებული(როგორც ამას ისტორიკოსი ვახტანგ გურული მიიჩნევს ), რადგან, მხოლოდ ეს თუ შესცვლიდა უთანასორო ომის ბედს.

შვიდი ერთმანეთს ძმად გაფიცული ფშავ– ხევსური, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს შაჰის კარავს , შიშველი ხელებით ეცნენ მტრის დროშებს, ტარები მუხლებზე გადაიმტვრიეს და კბილებით დაიწყეს დროშების ფხრეწა.

საჭურისი, მაგრამ უშიშრად ცნობილი, გამძვინვარებული აღა– მაჰმად ხანი, ახლა ალბათ შეშინდა კიდეც. ცოტა ხნის წინ ის ხომ ქართულ მიწაზე ეგდო მიწაში ამოსვრილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი.

„სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქამომდე სულ ბრძოლაში ვარ და არსადა მიხილავს მე წინაამღდეგნი ვითარ ესე კაცნი ჩემდა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა.“ წარმოთქვა მან.

თითქმის ერთი საათი აკავებდნენ და ხოცავდნენ მტერს მესამე სანგართან ქართველები, მაგრამ მათი რაზმები თანდათან თხელდებოდა.

იმ დროისათვის თბილისის დამცველთა რიგებში 2000 ათასი მეომარიც აღარ იქნებოდა ცოცხლად დარჩენილი და მათაც ტყვიების განუწყვეტელი წვიმა ატყდებოდა თავს. ტყვიით დაცხრილულნი და ერთი ათის ხმლით აჩეხილი გმირულად ტოვებდნენ სიცოცხლეს.

კრწანისის ველზე კი, სოღანლუღის მხრიდან – ოციათასზე მეტი სპარსელი „ გრძელ ურჩხულად“ მოიწევდა თბილისის გალავნისაკენ. დანარჩენი კი მთებიდან არტყავდნენ ალყას ქართველთ. აქვე იყო აღა–მაჰმად ხანიც.

ბრძოლის ველს მაინც არ ტოვებდა და გმირულად იბრძოდა ერეკლე –– „ თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლისა მას შინა , ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთაგან სანატრელ“.

ერეკლე თითქმის ერთი საათი აკავებდა მტერს მესამე სანგართან, მერე თანდათან უკან დახევა დაიწყო, ის ბრძოლით და არა გაქცევით უახლოვდებოდა მეოთხე სანგრის მიდამოებს. ბრძოლამ თბილისის ახლოს გადაინაცვლა ( დაახლოებით იქ სადაც ახლა სამასი არაგველის ბაღი, მემორიალი, ძველი კედელი და არქეოლოგიური ძეგლია).

„ესრეთ ერთი საათი შესძლო ერეკლემ გაძლება ჩვენთან თავის სანგრის წინ და შემდგომად გამოვიდა, არა გაქცევით, არამედ ომით შევიდა მეოთხე სანგარში“ – იგონებს სპარსელთა ოფიცერი ი. ბებუთოვი.

„ერეკლე უკან იხევდა, მაგრამ ის იქ მაინც არ დამარცხებულა, რიცხვმრავალი სპარსელების შემოტევამ ვერ გატეხა ქართველთა წონაამღდეგობა“, – ბრძანებს სარგის კაკაბაძე.

„ერეკლე არ შეშინდა, მეფის პირადი მაგალითით გამხნევებული და მაჩაბელას სიმღერით აღფრთოვანებული ქართველთა ჯარი კი ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდა“…“სპარსელებმა თითქმის მერყეობაც დაიწყეს, მაგრამ ამ დროს მთებზე მეჯნუნი და მისი რაზმიც გამოჩნდა(იგულისხმება შინდის–ტაბახმელადან და თაბორის ქედიდან დაშვებული მტრის რაზმები–ავტ.). ერეკლეს თავისი უმნიშვნელო რაზმით არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, მის წინაამღდეგ მტრის უამრავი ჯარი მოდიოდა და ერეკლე დაითრგუნა მათი მრავალრიცხოვნებით, მაგრამ მაინც არ გატყდა და სეიდაბადისაკენ დაიხია“, – აღნიშნავს გენერალი ქიშმიშევი.

„აღა–მაჰმად ხანის კორპუსი თბილისში შემოსასვლელ გზაზე იბრძვის, ამ გზას პირადი სარდლობით იცავს ქართველთა მეფე, ეს უკანასკნელი მთელი დღის განმავლობაში ბრძოლის ველზე იმყოფება“ – წერს იასე ცინცაძე.

შეერთდნენ იოანეს მოწინავე და ვახტანგის სარეზერვო რაზმები და წინ გადაუდგნენ მტერს. „მაშინ განწირნეს თავნი თვისნი და შეიწირენ მსხვერპლად საყვარელსა მამულსა თვისასა,წინაშე მეფისა თვისისა სახელოვნად დასთხიეს სისხლნი თვისნი“. – გვიამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი.

ახლა ყველაზე ცუდ დღეში ერეკლე იყო ჩავარდნილი. სპარსელებს მისი შეპყრობა ჰქონდათ ნაბრძანები. მას კი ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ერჩია. არც ბრძოლის ველიდან აპირებდა გასვლას.

ერთხელ კიდევ შეუტია მტერს თავის რაზმთან ერთად, უკან მირეკა ისინი, მაგრამ, იგრძნო რომ თავის სამასამდე ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლთან ერთად ალყაში ექცეოდა. დახმარების იმედიც არსაიდან ჰქონდა. თუმცა კი მეფისათვის ნასროლ ტყვიას მკერდს უშვერდნენ ქართველი გმირები.

ერეკლეს რაზმები თითქმის განადგურდა, არაგველთაგან არცერთი აღარ გადარჩა ცოცხალი, სიმღერით შეეგება სიკვდილს მაჩაბელას რაზმი, განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს სპარსელებმა ერეკლეს ერთგული ორასი თათარი, რომლებიც გვერდიდან არ შორდებოდნენ მეფეს.

იოანე ბატონიშვილი და ბიძამისი ვახტანგ ბატონიშვილი რომლებმაც ალყა გაარღვიეს, ახლა საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდნენ, ისინი სისხლში ამოსვრილები, ხმლის ქნევითა და გარსშემოსეული მტრის უმოწყალო ჩეხვით იმ ადგილისაკენ მიიწევდნენ სადაც ერეკლესა და მის მცირე რაზმს მგლის ხროვასავით მისეოდა მტერი .

ქართველთათვის უმძიმესი წუთები დგებოდა ბრძოლის ველზე, ის ის იყო უნდა შეეპყროთ ერეკლე (რაც ალბათ დღევანდელ ქართველთათვისაც არ იქნებოდა სასახელო და სირცხვილის გრძნობის გარეშე ჩვენც ვერ გავიხსენებდით ამ ამბავს), რომ ––„აღმატებულითა და საკვირველითა გულოვნებითა და სიმხნევითა“ ცოცხლად დარჩენილ მებრძოლებთან ერთად „ ეკვეთა მეფის ძე იოანე მახლობელი პაპამისის მოსრულთა სპარსთა და უკუნ აქცივნა და განარინა ხელთაგან მათთაგან მეფე“ – ეს თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებია.

იხსნა ერეკლე იოანე ბატონიშვილმა. შეიძლება ეს მაშინ საქართველოს ხსნაც იყო.

ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ მეფეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. თითქმის ძალით აიძულეს ერეკლე წასულიყო ქალაქში შემოსასვლელი გალავნის კარისაკენ, აბანოსკარისაკენ .სწორედ აქედან აპირებდა მტერი კალაში შემოსვლას.

ბრძოლები სეიდაბადის ბაღებში გრძელდებოდა.სპარსელები დაქვეითდნენ, ხეებს ამოეფარნენ და თოფები დაუშინეს ქართველებს.

საღამოს ბინდი ედებოდა თბილისს.

ახლა ალ. ჯამბაკურ – ორბელიანს მოვუსმინოთ :

––– „ოცი დაქვეითებული ყიზილბაში ერთ ქართველს ესროდა თოფს და თუმცა ქართველები უტევდნენ, მაგრამ უნამეტნავესი ქართველები დაიხოცნენ და აქ დაიგდეს თავი, იმ გაცეცხლებულს ომში. აბანოს კართან სამასი კაცი ძლივს ჩამოჰყვა მეფეს : ჭირი მართალთაო, ქართველებო, მართალი იყავით და ჭირიც გეწიათ. ეგ თქვენი სისხლი ღმერთთან ღაღადებს ….“


ერეკლე თბილისში შემოვიდა. სამასამდე დასისხლიანებული მებრძოლი შემოჰყვა ქალაქში .
დანარჩენ მეომართა დიდი უმრავლესობა ცოცხალი აღარ იყო.

მტერს სეიდაბადის ბაღებში სწრაფი გადაადგილების შეეშინდა და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ წაიწიეს წინ .

თბილისის გალავანთან მისასვლელი საქარავნე გზა, რომლის მდებარეობაც დაახლოებით ,დღევანდელი გრიშაშვილის ქუჩას ემთხვევა , ორად იყოფოდა და ერთი ტოტი დაბლა ,მარჯვნივ , აბანოს კართან მიდიოდა, მეორე კი, მაღლა კი მირზა შაფის ქუჩის სავარაუდო მიმართულებით –– განჯისკარს მიადგებოდა. განჯისკარიდან შესვლა ბევრად უფრო ძნელი იყო, რადგანაც ხიდი მაღალ, კლდოვან ადგილზე იყო გადებული.

სპარსელები, აბანოთუბანში, წავკისისწყალზე გადებულ ხიდზე გადასვლით მიადგნენ
კალას გალავანს, რათა აბანოს კარით შესულიყვნენ ქალაქში.

ახლა ისევ ზარბაზნების გვრგვინვამ გადაფარა მიდამო. ეს ქალაქის ციხის არტილერია იყო, სომეხ აღალუას მეთაურობით, რომლებიც ნარიყალას საზარბაზნე ბურჯებზე განლაგებული ზარბაზნებიდან აყრიდნენ ყუმბარებს თბილისის კართან მოსულ მტერს და ქალაქში მათ შესვლას აფერხებდნენ.

„ტფილისის ციხით სეიდაბადის გადმოსასვლელთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს და მრავალნი მტერი მოსწყვიტეს მით .“

სოლოლაკის ქედზე გადმოსულმა და ნარიყალას შესეულმა მტერმა გაანადგურა თბილისის დამცველი არტილერისტები.

ერეკლე და სოლომონი ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს, დამწუხრებული ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს დაემშვიდობა და ორმა ქართველმა მეფემ დატოვა დედაქალაქი. სოლომონი დიღმის კარით გავიდა და ცოცხლად გადარჩენილ იმერლებთან ერთად იმერეთს მიაშურა.

ერეკლეს, ასორმოცდაათამდე ცოცხლად სასწაულებრივ გადარჩენილი, მათ შორის ბევრი დაჭრილი და სისხლში ამოსვრილი საუკეთესო მეომარი გვერდიდან არ შორდებოდა .

მეფეს მახათას მთის მიდამოებიდან, იალნოს ქედის გადავლით უნდოდა კახეთში გადასვლა, მაგრამ ერთმა ერთგულმა, აზერბაიჯანელმა ხანმა ამ გზით წასვლის საშიშროება აუწყა და თან გააფრთხილა– სპარსელები დიდი ჯარით აპირებენ შენს დადევნებას, უფრო საიმედო ადგილზე წადიო.
თბილისელი მაჰმადიანი ––ალავერდიბეგი, რომელიც მტრებს სპარსელთა მეომარი ეგონათ, ერეკლეს დადევნებულ მტრის მეომრებს სუფთა სპარსულით გაესაუბრა, გზა აუბნია მათ და მეფის შესაპყრობად სხვა მიმართულებით გაუშვა, თავად კი ერეკლეს წამოეწია და თან გაჰყვა მეფეს.

ერეკლემ მთიულეთისაკენ გადაწყვიტა წასვლა.

ვინ იცის რას ფიქრობდა ამ დროს თბილისში შემოსული, ცხენზე მჯდომი, თავჩაქინდრული და შუბლზე ფაფახჩამოწეული, მოხუცი მეფე.

აზიაში სახელგანთქმულ და ევროპაში ცნობილ „აშვებულ ლომს,“ „აღმოსავლეთის დიდ გმირს“, უძლეველ ჰერკულესს, რომელზედაც პრუსიის ძლევამოსილი და ამაყი მეფე ფრიდრიხ მეორე ამბობდა – „ევროპაში მე ვარ და აზიაში ერეკლეო“, ის ქალაქი უნდა მიეტოვებინა, რომელშიც ორმოცდაათი წლის განმავლობაში მტერს ფეხი არ შემოადგმევინა, გაამაგრა და აღაშენა, კავკასიის ცენტრად აქცია თბილისი, მისი მოსახლეობა 30 000 მცხოვრებზე მეტი იყო .

ბავშვობიდანვე ხელიდან ხმალი არ გაუგდია, ასობით ბრძოლა გამოუვლია და ორჯერ სამჯერ თუ დამარცხდა, არც მაშინ სჭამა მტრის ჯავრი. ვინც კი იცნობდა, ყველა, თუნდაც მტერი, ქედს უხრიდა და პატივს სცემდა. ქართველთა გარდა, მისი ქვეყნის სხვადასხვა ეროვნების მცხოვრებნიც თავის გადამრჩენლად და იმედად მიიჩნევდნენ მას. არც მტრის სიმრავლეს არასდროს შეუშინებია. ასეთ მძიმე დღეში კი არასდროს ყოფილა ლომგული მეომარი.

ერეკლე გამუდმებით თავის ხალხზე ფიქრობდა. მან იცოდა, რომ „სახელმწიფოებრივი ცხოვრების მხოლოდ ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო გადაერჩინა მისი ქვეყანა“ და რუსეთთან კავშირსაც „ ევროპაში გასასვლელ გზად მიიჩნევდა“. მრავალი დარდი ჰქონდა მოხუც მეფეს, საქართველოს გაერთიანებაც ვერ მოხერხდა მისი მეფობის პერიოდში და ამის დაბრალება ერეკლესათვის არ შეიძლება,რადგან,პროფესორ იასე ცინცაძისა არ იყოს –– „განა მარტო თბილისის და ქუთაისის სურვილზე იყო ეს დამოკიდებული?“

ისიც არ არის მართალი, კრწანისის ბრძოლაში ყველა ოჯახის წევრმა უღალატა მოხუც, ერთ დროს უძლეველ მეფესო. ესეც ქართველთა დასამცირებლად მოგონილი ამბავია, ასეთ ამბებს ავრცელებდნენ არაქართველი ისტორიკოსები, ისინი, ვისაც უნდოდათ საქართველოს რუსეთთან „ნებაყოფილობითი“ მიერთება გაემართლებინათ. ზოგჯერ ამას ქართველებიც ვიმეორებთ და უნებურად საკუთარ თავს ვამცირებთ.
„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადოთ, სანამ მეფე ცოცხალი იყო, მისი მტკიცე ხასიათიდან გამომდინარე არცერთ შვილს მისთვის არ უღალატნიაო“ –– ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით ბრძანებს ისტორიკოსი იასე ცინცაძე. არც მის მეუღლეს, დარეჯან დადიანს არასდროს განელებია მეუღლისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გრძნობა, თუმცა , შესაძლოა, ზოგჯერ ცდილობდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევას.

ისე კი, საერთოდ, არცერთი ქვეყნის მეფე არ ყოფილა მტრისა და მოღალატის გარეშე და გამონაკლისი არც ერეკლე იყო.

დიდძალი ჯარის შეკრებაც არ იყო სისხლისაგან დაცლილ საქართველოში იოლი საქმე. ამასთან, ძნელი იყო ჯარის დიდი ხნით შენახვა. მცირერიცხოვნების გამო –– პატარა საქართველოს, არამარტო შუაზე გაყოფილს, ერთიანსაც კი, ყოველთვის უჭირდა გამკლავება ისეთ დიდ ქვეყნებთან როგორიც ირანი და თურქეთი იყო, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთელი ძალებით დაიძრებოდნენ ქართველებთან საომრად.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და მათ ღალატს, ეს მნიშვნელოვანი თემაა.
საგულისხმოა, რომ 14 სექტემბერს –– ერეკლემ, კავკასიაში რუსების ჯარის სარდალს, გუდოვიჩს საყვედურით მისწერა –– „ჩვენ რომ დედოფლისაგან დაიმედებული და დარწმუნებული არ ვყოფილიყავით თქვენს დახმარებაში, მაშინ სხვა მხრიდან მოწვეული ჯარით, ან სხვა ხერხით დავიცავდით ჩვენ სამეფოსო“.

ასეა თუ ისე რაც ახლა ხდებოდა, ამის ღირსი არ იყო არც ერეკლე და არც მისი მრავალნატანჯი ქვეყანა.

გაგრძელება იქნება


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 21 2011, 03:19 PM
პოსტი #5


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



დ ა ს ა ს რ უ ლ ი

სასოწარკვეთილი თბილისელები, ვინც ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო, ერეკლეს ევედრებოდნენ, რომ რაიმე ეღონა და გადაერჩინა ისინი. დაჭრილთა გმინვაც ისმოდა, აქა– იქ ცეცხლის ალიც ავარდა.

ერეკლე და მისი რაზმი ავლაბრის ხიდთან მივიდნენ. აქ ლოცვა აღავლინა მეფემ. მხურვალედ ილოცა წმინდა აბოს ნეშტთან.

ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და ნელი სვლით დაიწყო ხიდის გადავლა. მას თითქოს სიზმარში ესმოდა თავის ხალხის მოთქმა და ტირილი.

უცებ, წამიერად, თვალთ დაუბნელდა მეფეს, გონებაში კი თითქოს რაღაცამ ცეცხლივით გაუელვა.

მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ ….

თბილისის დატოვება ახლა მისთვის სიკვდილის ტოლფასი იყო .

აიტ დედასა…

თვალთ გაუნათდა ისევ და … აბანოს კარით თბილისში შემომავალი მტრის რაზმები დაინახა ცეცხლის კვამლის ფონზე.

რაღაც არადამიანური ხმა აღმოხდა, თითქოს უნდოდა ჩვეული – „ჰკა მაგ წუნკლებსო“ დაეყვირა ხმამაღლა.

ცხენს აღვირი მოქაჩა, ყალყზე შეაყენა და ქალაქისაკენ შემოაბრუნა….

ნებით თუ უნებურად სისხლიანი ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო…

არა, არ დათმობს ერეკლე და თუ დათმო ამას სიკვდილი სჯობს…

იმავ წუთში, ალბათ თავის მოკვლა გადაწყვიტა … ოღონდ უბრალოდ არა, გმირულად უნდა შეკვდომოდა მტერს.

ხმალამოღბულმა ცხენს დეზი ჰკრა და თბილისისაკენ დააპირა გაჭენება…

აქ კი მართლაც ბეწვზე მიუსწრეს თავისიანებმა, იოანე მუხრანბატონმა ცხენის აღვირს უტაცა ხელი, წინ თავისი ვაჟი ვახტანგი და რამოდენიმე მებრძოლი გადაუდგა. იოანე ბატონიშვილმაც დროულად მიაგდო ცხენი და გასაქცევი ადგილი არ დაუტოვა მეფეს, როგორც იქნა ძალით შეაბრუნეს ერეკლეს ტაიჭი, ზაქარია ანდრონიკაშვილმა კი გავაზე ძლიერად გადაუჭირა მათრახი და წინ გაიგდო მეფის ბედაური. ლუარსაბ ვაჩნაძე და შიოშ თუმანიშვილი უკან მიჰყვნენ მათ.

ძალით, საჩქაროდ „ გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე“.

მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თვისიანებს მიმართა––

„ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო,ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო ! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იხოცებით. აბა რაღას მეფე ვარ, რით დაგიფარეთ ?“

„რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა“.
„რა კარგი ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის !“

ყველა იქ მყოფ, სამშობლოსათვის ბრძოლებში გამოწრთობილ და წარბშეუხრელ ვაჟკაცს ცრემლები მოადგა თვალზე.

საგურამოსკენ დაიძრა ერეკლე და მისი რაზმი,ღამე იქ შეისვენეს, მეორე ღამე დუშეთში გაათიეს და მესამე დღეს ანანურში ავიდნენ.

ერეკლემ მაშინვე დაიბარა ერთგული თავადაზნაურნი და საომარი თუ საზავო მოქმედებების განხორციელებას შეუდგა.


დაუნდობელმა აღა – მაჰმად – ხანმა, (რომელმაც, ერთხელ, გამძვინვარებულმა თავისი ძმაც კი მოაკვლევინა, ხოლო, სპარსული ქალაქის ქერმანის აღების შემდეგ, ბრძანა ყველა მამაკაცისათვის თვალები დაეთხარათ. ოციათასი წყვილი თვალი დაულაგეს მაშინ თვალწინ) თბილისის და თბილისელების სასტიკი დასჯა ბრძანა.

„მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვია, მაგრამ ყველაზე დიდ ეს არისო“, – უთქვამს შაჰს.

„უამრავი ხალხი იყო დუმილით და სწრაფად მიმავალი, ანანურიდან მუხრანამდე ვერსად იხილავდი გზას ცარიელსა“, იგონებდა თვითმხილველი იოანე ქართველიშვილი.

ნადგურდებოდა თბილისი, ინგრეოდა ლამაზი შენობები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები, დაანგრიეს კათოლიკური ეკლესია, შიიტების მეჩეთიც არ დაინდეს და იქ შეფარებულები დახოცეს, დაინგრა მეფის სამსართულიანი ლამაზი სასახლე–– „ რომლის მსგავსი მეც არა მაქვსო“ უთქვამს შაჰს, განადგურდა თოფხანა, სტაბმა, ზარაფხანა, გოგირდის აბანოები, დაწვეს წიგნთსაცავები, დაინგრა ხიდები, დაძრწოდნენ ყაჩაღთა ბრბოები. სპარსელთა ჯარი მხეცური ღრიალით არბევდა ქალაქს, მათ ამის ნება დართული ჰქონდათ.

ქართველი და სომეხი მღვდლები შეიპყრეს და ხელ–ფეხ შეკრულნი მეტეხის კლდიდან მტკვარში გადაყარეს.

ქუჩებში დახოცილთა გვამები ეყარა. ქალაქის ბაზარზე, ტყვეებით გაცხოველებული ვაჭრობა მიდიოდა.

აღა– მაჰმად– ხანმა ვერ შეისრულა თავისი დიდი ხნის ნატვრა –– ერეკლე არ ჰყავდა შეპყრობილი .სურვილის შესრულება თავის ერთერთ სარდალს, ნახჭევანის ხანს––ქანქარლუ–ქალბალი ხანს დაავალა და რვა ათასკაციან დამსჯელ ჯარს ჩაუყენა სათავეში .

14 სექტემბერს სპარსელების დამსჯელი რაზმები მცხეთას მიადგნენ, მათ ეკლესიების გაძარცვა–განადგურება გადაწყვიტეს და სვეტიცხოველს შეესიენ, მაგრამ, სპარსელებს შორისაც იყვნენ რაინდული სულის ადამიანები, სწორედ ასეთი აღმოჩნდა ქალბალი –ხანი, ის წინ გადაუდგა თავის მეომრებს და მიმართა, რომ –– არ დაუშვებდა სალოცავთა და მეფეთა საფლავთა შეურაწყოფას და სვეტიცხოვლის ტაძრიდან გაჰყარა ისინი. განადგურებას გადარჩა სვეტიცხოველი.

დამსჯელი ჯარის ნაწილი გორისაკენ წავიდა, მათ ცხინვალამდე მიაღწიეს, ქართლის მოსახლეობა გახიზნული იყო, მტრები გზად ყველაფერს ანადგურებდნენ. უკან დაძრულ სპარსელებს, ლამისყანასთან იოანე ბატონიშვილი გადაუდგა წინ და სასტიკი წინაამღდეგობით გაფანტა ისინი.

მეორე ნაწილი, ანანურისაკენ წავიდა, იქ სადაც ერეკლე ეგულებოდათ. ოთხიათასი სპარსელი მებრძოლი ჟინვალს მიადგა.

სწორედ ამ დროს თბილისისაკენ მოიჩქაროდა სამასი ფშავ– ხევსური, მათ დაგვიანებით გაიგეს სპარსელთა თავდასხმის ამბავი და დასახმარებლად მოისწრაფოდნენ.

ამავე მიდამოში, ერეკლეს ნებართვით, აქეთ გადმორეკილი საქონლით, მომთაბარეობდნენ შამშადილუს მცხოვრები მაჰმადიანები, რომელთაც ერეკლეს ერთგული – ალი–სულთანი მეთაურობდა, მას ორასი შეიარაღებული ცხენოსანი ახლდა.
ასე, რომ ალი–სულთანის რაზმი და ფშავ –ხევსურები სპარსელთა პირისპირ აღმოჩდნენ.

ფშავ–ხევსურებმა, როდესაც გაიგეს შამშადილუელებისაგან თუ რა ხდებოდა თბილისში –– ალი–სულტანს, როგორც გამოცდილ მებრძოლს, ასევე სპარსელთა საომარი ჩვევების კარგ მცოდნეს –სთხოვეს გაერთიანებულიყვნენ და მას ესარდლა დამსჯელი რაზმის წინაამღდეგ ბრძოლაში.

ორასმა შამშადილუელმა მაჰმადიანმა და სამასმა ქრისტიანმა ფშავ– ხევსურმა, მათთვის ნაცნობ და საბრძოლველად ხელსაყრელ, არაგვის ხეობის ვიწრო ხეობებში, ოთხიათასი სპარსელი დაამარცხეს, მათი განახევრებული რაზმი უკან გაჰყარეს, ბევრიც დაატყვევეს და ანანურში მიჰგვარეს ერეკლეს.

დამსჯელი რაზმის დამარცხებამ საგონებელში ჩააგდო აღა–მაჰმად– ხანი, ფიქრობდა– ერეკლე ნადირ–შაჰის გაზრდილია „რამე ხრიკი არ ამიტეხოსო“, არც სპარსეთიდან მოსდიოდა სასიამოვნო ამბები, გაიგო, რომ ხორასანში მის წინაამღდეგ აჯანყება იწყებოდა, ამიტომ გადაწყვიტა დროზე წასულიყო სპარსეთისაკენ და საქართველო გამარჯვებულის სახელით დაეტოვებინა.

ათასობით ტყვე წაიყვანეს სპარსელებმა, ნაძარცვით დატვირთული მტრის ჯარი 20 სექტემბერს დაიძრა სოღანლუღიდან და განჯის გავლით სპარსეთისაკენ გაუდგა გზას.

„ტყვეების ღაღადი ესოდენ სასტიკი იყო, რომ იტყოდი, მეორედ მოსვლა არისო”. „საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი მხედრობანი, არამედ ვითარცა დედა–კაცნი“. „და არა მარტო თბილისი, არამედ მისი გარემო უბედური გახადეს.“ იგონებდა სპარსელთა ქცევით უკმაყოფილო, ქრისტიანი იაკობ ბებუთოვი, რომელიც თუმცა მტრის რაზმში იყო, მაგრამ მაინც შეაწუხა ქრისტიანთა ტანჯვამ.

მართალია ქართველები სასტიკად დამარცხდნენ, მაგრამ ერეკლე და მისი ქვეყანა არ იყვნენ საბოლოოდ წელში გატეხილნი, ქართლ–კახეთს ჯერ კიდევ შერჩენოდა სიცოცხლის უნარი.

არც აღა–მაჰმად – ხანი გამოიყურებოდა გამარჯვებული, რადგან საქართველო ვერ დააჩოქა, ქართველთა მეფე ვერ შეიპყრო და ვერ შეისრულა თავისი სურვილი.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1. თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ლ. მიქიაშვილმა, თბილისი,1983.

2. თეიმურაზ ბაგრატიონი, „მეფე ერეკლე“. გაზ.ივერია, თბ.,1891,51 – 56.

3. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა თ.ენუქიძემ, თბ.,1972.

4. თბილისის აღება აღა–მაჰმად ხანისაგან 1795 წელს.(მოთხრობა თვალით მნახველისა), ჟურნალი „ივერია“.1885 წ. N 2.

5. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედაქციით,თბ.,1978.

6. სარგის კაკაბაძე, კრწანისის ომი., თბ.,1991.

7. დევიდ ლენგი,საქართველოს სამეფოს უკანასკნელი წლები (თარგმანი მიხ გამყრელიძისა),თბ.,2003.

8. თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა,თბ.,2006.

9. თეიმურაზ პეტრიაშვილი, ყვარლის ბრძოლა, თბ.,2008.

10.თეიმურაზ პეტრიაშვილი, კრწანისი, ჟურნალი „ მნათობი“, 2007 წ. N 3 , 58–79.

11. ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი I I, თბ.,1986.

12. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV , თბ.,1973.

13. საქართველოს ისტორიის ქრონიკები, XVII- XVIII ს.ს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ა. იოსელიანმა.

14. საქართველოს მეფეები, რედაქტორები მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი ,თბ.,20000.

15. იოანე ქართველიშვილი, მემუარები, ა.იოსელიანის რედაქციით,თბ.,1952 .

16. გერონტი ქიქოძე, ერეკლე მეორე ,თბ.,1958.

17. ივანე შაიშმელაშვილი, კრწანისის ბრძოლა, თბ.,1944.

18. ი. შაიშმელაშვილი, კრწანისის ომი, „მნათობი“, თბ.,1964. N 9.

19. იასე ცინცაძე, აღა– მაჰმად– ხანის თავდასხმა საქართველოზე,თბ.,1969.

20. ალ. ჯამბაკურ – ორბელიანი, აღა–მაჰმად– ხანის შემოსვლა ქ.ტფილისში, ჟურნალი „მოამბე“,1895წ. N 8.

21. Кишмишев С З Походы Надир-Шаха в Герать Кандагар Индию и собития в Персии после его смерти Тифлис 1889


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 24 2011, 04:59 PM
პოსტი #6


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



"მეფე ერეკლე მეორეს ავადმყოფობა, გარდაცვალება და დაკრძალვა”



თეიმურაზ პეტრიაშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი


მართალია აღა–მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრივობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული. ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა . დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა.

თუმცა ლეკების თარეშს ბოლო არ უჩანდა. თავდასხმის საშიშროება სუფევდა სპარსეთის და ოსმალეთის მხრიდანაც. ქვეყანა მძიმე დღეში იყო. ერეკლეს ჯანმრთელობა შეერყა. სულ ორიოდე წლის წინ, ცხენს უზანგში ფეხის გაუყრელად შეაფრინდებოდა. 15 წლისა იყო, როცა ნეიშნის მინდორზე პირისპირ ეკვეთა მომხდურთ ქიზიყელთა მცირე რაზმით, ბელადი თავის ხელით მოუკლათ და მტერს უკან დაახევინა. ამის შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია. ახლა კი სისუსტე შეეპარა, გრძნობდა, რომ უნაგირზე ჯდომას ლოგინში წოლა ერჩივნა. ამიტომ, თავის შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი უსარდლა ჯარს და ყვარელსა და მის მიდამოს შემოსეული ომარ– ხანის რაზმების განდევნა დაავალა, თავად კი უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითიდღე აკლდებოდა, მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ‘’მომსვრელმა სენმა’’. თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად.

ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში.

1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ წყალმანკი სჭირსო. მკურნალობის მიზნით, თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი – ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივის მიდამო დაისერა და სითხე გამოუშვა. ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და შესივებული ადგილებიდან სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა.

ქათმის ბულიონი მიართვეს ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა – ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო ხალხი რას იტყვის, თავად როგორ მოიქცევაო. გადიოდა დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.

1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს გულის მიდამოში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამოდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა გარეთ გაეყვანათ ბუნებრივი მოთხოვნილების გამო.

11 იანვარს, გამთენიისას – ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და … იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა სადაც ის 78 წლის წინ დაბადებულა.

დარეჯან დედოფლის კივილმა შესძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები.

მეფის ცხედარი მართმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.

ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძღოდა წინ მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს –ეს მათ საიდუმლოდ დარჩა ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი.
ზოგი ამბობდა ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო,ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა – სიჩაუქის, სიმარჯვის, სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო.

მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს. კუბო ძვირფასი ხალიჩებით და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.

დარეჯან დედოფლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი – ერისკაცობაში თეიმურაზი ) დავალებით – გამოსვენების და დაკრძალვის
ცერმონიალის გეგმის შედგენა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს დავით ალექსის ძე მესხიშვილს დაევალა.

მთელ ქვეყანაში აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისათვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ… და დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ თავიანთი მომავლის იმედს.

კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს, თავად ყორჩიბაშიშვილების კუთვნილ ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დადგეს.

სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს მეფის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა…

მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი _ თეთრი, მეორე _ მოწაბლისფრო-წითელი ფერის, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ.

დარეჯან დედოფალი სტუმრების მისაღებად სასახლის დიდ დარბაზში გამოდიოდა და მისთვის საგანგებოდ მოწყობილ, ხალიჩებით მორთულ ადგილზე ჯდებოდა. გარშემო საპატიო სტუმრები იყვნენ. ორივე მხარეს ისხდნენ ასაკის მიხედვით განლაგებული ბატონიშვილები, შემდეგ სამღვდელოება და წარჩინებული თავადაზნაურობა ჩამწკრივებულიყო. თეთრი ტანსაცმლით მოსილი სეფექალები ტირილითა და სახის ხოკვით ხვდებოდნენ სტუმრებს. სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან და გარედან შავ ნარმას დაეფარა. სამგლოვიარო დარბაზსა და სასახლის შესასვლელში მდგარ კარისკაცებს გადატეხილი კვერთხები ეჭირათ. დარბაზში ქუდმოუხდელი არავინ შედიოდა, არც ფერ-უმარილი ჰქონდათ ქალებს წასმული.

სასახლის ეზოში მოთქმით შემოვიდა ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. იგი ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა. წრფელი გულით მისტიროდა ბატონსა და მეგობარს. ტირილითა და სახის ხოკვით მიეგება მას დარეჯან დედოფალი.

უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შესძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ.

სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა.

შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს.

რუსეთიდან ჩამოვიდა ერეკლეს ერთ-ერთი ვაჟიც – მირიანი, რომელსაც იქ გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული. 14 წელი არ ენახა მირიანს დედ-მამა. პეტერბურგიდან ევროპულად განსწავლული ექიმიც წამოეყვანა, მაგრამ მამას სამწუხაროდ ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.

თელავისკენ მიმავალ გზაზე თითქმის 7 კილომეტრზე ორივე მხარეს იდგა მგლოვიარე ხალხი. მირიანი ცხენიდან ჩამოხდა და სასახლისკენ ფეხით გაემართა. უკან ადიუტანტი და მხლებლები მიჰყვებოდნენ. ბატონიშვილი ბუნდოვნად ამჩნევდა, მის დანახვაზე როგორ ეცემოდნენ მუხლებზე შავით მოსილი მგლოვიარე ხალხი, რომლებიც გამწარებით შესტიროდნენ:

_ვინღა გვიპატრონებს ობოლთ და გაჭირვებულთ…
_ვინ განდევნის შემოსეულ მტერს …
_ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს …
_ვინ გამოესარჩლება ღატაკთ და სნეულთ…
_დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო..
.
სასახლის ეზოში მირიანი შეჩერდა, თვალცრემლიანმა გახედა სასახლეს, მერე მამის ცხენებთან მივიდა და მათ წინ მუხლზე დაიჩოქა. ცხენები გულშემზარავად აჭიხვინდნენ, ფლოქვების ცემით აამტვერეს მიწა.

მირიანი დარბაზში შევიდა და დარეჯანისკენ გაემართა. 14 წლის უნახავი დედა-შვილი მუხლებზე დაეცნენ, დაჩოქილნი გადაეხვივნენ ერთმანეთს და მწარედ ატირდნენ. ბოლოს მირიანი წამოდგა, დედა ანუგეშა და ბატონიშვილებთან მივიდა მისასამძიმრებლად.

ამ დროს,როგორც უკვე მოგახსენეთ,ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით ჩატარებულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩალაგებისა, იყო ცხედარის გაფუჭების საშიშროებაც.

Dდრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე _ გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ.

ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო.

პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ.

ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მიასვენებდნენ მცხეთაში.

ატყდა ზარების სულისშემძვრელი რეკვა.

პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისაკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს.

`ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოსო~, _ წერს რუსი ისტორიკოსი პ. ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება: _ აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო. სად იყვნენ ისინი მაშინ როცა უჭირდა მეფეს და ქვეყანასო.”_ეს მონათხრობი, მართალი არ უნდა იყოს.

იმ დღეს თელავში მართლაც მოვიდოდა ბევრი ხალხი, შეიძლება ოცი ათასზე მეტიც, მაგრამ ცნობილია, რომ მაშინ ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი გახლდათ, მით უმეტეს შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შიში არსებობდა, რის გამოც ქართლიდან კახეთისკენ გადაადგილება შეზღუდული იყო. Mმოდარაჯე რაზმელებს იმათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ ვინც მათ არ დაემორჩილებოდა და უნებართვოდ, ძალით წასვლას მოინდომებდა კახეთისაკენ.

ოცი ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, როგორც პ. ბუტკოვი გვამცნობს, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კმ-ზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე, სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს. ალბათ მართალია ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, როდესაც ბრძანებს: ”ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად”.

როგორც ჩანს, დაკრძალვა, დიდი პომპეზურობით კი იყო გათვალისწინებული, მაგრამ, შავი ჭირის ეპიდემიის გამო, როგორც ამას პლატონ იოსელიანი წერს _ “დღესასწაულებით”ვერ მოხერხდა.

იმ დროს ბევრი არასწორი და დამამცირებელი იწერებოდა ქართველებზე.

რასაც ზოგჯერ ჩვენც ვიმეორებთ და საკუთარ თავს ვაკნინებთ.

აი, თუნდაც კიდევ რა ტყუილს მოგვითხრობს არტემ არარატსკი თავის წიგნში, რომელიც 1813 წ. პეტერბურგში რუსულად გამოსცა (შემდგომ ეს წიგნი ოთხ ენაზე ითარგმნა _ გერმანულად, ინგლისურად, სომხურად და ქართულად და ამიტომ ბევრი ისტორიკოსი იმეორებს ამ არასწორ მონათხრობს): “კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული, იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატნა – ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენო. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდო.”

Eეს, არარატელის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ანანურში ასვლისთანავე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში იყო. მან იმავე Dდღიდან დაიწყო საქმიანი მიწერ-მოწერა და საომრად მზადება. მისთვის არცერთ ოჯახის წევრს არასდროს უღალატნია.

საქმე ის გახლავთ, რომ _ არასწორი და ქართველთა დამაკნინებელი ამბების გავრცელება, რუსეთის იმპერიას იმისათვის სჭირდებოდა, რათა საქართველოს “ნებაყოფილობითი” მიერთება გაემართლებინათ.

თელავიდან წამოსული, ერთობ შეთხელებული პროცესია თბილისს მოუახლოვდა. შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს და მცირე ხნით მაინც ვერ დაასვენეს სიონში. მახათას მთის ძირას შეჩერდნენ, კუბო თილისისაკენ შეაბრუნეს, თითქოს უნდოდათ მეფისთვის მისი საყვარელი ქალაქი უკანასკნელად დაენახვებინათ. შემდეგ ავჭალისკენ დაიძრნენ. მცხეთის გამოღმა მიადგნენ არაგვს და კუბო მდინარის ნაპირთან დადგეს. არაგვის გაღმა მცხეთელები იდგნენ. პროცესიის მოსვლისთანავე მათ ფეხით გადმოვლეს არაგვი, რათა ძვირფასი ნეშტი გადაებარებინათ.

კახეთიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ დაასველეს ცრემლით მეფის ცხედარი და უკან გაბრუნდნენ.

მცხეთელები მიუახლოვდნენ, მოწიწებით თაყვანი სცეს მეფეს, დაიჩოქეს კუბოსთან, შემდეგ კუბო ასწიეს და ისე ფრთხილად გადაატარეს არაგვზე, თითქოს ცდილობდნენ, არ გაეღვიძებინათ მხცოვანი, ხალხზე ფიქრით გადაღლილი მძინარე მეფე.

კუბო სვეტიცხოვლის კარიბჭესთან მიიტანეს და იქ შემოგებებულ ბერებს გადააბარეს.

თელავიდან წამოსულ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისა. შავი ჭირით დაავადების შიშით ვერავინ ეკარებოდა სვეტიცხოვლის მიდამოებს, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თვით ტაძარი სავსე იყო ავადმყოფებით. ზოგი მათგანი ცოცხლად გადარჩენის იმედით, ზოგი კი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში _ ღვთის სახლს იყვნენ შეფარებულნი და მის განაჩენს ელოდნენ.

ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე იყო ის მოძღვარი, ვინც მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგდების ფასად, აღასრულებდა ყველა ქრისტიანულ წესს და საკადრისად დაკრძალავდა მეფეს. ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა, რომელსაც კიდევ სხვა მრავალი კარგი საქმე ჰქონდა ერისათვის გაკეთებული, ახლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი _ ”თავი გამოიმეტა”, “საფლავს მიუდგა და ემსახურა”, მცირე აღაპიც გადაიხადა.

1798 წ. 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიებარა კიდევ ერთი ქართველი მეფე, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. Dდაასაფლავეს “მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა.”


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Aug 25 2011, 11:52 AM
პოსტი #7


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თეიმურაზ პეტრიაშვილი – ერეკლე მეორის შვილები


ერეკლე მეორის შვილებზე ძნელია მოიძებნოს მასალა, რომელიც მათ შესახებ, ერთიან, ზუსტ მონაცემებს მოიცავს, თუმცა სხვადასხვა ავტორებზე (ქრისტეფორე კეჟერაშვილი–ბადრიძე, ი. მეგრელიძე, ნ.შოშიტაშვილი – რომლის ჩამონათვალიც შედარებით სრულყოფილია) დაყრდნობით შეჯერებული სია უფრო ზუსტი უნდა იყოს:

ერეკლეს პირველ მეუღლედ ისტორიკოსები უფრო ხშირად ქეთევან ვახტანგის ასულ ყაფლანიშვილ–ორბელიანს მოიხსენიებენ, მაგრამ არის სხვა, არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, კერძოდ მამისა ბერძნიშვილი სხვადასხვა ისტორიულ მასალაზე დაყრდნობით, რომელთაგანაც, ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ვახუშტი ბატონიშვილია, წერს, რომ “ქეთევან ყაფლანიშვილის ქალზე ერეკლეს არ უქორწინია… და ის მონაზვნად შემდგარა…” მ. ბერძნიშვილი ეყრდნობა ვახუშტის სიტყვებს, რომელიც აღნიშნავს, რომ ერეკლეს “მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანიშვილისა, გარნა მიზეზითა განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით გიორგი მხეიძე) და იქორწინა მას თანა”.

ძნელია დაზუსტება რომელია ფაქტია სწორი, მაგრამ პირველი ცოლისაგან ერეკლეს სამი შვილი ჰყოლია – რუსუდანი, ვახტანგი (ვახტანგ კარგი), და ერთი ადრე გარდაცვლილი (ზოგი მონაცემით ორი ახლადგარდაცვლილი). სახელები უცნობია.

მეორე მეუღლე ანა ზაალის ასული აბაშიძე იყო. მასთან ერეკლეს ჰყავდა გიორგი –ტახტის მემკვიდრე და თამარი.

დარეჯან ოტიას ასული დადიანი ერეკლეს მესამე მეუღლე გახლდათ. მისი შვილებია:

ელენე, მარიამი, ლევანი(ლეონი), სოფიო, იულონი, სალომე, ვახტანგი(ალმასხანი), თეიმურაზი (შემდგომში კათალიკოსი ანტონ მეორე), სოსლან დავითი, არჩილი და ასლამაზ–ხანი (თუ ეს ორი სახელი ერთ პიროვნებას არ ერქვა. თ.პ.), ალექსანდრე, ქეთევანი, ფარნავაზი(ფარნაოზი), თეკლა, ეკატერინე, ლუარსაბი, მირიანი, ხორეშანი, ანასტასია.

ბევრი მათგანი ადრე გარდაიცვალა.

სიძეებიდან აღსანიშნავია – თამარის მეუღლე დავით ორბელიანი.ელენეს (სოლომონ მეორის დედა) პირველი მეუღლე – არჩილ ბაგრატიონი, სოლომონ პირველის ძმა. მეორე მეუღლე იყო ზაქარია ანდრონიკაშვილი. მარიამის მეუღლე – დავით ციციშვილი. ქეთევანის მეუღლე – იოანე მუხრან ბატონი. თეკლას მეუღლე – ვახტანგ ორბელიანი.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2012, 12:43 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერეკლეს სურათთან

ვარსკვლავთ გაშალეს სხივების თმები,
მერე დახურეს ცის ოთხივ კარი.
მთებმა გაგლიჯეს ჯავშანი ღელვით,
დაჭრილ ვეფხვივით ატოტდა მტკვარი.

მთების დაძახილს, მდინარის გრიალს,
აჰყევი, მამულს შეუდექ მხარში,
ჯაჭვის პერანგზე დახლილი ტყვია
ნაპერწკლებს ჰყრიდა ჭაღარა თმაში.

გვიან შეუტყვე საშინელ ღალატს
და აიშალა ღრუბლებით ზეცა.
შენ დატოვებდი სატახტო ქალაქს,
თუმცა ჯერ კიდევ ბეგთარი გეცვა.

ბედი ქართლისა ხმალივით გაცვდა,
თბილისს მოვარდა არაგვის ღელვა,
ცის ცისარტყელა ქამრად შეაწყდა,
მიწა ტორებით დადაღა ელვამ.

და გაიშოლტა მჭექარ მეხივით
საქართველოის მოჭრილი მკლავი,
შენი ფარივით გადატეხილმა,
ბერდუჯთან მთვარემ დაიხრჩო თავი.

კრწანისის ველზე სისხლი გადაშრა,
ხმლების ჯახუნი მიყუჩდა გრგვინვით...
და შეშლილივით კლდეზე დააფშვენ,
პატარა კახო, მეფის გვირგვინი.

ასე მგონია, როცა გიცქერი,
ლაშქარს ჩამორჩი და გეკრძალები.
სამეფო პორფირს ძევს მიწისფერი
და ჩინჩხლებს ჰყრიან შენი თვალები.

მინდა გიყურო, გულში მკვესავდე,
მამხნევებდე და მამამაცებდე.
დე, ხმლის მაგიერ მე ამლესავდე
და მერე ერთად დაგვამარცხებდნენ...

/ოთარ მამფორია/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 12 2013, 01:38 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მინდა მეფე ერეკლე II გავიხსენო. მეფე ერეკლე საოცარი პიროვნება ყოფილა. როდესაც იგი ლოცულობდა, ყველაფერი რომ დანგრეულიყო, ლოცვას არ შეწყვეტდა. ამასთან, იყო სხვათა ყურის დამგდები. დიპლომატები რომ მოდიოდნენ, ძალიან დიდი ყურადღებით უსმენდა. თავად კი იმდენად სიტყვაძუნწი იყო, რომ ელჩებს მუნჯი ეგონათ."

/ილია II/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2013, 01:38 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთი გლეხი ტიროდა თურმე, - მიმეძინა და ქურდებმა საქონელი მომპარესო.

მერე ასე როგორ ჩაგეძინაო? - ჰკითხა ერეკლემ უცნობ ყმას.

"რა ვიცოდი, მე მეგონა, მეფე ერეკლე ფხიზლობდაო", - უპასუხა გლეხმა.

მოსწონებია მეფეს პასუხი და კაციც დაუჯილდოვებია.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2013, 04:02 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველად ამბობდნენ:

- მირონი მეფე ერეკლეს ძვლებს ჩამოსდისო.

- ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისევ თავისთავად შამაერტყისო.

- ერეკლე როცა ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმე და ლოცვას როცა გაათავებდა, სხივიდგან ისევ აიღებდა ხმალსაო."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2013, 03:48 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იმ დროს, როდესაც რუსეთი ხვანჯებს ხლართავდა საქართველოს წინააღმდეგ, მეფე ერეკლე აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფი ქართველი მეომრებისა და სულთნის და შაჰის ჰარამხანაში მყოფი ქართველი ქალების დახმარებით საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა თავის „მოკავშირე ქვეყანას“.

რუსეთი ამ ინფორმაციას თავის სასიკეთოდ და ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებდა.

ის ხშირად ფინანსურ დახმარებასაც კი უწევდა მუსულმანურ სახანოებს.

რუსეთი იქამდე მივიდა, რომ საქართველოსკენ სალაშქროდ აღა-მაჰმად-ხანიც კი წააქეზე და იარაღით მოამარაგა, ხოლო მისმა მოკავშირემ, სომხეთის პატრიარქმა 80 000 მანეთით და 8 გირვანქა ოქროთი დახმარება გაუწია აღა-მაჰმად-ხანს და მის მიერ წამოწყებულ საქართველოს დაღუპვის „საშვილიშვილო საქმეს“.

/ნუკრი მჭედლიშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 31 2014, 11:03 AM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერეკლემ ქართლ-კახეთის ჯარს დაქირავებული ჩერქეზებისა და მცირე რაოდენობის ოსების ჯარი მიაშველა, მათი ანაზღაურებისათვის სამეფო ხაზინის ნივთებს ოქრო ააძრობინა და ფული მოჭრა".


"საქართველოთი ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მრავალი წერილი იბეჭდებოდა იმდროინდელ რუსულ და ევროპის ქვეყნების გაზეთებსა თუ ჟურნალებში "პრინც ერეკლეზე", რომელსაც "აშვებული ლომის" სახელი ჰქონდა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 1 2014, 01:17 AM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



marine
გაიხარე ,ასეთი ინფორმაციებისთვის...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 3 2014, 10:40 AM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Feb 1 2014, 02:17 AM) *

marine
გაიხარე ,ასეთი ინფორმაციებისთვის...

2kiss.gif


"1797 წლიდან ერეკლე ავადმყოფობდა, მაგრამ თელავიდან ქვეყნის მართვასა და აქტიურ საქმიანობას მაინც განაგრძობდა.

ფეხები უსივდებოდა, ამბობდნენ, წყალმანკი ჰქონდაო.

ფეხების შეშუპების მიზეზი, სავარაუდოდ გულის უკმარისობა იყო."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2014, 01:39 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მირიან ბატონიშვილი (ერეკლეს ერთ-ერთი შვილი მ.გ.), ერეკლეს მონდომებით, რუსეთში იყო გაგზავნილი და იქ ცხოვრობდა.

მირიანს გენერლის ჩინი ჰქონდა მიღებული.

მამის ავადმყოფობა რომ გაიგო, სასწრაფოდ წამოვიდა და თან "ევროპულად განსწავლული" ექიმიც წამოიყვანა, მაგრამ მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო".



"ერეკლე მეფე მთელს ქართველობას ღმერთივით უყვარდა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lego
პოსტი Feb 27 2014, 12:00 PM
პოსტი #17


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940



ხევსურები აწყურთან


ერეკლე ბატონიშვილი
საჩქაროდ ცხენსა ზისაო,
კაცი ხევსურეთს წალალა, _
«თავი მჭირდება ყმისაო!
ხევსურებ ჩამამივიდან,
თორ ქალაქ წამერთმისაო,
წილი იყარონ ახლებმა, _
ბებრებ აქ ვერა დისაო»...
სანეს ხევსურებ იყრების,
ელვა დგას ჩაჩქნებისაო,
კუკიას ჩამადიოდეს,
ჭეხა მახქონდეს ცისაო,
ქალაქს მიუვა ბატონსა
ჯოგი ლეგისა მგლისაო,
ჭეხით მიართვეს სალამი,
ხევსურთ რაზმები დისაო...
ერეკლეს პირი უცინის,
გულს მზეი ეფინებისა;
«გზას შორად სადენს ამბობენ,
ხევსურ ვერ გამადგებისა»...
სურამი გადაიარეს,
აგე, აწყვერიც ჩნდებისა,
აწყვერის სიმაგრეშია
ლეკები ჩაუდგებისა.
ბატონიშვილი შასწუხდა:
«ვაჰ, თუ ჯარ გამიწყდებისა!»
ხევსურებ მაახსენებენ:
«დღეს ჩვენი გადაგვხდებისა!»
ჩამეერჩივნენ ხევსურნი,
ერეკლე ჩამაჰყვებისა,
ლოხაურისშვილ სუმბატა
ხმლიან კაცთ წაუძღვებისა,
გუგუაიშვილ სუმბატა
მაშველად დაუდგებისა,
ჯამათა ივანეური
ვეფხვ გაიწვადა, ჰკვდებისა,
შენც, ჯიმშაიძევ, ნუ ჰკვდები,
სიკვდილი არ გიხდებისა,
შენი წილი და ნაწილი
გუდანს გასაყო რჩებისა!
ერეკლე ბატონიშვილსა
პირზე მზე ეფინებისა,
მაუკლავ კოხტა ბელადი, _
გლეხი არ ეკადრებისა, _
შვილი ტყვედ წამაიყვანა _
მსახურად დასჭირდებისა


--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 27 2014, 12:59 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



Lego

ლეგო, კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემ განყოფილებაში wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lego
პოსტი Feb 27 2014, 02:08 PM
პოსტი #19


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940





--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 5 2014, 01:07 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,252
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდს უთქვამს: "ევროპაში მე ვარ და აზიაში - საქართელოს მეფე ერეკლეო".

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ერეკლე ცდილობდა, ცვლილებები შეეტანა სამხედრო წყობაში.

ერეკლეს დროს დაწესდა სამხედრო სამსახურის თავისებური ფორმა - ე.წ. მორიგი ჯარი.

თვეში ერთხელ, რიგრიგობით, ყოველ სოფელსა და მხარეს თავისი ლაშქარი უნდა გამოეყვანა.

მორიგეობა ყველას უწევდა, განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა.

როცა ერთი კუთხის მკვიდრნი ომობდნენ, სხვებს დასვენებისა და შრომის საშუალება ეძლეოდათ. ამრიგად, ქვეყანას დამცველიც ჰყავდა და მარჩენალიც."


თეკლა-ბიჭი

ერეკლეს ბევრი ვაჟიშვილი ჰყავდა, ისინი ომის დროს სახელოვანი მამის გვერდით იბრძოდნენ.

წარმოიდგინეთ, რომ ასევე იქცეოდა თეკლა ბატონიშვილიც - ერეკლეს ასული; გადაიცვამდა ვაჟურად, მოახტებოდა ცხენს და საომრად მიმავალთ შეუერთდებოდა.

ერეკლემ მას "თეკლა-ბიჭი" შეარქვა. მოგებული ბრძოლის შემდეგ ერეკლე მეფე თავის მამაც მეომრებთან ერთად მიუჯდებოდა ხოლმე სუფრას და იწყებოდა ლხინი.

თეკლა-ბიჭიც იქვე ტრიალებდა, მეომრებს თასებში ღვინოს უსხამდა. ისინიც სიამოვნებით სვამდნენ მეფის ასულის ხელით მორთმეულ ღვინოს.


ქეთევან ანდრონიკაშვილის სიმამაცე

ერთხელ ერეკლე მეფის რძალი ქეთევან ანდრონიკაშვილი ქართლიდან კახეთში, თავის მშობლიურ ქიზიყში მიდიოდა. მართალია, თან რაზმიც ახლდა, მაგრამ მათგან არც ერთი არ იყო გამოცდილი მეომარი.

ერთ ადგილას ჩვენს მგზავრებს ლეკები დაუხვდნენ, - ხუთას კაცზე მეტი იქნებოდა.

ქეთევანის მხლებლები, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ, ვერავინ იკისრა მეთაურობა. მაშინ ქეთევანმა გაამხნევა მხლებლები, თავად ჩაუდგა მათ სათავეში და შეტევაზე გადავიდა.

გულმოცემულმა ქართველებმა თავდამსხმელებს მუსრი გაავლეს.

ეს ამბავი ერეკლე მეფემ რომ შეიტყო, სიამაყით აივსო და რძლის პატივსაცემად თბილისში აღლუმი მოაწყო.

როცა ქეთევანმა ქალაქის კარიბჭეში შეაბიჯა, ზარბაზნები დააქუხეს, ხალხი გარეთ გამოეფინა. იმ ღამით მთელი თბილისი ჩირაღდნებით იყო გაკაშკაშებული".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th December 2018 - 09:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი