IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> შენდობის კვირა, დიდმარხვის დასაწყისი
karpaki
პოსტი Feb 26 2012, 04:00 PM
პოსტი #1


✞✞✞
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,571
რეგისტრ.: 27-May 10
მდებარ.: ★ ° ☾ ☆
წევრი № 8,914



ყველიერის კვირიაკე


ხსენება ადამის განდევნისა, მიტევების კვირა


IPB Image

აი, უკვე სამი შვიდეულია, რაც ეკლესიის თაღქვეშ გაისმის ცოდვით დაღალული ადმიანური გულის შეძახილი: „სინანულისა ბჭენი განმიხვენ, ცხოვრებისმომცემელო!..“ ხვალინდელი დღიდან ფართოდ იღება სინანულის წმინდა კარი... განსაკუთრებულად ღრმა და სერიოზული სიჩუმე შეიგრძნობა ჩვენს – ჩვეულებისაებრ ამაო – ცხოვრებაში... თავისი სულიერი შინაარსით დიდმარხვა საყოველთაო აღდგომამდე ადამიანის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის წინასახეს წარმოადგენს... იგი ჩვენ გვასწავლის, თუ როგორ შეჰფერის მზადება სიკვდილისთვის... სიკვდილის სარეცელზე ადამიანს გადაულახავი სურვილი უჩნდება ყველასთან შერიგებისა; არ რჩება არც სიცრუე, არც თვალთმაქცობა. იგივე გულწრფელობა უნდა გვქონდეს ახლაც ვედრებისას... მომაკვდავზე არანაირი ზემოქმედება არა აქვს გარეგან შთაბეჭდილებებს – იგივე გულგრილობა გვმართებს ჩვენც ყოველივე ამსოფლიურისადმი... დიდმარხვაში სული თითქოს სხეულისაგან დამოუკიდებლობასა და განშორებულობას ეჩვევა და თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე ადის... სული სიკვდილის შემდგომ საზვერეებს გადის, სადაც გამოიცდება ყველა საქმეში, სიტყვასა და აზრში, რომელნიც მის ზნეობრივ შინაარს შეადგენენ, მის დანაშაულსა და ღირსებას. წმინდა დიდმარხვა ჟამია ჩვენი სინდისის გამოცდისა, რომელიც მაცხოვნებელ ღვთის შიშსა და სულის მონანულ შემუსვრილებას ბადებს... გადის რა საზვერეებში სამსჯავროს სული ღვთის წინაშე მოიყვანება თაყვანისცემისათვის და სჭვრეტს მის დიდებას... იგივე ხდება მარხვასთან დაკავშირებით... სრული ნეტარება ჩვენ მხოლოდ აღდგომის შემდგომ მოგვენიჭება, რომლის წინასახეცაა ჩვენი პასექი... ვდღესასწაულობთ რა ქრისტეს აღდგომას, ჩვენ იმავ დროს ჩვენს აღდგომასაც ვდღესასწაულობთ... არ შეეფერება განა ჩვენი სააღდგომო ურთიერთამბორება ჩვენს მომავალ შეხვედრას საყოველთაო აღდგომის ჟამს?.. მაგრამ ნათელ სიხარულს მანამ ვერ მისწვდები, სანამ მძიმე, მაგრამ მაცხოვნებელ მარხვას არ გაივლი.

მარხვა ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღია ქრისტიანის დასაცავად. ქრისტიანები აღდგომის დიდი მარხვისთვის მზადებას რამდენიმე კვირით ადრე იწყებენ. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე კი ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის წევრების მსგავსად ადამიანები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუეტევებენ შეცოდებებს.

სამების საკათედრო ტაძარში კი შენდობის წესის აღვლენისას კათოლიკოს პატრიარქი ილია II ითხოვს შენდობას. უწმიდესი თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, შენდობა ვითხოვოთ იმ ადამიანებისაგან, ვისთვისაც რაღაც ცუდი გვითქვამს, ცუდი გაგვიკეთებია, ან თუნდაც გვიფიქრია. ამასთან, შევურიგდეთ მათაც, ვინც ჩვენ გაგვიკეთა ცუდი, რადგან “მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება. ვინც არ შეუნდობს მას არ ასცდება სასჯელი ღვთისა“,- წმ.იოანე ოქროპირი.

დიდი მარხვა 27 თებერვალს იწყება და 15 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით სრულდება.

თუ რას ნიშნავს შენდობის დღე და ზოგადად, რა არის მარხვა, ამ თემებთან დაკავშირებით “ამბიონს” წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი ესაუბრა:

“ყოველმა ქრისტიანმა ადამიანმა, რომელიც დიდი მარხვისთვის ემზადება, იცის, რომ ჯერ მსგეფსია, შემდეგ ხორციელის კვირა (ოთხშაბათი-პარასკევი – მარხვა), ბოლოს – ყველიერის კვირა და ხორციელის ჩანაცვლება ხდება ყველიერით.როდესაც ყველიერის კვირა მთავრდება და აღდგომის დიდი მარხვა იწყება, ტაძრებში აღესრულება შენდობის ლოცვა. შენდობის დღეს ქრისტიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, რის შემდეგაც იწყება მარხვა, რომელიც თავისი მნიშვნელობითა და არსით დიდი იმიტომ არის, რომ ყველაზე აღმატებული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.


ადამიანი როდესაც მარხულობს, ის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს არა მარტო იმას, თუ რა საკვებს მიიღებს, არამედ, ყველაზე მეტად, თავის სულიერ და შინაგან ცხოვრებას.

ერთ-ერთი წმიდა მამა ბრძანებს: “უგნურია ის ქრისტიანი, რომელიც მარხვის ჟამს საჭმელსა და სასმელს განეშორება, ხოლო თავის ცოდვიან ცხოვრებას არ განეშორება”.

ადამიანი მარხვით თავის ცოდვილ ცხოვრებას უნდა განეშოროს. მარხვაში დაიცვას ზომიერება და ლოცვები იკითხოს.

როდესაც ქრისტიანი ადამიანები შენდობას გამოვითხოვთ ერთმანეთისაგან, ეს ნიშნავს იმას, რომ ძველი რაც იყო, უნდა დავივიწყოთ და ახალი გამართლებული ცხოვრება დავიწყოთ. ადამიანს საკუთარი ცოდვების განცდა უნდა ჰქონდეს.

ამ დროს განსაკუთრებული ლოცვები აღესრულება. პირველ კვირაში – ანდრია კრიტელის კანონები. დიდ მარხვაში იკითხება ეფრემ ასულის ლოცვა (გარდა გარკვეული დღეებისა), სადაც ამგვარი სიტყვებია: “მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.”
“განცდა თვისთა ცოდვათა” ნიშნავს იმას, რომ განიცადო და დაინახო საკუთარი ცოდვები, თუ რას ჩადიხარ და რას უნდა განეშორო. თუ საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ, სხვის თვალში ბეწვის ძებნას უნდა მოერიდო. ნება შენია, რას ჩაიდენ, მაგრამ სხვა არ უნდა განიკითხო.

უფალი მახარებლის სახარებაში ბრძანებს: “შენ გადაირჩინე თავი შენი და შენს გარშემოთ ათობით და ასობით გადარჩებიან.”

ადამიანმა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს და აპატიოს, რომ მასაც ეპატიოს. უნდა შევძლოთ, ჩვენი ცხოვრება ისე წარვმართოთ, რომ სხვებისთვის მისაბაძი გახდეს”.

თეა სულაბერიძე


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II



სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

დღეს განსაკუთრებული დღეა, მას მიტევების კვირა ეწოდება, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთია. დღევანდელ დღეს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე უფრო ღრმად იხედება თავის სულში, უფრო ცხადად ხედავს თავის ცოდვებსა და ნაკლს და შესთხოვს უფალს, რომ სულიწმიდა გადმოვიდეს მას ზედა და ძალი მაღლისა ჰფარვიდეს, რათა სულიერად განიწმინდოს. ეს დღე წინა დღეა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს.

თქვენთვის ცნობილია, რომ მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა. ამ დღეს ბერები ერთმანეთისაგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობელთა გალობით გადიოდნენ, რადგან არ იცოდნენ მშვიდობით დაუბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებს აღდგომისათვის.

ცოდვა და მადლი! ორივე როგორი ახლობელია ადამიანისათვის; მადლი, რომელიც უფალმა მიანიჭა და ცოდვა, რომელიც თვითონ შეიძინა; მადლი, რომელიც უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია და ცოდვა, რომელიც ადამიანისათვის მომაკვდინებელი სენია. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვგრძნობთ ცოდვის ძალასა და მას, როგორც რაღაც ბუნებრივსა და ჩვენთვის თითქოსდა აუცილებელს, ისე ვეძლევით, მისი მონები და ბოროტი ძალის იარაღები ვხდებით. როგორ ავიცილოთ ცოდვის მონობა და სიწმინდის გზაზე როგორ დავდგეთ? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან ბრძოლაა საჭირო, მაგრამ ბრძოლა მხოლოდ მას შეუძლია, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს. ეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ფილოსოფოსებმა იცოდნენ, რომელნიც გვასწავლიდნენ: შეიცან თავი შენი. ადამიანის უპირველესი მოვალეობა სწორედ საკუთარი თავის შეცნობაში მდგომარეობს. ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის აუცილებლად დაინახავს, რომ ცოდვა მასშია და თვითონ ცოდვაშია და გაუჩნდება განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა თჳსისა. ეს ორი მცნება - განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავს, თავის ცოდვებს ვერ ხედავს და არც თვისთა ცოდვათა განცდა აქვს. ხოლო უკეთუ მას განცდაჲ თჳსთა ცოდვათა შეუძლია, მაშინ სხვას კი არ განიკითხავს, არამედ პირველ რიგში თავის სულზე იზრუნებს.

დიდი იყო წმიდა მამების მიერ განცდაჲ თჳსთა ცოდვათა. ერთხელ როცა ერთ-ერთ მონასტერში სტუმრად მისულ ანტონი დიდს ბერებმა დარიგება სთხოვეს, რა გავაკეთოთო, ანტონი დიდმა უპასუხა, ვიტიროთ ჩვენი ცოდვებისთვისო. მართლაც, მთელი მონასტერი ატირდა, რადგან მის მკვიდრთა შორის თვისთა ცოდვათა განცდა დაიბადა.

სულიერი განწმენდა, და ამაღლება, ბოროტისაგან განშორება და სულიწმიდის მოპოვება მხოლოდ ერთი გზით - საკუთარი ცოდვების დანახვითა და მათი განცდით შეიძლება. გავიხსენოთ წმ. მეფე დავით წინასწარმეტყველი. მისი ორმოცდამეათე ფსალმუნი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ, საკუთარი ცოდვების განცდისაგან გამოწვეული გულწრფელი ცრემლებითაა წარმოთქმული: მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე და რაც უფრო უახლოვდება უფალს, თვისთა ცოდვათა განცდა და საკუთარი უღირსების შეგრძნება უფრო და უფრო უძლიერდება. ადამიანზე, რომელსაც თავი უცოდველად წარმოუდგენია, წმიდა მამები ამბობენ, რომ მას სინდისი დამწვარი აქვს, რადგან სულიერად დაბრმავებული თავის ცოდვებს ვეღარც ხედავს და ვეღარც განიცდის.

მორწმუნე ადამიანი არასოდეს არ უნდა დაკმაყოფილდეს თავისი მდგომარეობით და არ უნდა თფიქროს, რომ მან უკვე რაღაცას მიაღწია და სულიერი სიწმინდე შეიძინა. პირიქით, მუდამ სულიერი უკმარისობის გრძნობა უნდა აწუხებდეს და ყველაფერს აკეთებდეს იმისათვის, რომ ხვალ უკეთესი იყოს ვიდრე დღესაა. ეკლესიის ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის ავაზაკთა, მკვლელთა, ქურდთა და მეძავთა მოქცევისა და წმინდანობის სიმაღლემდე ასვლისა. ერთ-ერთი მათგანი ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელია, რომელსაც ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს დიდ მარხვაში. ქალი, რომელიც 12 წლის ასაკიდან ეწეოდა ზნედაცემულ ცხოვრებას, შემდეგში მოიქცა და ანგელოზთა სწორი გახდა. ამიტომ საკუთარი ცოდვების დანახვამ და განცდამ ადამიანში სასოწარკვეთილება არ უნდა გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გვახსოგდეს, რომ რადგან უფლის სახიერება და სიყვარული ყოველგვარ ცოდვას აღემატება, გულწრფელად მონანულთ ცოდვები შეენდობათ.

ისე დიდია ძალა სულიერი სიწმინდისა, რომელიც სინანულით, სიყვარულითა და კეთილი საქმეებით მოიპოვება, რომ წმინდა ადამიანის წინაშე თვით ცხოველებიც კი ძრწიან. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. პირველ საუკუნეებში ეგვიპტეში, განსაკუთრებით კი ნიტრიის უდაბნოში, დიდი სულიერი მოღვაწეობა იყო გაჩაღებული. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი ბერი, რომელსაც დიდი სიწმინდე ჰქონდა მოპოვებული. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მოიტაცოს. ერთხელ ამ ბერთან ორი ახალგაზრდა მორჩილი მივიდა თაყვანსაცემად და კურთხევის ასაღებად, მან სიყვარულით მიიღო ახალგაზრდები, ესაუბრა, დალოცა და გააცილა. გზაზე ძუ ლომი შემოხვდათ, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა და მწარედ ღმუოდა. ლომი ჯერ ბერის წინაშე დაემხო და ფეხები აულოკა, ხოლო შემდეგ უდაბნოსკენ გაემართა, თან მალიმალ უკან იხედებოდა, თითქოს გაყოლას ითხოვდა, ისინიც გაჰყვნენ. მცირე ხხის შემდეგ ლომის ბუნაგს მიადგნენ, რომელშიც ხუთი დაბადებით ბრმა ბოკვერი დახვდათ. ძუ ლომს სათითაოდ გამოჰყავდა შვილები ბუნაგიდან, ბერის ფეხებთან აწყობდა და თითქოს მათ განკურნებას ევედრებოდა. წმინდა მამას შეეცოდა ძუ ლომი, მუხლებზე დაეცა და ყოვლისშემძლე უფალს ბოკვერთა განკურნება სთხოვა. მართლაც მისი ხელის შეხებით ბოკვერებს თვალები აეხილათ და განიკურნენ, აი, რა ძალა აქვს სიწმინდეს და რისკენ უნდა ისწრაფვოდეს ყოველი ადამიანი. თქვენ იტყვით, ის წმინდანი იყოო. ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა.

მე ვმადლობ უფალს, რომ საქართველოში სულიერი განწმენდის პროცესი დაწყებულია, რაზეც ეს დღეც მეტყველებს. თქვენ ხომ სწორედ ღვთის რწმენამ, სიყვარულმა და თვისთა ცოდვათა განცდამ მოგიყვანათ წმ. სიონის ტაძარში.

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ას გულისტკივილი არ მიეყენებინოს. წმ. პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა. მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს. ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ. შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს.

დღეს, როცა ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ, როცა უფალი უხილავად ჩვენთანაა, მე მინდა ჩემს შესახებაც გითხრათ. აი, უკვე მეცხრამეტე წელია, რაც უფალმა ინება და პატრიარქის ტახტზე დამადგინა. ეს იყო მძიმე წლები, წლები წამებისა და განსაცდელისა, მაგრამ განსაცდელის დროსაც მუდამ ვგრძნობდი უფლის წყალობასა და მფარველობას. ამ წლების მანძილზე ხშირი იყო შემთხვევა, როცა ვხედავდი, რომ ადამიანი ცოდვის გზაზე დგას და იღუპება და ვცდილობდი მისთვის დახმარების ხელი გამეწოდებინა გადასარჩენად, მაგრამ თვითონვე უთქვამს უარი, რადგან ცოდვა ერჩივნა სიწმინდეს. დღეს განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ალბათ მე თვითონაც არ ვაკეთებდი ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა ცოდვილთა გადასარჩენად კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოჲსა, ალბათ მეც მაკლდა და მაკლია თავმდაბლობაც, სიწმინდეც, ლოცვაცა და მარხვაც და იმიტომაც აღმოვჩნდი უძლური მათთვის დახმარების გასაწევად,

განსაკუთრებით მოძღვრები დამერწმუნებიან, რომ მე თავს ვარიდებ ვინმეს დასჯას და ვინმეზე სასჯელის მოღებას, რადგან ველოდები, რომ ადამიანი თვითონ მიხვდება, თვითონ დაინახავს თავის ცოდვას, გაიხსენებს რომ წუთისოფელში ცხოვრობს, რომელიც წარმავალია და უნდა თუ არა მას ეს, წინაშე უფლისა უნდა წარდგეს და თავისი ცხოვრებისათვის პასუხი აგოს.

დღეს, შენდობის ჟამს, მე უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე, მთელი საქართველოსა და ყოველთა ქართველთა წინაშე და - გთხოვთ აღავლინოთ ლოცვები ჩემთვის და შემინდოთ ყოველი ცოდვა ჩემი.

კაცთმოყვარე და სახიერმა ღმერთმა თქვენცა და მთელ საქართველოსაც შეგინდოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთმა დააყენოს სრულიად საქართველოს სინანულის გზაზე, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. ამინ.

სიონი, 25 თებერვალი, 1996 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ


--------------------
შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია?
ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან,
ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია!
_________________________________________________________________________
უთქვენოდაც კარგად ვარ :(
_________________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd August 2014 - 11:28 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი