IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმინდა ფოტინე სამარიტელი, მცირე ცხოვრება და წამება
აკაკი
პოსტი Apr 5 2012, 07:24 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წმიდა დიდმოწამე ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა,კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (+დაახლ. 66 წ.) 20 (02.04) მარტი

*ფოტინე ბერძნული წარმოშობის სახელია და ქართულად ითარგმნება, როგორც ბრწყინვალე, ნათელი, ნათელ-სხივოსანი.

სამარია იუდეის მეზობლად მდებარეობდა. ებრაელების აღთქმულ მიწაზე დასახლების და ბაბილონის ტყვეობაში მყოფობის შემდეგ, სამარიტელებმა იუდაიზმის ზოგიერთი სწავლება მიიღეს, მაგრამ არსებითად, ისევ წარმართები რჩებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ებრაელები ყოველნაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. თუმცა სამარიტელებს სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია. ეს რწმენა წმინდა ფოტინემაც აჩვენა ქრისტესთან საუბარში. მაშინ უფალმა გაუმჟღავნა მას, რომ იგია მესია, მოსული სოფლად. აღფრთოვანებული დედაკაცი მაშინვე გაიქცა თავის ქალაქში, რომ ყველასთვის ეხარებინა ის, რაც ქრისტესგან მოისმინა. მართლაც, მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი სამარიტელი დააინტერესა და მათი თხოვნით, უფალი იმ ქალაქში ორი დღე გაჩერდა. გონივრული იყო მისი საქციელი, როდესაც იგი ქალაქში შევიდა ხალხისთვის არ უთქვამს, რომ იქ, ჭასთან ქრისტე ვნახე, მას ვესაუბრე და ახლა წამოდით თქვენც იხილეთო, რადგან მას არავინ ენდობოდა, თავისი ცოდვიანი ცხოვრების გამო (მანამდე მას 5 ქმარი ჰყავდა), არამედ უთხრა - ”მიდით და იხილეთ კაცი, რომელმაც მითხრა ყველაფერი, რაც კი მიქნია; ქრისტე ხომ არ არის იგი? ამ დედაკაცმა უკვე შეიცნო და ირწმუნა ქრისტე, ამ კითხვით კი მათში ინტერესი აღძრა, რადგან მოლოდინი მესიისა ჰქონდათ ხალხს. მას შედეგ, რაც ხალხმა თავად იხილა ქრისტე მრავალმა ირწმუნა და ეუბნებოდნენ წმინდა ფოტინეს, ახლა შენი სიტყვების გამო კი აღარ გვწამს, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ვიხილეთ ღვთიური მოძღვარი და მოვისმინეთ მისი ქადაგებაო. წმინდა ფოტინეს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ქრისტიანობის მქადაგებლობა. მან მოაქცია თავისი სამი ვაჟი - ვიქტორი, ფოტინი და იოსია, თავისი დები და მრავალი ადამიანი.

წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია), როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ.

იტალიის მმართველმა სებასტიანემ სცადა გადაერწმუნებინა ბიქტორი, რათა შეესრულებინა იმპერატორის განკარგულება: - დიდო მხედართმთავარო ვიცი, რომ შენ, როგორც დედა შენი და ძმა შენი იოსია, ქრისტეანები ხარ. თქვენ ყველანი მისდევთ მოციქულ პეტრეს. მაგრამ, გირჩევ შეასრულო მეფის ბრძანება და დასაჯო ქრისტეანნი, რათა საფრთხეში არ ჩააგდო შენი სიცოცხლე.

- მე ზეციური და უკვდავი მეფისა და ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს ნებას ვასრულებ, ხოლო ნერონის განკარგულება დავსაჯო ქრისტეანები, არა თუ არ შევასრულებ, არამედ გაგონებაც კი არ მსურს მისი, - მიუგო ბიქტორმა.

- როგორც ჭეშმარიტ მეგობარს, შენდა სასიკეთოდ გირჩევ გააკეთო ის, რასაც იმპერატორი გიბრძანებს, - ისევ მიმართა სებასტიანემ თავის მხედართმთავარს. თუ დაჯდები სამსჯავროზე და იპოვი ქრისტეანთ, და როცა იპოვი დასჯი, მეფის გულსაც მოიგებ და მემკვიდრეობად მის ქონებასაც მიიღებ. გარდა ამისა, გირჩევ გააფრთხილო შენი დედა და ძმა, რათა ასეთი კადნიერებით ნუ ჰქადაგებენ ქრისტეს და ნუ ასწავლიან ელინთ თავიანთი მამა-პაპური სარწმუნოების უარყოფას, რათა მათ გამო შენც საფრთხეში არ შთავარდე.

- ნუმც იყოფინ, ვაკეთებდე იმას, რასაც მირჩევ: დავსაჯო ქრისტეანნი, ან წავართვა მათ რამე, ან კიდევ ვურჩევდე საკუთარ დედას და ძმას არ იქადაგონ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. დედისა და ძმის
კვალობაზე მეც ვიქადაგებ ქრისტეს ჭშმარიტებას და მაშინ ვნახოთ როგორ იქნება, - შეეპასუხა ქრისტესმოყვარე მხედარი.

- ძმაო, მე გირჩევ იმას, რაც შენთვის სასიკეთოა, შენ კი თავად გადაწყტვიტე რა აკეთო. შეაგონა: „ამის გამო უბედურება მოგელისო“
მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა. სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა დაიყვირა და წარმოთქვა: „ერთია ღმერთი, - ღმერთი ქრისტეანეთა, მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“.

- ასე უეცრად რატომ შეიცვალე შეხედულება, სებასტიან? - ჰკითხა მას სანახავად მისულმა ვიქტორმა.

- იმიტომ, რომ ქრისტემ მომიწოდა, ქრისტე მიხმობს ჩემო უტკბილესო ბიქტორ, - მიუგო იტალიაში იმპერატორის ადგილნაცვალმა, რის შემდეგაც, ბიქტორის მიერ დამოძღვრილი, მოინათლა. როდესაც ემბაზიდან ამოვიდა, კვლავ აეხილა თვალნი და ღმერთი ადიდა. ამ სასწაულმა იმდენად შეაძრწუნა სებასტიანეს წარმართი მსახურები, რომ იმის შიშით, ჩვენი ურწმუნოებისთვის ჩვენც არ დავისაჯოთო, ბიქტორთან მიირბინეს, ქრისტეანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა სთხოვეს და მოინათლნენ.

გავიდა მცირე დრო და ნერონამდეც მივიდა ხმა, რომ მხედართმთავარი და მმართველი იტალიაში პეტრეს, პავლეს და სხვა მოციქულთა სწავლებას ავრცელებენ; რომ მათ მრავალი ელინი მოაქციეს ქრისტეანული სარწმუნოებისკენ და, რომ მხედართმთავრის დედა, ფოტინე, თავის მეორე შვილ იოსიასთან ერთად, ჯვარცმულს კართაგენში ჰქადაგებდა.

ამის გამგონი ნერონი ძლიერ განრისხდა და იტალიაში გააგზავნა მეომარნი, რათა რომში ჩამოეყვანათა ყველა, ვინც კი ქრისტეანულ სწავლებას ავრცელებდა. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი - ნათელსხივოსანი (ფოტინი - სახელის მამრობითი ფორმაა) , შენს მიერ განათლდებიან მრავალნი და მირწმუნებენ “, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა მაცხოვრის სიტყვებმა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“.

მოსალოდნელი საფრთხე ფოტინესაც ეუწყა და, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა, ქრისტიანებთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, სადაც არაჩვეულებრივი გამბედაობით დაიწყო ქრისტეს ქადაგება. დიდი იმპერიის ყველა მცხოვრები შეშფოთებული ამბობდა: "ვინ არის ეს დედაკაცი, ქრისტეანთა ესოდენი სიმრავლით რომ გამოცხადდა?" ამავე დროს იტალიის მმართველ სებასტიანესთან ერთად რომში ფოტინას შვილი, ფოტინიც (ბიქტორი) ჩამოიყვანეს და ყველანი ერთად წარუდგინეს იმპერატორს, რომელიც მასთან მიყვანილ ქრისტეანთა დაკითხვას პირადად აწარმოებდა. იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. თავიდან იმპერატორი დაშინებისა და წამების გარეშე, დაყვავებით ცდილობდა ეიძულებინა აღმსარებელნი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება:

- უარჰყავით ქრისტე ან საშინელი სიკვდილით მოჰკვდებით, - დაემუქრა ქრისტეანთა სიმტკიცით განრისხებული იმპერატორი შეპყრობილთ.

- ნუმც იყოფინ, ქრისტე ღმერთო, შენ უარგყოფდეთ და განვშორდებოდეთ შენს რწმენასა და სიყვარულს, - ლოცულობდნენ აღმსარებელნი, რომელთა შორის იყვნენ ფოტინეს დები: ანატოლია, ფოტო, ფოტისა, პარასკევა, კვირიაკე და ვაჟიშვილები: ფოტინი და იოსია. ყველანი სიხარულით ელოდნენ სიკვდილს ქრისტესათვის და სულის ცხოვნებას ევედრებოდნენ ჯვარცმულს. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე.

მაშინ, ტირანმა გასცა განკარგულება რკინის ბურთულებით სახსრები დაემტვრიათ მათთვის. ნერონის მსახურებმა შეიპყრეს წმინდანები, სასჯელის ადგილზე მიიყვანეს და ხელები გრდემლზე დაადებინეს. დაიწყო წმნდანთა წამება. სამი საათიდან ექვს საათამდე სამჯერ შეიცვალნენ ჯალათნი, მოწამენი კი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდნენ, ფოტინეს და მათი ხელები არც კი შეიმუსრა. ამ უცნაურმა სასწაულმა შეაშფოთა ნერონი და გასცა განკარგულება ხელები მოეკვეთათ მოწამეთათვის. ფოტინე იმწამსვე შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მახვილიც მრავალგზის დასცეს ხელზე, თუმცა

ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, უეცრად თვით ჯალათები მოწყდნენ და მიწაზე უსულოდ დაენარცხნენ, მოწამე კი უვნებელი დარჩა და ღმერთს მადლობდა: "უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს" (ფსალმ. 117:7).

შემდეგ ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს.

გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო.

იმპერატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმიდა დედა ფოტინა კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შესძლებდა წმიდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა შემოსულიყო ამ დარბაზში ყველა მის მოახლესთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათ დანახვაც კი არ უნდოდათ.
წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინამ მას ასეთი სიტყვებით მიმართა:

- გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო!

- შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, - მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინამ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტეანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინათ.

ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინა თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო, შემდეგ, კი ქრისტეანთა კვალად ღმერთი ადიდეს.

მაშინ ტირანმა გასცა ბრძანება ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმიდა ფოტინას შეასვეს; ფოტინამ შხამით სავსე კათხახელში აიღო და თქვა: "არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა". ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმიდა მოწამეებს.

ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: "მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები". როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო მათ. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეჰკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისაებრ, მან ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ

ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყვლაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამეობრივი გვირგვინი.
ამის შემდეგ, უსჯულო ნერონმა ბრძანა დაუმორჩილებელი ქრისტეანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი "ღმერთების" უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ, იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმიდა ფოტინესთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმიდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: "გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე".

თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაჰკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტეანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში მწარე ძმართან შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი "ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბილესია" (ფსალმ. 18:11).

ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარ კეთილსურნელებად შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და მიესალმა: "მშვიდობა თქვენდა" (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინეს, ასწია იგი და უთხრა: "მარადის იხარებდით", რადგან, აჰა, "მე სოფლის აღსასრულაბმდე თქვენთან ვარ" (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ.

ერთი წლის შემდეგ, მეფემ ბრძანა მოეყვანათ ერთ ერთი მის მსახურგათან, რომელიც წმინდანებთან ერთად იყო დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ.

ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი მთლად გამოვიდა მწყობრიდან და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისიმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტეანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ, ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინე სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განჰკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინე შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: "გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი" (ფსალმ. 25:2). ფოტინას ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სევასტიანეს, ფოტინის და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს,

მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინეს ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმიდა ფოტისას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტისა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინე კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.

რადგან ფოტინე მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განჰკურნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინა, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს / 2 აპრილს.

აი ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინემ და მასთან ერთად წამებულებმა, რასაც დე, ვეღირსოთ ჩვენც მათი ლოცვებით.


სამარიელი დედაკაცის სვინაქსარში ვკითხულობთ: “მოვიდა დედაკაცი ვინმე, იცნა რა იგი იესო ხმითადა სამოსლითა, ამცნებდა მას სულიერისა წყლისა მიღებასა, რომელიცა უჩვენებს განსაწმედელად სულისა, წყლისა და ცეცხლისა მსგავსად მარადის. ხოლო ქრისტე არა გამოუცხადებდა თავსა თვისსა უფროის ყოფად იაკობისსა, რაითა არა შეორგულდეს დედაკაცი იგი, არამედ ეტყოდა წყლისა მისთვის, რაითა მიიღოს ამიერითგან ყოვლადვე, რომელმან სვან კეთილისა მისგან წყაროსა, არა სწყუროდის უკუნისამდე.

ხუთთა უკვე ქმართა სამარიტელისათა იტყვიან ხუთთა წიგნთა მათ მოსესთა, ხოლო მე-6 სიტყვისაებრ ქრისტესა, ვიდრე ყოფამდე ამისსა, ვითარმედ არა მიეფინოს მადლი. და სხვანი იტყვიან ხუთთა მათ შჯულთა მიერ მოცემულთა პირველი, რომელი იგი ადამს სამოთხესა შინა და შემდგომად განდევნისა ამცნო მოსეს, ხოლო მეექვსე სახარება ესე რომელი არა ჰქონდათ.
ხოლო სამარიტელსა ამას შემდგომად ეწოდა ქრისტეს მიერ ფოტინე, რომელმან მიიღო მოწამეობისა გვირგვინი ნერონ კეისრის მიერ, მრავალფერნი ტანჯვანი თავს ისხნა, ხვეტანი (იგი ცხენს გამოაბეს და ათრიეს), დაჭრანი ძუძუთანი, შემუსვრანი ხელთანი (ხელებისგან ხორცი ააჭრეს), და წვრილთა ლერწამთა ფრჩხილთა აყრანი, ტყვიათა შთასხმა (პირში ასხამდნენ ადუღებულ ტყვიას), ხვადასხვა სატანჯველნი ფრიადნი და შემდგომად ორთა ფინიკთა ზედა განძავეს და ესრეთ დაგლიჯეს და აღესრულა ღვთისა მიერ. ხოლო მეფემან იუსტინიანე წარიღვნა დიდითა პატივითა და სიტყვისა ღვთისა ქრისტეს დედისა ეკლესიისა წმიდასა სოფიასა (კონსტანტინეპოლი) დასდვა და ლოდიცა იგი რომელსა ზედა იჯდა ქრისტე და ეტყოდა სამარიტელსა, იგიცა წარიღო და ჰგიან აქამომდე დადებულნი ორნივე წინავეს ლაპარტისა აღმოსავლეთით კერძო ეკლესია შესავალსა, მარცხენასა კერძო და ჰკურნებს ყოველთა უძლურებათა და უმეტესს, რომელიცა მხურვალედა შეეხებიან განაქარვებს მაცხოვართა მთხოვართა და განსდევნის. მოწამისა შენისა ფოტინეს მეოხებითა ქრისტე ღმერთო ჩუენო შეგვიწყალენ ჩუენ.
წმინდა მოწამე ფოტინეს

ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო ფოტინე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი. ამინ.

კონდაკი

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. ამინ.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი